ბერნარდ ვალდენფელსი დაიბადა 1934 წელს. იგი სწავლობდა ფილოსოფიას, ფსიქოლოგიასა და თეოლოგიას ბონის, ინსბრუკისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში. 1959 წელს მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიუნხენის უნივერსიტეტში. 1960-1962 წლებში, პარიზის უნივერსიტეტში, სწავლობდა ფრანგულ ფილოსოფიას პოლ რიკიორთან და მორის მერლო-პონტისთან. 1967 წელს, მიუნხენის უნივერსიტეტში შეასრულა ჰაბილიტაცია, აქვე, ასწავლიდა ფილოსოფიას 1976 წლამდე. 1976-1999 წლებში იგი იყო ბოხუმის რურის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი, ამჟამად, არის ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის ემირიტუსი პროფესორი.
სხვადასხვა წლებში ბერნარდ ვალდენფელსი იყო როტერდამის, პარიზის, ნიუ-იორკის, პრაღისა და ვენის უნივერსიტეტების მიწვეული პროფესორი. იგი არის გერმანიის ფენომენოლოგიური კვლევის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1994-1996 წლებში იყო ამ საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. ბერნარდ ვალდენფელსი არის 250-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, მისი ნაშრომები გამოცემულია მსოფლიოს 17 ენაზე.