თენგიზ ირემაძე

თენგიზ ირემაძე

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

თენგიზ ირემაძემ 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი. 2003 წელს, ბოხუმის რურის უნივერსიტეტში (გერმანია), დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში (სადისერტაციო ნაშრომის თემა - „აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში“).

1998-2006 წწ. თენგიზ ირემაძე იყო ბოხუმის რურის უნივერსიტეტის ანტიკური და შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი. 2006-2009 წწ. იყო სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ქართული და უცხოეთის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე. 2007 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით და ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

თენგიზ ირემაძე არის „სტენფორდის ფილოსოფიური ენციკლოპედიის“ ერთ-ერთი ავტორი, მრავალი ფილოსოფიურ-ლიტერატურული საზოგადოებისა და ცნობილი ფილოსოფიური წელიწდეულების სამეცნიერო-საგამომცემლო საბჭოს წევრი: „Lessing-Akademie“, „International Association of Patristic Studies“, „Ernst-Meister-Gesellschaft“, „Société Internationale pour l’Étude de la Philosophie Médiévale“ (SIEPM), „Jahrbuch für Hegelforschung“ და სხვა.

2015 წლიდან თენგიზ ირემაძე არის ფილოსოფიის პროფესორი ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, აქვე იგი ხელმძღვანელობს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით არქივს.

თენგიზ ირემაძის კვლევისა და სწავლების სფეროებია: ევროპული ფილოსოფია, კავკასიური ფილოსოფია, ომისა და მშვიდობის ფილოსოფია. იგი არის 180-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი, მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართულ, გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ, ბულგარულ, უკრაინულ და პოლონურ ენებზე.