petriwis portali

იან ბარბური: რელიგია მეცნიერების ეპოქაში

გიორგი კაპანაძე

იან ბარბური: რელიგია მეცნიერების ეპოქაში

01.102020

Ian G. Barbour, Religion in an Age of Science (Gifford Lectures 1989-1991, Vol 1) 1990. 297 pp. ISBN-13: 978-0060603830

ა. წ. IV საუკუნეში ქრისტიანობა რომის იმპერიის სახელწიფო რელიგიად გამოცხადდა. ამ მოვლენის შედეგად ებრაული წარმოშობის რელიგიამ დასავლური სამყაროს ისტორიული ბედისწერა მნიშვნელოვნად შეცვალა. საუკუნეების მანძილზე ქრისტიანული რელიგია დასავლური ცივილიზაციის მსოფლმხედველობის მთავარ წყაროს წარმოადგენდა. მისი მეშვეობით ადამიანები საკუთარ ყოფიერებას იაზრებდნენ და ცხოვრების საზრისს ეძებდნენ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და მორალური ნორმებს ადგენდნენ. ქრისტიანობას დიდი გავლენა ჰქონდა კულტურული აქტივობის ყველა სფეროზე, მათ შორის, ხელოვნებაზე, არქიტექტურაზე, პოეზიასა თუ ლიტერატურაზე. იგივე შეიძლება ითქვას მეცნიერების შესახებაც. შუა საუკუნეების სამყაროში მეცნიერება ბიბლიის შუქზე გაიაზრებოდა; ბუნება ყოველთვის ღმერთის შემოქმედების კონტექსტში განიხილებოდა და, ხშირ შემთხვევაში, მეცნიერული ცოდნა ეკლესიის წიაღში იქმნებოდა.

თანამედროვეობაში სიტუაცია გარკვეულწილად შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს რელიგია არსებობს მეცნიერული სამყაროს კონტექსტში და არა პირიქით. XVI-XVII საუკუნეებში მეცნიერული შემეცნების პარადიგმა მნიშვნელოვნად გარდაიქმნა, ამ ცვლილების შედეგად მეცნიერების თანამედროვე ტრადიციამ საკუთარი ავტონომიური სფერო გამოაცალკევა და მეცნიერული აქტივობა სამყაროს შემეცნების ახლებურ მეთოდზე დააფუძნა. მეცნიერული რევოლუციის ადრეულ პერიოდში რელიგიური აზროვნება მეცნიერული კვლევა-ძიების მნიშვნელოვან იმპულსს წარმოადგენდა, თუმცა, ეს იმპულსი თანდათანობით მინელდა და რელიგიური იდეები ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა. ამავე პერიოდში ჩაისახა მეცნიერებისა და რელიგიის კონფლიქტი. აღნიშნულ კონფლიქტს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. შუა საუკუნეების რომის კათოლიკური ეკლესია აფინანსებდა და ხელს უწყობდა მეცნიერების განვითარებას, მაგრამ ის არც თუ ისე დიდი სიხარულით შეხვდა ახალ მეცნიერულ თეორიებს. ყოველივე ამის საბაბს კი რელიგიურ დოქტრინებსა და მეცნიერული ჰიპოთეზებში არსებული დაპირისპირება წარმოადგენდა.

დაპირისპირების საგანს რამდენიმე საკვანძო საკითხი წარმოადგენდა. XVII საუკუნემდე მიჩნეული იყო, რომ დედამიწა სამყაროს ცენტს წარმოადგენდა, ნიკოლოზ კოპერნიკის (1473-1543 წწ.) ჰელიოცენტრისტულმა  ჰიპოთეზამ და უკვე შემდგომმა მეცნიერულმა აღმოჩენებმა კი ცხადჰყო, რომ დედამიწა სამყაროს უსასრულო სივრცეში არსებული მცირე ზომის პლანეტაა. მნიშვნელოვნად გარდაიქმნა ბუნების მიზეზ-შედეგობრიობის გააზრებაც. ის, რაც უწინ სულიერ ძალთა ქმედებად და ტელეოლოგიურ მსვლელობად გაიგებოდა, ახალმა მექანიცისტურმა მსოფლმხედველობამ არაპიროვნულ და კანონზომიერ წესრიგად განსაზღვრა. საბოლოოდ კი ჩარლზ დარვინის (1809-1882 წწ.) ევოლუციური თეორიის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ადამიანის განსაკუთრებული სტატუტი და ის განვითარებულ ბიოლოგიურ არსებად წარმოჩნდა .

XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში მრავალი ახალი მსოფლმხედველობრივი მიმდინარეობა წარმოიშვა, რომელიც მეცნიერებას შემეცნების ერთადერთ სარწმუნო წყაროდ და ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ აქტივობად მოიაზრებდა. მსგავსი მოცემულობის პირობებში ტრადიციულ რელიგიურ იდეათა მნიშვნელოვანი ნაწილი გადაფასდა, ნაწილი კი დავიწყებას მიეცა. თუმცა, XX საუკუნის მეორე ნახევარში სამყაროს მეცნიერულმა კვლევა-ძიებამ კაცობრიობა მოულოდნელ შედეგებამდე მიიყვანა. ასტროფიზიკის, კოსმოლოგიისა და ფიზი​კის განვითარების შემდეგ მრავალმა მეცნიერმა გაანალიზა, რომ ჩვენი სამყარო განსაკუთრებული ადგილია; ოთხ ფუნდამენტურ ფიზიკურ ძალას  (გრავიტაციას, ელექტრომაგნიტიზმს, ძლიერ და სუსტ ატომურ ინტერაქციას) მცირედით განსხვავებული თვისებებიც რომ გააჩნდეს, მათში კომპლექსური სიცოცხლის ფორმები არ წარმოიშვებოდნენ. ისევე როგორც დიდი აფეთქებით ინიცირებული და გაგრძელებული მოვლენები მცირედით განსხვავებული სცენარით რომ წარმართულიყო, სამყარო ადამიანის და სხვა კომპლექსური არსებების გაჩენისათვის არ გამოდგებოდა. ეს მეცნიერული აღმოჩენები მეცნიერთა ნაწილისათვის საფუძველი გახდა დაესკვნათ, რომ სამყაროში არსებული ფიზიკური კონდიციები უნიკალურია; რომ „ბუნებამ“ იცოდა „საით მიდიოდა“,  ის კარგად არის „ორკესტრირებული“ საიმისოდ, რომ ადამიანის, ანდა სხვა კომპლექსური ორგანიზმების არსებობა იყოს შესაძლებელი.

ამერიკელი მეცნიერისა და თეოლოგის იან ბარბურის (1923-2013 წწ.) ნაშრომი „რელიგია მეცნიერების ეპოქაში“ (1990 წ.) ძველი რელიგიური იდეებისა და ახალი მეცნიერული აღმოჩენების ურთიერთმიმართებას იკვლევს. ბარბური ავტორთა იმ ნაწილს მიეკუთვნება, ვისი აზრითაც თანამედროვე მეცნიერების მიერ აღწერილი სამყარო ბუნების მრავალ მნიშვნელოვან ასპექტზე იძლევა პასუხს; მეცნიერების მიერ შემოთავაზებული სურათი სამყაროს განვითარების ევოლუციურ ისტორიას ამჟღავნებს. ევოლუციურ თეორიას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ბიოლოგიაში, არამედ მეცნიერების სხვა დარგებშიც, გამორჩეულად კი კოსმოლოგიაში. მეცნიერების თანამედროვე „ნარატივი“ სამყაროს წარმოაჩენს როგორც განვითარებისა და ყოფიერების მრავალ-საფეხუროვან მსვლელობას, პროცესს, რომე​ლიც დროითი მსვლელობის მანძილზე იქმნება. მეცნიერების მიერ აღწერილი ევოლუციური სამყაროს მოდელი წინააღმდეგობაში მოდის რელიგიის მიერ შემოთავაზებულ „მყისიერ შესაქმესთან“ და „ფიქსირებული ყოფიერების იდეასთან“,  ისევე როგორც სხვა მრავალ ტრადიციულ რელიგიურ შეხედულებასთან, თუმცა, არა თავად რელიგიასთან. უფრო მეტიც, ბარბურის აზრით, ევოლუციის განვითარება ღმერთისა და მის მიერ შექმნილი ყოფიერებების „თანაშემოქმედებითი“ მსვლელობაა და ღმერთი ისტორიული მსვლელობის და სამყაროს, როგორც მრავალ-საფეხუროვან ყოფიერებათა ურთიერთდამოკიდებული საზოგადოების წინამძღოლია.

ნაშრომის წინასიტყვაობაში ბარბური კითხულობს, თუ რა ადგილი აქვს რელიგიას მეცნიერების ეპოქაში, რა ფორმით არის თანამედროვეობაში რწმენა შესაძლებელი, როგორ მიემართება რელიგიურ იდეებს მეცნიერების მიერ აღწერილი სამყარო და როგორ შეიძლება დღეს საზრისი და მიზანი ვეძიოთ. საკითხთა სიმრავლიდან გამომდინარე, წიგნი მრავალ განსხვავებულ მეცნიერულ და თეოლოგიურ დისციპლინას მოიცავს: ფიზიკას, ასტროფიზიკას, ბიოლოგიას, კოსმოლოგიას, კულტურის ევოლუციას, ანთროპოლოგიას, საკრალურ ლიტერატურას, ესქატოლოგიას, გამოცხადებისა და ბუნებით თეოლოგიას. მის ბოლო ნაწილში კი მოცემულია მეცნიერულ მონაცემთა და თეოლოგიური დოქტრინათა ფილოსოფიური ინტერპრეტაცია, რომელიც ადამიანის ბუნებას, პროცესის თეიზმსა და პროცესის ფილოსოფიას უკავშირდება. ნაშრომს ხუთი მთავარი ქვეტექსტი აქვს: მეცნიერული მეთოდის წარმატება, ბუნების ახლებური ხედვა, თეოლოგიის ახალი კონტექსტი, გლობალური ეპოქის რელიგიური პლურალიზმი და გარემოს წინაშე არსებული პრობლემები. ავტორის მიზანია გამოიკვლიოს „რელიგიის ადგილი მეცნიერების ეპოქაში და განავითაროს ქრისტიანობის ინტერპრეტაცია, რომელიც ეხმაურება ბიბლიურ რწმენასა და თანამედროვე მეცნიერებას“ (გვ. XV).

1950 წელს ბარბურმა ჩიკაგოს უნივერსიტეტში ფიზიკის დოქტორის ხარისხი მიიღო, რის შემდეგაც სწავლა იელის საღვთისმეტყველო სკოლაში განაგრძო. მოყოლებული აქედან, მან მთელი აკადემიური კარიერა მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთმიმართების ანალიზს მიუძღვნა. „რელიგია მეცნიერების ეპოქაში“ 1989-1990 წლებში ედინბურგში ჯიფორდის ლექციების ფარგლებში წაკითხულ სემინარებზეა დაფუძნებული. ლექციათა მეორე ნაწილი ტექნოლოგიებსა და ეთიკის საკითხს ეხებოდა. ეს უკანასკნელი მოხსენება 1992 წელს გამოიცა შემდგომი სათაურით - „ეთიკა ტექნოლოგიების ეპოქაში.“ დასახელებული ორი ნაშრომი ბარბურის მეცნიერული და რელიგიური კვლევა-ძიების ხანგრძლივი პროცესის ერთგვარი შეჯამებაა.

ბარბურს მიაჩნია, რომ თანამედროვე სამყაროში მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთმიმართების რამდენიმე გზა არსებობს და ეს საკითხი ფილოსოფიური სპეკულაციის საგანია. მის მიერ გაკეთებული არჩევანის მიხედვით, მეცნიერული ცოდნა და რელიგიური გამოცდილება „ინკლუზიურ მეტაფიზიკაში“ შეიძლება გაერთიანდეს. მსგავსი გაერთიანების ყველაზე დამაიმედებელ გზად მას პროცესის ფილოსოფია ესახება: „პროცესის მოდელში ღმერთი კოსმიური საზოგადოების შემოქმედებითი თანამონაწილეა... ღმერთი საზოგადოების ყველა წევრის ძირითადი სტრუქტურის საფუძველსა და ახალ შესაძლებლობებს განსაზღვრავს... პროცესის ხედვა შეესაბამება ბუნების, როგორც დინამიური და ღია სისტემის ეკოლოგიურ და ევოლუციურ გააზრებას, მსგავს ბუნებას ორგანიზების, აქტივობისა და გამოცდილების საფეხურები ახასიათებს. ის თავიდან იცილებს დუალიზმის განსხვავებულ ფორმებს: გონება-სხეული, ადამიანი-ბუნება, კაცი-ქალი. ყველა სხვა შეხედულებებთან შედარებით, ის გარემოს დაცვის ყველაზე ძლიერ გზავნილს გვაძლევს“ (გვ. 30).

მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთმიმართების საკითხებზე წერა ბარბურმა XX საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო. ჯონ ტემპელტონის ფონდმა 1966 წელს გამოსული მისი წიგნი  „მეცნიერებისა და რელიგიაში არსებული საკითხები“ აღწერა როგორც შრომა, რომელმაც „პირდაპირი აზრით, შექმნა მეცნიერებისა და რელიგიის კვლევის თანამედროვე დისციპლინა.“ „მეცნიერებასა და რელიგიაში არსებული საკითხების“ პირველი ნაწილი მეცნიერებისა და რელიგიის ისტორიას ეხება, დანარჩენი ორი კი რელიგიისა და მეცნიერების მეთოდებსა და კონკრეტულ თეორეტიკულ საკითხებს. ბარბური XXI საუკუნის დასაწყისშიც აქტიურად მუშაობდა რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთმიმართების საკითხზე. გვიანი პერიოდის შრომათაგან აღნიშვნის ღირსია „ბუნება, ადამიანის ბუნება და ღმერთი“ (2002 წ.), რომელშიც განხილულია თავისუფლების, ადამიანის პიროვნულობის, რელიგიის მომავლისა და ღმერთისა და ბუნების ურთიერთმიმართების საკითხები. ბარბური რელიგიისა და მეცნიერების ინტეგრაციას, გარემოს დაცვის პოლიტიკას, განსხვავებულ რელიგიურ კონფესიათა აქტიურ დიალოგს, ღია, კრიტიკულ და მეცნიერებასთან თავსებად თეოლოგიას  ემხრობოდა; ის მიიჩნევდა, რომ „მეცნიერებამ უნდა თქვას, თუ რა არის შესაძლებელი, ხოლო რელიგიამ რაა სასურველი.“

ოთხი გზა: მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთმიმართების კლასიფიკაცია

წიგნის პირველ ნაწილში მეცნიერებისა და რელიგიის არსებითი ელემენტები და მათი ურთიერთმიმართების ალტერნატიული გზებია გაანალიზებული. ამ ორი დისციპლინის გარშემო შექმნილი ლიტერატურის საფუძველზე ბარბური გვთავაზობს ოთხ განსხვავებულ პერსპექტივას. ესენია: კონფლიქტი, დამოუკიდებლობა, დიალოგი, ინტეგრაცია. ეს პერსპექტივები იკვლევენ საკითხს იმის შესახებ, თუ როგორ მიემართებიან ერთმანეთს რელიგიური რწმენები და მეცნიერული აღმოჩენები.

რელიგიისა და მეცნიერების კონფლიქტის თვალსაჩინო მაგალითი მეცნიერული მატერიალიზმის და ბიბლიის პირდაპირი აზრით გაგების ურთიერთმიმართებაა. მეცნიერული მატერიალიზმი, როგორც მსოფლმხედველობა, მიიჩნევს, რომ სამყარო წმინდა მატერიაა და მის მიღმა არანაირი არამატერიალური, მიზნობრივი თუ სულიერი ძალა და პრინციპები არ შეიძლება მოვიაზროთ; სამყაროს განვითარება ბრმა, შემთხვევითი და უმიზნო პროცესია, რომელიც მხოლოდ კანონზომიერებებს ემორჩილება; მასში ღვთაებრიობისა თუ ზებუნებრივი მოვლენების ადგილი არსადაა. მეცნიერული მატერიალიზმის პოზიციიდან თუ ვიმსჯელებთ, რელიგიური რწმენები მიუღებელია, ვინაიდან მათ შემთხვევაში არ არსებობს დამადასტურებელი მტკიცებულებები, ექსპერიმენტალური შემოწმება და შეფასების ობიექტური კრიტერიუმები - „მხოლოდ მეცნიერებაა ობიექტური, გონებაგახსნილი, უნივერსალური, კულმინაციური და პროგრესული. რელიგიური ტრადიციები კი სუბიექტური, დახურული, დრომოჭმული, არაკრიტიკული და ცვლილებების მოწინააღმდეგე მოცემულობაა“(გვ. 5).

მეცნიერული მატერიალიზმისაგან განსხვავებით, ბიბლიის პირდაპირი აზრით გაგების მომხრეები მიიჩნევენ, რომ საკრალური ლიტერატურა აღწერს სამყაროს „ფიზიკურ სტრუქტურასა“ თუ მის ისტორიულ წარმომავლობას; ის, როგორც ავტორიტეტის უმაღლესი წყარო, ერთადერთი და ყოვლისმომცველი ჭეშმარიტებაა. როგორც წესი, რელიგიის წარმომადგენლები, რომლებიც ბიბლიას პირდაპირი აზრით კითხულობენ, ნაკლებ ყურადღებას ამახვილებენ მეცნიერულ ჭეშმარიტებასა და მტიცებულებებზე. ბუნებრივია, რომ მსგავს პირობებში წარმოიშვება გარდაუვალი მსოფლმხედველობრივი კონფლიქტი, ან მეცნიერების მიერ აღწერილი სამყარო უნდა მივიღოთ, ან რელიგიის მიერ აღწერილი. თავად ავტორის სიტყვებით რომ განვაგრძოთ: „ორივე მიმართულების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თანამედროვე მეცნიერებასა და კლასიკურ რელიგიურ რწმენებს შორის სერიოზული კონფლიქტი არსებობს. ორივე მიმართულებისათვის ცოდნა მყარი საფუძველია - ლოგიკა და მგრძნობელობითი მონაცემები მეცნიერების შემთხვევაში, ხოლო უცდომელი წმინდა წერილი რელიგიის შემთხვევაში. მათი მტკიცებით, მეცნიერება და თეოლოგია ერთი საკითხის, კერძოდ, ბუნების ისტორიის შესახებ საპირისპირო დებულებებს გვთავაზობენ და აუცილებელია, რომ მათგან რომელიმე ერთი ავირჩიოთ“ (გვ. 4.).

ბიბლიის პირდაპირი კითხვის საფუძველზე რელიგიის წარმომადგენლები უწინ აცხადებდნენ, რომ მზე დედამიწის გარშემო ბრუნავს და რომ ადამიანი არ შეიძლება ევოლუციური განვითარების პროდუქტს წარმოადგენდეს. ორივე კონტრარგუმენტის  დასადასტურებლად ისინი ბიბლიის კონკრეტულ მუხლებს ციტირებდნენ და მიანიშნებდნენ, რომ მეცნიერება, რომელიც უარყოფს ბიბლიას, მწვალებლობაა. არსებობს მსგავსი კონფლიქტის უფრო თანამედროვე შემთხვევაც. წიგნში განხილულია ე.წ. „კრეაციონისტური“ მეცნიერების არგუმენტები, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთ სკოლაში სამყაროს შექმნის „არაევოლუციური“ პროგრამა დაემტკიცებინათ და ყოველივე ეს წმინდა მეცნიერულ მოცემულობად წარმოეჩინათ.

ამერიკულმა სასამართლომ რამდენიმეჯერ განიხილა "კრეაციონისტური" ინიციატივა და დაასკვნა, რომ მოსარჩელე მხარეს არც მეცნიერული ავტორიტეტი გააჩნდა და არც მეცნიერული მოტივები ამოძრავებდა. ისტორია გვასწავლის, რომ მეცნიერულ თეორიებთან მიმართებით ბიბლიის ავტორიტეტის დამოწმების პრაქტიკა მცდარია. მაგალითად, რომის კათოლიკურმა ეკლესიამ 1988 წელს განიხილა საკითხი, რომელიც თანამედროვე მეცნიერული ტრადიციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გალილეო გალილეის (1564-1642 წწ.) ბრალდებას ეხებოდა. XVII საუკუნეში კოპერნიკის ჰელიოცენტრისტული სისტემის მხარდაჭერისათვის გალილეი ერესში იქნა ბრალდებული, თუმცა, XX საუკუნის მეორე ნახევარში ვატიკანში გამართულმა კრებამ დაასკვნა, რომ გალილეი „უკეთესი თეოლოგი იყო, ვიდრე იმჟამინდელი კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლები“. იგივე ტენდენცია შეინიშნება დარვინის ევოლუციურ თეორიასთან მიმართებითაც, რომელსაც იოანე პავლე II-მ (1920-2005 წწ.) უწოდა „მეტი, ვიდრე უბრალო ჰიპოთეზა.“

მეცნიერულ მატერიალისტებსა და რელიგიურ ფუნდამენტალისტებს ბარბური წარმოადგენს როგორც ექსტრემისტურ პოზიციებს. ავტორები, რომლებიც მეცნიერულ მატერიალიზმს ემხრობიან, ცდილობენ მეცნიერული თეორიის ნაწილად აქციონ ის საკითხები, რაც თავად მეცნიერული შემეცნების მიღმაა, რელიგიური ექსტრემიზმი კი ცდილობს მეცნიერული ჭეშმარიტება საკუთარ ტრადიციაში არსებული ლიტერატურით გაზომოს: „მეცნიერული მატერიალიზმი იწყება მეცნიერული თეორიებით და სრულდება ზოგადი ფილოსოფიური განცხადებებით. ბიბლიის პირდაპირი აზრით კითხვა კი თეოლოგიიდან წარმოებს და მეცნიერული საკითხების გარშემო აკეთებს განცხადებებს. აზროვნების ამ ორ მიმართულებაში მეცნიერებასა და რელიგიას შორის არსებული განსხვავებები ჯეროვნად არ არის წარმოდგენილი... მატერიალიზმი, თეიზმი და სხვა მსგავსი საკითხები მეცნიერების ფილოსოფიურ ინტერპრეტაციას უკავშირდება და მსგავსი ინტერპრეტაციები ალტერნატიულ რწმენათა სისტემებია, რომლებიც მთელი რეალობის ახსნა-განმარტებას გვთავაზობენ“ (გვ. 8).

რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთმიმართების ნაკლებად ექსტრემისტული და მეტად პროდუქტიული გზა მათი დამოუკიდებელ სფეროებად წარმოჩენა და მათ განსხვავებულ ფუნქციებზე აქცენტის გაკეთებაა. ავტორები, რომლებიც მეცნიერებასა და რელიგიას ადამიანური კულტურისა და აზროვნების ორ განსხვავებულ სფეროდ წარმოაჩენენ, აცნობიერებენ, რომ ორივე მათგანს საკუთარი უნიკალური სისტემა, სააზროვნო კონტექსტი და შინაგანი ლოგიკა გააჩნია. ამ პარადიგმით თუ ვიმსჯელებთ, მეცნიერებისა და რელიგიის წარმომადგენლებმა არ უნდა დაარღვიონ „ეპისტემოლოგიური საზღვრები“ და საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე გააკეთონ განცხადებები. აზროვნებისა და გამოცდილების ორივე ფორმას საკუთარი საკუთარი მიზანი და ლიმიტი გააჩნია, მათი „მკაცრი გამიჯვნა მოტივირებულია არა მხოლოდ უსაფუძვლო კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით, არამედ იმ სურვილითაც, რომ ცხოვრებისა და აზროვნების თითოეული სფეროს გამორჩეული ხასიათი დავაფასოთ“ (გვ. 10).

ბიბლიის პირდაპირი აზრით გაგებისაგან განსხვავებით, დამოუკიდებლობის თეზის მომხრენი მიიჩნევენ, რომ რელიგია არ შეიძლება მეცნიერული კვლევა-ძიების ანალოგად მოვიაზროთ. მისი უმთავრესი ფუნქცია ზოგადი მსოფლმხედველობრივი სისტემის შექმნა და პრაქტიკული ცხოვრების გზის შეთავაზებაა. მეცნიერება, როგორც ადამიანური აქტივობის კონკრეტული სფერო, მიემართება გამოცდილების გარკვეულ ფენომენს - მატერიალურ სამყაროს - და იკვლევს მის კანონზომიერ მიზეზ-შედეგობრიობას; რელიგიური მსოფლმხედველობა კი კითხულობს იმას, თუ რა დგას მიზეზ-შედეგობრიობის უკან და გვეხმარება არამეცნიერულ საკითხებზე პასუხის გაცემაში. „რელიგიური ენის დიდი ნაწილი მლოცველი საზოგადოების რიტუალებსა და პრაქტიკებს უკავშირდება. ის ასევე გამოხატავს და მიგვიძღვება პერსონალური რელიგიური გამოცდილებისაკენ“ (გვ. 16). ამ მოცემულობის პირობებში თუ ვიმსჯელებთ, მეცნიერება და რელიგია ენისა და აზროვნების განსხვავებული სისტემებია და არა სამყაროს აღწერილობის ორი ალტერნატიული სისტემა. რელიგიის აზროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი საზრისთა სამყაროს შექმნა, ცხოვრების გზის შეთავაზება, დამოკიდებულებათა მხარდაჭერა და მორალური პრინციპების წახალისებაა.

დამოუკიდებლობის თეზა მხარს უჭერს შეხედულებას, რომლის მიხედვითაც რელიგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი პირადი ცხოვრების ტრანსფორმაციაა და რომ ისეთი საკითხები, როგორიც მაგალითად „ქრისტეს რწმენაა“, მეცნიერების მხრიდან არც მხარდაჭერას საჭიროებს და არც საფრთხეს განიცდის. გამომდინარე აქედან, ავტორთა ნაწილისათვის, რომლებიც რელიგიასა და მეცნიერებას დამოუკიდებელ აქტივობებად მოიაზრებენ, რელიგია და მეცნიერება ორი დამოუკიდებელ რწმენათა, ლინგვისტურ ერთეულთა და აქტივობათა სისტემებია; მსგავსი დამოკიდებულება საშუალებას იძლევა, რომ „ბიბლია სერიოზულად მივიღოთ, თუმცა, არა პირდაპირი აზრით.“

კონფლიქტის მოდელისაგან განსხვავებით, დიალოგის მოდელში მხარდაჭერილია შეხედულება, რომლის მიხედვითაც რელიგია და მეცნიერება არ არიან ალტერნატიულ რწმენათა სისტემები, ხოლო დამოუკიდებლობის მოდელისაგან განსხვავებით, დიალოგის მოდელი კითხულობს, თუ რა შეხების წერტილები შეიძლება არსებობდეს მეცნიერებისა და რელიგიის მიერ განხილულ საკითხებს შორის. ბარბური დიალოგის მოდელს წარმოაჩენს როგორც თანამშრომლობის დამაიმედებელ შესაძლებლობას. დიალოგის მოდელის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ჩვენ უნდა განვიხილოთ მეცნიერული და რელიგიური ჭეშმარიტება. დიალოგის მოდელი ხაზს უსვამს შეხედულებას, რომლის მიხედვითაც მეცნიერებების მიერ შესწავლილი სამყარო და რელიგიის მიერ შემოთავაზებული ჭეშმარიტება ერთმანეთთან შეიძლება დავაკავშიროთ; ვნახოთ, თუ რა შეხების წერტილები შეიძლება ჰქონდეს მატერიალური სამყაროს მიზეზ-შედეგობრივ სწავლასა და რელიგიურ ტრადიციაში არსებული „სულიერ“ გამოცდილებას.

დიალოგის მოდელის უკეთ წარმოჩენისათვის ბარბური გვთავაზობს მეთოდოლოგიურ პარალელიზმს, რომელიც იწყება მეცნიერებისა და რელიგიის მეთოდების შედარებითი ანალიზით. ავტორი მიანიშნებს, რომ რელიგია, ისევე როგორც მეცნიერება, სავსეა ისტორიული, სოციალური და პიროვნული ელემენტებით, ორივე მათგანში არსებული ცოდნა გარკვეული ინფორმაციის დამუშავებასა და წარმოსახვას საჭიროებს. რელიგიაში, ისევე როგორც მეცნიერებაში, არსებობს გააზრებისა და ინტერპრეტაციის ისტორიული კონტექსტი - მონაცემები, მეცნიერების შემთხვევაში, და გამოცდილება, რელიგიის შემთხვევაში. მეცნიერული მონაცემები თეორიისა და ყველაზე ზოგადი პარადიგმული დაშვებების კონტექსტში წარმოებს. იგივე შეიძლება ითქვას რელიგიაზე, ყველა რელიგიური საზოგადოება ისტორიული საზოგადოებაა და მსგავსი საზოგადოებები ტრადიციებითა და ზოგადი დაშვებებით ხელმძღვანელობენ. ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს არსებით და ცვალებად ელემენტებთან და არა დახურულ და ფიქსირებულ ჭეშმარიტებასთან. 

მეცნიერების შემთხვევაში არსებობს მეცნიერული თეორიების ინტერპრეტაციის კონკრეტული კრიტერიუმები. ამ კრიტერიუმთა  რიგს განეკუთვნება: მონაცემებთან თანხმობა; თანმიმდევრულობა; არე და ნაყოფიერება. ხოლო რელიგიის შემთხვევაში ბარბური გამოჰყოფს გამოცდილების შემდეგ ელემენტებს: სიწმინდის უთვალავი გამოცდილება; მთლიანობის მისტიური გამოცდილება; ხელახალი ორიენტაციის ტრასფორმაციული გამოცდილება; ტანჯვასა და სიკვდილთან თვალის გასწორების გამბედაობა; ვალდებულების მორალური გამოცდილება; სამყაროში არსებული წესრიგისა და შემოქმედებითობის მიმართ გამოხატული მოწიწება. რელიგიაში, ისევე როგორც მეცნიერებაში, შეიძლება გავმიჯნოთ არსებითი (უცვლელი) ბირთვები და დამხმარე (ცვალებადი) მოსაზრებები. საბოლოო ჯამში კი რელიგიისა და მეცნიერების „წარმოების“ სტრუქტურა ასეთია: დაკვირვება - მონაცემები - წარმოსახვა - ანალოგია - მოდელები - კონცეპტები - თეორიები - გავლენები (მეცნიერება); კონცეპტები და რწმენები - რწმენები, რომლებიც გამოცდილებასა და ინტერპრეტაციაზე ახდენენ გავლენას - რელიგიური გამოცდილებები - ისტორიები და რიტუალები - წარმოსახვითი ანალოგიური მოდელები (რელიგია).

მისივე მტკიცებით, რელიგია ისეთივე კრიტიკული უნდა იყოს განვითარებისათვის, როგორც მეცნიერება: „თუ თეოლოგია აზროვნებითი აქტივობაა, რომელიც ვითარდება და მდიდრდება, ის ახალი ინფორმაციისათვის, მათ შორის, მეცნიერული თეორიების შედეგების მიმართაც ღია უნდა იყოს“ (გვ. 23).  ამ მოცემულობის პირობებში ავტორი მხარს უჭერს შეხედულებას, რომლის მიხედვითაც რელიგიური დოქტრინები ისტორიულად არიან განსაზღვრულნი და რომ, არსებითი ელემენტების შენარჩუნების კვალდაკვალ, მათი ხელახალი ფორმულაციის საჭიროება ისტორიის ყველა ეტაპზე არსებობს.

დიალოგზე „უფრო სისტემური ინტეგრაცია იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მეცნიერება და რელიგია საკუთარ წვლილს შეიტანს მთლიანი მსოფლმხედველობის შემუშავებაში, რომელიც ყოვლისმომცველი მეტაფიზიკის მეშვეობით შეიქმნება“ (გვ. 24).  კლასიფიკაციის ეს ბოლო მოდელი, მეცნიერული ცოდნისა და რელიგიური გამოცდილების ერთ ლინგვისტურ, ფილოსოფიურ და მსოფლმხედველობრივ სისტემაში გაერთიანებას ლამობს. არსებობს მსგავსი გაერთიანების რამდენიმე გზა, ესენია: ბუნებითი თეოლოგია, ბუნების თეოლოგია და პროცესის ფილოსოფია.

ბუნებითი  თეოლოგია ყოველთვის კონკრეტული მეცნიერული ცოდნის კონტექსტში არსებობს და ის საკუთარ დასკვნებს მეცნიერულ მოცემულობებზე დაყრდნობით აწარმოებს. თეოლოგიის ეს ვერსია არ არის დამოკიდებული რელიგიურ ტრადიციასა თუ გამოცხადებაზე, ის ადამიანის აზროვნებისა და მსჯელობის ნაწილს უფრო წარმოადგენს, ვიდრე დოქტრინალური რწმენის ნაწილს. შედეგად, ბუნებით თეოლოგიაში ღმერთის  არსებობის საკითხი და მისი მოქმედების შემეცნება მთლიანად გონებაზეა დაფუძნებული. ბუნების თეოლოგიის წარმომადგენლები კითხულობენ, თუ რას გვეუბნება მატერიალური სამყარო მის მიღმა არსებულ ღვთაებრივ  რეალობაზე. საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარე, ბუნებითი თეოლოგია უნივერსალურ რელიგიად შეიძლება მოვაზროთ; მას „რელიგიური პლურალიზმის ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანი მისია აქვს, ის მსჯელობას იწყებს მეცნიერულ მონაცემებზე დაყრდნობით. კულტურულ თუ რელიგიურ განსხვავებათა მიუხედავად, მსგავს მონაცემებს ყველა შეიძლება დაეთანხმოს“ (გვ. 24).

საპირისპიროდ ამისა, ბუნების თეოლოგია არ იწყება მეცნიერებიდან.  მისი ათვლის წერტილი რელიგიური ტრადიციაა, რომელიც რელიგიურ გამოცდილებასა და ისტორიულ გამოცხადებას ეფუძნება. მისი მსოფლმხედველობრივი სათავე კი კონკრეტული რელიგიური დებულებებია, რომელთა ინტეგრაცია შეიძლება მეცნიერულ მონაცემებთან მოვახდინოთ. ბუნების თეოლოგიის მნიშვნელოვანი ელემენტი ის ზოგადი დამოკიდებულებაა, რომელიც ბუნებრივი სამყაროს მიმართ არსებობს. ის მატერიალურ სამყაროს მოიაზრებს როგორც ღვთაებრივ და საკრალურ გამოვლინებას, „სიკეთეს, მიზნობრიობასა და სილამაზეს“. ბუნების თეოლოგიის მეშვეობით შეიძლება ადამიანებმა საკუთარი მოწიწება გაზარდონ გარემოს, როგორც „საკრალური მოცემულობის“ მიმართ, ყოველივე ამან კი მნიშვნელოვანი წვლილი შეიძლება შეიტანოს გარემოს დაცვაში. ბარბური ბუნების თეოლოგიის სამ ელემენტს გამოჰყოფს. ესენია: სამყაროზე ზრუნვა; ბუნების საკრამენტური ხედვა; ბუნებაში არსებული წმინდა სული. სამივე ელემენტი გარემოს დაცვის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და მასში გადალახულია კლასიკური დუალიზმები: სული-მატერია, გონება-სხეული, კაცობრიობა-ბუნება, მარადისობა-დრო.

ინტეგრაციის ბოლო გზა პროცესის ფილოსოფიაა.  პროცესუალური აზროვნებისათვის ღმერთი სიახლისა და წესრიგის წყაროა. ღვთაებრივი  შესაქმე ხანგრძლივი და უსასრულო პროცესია. ღმერთი მჟღავნდება ინდივიდუალურ საგანთა თვით-შემოქმედებაში, შესაბამისად, უზრუნველყოფს თავისუფლებასა და სიახლეს, ისევე, როგორც წესრიგს. ამ მოცემულობის პირობებში ღმერთი არ არის განზე მდგომი აბსოლუტი თუ უძრავი მამოძრავებელი, ის ზრდის საკუთარ კავშირს სამყაროზე და გავლენას ახდენს ყველა მოვლენაზე, მიუხედავად იმისა, რომ არ არის მოვლენათა ერთადერთი მიზანი.

წიგნის შემდგომ ორ თავში მეთოდოლოგიური პარალელიზმის უფრო ვრცელი განხილვა და გაშლაა. ავტორს სურს აჩვენოს, რომ რელიგიაში, ისევე როგორც მეცნიერებაში, ცოდნის წარმოება კონკრეტული ისტორიული საზოგადოებების მიერ შეძენილ ცოდნაზე (მეცნიერება) და გამოცდილებაზე (რელიგია), ყველაზე ზოგად დაშვებებზე (პარადიგმებზე), თეორიებზე (წარმოსახვით მოდელებზე) და აზროვნების ისტორიულ კონდიციებზეა დამოკიდებული. თავის მხრივ, პარადიგმები და თეორიები მუდმივ განახლებასა და შესწორებას ექვემდებარებიან, მათში შეიძლება გამოვაცალკევოთ ცენტრალური (არსებითი) და არაცენტრალური რწმენები, აბსოლუტური და რელატივისტური ასპექტები. ავტორი ირჩევს პოზიციას, რომელიც აბსოლუტიზმსა და რელატივიზმს შორისაა და ამ შემთხვევაში ჭეშმარიტება ინტერსუბიექტური ცოდნის შექმნაზეა დამოკიდებული.

თანამედროვე მეცნიერება და პროცესის თეიზმი

წიგნის მეორე ნაწილში მეცნიერული თეორიები და რელიგიური დოქტრინებია განხილული, ხოლო მესამე ნაწილში მათი ფილოსოფიური ინტერპრეტაციაა შემოთავაზებული. მეცნიერული თეორიებიდან ბარბური განიხილავს ფიზიკას, ასტროფიზიკასა და ბიოლოგიას, ხოლო რელიგიიდან შესაქმის დოქტრინასა და განგრძობადი შესაქმის იდეას. თეორიათა და დოქტრინათა შორის გავლებულია პარალელები, გამოკვეთილია მსგავსებები და საზიარო შეხების წერტილები. ავტორი მიანიშნებს, რომ ჩვენს ხელთ არსებული მეცნიერული ცოდნა სამყაროს ევოლუციურ, დინამიურ და განგრძობად ხასიათს წარმოაჩენს და რომ თანამედროვე მეცნიერების მიერ აღწერილი სამყარო ადამიანის ბუნების და ღმერთის ახლებურ პერსპექტივას გვიჩვენებს.

ალბერტ აინშტაინის (1879-1955 წწ.) ფარდობითობის  თეორიამ და კვანტური ფიზიკის განვითარებამ თანამედროვე მეცნიერების განვითარებაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. ამ ორმა მეცნიერულმა თეორიამ მნიშვნელოვნად გარდაქმნა ადამიანთა წარმოდგენები დროის, მიზეზ-შედეგობრიობისა და განსაზღვრულობის შესახებ. ბარბური მიანიშნებს, რომ კვანტურმა ფიზიკამ და ფარდობითობის თეორიამ, ინფორმაციის მიღებისა და ინტერპრეტაციის პროცესში, წინ წამოსწია დროისა და დამკვირვებელი სუბიექტის მნიშვნელობა. ნიუტონის ფიზიკისგან განსხვავებით, ამ სამყაროში ყველაფერი ურთიერთდამოკიდებული და დაკავშირებულია, ის „არსებითად განსხვავდება აბსოლუტური დროისა და სივრცის ბუნების მქონე ნიუტონისეული სამყაროსაგან, რომელშიც ცვლილება უცვლელ ნაწილთა გადაადგილების შედეგია“ (გვ. 123). ცვლილებისა და ნამდვილი სიახლის გამოვლინებები ასტრონომიასა და ევოლუციურ ბიოლოგიაშიც გვხვდება - „ბუნების ისტორიულობა მეცნიერების ყველა დარგში ცხადია.“

ფიზიკის მსგავსად, მრავალი ახალი აღმოჩენა გაკეთდა ასტროფიზიკაში, მეცნიერების დარგში, რომელიც კოსმოსის, როგორც სამყაროს მთლიანობის ფიზიკურ სტრუქტურას სწავლობს. დიდი აფეთქების თეორია გვთავაზობს სამყაროს შესაქმის „მეცნიერულ ნარატივსა“ და კოსმიური ისტორიის რეკონსტრუქციას; ყოველივე ეს კი ხორციელდება „ასტრონომიისა და მაღალი ენერგიის ფიზიკაში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით“ (გვ. 125). კოსმიური ისტორიის ყველაზე ზოგადი ქრონოლოგია შემდეგნაირია: დიდი აფეთქების საწყისი მდგომარეობა, მის შემდეგ - მეათე წამი  გრავიტაციულ ძალათა განცალკევება - ძლიერი ატომური ძალების განცალკევება - სუსტი და ელექტრომაგნიტული ძალების განცალკევება  - კვარკებიდან პროტონებამდე, პროტონებიდან ნიუტრონებამდე; მესამე წუთი - ატომთა ფორმირება (ჰიდროგენი, ჰელიუმი); 500000 წელი - ატომის ფორმირება (მსუბუქი ელემენტები); 1 მილიარდი წელი - გალაქტიკათა ფორმირება (მძიმე ელემენტები); 10 მილიარდი წელი - პლანეტების ფორმირება; 12 მილიარდი წელი - მიკროსკოპული სიცოცხლე; 15 მილიარდი წელი - დღევანდელი დღე.

ასტროფიზიკის განვითარება ცხადყოფს, რომ სამყაროს კოსმიური ისტორია ერთი ურთიერთდაკავშირებული მოვლენების ჯაჭვია, რომელიც დროითი მსვლელობის მანძილზე ფორმირდება. ის ფორმაციის პროცესის მარტივი ფიზიკური ფორმებიდან კომპლექსური ფორმების ჩამოყალიბებამდე მიგვიძღვება და გვთავაზობს კოსმოსის სურათს, რომელიც დინამიური, ცვალებადი და განუსაზღვრელია.  მსგავსი კოსმიური პროცესი დიდად სენსიტიურია მცირედი ცვლილებების მიმართ და მასში მცირე განსხვავების შეტანის შემთხვევაშიც კი სამყარო დღევანდელი ფორმით არ იარსებებდა. ასტროფიზიკაში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოაზროვნეთა ნაწილმა „ანთროპული პრინციპის“ თეორია განავითარა. ანთროპული  პრინციპი ამოდის დებულებიდან, რომ ჩვენთვის ნაცნობი სიცოცხლის შესაძლო არსებობა რამდენიმე ძირითადი მუდმივის ღირებულებაზეა დამოკიდებული და რომ ის მნიშვნელოვნად სენსიტიურია ცვლილებებთან მიმართებით.

მოაზროვნეთა ნაწილისათვის ანთროპული პრინციპი ღმერთის არსებობის დამადასტურებელი არგუმენტების რიგს მიეკუთვნება, ხოლო მეორე ნაწილი მხარს უჭერს მულტისამყაროს თეორიას. მულტისამყარო ეს არის მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ჩვენი სამყაროს უნიკალურობა იმით აიხსნება, რომ ის მრავალ განსხვავებულ სამყაროთა შორის არსებული ერთ-ერთი „იღბლიანი შემთხვევაა“ და მასში სიცოცხლისათვის საჭირო კონდიციები გარემოებათა დამთხვევების შედეგად წარმოიშვნენ. ბარბურის აზრით, ანთროპული პრინციპი არც სამყაროს წინასწარ მოწყობის არგუმენტს იძლევა და არც ბიბლიური შესაქმის ისტორიას ამყარებს. ქრისტიანულ სარწმუნოებაში ღმერთის რწმენა უმთავრესად რელიგიურ ტრადიციაზე, ღვთაებრივ გამოცხადებასა და აღთქმაზეა დამოკიდებული. შესაქმის ბიბლიურ დოქტრინაში წარმოდგენილ თემატიკაში მოცემულია გაოცების, ღმერთზე დამოკიდებულებისა და სიცოცხლისადმი, როგორც საჩუქრისადმი, გამოხატული მადლიერება. ბუნებრივია, რომ ბიბლიური შესაქმის დოქტრინა გარკვეულ ისტორიულ გარემოებებში შეიქმნა და მისი ზოგადი სურათი  შეესაბამება ადამიანის კოგნიტური და კულტურული განვითარების კონკრეტულ კონდიციას. კერძოდ, წინარემეცნიერულ ეპოქას, რომელშიც აზროვნება სავსე იყო მითიური და ზებუნებრივი ელემენტებით.

ბუნების ევოლუციურ-ისტორიული განზომილება კიდევ უფრო თვალნათლივ ჩანს ევოლუციურ ბიოლოგიაში. 1859 წელს ჩარლზ დარვინის ნაშრომის „სახეობათა წარმოშობის“ გამოცემა ინტელექტუალური რევოლუციის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა; ის დღემდე დიდ გავლენას ახდენს აზროვნების მრავალ სფეროზე. ევოლუციის კონცეპტმა შეცვალა ბუნების ჩვენეული გაგება და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის შეხედულებები, რომლებიც კაცობრიობის, ღმერთისა და ბუნების ურთიერთმიმართების შესახებ არსებობდა, „დარვინის დროიდან მოყოლებული, მეცნიერებმა მტკიცებულებების უზარმაზარი მარაგი დააგროვეს, რომლებიც ევოლუციის ისტორიულ არსებობაზე მიანიშნებს, ყოველივე ეს კი მხარს უჭერს ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც ვარიაცია და ბუნებრივი გადარჩევა ევოლუციური ცვლილებების უმთავრესი მიზეზებია“ (გვ. 156).

ავტორის თანახმად, ჩარლზ დარვინის თეორიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რამდენიმე ტრადიციული შეხედულება: ბიბლიის პირდაპირი აზრით გაგება, ხედვა ადამიანის გამორჩეულობის შესახებ და წინასწარ განსაზღვრული მიზნის იდეა. რელიგიურ დოქტრინათა ნაწილი სწორედ ამ იდეათა გარშემოა აგებული, თუმცა, მეცნიერების მიერ აღწერილი სამყაროს ახლებური პერსპექტივისაკენ მიგვიძღვის. სწორედ ეს კონტექსტი განსაზღვრავს თეოლოგიის ახალ კონდიციებს. მისივე აზრით, ახალ კონტექსტში სამყაროს რელიგიური შექმნის იდეა გაგებული უნდა იყოს როგორც შემოქმედებისა და განვითარების მუდმივი პროცესი,  ევოლუცია კი როგორც ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის გზა.  სამყაროს შექმნის განგრძობად პროცესში ადამიანი გამორჩეული თანამონაწილეა, თუმცა, ის არ არის იზოლირებული დანარჩენი სამყაროსა და გარემოსაგან.

თანამედროვე მეცნიერების მიერ აღწერილ სამყაროს ის გარკვეული თვისებები აქვს, რომლის შესახებაც შუა საუკუნეების სამყაროში და  მეცნიერული რევოლუციის ადრეულ პერიოდში არ ამახვილებდნენ ყურადღებას. კერძოდ, მეცნიერულ რევოლუციამდე გაბატონებული იყო ფიქსირებული ყოფიერების იდეა, შეხედულება, რომლის მიხედვითაც  სამყარო და მასში არსებული საგნები ფიქსირებულად არსებობენ. ფიქსირებულ სამყაროში საგანთა ქმედება ტელეოლოგიურად გაიაზრებოდა, მასში წარმოდგენილი ყველა საგანი „სუბსტანციის“ ანუ არსის მქონე ერთეულად იყო მიჩნეული და სამყაროში არსებული საგნები იერარქიული კიბით იყო დაყოფილი. ამ ისტორიული ეპოქის კიდევ ერთი გამორჩეული მახასიათებელი ისაა, რომ მასში ადამიანი, როგორც სულიერი არსება, ბუნებრივი სამყაროსაგან განცალკევებით განიხილებოდა, ხოლო ღმერთი - ყოვლისშემძლე მეუფე - ყოველივეს გამგე იყო. შუა საუკუნეებისგან განსხვავებით, მეცნიერული რევოლუციის დროს გაბატონებული სამყაროს სურათი მექანიცისტურია. მასში სამყარო წარმოდგენილია როგორც უმცირესი ერთეულების ატომებისაგან შედგენილი ის „მანქანა“, რომელიც ატომთა გადაჯგუფების შედეგად იცვლება. მექანიცისტული მეცნიერების მიერ აღწერილი სამყარო რედუქციონალისტური და დუალისტურია. ამ სამყაროში ადამიანი წარმოდგენილია როგორც გონებისა და სხეულის მქონე არსება, ხოლო ღმერთი სამყაროს არაპიროვნულ კანონთა შემოქმედი და პირველმიზეზი.

შუა საუკუნეებისა და მეცნიერული რევოლუციის ადრეული პერიოდისაგან განსხვავებით, თანამედროვე მეცნიერება სამყაროს ევოლუციურ, ისტორიულ და ემერჯენტისტულ სურათს გვთავაზობს. ამ სამყაროში კანონები და შემთხვევითობა ერთმანეთის კვალდაკვალ მოქმედებენ; სამყაროს სტრუქტურა ღიაა და ის მუდმივი ცვალებადობით ხასიათდება. თანამედროვე მეცნიერების მიერ აღწერილი სამყარო ურთიერთდამოკიდებულ მრავალსაფეხუროვან ყოფიერებათა ერთობაა და ამ სამყაროში ადამიანსა და სხვა ცოცხალ არსებებს შორის ნაკლები განსხვავება არსებობს. თუ უწინ ადამიანის გამორჩეულობა ხაზგასმული იყო იყო იდეით, რომლის მიხედვითაც ის ფიზიკური სამყაროსაგან რადიკალურად განსხვავებული მოცემულობაა, დღეს მისი გამორჩეულობა შეიძლება დავინახოთ იმაში, რომ ადამიანი ფიზიკურ სამყაროს განვითარების არსებითად ახალ საფეხურს წარმოადგენს, გონება „ემერჯენტისტული“ თვისებაა, რომელსაც საკუთარი თავისა და სამყაროს გააზრებისა და აღქმის უნარი გააჩნია, მისი არსებობა გარემოზეა დამოკიდებული და ის პასუხისმგებელია ბუნებრივი სამყაროს მოვლა-პატრონობაზე. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება - თანამედროვე მეცნიერების მიერ აღწერილი სამყარო შეუთავსებელია ღმერთის შუა საუკუნეებრივ და დეისტურ კონცეფციასთან. ბარბური ფიქრობს, რომ ღმერთის თანამედროვე კონცეფცია უნდა ფორმულირდეს როგორც ევოლუციურ პროცესში მონაწილე სამყაროს „წინამძღოლი“, ის კოსმიური საზოგადოების მსვლელობის შემოქმედებითი თანამონაწილეა და არა ყოვლის განმსაზღვრელი მოცემულობა.

მეცნიერული თეორიებისა და რელიგიური დოქტრინების განხილვის შემდეგ ავტორი გვთავაზობს „პროცესის ფილოსოფიას“, როგორც თანამედროვე მეცნიერების მიერ აღწერილი სამყაროს  ფილოსოფიური გააზრების შესაძლებლობას. ეს გააზრების შესაძლებლობა მეცნიერებისა და რელიგიური გამოცდილების „ინკლუზიურ მეტაფიზიკაში“ გაერთიანების შანსს იძლევა. მსგავს სინთეზს სპეკულატიური ბუნება აქვს და ის არ შეიძლება გავიგოთ როგორც წმინდა მეცნიერული თეორია, ან როგორც რელიგიური დოგმა.

პროცესის ფილოსოფიაში სამყარო წარმოდგენილია როგორც მსვლელობა, რომელსაც მუდმივი ცვალებადობა და განვითარება ახასიათებს. ეს არის მეტაფიზიკური თეორია, რომელიც რეალობის ყველაზე ზოგად მახასიათებლებს იაზრებს. ეს ფილოსოფია აგებულია რამდენიმე ზოგად კატეგორიაზე. პირველი, ეს არის დრო: „პროცესის ფილოსოფიის ათვლის წერტილი გარდაქმნაა და არა ყოფნა. ფორმის შეცვლა და აქტივობა უფრო ფუნდამენტალურია, ვიდრე მუდმივობა და სუბსტანცია. მის სურათში რეალობის ძირითადი კომპონენტები წარმოდგენილია როგორც ურთიერთკავშირში მყოფი მოვლენები“ (გვ. 222). სამყაროს დროით მსვლელობაში ყველა მოვლენა ურთიერთკავშირშია, „მოვლენები ურთიერთდამოკიდებულნი არიან და ყველა მოვლენას აქვს არსებითი წყარო, რომელიც სხვა დროსა და სივრცეზე მიანიშნებს. ყველა ობიექტი საკუთარი არსით ურთიერთქმედებების შედეგადაა წარმოქმნილი და თანამონაწილეობის გარდა არაფერი არ არსებობს.“ (გვ. 222).  ამ მეტაფიზიკაში პროცესი და განვითარება წარმოდგენილია როგორც ორგანიზმი. „სამყაროს ინტერპრეტაციის ძირითადი ანალოგია ორგანიზმია და არა მექანიზმი. ორგანიზმი ურთიერთდამოკიდებულ მოვლენათა დიდად ინტეგრირებული ერთობა და დინამიკური ნიმუშია. ნაწილები ხელს უწყობს და ცვლის მთლიანობის ერთიან აქტივობას. ორგანიზების თითოეული საფეხური - ატომი, უჯრედი, ორგანო, ორგანიზმი, საზოგადოება - ერთის მხრივ იღებს, მეორეს მხრივ კი გავლენას ახდენს სხვა საფეხურთა აქტივობების ნიმუშებზე“ (გვ. 222). ბოლოს კი არსებობს თვით-შემოქმედებისა და შემთხვევითობის ის სივრცე, რომელიც პლურალიზმს უჭერს მხარს და რომელშიც ყველა ობიექტი გავლენების უნიკალურ სინთეზს წარმოადგენს: „ყველა ობიექტი მხედველობაში იღებს სხვა მოვლენებს, რეაქციას ახდენს მათზე და პასუხს აგზავნის. მას შემდეგ, რაც ობიექტი დამოუკიდებელი ხდება, მას თავისუფლად შეუძლია განსაზღვროს და განავითაროს საკუთარი გზები“ (გვ. 223).

კლასიკურ თეიზმში ღმერთი წარმოდგენილია როგორც მმართველი, ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და უცვლელი მეუფე. ავტორის აზრით, ამ მოცემულობის პირობებში ღმერთის ტრადიციული კონცეპტი არ არის თავსებადი თავისუფლებასა და ბოროტების პრობლემასთან. კლასიკური თეიზმისაგან განსხვავებით კი დეიზმის მოდერნული კონცეფცია აგებულია იდეაზე, რომლის მიხედვითაც ღმერთი კოსმიური მექანიზმისა და სამყაროს არაპიროვნული კანონების შემოქმედია. ღმერთის გააზრების ეს მოდელი წინააღმდეგობაში მოდის სამყაროს, როგორც განუსაზღვრელი, ევოლუციური და მარადცვალებადი პროცესის მეცნიერულ გააზრებასთან. პროცესის თეიზმი უკეთეს პასუხებს იძლევა იმ მრავალ პრობლემაზე, რომელთაც კლასიკური და მოდერნული თეიზმი აწყდება. ეს პრობლემებია:

1. ადამიანის თავისუფლება და პასუხისმგებლობა. პროცესის თეიზმი უარყოფს ყოვლისშემძლოებისა და წინასწარგანსაზღვრულობის იდეას, და ამის ნაცვლად ღვთაებრივ შეგონებაზე ამახვილებს ყურადღებას. ის აქცენტს აკეთებს ადამიანის პასუხისმგებლობაზე:  „ჩვენ დაუსრულებელ სამყაროსა და ღმერთის განგრძობად ქმედებაში ვმონაწილეობთ. ღმერთი სიყვარულისკენ, თავისუფლებისაკენ და სამართლიანობისკენ მოგვიწოდებს. აუცილებელია ვაღიაროთ დრო, ისტორია და ბუნება, რადგან მათი მეშვეობით ხორციელდება ღმერთის მიზანი.“ (გვ. 261).

2. ბოროტება და ტანჯვა. კლასიკურ და მოდერნულ თეიზმში არაფერი ხდება ღმერთის ნების გარეშე, ეს დებულება ბუნებრივად წარმოშობს ბოროტების პრობლემას. პროცესის თეიზმი კი თავიდან იცილებს საკითხის მსგავსად დასმას. „ევოლუციურ სამყაროში ბრძოლა და კონფლიქტური მიზნები დიდი ღირებულებების განხორციელების ნაწილია“ (გვ. 261). მასში ღვთაებრივი ძალაუფლება შეზღუდულია, ვინაიდან არსებობს შემთხვევითი მიზეზები და ღმერთი მხოლოდ შეგონების გზით მუშაობს. სამყაროს შექმნასთან ერთად, ბოროტების ზრდის რისკი ავტომატურად იზრდება.

3. მასკულინური და ფემინური თვისებები. ღმერთის კლასიკური სურათი გაჯერებულია მასკულინური ელემენტებით და ტრადიციულ რელიგიურ იდეათა დიდი ნაწილი მხარს უჭერს გენდერულ პრივილეგიებს. თუმცა, მსგავსი აზროვნება კულტურის მიერ ფორმირებული მოცემულობაა და პროცესის თეიზმში ეს განსხვავებები გადალახულია. პროცესის თეიზმში წარმოდგენილია ის ფემინური თვისებებიც (მზრუნველობა, მგრძნობიარობა, ურთიერთდამოკიდებულება და ურთიერთკავშირი), რომლებსაც უწინ არავინ აქცევდა ყურადღებას.

4. ინტერრელიგიური დიალოგი. პროცესის თეიზმი მხარს უჭერს ინტერკულტურულ რელიგიურ დიალოგს. ამ დიალოგის მიზანი, კულტურული მრავალფეროვნების მიღმა, არსებითი რელიგიური გამოცდილების გაზიარებაა. „კლასიკურ თეიზმში წარმოდგენილი გამოცხადების ექსკლუზიური ფორმის ნაცვლად, პროცესის თეიზმი საშუალება გვაძლევს ვაღიაროთ, რომ ღმერთის შემოქმედებითი მყოფობა ბუნებისა და ისტორიის ყველა ნაბიჯზეა წარმოდგენილი. ასევე საშუალება გვაქვს ვისაუბროთ გამორჩეულ ტრადიციებში და ადამიანთა ცხოვრებასა და გამოცდილებაში არსებული ღვთაებრივი წარმოწყებების კონკრეტულობის შესახებ“ (გვ. 262).

5. ევოლუციური და ეკოლოგიური სამყარო. პროცესის აზროვნებაში ღმერთი წინამძღოლია და არა ყოვლისმპყრობელი შემოქმედი. პროცესის აზროვნება შეესაბამება ბუნების, როგორც განგრძობითი და დინამიკური მოვლენის ხედვას; ასევე ისეთი სამყაროს ხედვას, რომელიც მუდმივად იცვლება და ვითარდება, და რომელსაც რადიკალურად დროითი ხასიათი აქვს. მსგავს სამყაროში ყველა საგანი ურთიერთკავშირშია; ამ მოდელში აღიარებულია ადამიანის გამორჩეულობა, თუმცა, ანთროპომოცენტრიზმი უკუგდებულია: „თითოეული ქმნილება შინაგანად ღირებულია, რადგან თითოეული მათგანი გამოცდილების ცენტრია, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილების კომპლექსურობასა და ინტენსიურობას შორის წარმოუდგენელი სხვაობა შეიძლება არსებობდეს“ (გვ. 262).

6. შანსი და კანონი. პროცესის თეიზმი აღიარებს სამყაროს განუსაზღვრელ ბუნებას და მასში შანსის არსებობის მნიშვნელოვან როლს, ისევე როგორც ღიაობასა და შესაქმის მნიშვნელობას. ამ მოცემულობის პირობებში ღვთაებრივი განზრახვა მარადიულია, თუმცა, ღმერთს არ გააჩნია დეტალური და წინასწარ განსაზღვრული გეგმა. „პროცესის აზროვნება აღიარებს იმ ალტერნატიულ შესაძლებლობებსა და პოტენციალებს, რომლებიც შესაძლოა განხორციელდეს. მოვლენის წარმოშობაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს და არც ერთი მათგანი არაა აბსოლუტურად განმსაზღვრელი“ (გვ. 262).

„რელიგია მეცნიერების ეპოქაში“ და მასში წარმოდგენილი თეიზმი უნდა გავიგოთ როგორც იმ ტიპის ფილოსოფიური გააზრების მცდელობა, რომელიც პასუხობს თანამედროვეობის ეკოლოგიურ და ჰუმანიტარულ გამოწვევებს, ხაზს უსვამს განახლების მნიშვნელობას (სული წმინდის თეოლოგია), ეხმიანება მეცნიერების ხელთ არსებულ ცოდნასა და რელიგიურ ტრადიციებში არსებულ გამოცდილებას, ყოველივე ეს კი რელიგიური პლურალიზმისა და კულტურული დიალოგის პირობებში ხორციელდება. ნაშრომში წარმოდგენილი შეხედულებები არ შეიძლება გავაიგივოთ არც მეცნიერულ მტიცებულებებთან და არც რელიგიურ დოგმატიზმთან, ის კარგი გზაა საიმისოდ, რომ რელიგია თანამედროვეობის კონტექსტში გავიაზროთ და „სასიამოვნო ილუზიების“ ნაცვლად ჭეშმარიტება ვეძიოთ.