1) იოანე ღვთისმეტყველის პიროვნება
თავად იოანე სახარებაში არსად ახსენებს თავის სახელს. თუმცა ის მინიშნებებს გვაწვდის საკუთარი პიროვნების შესახებ. იოანე გახლდათ გალილეველი მეთევზის ზებედესა (მათ. 4:21) და სალომეს (მათ. 27:56 და მარკ. 15:40) ვაჟი. აღსანიშნავია, რომ ზებედე შეძლებული კაცი იყო, რადგან დაქირავებული მუშები ჰყავდა (მარკ. 1:20). თავად იოანე, როგორც ირკვევა, ადგილობრივ მღვდელმთავარს ახლოს იცნობდა (იოან. 18:15), რაც მის ერთგვარ დაწინაურებულ მდგომარეობაზე მიანიშნებს იუდაურ საზოგადოებაში.
თავდაპირველად იოანე იყო იოანე ნათლისმცემლის მოწაფე (იოან. 1:35-40), შემდეგ კი იესოს მოწაფე გახდა (მათ. 4:21-22). იოანე, იაკობ და პეტრე მოციქულებთან ერთად, ითვლებოდა იესოს ყველაზე ახლო მოწაფედ (მარკ. 9:2), რადგან მასთან იმყოფებოდა მიწიერი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს წუთებში. და ის ყველაზე მეტად უყვარდა იესოს (იოან. 13:23; 19:26; 20:2; 21:7,20). მას და მის ძმას - იაკობს, მხურვალე რწმენის გამო, ქრისტემ უწოდა „ბოანერგეს, რაც ნიშნავს: ქუხილის ძენი“ (მარკ. 3:17). ის იყო ერთადერთი მოწაფე, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმასთან იდგა და რომელსაც იესომ თავისი დედა ჩააბარა (იოან. 19:26-27). მეოთხე სახარების ეპილოგში მის შესახებ შემდეგნაირად წერია: „ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს“ (იოან. 21:24). იესოს ამაღლებისა და სულთმოფენობის შემდეგ იოანე, პეტრე მოციქულთან ერთად, მხურვალედ ქადაგებს ღვთის სიტყვას იერუსალიმში (საქმე 3:4). ასევე, პეტრესთან ერთად, ცდილობს ქალაქ სამარიაში ეკლესიის განმტკიცებას (საქმე 8). ამგვარად ქადაგებდა იგი სხვადასხვა ქალაქში, სანამ, როგორც საეკლესიო გადმოცემა აღნიშნავს, თავის ადგილსამყოფელად არ გამოარჩია მცირე აზიაში მდებარე ქალაქი ეფესო. ერთხანს იოანე გადაასახლეს კუნძულ პატმოსზე, შემდეგ კვლავ დაბრუნდა ეფესოში, სადაც გარდაიცვალა კიდეც ღრმად მოხუცებული.
იოანეს შესახებ მოწმობები უკვე მეორე საუკუნიდან გვხდება. წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილთან იოანეს სახარების ციტატებია მოცემული, თუმცა თავად სახარების ავტორად იოანე პირდაპირ დასახელებული არ არის. პოლიკარპე სმირნელიც აშკარად მიუთითებს იოანეს პირველ ეპისტოლეზე. ერთადერთი მინიშნება, რომელმაც მკვლევართა აზრი ორად გაყო, გახლავთ პაპიას ცნობა იმის შესახებ, რომ, გარდა იოანე მოციქულისა, არსებობდა, ასევე, მეორე იოანე, რომელსაც ის მოციქულთა გარეთ აყენებს და პრესვიტერს უწოდებს. ამ უკანასკნელს მიაკუთვნებს პაპია გამოცხადების წიგნს.
იოანეს სახარების ავტორი არა მარტო მოწმე და მხილველია აღწერილი ამბებისა, არამედ მისთვის ზუსტად არის ცნობილი მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო დეტალები ქრისტეს უახლოეს მოწაფეთა ცხოვრების შესახებ; მან ასევე ზუსტად იცის ის დრო, როდესაც მოხდა ესა თუ ის ეპიზოდი. ეს ყველაფერი იმას მოწმობს, რომ სახარების ავტორი უფლის ახლობელი მოწაფეებიდან, უფრო მეტიც, უახლოესი წრიდანაა.
2) იოანე ღვთისმეტყველის შემოქმედება
იოანე ღვთისმეტყველის სახელს უკავშირდება ბიბლიაში შესული შემდეგი წიგნები: მეოთხე სახარება, სამი ეპისტოლე და გამოცხადება. თუმცა, ამ უკანასკნელის გარდა, პირდაპირ არსად არ არის მითითებული სახელი „იოანე“. შესაბამისად, არც ის არის გასაკვირი, რომ მკვლევართა გარკვეულმა ნაწილმა ეჭვი შეიტანა აღნიშნულ წიგნთა იოანესადმი მიკუთვნების ავთენტურობაში.
იოანეს სახარება. მკვლევრები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ იოანეს სახარება სამი სახარების შემდეგ დაიწერა, დაახლოებით 85-95 წლებში. შესაბამისად, იმ პერიოდისთვის ქრისტიანებმა უკვე კარგად უწყოდნენ სამი სახარების შესახებ. ამიტომ იოანე თავის სახარებაში თავს უყრის იესო ქრისტეს ცხოვრებიდან იმგვარ ეპიზოდებსა და სწავლებებს, რომლებსაც იმთავითვე ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდათ, როგორიც მანამდე ჩაწერილებს. იესო ქრისტეს პიროვნება უნდა წარმოჩენილიყო ოდნავ განსხვავებული სახით, ვიდრე სამ სახარებაში. თუკი წინა სახარებებში, უფრო მეტად, იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრება იყო აღწერილი, იოანე მთლიანად მის ღვთაებრიობაზე ამახვილებს ყურადღებას. ამასთან, სადაც იგი იესოს მიწიერ ცხოვრებაზე საუბრობს, იქაც მისი ღვთაებრივი ხასიათია ხაზგასმული.
პირველი ეპისტოლე. იოანეს პირველ ეპისტოლეში მითითებული არ არის მისი ავტორი, მხოლოდ ის ხდება ცხადი, რომ მწერალი იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების მომსწრე და თვითმხილველია (1 იოან. 1:1-3). საეკლესიო ტრადიცია ერთხმად მიიჩნევს მის ავტორად იოანე ღვთისმეტყველს. უფრო მეტიც, პირველი ეპისტოლეს იოანესადმი მიკუთვნება მეოთხე სახარებასთან მისი დიდი მსგავსებითაც მტკიცდება. ალექსანდრე ლოპუხინის აზრით, პირველ ეპისტოლეში სიყვარულის, რწმენის, გადმოცემისა და შეხედულებების ისეთივე ხასიათი შეინიშნება, როგორიც სახარებაში. სახარებასთან ამგვარი მსგავსების გამო მკვლევრები მიიჩნევენ, რომ მათი დაწერის დროთა შორის დიდი სხვაობა არ უნდა იყოს.
ისეთი ვარაუდიც კი გამოითქვა, რომ პირველი ეპისტოლე მიეკუთვნება არა იოანე ღვთისმეტყველის კალამს, არამედ „უხუცეს“ იოანეს (2 იოან. 1; 3 იოან. 1), რომელიც სხვა პიროვნება გახლდათ. თუმცაღა ამ მოსაზრების სასარგებლოდ თითქმის არავითარი რეალური ფაქტი არ არსებობს. ამიტომ პირველი ეპისტოლის ავტორად, ძველ ტრადიციაზე დაფუძნებით, კვლავინდებურად იოანე ღვთისმეტყველია მიჩნეული.
მეორე და მესამე ეპისტოლეები. აღნიშნული ეპიტოლეები ყველაზე მცირე მოცულობის წიგნებია ახალ აღთქმაში. მათი ციტირება თითქმის არ ხდებოდა, შესაბამისად, ძალზე რთულია განისაზღვროს მათი ავტორობის საკითხი, დაწერის დრო თუ სხვა მსგავსი საკითხები. პირველი ეპისტოლეს მსგავსად, ზოგიერთი კრიტიკოსი მათ ავტორად „უხუცეს“ იოანეს მიიჩნევდა, თუმცა, ძველი ტრადიციისა და სახარებასა თუ პირველ ეპისტოლესთან ენობრივი მსგავსების გამო, მათ ავტორად იოანე ღვთისმეტყველი უნდა მოვიაზროთ.
იოანეს გამოცხადება. გამოცხადების წიგნის ავტორი თავის თავს უწოდებს იოანეს (გამოცხ. 1:1,4; 22:8), „იესო ქრისტეს ურვის, სუფევისა და მოთმინების თანაზიარს“ (გამოცხ. 1:9). ძველი საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ეს იოანე სწორედ თორმეტ მოციქულთაგან ერთ-ერთი და, შესაბამისად, მეოთხე სახარებისა და სამი ეპისტოლეს ავტორია. ამ პოზიციას იზიარებენ: მორატორის კანონის ავტორი, იუსტინე ფილოსოფოსი, ირინეოს ლიონელი, კლიმენტი ალექსანდრიელი, ორიგენე, ტერტულიანე, იპოლიტე რომაელი და სხვები. თუმცა აპოკალიფსისის ავტორად იოანეს მიჩნევა არამართებულად მიაჩნდა დიონისე ალექსანდრიელს, რომლის მიხედვითაც მოციქულ იოანეს შემოქმედების სხვა ნაშრომები შესამჩნევად განსხვავდება ენით, სტილითა და უმთავრესი იდეეებით გამოცხადების წიგნისგან. იმავე შეხედულებას ვხვდებით ევსევი კესარიელთანაც.
მსგავსი სახის მინიშნებებს იმეორებენ თანამედროვე მკვლევრები. ზოგიერთი მათგანი გამოცხადებას იოანე უხუცესს მიაწერს, რომელიც II საუკუნის დასაწყისში მოხსენიებული ჰყავს იეროპოლელ ეპისკოპოსს - პაპიას. სხვანი ფიქრობენ, რომ ეს იოანე პირვანდელი ეკლესიის ერთ-ერთი წინასწარმეტყველია. თანამედროვე მკვლევართა კიდევ ერთი ნაწილის აზრით, იოანეს გამოცხადების ავტორია ეფესოში არსებული „იოანესეული წრე“ ანუ მოციქულ იოანეს მოწაფეები, რომლებმაც მთელი სკოლა შექმნეს.
რასაკვირველია, ვერავინ უარყოფს გამოცხადების სტილსა და იოანე ღვთისმეტყველის სხვა ტექსტებს შორის არსებულ სხვაობას, თუმცა ასევე შეუძლებელია, შეუმჩნეველი დარჩეს მათ შორის არსებული მსგავსებაც. მთლიანობაში, თანამედროვე მეცნიერებაში გამოცხადების ავტორის საკითხი დღემდე ღიად რჩება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ აპოკალიფსისი, პირდაპირ თუ არა, „იოანეს წრის“ საშუალებით მაინც, დაკავშირებულია იოანე ღვთისმეტყველის პიროვნებასთან.
3) სამეცნიერო ლიტერატურა იოანე ღვთისმეტყველის შესახებ
იოანე ღვთისმეტყველის შესახებ სამეცნიერო კვლევა-ძიება, შეიძლება ითქვას, მაშინ დაიწყო, როდესაც მსგავსი ტექსტების კვლევითი მეთოდები ჩამოყალიბდა, რადგან მოციქულის შემოქმედებისადმი ყოველთვის ცოცხალი ინტერესი არსებობდა. იოანეს შესახებ არსებული სამეცნიერო კვლევითი ლიტერატურიდან განსაკუთრებით ის ნაშრომები გავითვალისწინეთ, რომლებიც იოანეს ფილოსოფიურ ასპექტებს მოიცავს. კვლევათა სიმრავლის მიუხედავად, წინამდებარე ნაშრომის სპეციფიკური შინაარსის გამო ჩვენი ყურადღების ცენტრში მოექცა რამდენიმე მნიშვნელოვანი მეცნიერული გამოკვლევა.
იოანე ღვთისმეტყველის როგორც ქრისტიანი ფილოსოფოსის გასააზრებლად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პროფესორ ჯორჯ ელდონ ლედის მიერ 1974 წელს გამოცემული წიგნი „ახალი აღთქმის ღვთისმეტყველება“. მასში, ახალი აღთქმის სხვა წიგნებსა და ავტორებთან ერთად, სიღრმისეულად არის განხილული იოანე ღვთისმეტყველის ცალკეული წიგნები. ჯორჯ ლედი მკაფიოდ და ხაზგასმით წარმოაჩენს იოანეს როგორც სპეციფიკურად და განსხვავებულად მოაზროვნე მწერალს. ამ კონტექსტში ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მის მიერ იოანეს სახარებაში წარმოდგენილი რამდენიმე საკითხი: დუალიზმი, მარადიული სიცოცხლე, ეთიკა, ლოგოსი და სხვა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია პროფესორ ლეონ მორისის 1986 წელს გამოცემული წიგნი „ახალი აღთქმის თეოლოგია“. მასში, ჯორჯ ლედის წიგნის მსგავსად, ცალკე არის განხილული იოანეს თითოეული წიგნი და მათში წარმოდგენილი აქტუალური საკითხები: რწმენა, სიყვარული, ცოდვა, ჭეშმარიტება და სხვა. ასევე, ისიც აღსანიშნავია, რომ ორივე ეს წიგნი ყოველი საკითხის ისტორიულ ანალიზსაც გვთავაზობს.
ფუნდამენტური ნაშრომია მთავარეპისკოპოს სტანისლავ გონდეცკის წიგნი „იოანეს წერილები“ (1996 წ.), რომელშიც მოციქულის მთელი შემოქმედების ვრცელი ისაგოგიკა და ძირითადი საღვთისმეტყველო საკითხები საფუძვლიანად არის გადმოცემული.
ბიბლიოგრაფია: