petriwis portali

კანტის მორალური რელიგიის ფილოსოფია

ჟან გრონდენი

კანტის მორალური რელიგიის ფილოსოფია

30.05.2020

კანადელი ფილოსოფოსი ჟან გრონდენი არის მონრეალის უნივერსიტეტის პროფესორი. იგი არის კანადის სამეფო საზოგადოების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრი, 2008 წელს არჩეული იქნა თომა აქვინელის სახელობის უნივერსიტეტის (ქ. ტუკუმანი, არგენტინა) საპატიო დოქტორად. 2011 წელს გრონდენი არჩეული იქნა ბუენოს­აირესის უნივერსიტეტისა და სანტიაგო-დელ-ეს­ტე­როს უნივერსიტეტის (არგენტინა) საპატიო დოქტორად. აქტიური და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის ჟან გრონდენს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია, მათ შორის, ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის, კონრად ადენაუერისა და კანადის სამეფო საზოგადოების. ჟან გრონდენის ეს ტექსტი შესულია მის მონოგრაფიაში: Jean Grondin, La philosophie de la religion, deuxième édition, Que sais-je, PUF, 2009. ქართული თარგმანი და გამოცემა განხორციელდა 2018 წელს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მიერ.

ფრანგულიდან თარგმნა დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ

როგორც განმანათლებლობის ღვიძლი შვილი, კანტი ერთმანეთისგან განასხვავებდა „სტატუტორულ“ ანუ ისტორიულ და კონკრეტულ ეკლესიურ სწავლებაზე დაფუძნებულ რელიგიას და საყოველთაო ანუ გონებაზე დაფუძნებულ რელიგიას. კანტის რელიგიის ფილოსოფიის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა შემდეგი: ღმერთის შესახებ მისი რაციონალური რწმენა არა ბუნებაში არსებულ წესრიგს, არამედ, ნებისმიერ ადამიანში არსებულ მორალურ კანონს ეფუძნება.

1. მეტაფიზიკური ცოდნის კრიტიკა. 1781 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „წმინდა გონების კრიტიკა“ კანტმა „გააცამტვერა“ (მენდელსონის ცნობილი გამოთქმის თანახმად) მეტაფიზიკის მთელი პრეტენზია ზეგრძნობადის მეცნიერული წვდომის შესახებ. ხსენებული კრიტიკა კარგადაა ცნობილი, თუმცა, ხშირად, ზოგადად რელიგიის კრიტიკაში ერევათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე არ არის, მეტაფიზიკისა და რელიგიის ამ აღრევამ მთელი რიგი შედეგები გამოიწვია და კანტის შესახებ გარკვეული წარმოდგენის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო: XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე პოზიტივისტები, რომლებიც კანტზე მიუთითებდნენ, მეტაფიზიკური (ანუ ზეგრძნობადი) ცოდნის კანტისეულ ცენზურაში ხედავდნენ ულმობელ კრიტიკას რელიგიისა, რომელიც „ზეგრძნობადს“ მიემართება. მაგრამ კანტი თავს ესხმის მეტაფიზიკის პრეტენზიას მეცნიერულ ცოდნაზე. კანტის კრიტიკა დამაჯერებელი სიცხადით გამოირჩევა, რის გამოც კიდევ უფრო მეტად წარმატებული შეიქნა: კანტის მიხედვით, მეტაფიზიკის უმთავრესი შეცდომა სწორედ ისაა, რომ მას მეტაფიზიკად ყოფნა სურს. ცოდნაზე მისი პრეტენზია მეტაფიზიკურია. მისი სურვილია, მოგვაწოდოს ცოდნა ისეთი რეალობების შესახებ, რომლებიც გამოცდილებას არ ექვემდებარება. მაგრამ როგორ შეგვიძლია ასეთი სახის ცოდნის ვერიფიცირება (შემოწმება)? ნებისმიერი ცოდნა მხოლოდ გამოცდილებას უნდა ემყარებოდეს. თუმცა, კანტისთვის ეს არც მეტაფიზიკის და არც რელიგიის დასასრულს არ მოასწავებს, რადგან ორივე მათგანს შეუძლია, მორალური კანონის სიცხადეს დაემყაროს.

2. რისი იმედი შეიძლება მქონდეს? ერთ-ერთ ცნობილ ტექსტში კანტი წამოჭრის გონების სამ არსებით საკითხს, რომლებიც, ასევე, მისი ფილოსოფიის ძირითადი საკითხებია: რა შემიძლია ვიცოდე? რა უნდა გავაკეთო? რისი იმედი შეიძლება მქონდეს? 1793 წელს შტოიდლინისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში კანტი წერს: პირველი საკითხი განეკუთვნება მეტაფიზიკის, მეორე - მორალის, ხოლო მესამე - რელიგიის სფეროს. ამ შემთხვევაში რელიგია გაგებულია (რაც მნიშვნელოვანია) როგორც ფილოსოფიისგან დამოუკიდებელი დისციპლინა. პირველ კითხვაზე პასუხი გამოცდილებისა და მისი შესაძლებლობის წინაპირობების სფეროზე მიგვითითებს. მეორე კითხვაზე პასუხი ჩვენს მოვალეობას შეგვახსენებს: „გააკეთე ის, რაც გევალება!“ მოვალეობისკენ ეს უპირობო მოწოდება (იმის მიუხედავად, შეასრულებენ მას, თუ არა) გვასწავლის: ჩვენი მოქმედების გამომწვევი მიზეზი არ არის მხოლოდ ჩვენი უშუალო კეთილდღეობა (მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია). ჩვენ, ასევე, შეგვიძლია მოქმედება (კანტისთვის საკმარისია თავად ასეთი შესაძლებლობის არსებობა) მორალური კანონების თანახმად, რომელიც მიგვითითებს, როგორ შეგვიძლია მოვიქცეთ ისე, რომ ბედნიერად ყოფნის ღირსები ვიყოთ. ბედნიერად ყოფნის ღირსი კი ხდებიან მაშინ, როდესაც ემორჩილებიან მორალის უპირობო მოთხოვნას (იმპერატივს), რომელიც წინ უსწრებს ნებისმიერ მოქმედებას. ეს ხორციელდება მოქმედების ისეთი მაქსიმების (ძირითადი პრინციპების) აღსრულებით, ჩვენი პირადი ბედნიერებისგან სრულიად რომ აბსტრაჰირდებიან და საყოველთაო კანონებამდე შეიძლება იქნენ აყვანილი. რაკი საკითხი ეხება კანონს, რომელსაც თავად გონება ადგენს, კანტი ხაზგასმით აღნიშნავს მორალური მოქმედების ავტონომიურობას, რომლის მეშვეობით განსხვავდება ადამიანი სამყაროს სხვა ქმნილებისგან და ღვთაებრივ შემოქმედს ემსგავსება (სწორედ ამ ავტონომიურობის მეშვეობით ადამიანი თავს აღწევს ბუნებრივი მიზეზობრიობის სამყაროს ბატონობას და მორალური წესრიგის ინტელიგიბელურ ანუ რაციონალურ სამყაროს ეზიარება). თუმცა, ასეთი მორალური და ავტონომიური მოქმედება უანგარო უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, წმინდად მორალური ვერ იქნება. მაგრამ, კანტი საკუთარ თავს ეკითხება (და ეს არის მესამე კითხვის საზრისი): თუკი მე ვმოქმედებ ისე, რათა გავხდე ბედნიერების ღირსი, შეიძლება მქონდეს იმის იმედი, რომ მართლაც ასე იქნება? კანტი მიიჩნევს, რომ ასეთი იმედი ლეგიტიმურია და სწორედ ის ქმნის რელიგიის ფილოსოფიის საფუძველს. ნავარაუდები იმედი ამ შემთხვევაში ეფუძნება ჩემი ქცევის მორალურობასა და იმ მომავალ ბედნიერებას შორის თავსებადობას, მე რომ შეიძლება მებოძოს. კანტი ასეთ თავსებადობას უწოდებს უზენაესი სიკეთის იდეალს (Summum bonum), რომელსაც ჯერ კიდევ ციცერონი და ავგუსტინე ადამიანური მოქმედების საბოლოო მიზნად მიიჩნევდნენ. კანტის მიხედვით, თანხმობა მორალსა და ბედნიერებას შორის შეიძლება იქნეს უზრუნველყოფილი მხოლოდ დასაბამიერი უზენაესი სიკეთის, ე.ი. ღმერთის მიერ, რომელიც სამყაროს მორალური წესრიგის არქიტექტორადაა მოაზრებული. უზენაესი სიკეთე, რომლის იმედიც აქვს ჩვენს გონებას, გულისხმობს ღმერთის არსებობისა და სულის უკვდავების დაშვებას. კანტი ამ ორ დაშვებას, ზოგჯერ, რწმენის მუხლებად, ზოგჯერ - ზნეობრივი კანონის აუცილებელ შედეგებად წარმოადგენს. ამგვარად, მორალი რელიგიას ერწყმის: „ამრიგად, უზენაესი სიკეთის ცნების მეშვეობით, მორალურ კანონს, როგორც წმინდა პრაქტიკული გონების ობიექტსა და საბოლოო მიზანს, რელიგიამდე, ე.ი. ყველა მოვალეობის, როგორც ღვთიური მითითებების აღიარებამდე მივყავართ.“

მაშასადამე, შესაძლებელია, რელიგიის წმინდად ფილოსოფიური მოძღვრების შემუშავება. აღნიშნულის ნიმუშია კანტის ნაშრომი „რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში“ (1793 წ.). კანტის განზრახვაა შემდეგის წარმოჩენა: თავისივე წიაღიდან გონებას შეუძლია განავითაროს რელიგიის დოქტრინა, რომელიც განსხვავდება გამოცხადებით მიღებული რელიგიის კონკრეტული დოქტრინისგან, რომლის ლეგიტიმურობას კანტი ღიად არ უპირისპირდება, თუმცა მიანიშნებს, რომ გამოცხადების საფუძველზე შემუშავებული რელიგიის ნაკლს წარმოადგენს მისი ისტორიული და შემთხვევითი ბუნება და შემდეგი: ის გარკვეულ სწავლულთა ექსკლუზიური კუთვნილებაა. აღნიშნულისგან განსხვავებით, რელიგიის ფილოსოფიურ მოძღვრებას შესაძლოა, საყოველთაობის მოთხოვნა ჰქონდეს, რადგან თითოეული ადამიანის გულშია ჩანერგილი და ეფუძნება მხოლოდ მორალურ გონებას, რომელიც ცალსახად თვითკმარია, რელიგია კი მის დამატებას წარმოადგენს. მეტიც, რელიგია ღირებული საყრდენია, თუმცა მისი გაგება მხოლოდ კანტის წანამძღვრების საფუძველზეა შესაძლებელი.

გონება მხოლოდ მორალური კანონის შესაბამისად მოქმედებას გვიწესებს. ეს რთული ამოცანაა ეგოისტური იმპულსების მქონე ადამიანისთვის, რომელიც, ხელსაყრელი შემთხვევისთანავე, მუდამ მორალური კანონის თავის არიდებას შეეცდება. ამით იგი საკუთარი თავის სიყვარულს მორალურ კანონზე მაღლა აყენებს, რასაც კანტი მიიჩნევს მანკიერებად, რომელიც, მისი თქმით, ადამიანური სულის „რადიკალურ ბოროტებად“ იწოდება. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული მანკიერება რადიკალურია, ანუ ღრმადაა ჩაფესვილი ადამიანის არსებაში (ლათინურად radix ნიშნავს „ფესვს“), ადამიანს შეუძლია, შეეწინააღმდეგოს მას სიკეთისადმი თანდაყოლილი მიდრეკილების განვითარებით, რისკენაც მას მორალური კანონი მოუწოდებს. კანტის თქმით, სწორედ ამიტომ შეიძლება ითქვას: ადამიანს ეძლევა სრულყოფილების მოდელი იმისთვის, რათა მას ძალა შეემატოს და სიკეთისკენ უფრო მეტად ისწრაფოს. ეს მოდელი, რომლის პერსონიფიკაციას იესო ქრისტე წარმოადგენს, კანტისთვის „ღმერთის მიერ მოწონებული კაცობრიობის იდეალია“. ამგვარად, ქრისტე კანტისთვის არის მორალის პირველნიმუში მთელი თავისი სიწმინდით. ის ფაქტი, რომ ეს მოდელი კერძო და ისტორიული რელიგიიდან მომდინარეობს, კანტისთვის უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია. იგი უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს შემდეგ იდეაზე: ქრისტე განასახიერებს იდეალს, რომლის განხორციელებასაც ადამიანები უნდა ესწრაფოდნენ. არასრულყოფილი ბუნების მიუხედავად, ადამიანს შეუძლია იმედოვნებდეს, რომ იგი სასიამოვნო იქნება ღმერთისთვის, მაგრამ ამის მიღწევა მხოლოდ მორალური მოქმედებით ძალუძს.

სწორედ ამიტომ კანტი განასხვავებს რელიგიის ორ სახეობას: 1. კულტის რელიგიას (რომელსაც, ასევე, „სტატუტორულს“ უწოდებს), რომელიც ღმერთისადმი ყალბ მსახურებას ქადაგებს და ღმერთის „მომადლიერებას“ ესწრაფვის; 2. და მორალურ რელიგიას, რომელიც მხოლოდ მორალურ ქცევას ეფუძნება და ღმერთისთვის სასურველი ერთადერთი რელიგიაა. კანტის მსჯელობის თანახმად, ყველა საკულტო მოქმედება (რომელსაც იგი „ყალბ მსახურებას“ უწოდებს) ამაოა: მათი მიზანია ადამიანთა ხვედრის გამგებელი უხილავი ძალის „თავიანთ სასარგებლოდ წარმართვა“.  თუმცა, ეს წმინდა წყლის ილუზიაა: „გარდა კეთილი ქცევისა, ყველაფერი, რისი გაკეთებაც ადამიანს თავისი ფიქრით შეუძლია, რათა სასიამოვნო შეიქნეს ღმერთისთვის, უბრალოდ, რელიგიური ილუზია და ღვთის ცრუ კულტია.“  მხოლოდ ჩვენი მორალური მოქმედებით შეგვიძლია ვიმედოვნებდეთ ბედნიერების ღირსად გახდომას, რისი ბოძებაც მხოლოდ ღმერთს ძალუძს.

3. კანტისეული მოძღვრების შედეგები. კანტის ნაშრომს „რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში“ განმანათლებლობის ეპოქისათვის განსაკუთრებულად რევოლუციურ თხზულებად ვერ მივიჩნევთ. თუმცა, ეჭვს გარეშეა, რომ ნაშრომი აღბეჭდილია მორალური რიგორიზმით, რომელიც, დღესდღეობით, ჩვენთვის ძალიან უცხოა. მაგრამ მისი (ხსენებული ნაშრომის) გავლენა რელიგიის ფილოსოფიაზე უაღრესად მნიშვნელოვანია. 1. ჯერ ერთი, მეტაფიზიკის კრიტიკით ნაშრომში „წმინდა გონების კრიტიკა“ კანტმა მთელი ეპოქა შექმნა. ნათელია, იგი ესწრაფოდა ზეგრძნობადის ცოდნას. თუმცა, ასეთი შერწყმის შედეგად თავად რელიგია თავდაცვით მდგომარეობაში აღმოჩნდა: ძალუძს კი მას თავის შენარჩუნება მეცნიერების პირისპირ? ამრიგად, კანტმა, ნებსით თუ უნებლიედ, დასაბამი მისცა პოზიტივისტურ ეპოქას, რომლის დროსაც ყველაფერი, რაც კი მეტაფიზიკიდან ან რელიგიიდან მომდინარეობს, მეცნიერების პერსპექტივიდან ცრურწმენადაა მიჩნეული; 2. თუკი კანტისეული ეთიკის საკმაოდ მკაცრი წანამძღვრები ასეთად არ იქნა გაგებული, კანტის მიერ მორალური გონების ავტონომიურობის ხაზგასმამ თავისი როლი შეასრულა. კანტს რელიგია ესმოდა როგორც ზნეობის შედეგი ან დამატება. ზნეობა, რომელსაც იგი იცავდა, ავტონომიურობის იდეას ეფუძნებოდა. თანმიმდევრულად თუ ვიმსჯელებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში ავტონომიურ ეთიკას შეუძლია რელიგიის გარეშე არსებობა, მეტიც, შესაძლოა, ის ასე უფრო თანმიმდევრულიც კი ჩანდეს. აღნიშნულის საფუძველზე შესაძლებელი ხდება ეთიკა რელიგიის გარეშე: მორალურ მოქმედებაზე თუ მხოლოდ ადამიანის გონებაა პასუხისმგებელი, ადამიანს შეუძლია, თვითკმარი იყოს. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ანუ სეკულარიზებულ საზოგადოებებში „ჰუმანიზმი“ სულ უფრო შეეცდება რელიგიის ჩანაცვლებას; 3. კულტის, როგორც „ყალბი მსახურების“ და რელიგიური გამოცდილების კანტისეული გაუფასურება (რაც, ხშირ შემთხვევაში, კანტს აახლოებს ილუმინიზმთან, რომლის წარმომადგენლადაც მას მიიჩნევენ) მორალური რელიგიის სახელით, მხოლოდ მორალურ ქცევას რომ ეფუძნება, აშკარად ეთანხმება განმანათლებლობის ეპოქის სულისკვეთებას. მაგრამ ასეთი გაუფასურება იმდენად მკაცრი იყო, რომ საჭირო შეიქნა რელიგიური გამოცდილების რეაბილიტაცია, რაც შლაიერმახერის სახელს უკავშირდება.