petriwis portali

პოლიტიკური ფილოსოფიის ოთხი ფუნქცია

ჯონ როულსი

პოლიტიკური ფილოსოფიის ოთხი ფუნქცია

10.05.2020

ამერიკელი პოლიტიკური ფილოსოფოსის ჯონ როულსი ეს ტექსტი თარგმნილია შემდეგი გამოცემიდან: John Rawls, Justice as Fairness: A Restatement, The Belknap Press of Harvard University Press, 2001.

ინგლისურიდან თარგმნეს გიორგი ჭანიძემ და რუსუდან ზოიძემ

1.1. მსჯელობას ვიწყებთ იმ ოთხი ფუნქციის გამოკვეთით, რომელიც შესაძლოა, ჰქონდეს პოლიტიკურ ფილოსოფიას, როგორც საზოგადოების საჯარო პოლიტიკური კულტურის ნაწილს. პირველ რიგში, განვიხილავთ მის პრაქტიკულ როლს, რომელიც ჩნდება პოლიტიკური კონფლიქტით გამოწვეული აზრთა სხვადასხვაობიდან და საჭიროებას, რომ გადაიჭრას წესწყობილების პრობლემა.

ნებისმიერი საზოგადოების ისტორიაში გვხვდება ხანგრძლივი პერიოდები, რომელთა განმავლობაში წარმოქმნილ გარკვეულ საფუძველმდებარე შეკითხვებს მივყავართ ღრმა და მკვეთრი კონფლიქტისაკენ და, ალბათ, შეუძლებელი არ არის, მაგრამ რთულია, ვიპოვოთ რაიმე დასაბუთებული საერთო ნიადაგი პოლიტიკური შეთანხმებისთვის. მაგალითად, ლიბერალიზმის ერთ-ერთი ისტორიული სათავე არის XVI-XVII საუკუნეებში მომხდარი რელიგიური ომები,  რომლებიც რეფორმაციის შედეგია; ამ განხეთქილებებს მოჰყვა დიდი დავა პროტესტის გამოხატვის უფლებისა და სინდისის თავისუფლების შესახებ, რამაც, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანა ტოლერანტობის პრინციპის გარკვეული სახის, ხშირად, არასასურველ ფორმულირებამდე. ლოკის წერილში ტოლერანტობის შესახებ (1689) და მონტესკიეს კანონთა გონში (1748) გადმოცემულ შეხედულებებს დიდი პრეისტორია აქვთ. ჰობსის ლევიათანი (1652), რომელიც ინგლისურ ენაზე დაწერილი პოლიტიკური ფილოსოფიის უდავოდ დიადი ნაშრომია, ეხება ინგლისის სამოქალაქო ომის მღელვარების პერიოდში წამოჭრილ წესწყობილების პრობლემას; იმავეს ვიტყოდით ლოკის მეორე ტრაქტატზე (ასევე 1689). იმისათვის, რომ ვნათელყოთ, ჩვენ შემთხვევაში, თუ როგორ შეუძლია კონფლიქტით გამოწვეულ აზრთა სხვადასხვაობას მიგვიყვანოს პოლიტიკურ ფილოსოფიამდე, გავიხსენოთ 1787-88 წლებში გამართული ფართო დებატები ფედერალისტებსა და ანტი-ფედერალისტებს შორის კონსტიტუციის რატიფიკაციის თაობაზე და, თუ როგორ წარმოქმნა, სამოქალაქო ომამდე, მონობის გახანგრძლივების საკითხმა ამ ინსტიტუტსა და შტატებს შორის კავშირის ბუნების შესახებ ფუნდამენტური მსჯელობები.

შედეგად, ჩვენ ვუშვებთ, რომ პოლიტიკური ფილოსოფიის ერთი ამოცანა - ვთქვათ, მისი პრაქტიკული როლი - არის სიღრმისეულად განსახილველ საკითხებზე ფოკუსირება და იმის გააზრება, შეიძლება თუ არა, მიუხედავად გარეგნული მხარეებისა, გამოააშკარავდეს ფილოსოფიური და მორალური შეთანხმების გარკვეული საფუძველმდებარე პრინციპი. ხოლო, თუ შეთანხმების ასეთი პრინციპი ვერ იქნება აღმოჩენილი, მაშინ, პოლიტიკური სხვაობებით გამოწვეულ აზრთა სხვადასხვაობებში ფესვგადგმული ფილოსოფიური და მორალური შეხედულებების შეუთანხმებლობა, სულ მცირე, შეიძლება, შემცირებული იყოს იმ მიზნით, რომ კვლავ შესაძლებელი იყოს, მოქალაქეთა შორის ორმხრივი პატივისცემის საფუძველზე, სოციალური თანამშრომლობის შენარჩუნება.

იდეათა ფიქსაციისთვის, განვიხილოთ დემოკრატიული აზროვნების ტრადიციაში, თავისუფლების მოთხოვნებსა და თანასწორობის მოთხოვნებს შორის, არსებული კონფლიქტი. უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე მიმდინარე დებატები ნათელს ხდის, რომ არავითარი საჯარო თანხმობა არ გვაქვს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს საფუძველმდებარე ინსტიტუციები ისე, რომ დემოკრატიული მოქალაქეობისათვის დამახასიათებელი თავისუფლებისა და თანასწორობისთვის იყვნენ შესაფერისი. არსებობს ორ ტრადიციას შორის გაყოფა. ერთი ტრადიცია მომდინარეობს ლოკისგან და ხაზს უსვამს იმას, რასაც კონსტანი უწოდებდა „ახალი დროის თავისუფლებებს“ - აზროვნებისა და სინდისის თავისუფლება, პიროვნებისა და საკუთრების გარკვეული საფუძველმდებარე თავისუფლებები და კანონის უზენაესობა. ხოლო, მეორე ტრადიცია სათავეს იღებს რუსოსგან და ხაზს უსვამს იმას, რასაც კონსტანი უწოდებდა „ძველი (ანტიკური) დროის თავისუფლებებს“ - თანასწორი პოლიტიკური თავისუფლებები და საზოგადოებრივი ცხოვრების ღირებულებები. ეს ზედმეტად სტილიზებული განსხვავება ავლენს კონფლიქტის სიღრმეს.

ეს კონფლიქტი ფესვგადგმულია არა მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური ინტერესების სხვაობებში, არამედ, ასევე, განსხვავებებში ზოგად პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ თეორიებს შორის იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ინსტიტუციები, ამასთანავე -  განსხვავებულ შეხედულებებში საჯარო პოლიტიკის შესაძლო შედეგების შესახებ. ჩვენ აქ ყურადღებას ვამახვილებთ კონფლიქტის სხვა საფუძველზე: განსხვავებული ფილოსოფიური და მორალური დოქტრინები, რომლებიც ეხება იმას, თუ როგორ უნდა იყოს გაგებული თავისუფლებისა და თანასწორობის კონკურენტული მოთხოვნები, როგორ უნდა იყოს ისინი მოწესრიგებული, შეთანაზომებული და როგორ უნდა იყოს დასაბუთებული მათი მოწესრიგების კონკრეტული გზა.

1.2 პოლიტიკური ფილოსოფიის სამ სხვა ფუნქციაზე მოკლე კომენტარს გავაკეთებ, რომლებსაც გზადაგზა განვიხილავთ. პირველის თანახმად, პოლიტიკურმა ფილოსოფიამ, შესაძლოა, წვლილი შეიტანოს იმაში, თუ როგორ გაიაზრებენ ადამიანები მთლიანობაში თავიანთ პოლიტიკურ და სოციალურ ინსტიტუტებს, თავიანთ საფუძველმდებარე მიზნებსა და განზრახვებს, როგორც ისტორიის მქონე საზოგადოება - ერი - და არა როგორც კერძო მიზნებისა და განზრახვების მქონე ინდივიდები, ოჯახებისა და კავშირების წევრები. გარდა ამისა, ნებისმიერი ცივილიზებული საზოგადოების წევრები საჭიროებენ კონცეფციას, რომელიც მათ საშუალებას მისცემს გაიგონ საკუთარი თავი, როგორც გარკვეული პოლიტიკური სტატუსის მქონე წევრებმა - რაც დემოკრატიაში თანასწორუფლებიან მოქალაქეობას ნიშნავს - და გაიაზრონ, თუ რა გავლენას ახდენს ეს სტატუსი სოციალურ სამყაროსთან მათ [ურთიერთ]მიმართებაზე.    

პოლიტიკურ ფილოსოფიას შეუძლია სცადოს ამ საჭიროების დაკმაყოფილება და ამ ფუნქციას მე  მაორიენტირებელს ვუწოდებდი. ეს იდეა გულისხმობს იმას, რომ სწორედ გონება და რეფლექსია (თეორიული და პრაქტიკული) უნდა გაგვიძღვეს, ყოველი შესაძლო მიზნის - ინდივიდუალურისა და საზიაროს, პოლიტიკურისა და სოციალურის (კონცეპტუალურ) სივრცეში. პოლიტიკური ფილოსოფია, როგორც გონების საქმიანობა, ამას აკეთებს, ერთი მხრივ, პრინციპების განსაზღვრების მეშვეობით, რათა დაადგინოს ეს მრავალგვარი სახეობის [კეთილ]გონივრული და რაციონალური მიზნები, ხოლო მეორე მხრივ, იმის ჩვენებით, თუ როგორ შეიძლება ეს მიზნები შესატყვისობაში იყოს სამართლიანი და [კეთილ]გონივრული საზოგადოების მწყობრ კონცეფციასთან. ასეთმა კონცეფციამ შეიძლება შემოგვთავაზოს უნიფიცირებული სტრუქტურა, რომელშიც [ურთიერთ]დაპირისპირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხები შეიძლება იყოს თავსებადი, ხოლო, განსხვავებული შემთხვევებიდან გამოტანილმა საზრისებმა თანაარსებობა შეძლონ და სამაგალითო გახდნენ სხვა შემთხვევებისთვისაც.

1.3. მესამე ფუნქცია, რომელიც ჰეგელმა გამოკვეთა თავის სამართლის ფილოსოფიაში (1821) არის მორიგება: პოლიტიკურმა ფილოსოფიამ საზოგადოებისა და მისი ისტორიის მიმართ ჩვენი იმედგაცრუებისა და მრისხანების დაშოშმინება, შესაძლოა, იმ გზის ჩვენებით სცადოს, რომელშიც საზოგადოებრივი ინსტიტუტები, როცა ისინი სათანადოდ არიან გააზრებული ფილოსოფიური თვალთახედვით, რაციონალურად გამოიყურებიან, რამდენადაც, დროთა განმავლობაში ვითარდებოდნენ თავიანთი გეზით, რომ მოეღწიათ ამჟამინდელ რაციონალურ ფორმამდე. ეს, თანხვედრაშია ჰეგელის ერთ-ერთი ცნობილ ფრაზასთან: „როცა სამყაროს რაციონალურად ვუცქერთ, სამყაროც რაციონალურად გვიცქერს.“ ჰეგელი მოგვიწოდებს მორიგებისკენ  -Versöhnung - რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მარტოოდენ კი არ უნდა შევეგუოთ, არამედ, პოზიტიურად უნდა მივიღოთ და ვაღიაროთ ჩვენი სოციალური სამყარო.

პოლიტიკური ფილოსოფიის ამ ფუნქციას რამდენიმე ასპექტით შევეხებით. ჩემი რწმენით, დემოკრატიული საზოგადოება არ არის და ვერც იქნება თემი, ამ უკანასკნელში ვგულისხმობ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც გაერთიანებულია საერთო, სრულად ან ნაწილობრივ მომცველი, დოქტრინით. [კეთილ]გონივრული პლურალიზმის ფაქტი, რომელიც თავისუფალი ინსტიტუტების მქონე საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი, ამას შეუძლებელს ხდის. ეს არის საფუძვლიანი და შეუთავსებელი განსხვავების ფაქტი, რომელიც გვხვდება მოქალაქეების გონიერ ყოვლისმომცველ რელიგიურ და ფილოსოფიურ კონცეფციებში სამყაროს შესახებ, ისევე როგორც მათ შეხედულებებში, ადამიანის ცხოვრებაში არსებული მორალური და ესთეტიკური ღირებულებების შესახებ. თუმცა, ამ ფაქტის მიღება ყოველთვის მარტივი არ არის და პოლიტიკურ ფილოსოფიას შეუძლია ჩვენი მასთან მორიგება მისი გონივრულობის, პოლიტიკური სიკეთისა და სარგებლიანობის ჩვენებით.

და კვლავ, პოლიტიკური საზოგადოება არ არის და ვერ იქნება ასოციაცია. ჩვენ მასში ნებაყოფლობით არ ვერთვებით. არამედ, ისტორიული დროის გარკვეულ მომენტში საკუთარ თავს კონკრეტულ პოლიტიკურ საზოგადოებაში ვპოულობთ ხოლმე. ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მასში არსებობა, მასში ყოფნა, არ არის თავისუფალი. ამდენად, განა, შესაძლებელია, რომ დემოკრატიის მოქალაქეები თავისუფალნი იყვნენ? ან, საბოლოო ჯამში, რომ ვიკითხოთ, რა არის ჩვენი თავისუფლების გარე (სა)ზღვარი?

ამ შეკითხვას პასუხი რომ გავცეთ, მოდით, განვიხილოთ პოლიტიკური საზოგადოება  გარკვეული სახით, სახელდობრ, როგორც დროთა განმავლობაში თაობიდან თაობამდე განვითარებული თანამშრომლობის მიუკერძოებელი სისტემა, სადაც თანამშრომლობაში ჩაბმული ადამიანები გააზრებულნი არიან თავისუფალ და თანასწორ მოქალაქეებად, მთელი ცხოვრების მანძილზე თანამშრომლობაში მყოფ საზოგადოების ნორმალურ წევრებად. ამით ჩვენ შევეცდებით პოლიტიკური სამართლიანობის პრინციპების ფორმულირებას იმგვარად, რომ თუ საზოგადოების საფუძველმდებარე სტრუქტურა - მთავარი პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტები და მოდელი, რომლითაც ისინი ერთმანეთს ერგებიან თანამშრომლობის ერთიან სქემაში - აკმაყოფილებს ამ პრინციპებს, მაშინ, შეგვიძლია თვალთმაქცობისა და სიყალბის გარეშე ვთქვათ, რომ მოქალაქეები ნამდვილად თავისუფლები და თანასწორები არიან.

1.4. მეოთხე ფუნქცია წინა ფუნქციის სახესხვაობაა. ჩვენ პოლიტიკურ ფილოსოფიას ვიაზრებთ როგორც რეალისტურად უტოპიურს: ე.ი. როგორც განხორციელებადი პოლიტიკური შესაძლებლობის საზღვრების გამორკვევის მეთოდს. ჩვენი იმედი საზოგადოების მომავლისა ეფუძნება იმ რწმენას, რომ სულ მცირე, სოციალური სამყარო შესაძლებელს ხდის პატიოსან პოლიტიკურ წესწყობილებას და, ამდენად, [კეთილ]გონივრულად სამართლიანი, თუმცკი არასრულყოფილი, დემოკრატიული რეჟიმი შესაძლებელია. ასე რომ, ჩვენ ვსვამთ შეკითხვას: როგორი იქნებოდა სამართლიანი დემოკრატიული საზოგადოება, გონივრულად ხელსაყრელ, თუმცა, რეალურად შესაძლებელ ისტორიულ გარემოებებში, რომლებიც სოციალური სამყაროს კანონებისა და ტენდენციების მიერ დაშვებულია? სამართლიანობის ჩვენთვის ნაცნობი პირობების მოცემულობით, რა იდეალებისა და პრინციპების  განხორციელებას შეეცდებოდა ასეთი საზოგადოება დემოკრატიულ კულტურაში?  ეს პირობები მოიცავს [კეთილ]გონივრული პლურალიზმის ფაქტს. ეს მდგომარეობა პერმანენტულია, რამდენადაც, დემოკრატიულ ინსტიტუტებში, ის, მარადიულად მოითხოვს ამას.

[კეთილ]გონივრული პლურალიზმის ფაქტი ზღუდავს იმას, რაც პრაქტიკულად შესაძლებელია ჩვენი სოციალური სამყაროს პირობებში, საპირისპიროდ, სხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული მდგომარეობებისა, როდესაც ადამიანებს, როგორც ხშირად ამბობენ, აერთიანებდათ (თუმცკი, ალბათ, ეს არასდროს მომხდარა) ერთი ყოვლისმომცველი კონცეფციის აღიარება. საბოლოოდ, გვსურს ვიკითხოთ, არის თუ არა გონივრული პლურალიზმის ფაქტი ისტორიული ბედისწერა, რომელზეც უნდა ვიდარდოთ. იმის ჩვენება, რომ იგი არ არის, ან რომ მას გააჩნია საკუთარი მნიშვნელოვანი უპირატესობები, იქნებოდა ჩვენი შერიგება ჩვენსავე მდგომარეობასთან. რა თქმა უნდა, ჩნდება შეკითხვა, თუ როგორ ხდება განხორციელებადის საზღვრების გარჩევა და, სინამდვილეში, რა არის ჩვენი სოციალური სამყაროს პირობები?; აქ პრობლემა ის არის, რომ შესაძლებელის საზღვრები არ არის მოცემული ნამდვილობის მიხედვით, რამდენადაც ჩვენ, მეტ-ნაკლებად, შეგვიძლია პოლიტიკური, სოციალური ინსტიტუტების და ბევრი სხვა რამის შეცვლაც. თუმცა, ამ სიღრმისეულ საკითხს აქ არ განვიხილავ.