petriwis portali

ჯონ ლამორო: თეოდორე აბუკურა

ბესიკ მაშავა

ჯონ ლამორო: თეოდორე აბუკურა

25.03.2020

Theodore Abū Qurrah, translated by John C. Lamoreaux,  Provo, UT: Brigham Young University Press, 2005. XXXVII, 278 pp. ISBN 0-934893-00-4.

ადრე აბასიდური ეპოქის არაბულენოვანი ქრისტიანული ტრადიციის მეცნიერული შესწავლა, XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისში, განვითარების ახალ ფაზაში შევიდა. მკვლევართა შორის დღის წესრიგში დადგა არაბულენოვანი ქრისტიანული აზროვნების საწყისებისა და მისი ეტაპობრივი განვითარების სიღრმისეული გამოკვლევის აუცილებლობა, რომელიც ჰუმანიტარული პროფილის თითქმის ყველა მიმართულებით აქტიურად წარიმართა. VIII-IX საუკუნეების, ადრე აბასიდური ეპოქის, არაბულენოვანი ქრისტიანული საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური განვითარება საინტერესოა ახალი სამწერლობო პარადიგმებისა და გამოწვევების თვალსაზრისით. ამ სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტში აღსანიშნავია არაბულენოვანი ქრისტიანი ეპისკოპოსის თეოდორე აბუკურას (VIII-IX სს.) პიროვნება, რომლის მდიდარი ინტელექტუალური მემკვიდრეობა მკვლევართა მხრიდან შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მის შემოქმედებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული უცნობი დეტალები მკვლევართა თვალსაწიერში ხელახლა მოექცა და შესწავლის ახალ ეტაპზე გადავიდა. სწორედ ასეთ მცდელობას წარმოადგენს ისლამური და ქრისტიანული ლიტერატურის ამერიკელი მკვლევრის, ჯონ ლამოროს მიერ განხორციელებული თეოდორე აბუკურას ნაშრომების ინგლისურენოვანი თარგმანები, რომელსაც თან ახლავს თეოდორე აბუკურას ბიოგრაფიისა და ტექსტუალური ტრადიციის შესახებ ვრცელი გამოკვლევა. წიგნი წარმოადგენს „ქრისტიანული აღმოსავლეთის ბიბლიოთეკის“ (library of the Christian East) სერიის პირველ ტომს და ორი ძირითადი ნაწილისაგან, შესავალისა და თეოდორე აბუკურას (არაბული და ბერძნულ) შრომათა ინგლისურენოვან თარგმანებისგან შედგება. აბუკურას ბიოგრაფიისა და ტექსტუალური ტრადიციის შესახებ ვრცელ გამოკვლევას წინ უსწრებს სერიის რედაქტორების წინასიტყვაობა და მთარგმნელის სამადლობელი სიტყვა, ხოლო, ბოლოს, ბიბლიოგრაფიასთან ერთად, ბიბლიის ციტირებათა და სახელთა საძიებელიც არის წარმოდგენილი. წიგნი ყველა მეცნიერულ სტანდარტებით არის შესრულებული და თეოდორე აბუკურასა და, ზოგადად, არაბულენოვანი ქრისტიანული ფილოსოფიისა და თეოლოგიით დაინტერესებული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ლიტერატურას წარმოადგენს. თვითონ ეს გამოკვლევა და თარგმანები ფილოლოგიური ხასიათისაა და თეოდორე აბუკურას პიროვნებისა და შემოქმედების ორიგინალური სახის წარმოჩენის მცდელობაა.

შესავალ ნაწილში, მოკლე სიციალურ-პოლიტიკური მიმოხილვის შემდგომ, ჯ. ლამორო დეტალურად განიხილავს თეოდორე აბუკურას ბიოგრაფიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტს და არსებული ბიოგრაფიული ცნობების ავთენტურობას აფასებს. მკვლევრის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ თეოდორე აბუკურა არაბულენოვანი ქრისტიანობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ცნობილი ავტორია, მის შესახებ ზუსტი ბიოგრაფიული ცნობები და რაიმე ორიგინალური მითითებები პრაქტიკულად არ იძებნება. ამასთან, ჯ. ლამორო, მკვლევართა შორის (ლ. დათიაშვილი, ი. დიკი, გ. გრაფი, ს. გრიფიტი, კ. კეკელიძე, ჯ. ნარსალა, ქ. სამირი) მანამდე არსებული ბიოგრაფიული ცნობების ხელახალ გადააზრებას ახდენს და თეოდორე აბუკურას ბიოგრაფიის შესახებ განსხვავებულ პერსპექტივებს წარმოადგენს. იგი ეჭვქვეშ აყენებს აბუკურას დაბადების თარიღის შესახებ ადრეულ მითითებებს, ისევე, როგორც საეჭვოდ მიაჩნია საბაწმინდის მონასტერში მისი მოღვაწეობის ისტორია. აქვე, ავტორი თავის სხვა გამოკვლევაზე მიუთითებს, სადაც ეს საკითხი ვრცლად აქვს განხილული და აბუკურას საბაწმინდელობის შესახებ არსებულ წყაროებს არასარწმუნოდ მიიჩნევს. მათ შორის არის მიქაელის მარტვილობის ქართული რედაქცია, რომლის „ლეგენდარულ“ თხრობად წარმოჩენის საფუძველზე იგი თეოდორე აბუკურას შესახებ საბაწმინდის მონასტერში მოღვაწეობის უწყებას უარყოფს და მას სხვა ედესელ თეოდორეს უკავშირებს. ამ საკითხს ჩვენ სხვაგან საგანგებოდ შევეხებით, თუმცა, აქ მოკლედ შევნიშნავთ იმას, რომ მიქაელის მარტვილობის ქართული ვერსიის კრიტიკას და მის ფიქციურ თხრობად გამოცხადებას, მთლიანობაში ვერ გავიზიარებთ, სანამ არ იქნება დასაბუთებული თეოდორე ედესელის ცხოვრების ნამდვილობა და მასთან მიქაელის მარტვილობის დაკავშირების საკითხი. აქ საუბარია იმ შეფასებებზე, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს თეოდორე ედესელის შესახებ შექმნილი თხზულების („ცხოვრების“) პრობლემურ ხასიათზე და მასში ჩართულ ისტორიებზე, მათ შორის, მიქაელ საბაწმინდელის მარტვილობაზეც.

შემდეგი დებულება, რომელსაც ჯ. ლამორო განიხილავს, მიქაელ სირიელის მონოფიზიტურ ქრონიკებს უკავშირდება, რომელიც თეოდორე აბუკურას შესახებ გარკვეულ ინფორმაციებს გვაწვდის. ჯ. ლამოროს მიხედვით, მიქაელ სირიელის უწყებათაგან თითქმის არც ერთი არ დასტურდება სხვა წყაროებში, გარდა სომხეთში აბუკურას ვიზიტისა და ნონუს ნისიბიელთან მისი თეოლოგიური კამათისა. მკვლევარი, ამავე კონტექსტში, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თეოდორე აბუკურას ნაშრომებს მონოფიზიტურ სწავლებასა და ლიტურგიკულ პრაქტიკებთან დაკავშირებით, რომლებიც უშუალოდ სომხებს მიემართებათ. აქვე, ჯ. ლამორო, ყველა იმ ისტორიულ ჩანაწერსა თუ მონაცემზე მიუთითებს, სადაც თეოდორე აბუკურაზეა საუბარი, ეს იქნება ქრისტიანული თუ მუსლიმური წყაროები.

ცალკე აღნიშვნის ღირსია თეოდორე აბუკურას გარდაცვალების საკითხი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში 829 წლით განისაზღვრა და დაეფუძნა გვიანი სირიული ქრონიკებისა და ხალიფა ალმამუნის სამეფო კარზე გამართული თეოლოგიური დებატების მონაცემებს, რომელშიც თეოდორე აბუკურა მუსლიმ სწავლულებს ეპაექრება ქრისტიანულ დოქტრინებთან დაკავშირებით. ჯ. ლამორო ზემოაღნიშნული თეოლოგიური დებატების რაობასა და აბუკურას გარდაცვალების თარიღს ეჭვქვეშ აყენებს. თუმცა, მოგვიანებით, ვაფიკ ნასრის ფუნდამენტური გამოკვლევების შემდეგ, ეს დიალოგი და ხალიფა ალმამუნის პიროვნება დადასტურებულად დაუკავშირდა თეოდორე აბუკურას (W. Nasry, The Caliph and the Bishop: A 9th Century Muslim-Christian Debate: Al-Ma'mūn and Abū Qurrah, Beyrouth, Université Saint-Joseph: CEDRAC, 2008). შესაბამისად, თეოდორე აბუკურას გარდაცვალების თარიღად 829 წელი ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად განისაზღვრა.

ამის შემდგომ, ჯ. ლამორო, აბუკურას ერთ-ერთი თხზულების („ჭეშმარიტი რელიგიისა და ჭეშმარიტი ეკლესიის დადგენისათვის“) განხილვის ფონზე, აჩვენებს ხარანელი ეპისკოპოსის საღვთისმეტყველო პრინციპებსა და მეთოდოლოგიას, რომელიც ჭეშმარიტი რელიგიისა და ეკლესიის იდენტიფიცირების საკითხებს მიემართება. ამ ნაშრომის განხილვის ჭრილშია წარმოდგენილი ჭეშმარიტების დასაბუთებისა და დამტკიცების აბუკურასეული მეთოდები, რის შედეგადაც გამოიკვეთება კომპარატივისტული, ანთროპოლოგიური, ისტორიული და თეოლოგიური არგუმენტების მთელი წყება.

მკვლევარი, ასევე, განიხილავს და წარმოადგენს აბუკურას ტექსტების საკუთარი თარგმანის იმ ძირითად მახასიათებლებს, რომლის მიხედვითაც იგი განხორციელდა. აქვეა წარმოდგენილი თეოდორე აბუკურას ავტორობით შექმნილი ტექსტების ისტორია და მათი ხელნაწერული ტრადიციის მიმოხილვა. არაბულ და ბერძნულ ხელნაწერებთან ერთად, ქართული ხელნაწერთა ტრადიციის შესწავლას, ჯ. ლამორო, უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. იგი, ასევე, შენიშნავს იმ ტექსტების თაობაზე, რომლებიც არ შეუტანია თავის თარგმანებში და კონკრეტულ მიზეზებზეც ამომწურავად საუბრობს. მკვლევარი ცალკე განიხილავს ბერძნული ნაშრომების ტრადიციას და ამ კონტექსტში ბერძნული დიალოგების, რაინჰოლდ გლაისა და ადელ თეოდორ კურის, გერმანულენოვანი თარგმანების პრობლემურობაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, გლაისა და კურის მიერ გამოცემული წინასიტყვაობა და ჩვიდმეტი დიალოგი („ხარანის ეპისკოპოსის თეოდორე აბუკურას სიტყვისგება სარკინოზთა მიმართ იოანე დიაკონის მიერ ნაუწყები“) მცდარად არის მიკუთვნებული მხოლოდ იოანე დიაკონზე. რაც შეეხება აბუკურას არაბული ნაშრომების თარგმანებს, ჯ. ლამორო, სხვადასხვა გამოცემებით ხელმძღვანელობს და მათ შესახებ გარკვეულ (ხშირად კრიტიკულ) ცნობებსაც გვაწვდის. აღსანიშნავია ჯ. ლამოროს მეთოდოლოგია, რომელიც გამოიხატება საკუთარი მთარგმნელობითი მეთოდების შემოტანით, კერძოდ, ორიგინალისაგან (არაბული და ბერძნული ტექსტებისაგან) განსხვავებით, ტექსტების სტრუქტურისა და სტილის გათვალისწინებით, მთარგმნელი, ამა თუ იმ შრომის შინაარსობრივი თანმიმდევრობის ალტერნატიულ გზას გვთავაზობს. ასე, მაგალითად, თეოდორე აბუკურა თავის ერთ-ერთ პირველ ტრაქტატში, „ღმერთისა და ჭეშმარიტი რელიგიის არსებობაზე“, ვრცლად განიხილავს აპოლოგეტური საქმიანობის პრინციპებსა და სტრატეგიებს, რომლებიც ღმერთისა და ჭეშმარიტი რელიგიის რაციონალურ დასაბუთებას ეძღვნება. ამ ნაშრომთან დაკავშირებით ჯონ ლამორო შენიშნავს, რომ ეს ტრაქტატი სამი დამოუკიდებელი სექციისგან და სხვადასხვა მცირე ნაშრომებისაგან შედგება, რომლებიც მას თავის ინგლისურენოვან გამოცემაში თემატურად აქვს გადანაწილებული. თეოდორე აბუკურას თხზულებების ლამოროსეული თარგმანები, ოთხ ნაწილად, მათი თეოლოგიური შინაარსის მიხედვით იყოფა, სადაც, ზოგიერთ შემთხვევაში, არ არის გათვალისწინებული პირველწყაროში მოცემული თანმიმდევრობა. მთარგმნელისთვის მნიშვნელოვანია აბუკურას ნაშრომების კონცეპტუალური შემოკრება ერთი რომელიმე საკითხის ირგვლივ. აქედან გამომდინარე, პირველი ნაწილი მოიცავს მხოლოდ იმ ნაშრომებს, რომელშიც თეოდორე აბუკურა ცდილობს დაასაბუთოს ქრისტიანული რელიგიის უპირატესობა სხვა რელიგიებზე; მეორე ნაწილში თავმოყრილია ქალკედონური ქრისტოლოგიის საკითხის ირგვლივ არსებული ნაშრომები, მესამე ნაწილში - პოლემიკური, ხოლო მეოთხე ნაწილში კი - დიალოგები.

მიუხედავად იმისა, რომ ჯონ ლამორო შესანიშნავ და ღირებულ თარგმანებს გვთავაზობს, უპრიანი იქნება აღინიშნოს რამდენიმე ნიუანსი სამების შესახებ ტრაქტატის მისეულ თარგმანთან დაკავშირებით. გეორგ ნაჯიბ ავადი თავის მონოგრაფიის (Orthodoxy in Arabic Terms, A Study of Theodore Abu Qurrah’s Theology in Its Islamic Context, Boston/Berlin: CPI books GmbH, Leck, 2015) მეოთხე თავში მიმოიხილავს თეოდორე აბუკურას სამების შესახებ ტრაქტატის ჯონ ლამოროს ინგლისურენოვან თარგმანს, რომელშიც სირიულ და არაბულ ცნებებთან მიმართებით აჩვენებს ლამოროს მხრიდან დაშვებულ ტერმინოლოგიურ უზუსტობებს. გ. ნ. ავადის შეფასებით, ჯ. ლამოროს მცდარად აქვს თარგმნილი რამდენიმე ძირითადი ცნება, რაც ბუნდოვანს ხდის (თუ სულაც არ ცვლის კიდეც!) ამ ცნებების არაბული ორიგინალის კონცეპტუალურ შინაარსს. თეოდორე აბუკურას მიერ სამპიროვანი ღმერთის ერთების, იგივე ღმერთის მხოლოობის, დასაბუთების მცდელობის საკითხთა ვრცელი განხილვის შემდგომ გ. ნ. ავადი ასკვნის, რომ ინგლისურენოვან თარგმანში არ ჩანს სამების შესახებ ტრაქტატის მთავარი მიზანი, რაც ამ ტრაქტატის შინაარსის განმსაზღვრელია.

დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს ჯონ ლამოროს გამოკვლევისა და თარგმანების უდიდესი ღირებულება თეოდორე აბუკურას ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესწავლის საქმეში. შესაბამისად, ჩვენ მიერ რეცენზირებულ გამოკვლევას, თეოდორე აბუკურას შრომათა არაბულ, ბერძნულ და ქართულ გამოცემებთან ერთად, უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თეოდორე აბუკურას ტექსტუალური ტრადიციის შესწავლის ისტორიაში.