petriwis portali

ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი

ნიკოლოზ კოპალეიშვილი

ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი

24.03.2020

„ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი“, კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი - თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2017. 252 გვ. ISBN 978-9941-27-295-0.

ეს სამეცნიერო კრებული ქართულ ფილოსოფიაში ავგუსტინეს ნააზრევის შესწავლის კუთხით სრულიად ახალ საფეხურს წარმოადგენს. კრებული 2016 წლის 22-23 სექტემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის (ქ. ფოთი) ორგანიზებით ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის („ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი“) მასალებს მოიცავს. ამ კონფერენციაში ქართველ ფილოსოფოსებთან ერთად მონაწილეობდნენ ნეტარი ავგუსტინეს შემოქმედების ცნობილი უცხოელი სპეციალისტები. უნდა ითქვას, რომ მოცემული წიგნიც ქართველი და ევროპელი ფილოსოფოსების თანამშრომლობის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.

ნეტარი ავგუსტინე გამორჩეული ფიგურაა საკაცობრიო ფილოსოფიური აზროვნებისა. განსაკუთრებით მიმზიდველია მისი მრავალფეროვანი შემოქმედების ინტერკულტურული ხასიათი, რომელიც ანტიკურ სააზროვნო პარადიგმებსა და ქრისტიანულ დოქტრინებს ერთმანეთთან არიგებს. ავგუსტინეს ფილოსოფია საუკუნეთა მანძილზე სხვადასხვა მკვლევართა ინტერესის საგანს წარმოადგენდა; ამდენად, ძალზე ვრცელია მისი გავლენების არეალიც. ამ კუთხით საინტერესოა საკითხი ნეტარი ავგუსტინეს რეცეფციის შესახებ ქართულ აზროვნებაში; სარეცენზიო კრებული ამის შესახებ სანდო და საიმედო ცოდნას გვაწვდის; ქვემოთ შევეცდებით მისი თანმიმდევრული მიმოხილვა შემოგთავაზოთ.

სამეცნიერო კრებულის პირველი სტატია „ნეტარი ავგუსტინე და ქართული აზროვნება“ ეკუთვნის ამავე კრებულის რედაქტორს, პროფ. თენგიზ ირემაძეს. სტატიაში განხილულია ნეტარი ავგუსტინეს რეცეფციის ისტორია ქართულ აზროვნებაში; თავდაპირველად საუბარია ქართული აზროვნების ისეთ მნიშვნელოვან წარმომადგენლებზე, როგორიცაა ანტონ ბაგრატიონი და იონა ხელაშვილი. ავტორი საგანგებოდ ეხება ანტონ ბაგრატიონის მოძღვრებას სულის შესახებ. საინტერესოა, რომ ანტონი ცდილობდა ანტიკური მოძღვრების საუკეთესო ნიმუშების (პითაგორა, პლატონი, არისტოტელე) ქრისტიანულ მოძღვრებასთან მორიგებას. და, აი, ამ კონტექსტში მისი ყურადღება მიიქცია ნეტარმა ავგუსტინემ, რომელიც სულის შესახებ სწავლებას ქრისტიანობისა და ანტიკური ფილოსოფიის სინთეზის მეშვეობით გადმოსცემს. აღსანიშნავია იონა ხელაშვილის მოსაზრებებიც ავგუსტინეს შესახებ, სადაც ადამიანის თავისუფალი ნების შესახებ მოძღვრების ხაზგასმა ხდება. იონა ხელაშვილის ფილოსოფიურ ღვთისმეტყველებაში ეს ასპექტები ავგუსტინეს აზროვნებიდან ადამიანის ცხონება-წარწყმედის საკითხის შუქზეა განხილული. პროფ. ირემაძის სტატიაში, ასევე, შეფასებულია XX-XXI საუკუნეების ქართველ ფილოსოფოსთა მიმართება ნეტარი ავგუსტინეს აზროვნებასთან, რაც ამ პერიოდის ქართული ფილოსოფიის თავისებურებებსაც ნათლად წარმოაჩენს.

ვფიქრობთ, რომ მოცემული სტატია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ქართულ აზროვნებაში ავგუსტინეს რეცეფციის საკითხის შესასწავლად, ასევე ახალი დროის ქართული საღვთისმეტყველო აზროვნების თავისებურებათა შესახებ ზოგადი სურათის შესაქმნელადაც. სტატიის ავტორი, პროფ. ირემაძე, თავის სხვა ფილოსოფიურ ტექსტებშიც ხაზგასმით აღნიშნავს ქართული ფილოსოფიის ქრისტიანულ ხასიათს, რომ ქართული ფილოსოფია, თავისი არსით, ქრისტიანული ფილოსოფიაა! ავგუსტინე კი ქრისტიანული ფილოსოფიის თვალსაჩინო წარმომადგენელია; ამდენად, მნიშვნელოვანია იმის წარმოჩენა, თუ როგორია მისი მოძღვრების რეცეფციისა და ტრანსფორმაციის გზა ქართულ ფილოსოფიაში. პროფ. ირემაძის აზრით, ქართული აზროვნება გახლავთ მასინთეზირებელი, გამაერთიანებელი, მომრიგებელი აზროვნება; შესაბამისად, მის ამ სტატიაშიც ავგუსტინეს ფილოსოფიის თუნდაც ფრაგმენტული და არასისტემური რეცეფცია ქართულ აზროვნებაში სწორედ ამ კუთხითაა წარმოჩენილი.

სამეცნიერო კრებულის შემდეგი სტატია პროფ. ლალი ზაქარაძეს ეკუთვნის („ნეტარი ავგუსტინე XX საუკუნის მართლმადიდებლურ თეოლოგიაში“) და ის ავგუსტინეს აზროვნებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს ეხება: ავგუსტინეს აზროვნების აღქმასა და გაგებას თანამედროვე მართლმადიდებლურ თეოლოგიაში. ავგუსტინე თავის შემოქმედებაში არაერთ ერესს უპირისპირდებოდა (მანიქეველობა, დონატიზმი, პელაგიანიზმი), რაც მას ქრისტიანული დოგმატიკის სფეროში აქტიური მოღვაწეობისკენ უბიძგებდა. მის მოძღვრებაში ვხვდებით მართლმადიდებლური თეოლოგიისთვის როგორც მისაღებ, ისე საკამათო აზრებსაც. მაგალითად, ასეთია „პრედესტინაციის“ (წმიდათა წინასწარგანსაზღვრულობის) თეორია, რომელიც პელაგიანურ ერესთან ბრძოლის შედეგს - ერთგვარ რადიკალურ ფორმულირებას წარმოადგენს. ამასთან, ამ ბრძოლაში ავგუსტინემ შეიმუშავა თავისუფალი ნებისა და მადლის ურთიერთმიმართების საკუთარი თეორიაც, რომელიც მართლმადიდებლური სწავლებისთვის კითხვის ნიშანს ტოვებს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ავგუსტინეს მოძღვრება სულიწმიდის გამომავლობის შესახებ. მოგვიანებით, ხსენებული საკითხი დაპირისპირების მიზეზად იქცა დასავლურ და აღმოსავლურ ქრისტიანულ ეკლესიებს შორის; ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ დასავლეთში პოზიციების გამართლებას ხშირად სწორედ ავგუსტინეს თეოლოგიაზე მითითებით ცდილობდნენ. ამ და სხვა საკითხების გამო ავგუსტინეს მოძღვრების შესახებ მართლმადიდებელ თეოლოგთა შორის არაერთგვაროვან შეხედულებებს ვხვდებით.

მიგვაჩნია, რომ მოცემული სტატიის შინაარსი ზემოხსენებული საკითხების გამო აქტუალურია; აქ საუბარია მართლმადიდებლურ სამყაროში ავგუსტინეს დამფასებელთა შეხედულებებზე; მათ შორისაა: ფოტიოსი, მარკოზ ეფესელი, დიმიტრი როსტოველი და სხვ. განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს ავგუსტინეს ნააზრევის გავლენა და რეცეფცია რუსულ მართლმადიდებლურ თეოლოგიაში (ეგნატე ბრიანჩანინოვი, თეოფანე დაყუდებული და სხვ.). სტატიაში მართლმადიდებლურ თეოლოგიასთან მიმართებით განხილულია ავგუსტინეს მოძღვრება ღმერთის შემეცნების, წმიდა სამების, ეკლესიის შესახებ. ავგუსტინე თავისი ფილოსოფიითა და თეოლოგიით მნიშვნელოვანი ფიგურაა ქრისტიანობისთვის. მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრების ოქმებში ნეტარი ავგუსტინე ეკლესიის მამადაა მოხსენიებული. მოცემული სტატიის მიზანსაც წარმოადგენს მისი მნიშვნელობის წარმოჩენა მთლიანი ქრისტიანული სამყაროსთვის - ავგუსტინე გახლავთ ადრეული ეპოქის თეოლოგი და მისი სწავლება მნიშვნელოვანია როგორც დასავლეთისთვის, ისე აღმოსავლეთისთვის.

ავგუსტინეს ფილოსოფიისა და თეოლოგიის ერთ-ერთ საკვანძო მომენტს წარმოადგენს მისი სწავლება წმიდა სამების შესახებ. ამ საკითხს ჰიპონის ეპისკოპოსმა ვრცელი თხზულება „სამების შესახებ“ (399-419 წწ.) მიუძღვნა. ხსენებული საკითხი ქრისტიანული მოძღვრების წარმართულ ფილოსოფიასთან შეხების ერთ-ერთ უმთავრეს წერტილს წარმოადგენს, შესაბამისად, ავგუსტინეს ტრინიტარიზმის განხილვა ქრისტიანული ფილოსოფიის ჭრილში განუზომელი მნიშვნელობისაა. ამ საკითხს ეხება სარეცენზიო კრებულში წარმოდგენილი ერთ-ერთი სტატიაც, რომლის ავტორიც გერმანელი პროფ. ჰელმუტ შნაიდერია - „ტრინიტარული თეოლოგიის განვითარება და მისი კულმინაცია ავგუსტინესთან“.

ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ პროფ. შნაიდერის სტატია არა მხოლოდ ავგუსტინეს შეხედულებებს, არამედ ტრინიტარული თეოლოგიის/ფილოსოფიის სხვა მნიშვნელოვან ფაზებსაც ეხება. ამ საკითხის შესახებ წარმოდგენილი ისტორიულ-ფილოსოფიური ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ანტიკურ აზროვნებაში ტრიადულ სტრუქტურათა მაგალითები და მათი შემდგომი ინტერპრეტაციები, ასევე, ტრინიტარული თეოლოგიისა და ფილოსოფიის განვითარება ადრეული ხანის ქრისტიანულ აზროვნებაში.

შესავალი მიმოხილვის შემდგომ პროფ. შნაიდერი უშუალოდ ავგუსტინეს ნააზრევზე გადადის. აქ საუბარია სამების იპოსტასთა ურთიერთმიმართებაზე, ასევე, სამების მიმართებაზე შესაქმესთან. განსაკუთრებით საინტერესოა ტრინიტარული თეოლოგიისა და ანთროპოლოგიის კვეთა, სადაც ადამიანის არსების ტრინიტარული ხასიათი წარმოჩნდება. აღსანიშნავია, რომ სტატია ტრინიტარული თემატიკის სისტემურ გააზრებას წარმოადგენს, რაც მას დამატებით მნიშვნელობას სძენს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ავგუსტინეს ფილოსოფიაში არის მისი კონცეფცია დროის შესახებ. ამ საკითხს ეხება კასელის უნივერსიტეტის პროფ. ტომ კლეფმანის სტატია - „დრო და მარადისობა ავგუსტინესთან“. ამ სტატიაში განხილულია ადამიანის მიმართება დროსთან ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით. როგორია დროის ადამიანური აღქმის ფორმები? ახერხებს თუ არა ადამიანი დროის აღქმას მისგან დისტანცირებისას? სტატიაში ნათლადაა წარმოჩენილი ავგუსტინეს ფილოსოფიის ის თავისებურებები, რომლებიც სამგანზომილებიან დროს ადამიანის ცნობიერებასთან აკავშირებს. ავგუსტინეს მიხედვით, განაზრება იმის შესახებ, თუ რა არის დრო, მოითხოვს სრულიად განსაკუთრებულ დროით ინტერვალს, კერძოდ კი, ისეთს, რომელიც არღვევს დროის ტრადიციულ აღქმას. სტატიაში ნაჩვენებია, რომ ადამიანის ცნობიერება, რომელიც კავშირშია სულთან, დროის სამივე განზომილების გაერთიანებას ახდენს ერთ განზომილებაში, - აწმყოში, - სადაც მეხსიერებისა და მოლოდინის ფენომენებს წარმოქმნის. დრო აქ გვევლინება როგორც სულის განფენილობა. გარდა ამისა, პროფ. კლეფმანი ხაზგასმით აღნიშნავს დროისა და მატერიის ურთიერთკავშირსაც და განიხილავს საკითხს იმის შესახებ, თუ როგორაა დაკავშირებული მატერიალური მოძრაობა დროსთან; ავტორს უყურადღებოდ არც მარადისობის საკითხი რჩება. დროის შესახებ ხსენებული საკითხები ავგუსტინესთან ისე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ მათ რეცეფციას საკაცობრიო ფილოსოფიური აზროვნების თითქმის ყველა მნიშვნელოვან წარმომადგენელთან ვხვდებით.

ქართული ფილოსოფიის ცნობილი უცხოელი მკვლევრის, პროფ. უდო რაინჰოლდ იეკის სტატია („ლოკალიზაცია - სული - ტვინი. შუა საუკუნეების ტვინის ფილოსოფიის საწყისები ავგუსტინესთან“) ანთროპოლოგიური შინაარსისა გახლავთ. აქ სულის ლოკალიზაციაზეა საუბარი. საინტერესოა, რომ სტატიაში საკითხის განხილვა უფრო ადრეული, ანტიკური ხანის თეორიებით იწყება; ასევე, მოცემულია ადრეული ხანის ქრისტიან მოაზროვნეთა შეხედულებებიც ამ საკითხის შესახებ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტვინის ფილოსოფიის საკითხებიც. ტვინი, როგორც ერთ-ერთი შესაძლო ადგილი სულის ლოკალიზებისა, ადრეული ხანიდანვე იქცა ფილოსოფიური განაზრებების ობიექტად. სულის ლოკალიზების ისეთ შემთხვევათა საგანგებო განხილვა, როგორიცაა სულის განფენილობა მთელ სხეულში, მოკრება ერთ კონკრეტულ ადგილზე, მიმართება სხეულის ფორმასთან, სტატიის შინაარსს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის. ავგუსტინეს ფილოსოფიაში სულის საკითხი რამდენიმე ნაშრომში საგანგებოდაა წარმოჩენილი, მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: „სულის უკვდავების შესახებ“ (386-387 წწ.); „სულის ოდენობის შესახებ“ (387-388 წწ.) და სხვ. მოცემულ სტატიაშიც ავგუსტინეს შეხედულებები სწორედ ამ ნაშრომების თანმიმდევრული ანალიზის მეშვეობითაა წარმოდგენილი. მკითხველს განსაკუთრებულ ინტელექტუალურ სიამოვნებას ანიჭებს ავგუსტინეს როგორც თეოლოგიური, ასევე ფილოსოფიური და ანატომიური კვლევების ანალიზი. შეიძლება ითქვას, რომ ავგუსტინეს ფილოსოფიის მრავალფეროვნება ამ სტატიაში კარგადაა წარმოჩენილი. აქვე აღვნიშნავთ, რომ მსგავსი კვლევები თანამედროვე ნეირომეცნიერებების კონტექსტში ქრისტიანული ანთროპოლოგიის მდიდარი ტრადიციის აქტუალურ იდეათა ინტეგრირების შესაძლებლობას იძლევა.

ავგუსტინეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ნაშრომის „ღვთის ქალაქი“ ძირითად იდეებს ეხება ასოც. პროფ. გიორგი ხუროშვილი თავის სტატიაში „ღვთისა და ადამიანის ქალაქთა კონფლიქტი ნეტარი ავგუსტინეს ნააზრევში“. სტატიაში გადმოცემულია ავგუსტინეს ეპოქის პოლიტიკური ვითარება ქრისტიანული რელიგიის გავრცელების ფონზე. ავგუსტინეს „ღვთის ქალაქიც“ პასუხია პოლიტიკური მოტივებით ქრისტიანობის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე. პირობითი აღნიშვნები, ბაბილონი და იერუსალიმი, გამოხატავს ადამიანთა ერთობის, წყობილების ორ დიამეტრალურად განსხვავებულ ფორმას - ადამიანებისა და ღმერთის ქალაქებს. პირველი უკეთურებისა და ცოდვის ქალაქია, მეორე კი მშვიდობისა და მარადიული სიცოცხლის. სტატიაში ავგუსტინეს შეხედულებები განხილულია, ერთი მხრივ, პოლიტიკური ფილოსოფიის, ხოლო, მეორე მხრივ, ბიბლიური ტექსტების შუქზე. კვლევის შედეგად კი ვიღებთ საინტერესო, კრიტიკულ განხილვას ავგუსტინეს შეხედულებებისა, რაც მკითხველს ავგუსტინეს პოლიტიკურ ფილოსოფიას ახალი კუთხით აჩვენებს. სტატიაში დამაჯერებლადაა გადმოცემული პასუხები შემდეგ კითხვებზე: რატომ ყოფს ავგუსტინე სამყაროს ორ ქალაქად? რატომ ცდილობს იგი ღვთის ქალაქის იდეის დაცვას? რა შეიძლება ითქვას ავგუსტინეზე, როგორც პოლიტიკურ მოაზროვნეზე?

ავგუსტინეს ფილოსოფიის პოლიტიკურ ასპექტებს ეხება პროფ. მიხეილ გოგატიშვილის სტატია „პოლიტიკის თეოლოგიური პროექტი: ნეტარი ავგუსტინე და ერიკ ფიოგელინი“. ამ სტატიაში ერთმანეთთან დაკავშირებულია ორი სრულიად სხვადასხვა ეპოქის მოაზროვნეები. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი კავშირი ავგუსტინეს აზროვნებას ახლებურად გვაცნობს. აქ განხილულია ავგუსტინეს ფილოსოფიაში სუბიექტის იმგვარი თვითდადგენის გზები, რომლებიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს. სტატიის ავტორი გვთავაზობს ერიკ ფიოგელინის მიერ ავგუსტინეს მედიტირების პოლიტიკურ ინტერპრეტაციას. სწორედ აზროვნების ეს ფორმა ქმნის შემდგომში ხელისუფლების, ძალაუფლების სპეციფიკურ გაგებას. ფიოგელინის აზრით, ავგუსტინესთან პერსონა საკუთარი თავის გაგებას ახდენს ღმერთთან მედიტაციის მეშვეობით. ამის საფუძველზე პერსონა იქცევა ღვთაებრივი მარადიულობისა და ადამიანის დროითობის კვეთის წერტილად. პიროვნების ამგვარი დადგენა უკავშირდება მის პოლიტიკურ ცხოვრებას. ავგუსტინეს ფილოსოფიაში ადამიანის პიროვნულობასთან დაკავშირებული ასპექტების პოლიტიკურ ინტერპრეტაციას მკითხველი პოლიტიკური ფილოსოფიისა და ანთროპოლოგიის სიღრმეებში ჩაჰყავს.

სამეცნიერო კრებულის ბოლო სტატია ეკუთვნის პროფ. იოახიმ ფონ ვედელს. მისი სტატია „მომავალი დროის თეორიიდან აწმყო დროის თეორიამდე: ავგუსტინე და დღევანდელი პოლიტიკური აზროვნება“ ავგუსტინეს ფილოსოფიის პოლიტიკური ასპექტების თანამედროვე კონტექსტში ინტერპრეტაციის გზებს მოხაზავს. სტატიაში ვხვდებით კიდევ საინტერესო განაზრებებს ავგუსტინეს უმნიშვნელოვანეს თხზულებაზე „ღვთის ქალაქი“. ავგუსტინეს პოლიტიკური შეხედულებები ესქატოლოგიური ხედვით საზრდოობს, რომელიც ადამიანს მომავლისკენ წარმართავს. ესქატოლოგიურ ორიენტაციას ავტორი თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფიის კონცეპტებთან აკავშირებს, რაც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ავგუსტინეს აზროვნებით დაინტერესებული მკითხველისთვის.

შეჯამების სახით ვიტყვით, რომ სამეცნიერო კრებული „ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი“ არის ავგუსტინეს, ამ დიდი ქრისტიანი მოაზროვნის, ფილოსოფიურ-თეოლოგიური მემკვიდრეობის წარმოჩენის და შეფასების წარმატებული მცდელობა. ავგუსტინეს ნააზრევი უაღრესად დიდი მნიშვნელობის მატარებელია არა მარტო ქრისტიანული ფილოსოფიისთვის, არამედ ის ფასეულია ფილოსოფიისთვის და თეოლოგიისთვის საერთოდ. ეს იმითაც არის განპირობებული, რომ ავგუსტინეს შემოქმედება გამოირჩევა თემატური და დარგობრივი მრავალფეროვნებით: ფილოსოფიისა და თეოლოგიის ავგუსტინესეული ხე მოიცავს ანთროპოლოგიას, ეთიკას, ჰერმენევტიკას, პოლიტიკურ ფილოსოფიას/თეოლოგიას, ონტოლოგიას, გნოსეოლოგიას და სხვ. ჩვენ მიერ განხილულ კრებულში ნათლად ჩანს ამ მრავალფეროვნების კვალი. ეს წიგნი ავგუსტინეს ფილოსოფიის სხვადასხვა ასპექტთა ახლებური წარმოჩენის წარმატებული მცდელობაა და მასში წარმოდგენილი სტატიები ეხმიანება ავგუსტინეს აზროვნებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქართულ ფილოსოფიაში ავგუსტინეს შესწავლის კუთხით დიდი სიმწირე შეინიშნება, მოცემული წიგნი გახლავთ სრულიად ახალი სიტყვა ქართულ ფილოსოფიაში დასავლური აზროვნების ამ მნიშვნელოვანი წარმომადგენლის შესწავლის საქმეში.