petriwis portali

ქრისტიანის თავისუფლების კონცეპტი მიწიერ ხელისუფლებასთან ურთიერთობისას

დეკანოზი ლევან მათეშვილი

ქრისტიანის თავისუფლების კონცეპტი მიწიერ ხელისუფლებასთან ურთიერთობისას

24.03.2020

თავისუფლების ცნების გაგება საკმაოდ განსხვავებულია, მას სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებენ. თავისუფლება მეტაფიზიკური მნიშვნელობით, როცა ეს ცნება ნების თავისუფლებად მოიაზრება, ადამიანური ბუნების ერთ-ერთი ფუნდამენტური თვისებაა და სიკეთესა და ბოროტებას შორის პიროვნების შინაგანი არჩევანით გამოიხატება. ქრისტიანული სწავლების თანახმად, ნების თავისუფლება იმ თვისებად გვევლინება, რომლის დაკარგვაც პიროვნების დეგრადაციას იწვევს. ადამიანის ამ თავისუფლებაზე არავის აქვს გავლენა: არც საზოგადოებას, არც კანონებს, არც ხელისუფლებას, არც დემონებს, არც ანგელოზებს და არც თვით უფალს.

მაგრამ როგორც კი ნებელობის თავისუფალი აქტი გარე სამყაროში იწყებს განხორციელებას, „მატერიალიზაციას“, ის მრავალგვარ წინააღმდეგობას აწყდება. ადამიანის თავისუფალ მოქმედებას ზღუდავს კანონი, წეს-ჩვეულებები, საზოგადოებრივი მორალი... ეს თავისუფლების სოციალური გაგებაა.

ეკლესიასაც, როგორც ნებისმიერ საზოგადოებრივ თუ რელიგიურ ორგანიზაციას, არსებობისთვის გარკვეული პირობები სჭირდება. მათ შორის, სახელმწიფოს მიერ რეგლამენტირებული რელიგიური თავისუფლება - ღია აღმსარებლობის უფლება და საკუთარი რელიგიური შეხედულებების პრაქტიკული განხორციელება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად. ამ მხრივ რელიგიური თავისუფლება არაფრით განსხვავდება სხვა მნიშვნელოვანი სოციალური თავისუფლებებისგან თუ ადამიანის უფლებებისგან, რომლებსაც თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

გარე სამყაროში ქრისტიანის თავისუფლების რეალიზება პირდაპირ დაკავშირებულია მიწიერ, ამსოფლიურ სახელმწიფოსთან, რომელიც, როგორც წესი, არ არის იდეალური. როგორია ქრისტიანი-მოქალაქის თავისუფლების ზღვარი თუ მაქსიმუმი ხელისუფლებასთან ურთიერთობისას? დაემორჩილოს თუ არა ქრისტიანი თავის მთვარობას? სწორია თუ არა ოდესმე აუჯანყდე უსამართლო მთავრობას ანდა დაეხმარო ტირანულს? ეს საკითხები მნიშვნელოვანია თავისუფალი ქვეყნის ქრისტიანებისთვის, თუმცა ისინი აქტუალურია ტოტალიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნების მორწმუნეებისთვისაც.

როგორ შევხედოთ რევოლუციებს?

შესაძლებელია კი ისინი როგორღაც გავამართლოთ? თუკი არსებობს სამართლიანი ომები, რატომ არ შეიძლება არსებობდეს სამართლიანი რევოლუციები? აქ კვლავ ორი ბაზისური თვალსაზრისია: ის, რომელიც მხარს უჭერს ზოგიერთ რევოლუციას და ის, რომელიც ეწინააღმდეგება ყველანაირ რევოლუციას.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა

რევოლუციები ხანდახან სამართლიანია. რეფორმატორული ტრადიცია, რომელიც მომდინარეობს ჯონ კალვინის სწავლებიდან, აღიარებს რევოლუციას ტირანული მთავრობის წინააღმდეგ. ეს თვალსაზრისი ჩამოაყალიბა სამუელ რუტერფორდმა და გაიმეორა ფრანციზ შეაფერმა. ამერიკის დამაარსებლები, რომლებიც ამოდიან ჯონ ლოკის ბუნებრივი კანონის ტრადიციიდან, აგრეთვე მხარს უჭერენ სამართლიან რევოლუციას.

დამოუკიდებლობის დეკლარაციაში თომას ჯეფერსონი ყურადღებას ამახვილებს რევოლუციაზე, რომელსაც იგი დადებითად აფასებს, როგორც ბრიტანეთისგან დამოკიდებულებისგან გამათავისუფლებელს.

„ჩვენ ვდგავართ იმ ჭეშმარიტებებზე, რომლებიც თავისთავად ცხადია: რომ ყველა ადამიანი თანასწორადაა შექმნილი; რომ ისინი დაჯილდოებული არიან თავიანთი შემოქმედისაგან გარკვეული შეუვალი უფლებებით; ამ უფლებების დასაცავადაა დაფუძნებული მთავრობები ადამიანთა საზოგადოებაში. ისინი თავის სამართლიან ძალაუფლებას იღებენ ხალხის თანხმობით; ასე რომ, როდესაც მმართველობის რომელიმე ფორმა ხდება დესტრუქციული საზოგადოების მიმართ, სწორია, ხალხმა შეცვალოს ანდა გააუქმოს ის და დაადგინოს ახალი მმართველობა...

მაგრამ როდესაც ბოროტმოქმედებათა და უზურპაციათა გრძელი ჯაჭვი მოუცილებლად თან სდევს ერთსა და იმავე ობიექტს, ადამიანები უფლებამოსილნი არიან, იბრძოლონ აბსოლუტური დესპოტიზმის წინააღმდეგ თავიანთი მიზნების მისღწევად. მათი მოვალეობაა, შეცვალონ ასეთი მთავრობა და დააყენონ ახალი მცველები თავიანთი მომავალი უსაფრთხოებისა. ასეთი იყო მდუმარე მოთმინება ამ კოლონიებისა; და ასეთივეა ახლა საჭიროება, რომელიც აიძულებს მათ, შეცვალონ მმართველობის თავიანთი ყოფილი სისტემები.“

ეს დეკლარაცია ხმამაღლა აცხადებს სამართლიანი რევოლუციების რწმენას უსამართლო მთავრობების წინააღმდეგ. საფუძვლები ასეთი რევოლუციებისათვის დაფუძნებულია ღვთისაგან მოცემულ მორალურ უფლებებზე, როგორებიცაა: „სიცოცხლე“, „თავისუფლება“ და „ბედნიერება“. როდესაც მთავრობა ხდება დესტრუქციული ამ მიზნებთან მიმართებით, მაშინ „ხალხის უფლებაა, შეცვალოს ანდა გააუქმოს ის“. ამერიკული რევოლუციაც აღმოცენდა, მაგრამ იყო კი ეს ბიბლიური ქმედება? სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემდეთ, ყურადღება გავამახვილოთ რევოლუციის გამართლების სხვა თვალსაზრისზეც.

ფრანციზ შეაფერს რევოლუციის შესახებ სწამდა, რომ „როცა რომელიმე სამსახური ბრძანებს ღვთის საწინააღმდეგო სიტყვას, ისინი ვინც ამ სამსახურში არიან, აუქმებენ თავიანთ ძალაუფლებას და მათ აღარ უნდა დაემორჩილონ, და ეს სახელმწიფოსაც ეხება“ და „თუ სახელმწიფო განზრახულად ცდილობს დაანგრიოს თავისი ეთიკური ვალდებულებები ღვთის წინაშე, მაშინ წინააღმდეგობა შესაფერისია“, ვინაიდან „მოქალაქეებს აქვთ მორალური ვალდებულება - შეეწინააღმდეგონ უსამართლო და ტირანულ მთავრობას“. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც თანამდებობის პირი მოქმედებს იმგვარად, რომ ქვეყნის სამართავი სტრუქტურა ინგრევა, მას უნდა ჩამოართვა მისი ძალა და ხელისუფლება. ეს ჩამორთმევა შესაძლოა საჭირო გახდეს „ძალით“, რაც ნიშნავს „იძულებით ანდა დაპატიმრებით“ და „როდესაც სახელმწიფო სჩადის არაკანონიერ ქმედებებს გაერთიანებული სხეულის წინააღმდეგ - როგორიცაა კონსტიტუციური სახელმწიფო ანდა ლოკალური ორგანიზაცია, ანდა თუნდაც ეკლესია... არსებობს წინააღმდეგობის ორი დონე: პროტესტი და შემდეგ, თუ საჭიროა, ძალა თავდაცვის მიზნით“.

სამართლიანი რევოლუციის ეს ფორმა არ არის დაფუძნებული იმ „შეუცვლელ უფლებებზე“ შემოქმედისა, რომლებიც ცნობილია როგორც „ბუნებითი კანონები“. მეტიც, ეს დაფუძნებულია მმართველობის მთავრობისეულ პრაქტიკაზე ღვთის სიტყვის საწინააღმდეგოდ. მაგრამ  შედეგი იგივეა: რევოლუცია იმ მთავრობის წინააღმდეგ, რომელსაც პიროვნება ტირანულად თვლის.

ახლა, როდესაც ჩვენ უკვე განვიხილეთ სამართლიანი რევოლუციების საფუძველი, ვნახოთ, თუ რას ამბობს ბიბლია რევოლუციებზე. განვიხილოთ რამდენიმე თვალსაზრისი.

ღმერთმა მახვილი მთავრობას გადასცა სამართავად და არა მოქალაქეებს რევოლუციებისათვის. მახვილი მიეცა ნოეს იმისათვის, რათა მოეთოკა უწესრიგო მოქალაქეები (დაბ. 9:6; 6-11). ასევე, პავლემ უთხრა რომაელებს - დამორჩილებოდნენ ნერონს, რადგანაც „ის ღვთის მსახურია... ტყუილად როდი ატარებს მახვილს“ (რომ. 13:4). აქ კვლავ მთავრობაა ის ობიექტი, რომელმაც უნდა გამოიყენოს მახვილი ქვეშევრდომებზე და არა მოქალაქეები, რომლებმაც უნდა გამოიყენონ მახვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ღმერთი გვაფრთხილებს, არ შევუერთდეთ რევოლუციონერებს. წმინდა წერილი გარკვევით აცხადებს: „შვილო, უფლისა და მეფის გეშინოდეს და მეამბოხეთ ნუ გაეკარები“ (იგავ. 24:21). ვინაიდან ეს გაფრთხილება მოგვიწოდებს, გვეშინოდეს ღვთისა და მისგან დადგენილი მეფისა, აშკარაა რომ ეს არის ბრძანება, არ შევუერთდეთ ამბოხს მთავრობის წინააღმდეგ.

რევოლუციები მკვეთრადაა გაკიცხული ღვთისაგან. ბიბლიაში რევოლუციების მრავალი მაგალითია, რომლებიც დაგმობილია ღვთისგან. კორახმა ამბოხი მოაწყო მოსეს წინააღმდეგ  და მიწამ უყო პირი კორახსა და მის მომხრეებს (რიცხვ. 16). მსგავსადვე აბესალომის აჯანყება დავითის წინააღმდეგ, დამარცხდა და აბესალომი მოკლულ იქნა (2 მეფ. 15). იერობოამმაც მოაწყო ჩრდილოეთის ათი შტოს ამბოხი სამხრეთელი იუდას შტოს წინააღმდეგ, რაც ღვთისგან მკაცრად იქნა დაგმობილი (3 მეფ. 12).

ერთადერთი ღვთისაგან მოწონებული რევოლუცია იყო თეოკრატიული რევოლუცია ბოროტი დედოფლის ღოთოლიას წინააღმდეგ და რადგანაც ეს საჭირო იყო ქრისტეს ხაზის შესანარჩუნებლად, ეს იყო ღვთაებრივად სანქციონირებული სპეციალური თეოკრატიული შემთხვევა, ზუსტად ისეთი, როგორ ომებსაც აწარმოებდა იესო ნავეს ძე ქანაანელების წინაღმდეგ (იეს. ნავ. 10). მიაქციეთ ყურადღება, რომ მისი (ღოთოლიას) მოკვლის ბრძანება გაიცა ღვთის მსახურის მიერ (2 ნეშტ. 23:14) და ნაკურთხი იქნა ღვთის სიტყვით (მუხ. 21). მიუხედავად ამისა, ეს ღვთაებრივად განსაზღვრული თეოკრატიული რევოლუცია, რომელიც მესიის ხაზის შესანარჩუნებლად იყო გამიზნული, არ შეგვიძლია კანონიერად გამოვიყენოთ დღევანდელი რევოლუციის გასამართლებლად, ზუსტად ისევე, როგორც ღვთის ბრძანებანი, გაცემული ყველა ქანაანელის დასარისხებლად, არ შეგვიძლია გამოვიყენოთ დღევანდელ სამართლიან ომებში ქალებისა და ბავშვების ხოცვის გასამართლებელ საფუძვლად.

მოსე გასამართლებულ იქნა თავისი ძალადობისთვის ეგვიპტეში. გამოსვლათა წიგნი გვიყვება, რომ როდესაც მოსემ დაინახა ეგვიპტელი, რომელიც სცემდა ებრაელს და მიიხედ-მოიხედა და როცა დაინახა, რომ არავინ იყო, მოკლა ეგვიპტელი და ქვიშაში ჩაფლა” (გამოს. 2:12). შედეგად ამ ძალადობისა, მოსე იძულებული გახდა გაქცეულიყო ეგვიპტიდან და ორმოცი წელი უდაბნოში გაეტარებინა. ამის შემდეგ ღმერთმა გამოიყენა მოსე ისრაელის გამოსაყვანად ეგვიპტიდან რევოლუციის გარეშე (გამოს. 12).

ისრაელი არ ებრძოდა ფარაონს, არამედ გაექცა მას. თუკი როდესმე ყოფილა სიტუაცია რევოლუციის გასამართლებლად, ეს იყო ისრაელის მდგომარეობა ფარაონის უღელქვეშ. მიუხედავად ამისა, ეს არც მოწონებული და არც შემოთავაზებული არ ყოფილა ღვთისაგან. ისრაელი არ შებრძოლებია ფარაონს; ის გაექცა მას (გამოს. 12). მართალია, ღმერთი სასწაულებრივად ჩაერია და გამოიხსნა ისინი. მაგრამ გაკვეთილი იგივეა: მიანდე ღმერთს ბოროტი ტირანების მოვლა და არ აუჯანყდე მათ. ღმერთმა სუვერენულად დაადგინა ისინი და ის ასევე სუვერენულად დაამხობს მათ (დან. 4:17).

იესომ გაგვაფრთხილა მახვილის გამოყენების გამო. იესომ გააფრთხილა თავისი მოწაფეები მახვილის აგრესიული გამოყენების წინააღმდეგ, როდესაც თქვა: „თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება“ (მათ. 26:52). ის არ იყო წინააღმდეგი გამოეყენებინათ მახვილი თავის დასაცავად (გამოსვ. 22:2), მაგრამ, არსებული ხელისუფლების მსახურის ხელყოფა სხვა საქმე იყო (მათ. 26:51).

იესო ლაპარაკობდა შურისძიების თაობაზე. თუკი ქადაგება მთაზე რამეს ნიშნავს, აშკარაა, რომ ის ლაპარაკობს შურისძიების წინააღმდეგ. იესომ თქვა, „თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ. მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს“ (მათ. 5:38-39). მიუხედავად იმისა, რომ ეს ქადაგება მხარს არ უჭერს ტოტალურ პაციფიზმს, ის აშკარად კიცხავს რევოლუციურ სულს, რომელიც ისწრაფვის შური იძიოს ტირანულ მთავრობაზე. „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“, - ამბობს უფალი (რომ. 12:19). მაშინ აბა რა ვქნათ, როგორ ვუპასუხოთ ჩაგვრას? ბიბლია იძლევა გზას, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ქრისტიანებმა უსამართლო მთავრობის დამოკიდებულებას.

ქრისტიანების პირველი და მთავარი პასუხისმგებლობაა – სულ ერთია სამართლიანი მთავრობა ჰყავს მას თუ უსამართლო, დემოკრატიული თუ მონარქისტული – დაემორჩილოს მის კანონებს (რომ. 13:1; ტიტ. 3:1). პეტრე წერდა: „დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ დადგენილებას უფლის გულისათვის“ (1 პეტ. 2:13), ვინაიდან „ასეთია ნება ღვთისა: რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება“ (მუხ. 15). სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ცუდი მოწმობაა ქრისტეს მიმდევრისთვის. ქრისტიანები უნდა გამოჩნდნენ როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები და არა მეამბოხეები. საუკეთესო გზა, მოახდინო გავლენა უსამართლო მთავრობაზე, არის სულიერი მაგალითის ჩვენება და არა რევოლუცია. მხოლოდ მაშინ, როდესაც ის იკავებს ღვთის ადგილს, შეგვიძლია უარი ვთქვათ მორჩილებაზე და მაშინაც კი არ უნდა ავჯანყდეთ მის წინააღმდეგ.

პავლე სთხოვდა ქრისტიანებს: „შეგაგონებთ ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანებისთვის მეფეებისა და ყველა მბრძანებლისთვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობით და პატიოსნებით“ (1 ტიმ. 2:1-2). ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა, შევცვალოთ უსამართლო მთავრობა, არის ლოცვა მისთვის. ლოცვაა ის შემართული ნერვი, რომლის მეშვეობითაც უკან იხევს ძალა. ღმერთმა შეისმინა თავისი დაჩაგრული ხალხის ღაღადი წინა დროებაში (გამოსვ. 2:23) და ის მოისმენს და უპასუხებს დღესაც.

პოლიტიკურად, არცთუ ისე ბევრ ქრისტიანს შეეძლო შეეცვალა რომის მთავრობა ახალი აღთქმის დროს, დღეს კი დასავლეთში ქრისტიანთა უმეტესობისთვის ასე არ არის. ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ ვილოცოთ კეისრისთვის, არამედ ჩვენ მისი არჩევაც შეგვიძლია. ჩვენ არა მხოლოდ შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ პოლიტიკურ ბოროტებას, არამედ თავისუფალნი ვართ პოლიტიკური სიკეთის ჩადენაში. და როგორც იაკობმა თქვა: „ამიტომ, ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, ეს ცოდვად ეთვლება მას“ (იაკ. 4:17). პავლემაც აღნიშნა, „მაშ, ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის და უფრო მეტად მათთვის, ვინც ჩვენიანია რწმენით“ (გალ. 6:10). ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ტირანიას ჩვენს მთავრობაში საარჩევნო ბიულეტენებით და არა ტყვიებით. მას წინ სიკეთით უნდა აღვუდგეთ და არა ზარბაზნებით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქრისტიანებს შეუძლიათ რაღაც მოიმოქმედონ ტირანულ ბრძანებებთან დაკავშირებით - მათ შეუძლიათ, ეურჩონ ასეთ ბრძანებებს. მაგრამ არავის არ შეუძლია გვაიძულოს, არ დავემორჩილოთ ღმერთს. ის არის უმაღლესი ავტორიტეტი.

ქრისტიანებს არ სჭირდებათ, რომ ტირანიის პასიური სამიზნეები იყვნენ. ჩვენ არ გვჭირდება დესპოტების სათამაშოებად ვიქცეთ. როდესაც წნეხის ქვეშ ვექცევით, თავისუფლებისკენ უნდა ვისწრაფოთ. წინასწარმეტყველები გაურბოდნენ იეზაბელს (1 მეფ. 18), ისრაელი გაექცა ეგვიპტეს (გამოსვ. 12) და თვით იესოს ოჯახიც გაექცა ჰეროდეს (მათ. 2). ე.ი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ძალას უსამართლო მთავრობების წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში, თავს ვიხსნით ჩვენს წინააღმდეგ მომართული მისი ძალისაგან.

ცნობილია, რომ გაქცევა ყოველთვის არ არის შესაძლებელი, ანდა წარმატებული. ხანდახან ქრისტიანებმა უნდა აიტანონ ტანჯვა ქრისტეს გულისათვის. პეტრე წერდა: „საყვარელნო, ნუ გაგაოცებთ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ მოგსვლოდეთ, არამედ გიხაროდეთ, როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა თქვენც იხაროთ და იმხიარულოთ მისი დიდების გამოცხადებისას” (1 პეტ. 4:12-13). ხანდახან ჩვენ უბრალოდ უნდა ავიტანოთ ტანჯვა ქრისტეს გულისათვის, მოწამეობაც კი. იოანემ თქვა: „ვისაც ტყვე მიჰყავს, თვითონაც ტყვედ წავა... ამაშია წმინდათა მოთმინება და რწმენა“ (გამოცხ. 13:10).

არსებობს მრავალი შეპასუხება იმ შეხედულებებთან დაკავშირებით, რომლებიც ბიბლიურ საფუძვლებზე დაყრდნობით საერთოდ უარყოფს რევოლუციებს. მათ ახლა მოკლედ განვიხილავთ.

რამდენიმე მიზეზის გამო ერთადერთი, ღვთისაგან მოწონებული რევოლუციის შემთხვევაა ღოთოლიას წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხი (2 ნეშტ.23), რომელიც შეუძლებელია გამოვიყენოთ საერთოდ რევოლუციების მხარდასაჭერად. ეს არ ყოფილა ღვთაებრივად მოწონებული ადამიანური რევოლუცია; ეს იყო ღვთაებრივად განსაზღვრული რევოლუცია (მუხ. 14). ეს იყო საგანგებო შემთხვევა ისრაელისათვის, მესიანური ერისათვის და შეუძლებელია მისი მისადაგება სხვა ერებისათვის. თუ ღოთოლიას მმართველობა არ იქნებოდა ჩამოგდებული, ის მოკლავდა იოაშს, უკანასკნელ დარჩენილ მემკვიდრეს ღვთის შთამომავალთაგან, რომელიც ქრისტესკენ მიდიოდა. ბიბლია მტკიცედ ლაპარაკობს რევოლუციის წინააღმდეგ და ბიბლია არ შეეწინააღმდეგება თავის თავს. აქედან გამომდინარე, ეს განცალკევებული შემთხვევა, თავისი სპეციალური მნიშვნელობით, შეუძლებელია გამოვიყენოთ წმინდა წერილის იმ თანმიმდევრული სწავლების საპირისპიროდ, რაც დაკავშირებულია რევოლუციებთან საერთოდ.

რევოლუციები არ არის ერთადერთი გზა ტირანიასთან საბრძოლველად. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უსამართლო მთავრობას შესაძლებელია შეეწინააღმდეგო ლოცვით, მორალური მაგალითით, კანონიერი პოლიტიკური ქმედებით, გამართლებული დაუმორჩილებლობით, გაქცევით და ტანჯვის ატანითაც, როდესაც საჭიროა. ამ შეპასუხებას ავიწყდება, რომ ღმერთია მპყრობელი მთავრობის საქმეებისა და მოჰყავს და მიჰყავს, ვინც თავად სურს (დან. 4:17). მოკლედ, ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია ტირანიის საწინააღმდეგოდ, ღმერთს კი შეუდარებელად უფრო მეტის.

თუკი ზოგიერთი ომი სამართლიანია, რატომ არ შეიძლება სამართლიანი იყოს ზოგიერთი რევოლუცია?

ომები და რევოლუციები ერთი და იგივე კატეგორიის ცნებები არ არის. სამართლიანი ომები იწარმოება ღვთისაგან დადგენილი მთავრობების მიერ, ვისაც ღმერთმა მისცა მახვილი (რომ. 13:4). მაგრამ რევოლუციები ხდება მოქალაქეების მიერ, ვისთვისაც ღმერთს არ მიუცია მახვილი ღვთისაგან დადგენილი მთავრობების წინააღმდეგ. ღმერთს არასოდეს არ გადაუცია მახვილი მოქალაქეებისათვის თავიანთი მთავრობის წინააღმდეგ გამოსაყენებლად; მან ეს მახვილი მისცა მთავრობას მეამბოხე მოქალაქეების დასაშოშმინებლად. სამართლიანი ომები იწარმოება სხვა ერის წინაღმდეგ, რომელიც შენი საკუთარი ქვეყნის ხელში ჩაგდებას ცდილობს. რევოლუციები კი შენი საკუთარი ერის საწინააღმდეგოა. ისინი, ფაქტობრივად, დამღუპველი ძმათამკვლელი ომებია, რომლებშიც საკუთარ ახლობლებსა და ნათესავებს ვუპირისპირდებით. ღვთისაგან დადგენილ მთავრობასთან დაპირისპირებით პიროვნება, სინამდვილეში, ღმერთს უპირისპირდება (რომ. 13:2). სამართლიანი ომები კი, მეორე მხრივ, იცავს საკუთარ ქვეყანას სხვისი აგრესიისგან და წარმოებს თავდასაცავად.

რევოლუციები მორჩილებაა დე იურე მთავრობებისადმი

ეს შეპასუხება მცდარად მიიჩნევს, რომ ჩვენს ღვთაებრივ მოვალეობად არ მივიჩნიოთ დე ფაქტო მთავრობისადმი მორჩილება. ეს მცდარია ორი მიზეზის გამო. პავლემ თქვა: „...არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან. ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი“ (რომ. 13:1). ეს ნიშნავს, რომ არსებული მთავრობები ღვთისაგან არიან დადგენილნი. ეს ზუსტად ისაა, რაც იგულისხმება დე ფაქტო მთავრობის ქვეშ. თუ დე ფაქტო მთავრობისადმი არ მოგვეთხოვება მორჩილება, მაშინ ვეღარ მოვნახავთ პრაქტიკულ გზას კანონიერებისა და წესრიგისთვის მსოფლიოს მრავალ კუთხეში, ვინაიდან აქ არ წყდება დავა იმაზე, თუ რომელი მთავრობაა კანონიერი. ერთ-ერთი პრაქტიკული გზა, თავიდან ავიცილოთ ანარქია, არის მოვითხოვოთ მორჩილება დე ფაქტო მთავრობისადმი, რადგანაც ყველას იოლად შეუძლია მის აღქმა; ეს არის მთავრობა, რომელსაც ხელში უჭირავს ძალაუფლება ამ დროს.

ეს ნიშნავს, რომ ამერიკული რევოლუცია არ იყო სამართლიანი.

ეს გასაგებია, ყველას სურს სჯეროდეს, რომ რევოლუცია მის ქვეყანაში იყო სამართლიანი, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებში შესაძლოა სხვანაირად იყო. მაგრამ ზემოთ მოყვანილი ბიბლიური კრიტერიუმებისა და პატიოსნების მიხედვით, არც ამერიკული რევოლუციის გამართლებაა შესაძლებელი. მაშ, როგორ უნდა მოიქცნენ ამერიკელი ქრისტიანები 4 ივლისს – დამოუკიდებლობის დღეს? შეუძლიათ თუ არ მათ, გულით იზეიმონ ამერიკის დამოუკიდებლობა ბრიტანეთისაგან? პასუხად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: არსებობს განსხვავება იმაში, რაც დაიბადა და იმაში, თუ როგორ დაიბადა. ჩვენ გულწრფელად გვიხარია ყოველი ადამიანური არსების დაბადება, მრუშობის შედეგი იქნება ეს თუ გაუპატიურების, მაშინ როდესაც ჩვენ აშკარად არ მოგვწონს ის გზა, რომელი გზითაც ისინი იშვნენ, ასევე, ამერიკელ ქრისტიანებს შეუძლიათ იზეიმონ, რაც დაიბადა ამერიკული რევოლუციის შედეგად, თუმცა არ უნდა მოსწონდეთ ის გზა, რომელი გზითაც ეს ქვეყანა გაჩნდა.

არსებობს სამი ბაზისური თვალსაზრისი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით. რადიკალური პატრიოტიზმი არასოდეს თვლის მოსაწონად მთავრობისადმი ურჩობას; ბიბლიური სუბმისიონიზმი კი თვლის, რომ ხანდახან სწორია ასე მოქცევა. და თუმცა ქრისტიანთა უმრავლესობას სჯერა, რომ ბიბლია მხარს უჭერს ამ უკანასკნელ თვალსაზრისს, არ არსებობს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის არის დაუმორჩილებლობა გამართლებული. ზოგნი, ერთი მხრივ, ამტკიცებენ, რომ გამართლებულია ეურჩო ყველა კანონს, რომელიც იძლევა ღვთის სიტყვის საწინააღდეგო მოქმედების ნებას. სხვანი კი, მეორე მხრივ, მიიჩნევენ, რომ დაუმორჩილებლობა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებას უკეთურების ჩადენას აიძულებენ.

დაბოლოს, მათ შორისაც კი, ვინც მიიჩნევს, რომ მთავრობისადმი ურჩობა ხანდახან საჭიროა, არსებობს სხვადასხვა აზრი, თუ როგორ უნდა ეურჩოს პიროვნება სახელმწიფოს. ზოგიერთებს სჯერათ, რომ ეს შესაძლოა აჯანყების სახით მოხდეს უსამართლო მთავრობის წინააღმდეგ, თუმცა ბიბლიური თვალსაზრისი მოგვიწოდებს, შევეწინაღმდეგოთ მთავრობას აჯანყების გარეშე. ეს შეწინააღმდეგება არ არის უსამართლო მთავრობის პასიური მიღება, არამედ ის შეიცავს აქტიურ სულიერ, მორალურ და პოლიტიკურ კამპანიას მის წინააღმდეგ. მაგრამ ყველაზე კარგი შემთხვევა მაშინ გვაქვს, როცა ქრისტიანულ ქვეყანაში ქრისტიანული მთავრობაა, ამ სიტყვის ადეკვატური მნიშვნელობით, რომელსაც გაცნობიერებული აქვს დიდი მისია, რომელიც ღმერთმა მას დააკისრა, რათა იზრუნოს და წარუძღვეს ხალხს და თუკი ეს ასე არ არის, ყოველთვის დარჩება საშიშროება, რომ მთავრობის მახვილი ხალხმა აიღოს ხელში და შესცოდოს!

 

ბიბლიოგრაფია:

  • ახალი აღთქმა, თბილისი, 2003.
  • ნორმან გეიზლერი, ქრისტიანული ეთიკა. პოზიციები და საკითხები, მთარგმნელი ლ. მაისურაძე, თბილისი, 2003.
  • დეკანოზი ლევან მათეშვილი, ქრისტიანები და თანამედროვე გამოწვევები, თბილისი, 2012.
  • რელიგიისა და რწმენის თავისუფლება: კანონები, რომლებიც გავლენას ახდენს რელიგიურ გაერთიანებათა სტრუქტურაზე, თბილისი, 2014.
  • რელიგიის თავისუფლება. სტატიათა კრებული, შემდგ.-რედ.: გ. მელაძე, თბილისი, 2004.
  • გერჰარდ რობერსი, სახელმწიფო და ეკლესია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თბილისი, 2011.
  • ჯონი ხეცურიანი, სახელმწიფო და ეკლესია. ურთიერთობის სამართლებრივი ასპექტები, თბილისი, 2013.