თავისუფლება ფილოსოფიური ღვთისმეტყველების ერთ-ერთი საკვანძო პრობლემაა. იონა ხელაშვილი კი ქართული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო აზროვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. წინამდებარე სტატიაში გადმოცემულია თავისუფლების მეტაფიზიკური გაგება იონა ხელაშვილის მიერ. თავისუფლების პრობლემის მისეული ხედვა მეტად საინტერესო ასპექტებს მოიცავს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ იონა ხელაშვილი თავისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქართველ თეორეტიკოსადაც მივიჩნიოთ.
სამწუხაროდ, იონა ხელაშვილის შესახებ ბევრი არ დაწერილა. მიგვაჩნია, რომ მისი პიროვნება უსამართლოდ იყო მივიწყებული და სათანადოდ არ იყო წარმოჩენილი. ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა გარკვეული სიცხადე შეიტანა მისი ბიოგრაფიის ზოგიერთ დეტალში; ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ მოცემული სტატია დაგვეწყო იონა ხელაშვილის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის ძირითადი ეტაპების შესახებ საუბრით.
1. იონა ხელაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი ეტაპები
მღვდელმონაზონი იონა ხელაშვილი, ანუ ერისკაცობაში იოანე, დაიბადა 1778 წელს, ქიზიყის სოფელ ვაქირში. მას ყრმობიდანვე გააჩნდა სწავლისადმი დაუოკებელი წყურვილი, თუმცა მის ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, რომ შვილისთვის კარგი განათლება მიეცა; ერთი მხრივ, სოციალური მდგომარეობა და, მეორე მხრივ, უსახსრობა ამის საშუალებას არ იძლეოდა. როგორც თვითონ იხსენებს, ცოდნის მიღების სურვილი იმდენად ჰქონდა, რომ მშობლების უკითხავად გაიპარა თბილისში, სადაც ბედის წყალობითა და კეთილი ადამიანების დახმარებით, ერეკლე II-ის სასახლის კარზე აღმოჩნდა. აქ იგი მზარეულთუხუცესის მოსამსახურედ აიყვანეს სამუშაოდ. სასახლეში მოხვედრამ საბედისწერო გავლენა იქონია იონა ხელაშვილის ბიოგრაფიაზე, რამეთუ მისი ცხოვრება სამუდამოდ დაუკავშირდა სამეფო ოჯახს; იოანემ, როგორც კი მას ამის საშუალება მიეცა, მეფეს გაუმხილა თავისი სურვილი – მიეღო ჯეროვანი სწავლა-განათლება. ერეკლე მეორემ იგი მიაბარა თავის მოძღვარს, მეტეხის ტაძრის დეკანოზ იესეს. ჭაბუკმა მართლაც დიდი მონდომება გამოიჩინა სწავლაში, თუმცა ამ პერიოდში მას დაეღუპა ახალგაზრდა მამა, ამას ზედ დაერთო მძიმე ავადმყოფობა (ტიფი) და შექმნილ გარემოებათა გამო იძულებული შეიქნა, დაბრუნებულიყო მამისეულ სახლში. მძიმე დღეები დადგა იოანეს ცხოვრებაში: სულ მალე გარდაეცვალა დედა ჩვილ ძმასთან ერთად, რის გამოც იმდენად დამწუხრებულა, რომ დღისით სახლიდან არც გამოდიოდა, ღამით კი იოანე ნათლისმცემლის სალოცავში მიდიოდა, სადაც მღვდელმონაზონი დავითი ასწავლიდა მას ფსალმუნებს. იოანესთვის ამ უმძიმეს პერიოდში განგებამ კვლავ შეახვედრა იგი მეფე ერეკლეს, რომელმაც შეიწყნარა უსასოო ობოლი და განსასწავლად ახლა უკვე მიტროპოლიტ იოანეს მიაბარა ბოდბის მონასტერში. დედით და მამით დაობლებული, მაგრამ სწავლასმოწყურებული, საოცრად მონდომებული და საკმაოდ მიზანდასახული იოანე რამოდენიმე ხნის შემდეგ თელავში ეახლება მეფე ერეკლეს დახმარებისთვის, რადგან უზომოდ სწყუროდა წიგნი, იმ ხანად კი დიდად ჭირდა წიგნები. მეფემ ამჯერად უკვე კარის მღვდელს, მწიგნობარ იოანეს (კალატოზიშვილს) მიაბარა იგი და თავის სამლოცველოს წიგნებით სარგებლობის უფლება უბოძა, რაც უდიდესი წყალობა იყო იოანეს მიმართ.
1798 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა ერეკლე მეორე. იოანეს მდგომარეობა გართულდა: მას აღარ ჰქონდა აღარც წიგნები, აღარც საკვები, აღარც „ხორცთ საფარებელი“. ასეთ ვითარებაში მან დახმარებისთვის გიორგი XII-ს მიმართა, რომლის წყალობითაც ნიჭიერ ახალგაზრდას საშუალება მიეცა ცოდნას დაუფლებოდა თელავის სემინარიაში დავით რექტორის (ალექსიშვილი) მზრუნველობის ქვეშ.
1800 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა გიორგი XII; ამის შემდეგ იოანე უკვე ტოვებს მეფის სასახლეს და სხვადასხვა მონასტრებში ეძებს ნავსაყუდელს; საბოლოოდ იგი დამკვიდრდა ქვათახევის ნათლისმცემლის მონასტერში, სადაც სამი წელი გაატარა; აქვე შემოსეს ახალგაზრდა იოანე მორჩილის კაბით და აკურთხეს იპოდიაკვნად (კერძო დიაკვნად).
1805 წლის აპრილის დასაწყისში იოანე შეიტყობს, რომ იმპერატორის ბრძანებით სამეფო ოჯახი მიემგზავრება საქართველოდან; იპოდიაკონი იოანე, კათალიკოსის კურთხევით, სათანადო ნებართვის მიღების შემდეგ, სტოვებს მონასტერს და მიჰყვება რუსეთისკენ მიმავალ ბატონიშვილ ფარნაოზსა და სამეფო ოჯახს; მათთან ერთად იგი ჩადის მოსკოვში, საიდანაც გზას აგრძელებს სანკტ-პეტერბურგისკენ. სანკტ-პეტერბურგში მყოფ იოანეს ყურადღებას არ აკლებენ უნეტარესი ანტონ II, იოანე ბატონიშვილი, დავით ბატონიშვილი, რომლის მეცადინეობითაც 1809 წლის 7 მაისს ხელაშვილი ჩაირიცხა სანკტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიაში. იგი აქ სამი წლის განმავლობაში სწავლობდა რუსულ კითხვასა და სლავური ენის სუფთა წერას, დოგმატურ და მორალურ ღვთისმეტყველებას, ეკლესიის ისტორიას, რუსულ გრამატიკას, ფილოსოფიასა და არითმეტიკას.
1812 წლის 5 მარტს მან საკმაოდ კარგი მოსწრებით დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარია. ამის შემდეგ უკვე იწყება იოანე ხელაშვილის, როგორც სასულიერო პირის ცხოვრება.
1812 წლის 5 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის ლავრაში ივან ხელაევი (იოანე ხელაშვილი) აღკვეცეს ბერად. ბერობის ტრადიციის თანახმად, აღკვეცისას მას სახელად ეწოდა – იონა. 1812 წლის 6 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის ლავრის ხარების ეკლესიაში შედგა ბერი იონას კურთხევა (ხელდასხმა) იეროდიაკვნად; 1812 წლის 9 ოქტომბერს კი გორის ეპისკოპოსმა დოსითემ იმავე ლავრის მართალი ლაზარეს სახელობის ეკლესიაში იეროდიაკვან იონას ხელი დაასხა მღვდელმონაზვნად. ცოდნითა და პატიოსნებით ცნობილი ქართველი მღვდელმონაზონი იონა სანკტ-პეტერბურგის ქართული კოლონიის, ბატონიშვილების, დედოფლებისა და სხვა წარჩინებულთა მოძღვარი გახდა. იგი მუდამ ცდილობდა, რომ მეფის მემკვიდრეთა შორის მშვიდობა და სიყვარული ჩამოეგდო.
სხვადასხვა გადმოცემისა და წყაროს მიხედვით, ღვაწლმოსილი მოძღვარი, მღვდელმონაზონი იონა ხელაშვილი გარდაიცვალა 1837 წელს, სამწერლო მაგიდასთან მუშაობისას.
2. იონა ხელაშვილის მთავარი ნაშრომები
იონა ხელაშვილის ავტორობით შექმნილია რამდენიმე ათეული ნაშრომი, რომლებშიც გადმოცემულია მისი მეტად საყურადღებო საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური კონცეფციები. იგი იყო მწიგნობარი, მკვლევარი, ფილოსოფოსი, ერეკლე II-ის შვილებისა და შვილიშვილების კარის მოძღვარი და არაერთი ქართველი საზოგადო მოღვაწის აღმზრდელი და დამრიგებელი. ფილოსოფიური ღვთისმეტყველების კუთხით მის ნაშრომთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „ოცდათოთხმეტი შეკითხვის წიგნი“, „რონინი“, „ღვთისმეტყველება სამნაწილედი“, „ქადაგებანი“, „ძველი აღთქმის წიგნების განმარტება“, „იობის წიგნის განმარტება“, „პარალიპომეონისა განმარტება“, „ათი მცნებისა და ცხრა ნეტარების წიგნი“ და სხვ. აღსანიშნავია, რომ იონა ხელაშვილის ეს და სხვა ნაშრომები კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებში ინახება და, ვფიქრობთ, რომ მათი გაშიფვრა, რედაქტირება, გამოცემა და სათანადო სამეცნიერო-კვლევითი შესწავლა ქართული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო აზროვნების გადაუდებელი ამოცანაა.
3. იონა ხელაშვილის მეტაფიზიკის სათავეებთან
იონა ხელაშვილი თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში „რონინი“ გვამცნობს, რომ მან იოანე ბაგრატიონის მეშვეობით აითვისა ძველ ათინელთა ფილოსოფია და ახალი დროის გერმანული ფილოსოფია. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უნეტარესი ანტონ II-ისგან კი მან სამი წლის განმავლობაში ღვთისმეტყველება შეისწავლა. აქ იონა ხელაშვილი განსაკუთრებით გამოყოფს შუა საუკუნეების დიდი ქრისტიანი მოაზროვნის, იოანე დამასკელის (675-749 წწ.) ნაშრომების მნიშვნელობას ფილოსოფიური ღვთისმეტყველების დაუფლების საქმეში. სწორედ იოანე დამასკელის ქართული თარგმანები, კერძოდ კი, მისი „დიალექტიკა“ წარმოადგენდა იმ საძირკველს, რომელზეც მყარად უნდა დაშენებულიყო ფილოსოფიური ღვთისმეტყველების ხელაშვილისეული მოდელი. „დიალექტიკა“ არისტოტელესეული ლოგიკის ქრისტიანული ინტერპრეტაციის შედეგს წარმოადგენს. ამდენად, ის ქრისტიანული ფილოსოფიის საფუძველმდებარე ცნებების, კატეგორიების, კონცეპტების განსაზღვრა-დადგენას ახდენს და მათ ქრისტიანულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს.
გარდა ამისა, მეტად მნიშვნელოვანი იყო იონა ხელაშვილის განსწავლის წლები ალექსანდრე ნეველის სასულიერო სემინარიაში. აქ იგი ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების კლასში აღმოჩნდა და ფრიად განისწავლა კიდეც ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებაში, საღმრთო ისტორიასა და დოგმატიკაში, გრამატიკაში, არითმეტიკაში და სხვ. სამართლიანად შენიშნავს თ. ირემაძე, რომ სწორედ ამ საფუძვლიანმა საღვთისმეტყველო და ფილოსოფიურმა განსწავლამ მისცა იონა ხელაშვილს შესაძლებლობა, რომ „ქართული ფილოსოფიური ღვთისმეტყველების ახალი მოდელი დაეფუძნებინა“. ეს დარგი ინტერდისციპლინური ხასიათისაა, არსებითად, ქრისტიანულ მეტაფიზიკას წარმოადგენს, რადგან სწორედ ქრისტიანული მეტაფიზიკაა ფილოსოფიის ის დარგი, რომელიც უხილავი ერთის და უხილავი სულების შემეცნებას ესწრაფვის („მეტაფიზიკა - ზესთა მეცნავი უხილავისა მხოლოისა და უხილავებთა პსიხებისა“). ქრისტიანული მეტაფიზიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა თავისუფლების საკითხის ჯეროვანი განხილვა-ანალიზია.
4. თავისუფლების პრობლემის მეტაფიზიკური დაფუძნება
თავისუფლების პრობლემის ფილოსოფიური დაფუძნების საკითხს იონა ხელაშვილი „ოცდათოთხმეტი შეკითხვის წიგნის“ პირველ თავში ეხება და მისი მეტაფიზიკური ძირების ანალიზს ახდენს ბიბლიური ისტორიის, კერძოდ კი, დაბადების წიგნის შესაბამისი ეპიზოდების მოხმობით. მისი აზრით, უფალს არ შეუქმნია რომელიმე ერთი არსება ან მხოლოდ „ტკბილად“, ან მხოლოდ „მწარედ“, მაშასადამე, მას არც ერთი რომელიმე ადამიანი არ შეუქმნია ან მხოლოდ კეთილად, ან მხოლოდ ბოროტად. თუკი ბოროტების ტყვეობაში მყოფი ადამიანები იტყვიან, რომ თავისუფლება არის ბოროტების საწინდარი ან წინაპირობა და ამის საბუთად ბიბლიური კაენის ისტორიას მოიხმობენ, მათ წინააღმდეგ შეიძლება მოხმობილ იქნეს ბიბლიური სეითის ისტორია, რომელიც იყო ღვთისმოყვარე, მორჩილი, სათნო, წყნარი და ამ თვისებების წყალობით არსებითად განსხვავდებოდა ბიბლიური კაენისაგან. მართალია, კაენის, ქამის, ისმაილის, ესავისა და მათი შთამომავლებისთვის თავისუფლება ბოროტებად იქცა, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ისინი სინამდვილეში არ იყვნენ თავისუფალნი, თავისუფლების თვისებებით შემკულნი და დემონის მონანი შეიქმნენ. თავისუფლების მოყვარული ბრძენი კი საკუთარი ხორციელი სწრაფვების შეზღუდვას ახდენს და საკუთარ მეს უქვემდებარებს სულს, რომლის არსებითი თვისება არის უხრწნელობა. სულის უხრწნელი ბუნება კი ვლინდება სარწმუნოების, სასოების, სიყვარულის, სიბრძნის, განათლების, უმანკოების, სიწრფელის, სიწმინდისა და სიმართლის სახით. ნამდვილად თავისუფალი სწორედ ის ადამიანია, რომელიც ამ სიქველეთა განხორციელებას ესწრაფვის, ანუ იგი უნდა შეიქმნას მორწმუნე, სასო, მოყვარული, ბრძენი, განათლებული, უმანკო, წრფელი და მართალი.
თუ როგორი საშიშნი არიან დემონს დამორჩილებული ადამიანები, ამის შესახებ ხელაშვილი „ოცდათოთხმეტი შეკითხვის წიგნის“ მეშვიდე თავში საუბრობს. მისი აზრით, დემონთა მსახური ადამიანები უდანაშაულო ადამიანთა დაღუპვის მიზეზნი ხდებიან და საშვილიშვილოდ წარწყმედენ თავიანთ სხეულს, გვარს, ნათესავებსა და მამულს თვისას. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში - პირდაპირ თუ ირიბად - ხელაშვილის ნააზრევში ნეტარი ავგუსტინეს მემკვიდრეობითი ცოდვის თეორიის გარკვეული კვალი შეინიშნება, რაც თავისუფლების მეტაფიზიკური დაფუძნების პროცესში დიდ სირთულეს ქმნის. კონკრეტულად ეს განაზრება წინააღმდეგობაშია თავად იონა ხელაშვილის ზემოთ წარმოდგენილ განაზრებათა სპექტრთან, რომლის მიხედვითაც ღმერთი არ ქმნის ცალკეულ ადამიანებს მხოლოდ ბოროტებად ან მხოლოდ კეთილებად. უფრო მეტიც, იონა ხელაშვილის მიერ მოხმობილი ბიბლიური ისტორიების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ სიკეთე და ბოროტება თითოეული ადამიანის არჩევანის შედეგია. არჩევანი კი ამრჩევი სუბიექტის წინაშე არსებულ ალტერნატივებს გულისხმობს, ანუ მას ეს ალტერნატივები მოცემულობად აქვს.
ადამიანის სულს, ხელაშვილის თანახმად, ორი დიდი ძალა აქვს: თავისუფლება და ნება, რომლებიც ერთმანეთისაგან განუყოფელია. სწორედ ადამიანური ყოფიერების ეს ორი ჰიპოსტასი ქმნის იმ მყარ საფუძველს, რომელზე დაყრდნობითაც თავისუფლების მეტაფიზიკის ლეგიტიმურობაზე შეიძლება საუბარი. რადგან თავისუფლება და მისი ნებელობა ადამიანის სულის მთავარი მახასიათებლებია, ხელაშვილი აკრიტიკებს ფილოსოფოს ჯონ ლოკს, რომელსაც მიაწერს სულის სხეულებრიობის დებულებას. იგი მიიჩნევს, რომ სულის თვისებები ზეციურია, ხოლო ხორცისა - მიწიერი და იშველიებს წმინდა მამებს, რომელთა თანახმად, სული მადლისათვისაა მოცემული ჩვენთვის და ხორცი ამპარტავნებისათვის.
სულის თავისუფლება კეთილისა და ბოროტის შეცნობაში გამოიხატება, ხოლო ნება არის ბოროტის დატოვება და სიკეთის არჩევა. ადამიანისაგან განსხვავებით, პირუტყვი, რომელსაც არა აქვს თვითფლობის უნარი, ესე იგი თავისუფლება, „კუჭის წადილით“ არსებობს. „მაშასადამე, ფლობასა, ე.ი. თავისუფლებასა ძალ-უძს ლტოლვა ცოდვათაგან, რომელნი რისხვასა ზეგარდამოსა შეიქმენ. გარნა უკეთუ გარდაჴდეს ვინმე ერთსაცა რომელსამე მცნებასა, არღარა არს თავისუვფალ. ამად, რომელ ფლობა თჳსისა არსებისა და ბუნებისა წარწყმიდა. და იქმნა პირუტყვ, რომელთა არა აქვთ ფლობა, ე.ი. თავისუფლება, რომელნი კუჭისა წადილით იყვანებიან.“
ადამიანის ცოდვისკენ მიდრეკის შემთხვევაში პრაქტიკულ ნებას შეუძლია მისი გადარჩენა, თუ ის თავის ობიექტად სინანულს აირჩევს. ხელაშვილი იზიარებს ნების თავისუფლების თეზისს: ადამიანის წინაშე დგას ამა სოფლის საცდურები და მხოლოდ მის ნებაზეა დამოკიდებული, ცდუნდება იგი თუ უფლის გზას გაჰყვება. აქტიური ნება უბიძგებს ადამიანს სინანულისკენ, რომელიც არის ერთადერთი გზა ცოდვის ტყვეობიდან თავის დახსნისა და ერთგვარი ემბაზი განახლებისა. სინანულის გზა დაკარგული თავისუფლებისა და აქედან მომდინარე შედეგების ტრაგიზმის გააზრებაზე გადის; მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ეუფლება ადამიანს ერთგვარი შინაგანი უხერხულობის განცდა შემოქმედისა და საკუთარი თავის წინაშე; რაც უფრო მეტად ფიქრობს იგი ამის შესახებ, მით უფრო ძნელი და აუტანელი ხდება მისთვის ცოდვის ტყვეობაში დარჩენა, მასთან შეგუება. ეს არის სინდისის გამოღვიძების პროცესი და ამის პარალელურად იზრდება შინაგანი ბრძოლის მოტივაცია, რაც აძლიერებს ადამიანში ცოდვისგან თავის დაღწევის ნებას. გამოცოცხლებული, გააქტიურებული ნება კი შეაძლებინებს მას, აღიდგინოს თვითფლობის უნარი და ამგვარად დაიბრუნოს თავისუფლება.
5. დასკვნა
იონა ხელაშვილის აზრით, თავისუფლება არ არსებობს ნების გარეშე. ნება კი არ არის მხოლოდ სურვილი, არამედ - მონდომება, იგივე ქმედება მიზანდასახული; თავისუფლება არ არის იქ, სადაც არ არის ნება თავისუფლებისა, თვითფლობისა, ქმედებისა. ნება მით უფრო ძლიერია, რაც უფრო მყარია მისი ფესვები.
იონა ხელაშვილის მიხედვით, ფლობას და ნებას აზნიერებს „მწყურვალე სურვილი“, რაც ნების აქტიურ, ქმედით ხასიათს გულისხმობს; ამის საფუძველს კი „თანაშობითად (თანდაყოლილად) და სწავლითადცა უმეტეს“ ქმნის და ამყარებს „სურვილი, ზენა ტრფობა, გულითადობა და მხურვალე სიყვარული მებრ მაღლისა“. აგრძელებს რა მსჯელობას მოცემულ საკითხზე, იონა ხელაშვილი ამბობს: „რამეთუ იცის ფლობამან გულისხმის-ჰყოფით, რომელ მატლ არს კაცი და მონა და ტყუჱდ მსახურ პირუჱლთა მშობელთა ცოდვისა. გარნა იკმიოს რა ფლობა და ნება მეორისა ადამისაგან მონიჭებული, იქმნების მეფე, ძე და სძალ და ასულ და უფროსღა მადლით ღმერთ“. ამის დასტურად იონა იმოწმებს წინასწარმეტყველთ, მოციქულთ და მოწამეებს, რომელნიც ცოცხლად განხერხეს, დაწვეს და სასტიკად აწამეს. მიუხედავად ამისა, მათ თავისუფლება ვერ წაართვეს, რადგან მათ ფლობას და ნებას სწორედ რომ აძლიერებდა და მყარ საფუძველს უქმნიდა მწყურვალე სურვილი, ანუ იგივე ძლიერი ნება. ეს ნება შეაძლებინებს ადამიანს, მტკიცედ ჩაეჭიდოს ახალი ადამის გამოწვდილ გადამრჩენელ ხელს და დაცემული წამოდგეს, დაკარგული ფლობა თავისა კვლავ მოიპოვოს, ხატი (ღვთისა) გამოიხსნას.
ბიბლიოგრაფია: