petriwis portali

სიტყვა შობის დღესასწაულის შესახებ (ქადაგება XXI)

წმ. ლეონ დიდი

სიტყვა შობის დღესასწაულის შესახებ (ქადაგება XXI)

06.01.2025

 

წმ. ლეონ დიდი (400-461 წწ.) - ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული ღვთისმეტყველი, რომის საყდრის მმართველი მღვდელმთავარი 440-461 წლებში, მრავალი ქადაგებისა და სიტყვის ავტორი. აქტიურად მონაწილეობდა დოგმატურ კამათებში, კერძოდ, მონოფიზიტობისა და ნესტორიანელობის წინააღმდეგ, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა IV მსოფლიო საეკლესიო კრების ინიცირებაში. ქალკედონში წაკითხულ იქნა მისი წერილიც, სადაც ის მაცხოვრის ორი ბუნების შესახებ მართლმადიდებლურ სწავლებას გადმოსცემდა. ასევე, აღსანიშნავია მისი დადებითი როლი რომის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც; მან არაერთხელ გადააფიქრებინა შემოჭრილ ბარბაროსებს თავიანთი დამანგრეველი შემოსევების გაგრძელება. ქვემოთ მოცემული ქადაგება თარგმნილია შემდეგი გამოცემიდან: Leo the Great, Sermon XXI, On the Feast of the Nativity I, in: Nicene and Post-Nicene Fathers, Second Series, Vol. XII, Leon the Great, Gregory the Great, ed. By P. Schaff & rev. by H. Wallace, New York: Cosimo Classics, 2007, გვ. 128-129.

ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა

I. ყველა ხარობს ქრისტეს შობის სიხარულით

დღეს იშვება ჩვენი მხსნელი, გიხაროდენ, საყვარელნო! უადგილოა მწუხარება, როცა კი აღვნიშნავთ სიცოცხლის დაბადებას, მოკვდავობის შიშს რომ განაქარვებს და ჩვენთვის დაპირებული მარადისობის სიხარული მოაქვს. არავინ აკლდება ამ ბედნიერების გაზიარებას. ის თანაბრად სასიხარულოა ყველასთვის, რადგანაც, ჩვენმა უფალმა, ცოდვისა და სიკვდილის შემმუსვრელმა ვერავინ პოვა, ვინც არ საჭიროებდა ხსნას, ამგვარად მან ყველანი გაათავისუფლა. დაე, წმიდას უხაროდეს, რომ მოახლოვდა ძლევა. დაე, ცოდვილმა გაიხაროს, რომ მიტევებას მიიღებს. დაე, წარმართი გამხნევდეს, რამეთუ მოწოდებულია სიცოცხლისთვის. რადგანაც ძე ღვთისამ, ჟამთა აღსასრულს (შდრ. გალ. 4.4), ღვთაებრივი განგებულების გამოუკვლეველ სიღრმეთა თანახმად, მიიღო ადამიანური ბუნება, რათა შეერიგებინა ის მის შემოქმედთან: სიკვდილის მამა, ეშმაკი უნდა იძლიოს იმით, რასაც მან სძლია. და ჩვენზე მოწევნულ ამ განსაცდელში ბრძოლა საკვირველი სამართლიანობით წარიმართა: რადგანაც ყოვლადძლიერი უფალი მტერს თავისი დიდებულებით კი არ უპირისპირდება, არამედ ჩვენი სიმდაბლით, იგივე ხატითა და ბუნებით, რომელიც ნამდვილად იზიარებს ჩვენს მოკვდავობას, თუმცა კი, თავისუფალია ცოდვისგან. ჭეშმარიტად უცხოა ამ შობისთვის ის, რასაც ჩვენ სხვათა შესახებ ვკითხულობთ: „ვინმე უკუე წმიდაჲ იყოს მწინკულევანებისაგან? არამედ არავინ, დაღათუ ერთ დღე იყოს ცხორებაჲ მისი ქუეყანასა ზედა“ (იობ. 14.4). მაშასადამე, ხორციელი ვნებისა არაფერი ყოფილა ამ საკვირველ შობაში, არაფერი ცოდვის კანონიდან. არჩეულია ქალწული დავითის შტოდან, რომელმაც მუცლად იღო და მიიღო ღმერთკაცობრივი შთამომავლობა ჯერ სულით, შემდგომ კი სხეულით. და, ზეციური განგებულების არმცოდნე, ამ საკვირველი შედეგით რომ არ შეშინებულიყო, მან ისწავა ანგელოზისაგან, რომ მასზე მოვა სულიწმიდა (შდრ.: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა“ (ლკ. 1.35)). ამიტომ, არც ის დაუჯერებია, რომ სიწმიდეს დაკარგავდა, რადგანაც მალე ღვთის დედა გახდებოდა. რატომ უნდა შეაშინოს უწყებამ იგი, ვისაც აღეთქვა მასში უმაღლესი ძალის მოქმედება. მისი რწმენა დასტურდება მანამდე აღსრულებული სასწაულითაც - ელისაბედი მოულოდნელად მუცლად იღებს, რაც ამოწმებს, რომ ის, ვინც უბიწოდ იქნება მასში ჩასახული, უბიწოდ დაიცავს ქალწულსაც.

II. განკაცების საიდუმლოება სასიხარულოა როგორც ანგელოზებისთვის, ისე კაცთათვის

მაშასადამე, სიტყვა ღვთისა, თავად ღმერთი, ძე ღვთისა, ვინც „პირველითგან იყო [...] ღმრთისა თანა“ და „ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“ (ინ. 1.1-3), იმ მიზნით, რომ კაცი იხსნას მარადიული სიკვდილისგან, ხდება კაცი: გარდამოხდა, რათა მიიღოს ჩვენი სიმდაბლე თავისი დიდებულების დამცრობის გარეშე, რომ დარჩეს ის, რაც იყო და გახდეს ის, რაც არ იყო, გააერთიანოს მონის ნამდვილი ხატი მასთან, რაშიც ის ერთია მამასთან; შეაერთოს ორივე ბუნება ისე, რომ უდაბლესი არ შთაინთქას მის ამაღლებაში და არც უმაღლესი არ დაქვეითდეს უდაბლესთან კავშირით. ამიტომ, თითოეულის თვისებათა დაზიანების გარეშე, რომლებიც შემდეგ ერთ პიროვნებაში გაერთიანდა, დიდებულებამ მიიღო სიმდაბლე, ძალამ სისუსტე, მარადიულობამ მოკვდავება - იმ ხელითწერილის აღსახოცელად, ჩვენს მდგომარეობას რომ ეკუთვნის, უცვალებელი ბუნება ვნებად ბუნებასთან გაერთიანდა, ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანი გაერთიანდნენ ერთ უფალში, რათა, როგორც ჩვენს მდგომარეობას სჭირდება, ერთადერთ შუამავალს ღმერთსა და ადამიანს შორის, ქრისტე იესოს, შეეძლოს პირველით მოკვდეს და მეორეთი აღდგეს.

მაშასადამე, ჩვენი მხსნელის შობასაც არ დაურღვევია ქალწულის სიწმიდე, რისი საფუძველიც ჭეშმარიტების შობაა. ამგვარი იყო, საყვარელნო, შობა, რომლითაც ძალა და სიბრძნე ღვთისა, ქრისტე, გახდა ერთი ჩვენგანი, კაცთაგანი, რათა მიგვიყვანოს ღმრთეებამდე. რადგანაც, თუკი იგი ჭეშმარიტი ღმერთი არ იქნებოდა, ვერ მოგვიტანდა კურნებას, თუ ჭეშმარიტი კაცი არ იქნებოდა, ვერ მოგვცემდა ჭეშმარიტ მაგალითს. ამიტომაც, უფლის შობისას ანგელოზები აღმაფრთოვანებლად გალობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. რადგანაც მათ იხილეს, რომ ზეციური იერუსალიმი შენდება მსოფლიოს ყველა ერიდან, და ღვთაებრივი სიყვარულის ამ ენით აღუწერელ გამოხატულებაზე როგორ არ უნდა იხაროს ადამიანთა სიმდაბლემ, როცა ამაღლებულ ანგელოზთა სიხარული ასეთი დიდია?!

III. ქრისტიანებმა, ამგვარად, ქრისტესთვის - მათი წინამძღვრისთვის - სათნოდ უნდა იცხოვრონ

მოდით, საყვარელნო, მადლობა შევწიროთ მამა ღმერთს, მისი ძის მეშვეობით, სულიწმიდაში, ვინც „რამეთუ მდიდარ არს წყალობითა, მრავლითა სიყუარულითა მისითა, რომლითა-იგი შემიყუარნა ჩუენ“, მოწყალე იქმნა ჩვენზე და „რამეთუ ვიყვენით ჩუენ მკუდარ შეცოდებითა, ქრისტეს თანა განგუაცხოველნა “ (ეფ. 2.4), რათა მასში ვიყოთ ახალი ქმნილება. დაე, დავუტევოთ ძველი კაცი მისი საქმეებითურთ: ქრისტეს შობის წილმიმღებთ უარი ვთქვათ ხორცის საქმეებზე. ქრისტიანო, ამ ღირსების გაცნობიერებით და საღვთო ბუნებასთან თანაზიარებით უარყავი ძველი საქმეები და მათი უკუღმართობა. გაიხსენე თავი და სხეული, რომლის წევრიც ხარ. გაიხსენე, რომ გამოხსნილი ხარ წყვდიადის ძალაუფლებისგან და განათლებული ღვთის ნათელსა და მეუფებაში. ნათლობის საიდუმლოთი სულიწმიდის ტაძარი გახდი: არ განაგდო მისი მკვიდრობა მავნე ქმედებებითა და კიდევ ერთხელ ეშმაკზე დამორჩილებით, რადგან შენი გამოსყიდვის საფასური ქრისტეს სისხლია, რამეთუ ის ჭეშმარიტებით განგსჯის შენ, ვინც გამოგისყიდა წყალობით, რომელიც მამასთან და სულიწმიდასთან ერთად მეუფებს უკუნითი უკუნისამდე. ამინ!