საერთაშორისო კონგრესი „ფილოსოფია და რელიგია ისტორიასა და თანამედროვეობაში“ რიგით მე-10 ღონისძიება გახლდათ იმ აკადემიურ ღონისძიებათაგან, რომლებიც 2010 წლიდან ურბინოს უნივერსიტეტის თეორიული და მორალის ფილოსოფიის კათედრის მიერ ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის, სოციალურ მეცნიერებათა და პოლიტიკის დეპარტამენტთან (DESP) თანამშრომლობის ფარგლებში იქნა ორგანიზებული. ამ შეხვედრების მიზანი არ გახლდათ მარტოოდენ ახალი თაობის მკვლევართათვის აკადემიური ფილოსოფიის საწყისისეული ცოდნის მიწოდება და გავრცელება, არამედ, ასევე, და განსაკუთრებითაც, მათი დაკავშირება დიდ ეპისტემოლოგიურ, მეტაფიზიკურ თუ მორალური ფილოსოფიის პრობლემატიკასთან - არა მხოლოდ ისტორიული განვითარების, არამედ, მეტადრე, ფილოსოფიური იდეალიზმის ჭრილში; ისეთ გამოჩენილ მოაზროვნეთა კონცეფციების შუქზე, როგორებიცაა პლატონი, არისტოტელე, პლოტინი, პროკლე, სპინოზა, კანტი, ფიხტე, შელინგი, ჰეგელი და მისი მიმდევრები გერმანიაში, იტალიაში, ანგლო-საქსონურ და რუსულ ფილოსოფიაში. წლევანდელი კონგრესის მთავარი ამოცანა გახლდათ რელიგიის ბუნების, ქრისტიანული თეოლოგიის ისტორიული განვითარების პროცესში რელიგიის დოგმატური, ინსტიტუციონალური და მორალური რეალიზების ფილოსოფიური - არა მხოლოდ უბრალოდ „აპოლოგეტური“, არამედ კრიტიკული - გაგება.
კონგრესის პროგრამა მოიცავდა შესავალ სიტყვას, რომელიც წარმოადგინა პროფ. თენგიზ ირემაძემ (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი), და 19 მოხსენებას, რომელთა დაყოფაც თემატურად ხუთ ჯგუფად შეიძლება: (1) რელიგიის ფილოსოფიის პრობლემატიკისადმი კრიტიკულ-თეორეტიკული მიდგომები; (2) ბიზანტიურ ხანაში, პატრისტიკულ და თანამედროვე ევროპულ ფილოსოფიაში ქრისტიანული თეოლოგიის განვითარების ისტორიული რეკონსტრუქცია; (3) ჰეგელის რელიგიის ეპოქალური, სისტემური ფილოსოფია; (4) რელიგიის, როგორც „სულის აბსტრაქტულად ობიექტური ფორმის“ კონცეფცია ჯოვანი ჯენტილეს ფილოსოფიაში; (5) სამართალს, პოლიტიკას და (მართლმადიდებელ) რელიგიას შორის მიმართების სისტემური ანალიზი რუსი ფილოსოფოსის, ივან ალექსანდრეს ძე ილინის (1883-1954 წწ.) შრომებში.
პროფ. თენგიზ ირემაძემ თავის შესავალ სიტყვაში „პროფესორი ჯაკომო რინალდი და მისი აკადემიური მოღვაწეობა საქართველოში. შესავალი სიტყვა მიძღვნილი მისი 70 წლის იუბილისადმი“ განიხილა პროფ. რინალდის ფილოსოფიური აქტივობები ახალი საქართველოს უნივერსიტეტში და აღნიშნა, რომ, მიუხედავად რენესანსის ეპოქიდან დღემდე საქართველოსა და იტალიას შორის არსებული კულტურული თანამშრომლობის (ფილოსოფიის გამოკლებით) ცალკეული შემთხვევებისა, პროფ. რინალდი არის პირველი იტალიელი მეცნიერი, ვინც ქართველ ფილოსოფოსებს წარუდგინა თანამედროვე იტალიური ფილოსოფია.
(1) თავის მოხსენებაში „რელიგიის ფილოსოფიის საფუძველმდებარე კატეგორიები“ პროფ. ჯაკომო რინალდიმ შეაჯამა რელიგიის ფილოსოფიის ასპექტები, რომელთა თანახმადაც ის ფილოსოფიურ მეცნიერებათა სისტემაში წარმოდგება როგორც კერძო, არა-ავტონომიური დისციპლინა; ასევე, მოხაზა მისი საბოლოო ღირებულება სპეკულატური ლოგიკის მიერ მისი რაციონალური დაფუძნების ჭრილში. რელიგიის არსი ძევს აბსოლუტური სულის წარმოსახვის (მეხსიერების ჩათვლით) ფორმის მანიფესტირებაში, ამგვარად კი ზრდის მის ბუნებაში ჩაფესვილ საფუძველმდებარე დაპირისპირებას, რომელიც, მეორე მხრივ, ამავდროულად, არის სულის მოძრაობა მის ისტორიულ განვითარებაში და ორიენტალისტური რელიგიებიდან ქრისტიანობამდე რეალიზება. ყველა ძირითადი ისტორიული რელიგია, რომელიც სულის თვით-ცნობიერების მეტად ან ნაკლებად სრულყოფილ მანიფესტაციას წარმოადგენს, აბსოლუტური სულის ზოგიერთ მომენტს გამოხატავს; მხოლოდ ქრისტიანობაში - ან, უფრო ზუსტად, მის ზოგ თეოლოგიურ კონცეფციაში - ღმერთის ბუნება გაიგივებულია ლოგოსთან, რაც ადგენს, როგორც ასეთი, ღვთაებრივის ყველაზე შინაგან ბუნებასაც. ამგვარად, ჰეგელის მიერ ქრისტიანობის, როგორც „აბსოლუტური რელიგიის“ განსაზღვრება არ არის უბრალო პიროვნული ან ეთნოცენტრული ცრურწმენის გამოხატულება. თუმცა, მისი აზრით, არც ქრისტიანობაშია რელიგიური ცნობიერების საფუძველმდებარე დაპირისპირება გადაჭრილი - ეს ხდება მხოლოდ სპეკულატური ფილოსოფიის უმაღლეს საფეხურზე.
პროფ. ჰელმუტ შნაიდერმა თავის მოხსენებაში „ძღვენისა და მსხვერპლის კატეგორია ფილოსოფიასა და რელიგიაში“ ყურადღება გაამახვილა რელიგიურ კულტებში მსხვერპლის/ძღვენის უმნიშვნელოვანეს როლზე და მათში არსებულ რიგ შეუთავსებლობებზე მორალურ ცნობიერებასთან - როგორიცაა აბრაამის გადაწყვეტილება, მოკლას თავისი საყვარელი ძე ღვთის ბრძანების მიხედვით. შნაიდერი მართებულად აკრიტიკებდა კირკეგორის მიერ ზემოთქმულის მცდარ გამართლებას, რაც რელიგიური რწმენის რაციონალურ, მორალურ ცნობიერებაზე აღმატებას ეფუძნებოდა.
(2) პროფ. თენგიზ ირემაძემ თავის მოხსენებაში „ფილოსოფია და ქრისტიანობა. ქრისტიანული ფილოსოფიის დაფუძნების შესახებ გვიანანტიკურ ბიზანტიასა და საქართველოში“ ქართული ფილოსოფიის საწყისისეული სტადიის განვითარების რეკონსტრუქცია შემოგვთავაზა, რის საფუძველზეც მან სამი ძირითადი ეტაპი გამოყო: (ა) ფაზისის რიტორიკული სკოლის პერიოდი (ჩვ. წ. IV ს.-მდე), (ბ) საწყისისეული ბერძნული აზროვნების შერწყმა ქრისტიანული რელიგიის გავლენასთან (V-VI სს.-ები), რამაც კულმინაცია პეტრე იბერის (რომელსაც ფსევდო-დიონისე არეოპაგელს უიგივებენ) მოღვაწეობაში პოვა; და (გ) როცა შუა საუკუნეებში წარმოიშვა ორიგინალური ქართული ქრისტიანული ფილოსოფია, რომლის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელიც იოანე პეტრიწია, პროკლეს „თეოლოგიის საწყისების“ დიდი ქართველი მთარგმნელი და კომენტატორი. ფაქტია, რომ, თემისტიოსის (არისტოტელეს ცნობილი კომენტატორის, რომელმაც სტაგირელის შრომები პლატონურ ფილოსოფიასთან მორიგების ჭრილში წარმოადგინა) და ფაზისის რიტორიკული სკოლის საწყისისეული გავლენის პირობებში მთელი ქართული ფილოსოფიის ბუნება და მისწრაფებები ნეოპლატონიზმს უკავშირდებოდა, რომელსაც ეთიკურ ჭრილში ქრისტიანული თეოლოგია ერწყმოდა, რაც შემდგომ ასკეტიკასა და ქრისტეს მიბაძვაში, მონასტრულ ცხოვრებაში რეალიზდებოდა.
პროფ. გიორგი ხუროშვილის მოხსენება - „პოლიტიკური თეოლოგია, როგორც შუა საუკუნეების ქართული პოლიტიკური აზროვნების პარადიგმა“ - მიეძღვნა X-XIII საუკუნეების ქართველი მოაზროვნეების შრომებში განვითარებული პოლიტიკური თეოლოგიის კონცეპტთა განხილვას. მათი ანალიზის საფუძველზე კი წარმოდგენილი იქნა სამი პარადიგმა: (1) ქართველები „რჩეული ერია“, რამდენადაც მათი მეფეები არა მხოლოდ ღვთის მიერ არიან ხელდასხმულნი, არამედ ბიბლიური დავით მეფის შთამომავლებიც არიან; მათ, ქართველ ავტორთა თანახმად, აქვთ „ღვთაებრივი ბუნება“, ისევე, როგორც რომის იმპერატორს. (2) მათი ღვთაებრივი წარმომავლობა ამართლებს მათ აბსოლუტურ ავტორიტეტს და ძალაუფლებას. (3) ქართველებს ეკისრებათ „ესქატოლოგიური მისია“, რაც, ერთი მხრივ, ქართულ ენას უკავშირდება, მეორე მხრივ კი, ქართველებმა უნდა გაავრცელონ ქრისტიანული რელიგია და განავრცონ თავიანთი სახელმწიფოს საზღვრები.
მოხსენებაში „ნეტარი ავგუსტინეს ქრისტიანული პლატონიზმი“ ფილოსოფიის დოქტორმა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა ხაზი გაუსვა ქრისტიანი თეოლოგების ნაშრომებში პლატონური და ნეოპლატონური ფილოსოფიის გამოყენების მნიშვნელობას, კერძოდ, ეპისტემოლოგიური ემპირიზმის, მატერიალისტური ნატურალიზმის და პლურალისტური ონტოლოგიის კრიტიკის ჭრილში, რაც გზას ხსნის აზრის საწყისისეული რეალობისა და სულის უკვდავების საკითხთა გაცნობიერებისკენ, აბსოლუტური ჭეშმარიტების სიკეთესთან გაიგივებისკენ და ეთიკურ ცხოვრებაზე დაფუძნებული ინტელექტუალური სიბრძნის შემეცნებისკენ, რისი რეალიზებაც სიყვარულის კატეგორიაში ხდება. ფაქტია, რომ პლატონის დიალოგებში „ფედროსი“ და „ნადიმი“ წარმოდგენილი იდეები და, ასევე, პლოტინის მიერ მათი ინტერპრეტაცია თხზულებაში „ენეადები“ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უმაღლესი და მარადიული და, ასევე, უდაბლესი და დროებითი სიკეთეების წარმოსადგენად ქრისტიანული ეთიკის ჭრილში.
დოქტორმა მარია ლუიზა ორუნეზუმ თავის მოხსენებაში „ნეტარი ავგუსტინეს კონცეფცია ჭეშმარიტი რელიგიის შესახებ“ - იმავე გზით - ნეტარი ავგუსტინეს ადრეულ თხზულებებზე დაყრდნობით ხაზი გაუსვა პლატონის ონტოლოგიური თეორიის, ადამიანის გონების, ჭეშმარიტების და სიკეთის მარადიული იდეის კონცეფციების მნიშვნელობას. ჭეშმარიტების და სიკეთის სუბსტანციური იდენტობა ღვთაებრივ გონებაში არათუ გამორიცხავს, არამედ გულისხმობს თვით-დიფერენცირებას ქრისტიანული სამების სამ პიროვნებაში. თუმცა კი, მომხსენებელმა შეუძლებლად მიიჩნია ადამიანურ და ღვთაებრივ გონებებს შორის მიმართების ავგუსტინესეული დუალისტური კონცეფციის გადაულახავი წინააღმდეგობრიობის რეალიზება, ასევე, რელიგიური რწმენის უშუალო და წარმოსახვითი ელემენტის ფილოსოფიური გონების წმინდა თვით-ცნობიერი აზრის თვით-გაშუალებისადმი დაქვემდებარების განხორციელება ზე-გრძნობადი აქტივობის მეშვეობით.
პროფ. სტეფანო ბერნიმ თავის მოხსენებაში „პოლიტიკური თეოლოგიიდან თეოლოგიურ პოლიტიკამდე - თემი და სახელმწიფო“ თანამედროვე ანთროპოლოგიის სრულიად განსხვავებულ ჭრილში წარმოადგინა შედარებითი ანალიზი პოლიტიკასა და რელიგიას შორის არსებული ორი განსხვავებული მიმართებისა, რომლებსაც გვთავაზობენ კარლ შმიტი და მიშელ ფუკო (პირველი თომას ჰობსის მეტაფიზიკურ, მეორე კი კარლ მარქსის ისტორიულ მატერიალიზმზე დაფუძნებით). ორივე მოაზროვნისთვის რელიგია სხვა არაფერია, თუ არა იდეოლოგიური და სტრუქტურირებული რეფლექსია კაცობრიობის განვითარების მთლიანი ისტორიისთვის დამახასიათებელ რეალურ კონფლიქტებზე. თუმცა, თუკი ფუკოსთვის ყოველ ერში სოციალურ კლასებს შორის არსებული ანტაგონიზმი გადაულახავია, შმიტისთვის ეს ცალკეული ერის შემთხვევაში შეიძლება გადაილახოს „მეგობრულ“ და „მტრულ“ სახელმწიფოებს შორის ომის ანტაგონიზმისკენ შეტრიალებით.
დოქტორმა დამიანო ლემბომ მოხსენებაში „სტეფორდ კრიპსის განაზრებები დემოკრატიის შესახებ ფილოსოფიურ-რელიგიურ ჭრილში“ მსმენელებს წარუდგინა XX საუკუნის შუა წლების უმეტესწილად უცნობი ბრიტანელი პოლიტიკოსის იდეოლოგია, რომელიც ქრისტიანობის იდეალისტური ინტერპრეტაციის მორიგებას ცდილობდა თანამედროვე სოციალიზმთან, რომლის ღირებულ ელემენტადაც პროლეტარიატის დიქტატურის შესახებ მარქსისტულ დოქტრინას და, ასევე, საბჭოთა კავშირში მის რეალურ განხორციელებას მიიჩნევდა.
თავის მოხსენებაში „რელიგიური კულტი ფრანკოს რეჟიმის იდეოლოგიასა და პრაქტიკაში“ დოქტორმა ხუან მ. დე ლარა ვასკესმა განიზრახა გაექარწყლებინა საზოგადოდ მიღებული აზრი იმის შესახებ, რომ ფრანსისკო ფრანკოს დიქტატურა კათოლიკური რელიგიისა და ფაშისტური ნაციონალიზმის იდეოლოგიურ ნაზავს ემყარებოდა. იგი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მას მათდამი სერიოზული დამოკიდებულება სულაც არ ჰქონია, არამედ თითოეულს XX საუკუნეში მათი მარცხისა თუ წარმატების მიხედვით უდგებოდა და იყენებდა.
ამის შემდეგ შედარებით სერიოზულ ფილოსოფიურ პრობლემებს დაუბრუნდა დოქტორი კარლო მარსონეტი თავისი მოხსენებით „ფილოსოფია, რელიგია და თავისუფალი საზოგადოება ჯონ ჰელოუელისა და რიჩარდ უევერის მიხედვით“, თუმცა, სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო დასახული მიზნის განხორციელება. ამ ორი უცნობი „კონსერვატორი“ ამერიკელი ფილოსოფოსის მიხედვით, ფილოსოფიასა და პოლიტიკურ კულტურაში დღეს გაბატონებული რელატივისტური, უტილიტარისტული და ატომისტური ნიჰილიზმის ტალღისგან საუკეთესო ხსნა უნდა ვეძიოთ თომა აქვინელის ონტოლოგიაში; არადა, მათ ამ დროს ავიწყდებათ, რომ ჭეშმარიტებაზე მისი მოთხოვნის რადიკალური დესტრუქცია უკვე სრულებით იქნა განხორციელებული თანამედროვე მეტაფიზიკური რაციონალიზმის, კრიტიკული ფილოსოფიისა და გერმანული იდეალიზმის მთლიან ისტორიაში - დეკარტიდან, სპინოზადან და ლაიბნიციდან კანტამდე, ფიხტემდე, შელინგსა და ჰეგელამდე. ამასთან, მარსონეტის მოხსენება ძალიან პრობლემური იყო, თუკი იმასაც გავიხსენებთ, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ, რომლის ოფიციალური ფილოსოფიაც თომიზმია, მოგვცა ე.წ. „თავისუფალი საზოგადოების“ კონცეფციის „საუკეთესო“ მაგალითი, მიუსაჯა რა სიკვდილი და რომში 1600 წელს ცოცხლად დაწვა როგორც ერეტიკოსი იტალიური რენესანსის უდიდესი მოაზროვნე - ჯორდანო ბრუნო!
(3) ჰეგელის აბსოლუტური იდეალიზმის და მისი რელიგიის ფილოსოფიის (რომელიც მის სპეკულატურ ლოგიკას ეფუძნება) ეპოქალური მნიშვნელობის ხაზგასმის ფონზე განსაკუთრებით მადლიერნი ვართ პროფ. მიხეილ გოგატიშვილისა, რომელმაც მოხსენებაში „ჰეგელის დიალექტიკა და ჭეშმარიტების თეორია XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში (კოტე ბაქრაძე და სავლე წერეთელი)“ წარმოადგინა რიგი უმნიშვნელოვანესი ასპექტების რეცეფცია და ინტერპრეტაცია ქართულ აზროვნებაში. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ზემოხსენებული მოაზროვნე ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში, სადაც მთავარ იდეოლოგიას მარქსისტული მატერიალიზმი წარმოადგენდა, მათ წარმატებით შეძლეს გადმოეცათ და ინტერპრეტირება მოეხდინათ, გარეგანი პირობების მიუხედავად, ჰეგელის იდეალისტური ფილოსოფიისა. თუკი ს. წერეთელი თავის შესანიშნავ წიგნში „დიალექტიკური ლოგიკა“ მისი რაიმე კრიტიკისგან თავს იკავებს, კ. ბაქრაძე ამართლებს თავის ერთგულებას მარქსიზმისადმი ჰეგელის „სისტემის“ წინააღმდეგ თანამედროვე ფილოსოფიის ორი დებულების საფუძველზე, რომლებიც შელინგის გვიანდელი ნააზრევიდან იღებენ სათავეს: პირველი, რომ მისი „ჩაკეტილობა“ უპირისპირდება დიალექტიკური მოძრაობის უსასრულობას. მეორე, რომ აბსოლუტური იდეის ბუნებაში განხორციელება ფილოსოფიურად დაუსაბუთებელია. ორივე მათგანს ჰეგელი იოლად უპასუხებდა, ერთი მხრივ, რომ ლოგიკური აუცილებლობა, რომელიც დიალექტიკური მოძრაობის დასასრულს უკავშირდება, არ გულისხმობს მის გაუქმებას, რადგანაც ის სწორხაზოვანი კი არ არის, არამედ წრიულია, ამგვარად კი მისი დასასრული უკავშირდება აზროვნების პროცესის და, შესაბამისად, დიალექტიკის ახალ დასაწყისს. მეორე მხრივ, რომ აბსოლუტური იდეა, რომელიც აზრის გაშუალებისა და მისი შინაარსის უშუალობის მორიგებაა, მისი წრიული მოძრაობის გამო აუცილებლობით უნდა დაუბრუნდეს არსის უშუალობას, რომლის ყველაზე რადიკალური გრძნობადი ფორმა არის ბუნების სივრცით-დროითი და მატერიალური გარეგანობა.
თავის მოხსენებაში „რელიგია და პოლიტიკა ჰეგელსა და მის ურჩ მოწაფეებთან“ პროფ. ნორბერტ ვასცეკმა აჩვენა, რომ ჰეგელის მუდმივმა ინტერესმა თეოლოგიური საკითხების მიმართ მისი სიკვდილის შემდგომ ბიძგი მისცა მისი სკოლის ორ ანტაგონისტურ მიმართულებად დაყოფას - რასაც დავიდ ფრიდრიხ შტრაუსი „მემარცხენე“ და „მემარჯვენე“ ფრთებს უწოდებდა. აბსოლუტური სულის რელიგიურ ფორმაში ქრისტიანობის სულიერი, მისტიკური შინაარსის აბსოლუტურ ჭეშმარიტებასა და მისი წარმოსახვითი ფორმის სრულებით გადაულახავ შეუსაბამობას შორის ჰეგელისეული განსხვავების საფუძველზე, მემარჯვენე ფრთა წარმოჩნდება აპოლოგიად, რაციონალურ მტკიცებად ქრისტიანული რელიგიისა და (ლუთერანული) ეკლესიის აბსოლუტური ღირებულებისა, მეორე კი, მემარცხენე ფრთა რელიგიური ცნობიერების კრიტიკად, რამდენადაც, მიუხედავად მისი აბსოლუტურ ჭეშმარიტებად ყოფნის მოთხოვნისა, ის საბოლოოდ აუცილებლობით ჩანაცვლებულ უნდა იქნეს სპეკულატური ლოგიკით.
(4) ჯოვანი ჯენტილე - თავისი ისტორიული ერუდიციის, სულის შესახებ შესანიშნავი კონცეფციისა და იტალიურ აკადემიურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ სივრცეებზე უზარმაზარი გავლენის წყალობით - XX საუკუნის უმნიშვნელოვანეს იტალიელ ფილოსოფოსს წარმოადგენს. ანტონიო მესინასა და ჯაკომო ჩერეტანის მოხსენებებმაც („ბუდასა და ქრისტეს შორის. აღმოსავლური რელიგიები ჯოვანი ჯენტილეს ფილოსოფიური ინტერპრეტაციის ჭრილში“ და „ტრანსცენდენტურობა აქტუალიზმში: ჯოვანი ჯენტილეს რელიგიის ფილოსოფია“), შესაბამისად, კონგრესის მუშაობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმ ფაქტის ხაზგასმით, რომ ჯენტილემ ღმერთის აბსოლუტური ტრანსცენდენტურობა უარყო და აბსტრაქტული ობიექტურობის საკითხი გადაჭრა (რომელიც ინსტიტუციური რელიგიების მხრიდანაა მხარდაჭერილი) ადამიანური სულის ისტორიული განვითარების „აბსოლუტური იმანენტურობის“ კონცეფციით, რომელიც ასევე შეიცავს მისი ეთიკური ცხოვრების იდეასაც. მესინა შენიშნავდა, რომ ჯენტილეს „პრაქტიკული ფილოსოფიის“ ძირითადი პრინციპი მდგომარეობს ტრადიციული ქრისტიანული ასკეტიზმის, ისევე, როგორც მეტად რადიკალური ბუდისტური ფორმის გამორიცხვაში, რადგანაც სულის რეალიზაცია ადამიანურ თვით-ცნობიერებაში არ მოითხოვს ასკეტურ უარყოფას სუბიექტური მისწრაფებებისა და აქტივობებისა, არამედ, მეტადრე, მათ გაერთიანებას „სულიერ შემოქმედებაში“. ჯენტილეს აქტუალიზმის პროფ. ჯაკომო რინალდის კრიტიკულ ინტერპრეტაციასა და შეფასებაზე მითითებით კი ჩერეტანი ხაზს უსვამდა, რომ ჯენტილეს მიერ „აბსოლუტური იმანენტურობის მეთოდის“, როგორც ფილოსოფიის ერთადერთი ჭეშმარიტი მეთოდის ხაზგასმა, სათუო ხდება აზროვნების წმინდა აქტის შესახებ მისეული კონცეფციის სქემატური ფორმალიზმით, რომელიც აუქმებს მისი ლოგიკური და ეთიკური შინაარსის ნამდვილად სისტემური წარმოდგენის შესაძლებლობას.
ჯენტილეს რადიკალური პოლემიკა „ტრანსცენდენტურის“ წინააღმდეგ ასევე ჩაფესვილია მის კრიტიკაში კათოლიკე „მოდერნისტ“ ფილოსოფოს მორის ბლონდელთან მიმართებით, რომელმაც სცადა „იმანენტურობის“ მეთოდის გამოყენება აბსოლუტურად ტრანსცენდენტური ღმერთის რეალობის დასამტკიცებლად. პროფ. მატია კარდენასი თავის მოხსენებაში „ტრანსცენდენტურობა, იმანენტურობა და არყოფნა მორის ბლონდელსა და ჯოვანი ჯენტილესთან“ შეეხო ამ მეტად მნიშვნელოვან ფილოსოფიურ საკითხს, თუმცა, ვერ მიაღწია რაიმე ღირებულ შედეგს, უწინარეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ჯენტილეს კრიტიკა ბლონდელის თეიზმთან დაკავშირებით მის მიერ უმართებულოდ იყო დასახსრული, გარდა ამისა, იმიტომ, რომ თავის მონახაზში მან ის მცდარად დაიყვანა რამდენიმე ხელოვნურ, რიტორიკულ ფრაზამდე; და ბოლოს, იმიტომ, რომ, მიუხედავად მისი მოცულობითი ანალიზისა ბლონდელთან მიმართებით, კარდენასმა ვერ შეძლო განევითარებინა რაიმე თანმიმდევრული იმანენტური კრიტიკა იმ აშკარა წინააღმდეგობებთან დაკავშირებით, რომლებსაც ღმერთის აბსოლუტური ტრანსცენდენტურობის ბლონდელისეული აპოლოგია შეიცავს.
პროფ. ჰერვე ა. კავალერამ და დოქტორმა ჯონათან სალინამ თავიანთ მოხსენებებში („საკრალიზებისა და სეკულარიზების პროცესები იტალიაში ნეოიდეალიზმიდან დღემდე“ და „XX საუკუნის იტალიური აზროვნების საფუძვლები იმანენტურობასა და ტრანსცენდენურობას შორის“) XX საუკუნის იტალიურ ფილოსოფიაში ჯენტილეს აქტუალიზმის გავლენის დეტალური რეკონსტრუქცია შემოგვთავაზეს. თუმცა, შემდგომი დისკუსიის საფუძველზე ცხადი გახდა, რომ ვერც ჯ. ბონტატინის „კლასიკურ მეტაფიზიკასთან“ მიბრუნების მცდელობამ, ვერც უ. სპირიტოს პოზიტიურმა „პრობლემატიციზმმა“ და, ცხადია, ვერც ეუგენიო გარინისეულმა ფილოსოფიური აზრის უბრალო ფილოლოგიურ sapere storico-მდე დეგრადაციამ ფილოსოფიის განვითარებას ღირებული ვერაფერი შესძინა, არამედ ის, მეტადრე, უსარგებლო ერუდიციად აქცია.
(5) კონგრესის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა პროფ. ფილიპ გრიერისა და პროფ. ლალი ზაქარაძის მოხსენებები, რომლებშიც მოცემული იყო ივან ილინის სპირიტუალისტური ფილოსოფიის დეტალური ანალიზი და ინტერპრეტაციები. პროფ. გრიერმა თავის მოხსენებაში „ივან ალექსანდროვიჩ ილინი: სამართლის ფილოსოფიისა და მართლმადიდებლური სარწმუნოების ურთიერთკვეთა სამართლებრივი ცნობიერება (Rechtsbewusstsein) მისეულ ცნებაში“ წარმოაჩინა, რომ ილინს, ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის ჭრილში, პოზიტიური სამართალი ესმის როგორც გარეგანი, დროითი მანიფესტაცია „ბუნებითი“, ე.ი. რაციონალური, მარადიული სამართლისა, რომელიც გულისხმობს მორალური ცნობიერების აქტუალობას, რადგანაც ბუნებით სამართალში ინდივიდის თანამონაწილეობა, - როგორც ამას კანტი ამბობს, - უნდა განხორციელდეს როგორც მისი შინაგანი ბუნების გააზრება და არა როგორც მარტოოდენ უბრალო გარეგანი დაინტერესება მისით. კანტისგან განსხვავებით, ილინი იზიარებს ინდივიდის მორალური ცნობიერების ჰეგელისეულ გაერთიანებას სახელმწიფოს ეთიკურობაში, რომლის ავტორიტეტის და ლეგიტიმაციის საბოლოო საფუძველი ყოველი „ერის/ხალხის სულში“ (Volksgeist) დევს. ეს ინდივიდის ცნობიერებამდე მიდის იმით, რასაც ილინი, სამართლის ფ. კ. ვ. სავინისეული ისტორიული კონცეფციის გავლენით, უწოდებს მის „სამართლებრივ ცნობიერებას“ (Rechtbewusstsein), რომელმაც უნდა დაადგინოს მისი მთელი თვით-ცნობიერებისა და ეთიკურ-პოლიტიკური ქცევის უმაღლესი სტანდარტი და მიზანი. ფაქტია, რომ ილინი XX საუკუნის რუსეთის ყველა წარუმატებლობას მიაწერს სწორედ სამართლებრივი ცნობიერების (Rechtbewusstsein) ნაკლებობასა ან ბუნდოვანებას.
ილინის კონცეფცია „ხალხის სულის“ (Volksgeist) შესახებ შესანიშნავად იქნა წარმოდგენილი პროფ. ზაქარაძის მოხსენებაში „რელიგია და ნაციონალიზმი ივან ილინთან“. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ, ილინის თანახმად, ყოველი ხალხის ეროვნული იდენტობა (გეოგრაფიული, ეთნიკური და ისტორიული ფონის გათვალისწინებით) სრულებით ავლენს თავს მხოლოდ მის „რელიგიურ გამოცდილებაში“. თუმცა, აცნობიერებს რა, რომ ყოველი ერი, როგორც სულიერი მთელი, ფლობს კულტურული განვითარების დამოუკიდებლობის სპეციფიკურ ღირსებას და უფლებას, ილინი საგანგებოდ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანობაა ჭეშმარიტი რელიგია, რომელიც ადგენს რუსი ხალხის „შინაგან“ სულს, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოს ისტორიულ განვითარებაში სულიერი მისია აკისრია.
ამ ანგარიშის ავტორი უპირობოდ იზიარებს მომხსენებელთა მიერ გამოთქმულ საერთო აზრს იმის შესახებ, რომ კონგრესზე წარმოდგენილი მოხსენებების უმეტესობის დიდი მნიშვნელობიდან, ორიგინალურობიდან და სიღრმიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მასალები იმსახურებენ კრებულის სახით გამოცემას.
ინგლისურიდან თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა