petriwis portali

ანტონიო გრამში:  ხელისუფლების ჰეგემონია, ანუ მმართველობა ფორმალურად და არაფორმალურად

მიხეილ გოგატიშვილი

ანტონიო გრამში: ხელისუფლების ჰეგემონია, ანუ მმართველობა ფორმალურად და არაფორმალურად

06.06.2024

ანტონიო გრამში (1891-1937 წწ.) სახელმწიფოსა და რევოლუციის ახალი თეორიის შემქმნელად არის მიჩნეული, თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებული პირველი განაზრებების შემოქმედად ვლადიმერ ულიანოვი (ლენინი) ითვლება. ლენინის შრომათა ძირითადი თეზისები მუშათა კლასის მიერ რევოლუციის გზით სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების სტრატეგიას წარმოადგენდა, რომელიც გლეხური რუსეთის პირობებისათვის იყო გათვალისწინებული. ანტონიო გრამშის თეორიის ძირითად პრინციპს კი კულტურული ჰეგემონიის იდეა წარმოადგენს. კულტურული ჰეგემონია წარმოადგენს ახალი უსისხლო ტიპის რევოლუციის თეორიას, რომლის საშულებითაც დანგრეული უნდა იყოს სახელმწიფო მმართველობის მექანიზმი და ერთი სოციალურ-პოლიტიკური წყობა მეორეთი შეიცვალოს. ანტონიო გრამშის თეორიის ძირითადი პრინციპები წარმოდგენილია მის განთქმულ თხზულებაში „ციხის დღიურები“, რომელიც მან პატიმრობისას დაწერა. ეს ტექსტი მალულად იყო გამოტანილი ციხიდან და ესპანეთის გავლით მოსკოვში იქნა გადატანილი. ანტონიო გრამშის შრომები პირველად 1948-1951 წლებში გამოქვეყნდა იტალიაში.

ნიკოლო მაკიაველის თეზისი, რომ სახელმწიფო ძალაუფლებას კი არ ეფუძნება, არამედ თანხმობას, ანტონიო გრამშის თეორიაში ძალაუფლების მატარებელი კლასის კულტურული დომინანტობის იდეაში პოვებს ხორცშესხმას. იმ ვითარებას, როცა ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის საკმარისი თანხმობის დონე არსებობს, ანტონიო გრამში კულტურულ ჰეგემონიას უწოდებს. იგი აღნიშნავს, რომ გაბატონებული კლასის ხელისუფლება არა მარტო ძალადობას ეფუძნება, არამედ თანხმობას. ხელისუფლების მექანიზმი არა მარტო იძულებაა, არამედ დარწმუნება. ხელისუფლების და ძალაუფლების ეკონომიკურ საფუძვლად მხოლოდ საკუთრების განხილვა (მარქსისა და ლენინის თეორიისათვის რომ იყო დამახასიათებელი) არასაკმარისია. საკუთრება ვერ იქნება მესაკუთრეთა ხელისუფლების გარანტორი და ამგვარად ხელისუფლების სტაბილურობაც ვერ მიიღწევა. სახელმწიფო ეფუძნება ორ პრინციპს (ძალაუფლებას და თანხმობას), რომელიც ჰეგემონიის პრინციპშია გამოხატული. გრამში აღნიშნავს, რომ ჩვენ ყოველთვის ვაიგივებთ ხელისუფლებასა და სახელმწიფოს, ხოლო ეს გაიგივება, სახელდობრ, ახალ ეკონომიკურ-კორპორატიულ ფორმას (აქ გრამში სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკურ შინაარსს გულისხმობს, რომელიც სხვადასხვა სახით შეიძლება იყოს მოცემული) წარმოადგენს, ე.ი. სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური საზოგადოების ერთმანეთში აღრევას გულისხმობს. უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფოს ზოგად ცნებაში ის ელემენტები შედიან, რომლებიც შეიძლება სამოქალაქო საზოგადოების ცნებას მივაკუთვნოთ. ამ აზრით, შეიძლება ვთქვათ, რომ სახელმწიფო უდრის პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოებების ერთობას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, სახელმწიფო წარმოადგენს ჰეგემონიას, რომელიც იძულების ჯავშნით არის შემოსილი [1]. ჰეგემონია არ არის ერთხელ და სამუდამოდ მიღწეული მდგრადი მდგომარეობა, არამედ მოქნილი, დინამიური და უწყვეტი პროცესია. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ჰეგემონია არა მარტო თანხმობას გულისხმობს, არამედ კეთილგანწყობილ თანხმობას, რომლის დროსაც მოქალაქეებს სურთ ის, რაც გაბატონებულ კლასს ან ფენას სურს. მაშასადამე, სახელმწიფო არის პრაქტიკული და თეორიული მოღვაწეობის მთელი ერთობლიობა, რომლის საშუალებითაც მმართველი კლასი (ფენა) ამართლებს და ინარჩუნებს თავის ბატონობას, ამასთან ერთად კი ცდილობს მიაღწიოს მართულების აქტიურ თანხმობას. მაშასადამე, ჰეგემონია გულისხმობს, თუ როგორ უნდა მართო ფარულად ისტორიის კონტინუუმში სხვადასხვა გაბატონებული სოციალური ჯგუფების დროებითი კლასტერების მეშვეობით, არაძალადობრივი იძულებით (ე.წ. მასობრივი ან ხალხური კულტურის გზით) გაბატონებულ ფენას დაქვემდებარებული კლასები - ისე, რომ მოახდინო ამ ჯგუფების მანიპულაცია საზოგადოების უმცირესობის ინტერესების შესაბამისად.

თუკი სახელმწიფოს მთავარი ძალა და ხელისუფლების საფუძველი ჰეგემონიაა, მაშინ საკითხი შემდეგი სახით იჩენს თავს: რა აყალიბებს პოლიტიკური სტაბილურობის და, პირიქით, მისი რღვევის (რევოლუციის) პრინციპებს, სხვაგვარად თუ ვიტყვით, როგორ მიიღწევა ან ინგრევა ჰეგემონია? ვინ და რა არის ამ პროცესში მთავარი მოქმედი პირი? როგორია ამ პროცესის პოლიტტექნოლოგია?

ანტონიო გრამშის თანახმად, ჰეგემონიის ჩამოყალიბება ან მისი დანგრევა მოლეკულური პროცესია: „შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ყოველი კულტურა გაივლის თავის სპეკულატურ ან რელიგიურ მომენტს, რომელიც, გამოხატავს რა მოცემულ კულტურას, სოციალური ჯგუფის სრულ ჰეგემონიას ემთხვევა და, შესაძლოა, იმ პერიოდსაც კი უიგივდება, როცა რეალური ჰეგემონია მოლეკულური პროცესის წყალობით ქვემოდან ირღვევა, ამავდროულად კი, როგორც იდეების სისტემა, ის სწორედ ამიტომ უფრო სრულყოფილი ხდება დოგმატური გზით (სახელდობრ იმისათვის, რომ ამ რღვევას შეეწინააღმდეგოს) და ტრანსცენდენტალურ „რწმენად“ იქცევა. არცთუ უსაფუძვლოდ იყო შემჩნეული, რომ ყოველ ე.წ. „დეკადანსის პერიოდს“ (როცა ძველი სამყაროს რღვევა მიმდინარეობს) დახვეწილი და მაღალი სპეკულატური აზროვნება ახასიათებს. აქედან გამომდინარე, კრიტიკამ, როგორც პრაქტიკული მოქმედების იარაღმა, ეს სპეკულატური მსჯელობანი პოლიტიკური იდეოლოგიის საკუთარ იდეოლოგიურ ფორმებში უნდა გამოხატოს; მაგრამ თავად კრიტიკასაც აქვს თავისი სპეკულატური ფაზა, რომელიც მის აპოგეას გამოხატავს“ [2].

ისტორიული მატერიალიზმის გაგების კონტექსტში ანტონიო გრამშის კონცეფცია გაცილებით უფრო დახვეწილია, ვიდრე ლენინის, სტალინის, ტროცკის თუ სხვა რუსი ბოლშევიკების ძალადობრივი რევოლუციური პრაქტიკის კონცეპტი. მოლეკულური თეორია აქცენტს, უმთავრესად, არაძალადობრივ ინტელექტუალურ ქმედებაზე აკეთებს. ის გვევლინება არა კლასობრივი ძალების შეჯახებად (გრამშისათვის მიუღებელი იყო ისტორიული მატერიალიზმის კონტექსტიდან მომდინარე ძალადობრივი რევოლუციური პრაქტიკები), არამედ უხილავ, ყოველ ადამიანში განწყობილებებისა და თვალსაზრისებიდან მომდინარე ცვალებადობად (მცირე დოზებით). ჰეგემონია საზოგადოების კულტურულ ღერძს ეყრდნობა, რომელიც მოიცავს შეხედულებათა და მსოფლმხედველობების ერთობლიობას: ადამიანისა და სამყაროს, სიკეთისა და ბოროტების, მშვენიერების და სიმახინჯის, ტრადიციების და ცრურწმენების, სიმბოლოების და სახეების, ცოდნისა და მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების სინთეზს. ამ კულტურული ღერძის სტაბილურობა განაპირობებს არსებული წესრიგისა და საზოგადოების კოლექტიური ნების მდგრადობას. ანტონიო გრამშის თანახმად, „აქედან გამომდინარეობს კულტურული ასპექტის მნიშვნელობა“ პრაქტიკულ (კოლექტიურ) მოქმედებაში. ნებისმიერი ისტორიული აქტი „კოლექტიური ადამიანის“ მიერ შეიძლება იყოს განხორციელებული და ისეთი „კულტურულ-სოციალური“ ერთობის მიღწევას გულისხმობდეს, რომლის დროსაც მრავალი განცალკავებული სურვილები, სხვადასხვა მიზანს რომ ისახავენ, ერთიან მიზნად ყალიბდება ერთგვაროვანი მსოფლმხედველობის საფუძველზე. მნიშვნელობა არ აქვს იმას, ის ზოგადი იქნება თუ კერძო, დროებით მოქმედი, ემოციური თუ მუდმივი. როცა ამ მსოფლმხედველობის ინტელექტუალური საფუძველი ფესვებს გაიდგამს, ასიმილირდება და გამოიცდება, ის ვნებად გადაიქცევა [3].

მაშასადამე, საზოგადოების კულტურული ღერძის მოშლა და ამ კოლექტიური ნების დარღვევა არის მცოცავი რევოლუციის და ახალი კულტურული ჰეგემონიის დამყარების პრინციპი. რევოლუციური პირობის შექმნის გზა არის „მოლეკულური დარტყმების“ მიყენება კულტურულ ღერძზე და მიმდინარე პასიური რევოლუციის აქტიურ ფაზაში გადაყვანა, რაც გადატრიალებას ახდენს მასობრივ ცნობიერებაში და, გასხივოსნების ფენომენის მსგავსად, ინდივიდები თავად იწყებენ გარკვეული მიმართულებით აქტივობას. ეს ხდება მასობრივი კომუნიკაციების საშუალებათა (რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი), წიგნების, ბროშურების, საგაზეთო სტატიების, საუბრებისა და კამათის საფუძველზე, რაც უსასრულოდ მეორდება და თავის ერთობლიობაში ქმნის ძალისხმევას, რომლიდანაც ყალიბდება კოლექტიური ნება. ეს უკანასკნელი ერთგვაროვანი აზროვნების ხარისხს აყალიბებს იმ დონით, რაც აუცილებელია კოორდინირებული და ერთდროული მოქმედების მისაღებად გარკვეულ დროსა და სივრცეში. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ანტონიო გრამშის თეორია გულისხმობს გარკვეული ტიპის დისკურსული პრაქტიკების შექმნას, რომელსაც საზოგადოება უპირობოდ ღებულობს და შესაბამის ვითარებაში ის გარკვეული ტიპის მიზნის სოციალური მოქმედების პრინციპი ხდება.

აქტიური ადამიანი მასაში პრაქტიკულად მოქმედებს, თუმცა, მას არ აქვს ნათელი თეორიული ცნობიერება თავისი მოქმედების შესახებ, რაც, ამავდროულად, სამყაროს შემეცნებაა. უფრო მეტიც, მისი თეორიული ცნობიერება შეიძლება წინააღმდეგობაში იყოს მის მოქმედებასთან. შეიძლება ითქვას, რომ მას აქვს ორი სახის თეორიული ცნობიერება (ან ერთი წინააღმდეგობრივი ცნობიერება): პირველი საკუთრივ მის მოქმედებაშია გამოხატული და რეალურად ქმნის მისი და მისი ამხანაგების ერთობას სინამდვილის პრაქტიკულ გარდაქმნასთან მიმართებით; მეორე კი ზედაპირულად გამოხატული ანუ სიტყვიერია, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო წარსულისაგან და უკრიტიკოდ აღიქვა. მიუხედავად ამისა, ეს „სიტყვიერი ცნობიერება“ უშედეგოდ არ მოქმედებს: ის ინდივიდებს „მიაკედლებს“ გარკვეულ სოციალურ ჯგუფს და ზეგავლენას ახდენს მათ მორალურ მოქმედებასა და ნების წარმართვაზე; ყოველივე ამას, - როცა ცნობიერების წინააღმდეგობა არ უშვებს არავითარ მოქმედებას, გადაწყვეტილებას, არჩევანს, - მორალურ და პოლიტიკურ პასიურობაში გადაჰყავს ადამიანი. საკუთარი თავის კრიტიკული აღქმა ხორციელდება პოლიტიკური „ჰეგემონიის“ ბრძოლის გზით, რომელიც ეწინააღმდეგება გარკვეულ მიმართულებებს ჯერ ეთიკის, ხოლო შემდეგ პოლიტიკის სფეროში იმისთვის, რათა, საბოლოო ჯამში, გამოვლინდეს სინამდვილის საკუთარი კონცეფციის შემუშავების საფუძველზე. იმის გაცნობიერება, რომ წარმოადგენ გარკვეულ ძალას, ჰეგემონის ნაწილს (ე.ი. პოლიტიკურ ცნობიერებას), არის პირველი ფაზა შემდგომი, პროგრესირებადი თვითცნობიერებისა, რომელშიც, საბოლოო ჯამში, გაერთიანდება თეორიაც და პრაქტიკაც. მაშასადამე, თეორიისა და პრაქტიკის ერთობა არსებობს არა როგორც მექანიკური მოცემულობა, არამედ როგორც პროცესი ისტორიის მსვლელობისას, სადაც ის გადის გზას ელემენტარული პრიმიტიული ფაზიდან (რომლისთვისაც დამახასიათებელია თითქმის ინსტიქტური „განსხვავებისა“ და „განცალკევების“ პრიმიტიული ცნობიერება) მწყობრ ერთიან მსოფლმხედველობამდე. აი, რატომ არის საჭირო ხაზი გავუსვათ, რომ ჰეგემონიის პოლიტიკური კონცეფციის განვითარება აღნიშნავს არა მხოლოდ პრაქტიკული პოლიტიკური მოქმედებების განვითარებას, არამედ უდიდეს ფილოსოფიურ პროგრესს, რადგანაც მას აუცილებლად თან სდევს ინტელექტუალური ერთობა და ეთიკა - შეესაბამება რა სინამდვილის იმგვარ კონცეფციას, რომელიც გადალახავს ყოველდღიურ ცნობიერებას (საღი აზრის პოზიციას) და ხდება კრიტიკული, რაც არ უნდა შეზღუდული ფორმით გვევლინებოდეს ის [4].

კულტურული ღერძის რა მექანიზმზე უნდა მოვახდინოთ ზემოქმედება, რომ შევინარჩუნოთ ან დავანგრიოთ ჰეგემონია? ანტონიო გრამშის აზრით, სულაც არ არის საჭირო ზემოქმედება განვახორციელოთ მოწინააღმდეგის თეორიაზე. საჭიროა ზემოქმედება მოვახდინოთ ყოველდღიურ ცნობიერებაზე (საღი აზრის პოზიციაზე), საშუალო ადამიანის „პატარა“ აზრებზე. ყველაზე აქტიური ხერხი ზემოქმედებისა არის ერთი და იგივე მსჯელობის ხშირი გამეორება, რათა მას მიეჩვიონ და მისი აღქმა დაიწყონ არა გონივრულად, არამედ რწმენით. გრამშის აზრით, აქედან გამომდინარეობს ის, რომ „მასებს არ შეუძლიათ აითვისონ ფილოსოფია სხვაგვარად, თუ არა რწმენის საფუძველზე“. გრამში ყურადღებას აქცევს რელიგიურ პრაქტიკას, რომელიც რელიგიურ რწმენას ლოცვების და წირვის მრავალჯერადი გამეორების გზით აძლიერებს [5].

მაშინ ვინ არის ჰეგემონიის დამყარების ან მოშლის მთავარი გმირი? - ინტელექტუალები. ინტელექტუალების მთავარი საზოგადოებრივი ფუნქცია პროფესიული მსახურება (მეცნიერი, ინჟინერი, მღვდელი და ა.შ.) კი არ არის, არამედ გარკვეული იდეების ჰეგემონიის დამყარება. როგორც განსაკუთრებული ტიპის სოციალური ჯგუფი, ინტელექტუალების ფენა (ინტელიგენცია) თანამედროვე საზოგადოებაში მაშინ ჩაისახა, როცა წარმოიშვა ჰეგემონიის იდეოლოგიის გზით დამყარების მოთხოვნილება. სახელდობრ, იდეოლოგიის შექმნა და მისი გავრცელება, ამა თუ იმ კლასის ჰეგემონიის ჩამოყალიბება ან მისი დანგრევა ინტელექტუალების არსებობის ძირითად მიზნად იქცა. როგორც გრამში აღნიშნავს, სახელმწიფო მწარმოებლური სამყაროს კონკრეტული ფორმაა, ხოლო ინტელექტუალები - საზოგადოების ელემენტები, რომლებიც მმართველი კადრებით უზრუნველყოფენ საზოგადოებას; ინტელექტუალისთვის, რომელიც მჭიდროდ დაკავშირებული არ არის რომელიმე გავლენიან ეკონომიკურ ჯგუფთან, დამახასიათებელია სახელმწიფოს წარმოდგენა როგორც აბსოლუტისა; ამგვარად, თავად ინტელექტუალების როლიც გაიგება როგორც აბსოლუტური და წარმმართველი, მათი არსებობა და ისტორიული ღირსება აბსტრაქტულად რაციონალიზდება. ზემოთქმული ძირითად მოტივს წარმოადგენს თანამედროვე ფილოსოფიური იდეალიზმის გასაგებად და დაკავშირებულია კონტინენტური ევროპის თანამედროვე სახელმწიფოების წარმოშობასთან - მაგალითად შეგვიძლია მოვიხმოთ ფრანგული რევოლუცია, როგორც უკურეაქცია - ეროვნული წინააღმდეგობის გზით უნდა გადალახულიყო ის, რაც ნაპოლეონის დროს მიილტვოდა მუდმივ ჰეგემონად ქცევისკენ („პასიური რევოლუციის“ ან „რევოლუცია რესტავრაციის“ კონცეფციის გაგებისთვის საინტერესოა იაკობინელების პრინციპისა და გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ჰეგელისეული შეთანადება) [6].

ყველაზე ეფექტური ჰეგემონია, რომელიც ბურჟუაზიის ხელისუფლებაში მოსვლასთან იყო დაკავშირებული, საფრანგეთში განხორციელდა, სადაც სწრაფად ჩამოყალიბდა მჭიდრო კავშირი ინტელექტუალებსა და კაპიტალს შორის. სწორედ ამ კავშირმა განაპირობა სპეციფიკური ჰეგემონიური დისკურსის წარმოქმნა, რომელიც ბურჟუაზიისა და ინტელექტუალების ურთიერთსაჭიროებაზე მიუთითებდა. ბურჟუაზიასაც და ინტელექტუალებსაც სჭირდებოდათ ხელისუფლება; ამისათვის, როგორც ხატოვნად ამბობენ, „კანტმა თავი მოკვეთა ღმერთს, ხოლო რობესპიერმა მეფეს“. გრამში თვლის, რომ პროტესტანტული რეფორმაციის შეერთება ფრანგული რევოლუციის პოლიტიკურ მოდელთან ჰეგემონიის დამყარების თეორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. ინტელექტუალები ყიდიან რა თავის ინტელექტუალურ შრომას, იქეთკენ მიილტვიან, სადაც ფული ეგულებათ. გრამში ამბობს, რომ „ინტელექტუალები „მოურავად“ ემსახურებიან გაბატონებულ კლასს, მათ პოლიტიკური მართვისა და სოციალური ჰეგემონიის ამოცანების განხორციელების ფუნქცია ეკისრებათ“. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში რჩება ინტელექტუალების მცირე ნაწილი, რომელსაც გრამში ტრადიციულ ინტელექტუალებს უწოდებს. ახალი ჯგუფი, რომელმაც ჰეგემონია მოიპოვა, ცდილობს შეაჩვიოს ძველი ინტელექტუალები ახალ წესრიგს. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მოძრაობები, რომლებიც საკუთარი ჰეგემონიის დამყარების პროცესში ჩამოყალიბდნენ, საკუთარ ინტელექტუალებს ქმნიან, რომლებიც ძირითად სოციალურ აგენტებად გვევლინებიან ჰეგემონიის შენარჩუნების საკითხში.

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ ანტონიო გრამშის კონცეფცია ძალაუფლების და პოლიტიკური ჰეგემონიის დამყარების ჭრილში ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანია. მისი კონცეფცია დღესაც აქტუალურია და ხელისუფლების კონსტრუირების მნიშვნელოვან საკითხებს წარმოაჩენს. გრამში ერთგვარად გვიბიძგებს, რომ თავი ავარიდოთ პოლიტიკურ გულუბრყვილობას და იმაშიც გვეხმარება, რომ თავად არ ვიქცეთ რომელიმე პოლიტიკური ჰეგემონიის ნაწილად. იგი ნათლად მიუთითებს, რომ შეუძლებელია მმართველობა, როგორც ასეთი, არაფორმალურ კონსტრუქციაში იყოს განხილული. ძალაუფლების ჰეგემონიაში მონაწილეობს ყველა, თუნდაც ამ მონაწილეობას თავს არიდებდეს. ჩვენი უახლოესი წარსული ამტკიცებს ანტონიო გრამშის თეორიის სიცოცხლისუნარიანობას, მაგალითად, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მისი მოძღვრების საფუძველზე შეგვიძლია ავხსნათ. გრამშის თეორიის აქტუალობა, ასევე, შეიძლება აღმოვაჩინოთ ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში, ვაცლავ ჰაველის „ძალა უძალოთა“-ს პრინციპში და კიდევ მშვიდობიანი მოძრაობების სტრატეგიაში, როცა კი მყარი კულტურული ჰეგემონია მიიღწევა მცირე საქმეებით და სიტყვებით.

 

გამოყენებული ლიტერატურა და შენიშვნები:

[1] The Antonio Gramsci Reader: Selected Writings, 1916-1935, edited by D. Forgacs, with a new Introduction by Eric J. Hobsbawm, New York, 2000, გვ. 235. გრამში აქ სახელმწიფოს კვდომის თეორიას ავითარებს მის ეთიკურ საზოგადოებად გარდასახვის თვალსაზრისით. მისი აზრით, სახელმწიფოს დოქტრინაში, რომლის თანახმად არსებობს ტენდენცია, რომ სახელმწიფოს ბედისწერად აქვს საკუთარი თავი ამოწუროს და მოწესრიგებულ/რეგულირებულ საზოგადობად გადაიქცეს, ზემოთ განხილული საკითხი ცენტრალურ ადგილს იკავებს. შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ როგორ ამოწურავს თანდათანობით საკუთარ თავს სახელმწიფოს იძულებითი მხარე, იმის შედეგად, რომ დადგინდება უფრო მნიშვნელოვანი ელემენტები მოწესრიგებული/რეგულირებული საზოგადოებისა (ე.ი. ეთიკური სახელმწიფო ან სამოქალაქო საზოგადოება). „ეთიკური სახელმწიფო“ ან „სამოქალაქო საზოგადოების“ ცნებითი გამოხატულება, ამგვარად, უნდა აღნიშნავდეს წარმოდგენას სახელმწიფოს შესახებ თავად სახელმწიფოს რიგი ასპექტების გარეშე, როგორიც დიდ მეცნიერებს ჰქონდათ პოლიტიკის და სამართლის დარგში, რამდენადაც ისინი წმინდა მეცნიერების საფუძველზე იდგნენ (ე.ი. წმინდა უტოპიის საფუძველზე, რამდენადაც ეფუძნებოდნენ იმ ვარაუდს, რომ, თითქოსდა, ყველა ადამიანი ნამდვილად ერთმანეთის თანასწორია).

[2] A. Gramsci, Selections from the Prison Notebooks, edited and translated by Q. Hoare and G. N. Smith, New York, 1999, გვ. 697.

[3] A. Gramsci, Selections from the Prison Notebooks, edited and translated by Q. Hoare and G. N. Smith, New York, 1999, გვ. 665.

[4] A. Gramsci, Selections from the Prison Notebooks, edited and translated by Q. Hoare and G. N. Smith, New York, 1999, გვ. 641-642.

[5] თავად ანტონიო გრამში ნათლად აცნობიერებს, რომ ყოველდღიურად იბრძვიან ის ძალები, რომლებიც თავის ჰეგემონს იცავენ, ასევე, რევოლუციური ძალებიც. ერთსაც და მეორესაც აქვს წარმატების შანსი. ყოველდღიური ცნობიერების ის ნაწილი, რომელსაც გრამში „საღ აზრს“ უწოდებს (მშრომელების სტიქიურ ფილოსოფიას), ღია არის კომუნისტური იდეების მიღებისათვის. ეს არის განმათავისუფლებელი ჰეგემონიის დიდაქტიკა. თუკი საქმე ეხება ბურჟუაზიას, რომელიც ცდილობს თავისი ჰეგემონია შეინარჩუნოს, მაშინ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ საღი აზრის ნეიტრალიზება მოახდინოს ან დათრგუნოს ის ცნობიერებაში ფანტასტიკური მითების შეტანით.

[6] A. Gramsci, Selections from the Prison Notebooks, edited and translated by Q. Hoare and G. N. Smith, New York, 1999, გვ. 305.