petriwis portali

ჯაკომო რინალდის ახალი წიგნი „კასელის ლექციები ჰეგელის ხელოვნების ფილოსოფიის შესახებ“

ჯაკომო რინალდის ახალი წიგნი „კასელის ლექციები ჰეგელის ხელოვნების ფილოსოფიის შესახებ“

20.12.2023

ჰეგელისა და ჰეგელიანიზმის წყაროებისა და კვლევების შემსწავლელ ცნობილ საერთაშორისო სამეცნიერო სერიაში „ჰეგელიანა“ (ტ. 25) გამოქვეყნდა ცნობილი იტალიელი მკვლევარის, პროფ. ჯაკომო რინალდის წიგნი - „კასელის ლექციები ჰეგელის ხელოვნების ფილოსოფიის შესახებ“. მასში შესულია პროფ. ჯ. რინალდის მიერ 2022 წლის 17 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით წაკითხული ლექციები. ამ წიგნში ავტორი კონცენტრირებულად მოხაზავს და განიხილავს სისტემატური ესთეტიკის ძირითად თეორიულ მიმართულებებს. იგი დიდწილად ეყრდნობა ხელოვნების გაგებას გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის (1770-1831 წწ.) მიერ, რომელიც ხელოვნებას აბსოლუტური იდეის გრძნობად გამოვლინებად მიიჩნევდა; ესთეტიკური იდეალის თვითგაშლა კი ხელოვნების ფორმათა და სახეთა სისტემაში ხორციელდება. წიგნის ავტორის აზრით, ამის საფუძველია ის, რომ ჰეგელის ფილოსოფიის სრული სისტემა განხილული უნდა იქნეს ახალი დროის ფილოსოფიის, კერძოდ კი გერმანული იდეალიზმის განვითარების მწვერვალად. ამ ფილოსოფიის ფარგლებში გამოკვეთილი ზედროულ-სუბსტანციური მიდგომა ხელოვნების ჭეშმარიტების საკითხის მიმართ და გერმანელ იდეალისტთა კვლევების ზოგადრაციონალური ხასიათი არ გამორიცხავს იმას, რომ რომანტიკული ხელოვნების ფორმის ჰეგელისეული თეორია შეიცავს მთელ რიგს ანტინომიებისა, რომლებიც კარგად შეამჩნია ფრიდრიხ თეოდორ ფიშერმა (1807-1887 წწ.). ამ ანტინომიების გადაჭრასაც თავად მონოგრაფიის ავტორი „ხელოვნების მთლიანი ქმნილების“ შესახებ რიხარდ ვაგნერის კონცეფციის კრიტიკული განმარტების/განხილვის მეშვეობით ცდილობს. პროფ. ჯაკომო რინალდის ხსენებული წიგნი მოიცავს შემდეგ თავებსა და საკითხებს:

  • შესავალი: „თანამედროვე ფილოსოფიის მდგომარეობა და გერმანული იდეალიზმის მემკვიდრეობა“
  • ლექცია I - „ხელოვნების ფილოსოფიის მნიშვნელობა თანამედროვე აზროვნებაში“
  • ლექცია II – „ხელოვნების ცნება და ფორმები ჰეგელის ესთეტიკაში“
  • ლექცია III – „ცალკეულ ხელოვნებათა სისტემა ჰეგელის ესთეტიკაში“
  • ლექცია IV – „რიხარდ ვაგნერის გაგება ხელოვნების ქმნილების მთლიანობისა, როგორც შესაძლო გადაჭრა რომანტიკული ხელოვნების ფორმის შესახებ ჰეგელისეული მოძღვრების ანტინომიებისა“
  • ლექცია V – „კრიტიკული შენიშვნები იტალიურ და ბრიტანულ იდეალიზმზე ჰეგელის ხელოვნების ფილოსოფიის ზეგავლენის თაობაზე“
  • საბოლოო შენიშვნა
  • რჩეული ბიბლიოგრაფია
  • სახელთა საძიებელი

ავტორის შესახებ: ჯაკომო რინალდი (დაიბ. 1954 წელს, ქ. ბერგამოში, იტალიაში) არის თეორიული ფილოსოფიის პროფესორი ურბინოს უნივერსიტეტში (იტალია) და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევარი. პროფ. რინალდი არის სპეკულატური იდეალიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი თანამედროვეობაში. იგი თავის მრავალრიცხოვან მონოგრაფიებსა და სტატიებში, რომლებიც იტალიურ, ინგლისურ და გერმანულ ენებზეა გამოქვეყნებული, ფილოსოფიური იდეალიზმის პრინციპებს თეორიულ-სისტემურ ჭრილში ავითარებს და დასავლური ფილოსოფიის ისტორიის განვითარების კონტექსტში მათ კრიტიკულ რეკონსტრუირებას ახდენს.