petriwis portali

როგორ აისახა ანგლო-ამერიკელთა  დასაბამი მათსავე მომავალზე

ალექსის დე ტოკვილი

როგორ აისახა ანგლო-ამერიკელთა დასაბამი მათსავე მომავალზე

29.10.2023

ალექსის დე ტოკვილის (1805-1859) ფუნდამენტური ნაშრომის - „დემოკრატია ამერიკაში“ - ქართულად თარგმნა განხორციელდა 2010-2011 წლებში და გამოიცა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტში. ეს ნაშრომი პოლიტიკური აზროვნების იმ საფუძველმდებარე ტექსტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც დღესაც არ კარგავენ აქტუალობას. მასში არა მარტო ახალი ამერიკული დემოკრატიის თავისებურებებზეა მსჯელობა, არამედ საერთოდ დემოკრატიული საზოგადოებების სამომავლო ტენდენციებიცაა გამოკვეთილი.

„პეტრიწის პორტალი“ პერიოდულად გამოქვეყნებს ამ ვრცელი ნაშრომის ფრაგმენტებს. ამჯერად, წინამდებარე ტექსტს სახით, შეგიძლიათ გაეცნოთ II თავს.

ფრანგულიდან თარგმნა დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ

ხალხთა წარმომავლობის ცოდნის აუცილებლობა მათივე სოციალური მდგომარეობისა და კანონების გასაგებად. - ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა, სადაც შესაძლებელი გახდა განეჭვრიტათ დიდი ხალხის შექმნის შესაძლებლობა. - რით ჰგავდნენ ერთმანეთს ის ადამიანები, რომლებიც დამკვიდრდნენ ამერიკის ინგლისურ ნაწილში. - რით განსხვავდებოდნენ ისინი ერთმანეთისაგან. - შენიშვნა, რომელიც ეხება ახალი სამყაროს სანაპიროზე დამკვიდრებულ ყველა ევროპელს. - ვირჯინიის კოლონიზაცია. - ახალი ინგლისის პირველმოსახლენი და მათი ხასიათი. - მათი ჩამოსახლება. - მათი პირველი კანონები. - საზოგადოებრივი ხელშეკრულება. - სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც შეიქმნა მოსეს კანონმდებლობის საფუძველზე. - რელიგიური სიმტკიცე. - მჭიდრო კავშირი რელიგიურ და თავისუფლების სულისკვეთებას შორის.

ადამიანი იბადება; მისი სიცოცხლის პირველი წლები ბავშვურ გართობებსა თუ საქმიანობაში გაუცნობიერებლად გადის. იგი იზრდება, ვაჟკაცდება და დგება დრო, როცა სამყარო უხსნის მას თავის კარს, იღებს თავის წიაღში, სადაც პიროვნება იწყებს ურთიერთობას თავისივე მსგავსებთან. აი, ამ დროს აკვირდებიან მას და ამ პირველი შთაბეჭდილების წყალობით ჰგონიათ, რომ აქედან იბადება მასში იმ მანკიერებათა და სიქველეთა ჩანასახი, რომელიც მოწიფულ ასაკში იქნება მისთვის დამახასიათებელი.

თუ არ ვცდები, სწორედ აქაა დიდი შეცდომა.

უკან დაბრუნდით და ყურადღებით დააკვირდით ბავშვს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იგი დედის მკლავებშია; შეხედეთ, თუ როგორ ირეკლება გარე სამყარო მისი გონების ჯერ კიდევ ბუნდოვან სარკეში, თვალყური მიადევნეთ მის პირველ შთაბეჭდილებებს; ყური მიუგდეთ იმ პირველ სიტყვებს, რომლებიც ჯერ კიდევ მისი მთვლემარე გონების გაღვიძებას მოწმობს; დაბოლოს, ჩასწვდით იმ ბრძოლა-გამოცდებს, რომელთა ატანაც მას მოუწევს. მხოლოდ მაშინ გაიგებთ, თუ სად იღებს სათავეს ადამიანის რწმენები, ჩვევები და ვნებები, რომლებიც მას მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება. ადამიანი, შეიძლება ითქვას, უკვე აკვანშივე ყალიბდება, სრულ თავისთავადობას აკვანშივე იძენს.

ერებსაც რაღაც მსგავსი რამ ემართებათ. წარმომავლობა ყოველთვის იგრძნობა ხალხების ხასიათსა და ფსიქიკაში. გარემო, რომელშიც იბადება, ყალიბდება და ვითარდება ხალხი, გავლენას ახდენს მთელ მის მომავალზე.

საზოგადოებათა შექმნის დასაბამთან მიბრუნება და მათი ისტორიის პირველი ძეგლების ნახვა-შესწავლა რომ შეგვეძლოს, დარწმუნებული ვარ, მივაკვლევდით მათი რწმენების, ჩვეულებების თუ ვნებების პირველმიზეზს - ერთი სიტყვით, ყოველივე იმას, რაც ქმნის ეროვნულ ხასიათს. ჩვენ ასევე შევძლებდით, აგვეხსნა ის ადათებიც, რომლებიც თითქოს საპირისპიროა ამჟამად გაბატონებული ადათ-წესებისა; ის კანონებიც, რომლებიც თითქოს შეუთავსებელია ამჟამად აღიარებულ ნორმებთან; დღევანდელობისათვის შეუსაბამო ის მოსაზრებებიც, რომლებიც აქა-იქ კიდევ გვხვდება საზოგადოებაში იმ დაწყვეტილი ჯაჭვების მსგავსად, ძველი ნაგებობის თაღებზე ყოველგვარი დამჭერ-საყრდენის გარეშე რომაა შემორჩენილი. მხოლოდ ასე შეიძლებოდა აგვეხსნა ხვედრი ცალკეული ხალხისა, რომელსაც თითქოს უხილავი, თავად მათთვისაც უცნობი ძალა რაღაც მიზნისაკენ ეწევა. მაგრამ სადღეისოდ საზოგადოების ამგვარი ანალიზისათვის ფაქტები არ გვყოფნის; ხალხს სიბერის კვალობაზე ეუფლება საკუთარი თავის შეცნობის სურვილი, ამიტომ, როდესაც ბოლოს და ბოლოს ისინი უფიქრდებიან თავიანთი დასაბამის განჭვრეტის აუცილებლობას, უკვე გვიანაა - იგი ჟამთასვლის ბურუსითაა მოცული, ხოლო უვიცობასა და პატივმოყვარეობას მისთვის აუფარებია იგავების ნიღაბი, რომლის მიღმაც ჭეშმარიტება იფარება.

ამერიკა არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც შესაძლებელია საზოგადოების ბუნებრივ და მშვიდ განვითარებაზე დაკვირვება და სადაც ხერხდება ზუსტად განსაზღვრა იმ გავლენისა, რომელიც იქონია ადამიანთა წარმომავლობამ, მათმა დასაბამმა შტატების მომავალზე.

იმ ეპოქაში, როდესაც ევროპელები ახალი სამყაროს სანაპიროებზე გადასხდნენ, მათი ეროვნული ხასიათის ძირითადი ნიშნები უკვე კარგად ჩამოყალიბებული იყო; ყოველ ევროპელ ხალხს საკუთარი, სხვათაგან განსხვავებული სახე ჰქონდა; და რაკი ყოველ მათგანს უკვე მიეღწია ცივილიზაციის იმ დონისათვის, როცა ადამიანი მზადაა საკუთარი თავის შესასწავლად, ამდენად, მათ დაგვიტოვეს უტყუარი აღწერა თავიანთი შეხედულებების, ადათ-წესების და კანონებისა. ამის გამოა, რომ მეთხუთმეტე საუკუნეში მცხოვრები ადამიანები თითქმის ისევე კარგად არიან ჩვენთვის ცნობილნი, როგორც ჩვენივე თანამედროვენი. ამერიკა კი ნათლად გვიჩვენებს იმას, რაც ევროპის პირველყოფილი ადამიანების უვიცობამ თუ ბარბაროსობამ ჩვენს მზერას დაუფარა.

ჩვენი თანამედროვეების ნაწილი საკმაოდ ახლოს იყო იმ ეპოქასთან, როდესაც ამერიკული საზოგადოებები შეიქმნა და შეეძლო, დეტალურად გაეგო მათი ყოფის წვრილმანები. მაგრამ, იმავდროულად, ის საკმაოდ შორს აღმოჩნდა იმ დროისაგან, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა რეალურად შეეფასებინა მიღებული შედეგები; როგორც ჩანს, ეს წილად ხვდა მათ, ვინც კაცობრიობის ისტორიის მოვლენებს თავიანთ წინამორბედებზე შორს ჭვრეტდა. პროვიდენციამ ის ჩირაღდანი გვიბოძა, რომელიც ჩვენს მამებს აკლდა. ამით საშუალება მოგვეცა გამოგვერჩია ერთა არსებობის ის პირველმიზეზები, რომლებიც წარსულის წყვდიადმა ძველი თაობის მკვლევართ დაუმალა.

ამერიკის ისტორიის ყურადღებით შესწავლით, მისი პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის გულდასმით განხილვის შემდეგ ღრმად რწმუნდები შემდეგ ჭეშმარიტებაში: არ არსებობს არც ერთი აზრი, ჩვეულება, კანონი - მე ვიტყოდი, არც ერთი მოვლენაც კი, რომელიც, არცთუ დიდი გარჯით არ აიხსნას, თუ საზოგადოების პირველდასაბამი გვეცოდინება. ისინი, ვინც ამ წიგნს წაიკითხავენ, მიხვდებიან, რომ წინამდებარე თავში წარმოგიდგენთ ყოველივე იმის საფუძველს, რაზეც მომდევნო თავებში იქნება საუბარი. შეიძლება ითქვას, იგი თითქმის მთელი თხზულების გასაღებია.

ემიგრანტები, სხვადასხვა პერიოდში რომ ჩამოვიდნენ და დაიკავეს ის მიწები, ამჟამინდელი ამერიკის კავშირს რომ ქმნის, ერთმანეთისაგან დიდად განსხვავდებოდნენ; მათი მიზანიც ერთი არ იყო და ისინი, ბუნებრივია, მართვა-გამგეობის სხვადასხვა პრინციპებით ხელმძღვანელობდნენ.

ნათქვამის მიუხედავად, ამ ადამიანებს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო: ისინი ხომ ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

და მაინც, ყველაზე ძლიერი და გამძლე დამაკავშირებელი, რასაც ამ ადამიანთა გაერთიანება შეეძლო, იყო ენა. იმ დროს ჩამოსახლებული ყველა ემიგრანტი ერთსა და იმავე ენაზე - ინგლისურზე მეტყველებდა და ერთი ხალხის შვილები იყვნენ, შობილნი იმ ქვეყანაში, სადაც საუკუნეთა განმავლობაში ბობოქრობდა ბრძოლა სხვადასხვა პარტიათა შორის, სადაც სხვადასხვა დაჯგუფებები იძულებულნი იყვნენ რიგ-რიგობით ეთხოვათ მფარველობა კანონებისათვის. ამ ადამიანებმა პოლიტიკური აღზრდის მკაცრი სკოლა გაიარეს და ამიტომ მათ ბევრად უფრო უკეთ ესმოდათ ადამიანის უფლებათა ცნებები და ჭეშმარიტი თავისუფლების პრინციპები, ვიდრე ევროპის ხალხთა უმრავლესობას. პირველი ემიგრანტების დროს სათემო მმართველობა - ხელისუფლების თავისუფალ ინსტიტუტთა ეს ნაყოფიერი ჩანასახი - უკვე ღრმად იყო ფესვგამდგარი ინგლისელთა შეგნებასა და ჩვევებში; ხალხის სუვერენიტეტის პრინციპი ხომ თავად ტიუდორთა მონარქიაშიც იყო დამკვიდრებული.

იდგა რელიგიურ უთანხმოებათა ეპოქა - ქრისტიანული სამყარო ირყეოდა. ინგლისი გასაოცარი სიმძაფრით ჩაერთო ამ ახალ მოძრაობაში. მისი მკვიდრნი, რომლებიც ყოველთვის ხასიათის სიმძაფრითა და გონივრულობით გამოირჩეოდნენ, უფრო გამკაცრდნენ და მიდრეკილება გაუჩნდათ კამათისადმი. ინტელექტუალურმა პაექრობებმა განათლებისა და კულტურის განვითარება გამოიწვია. რელიგიაზე მსჯელობამ მათი ადათ-წესები და ხასიათი განწმინდა. ამ ერისათვის დამახასიათებელი ეს ზოგადი ნიშნები მეტ-ნაკლებად მათ შვილებსაც ახასიათებდათ, რომლებიც ბედის საძებრად ოკეანის გაღმა ნაპირებისაკენ გაეშურნენ. და მაინც, აქ მართებული იქნებოდა შენიშვნა: ზემოთ ნათქვამი გამოდგება არა მხოლოდ ინგლისელების, არამედ ფრანგების, ესპანელებისა და ყველა იმ ევროპელთა მიმართაც, რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით დამკვიდრდნენ ახალი სამყაროს ნაპირებზე (მოგვიანებით ამ საკითხს კვლავ მივუბრუნდებით). ყველა ევროპული კოლონია თუ განვითარებული დემოკრატიის ნიმუშს არ წარმოადგენდა, ყოველ შემთხვევაში, მასში დემოკრატიის ჩანასახი მაინც იგრძნობოდა. ეს ორი მიზეზით აიხსნება: შეიძლება ითქვას, რომ დედა-სამშობლოს დატოვებისას ემიგრანტთა დიდი უმრავლესობა საერთოდ არ განიცდიდა სხვების მიმართ რაიმე უპირატესობის გრძნობას. ცხადია, ქვეყნიდან გადახვეწილნი არ იყვნენ უზრუნველი და შეძლებული ადამიანები. ცნობილია, რომ ქვეყნად სიღარიბე და გაჭირვება საუკეთესო საწინდარია ადამიანთა შორის თანასწორობისა. მართალია, ისეც მომხდარა, რომ, პოლიტიკური თუ რელიგიური უთანხმოებების გამო, სახელოვანი ბატონებიც გადასახლებულან ამერიკაში. თავდაპირველად ახალშენებში შექმნეს ისეთი კანონები, რომლებიც სოციალურ იერარქიას ადგენდა. მაგრამ მალე ცხადი შეიქნა, რომ ამერიკული ყოფის ნიადაგი სრულიად შეუსაბამო იყო მიწათმფლობელი არისტოკრატიისათვის. გაირკვა, რომ ამ დაუმორჩილებელი მიწის დასამუშავებლად საჭირო იყო თავად მესაკუთრის მუდმივი და დაინტერესებული მცდელობა. მაგრამ ისე გამოდიოდა, რომ საუკეთესოდ დამუშავებული მიწის ნაკვეთების მოსავალიც კი არ ყოფნიდა მისი მეპატრონის თუ ფერმერის გამდიდრებას. ამიტომ, მიწა ნელ-ნელა ქუცმაცდებოდა პატარ-პატარა მამულებად, რომელთაც თავად მესაკუთრე მარტო ამუშავებდა. მიუხედავად ამისა, არისტოკრატია მაინც ცდილობდა მიწის შეძენას, მას ეჯაჭვებოდა და მასზე ფუძნდებოდა; არისტოკრატია წარმოიქმნება და არსებობს არა მხოლოდ პრივილეგიების საფუძველზე, ან წარჩინებული გვარისადმი კუთვნილებით, არამედ მიწის საკუთრებით, რომელიც მემკვიდრეობით გადაიცემა. ერთსა და იმავე ერში შეიძლება იყვნენ დიდძალი ქონების მფლობელნი და ძალზე ღარიბი ადამიანები; მაგრამ თუ ეს ქონება მიწას არ უკავშირდება, მაშინ ასეთ საზოგადოებაში იქნებიან ღარიბები და მდიდრები, მაგრამ არისტოკრატია, კაცმა რომ თქვას, არც იარსებებს.

ამრიგად, თავდაპირველად, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ინგლისურ ახალშენებს ერთი დიდი ოჯახის იერი ჰქონდა. გეგონებოდათ, ისინი იმისათვის შეიქმნა თავიდან, რომ თავისუფლების გამარჯვება ეზეიმათ, ოღონდ არა მათი დედა-სამშობლოს არისტოკრატიული თავისუფლებისა, არამედ ბურჟუაზიულ-დემოკრატიული თავისუფლება, რომლის სრული ნიმუშიც მსოფლიო ისტორიას ჯერ არ გააჩნდა.

ამ ზოგად ფონზე მაინც შეიმჩნეოდა ისეთი ძალზე მკაფიო ნიუანსები, რომლებზე მითითებაც აუცილებელია. დიდ ანგლო-ამერიკულ ოჯახში შეიძლება გამოვყოთ ორი ძირითადი შტო, რომლებიც აქამდე ისე ვითარდება, რომ არ მოხდა მისი სრული შერწყმა - ერთი სამხრეთითაა, მეორე ჩრდილოეთით.

პირველი ინგლისური ახალშენი გახლდათ ვირჯინია. ემიგრანტები იქ 1607 წელს ჩავიდნენ. იმ დროს ევროპაში ჯერ კიდევ ბატონობდა მოარული ცნობა, რომ ახალი სამყაროს მთავარი სიმდიდრე ოქროსა და ვერცხლის საბადოებია. ამ საბედისწერო აზრმა უფრო მეტად დააზარალა ევროპის ხალხები, რომლებიც ამ იდეით იყვნენ შეპყრობილნი და უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა ამერიკაში, ვიდრე ომმა და ცუდმა კანონებმა ერთად. ვირჯინიაში სწორედ ამიტომ გაგზავნეს ოქროს მაძიებლები - უპოვარი და ცუდი რეპუტაციის მქონე ადამიანები, რომელთა დაუდგრომელი და მოუსვენარი ბუნება ახლად დაარსებული ახალშენის სიმშვიდეს არღვევდა და მის მომავალს საფრთხეს უქადდა. ოქროს მაძიებლებს მიჰყვნენ მეწარმე-მრეწველები და მიწათმოქმედნი - უფრო ზნეობრივი და მშვიდი ადამიანები, თუმცა ისინი არაფრით აღემატებოდნენ ინგლისის საზოგადოების დაბალი ფენების დონეს. არც ერთი კეთილშობილური იდეა, არავითარი არამატერიალური წამოწყება არ ედო საფუძვლად ახალ დასახლებას. ის იყო ახალშენი დაფუძნდა და მონობაც დაამკვიდრეს. სწორედ ამ ძალზე არსებითმა ფაქტმა იქონია უდიდესი გავლენა მთელი სამხრეთი ამერიკის ხასიათზე, კანონებსა და მომავალზე.

მონობა, რომელსაც ჩვენ ქვემოთ ავხსნით, შრომას საძრახისს ხდის; იგი საზოგადოებაში ამკვიდრებს უქმად ყოფნას და ამ უკანასკნელთან ერთად უმეცრებასა და ქედმაღლობას, სიღატაკესა და ფუფუნებას. იგი აღიზიანებს გონებას, ღლის მის ძალებს და აქვეითებს ადამიანის აქტივობას. მონობის ზეგავლენა - შერწყმული ინგლისურ ხასიათთან - ხსნის სამხრეთის ზნე-ჩვეულებებსა და სოციალურ მდგომარეობას.

ჩრდილოეთით, იმავე ინგლისურ საფუძველზე დაყრდნობით, სრულიად საპირისპირო ნიშნები გამოვლინდა. აქ თავს უფლებას მივცემ, რამდენიმე დეტალზე შევჩერდე.

სწორედ ჩრდილოეთის ინგლისურ კოლონიებში, რომლებიც უფრო ახალი ინგლისის შტატების სახელითაა ცნობილი, შეიქმნა ის ორი თუ სამი ძირითადი პრინციპი, რომელსაც ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებრივი მოწყობის თეორია ეფუძნება.

თავდაპირველად ახალი ინგლისის პრინციპები მეზობელ შტატებში, შემდეგ კი სულ უფრო და უფრო შორს გავრცელდა, ქვეყნის ყველაზე შორეულ რეგიონებამდე მიაღწია და ბოლოს, თუ შეიძლება ასე გამოვთქვა, მთელ კონფედერაციას დაეპატრონა. ამჟამად ამ პრინციპების ზეგავლენა გასცდა კონფედერაციის საზღვრებს და ამერიკის მთელ კონტინენტს გადასწვდა. ახალი ინგლისის ცივილიზაცია ჰგავდა მთის წვერზე აგიზგიზებულ ცეცხლს, რომელიც ირგვლივ, თვით ჰორიზონტამდე, სითბოსა და ელვარე ნათებას ჰფენდა.

ახალი ინგლისის დაფუძნება სრულიად ახალი მოვლენა გახლდათ, მასში ყველაფერი ორიგინალური და უცნაური იყო.

თითქმის ყველა ახალშენის პირველბინადარნი იყვნენ ან გაუნათლებელი, თავაშვებული და უპოვარი ადამიანები, რომელთაც მშობლიური ქვეყნიდან გაჭირვება და დამნაშავეობა დევნიდა, ან ხარბი ჩარჩ-გადამყიდველები და გაქნილი საქმოსნები. არსებობს ისეთი კოლონიებიც, რომლებიც ასეთი წარმომავლობის პირებითაც კი ვერ დაიკვეხნიან: მაგალითად, სენ-დომინგო, რომელიც მეკობრეებმა დაარსეს. დღემდე ავსტრალიაში დასახლების პროცესს, ძირითადად, ინგლისის სასამართლოები წყვეტენ.

ახალი ინგლისის სანაპიროებზე დამკვიდრებული ემიგრანტები დედა-სამშობლოს შეძლებული ფენის წარმომადგენლები იყვნენ. ამერიკის მიწაზე მათი თავმოყრა იმთავითვე უჩვეულო მოვლენა იყო; გადმოსახლებისთანავე მათ შექმნეს საზოგადოება, რომელშიც არც დიდებულები ერთიანდებოდნენ და არც რიგითი ადამიანები, ანუ, ასე ვთქვათ, არც მდიდრები და არც ღარიბები; ამ ემიგრანტთა შორის, მათი საერთო რაოდენობის პროპორციულად, უფრო მეტი განათლებული იყო, ვიდრე ჩვენი დროის რომელიმე ნებისმიერი ევროპული ქვეყნის მოსახლეობაშია. თითქმის ყველა მათგანმა - გამონაკლისის გარეშე, საკმაოდ კარგი განათლება მიიღო. მრავალმა თავისი ნიჭითა და განსწავლულობით სახელი გაითქვა ევროპაში. სხვა ახალშენები კი, როგორც ითქვა, უთვისტომო ავანტიურისტების მიერ იქნა დაფუძნებული; ახალი ინგლისის ემიგრანტებს ახასიათებდათ ჩინებული წესრიგისა და ზნეობის ელემენტები; უკაცრიელ ადგილებში ისინი ცოლ-შვილთან ერთად მკვიდრდებოდნენ. მაგრამ ის, რაც მათ ყველა სხვა კოლონიის მცხოვრებთაგან განსაკუთრებულად განასხვავებდა, გახლდათ თავად მიზანი, რისთვისაც ისინი გადასახლდნენ ამერიკაში. სამშობლოს დატოვება ნაკარნახევი არ იყო უკიდურესი ყოფითი აუცილებლობით; ისინი იქაც საკმაოდ მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას და უზრუნველ საშუალებებს ტოვებდნენ, რაც სინანულის გარეშე არ დაითმობოდა; ახალი სამყაროსაკენ სრულიადაც არ მიისწრაფოდნენ თავიანთი საზოგადოებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ან ქონების გასაზრდელად. საკუთარი მიწა-წყლის სითბოზე უარს იმიტომ ამბობდნენ, რომ, თავიანთი შეხედულებების მორჩილნი, გონების ხმას მისდევდნენ, გადასახლების თანამდევ გაჭირვებებს იტანდნენ, რათა თავიანთი იდეის გამარჯვებისათვის მიეღწიათ და მიზნის აღსრულების ტრიუმფი ეზეიმათ.

ემიგრანტები ან - როგორც ისინი სრულიად მართებულად უწოდებდნენ საკუთარ თავს - პილიგრიმები ინგლისში იმ სექტას მიეკუთვნებოდნენ, რომელიც ზნეობრივ პრინციპთა სიმკაცრის გამო პურიტანულად იწოდებოდა. პურიტანიზმი მხოლოდ რელიგიური დოქტრინა როდი გახლდათ; თავისი იდეებით იგი მრავალ საკითხსა და მოსაზრებაში ყველაზე უფრო თამამ დემოკრატიულ და რესპუბლიკურ თეორიებს ემთხვეოდა; ამის გამო მას ძალზე სახიფათო მოწინააღმდეგეებიც გაუჩნდა. მშობლიურ მიწა-წყალზე მთავრობა პურიტანებს დევნიდა; მათ მკაცრ ზნეობრივ შეხედულებებს შეურაცხყოფდა ყოველდღიური ყოფა იმ საზოგადოებისა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ. და აი, პურიტანებმა დაიწყეს ისეთი შორეული და ველური ქვეყნის ძიება, სადაც თავისუფლად შეეძლებოდათ ცხოვრება და ლოცვა მათივე პრინციპების მიხედვით.

რამდენიმე ციტატა უფრო უკეთ გაგვაგებინებს ამ თავგადასავალთა მაძიებელი ღვთისმოსავების სულისკვეთებას, ვიდრე ყოველივე ის, რაც ჩვენ თავად შეგვეძლო გვეთქვა მათ შესახებ.

ნათანიელ მორტონი, რომელმაც შეისწავლა ახალი ინგლისის ისტორიის პირველი წლები, თავის თხრობას იწყებს ასე: „ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჩვენ, ვისი მამებიც ამ ახალშენის დაარსებისას მოწმენი გახდნენ ღვთის წყალობის ესოდენ მრავალჯერ და ესოდენ ღირსსახსოვარი გამოვლინებებისა, უნდა უკვდავყოთ უფლის ეს ღვთიური წყალობა იმით, რომ დავწეროთ მათ შესახებ. ის, რისი მოწმენიც ჩვენ თავად გავხდით და ისიც, რაც ჩვენი მამებისაგან მოვისმინეთ, ვალდებული ვართ, გადავცეთ ჩვენს შვილებს, რათა მომავალმა თაობებმა ისწავლონ ღვთის მიმართ დიდებით გალობის აღვლენა: `შთამომავალნო აბრაამისა, მისი მორჩილისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო, გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და სამართალნი მისთა ბაგეთა“ (ფსალმუნი, 104, 6, 5). მათ უნდა გაიგონ, თუ როგორ „გამოატარა ღმერთმა უდაბნოში ვაზი, დარგო იგი და განდევნა წარმართები; ეგვიპტიდან ვაზი გამოიტანე, განდევნე ხალხები და დარგე ის, გაწმინდე მის წინ, გაადგმევინე ფესვები და მან აავსო ქვეყანა“ (ფსალმუნი, 79, 9, 10); მათ უნდა იცოდნენ არა მხოლოდ ეს, არამედ ისიც, თუ როგორ მიჰყავდა მას მშობლიური ხალხი თავის წმინდა საუფლოში: „შეიყვანე და დააფუძნე იგი შენს სამკვიდრო მთაზე, იმ ადგილას, შენს დასასვენებლად რომ შეჰქმენი, უფლის საწმიდარში, შენი ხელით რომ დაამყარე, მეუფევ“ (გამოსვლა, თ. 15, 17). უფლის ეს საქმენი ყველასათვის ცნობილი უნდა იყოს, რათა მათ გამო ღირსებისამებრ ეთაყვანონ ღმერთს, რათა მისი დიდების თუნდაც რამდენიმე სხივმა გააბრწყინოს იმ წმინდანთა პატივსაგები სახელები, რომლებიც მას ემსახურნენ.

ამ დასაწყისის წაკითხვისას შეუძლებელია თქვენდაუნებურად არ განიმსჭვალოთ რელიგიური რწმენის ამაღლებული განწყობით; გეგონებათ, ამ პწკარებიდან ბიბლიური სიძველის სული გადმოდის ჩვენზე და ღვთაებრივი სურნელი იფრქვევა.

ღვთის რწმენა, რომელიც გზას უნათებდა პილიგრიმებს, მწერალს აღაფრთოვანებს, მის მხატვრულ სტილს ამაღლებს. თქვენს თვალში ისინი აღარ გამოიყურებიან ავანტიურისტ მაძიებელთა პატარა ჯგუფებად, ბედის საძებრად ზღვებს იქით რომ გაეშურნენ; თითქოს ისინი იქცნენ იმ თესლად, ღმერთმა თავისი ხელით რომ ჩათესა მის მიერ წინასწარ გამზადებულ მიწაზე, რათა სამყაროში ახალი დიდი ხალხი დაბადებულიყო.

ავტორი განაგრძობს და აღწერს პირველ ემიგრანტთა გამგზავრებას: „ასე დატოვეს ის ქალაქი (დელფტ-ჰალეპტი), სადაც მათ შეისვენეს; ისინი სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ; იცოდნენ, რომ პილიგრიმები იყვნენ და უცხო ქვეყანას ეხიზნებოდნენ. არაფერი აკავშირებდა მათ მიწიერ სამყაროსთან, მათი მზერა იყო მიპყრობილი ზეცისკენ - ძვირფასი სამშობლოსაკენ - სადაც ღმერთმა თავისი წმინდა ქალაქი მოუმზადა მათ. დაბოლოს, ისინი ჩავიდნენ იმ ნავსადგურში, სადაც ხომალდი ელოდებოდა. მრავალმა მეგობარმა, ვინც ვერ შეძლო მათთან ერთად გამგზავრება, აქამდე მოაცილა. უძილო ღამემ მეგობრულ საუბრებში, ღვთისმოსავ გალობასა და ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულის სხვადასხვაგვარ გამოვლინებებში განვლო. მეორე დილით ისინი გემზე ავიდნენ; მეგობრები აქაც აჰყვნენ; გაისმა ღრმა ოხვრის ხმა, ყველას თვალიდან ცრემლი წასკდა, ერთმანეთს ეხვეოდნენ და მხურვალედ ლოცულობდნენ. მან გარეშე მოწმეებიც კი ააღელვა. როდესაც გამგზავრების სიგნალი გაისმა, პილიგრიმები მუხლებზე დაეცნენ, პასტორმა ცრემლით სავსე თვალები ზეცისაკენ აღაპყრო და ისინი უფლის წყალობას მიანდო. ბოლოს, ყველა დაემშვიდობა ერთმანეთს, ბევრი მათგანისათვის ეს გამოთხოვება უკანასკნელიც კი იყო“.

ემიგრანტების რაოდენობა დაახლოებით ასორმოცდაათ კაცს შეადგენდა, მათ შორის იყვნენ ქალებიც და ბავშვებიც. მათი გამგზავრების მიზანი იყო ახალშენის დაარსება მდ. ჰუდსონის სანაპიროებზე, მაგრამ ოკეანეში ხანგრძლივი ყიალის შემდეგ, იძულებულნი შეიქნენ, ახალი ინგლისის სანაპიროებზე გადასულიყვნენ იმ ადგილას, სადაც ამჟამად ქალაქი პლიმუთი მდებარეობს. მნახველებს დღემდე უჩვენებენ იმ სანაპირო კლდეს, სადაც პილიგრიმები გადასხდნენ. „მაგრამ ვიდრე თხრობას განვაგრძობდეთ, - წერს ჩემ მიერ ციტირებული ისტორიკოსი - ერთი წამით შევეცადოთ, რათა ამ საბრალო ადამიანთა მდგომარეობა წარმოვიდგინოთ და შევძლოთ განცვიფრება ღვთის იმ წყალობით, რომელმაც იხსნა ისინი.“

ამრიგად, „ვრცელი ოკეანის გადაცურვის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს მათ მიაღწიეს თავიანთი მოგზაურობის მიზანს, ფეხი შედგეს ახალ სამყაროში. მაგრამ იქ მათ არც მეგობრები დახვედრიან, არც თავშესაფარი ჰქონიათ. შუაგული ზამთარი იდგა; ვისთვისაც ცნობილია, თუ რა მკაცრი ზამთარი და ძლიერი ქარიშხლები იცის ამ დროს ჩვენს მხარეებში, მან ჩინებულად უწყის, რომ ნაცნობ ადგილებამდე მიღწევაც კი ჭირს; რაოდენ გაუსაძლისი იქნებოდა დაფუძნება ახალ, უკაცრიელ სანაპიროებზე; მათ ირგვლივ მხოლოდ საზარელი და პირქუში, მტაცებელი ცხოველებითა და ველური ადამიანებით სავსე უდაბნო გადაშლილიყო. ახალმოსულთ დამხვდურთა რაოდენობასა და სიველურეზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. გაყინული მიწა ხეებითა და ბუჩქნარით იყო დაფარული. ყველაფერს გატყიურებული, შემაძრწუნებელი იერი ჰქონდა. პილიგრიმებს ზურგს უკან ბორგავდა უკიდეგანო ოკეანე, რომელიც მათ ცივილიზებული სამყაროსაგან აცილებდა. ცოტაოდენი სიმშვიდისა და იმედის მოსაპოვებლად, იმედად მხოლოდ ზეცისაკენ მზერის მიპყრობაღა რჩებოდათ.“

არ უნდა დავიჯეროთ, რომ პურიტანთა ღვთისმოსაობა მხოლოდ გონებაჭვრეტითი, სპეკულაციური რწმენაა, ან ის, რომ ისინი სრულიად მოსწყდნენ მიწიერ საქმეებს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, პურიტანიზმი თითქმის იმდენადვე იყო პოლიტიკური თეორია, რამდენადაც ის რელიგიური დოქტრინა გახლდათ. ის-ის იყო ემიგრანტები ნათანიელ მორტონის მიერ აღწერილ იმ არასტუმართმოყვარე სანაპიროზე გადასხდნენ, რომ მათი პირველი საზრუნავი საზოგადოებად ჩამოყალიბება შეიქნა. დაუყოვნებლივ შეიმუშავეს ხელშეკრულება, რომელშიც ნათქვამია:

„ჩვენ ქვემორე ხელისმომწერნი, ვინც, ღვთის თაყვანისაცემად, ქრისტიანული სარწმუნოების გასავრცელებლად და ჩვენი სამშობლოს სადიდებლად, განვიზრახეთ ამ შორეულ ნაპირებზე ახალშენის შექმნა, წინამდებარე აქტით ღვთის წინაშე საზეიმოდ და სრული თანხმობით ვაცხადებთ: გადავწყვიტეთ, გავერთიანდეთ პოლიტიკურ საზოგადოებად ჩვენივე თავის მართვის მიზნითა და საკუთარ ზრახვათა განსახორციელებლად. ამ ხელშეკრულების ძალით, ჩვენ შევთანხმდით, რომ შევადგენთ კანონებს, გამოვცემთ განკარგულებებს, აქტებს; საჭიროების მიხედვით შევქმნით მაგისტრატურებს, რომელთაც, ვდებთ პირობას, დავემორჩილებით და გავყვებით.“

იდგა 1620 წელი. ამ ხნიდან მოყოლებული ინგლისიდან ემიგრაცია არ შეწყვეტილა. ჩარლზ I-ის მეფობის დროს რელიგიური და პოლიტიკური ვნებები, რომლებიც ბრიტანეთის იმპერიას ფლეთდა, ყოველწლიურად სექტანტთა ახალ-ახალ ჯგუფებს მიერეკებოდა ამერიკის სანაპიროებისაკენ. ინგლისში პურიტანიზმის ძირითადი კერა კვლავინდებურად საშუალო ფენა იყო, ასე რომ, ადამიანთა უმრავლესობაც სწორედ ამ წიაღიდან მიედინებოდა. ახალი ინგლისის მოსახლეობა სწრაფად იზრდებოდა და იმ დროს, როდესაც დედა-სამშობლოში რანგობრივი იერარქია ჯერ კიდევ დესპოტურად მიჯნავდა ადამიანებს ერთმანეთისაგან, ახალშენი ყველა მიმართებით სულ უფრო და უფრო ერთფეროვანი, თანასწორი საზოგადოების სურათს ქმნიდა. დემოკრატია იმ სახით, რომელზეც ანტიკურმა სამყარომ ოცნებაც კი ვერ გაბედა, ძველი ფეოდალური საზოგადოების წიაღიდან გასხლტა. მთელი სიდიადით კმაყოფილი და ყოველმხრივ აღჭურვილი ინგლისის მთავრობა თვლიდა, რომ ქვეყანას სცილდებოდა უწესრიგობის ბაცილები და მოსალოდნელი რევოლუციების ელემენტები, ამიტომაც მშვიდად უყურებდა თავისი ხალხის ამ მრავალრიცხოვან ემიგრაციას; მთავრობა ყველა საშუალებით ხელს უწყობდა მათ; გეგონებოდათ, არც ადარდებდა იმათი ბედი, ვინც მკაცრი ინგლისური კანონებისაგან თავის დასაღწევად ამერიკის მიწაზე თავშესაფარს ეძებდა. იტყოდით, რომ იგი ახალ ინგლისს აღიქვამდა წარმოსახვისა და ოცნებათა მხარედ, რომელიც ნოვატორთა თავისუფალი ექსპერიმენტებისათვის უნდა დაენებებინათ.

ინგლისური ახალშენები - და ეს გახლდათ მათი აყვავების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი - ყოველთვის დიდი შინაგანი თავისუფლებითა და მეტი პოლიტიკური დამოუკიდებლობით სარგებლობდნენ, ვიდრე სხვა ქვეყანათა კოლონიები. თავისუფლების პრინციპი ქვეყნის არც ერთ ნაწილში ისე პირნათლად არ ხორციელდებოდა, როგორც ეს ხდებოდა ახალი ინგლისის შტატებში. იმხანად, საერთოდ, მიღებული იყო შემდეგი: ახალი სამყაროს ტერიტორია ხდებოდა კუთვნილება იმ ევროპული ნაწილისა, რომელიც პირველი დაადგამდა ფეხს ამ მიწას.

ასე იქცა XVI საუკუნის ბოლოს ინგლისის საკუთრებად ჩრდილოეთ ამერიკის თითქმის მთელი სანაპირო. ამ ახალი ტერიტორიების დასასახლებლად ბრიტანეთის მთავრობა სხვადასხვა საშუალებას მიმართავდა: ზოგჯერ, ინგლისის მეფე ახალი სამყაროს გარკვეულ ნაწილს უქვემდებარებდა თავის მიერ დანიშნულ მმართველს, რომელსაც მეფის სახელითა და მისი უშუალო განკარგულებების თანახმად უნდა ემართა ეს მხარე. ასეთი კოლონიური სისტემა მიღებული იქნა დანარჩენ ევროპაშიც. ზოგ შემთხვევაში მეფე მიწის ნაწილს კერძო პირს, ან კომპანიას აძლევდა საკუთრებაში. ასე რომ, მთელი სამოქალაქო და პოლიტიკური ძალაუფლება ერთი ან რამდენიმე პირის ხელში გადადიოდა; ეს უკანასკნელნი, სამეფო ტახტის ზედამხედველობითა და კონტროლით, ყიდდნენ მიწებს და მართავდნენ, ახალმოსახლეობას. დაბოლოს, მესამე სისტემის თანახმად, ემიგრანტთა გარკვეულ რაოდენობას უფლება ეძლეოდა შეექმნათ პოლიტიკური საზოგადოება დედა-სამშობლოს მფარველობითა და თვითმმართველობის იმ უფლებებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებოდა მონარქიის კანონებს.

კოლონიზაციის ეს ფორმა - ესოდენ ხელსაყრელი თავისუფლებისათვის, რეალურად, მხოლოდ ახალ ინგლისში განხორციელდა. ამგვარი ქარტია უბოძა 1628 წელს ჩარლზ I-მა მასაჩუსეტსის ახალშენის დასაფუძნებლად მიმავალ ემიგრანტებს.

საერთოდ კი, ახალი ინგლისის კოლონიებს ქარტიებს უბოძებდნენ ხოლმე მათი დაარსებიდან საკმაოდ გვიან, როდესაც ახლშენის არსებობა უკვე სახეზე იყო. ქალაქები: პლიმუთი, პროვიდენსი, ნიუ-ჰეივენი, აგრეთვე, კონეკტიკუტისა და როდ-აილენდის შტატები შეიქმნა დედა-სამშობლოსაგან ყოველგვარი ხელშეწყობისა და, ფაქტობრივად, მისი ნებართვის გარეშე. ახალ მოსახლეებმა თავიანთი საზოგადოებები შექმნეს დამოუკიდებლად, ისე, რომ მეტროპოლიისათვის არავითარი უფლებამოსილება არც უთხოვიათ და არც მიუღიათ, თუმცა მის უზენაესობას არ უარყოფდნენ. მხოლოდ ოცდაათი-ორმოცი წლის შემდეგ, უკვე ჩარლზ II-ის მეფობის დროს, სამეფო ქარტიამ მათი არსებობა დააკანონა.

ამგვარად, როდესაც ახალი ინგლისის ისტორიისა და კანონმდებლობის პირველ დოკუმენტებს ვეცნობით, ხშირად ჭირს შემჩნევა იმ კავშირისა, ემიგრანტებს თავიანთ წინაპართა ქვეყანასთან რომ აკავშირებდა. ყოველ ნაბიჯზე აწყდებით მათი სუვერენიტეტის აქტის გამოვლინების ფაქტებს; ისინი თავად ნიშნავდნენ თავიანთ მოხელეებს, დებდნენ ზავს და აცხადებდნენ ომს, აწესრიგებდნენ პოლიციის ქმედებას, იღებდნენ კანონებს; ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ისინი მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის განკარგულებაში იყვნენ.

ყველაზე უჩვეულო და იმავდროულად ერთობ ყურადსაღები ამ ეპოქის კანონმდებლობა გახლავთ. არსებითად, სწორედ მასშია გასაღები იმ დიდი გამოცანისა, რომელსაც ამჟამად მთელი მსოფლიოსათვის ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს.

აღნიშნულ ისტორიულ დოკუმენტთა შორის განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ კონეკტიკუტის პატარა შტატის მიერ 1650 წელს გამოცემული კანონთა კოდექსი, როგორც ყველაზე ნიშანდობლივი იმ პერიოდისათვის.

თავდაპირველად კონეკტიკუტის კანონმდებლები შეუდგნენ სისხლის სამართლის კანონთა შექმნას. მუშაობის პროცესში მათ დაებადათ ძალზე უცნაური აზრი - კანონთა შედგენის დროს პირველწყაროდ წმინდა წერილები გამოეყენებინათ.

„ვინც თაყვანს სცემს სხვა ღმერთს, გარდა უფალი ჩვენი ღმერთისა, სიკვდილით დაისჯება“.

მსგავსად ამისა, მომდევნო ათი თუ თორმეტი დებულებაც სიტყვა-სიტყვით იქნა აღებული მეორე სჯულის, გამოსვლის და ლევიანთა ტექსტებიდან.

კანონით სიკვდილით ისჯებოდა ღვთისგმობა, ჯადოქრობა, მრუშობა; მშობლებისათვის ვაჟიშვილის მიერ მიყენებული შეურაცხყოფაც იმავე სასჯელს ითვალისწინებდა. ასე იქნა გადატანილი მკაცრი და სანახევროდ ცივილიზებული ხალხის კანონმდებლობა განათლებული საზოგადოების წიაღში, რომლის ზნეები შედარებით ჰუმანური იყო; ამიტომ იყო, რომ კანონთა კოდექსში სასიკვდილო განაჩენი ფართოდ არ ყოფილა გათვალისწინებული; ეს სასჯელი იშვიათად გამოიყენებოდა დამნაშავეთა მიმართ.

სისხლის სამართლის კანონთა კოდექსის შედგენის დროს კანონმდებლების განსაკუთრებული საზრუნავი გახლდათ ზნეობრივი წესრიგისა და კეთილი ზნეების შენარჩუნება საზოგადოებაში. ამიტომ ისინი გამუდმებით ტრიალებდნენ სულიერებისა თუ სინდისის სფეროში. თითქმის არ არსებობდა არც ერთი ისეთი ცოდვა, რომელიც კანონმდებლებს სასამართლოს ცენზურის საგნად არ ექციათ. აქვე შევნიშნავთ, რომ, მართალია, აღნიშნული კანონით მრუშობა და გაუპატიურება უდიდესი სიმკაცრით ისჯებოდა, მაგრამ არანაკლები ყურადღება ეთმობოდა თვით ძალზე უბრალო ურთიერთობის აღკვეთასაც კი ქორწინებაში არმყოფ პირთა შორის. მოსამართლე უფლებამოსილი იყო, ბრალდებულთა მიმართ გამოეყენებინა ერთ-ერთი ამ სასჯელთაგანი: ფულადი ჯარიმა, გაროზგვა ან დაქორწინება. თუ ნიუ-ჰევენის იმდროინდელ მოსამართლეთა ოქმებს დავუჯერებთ, ამგვარი საქმეები იშვიათობა არ იყო. 1680 წლის 1 მაისის სასამართლო განაჩენით ერთ ყმაწვილ ქალს დაეკისრა ფულადი ჯარიმა და მკაცრად დატუქსვა მხოლოდ იმის გამო, რომ რამდენიმე არამოკრძალებული სიტყვა უთხრა ახალგაზრდა კაცს და კოცნის ნება დართო. 1650 წლის კოდექსი უხვად შეიცავს მორალურ გამაფრთხილებელ ზომებს. მაგალითად, ამ კანონთა თანახმად, სიზარმაცე და ლოთობა მკაცრ სასჯელს ექვემდებარებოდა. მედუქნეებს უფლება არ ჰქონდათ, კანონით დაშვებულ რაოდენობაზე მეტი ღვინო მიეცათ მომხმარებლისათვის; უბრალო ტყუილიც კი, თუ მას ვინმესათვის შეიძლებოდა ზიანი მიეყენებინა, ფულადი ჯარიმით ან გაროზგვით ისჯებოდა. კანონმდებლებმა ერთგვარად დაივიწყეს კიდეც, რომ ევროპაში რელიგიური თავისუფლების დიად პრინციპებს თავად იცავდნენ და ახლა ახალ სამყაროში ადამიანებს ღვთის მსახურებაზე დასწრებას ჯარიმის შიშით აიძულებდნენ. ამისათვის სასჯელის საკმაოდ მკაცრ ზომებსაც აწესებდნენ. ხშირი იყო შემთხვევები იმ ქრისტიანების სიკვდილით დასჯისაც, ვინც უფლის მიმართ ლოცვას მათგან განსხვავებული ფორმითა და სიტყვებით აღავლენდა. ყველასა და ყველაფერის მოწესრიგებისაკენ ამ კანონმდებელთა სწრაფვა ზოგჯერ იქამდე მიდიოდა, რომ ისინი მათთვის შეუფერებელ საქმეებსაც კი იხილავდნენ. მაგალითად, იმავე კოდექსის ერთი კანონი კრძალავს თამბაქოს გამოყენებას. ყოველივე ამის მიუხედავად, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ეს უცნაური თუ ტირანული კანონები იძულებით არ მიიღებოდა: მათ იწონებდნენ დაინტერესებულ პირთა თავისუფალი კენჭისყრის საფუძველზე; ამ საზოგადოებაში ზნე-ჩვეულებები კანონებზე უფრო მკაცრი და პურიტანული იყო. მაგალითად, 1649 წელს ბოსტონში შეიქმნა ოფიციალური ასოციაცია, რომლის მიზანიც გახლდათ ბრძოლა გრძელი თმის ტარების წინააღმდეგ, რადგან იგი საერო ფუფუნებად მიიჩნეოდა.

ამგვარი გადახრები, ცხადია, გონიერი ადამიანისათვის სათაკილოა. ისინი ჩვენს ნაკლოვან ბუნებას ადასტურებენ, რომელსაც არ ძალუძს ბოლომდე გააცნობიეროს ჭეშმარიტი და სამართლიანი, რის გამოც ხშირად ადამიანი იძულებულია ორი უკიდურესობიდან ერთი აირჩიოს.

სისხლის სამართლის აღნიშნული კანონმდებლობის თანადროულად, რომელშიც ესოდენ ძლიერად აისახა როგორც შემდგენელთა შეზღუდული აზროვნება, ისე დევნით გამძაფრებული რელიგიური ვნებები, რომლებიც კვლავ დუღდა ადამიანთა სულის სიღრმეში, გარკვეულწილად, იმავე სულისკვეთებით გაჯერებული პოლიტიკური კანონების კრებულიც გამოჩნდა. ორასი წლის წინათ შედგენილი ეს კანონები თავისუფლების მძაფრი ნიშანდობლიობით ბევრად უსწრებს ჩვენი დროის კოდექსისათვის დამახასიათებელ თავისუფლების სულისკვეთებას.

კონსტიტუციათა ზოგადმა პრინციპებმა, რომელთაც XVII საუკუნის ევროპელთა უმრავლესობა ძლივს აცნობიერებდა, მხოლოდ ნაწილობრივ მოიპოვა გამარჯვება იმდროინდელ დიდ ბრიტანეთში. ახალი ინგლისის კანონებით სრულად იქნა აღიარებული და დადგენილი: ხალხის მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმეებში, თავისუფალი კენჭისყრა გადასახადების დაწესებისათვის, ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე, პირადი თავისუფლება და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - ერთხმად, ყოველგვარი დისკუსიის გარეშე, რეალურად იქნა მიღებული ახალ ინგლისში.

აქ ამ ძირითადმა პრინციპებმა ისეთი გამოყენება და განვითარება ჰპოვა, რომლის მსგავსიც ჯერ ევროპის ვერც ერთ ხალხს ვერ გაებედა.

კონეკტიკუტის შტატის საარჩევნო კორპუსი თავდაპირველად შტატის ყველა მცხოვრებისაგან შედგებოდა. ეს სავსებით გასაგებია, რადგან ამ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ბატონობდა ქონებრივი და, კიდევ უფრო მეტად, ინტელექტუალური თანასწორობა.

იმ დროს კონეკტიკუტის აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა თანამდებობა - შტატის გუბერნატორის ჩათვლით - არჩევითი იყო.

თექვსმეტი წლის ასაკზე უფროს ყველა მოქალაქეს იარაღის ტარება ევალებოდა; ისინი ქმნიდნენ სახალხო მილიციას, თავიანთივე წრიდან თავად ირჩევდნენ ოფიცრებს და სამშობლოს დასაცავად მუდამ მზად იყვნენ.

კონეკტიკუტის კანონებში, ისე როგორც ახალი ინგლისის ყველა კანონში, ჩანს დასაბამი და განვითარება იმ სათემო დამოუკიდებლობისა, რომელიც დღემდე გვევლინება ამერიკული თავისუფლების პრინციპად და ცხოვრების წესად.

ევროპის ხალხთა უმრავლესობაში პოლიტიკური სიცოცხლე ისახებოდა საზოგადოების უმაღლეს წრეებში და შემდეგ თანდათან, ნაწილ-ნაწილ ვრცელდებოდა სოციალური იერარქიის სხვადასხვა საფეხურზე.

ამერიკაში კი პირიქით ხდებოდა: შეიძლება ითქვას, რომ ოლქამდე კომუნა, შტატამდე ოლქი, ხოლო კავშირამდე შტატი შეიქმნა.

1650 წლისათვის ახალ ინგლისში კომუნა სრულად და საბოლოოდ ჩამოყალიბდა. კომუნის ინდივიდუალობა აერთიანებდა და მჭიდროდ აკავშირებდა ერთმანეთთან ადამიანთა ინტერესებს, ვნებებს; მყარად შეკრული თემი ერთად ახორციელებდა და იცავდა საკუთარ უფლებებს და აღასრულებდა მოვალეობებს. კომუნის წიაღში დუღდა აქტიური პოლიტიკური ცხოვრება - ჭეშმარიტად დემოკრატიული და რესპუბლიკური სულისკვეთების მქონე. ახალშენები ჯერ კიდევ აღიარებდნენ მეტროპოლიის უზენაესობას; კანონებს მათ [ახალშენებს] კვლავ მონარქია კარნახობდა, მაგრამ თავად კომუნაში აღმოცენებული რესპუბლიკა სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა.

ყველა რანგის თანამდებობის პირს კომუნა თავად ირჩევდა, თავადვე ადგენდა გადასახადებს, თემის გამოსაღებ ბეგარასაც იწესებდა და მოსაკრებელსაც იღებდა. ახალი ინგლისის კომუნაში წარმომადგენლობითი ორგანოს შესახებ კანონი არ არსებობდა. ათენის აგორას მსგავსად, საკითხებს, რომლებიც პასუხობდა ყველას ინტერესს, მოქალაქეები იხილავდნენ სახალხო მოედანზე ან საერთო კრებაზე.

როდესაც ყურადღებით სწავლობთ იმ კანონებს, რომლებიც ამერიკულმა რესპუბლიკებმა თავიანთი დაარსების პირველ ხანებში მიიღეს, უნებურად, გაოცებული რჩებით კანონმდებლების მმართველობითი სიბრძნითა და მოწინავე თეორიების დამკვიდრებით.

აშკარაა, ამერიკელი კანონმდებლები თვლიდნენ, რომ საზოგადოების მოვალეობები უფრო ფართო უნდა ყოფილიყო, ამაღლებული და სრულყოფილი. ამ მხრივ ისინი განსხვავდებოდნენ იმდროინდელი ევროპელი კანონმდებლებისაგან, რომლებიც იმდენად მაღალ მოთხოვნებს უყენებდნენ საზოგადოებას, რომ მათს შესრულებას ქვეყნის ბევრ რეგიონში თავს არიდებდნენ. ახალი ინგლისის შტატებში იმთავითვე საზოგადოება ინახავდა ღარიბებს; ტარდებოდა მკაცრი ზომები იმისათვის, რომ გზები ყოფილიყო მოწესრიგებული, რისთვისაც საგანგებოდ ინიშნებოდნენ ზედამხედველები. კომუნას ჰქონდა საჯარო ჩანაწერების წიგნები, სადაც აღნუსხავდნენ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა საკითხის შესახებ, კომუნის წევრთა გარდაცვალების, ქორწინებისა და დაბადების აქტებს; აღნიშნულ ჩანაწერებს აკეთებდნენ საგანგებოდ დანიშნული სასამართლოს მდივნები. თავისუფალი მემკვიდრეობის განკარგვაც საგანგებო მოხელეებს ევალებოდათ, ოღონდ მემკვიდრეობით გადაცემული მამულის ზღვრებს სხვა ჩინოვნიკები ადევნებდნენ თვალყურს; მრავალი თანამდებობის პირის ძირითადი მოვალეობა გახლდათ საზოგადოებრივი სიმშვიდის შენარჩუნება კომუნაში.

კანონი უყურადღებოდ არ ტოვებდა წვრილმანსაც კი, იგი შეიცავდა ათასობით დეტალს, რათა არაფერი გამორჩენოდა და დაეკმაყოფილებინა სოციალურ მოთხოვნილებათა უზარმაზარი ოდენობა. ამის შესახებ ჩვენს დროშიც კი ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ საფრანგეთში. ამერიკული ცივილიზაციის თვითმყოფადი ხასიათი იმთავითვე მკაფიოდ გამოვლინდა იმ დადგენილებებში, რომლებიც ეხებოდა სახალხო განათლებას. კანონში ნათქვამია:

„ვითვალისწინებთ რა, რომ სატანა, ადამიანის მოდგმის მტერი, ყველაზე ძლიერ საყრდენს ადამიანთა უვიცობაში პოულობს, ჩვენი ზრუნვის საგანია შემდეგი: ჩვენმა მამებმა საფლავში არ წაიღონ ის ცოდნა, რომელიც მათ აქ ჩამოიტანეს. ამიტომ, ვთვლით, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი მიზანია ბავშვთა აღზრდა, ღვთის შეწევნით [...].“ შემდეგ მოცემულია განკარგულებები სკოლების შექმნის თაობაზე ყველა კომუნაში. ამ სკოლების შენახვას დიდი ჯარიმის შიშით ავალდებულებდნენ მოსახლეობას. უფრო მჭიდროდ დასახლებულ ოლქებში იმავე წესით შეიქმნა უმაღლესი სკოლები. საჯარო მოხელეებს ევალებოდათ თვალყურის დევნება მშობლებზე, რათა მათ შვილები გაეგზავნათ სკოლებში და დაეჯარიმებინათ ისინი, ვინც უარს იტყოდა აღნიშნული მოთხოვნის შესრულებაზე. როცა ეს ღონისძიება არ ჭრიდა ოჯახზე, მოზარდის სწავლებას თავის თავზე იღებდა საზოგადოება, ოღონდ ბავშვი მიჰყავდათ ოჯახიდან - მამებს ერთმეოდა ბუნების მიერ მათთვის ბოძებული უფლება, რაკი ისინი ესოდენ ცუდად იყენებდნენ მას. მკითხველი უთუოდ მიაქცევდა ყურადღებას აღნიშნულ განკარგულებათა პრეამბულას: ამერიკაში, პიროვნება განათლებისაკენ სწორედ სარწმუნოებას მიჰყავს, ღვთიური კანონების დაცვა უძღვის ადამიანს თავისუფლებისაკენაც.

ასეთი იყო 1650-იანი წლების ამერიკული საზოგადოება. მასზე და კონტინენტის იმავე ეპოქის მდგომარეობაზე ერთი თვალის გადავლებითაც კი საოცარი გაოცება გეუფლება: XVII საუკუნის დასაწყისში, ევროპის კონტინენტზე შუა საუკუნეების ოლიგარქიული და ფეოდალური თავისუფლების ნანგრევებზე, ყველგან გამარჯვებას აბსოლუტური მონარქია ზეიმობდა. ამ ბრწყინვალე და განათლებული ევროპის წიაღში, ალბათ, არასოდეს ყოფილა ადამიანის უფლებების იდეა ასე სრულად უარყოფილი. ასევე ისიც, რომ ხალხებს ასე ნაკლებად მიეღოთ მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში; რომ ჭეშმარიტი თავისუფლების ცნებებს ესოდენ მძიმედ შეეღწიათ ადამიანთა შეგნებაში. და, აი, სწორედ ამ დროს ევროპელი ხალხებისათვის უცნობი, ან მიუღებელი პრინციპები - როგორც სიმბოლო მომავალი დიდი ხალხისა - იბადებოდა ახალი სამყაროს უდაბნოებში; ადამიანის გონებისმიერმა ყველაზე თამამმა თეორიებმაც კი პრაქტიკული განხორციელება ჰპოვა გარეგნულად ამ ესოდენ დაბალი დონის საზოგადოებაში, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო მოღვაწე, ცხადია, ყურადღების ღირსადაც არ ჩათვლიდა. თვითმყოფადობის ნებაზე მიშვებულმა ადამიანის წარმოსახვამ აქ იმპროვიზებულად შექმნა უპრეცედენტო კანონმდებლობა. ამ უმწიფარი დემოკრატიის წიაღში, რომელსაც ჯერ არ ჰყავდა თავისი გენერლები, ფილოსოფოსები, ან დიდი მწერლები, ადამიანს შეეძლო წამომდგარიყო და თავისუფალი თანამემამულეების თანდასწრებით თავისუფლების შესახებ თავმოწონებით ეთქვა მშვენიერი სიტყვები:

„თავს ნუ მოვიტყუებთ, ჩვენ უნდა გვესმოდეს ჩვენი დამოუკიდებლობის ჭეშმარიტი არსი. არსებობს ერთგვარი კორუმპირებული თავისუფლება, რომლითაც სარგებლობენ როგორც ცხოველები, ისე ადამიანები და რაც ნიშნავს საკუთარი სურვილების თანახმად მოქმედებას. ამგვარი თავისუფლება ნებისმიერი ხელისუფლებისათვის სახიფათოა; იგი არ ექვემდებარება არანაირ წესებს; ასეთი თავისუფლების მეშვეობით, ჩვენ საკუთარ თავზე დაბლა ვეშვებით; იგი ჭეშმარიტებისა და თავისუფლების მტერია; ამიტომაც ინება ღმერთმა ჩვენი ამაღლება მის წინააღმდეგ! მაგრამ არსებობს სამოქალაქო და ზნეობრივი თავისუფლება, რომელიც ძალას პოვებს ურთიერთკავშირში, მისი დაცვა თავად ხელისუფლების ვალია: ეს თავისუფლება ნიშნავს შიშის გარეშე იმის ქმნას, რაც სამართლიანია, რაც სიკეთეზეა აღმოცენებული. ეს წმინდა თავისუფლება უნდა დავიცვათ ყველა განსაცდელისაგან და, საჭიროების შემთხვევაში, მისთვის საკუთარი სიცოცხლეც გავიღოთ.“

ანგლო-ამერიკული ცივილიზაციის ნამდვილი ხასიათის წარმოსაჩენად უკვე საკმაოდ ბევრი რამ ვთქვი, ხსენებული ცივილიზაცია არის (ეს ამოსავალი დებულება გამუდმებით უნდა იყოს აზროვნებაში) შემდეგი ორი სრულიად განსხვავებული საწყისის შედეგი. სხვათა შორის, ხსენებული საწყისები ხშირად ეწინააღმდეგებოდა ერთიმეორეს, მაგრამ ამერიკაში როგორღაც შეძლეს მათი შეერთება და ჩინებულადაც შეუხამეს ერთმანეთს. მე მხედველობაში მაქვს სარწმუნოებრივი სულისკვეთება და თავისუფლების სულისკვეთება.

ახალი ინგლისის დამაარსებლები, ერთდროულად, თავგამოდებული სექტანტები და მგზნებარე ნოვატორები იყვნენ. ერთი მხრივ, მათ გარკვეულ რელიგიურ რწმენათა ყველაზე უფრო მჭიდრო კავშირები ბორკავდა, მეორე მხრივ, ისინი სრულიად თავისუფალნი იყვნენ ყოველგვარი პოლიტიკური რწმენისა თუ შეხედულებებისაგან. აქედან მიეცა დასაბამი იმ ორ განსხვავებულ, მაგრამ არა ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციას, რომლის კვალიც, ამჟამად, ყველგან იოლი შესამჩნევია - როგორც ზნე-ჩვეულებებში, ისე კანონებში.

რელიგიურ რწმენას ადამიანები ზვარაკად სწირავდნენ თავიანთ მეგობრებს, ოჯახს და თავად სამშობლოს; შეიძლება, ვირწმუნოთ, რომ მათი მთელი შეგნება თუ სულიერი მეობა შთანთქმული იყო ამ ინტელექტუალური სიკეთის ძიებით და ეს ახალმოსახლენი მზად იყვნენ, ესოდენ დიდი მსხვერპლის ფასად მოეპოვებინათ იგი. ამასთანავე, ისინი თითქმის ასეთივე შეუპოვრობით მიილტვოდნენ როგორც ზნეობრივი კმაყოფილებისაკენ, ისე მატერიალური კეთილდღეობისაკენ. მათი რწმენა ასეთი იყო: სულიერი ნეტარება იმ ქვეყნად, კეთილდღეობა და თავისუფლება ამქვეყნად.

მათი თაოსნობით აღმოცენებული პოლიტიკური მრწამსი თუ პრაქტიკული კანონები და ინსტიტუტები იმდენად მოქნილია, რომ ნებისმიერი დამოუკიდებელი ფორმით არსებობაც ძალუძთ და სურვილისამებრ ერთმანეთთან შერწყმაც.

ამ ადამიანთა ნების ძალით თანდათან ემხობა ყველა ბარიერი, რომელიც ბორკავდა იმ საზოგადოებას, რომლის წიაღშიც თავად დაიბადნენ; მათს ყოფაში უჩინარდება დრომოჭმული შეხედულებები, საუკუნეთა განმავლობაში რომ მართავდა მსოფლიოს. ამ ადამიანთა წინაშე იხსნება უსაზღვრო შესაძლებლობათა ჭიშკარი, გადაშლილია თვალუწვდენელი სივრცე, რომლისკენაც დაუოკებელი ჟინით მიისწრაფვის ადამიანის გონება, სწვდება მის ყოველ კუთხე-კუნჭულს, ლაღად დასტრიალებს თავს ცხოვრების ამ ველს, მაგრამ როგორც კი პოლიტიკის სფეროს მიადგება, ელდანაკრავივით ჩერდება, თრთოლვა იტანს და უკან იხევს. ამ წუთიდან იგი უარს ამბობს თავისივე ყველაზე ძლიერ უნართა გამოყენებაზე, მას აღარ სურს რაიმეს განსჯა, არც რაიმე ახლის შექმნა. უფრო მჭიდროდ იბურავს რელიგიური რწმენის რიდეს, საკურთხეველთან მოწიწებით უყრის მუხლს უზენაეს ჭეშმარიტებას - ერთადერთს, რასაც იგი უსიტყვოდ იღებს.

ამგვარად, ახალმოსახლეთა ზნეობის სამყაროში ყველაფერი მოწესრიგებული, შეთანხმებული, გათვალისწინებული და წინასწარ გადაწყვეტილია; პოლიტიკის სფერო კი დუღს, ბობოქრობს - მასში ყველაფერი საკამათო და გაურკვეველია. ზნეობრიობაში თვინიერი, ნებაყოფლობითი მორჩილებაა; პოლიტიკაში დამოუკიდებელი ნება, უნდობლობა გამოცდილებისადმი და ეჭვიანი განწყობილება ყოველგვარი ძალაუფლებისადმი.

აღნიშნული ორი ტენდენცია, ერთი შეხედვით ესოდენ ურთიერთსაპირისპირო, თანხმობით ვითარდება, თითქოს გამუდმებით მხარს უჭერენ ერთმანეთს.

პიროვნულ თავისუფლებაში რელიგია ადამიანის უნართა კეთილშობილურ გამოვლინებას ხედავს, პოლიტიკის სფეროში კი უზენაესი შემოქმედის მიერ ადამიანის გონების ძალისხმევისათვის ბოძებულ სამოქმედო ასპარეზს. თავის სფეროში თავისუფალი და ძალმოსილი, საზოგადოებაში საკუთარი ადგილით რელიგია კმაყოფილია; მისმა მესვეურებმა იციან, რომ რწმენის საუფლო მით უფრო შეურყეველი იქნება, თუ რელიგიის მეუფება დაეყრდნობა მხოლოდ საკუთარ ძალმოსილებას და ისე იბატონებს ადამიანთა გულებზე.

რელიგიაში თავისუფლება ხედავს თავისი ბრძოლებისა და გამარჯვებების თანამდგომს, თავისი ბავშვობის აკვანსა და საკუთარ უფლებათა ღვთიურ თავწყაროს. რელიგიას მიიჩნევს ზნე-ჩვეულებათა მფარველად, ამ უკანასკნელთ კი კანონთა დამცველად და საკუთარი ხანგრძლივობის საწინდრად.