petriwis portali

ცნობიერებასა და მორალზე დაფუძნებული არგუმენტები

რიჩარდ სუინბერნი

ცნობიერებასა და მორალზე დაფუძნებული არგუმენტები

12.05.2023

რიჩარდ სუინბერნი (დაბ. 1934 წ.) არის ბრიტანელი ფილოსოფოსი და თეოლოგი, ანალიტიკური ფილოსოფიის წარმომადგენელი; იგი არის ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი-ემერიტუსი; თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თეისტი მოაზროვნე, რომელიც ცდილობს ღმერთის არსებობისა და სხვა რელიგიური ჭეშმარიტებების ფილოსოფიური არგუმენტაციით მტკიცებას. მის მთავარ საკვლევ სფეროს წარმოადგენს რელიგიისა და მეცნიერების ფილოსოფია. იგი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა კილის, აბერდინისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. 1992 წლიდან არის ბრიტანული აკადემიის წევრი; XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ტოვებს ანგლიკანობას და იღებს მართლმადიდებლობას. მასთან ვხვდებით როგორც ზოგადრელიგიური, ისე სპეციფიკურ-ქრისტიანული დოქტრინების ფილოსოფიურ დასაბუთებას. სუინბერნი თავის შრომებში გვთავაზობს ადამიანის რელიგიური ცნობიერებისა და გამოცდილების დეტალურ ანალიზსა და ორიგინალურ სისტემატიზებას. მისი მთავარი ნაშრომებია: „დრო და სივრცე“ (1968 წ.); „თეიზმის თანმიმდევრულობა“ (1977 წ.); „ღმერთის არსებობა“ (1979 წ.); „რწმენა და ცოდნა“ (1981 წ.); „ქრისტიანული ღმერთი“ (1994 წ.); „სიმარტივე, როგორც ჭეშმარიტების სიცხადე“ (1997 წ.) და სხვ.

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე, ამავე უნივერსიტეტის რექტორის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) 2023 წლის 2 მაისის ბრძანებით, პროფ. რიჩარდ სუინბერნს მიენიჭა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. ამ წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონია შედგება ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დიდ საკონფერენციო დარბაზში 2023 წლის 25 მაისს.

ქვემოთ მოცემული ფრაგმენტი თარგმნილია შემდეგი გამოცემიდან: R. Swinburn, The Existence of God, second edition, Oxford: Clarendon Press, 2004, გვ. 192-193. ეს ფრაგმენტი წარმოადგენს ამ წიგნის ერთ-ერთი თავის - Arguments from Consciousness and Morality - შესავალ ნაწილს. მოცემულ თავში განხილულია ღმერთის არსებობის იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც ეყრდნობიან ადამიანის ცნობიერებასა და მორალურობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქ წარმოდგენილი არგუმენტი ადამიანის ბუნებას ეფუძნება - ადამიანი როგორც ღმერთის ქმნილებათა შორის უპირატესი მთავარ მოწმობას წარმოადგენს მისი შემოქმედისა.

ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა

ღმერთის არსებობის არგუმენტების განხილვისას მათგან, რომელთაც შედარებით ცხადი წანამძღვრები აქვთ, გადავინაცვლებ იმგვარ არგუმენტებზე, სადაც ამის ნაკლებობაა. კოსმოლოგიური არგუმენტის ამოსავალ წერტილს სამყაროს არსებობა წარმოადგენს. ტელეოლოგიური არგუმენტები სამყაროს რაღაც აღმატებული მახასიათებლის საფუძველზე წარმოაჩენენ - მასში ბუნების კანონები მოქმედებენ. ეს კანონები და მათი განმსაზღვრელი პირობები ვლინდება, მაგალითად, ადამიანური სხეულის შემთხვევაში. შემდგომი არგუმენტები, რომლებსაც შევეხები, აღგვიწერენ სამყაროს მეტად სპეციფიკურ მახასიათებლებს - კერძოდ, სამყაროში მობინადრე გონიერი არსებების ბუნებას, გამოცდილებასა და ისტორიას. მთავარი არგუმენტი, რომელსაც ამ თავში წარმოვადგენ, ადამიანური არსების ბუნებიდან მომდინარეობს. VI-ე თავში დავამტკიცე - ბევრად უფრო ალბათურია, რომ ღმერთი შექმნიდა ხორცშესხმულ ადამიანური ბუნების თავისუფალ პირებს. ასევე, VIII-ე თავშიც ვაჩვენე - სავსებით ალბათურია, რომ ადამიანები განხორციელებული ადამიანური ბუნების მქონე თავისუფალი პირები იყვნენ [1]. ამავე თავში დავამტკიცე, რომ, თუკი ღმერთი არ არის, შეუძლებელია სამყარო მოწესრიგებული იყოს, და, ასევე, შეუძლებელია ადამიანური სხეულების არსებობის დაშვებაც. თუმცა კი, ადამიანური სხეულის მნიშვნელობა და ღირებულება ადამიანურ არსებათა მიერ ცოდნის შეძენასა და მიზნების აღსრულებაში მონაწილეობით გამოიხატება. ადამიანთა ღირებულება მათ ცნობიერ ცხოვრებაშია საძიებელი - მათ მიერ შეწყნარებულ რწმენებში, აზრებისა და გრძნობების, მისწრაფებების ქონასა და (თავისუფალი ნების საფუძველზე) მიზნების აღსრულებაში. როგორაა შესაძლებელი, რომ, თუკი ღმერთი არ არის, ადამიანურ სხეულებს შეეძლებოდათ აღმასვლა ცნობიერი ცხოვრებისკენ, ადამიანთათვის რომ არის დამახასიათებელი? მე დავამტკიცებ, რომ ეს სრულებით შეუძლებელია.

ღმერთის არსებობის მტკიცება ცნობიერების საფუძველზე არაერთხელ განხორციელებულა სხვადასხვა ეპოქის მნიშვნელოვანი მოაზროვნეების მიერ. ჯონ ლოკი იძლევა მოკლე განსაზღვრებას იმისა, რომ მატერია აზრისგან განსხვავებული საგანია და რომ ის ვერასდროს შეძლებდა აზრის წარმოებას საკუთარი ძალებით.

დაყავი მატერია იმდენ ნაწილად, რამდენადაც გსურს... განასხვავე მისგან იმდენი ფიგურა და მოძრაობა, რამდენიც გსურს... შენ, როგორც გონიერს, შესაძლოა გქონდეს მოლოდინი გრძნობის, აზრისა და ცოდნის წარმოქმნისა მატერიის უხეში ნაწილაკების (მათ შორის, ისეთებისა, რომლებიც მხოლოდ წამიერნი არიან, ანაც სადმე არსებობენ) განსაზღვრულ ფიგურად და მოძრაობად  შეკავშირებიდან. ისინი ეხებიან, უბიძგებენ ან ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს უპირატესობის საფუძველზე - და, რაც მათ შეუძლიათ,  სულ ეს არის [2].

აზრის წარმოქმნა მხოლოდ მოაზროვნე არსებას შეუძლია, - ამტკიცებს ლოკი. ამის საფუძველზე, - როგორც იგი სხვაგანაც ამტკიცებს, - უნდა იყოს საგანთა ყოვლისმომცველი, უმაღლესი მიზეზი; აქედან გამომდინარეობს, რომ ეს მიზეზი „ცნობიერი არსი“ და, სახელდობრ, ღმერთი უნდა იყოს. თუმცა, აქ მეტ მტკიცებულებაზე ვერ ვისაუბრებთ. აქ მხოლოდ ნაჩვენებია სიცხადე იმისა, რომ „მატერიას აზრების წარმოქმნა არ ძალუძს“. ვფიქრობ, ბევრი სხვაც გრძნობდა, რომ მატერიას არ შეუძლია აზრების წარმოება, რაც კარგი მიზეზი იყო საიმისოდ, რომ ადამიანებს „აზრის“ განსხვავებული მიზეზი, სახელდობრ, ღმერთი დაენახათ. ვფიქრობ, რომ ამ განცდამ შეიძლება იმ ძალუმი არგუმენტის ფორმა მიიღოს, რომელსაც ფილოსოფოსები საკმაო ყურადღებას არ უთმობენ. აქ, სწორედ, მე ამგვარ არგუმენტს წარმოვაჩენ და დავიცავ.

შენიშვნები:

[1] ავტორი კოსმოლოგიურ და ტელეოლოგიურ არგუმენტებზე საუბრისას „ადამიანურ თავისუფალ პირებს“ (humanly free agents), რაც მის ნააზრევში პოტენციურობის ლოგიკურ კატეგორიას წარმოადგენს, განასხვავებს ადამიანებისგან (humans) და ამ უკანასკნელთ პირველების განხორციელებად (embodied humanly free agents) მიიჩნევს. სუინბერნი თავის ნააზრევში საუბრობს ადამიანური არსისთვის სხეულის, ხორცშესხმის მნიშვნელობაზე, რასაც ფილოსოფიურად ასაბუთებს.

[2] John Locke, An Essay concerning Human Understanding (first published 1690), ed. A. C. Fraser (Dover Publications, 1959), 4.10.10.