petriwis portali

სიტყვა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომაზე

წმ. ეპიფანე კვიპრელი

სიტყვა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომაზე

15.04.2023

წმ. ეპიფანე კვიპრელი (315-403 წწ.) ეკლესიის მამათა შორის თავისი საღვთისმეტყველო შემოქმედების საფუძველზე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. პალესტინაში, ხანგრძლივი ასკეტური ღვაწლის შემდგომ, 367 წელს იგი კვიპროსზე, სალამინის კათედრაზე იქნა მღვდელმთავრად გამორჩეული. მისი საღვთისმეტყველო მემკვიდრეობის სიმდიდრესა და თავისებურებას, ნაწილობრივ, განაპირობებს მის მიერ მრავალი ენის ცოდნა (ბერძნული, ებრაული, კოპტური, სირიული და მცირედი ლათინურიც). წმ. ეპიფანე კვიპრელის შემოქმედებაში საგულისხმოა მის მიერ სხვადასხვა ერესებთან, მათ შორის კი, განსაკუთრებით, ორიგენიზმთან მწვავე დაპირისპირება. მის ერთ-ერთ გამორჩეულ თხზულებას წარმოადგენს „პანარიონი“ (375-377 წწ.), რომელიც ძველ ქართულად ითარგმნა სახელწოდებით „ოთხმეოცთა წვალებათათჳს“. ასევე, აღსანიშნავია თხზულება „ანკორატი“ (374 წ.), სადაც ავტორის განზრახვას წარმოადგენდა ჭეშმარიტი რწმენის გადმოცემა. აქ ის დაწვრილებით საუბრობს ტრინიტარულ საკითხებზე, განსაკუთრებით კი სულიწმიდის შესახებ სწავლებაზე. გარდა ამისა, მის კალამს ეკუთვნის სხვადასხვა განაზრებებიც ბიბლიურ თემებზე. წმ. ეპიფანე კვიპრელის ქვემოთ მოცემული ტექსტი თარგმნილია შემდეგი გამოცემიდან: Церковная проповҍдь на двунадесятые праздники, слова, бесҍды и поученія святихъ отцев и учителей церкви и извҍстнҍйшихъ писателей церковныхъ, часть первая, состоилъ П. Смирновъ, Киевъ, Лито-Типографія И. I. Чоколова, 1904, გვ. 43-45.

ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა

აწ შეწყდა მოკვდავთა გოდება და აღმობრწყინდა ნათელი აღდგომისა, რომელიც მოწმობს ღვთის უზომო სიყვარულს ჩვენდამი: რამეთუ სიკვდილი, რომელიც ადამიანის ხვედრი იყო, ქრისტემ თავისი სიკვდილით დათრგუნა, გადაიხადა ფასი გამოხსნისა - სულისთვის საკუთარი სული, სხეულისთვის კი საკუთარი სხეული, და, საერთოდ, ადამიანისთვის ადამიანი და სიკვდილისთვის სიკვდილი. როდის მომკვდარა ვინმე მართალი უკეთურთათვის, მამა ძისათვის ან ძე მამისათვის? მაგრამ ღმერთმა ეს ჩვენ გამო ჰყო: მან არამარტო შეგვქმნა ადამში, არამედ განგვაახლა სულით თავის ვნებებში.

აი, ვერაგმა იუდეველებმა მოაკვდინეს მათი კეთილისმყოფელი და სიკეთის წილ ბოროტება მიაგეს, სიხარულის წილ მწუხარება, სიცოცხლის წილ სიკვდილი; მოკლეს ის, ვინც აღადგენდა მათ მკვდრებს, კურნავდა სნეულებს. ყველასთვის გამაოგნებელია მზაკვარი ხალხის კადნიერება: იუდეველებმა დამოკიდეს მთელი სამყაროს დამომკიდებელი, მიალურსმნეს ჯვარზე, ვინც დააფუძნა ქვეყანა სიმტკიცით, განსაჯეს ცათა გამრიგე, შეკრეს ცოდვილთა განმხსნელი; მწყურვალეს, ვინც ადამიანები ჭეშმარიტებით დაარწყულა, ძმარი ასვეს; ნაღველი მისცეს სიმართლის მოყვარულს, განუხვრიტეს ხელნი და ფერხნი, ვინც მათ შორის ხელგამხმართ კურნავდა, თვალთ დაუბნელეს ბრმათა თვალის ამხელს, დაფლეს მკვდართა აღმადგინებელი. ჰოი, ახალი საიდუმლო, მიუწვდომელი სასწაული! განსჯილია განმსჯელი, შეკრულია კრულთა განმხსნელი, ჯვარზეა გაკრული ქვეყნის დამომკიდებელი, განსჯილია ცათა გამრიგე; ნაღველი ასვეს განმაცხოველებელს, მოკვდა სიცოცხლის შემოქმედი, დაფლულია, ვინც მომკვდართ სიცოცხლე დაუბრუნა (რამეთუ, როდესაც უფალი ჯვარზე დამოეკიდა, სამარენი და ჯოჯოხეთი განიხვნა, მკვდარნი აღსდგნენ და მრავალი გამოჩნდა იერუსალიმში, სადაც აღსრულდებოდა ქრისტეს ეს საიდუმლო - და, თუმცა, მისი სხეული იყო მილურსმული ჯვარზე, სიკვდილი დაითრგუნა).

ანგელოზები და ზეციური ძალები, იხილეს რა ქრისტეს ვნებები, განკვირდნენ და შეძრწუნდნენ; ქმნილებაც ძრწოლასა და განკვირვებაში კითხულობდა: რას უნდა ნიშნავდეს ეს ახალი საიდუმლო? განმსჯელი განისჯება და დუმს, უხილავს უცქერენ, ის კი არ ეფარება მათგან, გარეშემოუცველს შეიპყრობენ, ის კი დაითმენს, განუზომელს განზომავენ, ის კი მორჩილებს, უვნებო ევნება და არ შეეპასუხება, უკვდავი კვდება, ცათა მყოფი დაეფლვის და დაითმენს? რაა მიზანი ამ არაჩვეულებრივი საიდუმლოსი, თუ არა ხალხის ხსნა?! სიკვდილი მეყსეულად განერთხა იესოს ფერხთით, ჯოჯოხეთი წარმოიტყვენა ზეიმით და მისი ყოველი ძალა უკუქცეულ იქნა, მარტოოდენ ისმინეს რა ქრისტეს ხმა. ჯოჯოხეთი განიხვნა, მისი რვალის ბჭე შეიმუსრა, რკინის მოქლონნი დაიფშვნა და მართალთა სულები გაყვნენ ქრისტეს - როცა კი მან მოუწოდა სიკვდილით შეკრულ სულებს, რათა გამოსულიყვნენ, როცა კი ახარა მათ სიცოცხლე. მაშინ აღსრულდა წერილის სიტყვები: რამეთუ შემუსრნა ბჭენი რვალისანი და მოქლონნი რკინისანი შეფქვნა (ფს. 106.16). კვალად მიწამაც შეჰღაღადა: „უფალო! მიხსენ უბედურებისგან, განმათავისუფლე რისხვისაგან, განმხსენი წყევისაგან, რომელთა გამოც ჩემს წიაღში ვიღებდი ადამიანურ სისხლსა და ხორცს, და თვით შენიც კი მივიღე“.

უფალი აღსდგა მესამე დღეს და გვასწავა სამების თაყვანისცემა ერთარსობით. ქრისტეში გამოხსნილია ყოველი ხალხი: თუმცა კი, ის ერთი იქნა განსჯილი, გამოხსნილ იქნა ურიცხი სიმრავლე, რამეთუ უფალი ყველასთვის მოკვდა. ამისთვის შეიმოსა მან მთლიანი ადამიანი, შევიდა ცათა უმაღლეს წიაღში, ამაღლდა თავისი მეუფების დიდებაში და მიართვა მამას არა ოქრო და ვერცხლი, არა ძვირფასი ქვები, არამედ ადამიანი, მის ხატად ქმნილი. მამამ კი, რომელმაც აღამაღლა ის, დასვა ის მარჯვენით თვისად, და განირთხმებიან მტერნი მისნი ქვეშე ფერხთა მისთა, რამეთუ ის მოვა განსჯად ცხოველთა და მკვდართა, და მის სუფევას არ ექნება დასასრული. რამეთუ შვენის დიდება მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!