2023 წლის 13 მარტს, 93 წლის ასაკში, გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში გარდაიცვალა ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი ერნსტ ტუგენდჰატი. იგი იყო თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გავლენიანი ფიგურა, განსაკუთრებით, ენის ფილოსოფიის, ფენომენოლოგიის, ცნობიერების ფილოსოფიის, ეთიკისა და ანთროპოლოგიის განხრით.
ერნსტ ტუგენდჰატი დაიბადა ბრნოში (ამჟამად ჩეხეთის რესპუბლიკა), 1930 წლის 8 მარტს. მისი ოჯახი, ებრაული წარმომავლობის გამო, 1938 წელს ნაციონალ-სოციალისტებს ჯერ შვეიცარიაში განერიდა, ხოლო შემდგომ კი, 1941 წელს, ვენესუელაში. ომის შემდგომ ერნსტ ტუგენდჰატმა კლასიკური განათლება მიიღო სტენფორდის უნივერსიტეტში. 1949 წელს იგი ევროპაში დაბრუნდა და ფრაიბურგის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, სადაც მარტინ ჰაიდეგერის სემინარებსაც ესწრებოდა. მოგვიანებით, 1956 წელს, ტუგენდჰატმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა არისტოტელეს ფილოსოფიის შესახებ, ხოლო 1956-1958 წლებში კი მიუნსტერის უნივერსიტეტში პოსტ-სადოქტორო კვლევებს ახორციელებდა.
1964 წლამდე იგი იყო ასისტენტ-პროფესორი ტიუბინგენის უნივერსიტეტში (ფილოსოფიის დეპარტამენტში), სადაც მან 1965 წელს ჰაბილიტაცია შეასრულა ჭეშმარიტების კონცეპტის შესახებ ედმუნდ ჰუსერლისა და მარტინ ჰაიდეგერის შემოქმედებაში. იგი ამ პერიოდიდან მოყოლებული, ვიდრე 1975 წლამდე, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორია. 1970-იანი წლების დასაწყისში ტუგენდჰატი გარკვეული შუამავლის როლს თამაშობდა ანგლო-საქსურ ანალიზურ სკოლას, კონტინენტურ-ევროპულ მეტაფიზიკასა და ტრანსცენდენტალურ ფილოსოფიას შორის.
XX საუკუნის 60-იან და 70-იან წლებში ჰაიდელბერგი მემარცხენე სტუდენტთა პროტესტის ერთ-ერთი მთავარი კერა იყო. სტუდენტთა მოძრაობის გამო და 1970-იანი წლების გერმანულ უნივესიტეტებში შექმნილ სიტუაციაზე გარკვეული პროტესტის ნიშნად ტუგენდჰატმა თანამდებობა დატოვა და იურგენ ჰაბერმასის შემოთავაზებას დათანხმდა, რომ სტარნბერგში, მაქს პლანსკის ინსტიტუტში დაეწყო მუშაობა. ამ ინსტიტუტის საქმიანობა მეცნიერულ-ტექნიკური სამყაროს სასიცოცხლო პირობების შესწავლას ეხებოდა და ერნსტ ტუგენდჰატიც აქ 5 წლის განმავლობაში მუშაობდა.
1980-1992 წლებში ერნსტ ტუგენდჰატი ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი იყო. აქვე, ამავე პერიოდში, ფილოსოფიის პროფესორი იყო მისი მეგობარი, ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი მიხაელ ტოინისენი (1932-2015 წწ.). 1988-1989 წლებში ტუგენდჰატი მიწვეული იყო ოქსფორდში, ჯონ ლოკის სახელობის ლექციების წასაკითხად, თუმცა, ეს ვიზიტი ვერ განხორციელდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
ფრაიბურგის უნივერსიტეტი, ტიუბინგენის უნივერსიტეტი, სტარნბერგის მაქს პლანკის ინსტიტუტი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი - ეს ის ძირითადი ადგილებია, სადაც ერნსტ ტუგენდჰატი 1992 წლამდე მოღვაწეობდა და ფილოსოფიის სხვადასხვა დარგსა და მიმართულებას ავითარებდა. XX საუკუნის 90-იან წლებში იგი მიწვეული პროფესორის რანგში ლექციებს კითხულობდა სანტიაგო დე ჩილეში (1992-1996 წწ.), ვენაში (1996 წ.), პრაღაში (1997-1998 წწ.) და ა.შ. ერნსტ ტუგენდჰატი იყო მადრიდისა (2005 წ.) და ციურიხის (2008 წ.) უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, ასევე, ტიუბინგენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (1999წ.). 2005 წელს მას მიენიჭა მაისტერ ეკჰარტის პრემია, რომლისგან მიღებული თანხა (50.000 ევრო) მან საქველმოქმედო მიზნით პალესტინის რეგიონში არსებულ სახელგანთქმულ „ტალიტა კუმის“ სკოლას გადასცა.
ერნსტ ტუგენდჰატის ფილოსოფიური შემოქმედება მის სიცოცხლეშივე ფართოდ იქნა აღიარებული, ხოლო მისი ნაშრომები კი დარგის კლასიკად იქცა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ადრეული გამოკვლევები არისტოტელეს, ჰუსერლისა და ჰაიდეგერის შესახებ, ასევე, შესავალი ლექციები ანალიზურ ფილოსოფიაში. XX საუკუნის 80-იანი წლებიდან ტუგენდჰატი საგანგებოდ ამუშავებდა ეთიკისა და მორალის ფილოსოფიის პრობლემატიკას, რომელსაც არაერთი საყურადღებო და მნიშვნელოვანი ნაშრომი მიუძღვნა. 2000 წლიდან კი იგი ანთროპოლოგიისა და მისტიკის პრობლემებს იკვლევდა და ორიგინალური შრომები შექმნა ამ განხრითაც.
ერნსტ ტუგენდჰატის მთავარი ფილოსოფიური შრომებია: „Tí kata tinós. გამოკვლევა არისტოტელეს მთავარ ცნებათა სტრუქტურისა და საწყისის შესახებ“ (ფრაიბურგი, 1958 წ.); „ჭეშმარიტების ცნება ჰუსერლთან და ჰაიდეგერთან“ (ბერლინი, 1967 წ.); „შესავალი ლექციები ენის ანალიზურ ფილოსოფიაში“ (ფრანკფურტი, 1976 წ.); „თვითცნობიერება და თვითგანსაზღვრა“ (ფრანკფურტი, 1979 წ.); „ეთიკის პრობლემები“ (შტუტგარტი, 1984 წ.); „ეთიკა და პოლიტიკა“ (ფრანკფურტი, 1992 წ.); „ლექციები ეთიკის შესახებ“ (ფრანკფურტი, 1993 წ.); „ეგოცენტრულობა და მისტიკა. ანთროპოლოგიური გამოკვლევა“ (მიუნხენი, 2003 წ.); „სიკვდილის თაობაზე“ (ფრანკფურტი, 2006 წ.); „ანთროპოლოგია მეტაფიზიკის ნაცვლად“ (მიუნხენი, 2007 წ.).