petriwis portali

გამოცხადება

გიორგი ცინცაძე

გამოცხადება

15.03.2023

ფილოსოფოს გიორგი ცინცაძის (1926-2005 წწ.) წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით არქივში დაცულ მის საარქივო მემკვიდრეობის მასალებზე დაყრდნობით. პუბლიკაცია მოამზადა ამავე არქივის მკვლევარმა, ფილოსოფიის დოქტორმა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა.

*

ბერძნული „აპოკალიფსისი“ (Αποκάλυψις) აღნიშნავს გამოჩენას, პირბადის ან საფარველის ახდას და ქართულად გამოითქმის როგორც „გამოცხადება“ - ცხადად, ხილვადად გახდომას. გამოცხადება შეუძლია იმას, რაც შორეულია, რაც დაფარულია, რაც ჩაკეტილია და რაც თვითონ უნდა გაიღოს, თვითონ უნდა გამოგვეცხადოს და თვითონ უნდა გამოგველაპარაკოს - ღმერთს. რატომ გამოჩნდება და როგორ გამოჩნდება დაფარული ღმერთი? დაფარული ღმერთი (ლათ. Deus absconditus) გამოცხადდება თვითონ და გამოცხადდება იმიტომ, რომ ღმერთი არის ნათელი, სინათლე. სიტყვა-ღმერთის ეს მნიშვნელობა შენახულია ენაშიც: ლათინური „დეუს“ (ღმერთი) ნიშნავს „ნათლის არსებას“, „ნათელ არსებას“, ხოლო ლათინურივე „დიეს“ (dies) არის დღე; ბერძნული „დიოს“, ძველინდური „დიაუს“, „დევა“ და „დიუ“ აღნიშნავენ „მანათობელს“, „ციურს“, ნათელს. ქართული „ღმერთი“, ბერი ალექსი შუშანიას განმარტებით, არის „ღრმა ერთი“ და, მაშასადამე, „სიღრმეში მყოფი ერთი“, იგივე ღმერთი - „დაფარული ღმერთი“. ქართული „დღე“, ცხადია, ეხმიანება ლათინურ, ბერძნულ და ინდურ შესაბამის სიტყვებს და აღნიშნავს სინათლეს, ნათელს. ასე, მაგალითად, მეგრულ დიალექტში „ბჟაშ დღა“ არის მზის დღე, მზე კი იგივე ღმერთია - ყოველ შემთხვევაში წარმართული წარმოდგენით, და ამიტომ, „მზის დღე“ აღნიშნავს „უფლის სინათლეს“, „ღვთაების ნათელს“: „უფლისაი“ ანუ უფლის დღე კვირა დღის სახელწოდებაა ქართულ ქრისტიანულ მსოფლხედვაში.

„დაფარული ღმერთი“ (გამოთქმა მომდინარეობს ძველი აღთქმიდან. იხ.: ეს. 45.15), რომელიც არის ნათელი და ერთადერთი ანუ აბსოლუტური ნათელი, ამით არის აბსოლუტური სიბნელე, რადგან ადამიანის (და საერთოდ სულიერის) თვალს არ ძალუძს მისი დანახვა: აბსოლუტური ნათელი თვალს აბრმავებს და ამიტომ ღმერთი არის სიბნელე, იგი „სიბნელეში ცხოვრობს“ (3 მეფ. 8.12), „მზიანი ღამეა“ (რუსთაველი), მიუწვდომელი და შეუმეცნებადია. ღმერთის შემეცნება ამიტომ ხდება ღმერთის თვითგამოცხადების მეშვეობით. როგორ ხდება ღმერთის გამოცხადება, მისი დანახვა და გაცხადება?

გაცხადება, სიცხადე არ ნიშნავს პირველ რიგში სიტყვით გაცხადებას, სიტყვის მოსმენას თუ გაგონებას, ნათქვამის გაგებას. სიტყვა, გამოთქმა არ არის გამოცხადების ძირითადი მომენტი. მართალია ღმერთი ცხოვრობს „მიუწვდომელ ნათელში მყოფი, რომელიც არ უხილავს არც ერთ კაცთაგანს და არც ძალუძს იმისი ხილვა“ (1 ტიმ. 6.16), მაგრამ ღმერთმა თვითონ აიხსნა „პირბადე“, გამოაჩინა თავისი თავი, რითაც გამოკრთა მისი ნათელი და ამით გამოცხადდა. ეს ხდება შემდეგნაირად: ერთია ადამიანში ჩადებული გონება, მისი პირადი გონი, რაც მას საშუალებას აძლევს გაიშინაგანოს ღვთაებრივი გონის ბუნება და შეიმეცნოს იგი. ესაა გამოცხადება ღვთაებრივი შესაქმიდან, ღმერთის გამოცხადება მის მიერ შექმნილ სამყაროში და სამყაროს შემეცნებიდან სამყაროს შემოქმედის გაგება. შემდეგ ეს ხდება იმით, რომ ადამიანებს, ზებუნებრივი გზით და მხოლოდ ზებუნებრივი გზით, ეცნობებათ ღმერთში დაფარული ღვთაებრივი. ასეთ გამოცხადებაზე ამბობს პავლე მოციქული: „სიბრძნეს კი ჩვენ ვქადაგებთ სულიერად მოწიფულთა შორის, მაგრამ არა ამქვეყნიურსა თუ ამა ქვეყნის წარმავალ მთავართა სიბრძნეს, არამედ სიბრძნეს ღვთისას, საიდუმლოსა და დაფარულს, საუკუნეთა უწინარეს, ჩვენდა სადიდებლად რომ განაწესა ღმერთმა; სიბრძნეს, რომელიც ვერ შეიცნო ვერცერთმა მთავარმა ამა ქვეყნისა, ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცვამდნენ დიდების უფალს. არამედ, როგორც დაიწერა: „რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ“. ჩვენ კი თავისი სულით გაგვიცხადა ღმერთმა, რადგან სული ყველაფერს იკვლევს, თვით ღვთის სიღრმესაც. და მართლაც, რომელმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენში, თუ არა ჩვენმავე სულმა? ასევე ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა“ (1 კორ. 2.6-11).

ამგვარად, გამოცხადება გულისხმობს სიტყვით გამოცხადებასაც, სიტყვით სწავლებას, რადგან სიტყვა, უპირველეს ყოვლისა, არის შემოქმედი, შესაქმე სიტყვა, ის სიტყვა, საიდანაც შენაქმნი სამყარო ჩნდება. ღმერთმა დასაბამიდან შექმნა სამყარო იმით, რომ მან თქვა (დაბ. 1.1-3), სიტყვის მეშვეობით გამოვიდა ღმერთი თავისი შეუღწევადი სინათლიდან და გაცხადდა, გამოჩნდა, შესამჩნევად გახადა თავისი თავი. ეს ხდება როგორც ბუნებრივი, ისე ზებუნებრივი გამოცხადებისას (იხ.: ლუკ. 2.15: „წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ, რა მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა“).

გამოცხადება ქმნილებაში

შემოქმედმა ღმერთმა სამყარო შექმნა ჰარმონიულ წესრიგში, როგორც კოსმოსი, რითაც გამოვლინდა შემოქმედის ყოვლადძლიერება, მისი სრულყოფილება (იხ.: ფსალმ. 8) და სიმშვენიერე, რომლის დანახვაც ადამიანებს ძალუძთ და რომელიც სიხარულსა და გაოცებას იწვევს ადამიანებში. ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანი ხედავს ამ სამყაროს, აღიქვამს მას როგორც ღიას, არადაფარულს, როგორც ისეთ რაღაცას, რაც შემეცნების ინტერესს აღძრავს ადამიანში. ცხადია, ეს შემეცნება პირველ რიგში არაა ინტელექტუალური შემეცნება; ღმერთის გამოცხადება მის მიერ შექმნილ სამყაროში პირველად წვდება არა ადამიანის მარეფლექსირებელ გონებას, არამედ ადამიანის სულს, მის გულს, რომელსაც მოიცავს გაოცება და სიხარული: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა უშუალოდ აღძრავს ადამიანში სიხარულსა და გაოცებას, რაღაც დიადის წინათგრძნობას, იმ დიადისა, რომელიც თითქოსდა ადამიანს ელაპარაკება, მიმართავს და მოუწოდებს მას. ამ გამოლაპარაკებითა და მოწოდებით ხდება სწორედ იმის მიხვედრა, რომ შესაქმეში, წარმონაქმნში, ცხადდება რაღაც პიროვნული (პერსონალური) და არა უპიროვნო და უსიცოცხლო კანონზომიერება, რაღაც ცოცხალი და გონიერი, ის, რომ ეს გამოცხადება არის პიროვნულის გამოცხადება.

ეს საერთო გრძნობა, ეს საერთო სულიერი განწყობა, რომელიც გამოითქმება როგორც „სულის მიერ ძახილის თუ გამოლაპარაკების გაგონება“, არის ის უპირველესი, ის ბიძგის მიმცემი, რის შემეცნებასაც ცდილობს შემდეგ გონება. გონება ცდილობს შემეცნების სინათლეში დააყენოს სულში ნაგრძნობი თუ მოსმენილი, სიტყვად აქციოს და ცნებაში გამოკვეთოს იგი, რათა წარმონაქმნის სიდიადიდან და მშვენიერებიდან თვითონ შემოქმედი შეიმეცნოს. იმეცნებს კიდევაც, „რადგან ქმნილებათა სიდიადისა და მშვენების კვალზე მათი შემოქმედიც შეიცნობა“ (სიბრძ. 13.5). ასევე გათვალსაჩინოვდება ღმერთი, „მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება“ (რომ. 1.20).

ღმერთის ეს თვითგამოჩენა მის შენაქმნში არ წარმოადგენს აუცილებელ პროცესს, რაღაც იძულებას. ღმერთი თავისუფალია და არავითარ აუცილებლობას არ ემორჩილება. მისი თვითგამოჩენა ხდება მისი თავისუფალი ნებით, იმით, რომ ღმერთი არის სიკეთე და სიკეთე არის თვითგამოვლენადი ნათელი. იგი არის თავისი თავის გამნათებელი ნათელი.

პირველადი გამოცხადება სიტყვაში

შესაქმეში გამოცხადების გვერდით არსებობს ბუნებრივი გამოცხადების მეორე ფორმაც - პირველადი გამოცხადება (ძველი გამოცხადება). იგი, განსხვავებით პირველისაგან (შენაქმნით გამოცხადება), წარმოადგენს სიტყვით გამოცხადებას, სიტყვით ცნობის მიწოდებას, დალაპარაკებას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ფორმა, რომლითაც ეს უძველესი სიტყვა ინახება, არის ტრადიცია.

ტრადიციის, სიტყვაში შენახული პირველადი გამოცხადების მნიშვნელობა ხელახლა იქნა აღმოჩენილი იმ ეპოქაში და სულიერ განწყობაში, რომელიც როგორც რეაქცია მოჰყვა მე-18 საუკუნის რაციონალიზმსა და საფრანგეთის რევოლუციას. ამ დროის აზროვნებამ განმანათლებლობის ინდივიდუალიზმს, რომელიც ემყარებოდა ავტონომიური, საკუთარ ძალებზე დაფუძნებული ადამიანური გონების იდეას, როგორც ადამიანის ძირითად არსს, დაუპირისპირა საზოგადოებრიობის, როგორც ადამიანის ძირითადი ნიშნის იდეა, ხოლო ცალკეული, შემოქმედი გონების ჭეშმარიტებას კი სიტყვის მეშვეობით მიღებული ჭეშმარიტება. ამ გაგებით, ადამიანის გონებას აქვს მხოლოდ იმის უნარი, რომ აღიქვას, მიიღოს უკვე არსებული და მოცემული, ღმერთისაგან მომდინარე ჭეშმარიტება, მაგრამ არა იმის უნარი, რომ თვითონ აღმოაჩინოს იგი.

პირველადი გამოცხადების საკითხი ფილოსოფიური კუთხით ახლებურად განიხილა იოზეფ პიპერმა (J. Pieper, Über den Begriff der Tradition, Köln/Opladen, 1958), რომელიც გადმოცემასა და ავტორიტეტს ერთსა და იმავე მნიშვნელობას ანიჭებს: ავტორიტეტი ნიშნავს „პირველ ბიძგს“, ინიციატორს; ამიტომ შუა საუკუნეთა თეოლოგიის პრინციპი - Auctoritas et ratio - ნიშნავს: „გადმოცემა (ტრადიცია) და გონება“ ანუ გონიერი არგუმენტი. პიპერი აქ იმოწმებს გოეთეს სიტყვებს, რომ „თითოეული გადმოცემა არის ავტორიტეტი“.

ტრადიცია, როგორც უკრიტიკოდ მიღებულის გადაცემა, გულისხმობს, რომ მიმღები ემყარება სხვა ადამიანის, მეორე ადამიანის სიახლოვეს საწყის ძალასთან, იმ ადამიანთან, რომელიც უშუალო სიახლოვეში, უშუალო ურთიერთობაში იყო ტრადიციის ანუ გადმოცემულის საწყისთან, იმასთან, ვინც გადმოგვცემს რაღაცას, მაშასადამე, იმასთან, ვინც ასრულებს შუამავლის როლს. ეს შუამავალი ანუ დამაკავშირებელი ქრისტიანულ თეოლოგიაში არის ქრისტე: სიტყვა, რომელიც არის ღმერთი, რომელიც არის ღმერთში, რომლისგანაც შეიქმნა ყოველი, რომელიც განკაცდა და რომელმაც ადამიანებს გადასცა სიტყვის ნათელი, როგორც პირველი გამოცხადება. ესაა პირველი გამოცხადების ავტორიტეტულობის საფუძველი.

სახელდობრ: ის, რომ ქრისტე უშუალოდ ფლობდა იმას, რასაც იგი უცხადებს თავის რჩეულთ და რომლებმაც იგი გადმოგვცეს და გამოგვიცხადეს, არის ის, რაც ქმნის მათ ავტორიტეტს: ისინი ახლოს არიან საწყისთან. ამას გულისხმობდა პლატონი, ქრისტიანობის „ქრისტიანობამდელი“ მასწავლებელი: „ძველებმა იცოდნენ ჭეშმარიტი“ („ფედროსი“, 274 C1). „ძველების“ ეს სიბრძნე ყოველთვის აქტუალურია, რადგან ცოცხლობს „ყველას სიტყვებში“. ამით პლატონი მიუთითებს უძველეს დროს, „პალაი“-ს, რომლის თვალსაჩინო წარმოდგენა ჩვენ არ ძალგვიძს. „ძველების“ ავტორიტეტი იმას ემყარება, რომ ისინი გადმოგვცემენ ღვთაებრივი წყაროდან მიღებულ ცოდნას.

არსებობს თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც გამოცხადება ისტორიული მოვლენაა და დაკავშირებულია ისტორიულ პიროვნებებთან (ზოროასტრი, მუჰამედი, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები, იესო). ამ თვალსაზრისს ადასტურებს პავლე მოციქულის სიტყვები: „ღმერთი, რომელიც მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა პირით, ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ“ (ებრ. 1.1-2). ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს გამოცხადება შეიცავს ყველა სხვა გამოცხადებისაგან განსხვავებულ შინაარსს რელიგიათა ისტორიაში და ამიტომ იგი წარმოადგენს ლოგოსის ისტორიის შემაჯამებელ სინთეზს; ეს სინთეზი დასრულდა იოანეს სახარებაში.