petriwis portali

სწავლება ერთისა და სიმრავლის შესახებ

ალექსეი ლოსევი

სწავლება ერთისა და სიმრავლის შესახებ

05.02.2023

ალექსეი ლოსევი (მონაზვნობაში ანდრონიკე) (1893-1988 წწ.) - ცნობილი რუსი ფილოსოფოსი, ანტიკურობის მკვლევარი, მთარგმნელი, მწერალი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა მოსკოვის, ნიჟნი ნოვგოროდის უნივერსიტეტებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სამეცნიერო მუშაობის დროს ჰქონდა ინტელექტუალური ურთიერთობა არაერთ მნიშვნელოვან მოაზროვნესთან, მათ შორის, სემიონ ფრანკთან, ნიკოლაი ბერდიაევთან, ვალენტინ ასმუსთან და სხვ. გახლდათ პავლე ფლორენსკის მოწაფე. აღსანიშნავია მისი განსაკუთრებული წვლილი პლატონის, არისტოტელეს, პროკლესა და ანტიკური ხანის სხვა დიდი მოაზროვნეების შემოქმედების კვლევის საქმეში. გარდა ამისა, ალექსეი ლოსევის კალამს ეკუთვნის არაერთი მნიშვნელოვანი თარგმანი არისტოტელეს, პლოტინის, პროკლეს, ნიკოლაუს კუზანუსის და სხვათა შრომებისა. მისი მთავარი ნაშრომებია: „ესქილეს მსოფლაღქმის შესახებ“ (1914-1915 წწ.); „ანტიკური კოსმოსი და თანამედროვე მეცნიერება“ (1927 წ.); „მხატვრული ფორმის დიალექტიკა“ (1927 წ.); „პლატონის კრიტიკა არისტოტელესთან“ (1929 წ.); „მითის დიალექტიკა“ (1930 წ.); „ანტიკური ესთეტიკის ისტორია“ (8 ტომად) (1963, 1965, 1968 წწ.); „ვაგნერის პრობლემა წარსულსა და მომავალში“ (1968 წ.) და სხვ.

ალექსეი ლოსევი კარგად იცნობდა შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებას; შუა საუკუნეების დიდ ქართველ მოაზროვნეებს იგი მიიჩნევდა ნეოპლატონურ-არეოპაგიტული რენესანსის დამწყებად ევროპაში და ხაზს უსვამდა ნეოპლატონიზმის თავისებურებებს საქართველოში („სიტყვა ქართულ ნეოპლატონიზმზე“, 1986 წ.); იგი, ასევე, დიდწილად იზიარებდა შალვა ნუცუბიძის „აღმოსავლური/ქართული რენესანსის თეორიას“ და სათანადოდ აფასებდა მას.

ქვემოთ წარმოდგენილი ფრაგმენტი თარგმნილია ალექსეი ლოსევის წიგნიდან „ანტიკური ესთეტიკის ისტორია“ (А. Ф. Лосев, История античной эстетики. Высокая классика, Москва: «АСТ», 2000, გვ. 474-479).

ქართულად თარგმნა დეკანოზმა ამბროსი ხოშტარიამ

ეს ტრაქტატის (იგულისხმება პროკლეს „თეოლოგიის საკითხები“ - მთარგმნელის შენიშვნა) ყველაზე ვრცელი და რთული ნაწილია. იმისათვის, რათა გავერკვეთ მასში და სისტემურად შევისწავლოთ მისი მდიდარი შინაარსი, გონების დიდი ძალისხმევაა საჭირო. ვფიქრობთ, რომ რეალური პრინციპი, რომლის მიხედვითაც შეადგინა პროკლემ ეს ტრაქტატი, შეიძლება განისაზღვროს როგორც თანდათანობითი გადასვლა აბსტრაქტულიდან კონკრეტულზე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველი ექვსი თავი ეძღვნება აბსტრაქტულ თეორიას ერთისა და სიმრავლის შესახებ. აქ სრულიად არაფერია თქმული არათუ ერთის სიმრავლეზე (და პირიქით) ზემოქმედების შესახებ, არამედ თვით ერთის მარტივ გადასვლაზეც სიმრავლეში (და პირიქით). ერთი და სიმრავლე აქ, უპირველესად, მოაზრებულია სრულიად განცალკევებულად, ერთმანეთისაგან სრულებით დამოუკიდებლად; აქ საუბარია ერთადერთ რამეზე: ერთის სხვადასხვა სახეზე, რომელიც აღმოცენდება ერთის სიმრავლესთან ამა თუ იმ ურთიერთმიმართებიდან. ჩვენი აზრით, მართებული იქნება, თუკი ტრაქტატის ამ თავებს ვუწოდებთ სწავლებას ერთისა და სიმრავლის სტატიკურობის შესახებ.

სრულიად სხვა სურათს ვხვდებით მე-7-13-ე თავებში. აქ, უდავოა, რომ პროკლე ცვლის პირველ თავებში წარმოდგენილ სტატიკურ ხედვას. ერთი აქ გაგებულია როგორც ყოველივეს მაპროდუცირებელი, ამასთან, ყოველივე მიილტვის მისკენ - ყველაფერი, სურს რა საკუთარი თავის შენახვა (შენარჩუნება), აუცილებლად ინარჩუნებს თავის ერთიანობასა და მთლიანობას. ამ აზრით, ერთი უკვე არ არის მარტოოდენ აბსტრაქტული კატეგორია, ის მეტად კონკრეტდება, წარმოადგენს რა საყოველთაო მისწრაფების საგანს და, ამიტომაც, სიკეთეს.

ამასთან, პროკლე, ირჩევს რა ერთის უფრო კონკრეტული შესწავლის გზას, უკვე აღარ ტოვებს კონკრეტულის სიბრტყეს და, მეტიც, მოგვიანებით უფრო მყარად მკვიდრდება ამ ნიადაგზე. მართლაც, თუკი ერთი მოიცავს ყველაფერს, ცხადია, ის გადადის ყველაფერში. მაგრამ, გადადის რა ყველაფერში, ის, როგორც აბსოლუტური ერთი, არ განიბნევა განსაზღვრულ სიმრავლეში და არ ისპობა მასში, არამედ მის ყოველ მომენტში რჩება თავისთავადი და თავისსავე თავს განამტკიცებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი არა მხოლოდ განსხვავდება და განიყოფება, არა მხოლოდ გამოდის საკუთარი თავიდან და გადადის სხვაში, არამედ, ამავე დროს, ყოველთვის თავისი თავის იგივეობრივია, თავის თავს ინახავს და თავისსავე თავს უბრუნდება. აქედანაა პროკლეს ცნობილი სწავლებაც ტრიადის შესახებ: ყოფნა - ემანაცია ან გამოსვლა - დაბრუნება ან უკუმიქცევა. ნათელია, რომ განსხვავებით მე-7-13-ე თავებისაგან, აქ მოცემულია ერთის ბევრად უფრო კონკრეტული სურათი. აქვე დავძენთ, რომ ყოველი ემანაცია, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ მოძრაობა, იგი არის უმალ ძალმოსილი მოძრაობა, რომელიც ქმნის ყოფიერების ახალ ფორმებს. როგორც პროკლე ამბობს, სწორედ ეს არის პროდუცირება. თავისი თვისებრიობითა და შინაარსით თვითმოძრაობის ამ დიალექტიკას ეთმობა მომდევნო 18-22-ე თავები.

აქამდე პროკლეს აზრის განვითარება ნათელი და გასაგებია. თუმცა 23-24-ე თავებმა, რომლებიც პროკლეს სისტემაში ეთმობა ერთ-ერთი ფუნდამენტური კატეგორიის - ზიარების - გააზრებას, შესაძლოა ერთგვარი სირთულე შექმნას. ეს ტერმინი შესაბამისი ბერძნული ტერმინის პირდაპირი თარგმანია. იგი თავისთავად ბევრს ვერაფერს ეუბნება მკითხველის (ორიგინალში: „რუსის“ - მთარგმნელის შენიშვნა) ყურს. პროკლე მას ანიჭებს უზომოდ დიდ მნიშვნელობას და თავისი შრომების საგულისხმო ნაწილს უძღვნის. ამ ცნების დედაარსი არის ის, რომ ნებისმიერი საგანი, რომელიც აღნიშნავს რაიმეს, ეზიარება ამ „რაიმეს“. ამგვარად, ზიარება მიანიშნებს იმ ზემდგომზე, რასაც ეზიარება ქვემდგომი და რისგანაც ენიჭება მას საზრისი და ეძლევა ფორმა. ნათელია, რომ ზიარება საუბრობს ერთისა და სიმრავლის იგივე საკითხზე, თუმცა, გულისხმობს არა ერთის გადასვლას სიმრავლეში, არამედ პირიქით - სიმრავლის გადასვლას ერთში, როდესაც სიმრავლე, ხდება რა მთელი და ამით იძენს საზრისს, „ეზიარება“ იმ ერთს, რომლისგანაც აქვს მას მთლიანობა და საზრისი. სხვაგვარად თუ ვიტყვით, 23-24-ე თავებში საუბარია ერთისა და სიმრავლის დინამიკურ ურთიერთდამოკიდებულებაზე, თუმცა, წინა თავებისგან განსხვავებით, ურთიერთობა წარიმართება არა დაღმავალი მიმართულებით - ზემდგომიდან ქვემდგომისაკენ, არამედ პირიქით - ქვემდგომიდან ზემდგომისაკენ და ამით 23-24-ე თავები ბუნებრივად ავსებენ მე-18-22-ე თავებს.

პროკლე, ერთისა და სიმრავლის დინამიზმის სურათის აღწერისას, თავდაპირველად, საუბრობს ერთის (ზემდგომის) სიმრავლეში (ქვემდგომში) გადასვლაზე, მოგვიანებით კი პირიქით - სიმრავლის (ქვემდგომის) ერთისაკენ (ზემდგომისაკენ) უკუმიქცევაზე. ამგვარ ვითარებას ბუნებრივად მოყვება საუბარი ერთისა და სიმრავლის ისეთ დინამიკურ ურთიერთგადასვლაზე, როდესაც ერთი და სიმრავლე ერთ დონეზე არიან და განიხილებიან თანაბარუფლებიანებად. ცხადია, სრული თანაბარუფლებიანობა აქ შეუძლებელია, თუნდაც, მხოლოდ იმის გამო, რომ ნებისმიერი სიმრავლე ერთებაზე სუსტი და მასზე დაბლა მდგომია. მიუხედავად ამისა, პროკლეს კანონზომიერად და ბუნებრივად მიაჩნია სიმრავლის ამ გზით შექმნა. ამის წარმოჩენას კი ავტორი ცდილობს თავის სწავლებაში წრებრუნვის შესახებ (33-ე თავი). ერთის წრებრუნვის ფორმა და თავად წრებრუნვის ცნებაც თავისთავად ადვილად გასაგები და სავსებით ბუნებრივია; ისინი ნათლად წარმოაჩენენ პროკლეს მთავარ იდეას. მართლაც, თუკი ერთი გადადის სიმრავლეში ისე, რომ იქაც (სიმრავლეში) ინარჩუნებს თავისთავადობას, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი, სიმრავლის გავლით, კვლავ უბრუნდება თავის თავს, ანუ აღასრულებს მარადიულ წრებრუნვას. ცხადია, ამით ექმნება საფუძველი სიმრავლის კანონიერებასა და ბუნებრიობას. ამდენად, სიმრავლე, მიუხედავად მისი ქვემდგომი ბუნებისა, დაურღვეველ კავშირშია ერთთან. სწორედ ამ ახალ პოზიციას - ერთის სიმრავლეში და სიმრავლის ერთში დინამიკურ გადასვლას - ეთმობა 25-35-ე თავები. სწავლება წრებრუნვის შესახებ აქ მაშინვე არ გვხვდება, იგი მხოლოდ 33-ე თავშია ფორმულირებული. თავდაპირველად აქ მოცემულია სხვადასხვაგვარი წინმსწრები განმარტება, რომელიც ეხება პროდუცირების დიალექტიკას, სრულყოფილებასთან მის კავშირს, ქვემდგომის ზემდგომთან მიმსგავსების მეთოდსა და ა. შ.

ამრიგად, პროკლეს პირველად ეძლევა საშუალება, თავისი დინამიკური განაზრებების დასაწყისში მოხსენიებული სიკეთის ცნების (მე-7-13 თავები) შესახებ ისაუბროს დიალექტიკის ენაზე. განხილული წრებრუნვის დიალექტიკით შეიარაღებულს, მას უკვე შეუძლია საუბარი სრულყოფილებაზე უფრო კონკრეტულად, დანაწევრებულად და დიალექტიკურად. ამ განაზრებებს ეთმობა 36-39-ე თავები. თავის მხრივ, ისინი ერთისა და სიმრავლის ურთიერთგადასვლის დინამიზმის დასასრულსა და რეზიუმეს წარმოადგენენ.

მე-40 თავიდან სრულიად ახალი თემის დამუშავება იწყება. აქ უკვე აღარ არის საუბარი ერთის სიმრავლეში გადასვლის, არც ემანაციისა და დაბრუნების და არც პროდუცირების შესახებ. რამდენიმე თავი (მე-40-47-ე თავები) ეთმობა იმას, რასაც პროკლე უწოდებს თვითმყოფადს, თვითარსებულს, ხოლო თუკი შესაბამის ბერძნულ ტერმინს ვთარგმნით სიტყვასიტყვით - თავისი თავის საფუძველს ანუ „თვითმდგომს“. ცხადია, აქ საუბარია სუბსტანციაზე, ანუ მასზე, რაც თავის თავზეა დაფუძნებული. შესაბამისი ბერძნული ტერმინის სრული თარგმანისას ვღებულობთ იმას, „რაც საკუთარი თავის საყრდენს წარმოადგენს“. ნათელია, რომ ეს ახალი საკითხია და თხრობაში არსებული წყვეტაც თვალშისაცემია. შესაბამისად, იმისათვის, რომ გავერკვეთ, თუ ლოგიკურად გასაგები რა მნიშვნელობა აქვს მას ერთისა და სიმრავლის შესახებ სწავლებაში, საჭიროა ვნახოთ, თუ რაზეა საუბარი მომდევნო თავებში. მოგვიანებით, როდესაც პროკლე უღრმავდება თვითმყოფადობის პრობლემას ვიდრე მარადიულობის საკითხამდე (48-55-ე თავები), იგი გადმოგვცემს მთელისა და ნაწილების შესახებ ვრცელ თეორიას - რა თქმა უნდა, არა აბსტრაქტული ფენომენოლოგიის ჭრილში, რაც სრულიად უცხოა, როგორც პროკლესათვის, ისე ანტიკური ფილოსოფიისათვის, არამედ მიზეზების შესახებ სწავლების ჭრილში.

ამგვარად, თუკი ჩვენ შევუპირისპირებთ ერთმანეთს, ერთი მხრივ, თვითმყოფადობის და, მეორე მხრივ, მთლიანისა და ნაწილების შესახებ თეორიებს და შევეცდებით მათ გაერთიანებას, შესაძლებელი გახდება წიგნის ამ ნაწილს (მე-40-75-ე თავები) ერთი სათაურიც მოეძებნოს. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ, უპირველესად, მთელისა და ნაწილების შესახებ თეორია იგივე აგებულების, ანუ მთელად ქცეული ერთის სტრუქტურის თეორიაა. მეორე მხრივ, მთელი აქ უკვე არ არის მარტივი ერთი, იგი არის იმგვარი ერთი, რომელმაც თავის თავში მოაქცია სიმრავლე და რომელშიც უკვე შეუძლებელია ერთისა და სიმრავლის გარჩევა. ის, რაც აქამდე პროკლესთან სახელდებულია თვითმყოფადად, სხვაგვარად - თავის თავში არსებულ სუბსტანციად - ახლა უკვე სტრუქტურის დონეზე გააზრებით გარდაიქმნა ორგანიზებულ და გაფორმებულ სუბსტანციად. მიღებულ სუბსტანციას გააჩნია გარკვეული სახე და ფორმა. ის უკვე აღარ არის ოდენ სუბსტანცია თავის თავში. თუკი ეს ასეა, მაშინ ერთად აღებული მე-40-74-ე თავები წარმოადგენენ ტრაქტატის იმ ნაწილს, რომელიც შეისწავლის ორგანულად შერწყმულ ერთსა და სიმრავლეს. აქ პროკლე მათ არ განიხილავს ცალ-ცალკე, მიუხედავად მათი ურთიერთგადასვლის და ურთიერთქმედების დინამიზმისა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ურთიერთმოქმედებენ, გადადიან ერთმანეთში და წარმოადგენენ მთელის სხვადასხვა მომენტებს, ერთი და სიმრავლე აქ შერწყმულია ერთ, მთლიან ორგანიზმად.

ასევე, რთულად გასაგებია 75-83-ე თავებში გადმოცემული ახალი საკითხი, რომელიც ეხება პოტენციისა და ენერგიის საკითხს. თავისთავად ეს საკითხი, რა თქმა უნდა, არ ეწინააღმდეგება იმას, რასაც პროკლე აქამდე ავითარებდა. მაგრამ, თუკი გავითვალისწინებთ სწავლებას ემანაციისა და პროდუცირების შესახებ, გაუგებარია ის, თუ რა არის ახალი პოტენციისა და ენერგიის შესახებ სწავლებაში; გამოუცდელ მზერას კვლავ შესაძლოა მოეჩვენოს, რომ აქ ხდება მხოლოდ ცნებების გამრავალფეროვნება. თუმცა, მომდევნო თავების გაცნობის გარეშეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოტენციისა და ენერგიის შესახებ სწავლება არსებითად იმით განსხვავდება ემანაციისა და პროდუცირების შესახებ სწავლებისგან, რომ ის გულისხმობს ერთგვარ ორგანიზმს, რომელიც აღმოცენდება განსაზღვრული მარცვლისაგან ან თესლისაგან; მარცვალი ან თესლი თავის თავში პოტენციურად შეიცავს ორგანიზმს, ხოლო ორგანიზმი ამ პოტენციის ენერგიული ზრდის შედეგია. უკვე ეს მოსაზრება გვაფიქრებინებს, რომ 75-83-ე თავებში განვითარებული მოძღვრება წარმოადგენს უშუალო გაგრძელებას მე-40-75-ე თავებში გადმოცემული სწავლებისა ორგანული მთელის შესახებ.

შემდგომ თავებში კიდევ უფრო მეტად დასტურდება ზემოთქმული - 84-86-ე თავები ეთმობა საზღვრისა და უსაზღვროს პრობლემას. ცნობილი ანტიკური სწავლება საზღვრისა და უსაზღვროს შესახებ ნათლად გადმოგვცემს ზოგადანტიკურ ტენდენციას, რომელსაც შეიძლება აზრის პლასტიკა ეწოდოს. ამ სწავლების მიხედვით, აზრს აყალიბებს ორი პრინციპი: თავიდან ჩვენ გვაქვს რაღაც განუსაზღვრელი ფონი, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, ეს არის ერთგვარი კონტინუუმი, რაღაც „უსაზღვრო“. შემდეგ, ამ აბსოლუტურად ერთგვაროვან ფონზე, ჩვენ ვიწყებთ ერთის გარჩევას მეორისაგან და საზღვრის გავლებას უკვე ორ განსხვავებულ სფეროს შორის; დაბოლოს, ამ ფონზე ამა თუ იმ ფიგურის მოხაზვის შემდგომ ხდება გარკვეული უბნის ერთგვარი ამოჭრა ფონიდან; შედეგად ვღებულობთ ისეთ რამეს, რაც დასრულებულ საზრისს ატარებს და გამოსახულია ფიგურის სახით. სწორედ აქ წარმოჩნდება „უსაზღვრო“ და მისი „საზღვრით“ შემოზღუდვა. სხვაგვარად თუ ვიტყვით, 84-86-ე თავებში, საზღვრისა და უსაზღვროს შესახებ თეორიის შემოღებით პროკლეს სურს ზემოხსენებული სტრუქტურის პრობლემის გადაჭრა; თუმცა, პოტენციისა და ენერგიის შესახებ სწავლების შემდგომ, სტრუქტურულობა უკვე მიემართება არამარტო ორგანულად შეზრდილ ერთსა და სიმრავლეს, არამედ თვით ამ ორგანიზმს, რომელიც აღმოცენდა ერთისა და სიმრავლისაგან. ამასთან, ეს ორგანიზმი უსასრულოდ ავლენს საკუთარ თავს გარკვეულ გარემოში. ერთისა და სიმრავლის შესახებ სწავლების უკანასკნელი ნაწილი სწორედ ზემოთქმულს ადასტურებს.

ნაშრომის ბოლო ნაწილში (97-112-ე თავები) მოცემულია მსჯელობა იმგვარ უსასრულობაზე, რომელიც, მიუხედავად მისი უსასრულობისა, სულაც არ არის მოკლებული დასასრულს, ზღვარსა და ფორმას. მას გააჩნია ზღვარი, ფორმა, სტრუქტურა და, ამასთან, ის არ არის ორგანიზმი, როგორც ოდენ აბსტრაქტული კატეგორია, არამედ, რეალურად არსებული, ერთიანი და მთლიანია; ის სრულად მყოფობს მის ყოველ ცალკეულ მომენტში, თუმცა, იმავდროულად დანაწევრებული და განყოფილია; ის, თითქოს, გამოსახულია მისგან განსხვავებულ ფონზე, თითქოს, ფიგურის მქონე და პლასტიურია. ამგვარ უსასრულობას, რომელსაც არ შევყავართ განუსაზღვრელობის წყვდიადში (და ამიტომაც ის პოტენციურია), მაგრამ რომელმაც საკუთარი თავი გამოავლინა როგორც განსაზღვრული ენერგია, ე.ი. (თუკი გავითვალისწინებთ ანტიკურ განსაზღვრებებს) გამოავლინა მისი ორგანიზმი, შესაბამისად, უნდა ეწოდოს უსასრულობა ენერგიაში, ენერგიულში; რადგან სიტყვა „ენერგია“ ლათინურად ითარგმნება როგორც „აქტი“, ხოლო ტერმინები „აქტი“ და „აქტუალური“ ფილოსოფიაში ბევრად უფრო პოპულარულია, ამიტომ პროკლეს უსასრულობას უპრიანია ვუწოდოთ აქტუალური უსასრულობა. ამ თეორიებს ეთმობა 97-112-ე თავები, რომლებსაც წინ უძღვის და ერთგვარად შეამზადებს თავები თვითმყოფადსა და სტრუქტურულობაზე. სწორედ აქაა მოცემული სწავლება, ერთი მხრივ, უსასრულო რიგის წევრთა შორის ორგანულ ურთიერთდამოკიდებულებასა და, მეორე მხრივ, თვით ამ რიგებს შორის ორგანულ ურთიერთქმედებაზე (108-122-ე თავები). მთლიანი ტრაქტატის კონტექსტში აქტუალური უსასრულობის თეორიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 93-ე, 152-ე, 159-ე და 179-ე თავები. აქვე ავტორი ავითარებას სწავლებას უსასრულობის ცხრა ძირითადი სახეობის შესახებ (103-ე თავი).

ამგვარად, თუკი კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს სწავლებას ერთისა და სიმრავლის შესახებ (1-112-ე თავები), ნათლად გამოიკვეთება ის ხაზი, რომელსაც ამ სწავლების განვითარება მიჰყვება. ეს არის გზა აბსტრაქტულიდან კონკრეტულისკენ. ერთი და სიმრავლე თავიდან არიან სტატიკურ მდგომარეობაში. მოგვიანებით სტატიკას ცვლის დინამიკა, დინამიკას ორგანულობა, ბოლოს კი ეს ორგანიზმი, რომელშიც ერთმანეთს შერწყმია ერთი და სიმრავლე, გაგებულია როგორც უსასრულობა, როგორც უსასრულო და უნივერსალური სიცოცხლე, როგორც უსასრულობის ცოცხალი ორგანიზმი. შესაძლოა, სწავლების ზოგიერთი დეტალი, ცალკეული ექსკურსი იყოს სადავო, მაგრამ ეჭვშეუვალია ის, რომ ზემოთ მითითებული განვითარების ხაზი აბსტრაქტულიდან კონკრეტულისაკენ მიემართება.