petriwis portali

გერმანელი ფილოსოფოსი დიტერ ჰენრიხი გარდაიცვალა

გერმანელი ფილოსოფოსი დიტერ ჰენრიხი გარდაიცვალა

18.12.2022

2022 წლის 17 დეკემბერს, 95 წლის ასაკში, მიუნხენში გარდაიცვალა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გერმანელი ფილოსოფოსი დიტერ ჰენრიხი. მას ეკუთვნის უმნიშვნელოვანესი გამოკვლევები გერმანული იდეალისტური ფილოსოფიის, განსაკუთრებით კი იმანუელ კანტისა და გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის ფილოსოფიური სისტემების შესახებ. დიტერ ჰენრიხმა მრავალი გამოკვლევა და წიგნი მიუძღვნა უდიდესი გერმანელი მოაზროვნისა და ლირიკოსის, ფრიდრიხ ჰიოლდერლინის შემოქმედებას. მის კალამს ეკუთვნის უმნიშვნელოვანესი გამოკვლევები თვითცნობიერების არსისა და სტრუქტურის შესახებ; მისი ბოლოდროინდელი ნაშრომები კი ნიჰილიზმის პრობლემას, იოჰან გოტლიბ ფიხტეს შემოქმედებასა და იოანეს სახარებას ეძღვნება. დიტერ ჰენრიხმა თავისი მრავალმხრივი და ღრმა ფილოსოფიური შემოქმედებით დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის მეორე ნახევრისა და XXI საუკუნის პირველი ორი ათწლეულის საკაცობრიო ფილოსოფიური აზროვნების განვითარების პროცესზე.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები დიტერ ჰენრიხი შესახებ: დიტერ ჰენრიხი დაიბადა 1927 წლის 5 იანვარს გერმანიის ქალაქ მარბურგში. 1946-1950 წწ. სწავლობდა ფილოსოფიას, ისტორიასა და სოციოლოგიას მარბურგის, ფრანკფურტისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1950 წელს მან ჰანს-გეორგ გადამერთან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „მაქს ვებერის მეცნიერებათმოძღვრების ერთიანობა“, რის საფუძველზეც მას მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 1956 წელს კი დიტერ ჰენრიხმა შეასრულა ჰაბილიტაცია თემაზე „თვითცნობიერება და ზნეობრიობა“, რის შემდეგაც სრული პროფესორის თანამდებობაზე მუშაობდა ბერლინის, ჰაიდელბერგისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში. მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში იგი 1994 წლიდან ხელმძღვანელობდა კლასიკური გერმანული ფილოსოფიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს. დიტერ ჰენრიხი ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში (ჰარვარდის, კოლუმბიის, იელის, მიჩიგანის, ტოკიოს და სხვ.) მიწვეული პროფესორის რანგში კითხულობდა ლექციებს. იგი იყო „ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის“ წევრი, „ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიის“ საპატიო წევრი, ასევე, მრავალი ცნობილი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი. დიტერ ჰენრიხი ასევე იყო არაერთი ნაციონალური და ინტერნაციონალური სამეცნიერო აკადემიის წევრი, არაერთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და საპატიო პროფესორი. 1970 წლიდან იგი იყო „ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების“ პრეზიდენტი.