ნეტარი ავგუსტინე (354-430 წწ.) ქრისტიანული აზროვნების ისტორიაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. ამის საფუძველი მისი შემოქმედების უაღრესად ფართო მასშტაბი, თემატური მრავალფეროვნება და ის ღვაწლია, რომელიც ჰიპონის ეპისკოპოსმა სხვადასხვა ერესებთან (მანიქეველობა, პელაგიანიზმი, დონატიზმი, არიანიზმი) ბრძოლაში გასწია. ამასთანავე, ნეტარი ავგუსტინე ქრისტიანული ფილოსოფიის, როგორც ფილოსოფიის ტრადიციული და მრავალსაუკუნოვანი მიმართულების ერთ-ერთი მესაძირკვლეცაა. მის თხზულებებში ვხვდებით ანტიკური ფილოსოფიის „ქრისტიანიზებას“, ასევე, ქრისტიანული დოქტრინების ფილოსოფიურ დასაბუთებას იმდროინდელი სააზროვნო გამოწვევების ფონზე. უნდა ითქვას, რომ შინაარსის სიღრმისა და დამაჯერებელი არგუმენტაციის წყალობით ნეტარი ავგუსტინეს შემოქმედება დღესაც დიდ ყურადღებას იპყრობს.
მოცემული ფრაგმენტი აღებულია ნეტარი ავგუსტინეს მიერ იოანეს სახარების განმარტებიდან. წარმოდგენილი ქართული თარგმანი კი შესრულებულია შემდეგი გამოცემიდან: Saint Augustine, Homilies on The Gospel According to St. John, and His First Epistle, translated, with notes and indices, vol. II, Oxford, London: John Henry Parker, F. and J. Rivington, გვ. 1052-1053.
ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა
მარიამ მაგდალინელმა უფლის მოწაფეებს, პეტრესა და იოანეს აცნობა, რომ უფალი საფლავში არ იყო; მათ კი, იქ მოსულთ, დახვდათ მხოლოდ დაკეცილი ტილოები, რომლებშიც გახვეული იყო სხეული. კიდევ რისი რწმენა შეეძლოთ მათ, გარდა იმისა, რაც მარიამისგან იცოდნენ? რისი სწამდა თავად მარიამს? და მოწაფეები კვლავ შინ დაბრუნდნენ (ინ. 20.10): ad semitimpsos, ე.ი. ადგილზე, სადაც მკვიდრობდნენ და საიდანაც მიაშურეს საფლავს. ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა (ინ. 20.11). მამაკაცები ისევ წავიდნენ, სუსტი სქესი [*] კი კვლავაც ადგილზე დარჩა; მისმა თვალებმა, რომლებიც ეძიებდნენ უფალს, ვერ ჰპოვეს ის და მას სხვა არაფერი დარჩენოდა, გარდა ტირილისა, უფლის ხეზე [**] სიკვდილის შემდგომ კიდევ მეტად დამწუხრებისა იმის გამო, რომ უფალი საფლავში არ იყო. ამ დროიდან ძვირფასი მასწავლებელი - ვინც მათ დააკლდა - სამარხშიც აღარ იყო მათთვის მოსაგონებლად. ამგვარად, ამ დარდმა ქალი სამარესთან შეაჩერა. ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ (ინ. 20.11). რატომ მოიქცა ასე, ჩემთვის უცნობია. ალბათ იმიტომ, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ვისაც ეძებდა, იქ არ იყო. მან ამცნო ეს მოწაფეებს, ისინიც მივიდნენ საფლავთან და არა მხოლოდ შეიხედეს შიგნით, არამედ შევიდნენ კიდეც და ვერ ჰპოვეს ის. რას ნიშნავს, რომ ის, მტირალი, კიდევ ერთხელ იხრება და იყურება სამარხში? ნიშნავს ეს იმას, რომ ძლიერი დარდის გამო ის არ ენდობოდა არც მათ და არც საკუთარ თვალებს? თუ ეს უფრო მეტად განპირობებული იყო ღვთაებრივი გრძნობით მის გონებაში - რომ მას იქ უნდა შეეხედა? მან შეიხედა და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი (ინ. 20.12). რას ნიშნავს, რომ ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა? ის, რაც ბერძნულად ნიშნავს ანგელოზს, ჩვენს ენაზე აღნიშნავს მახარებელს; ნიშნავს მათი ეს ქმედება იმას, რომ ქრისტეს სახარება განცხადდა „თავით ფეხთამდე“, დასაწყისიდან დასასრულამდე? და უთხრეს მას: ქალო, რად სტირი? მან კი მიუგო: წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დაასვენეს (ინ. 20.13). ანგელოზები ანუგეშებდნენ მის ცრემლებს: ასეთი მიმართვით კი სხვას რას გააკეთებდნენ, თუ არა მიანიშნებდნენ მას მომავალ სიხარულზე? მათ ხომ უთხრეს, რად სტირი? რაც ჰგავს სიტყვებს: ნუ სტირი. მაგრამ მარიამმა დაუშვა, რომ მათ, ვინც შეკითხვა დაუსვა, არ უწყოდნენ და აუხსნა მათ მისი ცრემლების მიზეზი. მის სიტყვებში - წაუღიათ ჩემი უფალი - მის მიერ უფლის, მისი უფლის უსიცოცხლო სხეულის ხსენება მთლიანიდან ნაწილს აღნიშნავს. ისევე, როგორც ჩვენ ყველა ვაღიარებთ იესო ქრისტეს, ღვთის მხოლოდშობილ ძეს ჩვენს უფლად, რაც ნიშნავს სიტყვას, სულსა და სხეულს ერთად, იმის მიუხედავად, რომ ის ჯვარს ეცვა და დაეფლა, თუმცა კი, მხოლოდ მისი სხეული დაეფლა. არ ვიცი - მიუგო მან - სად დაასვენეს. ეს იყო საშინელი დარდის მიზეზი, რადგანაც მან არ იცოდა, თუ როგორ ენუგეშა. მაგრამ დადგა საათი, როცა ანგელოზთა მიერ მისთვის ტირილის დაშლით ნაგულისხმევი სიხარული დაასრულებს მის გოდებას.
მოკლედ, ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო. უთხრა მას იესომ: ქალო, რად სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო (უფალო) [***], თუ შენ წაიღე იგი, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ. უთხრა მას იესომ: მარიამ! შებრუნდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი! (რაც ნიშნავს მოძღვარს) (ინ. 20.14-16). არაფერია უცნაური იმაში, რომ ქალმა მებაღეს უწოდა „ბატონი“ ან „უფალი“ და იესოს „მოძღვარი“. პირველ შემთხვევაში მისი მიმართვა ვედრებას გულისხმობდა, მეორე შემთხვევაში კი, იცნო რა მოსაუბრე, ის პატივს მიაგებს კაცს, ვისი კეთილგანწყობაც სწყურია; აქ მან იცნო მოძღვარი, ვისგანაც ღვთაებრივი და ადამიანური საგნების გარჩევა ისწავლა. მარიამმა უწოდა უფალი მას, ვისი მსახურიც არ იყო, საიმისოდ, რომ მისი მეშვეობით მისულიყო უფალთან, ვისი მსახურიც იყო. ერთი მხრივ, ეს იყო იმიტომ, რომ მან თქვა სიტყვა „უფალო“, როცა კი წარმოთქვა: წაუღიათ ჩემი უფალი; სხვაგან კი მან თქვა: უფალო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი. მსგავსადვე წინასწარმეტყველნიც მოიხსენიებდნენ უფლად მათ, ვინც კაცი იყო. მეორე მხრივ კი, მათთვის, ვისთვისაც ეს დაიწერა, უფალი მისი (მაცხოვრის - ნ.კ.) სახელია. მაგრამ, ვხედავთ რა ამ ქალს, რომელიც უკან შემობრუნდა, რათა ეხილა იესო მაშინ, როდესაც ის მებაღე ეგონა და ესაუბრა მას გარკვეულ ხანს, რას ნიშნავს ის, რომ მარიამი ისევ შებრუნდა, რათა ეთქვა მისთვის, რაბუნი? როგორ წარმოიდგინა მარიამმა, მიტრიალდა რა სხეულით, რომ უფალი იყო ის, ვინც არ იყო, და, ახლა, შეტრიალდა რა გულით, როგორ ამოიცნო მასში ის, ვინც ის არის?
მთარგმნელის შენიშვნები
* ლათ. - infirmiorem sexum.
** ლათ. - ligno occisus.
*** ახალი აღთქმის ახალქართულ ვერსიაში (ბ. ბრეგვაძის თარგმანი), რომელსაც აქ ვციტირებთ, გამოიყენება სიტყვა „ბატონო“, თუმცა, გიორგი მთაწმინდელისეულ რედაქციაში ვხვდებით სიტყვას „უფალო“. ახალქართული რედაქციის მსგავსად ინგლისურენოვან გამოცემაშიც გამოიყენება სიტყვა Sir და არა Lord. ავგუსტინეს თხზულების ორიგინალურ, ლათინურ ვერსიაში კი გამოიყენება სიტყვა Domine, რის ქართულ შესატყვისსაც სწორედ „უფალი“ წარმოადგენს. ავგუსტინეს თხზულების ამ ფრაგმენტშიც შემდგომი მსჯელობები სწორედ სახარებაში ამ კონკრეტულ სიტყვას ეფუძნება, რის გამოც მოხმობილ ციტატას ახალქართული რედაქციიდან თან დავურთეთ სიტყვა „ბატონის“ შესატყვისი ძველქართულ რედაქციაში - „უფალი“.