petriwis portali

ინტერვიუ პროფესორ უდო რაინჰოლდ იეკთან

სარედაქციო

ინტერვიუ პროფესორ უდო რაინჰოლდ იეკთან

02.02.2020

პეტრიწის პორტალი გთავაზობთ ინტერვიუს ფილოსოფიის ისტორიის ცნობილ გერმანელ მკვლევართან უდო რაონჰოლდ იეკთან. ბატონი იეკი არის ბოხუმის რურის უნივერსიტეტის, ბოხუმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.


— პროფესორო იეკ, მოგესალმებით, თავდაპირველად გვსურს გკითხოთ, თუ როგორც დაინტერესდით ფილოსოფიით?

— ჩემი დაინტერესება ფილოსოფიური საკითხებით დაახლოებით 1966 წლიდან დაიწყო; საწყისი კი იყო ფიქრი, რომელიც ჯერ კიდევ ადრეული ხანიდან თან დამყვა და ფილოსოფიური პრობლემებისადმი ჩემი ინტერესი გამოიწვია. ამის შედეგად თვითგანსწავლის გზას შევუდექი და ფილოსოფიური ინფორმაციების შესწავლა დავიწყე. ჩვეულებრივ სკოლაში ვსწავლობდი, ამდენად, პროფესიული რჩევები ვერ მივიღე და ჩემში ეს ინტერესი ყოველგვარი სიღრმისა და სათანადო ცოდნის გარეშე გაღვივდა. რადგან ჩემს მშობლებს საუნივერსიტეტო განათლების დაფინანსება არ შეეძლოთ, 1967 წელს სკოლა მივატოვე, გადავწყვიტე, რომ ხელობა შემესწავლა და ასე გავხდი ქიმიის ლაბორანტი, ანუ ხელი მივყავი საქმიანობას, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ცოდნას ეყრდნობა. მე დავიბადე და გავიზარდე რურის მხარეში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინდუსტრიულ რეგიონში, სამუშაო ადგილიც სწრაფად მივიღე, მაგრამ იმგვარ სამყაროში აღმოვჩნდი, რომელიც ძალიან დაცილებული იყო ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროს. გარკვეული პერიოდის შემდეგ გერმანული ეკონომიკის ამ მიმართულებამ დაქვეითება განიცადა და მე არა მარტო მოძველებული ტექნოლოგიების დაღმასვლის მომსწრე გავხდი, არამედ კარგად გავაცნობიერე ტექნიკისა და ტექნოლოგიური დარგის ჩრდილოვანი მხარეებიც: მძიმე ფიზიკური შრომა, ცალმხრივი დასაქმება, პიროვნების აღიარება-დაფასების დაბალი ხარისხი და მატერიალური ექსპლოატაცია. ყოველივე ამან დაფიქრებისა და ამ პრობლემების სიღრმისეული გაცნობიერებისკენ მიბიძგა და, ასევე, მთელი რიგი კითხვებისა დაბადა ჩემში, მაგრამ მათზე ჩემი მასწავლებლები პროფესიული სასწავლებლებიდან მხოლოდ ნაწილობრივ თუ სცემდნენ პასუხს. გარდა ამისა, ჩემთვის აქტუალური გახდა საფუძველმდებარე ეგზისტენციალური საკითხები, რომლებსაც ყოველი ადამიანი სვამს ან უნდა დასვას. რადგან გაცემული პასუხები ჩემთვის მთლად დამაკმაყოფილებელი არ იყო, გადავწყვიტე კიდევ უფრო ჩავღრმავებოდი ამ საკითხებს, მრავალი წლის განმავლობაში ფილოსოფიური ტექსტების კითხვას მივყავი ხელი და ამას ყოველგავრი დაკვალიანების გარეშე ვაკეთებდი. აი, მაშინ, დაახლოებით 1970 წელს, შევიძინე პირველი ფილოსოფიური წიგნები, რომლებიც დღესაც კი მაქვს ჩემს ბიბლიოთეკაში. აქა-იქ საჯარო მოხსენებებსა და სემინარებს ვესწრებოდი; ეს მდგომარეობა კარგა ხანი გაგრძელდა, სანამ, 30 წლისამ, უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოვიპოვე და ჩემ მიერ დაგროვილმა გასამრჯელომ საუნივერსიტეტო განათლების მიღების შესაძლებლობა მომცა. ფილოსოფია ძირითად საგნად ავირჩიე! - ეს თავიდანვე ცხადი და ნათელი იყო! მიუხედავად ამისა, 40 წლისა, ლაბორატორიაში ჯერ კიდევ იმ ადამიანებთან ერთად ვმუშაობდი, რომლებსაც არავითარი შეხება არ ჰქონდათ ფილოსოფიასთან და ფილოსოფიურ აზროვნებასთან. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მრავალმხრივი იმპულსები მივიღე, მაგრამ მთავარი ფილოსოფიური იმპულსი უნივერსიტეტისგან არ მიმიღია. უნივერსიტეტმა მხოლოდ გააძლიერა ეს იმპულსები, მნიშვნელოვანმა მასწავლებლებმა კი ისინი სწორი მიმართულებით წარმართეს. ჩემი მაგალითი აჩვენებს, რომ ფილოსოფია უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ აკადემიური საქმიანობა; ის ყოველთვის უფრო მეტი დარჩება, ვიდრე მხოლოდ აკადემიური საქმიანობაა. აქედან გამომდინარე, თითოეულ ადამიანს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფილოსოფიურად იაზროვნოს, თუკი, მას, რა თქმა უნდა, ფიქრი და აზროვნება უყვარს.

— რა არის თქვენი კვლევისა და სწავლების ძირითადი სფეროები ფილოსოფიაში?

— ჩემი ფილოსოფიური კვლევა-ძიების მთავარი საგანი ფილოსოფიის ინტერკულტურული ბუნება და ხასიათია. ამას აჩვენებს ჩემი დისერტაციისა და ჰაბილიტაციის სათაურებიც:

(ა) „არისტოტელე ავგუსტინეს წინააღმდეგ. დროისა და სულის ურთიერთმიმართების საკითხისათვის არისტოტელეს ანტიკური ხანის კომენტატორებთან, არაბულ არისტოტელიზმსა და XIII საუკუნეში“. ამსტერდამი და ფილადელფია: „ჯონ ბენიამინის საგამომცემლო სახლი“, 1994 წ.

(ბ) „ორიენტალიზებული პლატონიზმი. ფილოსოფიური ტრადიციის აღმოჩენა“. ფრანკფურტი: „ვიტორიო კლოსტერმანის გამომცემლობა“, 2004 წ.

ამ გამოკვლევებში ვცადე, რომ დასავლური ფილოსოფია გამეგო არა როგორც იზოლირებული აზროვნების გამოვლენა, არამედ იგი გამეაზრებინა მნიშვნელოვანი არაევროპული სააზროვნო ტრადიციების კონტექსტში. პირველ ნაშრომში გათვალისწინებული იქნა არაბულენოვანი სააზროვნო სივრცე, ხოლო მეორე ნაშრომში კი - აზიის მაღალი სააზროვნო კულტურები. ამ ორ ნაშრომზე მუშაობის დროს თვალნათლივ გავაცნობიერე ინტერკულტურული ფენომენის მნიშვნელობა, კერძოდ კი, ის მეთოდოლოგიური არსენალი და ხერხები, რითაც ახალი დროის დიდი ევროპელი ორიენტალისტები არაევროპული ფილოსოფიების ახსნასა და გაგებას ცდილობდნენ. ამავე კონტექსტს განეკუთვნება ის კვლევები, რომლებიც ახალი დროის ევროპაში კავკასიური ფილოსოფიის შესწავლის ტრადიციას ეხება. ცოტა ხნის წინ ჩემი კვლევა-ძიების არეალში ინდოეთიც შემოვიდა. ამის თაობაზეც მხოლოდ მცირედი რამ თუ არის აქამდე გამოქვეყნებული. ამ ტიპის კვლევა-ძიებას არა მარტო ისტორიული განზომილების გაგებამდე მივყავართ, არამედ მომავლის ხედვის შესაძლებლობასაც გვაძლევს. დარწმუნებული ვარ, რომ, სამომავლოდ, გლობალურ სამყაროში ახალი ფილოსოფიები შეიქმნება, რომლებიც ინტენსიურად გამოიყენებენ დასავლეთისა და აღმოსავლეთის მრავალი ფილოსოფიური ტრადიციის მნიშვნელოვან ელემენტებს. არ მჯერა, რომ ინგლისურენოვანი ანალიტიკური ფილოსოფია მსოფლიო ფილოსოფიური სამყაროს მპყრობელი გახდება. ამის საწინააღმდეგოდ აზიური აზროვნების (განსაკუთრებით კი, ინდოეთი და ჩინეთი) პოტენციალი ძალიან დიდია. შესაძლოა, ამ კონტექსტში ის ფილოსოფიური ურთიერთობები, რომლებსაც ყურადღება მივაქციე და რომლებიც დღეს თითქმის მივიწყებულია, პარადიგმატული მნიშვნელობისა შეიქნენ. მომავალი ინტერკულტურული აზროვნებისთვის მხოლოდ სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს იმის ცოდნა, თუ როგორ განვითარდა ამგვარი სააზროვნო სინთეზის მცდელობები და რა სახე ჰქონდათ მათ თავიანთ საწყის სტადიაში.

ჩემი კვლევა-ძიების მეორე მნიშვნელოვანი სფერო არის ტვინის ფილოსოფია. ტვინისა და სულის ურთიერთმიმართების პრობლემის განხილვა ფილოსოფიის უმნიშვნელოვანეს პრობლემათა რიგს მიეკუთვნება; უფრო მეტიც, შეიძლება ის ფილოსოფიის ცენტრალური პრობლემაც კია! ამ პრობლემასაც თავისი ისტორია აქვს, რომელიც ანტიკურობაში იღებს სათავეს; ფილოსოფია ყოველთვის ყურადღებას აქცევდა ნეირომეცნიერებების სფეროში არსებულ სიახლეებს და ამას ის დღესაც აკეთებს. ზუსტად ვიცი, რომ მრავალი დიდი ფილოსოფოსის (მათი რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ეს, ერთი შეხედვით, ჩანს!) აზროვნების არეალში ტვინის პრობლემის საგანგებო განხილვაც შედიოდა. ტვინის პრობლემისა და მასთან დაკავშირებული საკითხების ადეკვატურად გაგება მხოლოდ სამედიცინო-ტექნიკური კვლევა-ძიების შედეგად შეუძლებელია, თუკი საერთოდ შესაძლებელია მისი ბოლომდე გაგება!!!

— როგორ ხედავთ თანამედროვე გლობალურ, ტექნოლოგიურ სამყაროში ფილოსოფიის როლსა და ხვედრს?

— გერმანიაში, მაღალგანვითარებულ ინდუსტრიულ სახელმწიფოში, ფილოსოფიას უკვე აღარ აქვს ისე მნიშვნელოვანი გავლენა რეალურ ცხოვრებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავაც ისწავლება უმაღლესი რანგის სკოლებში, ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში. ჩვენი წამყვანი პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ჩვენს საზოგადოებას სულ უფრო მეტად სჭირდება ტექნიკური მიმართულების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და ინჟინრები. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ სპეციალობებს, როგორიცაა: მათემატიკა, საინჟინრო მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ტექნიკური მეცნიერებები. ფილოსოფოსები ამგვარი დამოკიდებულების სიმწვავეს იმითაც გრძნობენ, რომ მათი დაფინანსების წყაროები სულ უფრო და უფრო მოკრძალებული ხდება. თვით ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებიც კი, როგორიცაა დიდი გერმანელი მოაზროვნეების ნაშრომთა სრული გამოცემა, ხშირად, საფრთხის ქვეშაა. დიდი ფილოსოფიური ტექსტების გასაგებად ისეთი მნიშვნელოვანი ენების შესწავლასაც კი, როგორიცაა ბერძნული, ლათინური, ფრანგული და იტალიური, გერმანულ უნივერსიტეტთა ფილოსოფიურ ფაკულტეტებზე უკვე აღარ ექცევა სათანადო ყურადღება. უფრო მეტიც, ფილოსოფოსები, თითქოსდა, ასწრებენ კიდეც განვითარების ტენდენციას და სულ უფრო მეტად ცდილობენ დაემსგავსონ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა წარმომადგენლებს. თავად ის ფაქტიც, რომ ფილოსოფიაში უკვე მკვეთრად განასხვავებენ ერთმანეთისგან ისტორიულ და სისტემურ კვლევას, აჩვენებს მათ ორიენტაციას თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სტანდარტებზე. ესა თუ ის ქიმიური ფორმულა სწრაფად შეიძლება მოძველდეს, ხოლო ამის შემდეგ კი მისდამი ინტერესი მხოლოდ მეცნიერების ისტორიკოსს შეიძლება ჰქონდეს. უნდა იყოს კი ასეთი ტენდენცია ფილოსოფიაში?! ის, რაც გერმანიაში მოხდა, მოხდა დასავლური სამყაროს ბევრ წამყვან ქვეყანაშიც. ზოგიერთი ფილოსოფიას სრულიად უმნიშვნელო რაიმედ მიიჩნევს. ჰანს ულრიხ გუმბრეხტმა, 2016 წლის 18 ნოემბერს, „ნოიე ციურიხერ ცაიტუნგში“ სტატია გამოაქვეყნა შემდეგი სათაურით „თანამედროვეობის საშიში აზროვნება“, სადაც მრავალგზის ხაზგასმული თეზისი კიდევ ერთხელ წამოაყენა: „ჩვენი სამყაროს გარდაქმნას ახორციელებენ ინჟინრები და არა ჭეშმარიტების მაძიებელი მეცნიერები“. ჯერ კიდევ კარლ მარქსი 1845 წლის თეზისებში ფოიერბახის შესახებ მოითხოვდა შემდეგს: „აქამდე ფილოსოფოსებმა მხოლოდ ის შეძლეს, რომ სამყაროს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მოეხდინათ, ახლა კი იმის დროა, რომ ის შევცვალოთ“ (XI თეზისი). ორივე ხედვა ფილოსოფიის როლს თავისებურად აკნინებს. მარქსი ამას ინდუსტრიული საუკუნის დასაწყისში აკეთებდა, ხოლო პირველი მოსაზრების მიმდევარნი კი ამას ინდუსტრიალიზაციის უკვე განვითარებულ (თანამედროვე) ეტაპზე ახდენენ. ერთი შეხედვით, დღეს არსებული სამყაროს ფაქტობრივი მდგომარეობა ამ ხედვებს, თითქოსდა, ზურგს უმაგრებს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ! თუკი ფილოსოფია თანამედროვე ტექნოლოგიურ საუკუნეში განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მისი დასასრულის ჟამი დადგა. მე, უფრო, მარქსის თეზისს შევატრიალებდი და ვიტყოდი: დღეს უფრო მეტად მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფილოსოფოსებმა ტექნიკური სამყაროს ინტერპრეტაცია მოახდინონ და ამის მეშვეობით საკუთარი სამყარო შეცვალონ. ეს ხედვა არც ახალია და არც ორიგინალური! ფილოსოფიამ ტექნიკური სამყაროს პრობლემატიზება XX საუკუნეში უკვე მოახდინა. ჯერ კიდევ XX საუკუნის 50-იან წლებში გერმანიაში არსებობდა ე.წ. ტექნიკის ფილოსოფია, რომლის განვითარების პროცესში მრავალი საყურადღებო მოაზროვნე მონაწილეობდა. ჰაიდეგერი აღნიშნავდა, რომ ტექნიკის არსის შესახებ საკითხი არ არის ტექნიკური საკითხი, რომლის გადაჭრაც ტექნიკური სფეროს წარმომადგენლებს შეუძლიათ, არამედ ეს, უფრო მეტად, ფილოსოფიური პრობლემაა. ტექნიკის სამყაროს საკუთარი თავის გასაგებად თავად ფილოსოფია სჭირდება. ამ წინასწარ გამოცნობილი განვითარების ხაზის შემოტრიალების დროც უკვე დადგა: თანამედროვე ტექნიკის კრიზისმა გამოყენებითი ეთიკის რენესანსი გამოიწვია და ამის მაგალითად ეთიკის შემდეგი დარგები შეგვიძლია დავასახელოთ: ეკოლოგიური ეთიკა, მედიცინის ეთიკა, ტექნიკის ეთიკა, ნეიროეთიკა და მედიის ეთიკა. ისინი ტექნიკის სამყაროს არასწორი განვითარების ტენდენციების წინააღმდეგ გამოდიან და დიდი წარმატებებიც აქვთ. ამავე კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ უსწრაფესად განვითარებადი რობოტების სამყარო და მასთან კრიტიკული მიმართების საკითხები. უახლესი რობოტები გასაოცარ წარმატებებს აღწევენ, ხელოვნური ინტელექტის კვლევა საოცარი ტემპებით ვითარდება და საზოგადოებისთვის დიდი სარგებელი მოაქვს. მიუხედავად ამისა, ისმის შეკითხვა: შეუძლიათ კია მანქანებს და ალგორითმებს ფილოსოფიის ძველი დიადი პრობლემების გადაჭრა? აი, აქ უნდა გამოიჩინოს ფილოსოფიამ კვლავაც ინიციატივა, გახდეს აქტუალური და ამით საკუთარი მნიშვნელობა და აუცილებლობა დაამტკიცოს.

— როგორც ფილოსოფიის ისტორიის მკვლევარი, თქვენ ასევე დაინტერესებული ხართ ქართული ფილოსოფიითაც. გთხოვთ, გაგვიზიაროთ, თუ როგორია ქართული ფილოსოფიის თქვენეული ხედვა.

— ზემოთ ნახსენები კვლევითი ინტერესებიდან გამომდინარე, ქართულ ფილოსოფიას ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: შესაძლებლობა მომეცა, რომ გავცნობოდი იმ დიდი ქართველი ინტელექტუალების შემოქმედებას, რომლებმაც ევროპული აზროვნება შეისწავლეს, ნაყოფიერად გაითავისეს და შემდეგ მას სპეციფიკური შეფერილობაც კი მისცეს. ისინი ჩემზე დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ და დიდ პატივისცემასაც აღძრავენ ჩემში; მაგალითად, შალვა ნუცუბიძე კარგად იცნობდა მთელ ევროპულ ფილოსოფიურ ტრადიციას; იგი თავის ნაშრომებს აქვეყნებდა გერმანულ, რუსულ და ქართულ ენებზე, ამასთანავე, კარგად ფლობდა ბერძნულ და ლათინურ ენებს. ნუცუბიძე ჰუსერლისა და ჰაიდეგერის თანამედროვე იყო, მათ აზროვნებას ითვალისწინებდა და ასე ქმნიდა საკუთარი აზროვნების მოდელს. მომავალი ფილოსოფოსი სწორედ ამგვარად წარმომიდგენია: იგი უნდა იყოს საკუთარი ტრადიციის სხვათა ტრადიციების კონტექსტში გამააზრებელი და ამის საფუძველზე სამყაროს ახალი მსოფლხატის შემქმნელი. მაგრამ ქართული ფილოსოფიის ადეკვატურ შეფასებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როცა მისი სრულყოფილი სურათის მოხაზვა გახდება შესაძლებელი. არადა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არქივებში დავანებულა და არ არის გამოქვეყნებული. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რაც გამოქვეყნებულია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე ეხება მნიშვნელოვან ფილოსოფიურ წყაროებს, რომლებიც უდავოდ იმსახურებენ დღის შუქზე გამოტანასა და ახალ ინტერპრეტაციებს. ქართულ ფილოსოფიას არა მარტო ქართულენოვანი ტექსტები და ფილოსოფოსები ქმნიან, არამედ მას ქმნის უაღრესად ღრმა ფილოსოფიური ენა: ქართველებმა იმიტომაც შეძლეს მნიშვნელოვანი ფილოსოფიური ტრადიციის დაფუძნება, რომ მათ ფილოსოფიური ენა შექმნეს. და ეს ქართველებმა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში მოახერხეს, როცა ბერძნული ფილოსოფიური სამყარო ქართულად აამეტყველეს. ამის შემდეგ ქართველთაგან მრავალი ფილოსოფიური ტექსტი შეიქმნა ქართულ ენაზე. რასაკვირველია, დღეს ეს საკმარისი აღარ არის და ამიტომაც სრულიად მართებულია, რომ თანამედროვე ქართველი ფილოსოფოსები თავიანთ ნაშრომებს სხვადასხვა ევროპულ ენებზე აქვეყნებენ. თუმცკი, რადგან ქართული ენა, ბევრი სხვა ენის მსგავსად, წნეხის ქვეშაა, „ახალი ქართული ფილოსოფიის“ (ჩემი აზრით, თანამედროვე ფილოსოფიური მცდელობანი საქართველოში ამ ტერმინით შეძლება აღინიშნოს!) მნიშვნელოვანი ამოცანა არის საკუთარი ფილოსოფიური ენის შენარჩუნება და მასზე ზრუნვა.

— ცნობილია, რომ თქვენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობთ. რას იტყოდით ამ უნივერსიტეტის ინტელექტუალური პლატფორმის შესახებ?

— ჩემი აზრით, ერთი მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული ფილოსოფიური აზროვნების საერთო ფილოსოფიურ დისკურსში ჩართვა, მეორე მხრივ კი, არსებობს გარდაუვალი აუცილებლობა იმისა, რომ თანამედროვე ქართული ფილოსოფია ჩართული იყოს ფილოსოფიის განვითარების საერთო ინტერნაციონალურ კონტექსტში. უწინარეს ყოვლისა, ამისთვის საჭიროა სტაბილური ინსტიტუცია, რომელსაც იმ პოტენციალის მეცნიერ-თანამშრომელთა ჯგუფი ჰყავს, კრიზისებისა და კრიტიკული დროის სიძნელეთა გადალახვა რომ შეუძლია. ახალი საქართველოს უნივერსიტეტი ამ პირობებს სრულად აკმაყოფილებს! ეს ამ უნივერსიტეტის უპირატესობაა და, პირველ რიგში, მისი თანამშრომლების დიდი დამსახურებაა. უწინარეს ყოვლისა, ჩემთვის უაღრესად შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერთა სკოლამ ძალიან მცირე დროის განმავლობაში მოახერხა უამრავი საერთაშორისო კონტაქტის დამყარება, საინტერესო კონფერენციებისა და ღონისძიებების მაღალ დონეზე გამართვა, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წამყვან მკვლევართა, განთქმულ ფილოსოფოსთა და თეოლოგთა მოწვევა და მათთან მჭიდრო თანამშრომლობის წამოწყება. გარდა ამისა, უნივერსიტეტის მთელი შემოქმედებითი საქმიანობა კარგად არის წამოჩენილი ინტერნეტში. სწორედ ამის გამო უნდა ითქვას, რომ ახალი საქართველოს უნივერსიტეტი თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უაღრესად საყურადღებო ფილოსოფიური კვლევის საერთაშორისო ცენტრია. ამას ემატება მის ფარგლებში არსებული ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია: „კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი“, რომელიც უნივერსიტეტის წინსვლისა და კვლევითი პოტენციალის სამჭედლოა. ამდენად, ახალი საქართველოს უნივერსიტეტი მომავლის ინსტიტუციაა, რომელიც კიდევ მრავალი მიმართულებით განივრცობა და განვითარდება.