გ. ვ. ფლოროვსკის წიგნი „IV საუკუნის აღმოსავლელი მამები“ ეფუძნება პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში წაკითხულ ლექციებს. წიგნი მიზნად ისახავს ქრისტიანული ღვთისმეტყველების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდის, IV საუკუნის ეკლესიის მამათა მოღვაწეობის, მათი საღვთისმეტყველო შეხედულებების, მათ მიერ ქრისტიანული რწმენის დამოწმების ასახვას. წიგნში განხილულია ეკლესიის ისეთი დიდი მამების მოღვაწეობა, როგორებიცაა ათანასე ალექსანდრიელი, კირილე იერუსალიმელი, ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი. ავტორი ასევე ეხება ამ პერიოდის ე.წ. უმცროს ღვთისმეტყველებს: ევსტათი ანტიოქიელს, ამფილოქე იკონიელს და სხვ. წიგნში ასახულია IV საუკუნის საღვთისმეტყველო პრობლემატიკის სრული სპექტრი: ცალკეულ მამათა შეხედულებების განხილვის საფუძველზე იქმნება ამ პერიოდის ღვთისმეტყველების დამაჯერებელი სურათი; აქ განხილულია ტრინიტარული პრობლემატიკა, ასევე, საგანგებო ყურადღება ექცევა ანთროპოლოგიურ, სოტერიოლოგიურ და სხვა საკითხებს, რის საფუძველზეც წიგნი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა ღვთისმეტყველებით დაინტერესებულ მკითხველში. გიორგი ფლოროვსკის აღნიშნულ წიგნზე დეკანოზ ვასილი ზენკოვსკის რეცენზიის ქართული თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემიდან: Путь, органъ русской религіозной мысли, подъ редакціей Н. А. Бердяева, 1931, №8, ст. 101-102.
ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა
პროფ. გ. ვ. ფლოროვსკის წიგნი, რომელმაც სულ ახლახანს იხილა დღის სინათლე, მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენს პატროლოგიაში ავტორის მიერ ჩაფიქრებული დიდი შრომისა, რომლის მიზანიც წმიდა მამათა ღვთისმეტყველების მთელი ისტორიის მოცვაა. უკვე დაბეჭდილი ნაწილის საფუძველზე რომ ვიმსჯელოთ, გ. ვ. ფლოროვსკის წიგნს არ აქვს იმის პრეტენზია, რომ გამოკვლევა ერქვას, თუმცა კი, მასში აშკარად იგრძნობა დიდი დამოუკიდებლობა და სოლიდური ცოდნა. ავტორი სრულად ფლობს სათანადო მასალას და გვთავაზობს IV საუკუნის ღვთისმეტყველთა დასრულებულ და ცხად დახასიათებებს; მას დიდი სიყვარულითა და, ზოგჯერ, გატაცებითაც შეჰყავს მკითხველი მის მიერ შესწავლილი ეკლესიის მამების პირად ცხოვრებაში. გ. ვ. ფლოროვსკის კარგად აქვს გაცნობიერებული მის მიერ განხილული პრობლემები და მათი გადმოცემისას ხშირად განსაკუთრებულ უბრალოებასა და სიცხადეს აღწევს. მის მიერ გამოყენებული მეთოდის საფუძველზე წინა პლანზე გამოდის ამა თუ იმ ღვთისმეტყველის ინდივიდუალობა, რისი მეშვეობითაც იდეათა გადმოცემა უფრო წვდომადი და ინდივიდუალური ხდება. ამაშია წარმოდგენილი წიგნის ღირსებაც - მკითხველი მისი გაცნობისას ინარჩუნებს გამოკვეთილ, ცხად წარმოდგენას ეკლესიის ცალკეულ მამებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის თავი, რომელიც იოანე ოქროპირს ეხება: ის დაწერილია ისეთი შემართებით, ღრმა გაგებითა და, ამავდროულად, ისეთი სიცხადით, რომ იოანე ოქროპირის სახე და შეხედულებანი განსაკუთრებული ძალმოსილებით ვლინდება.
მაგრამ იმ მეთოდში, რომელიც აქ გ. ვ. ფლოროვსკიმ გამოიყენა, ვლინდება მისი საზღვრებიც. საღვთისმეტყველო შემოქმედების განვითარება მასთან განსაკუთრებით ღვთისმეტყველთა პირად ჭრილშია ხაზგასმული, ამიტომაც ნაკლებად ვლინდება საღვთისმეტყველო იდეათა დიალექტიკა - ხშირად შეიძლება ისიც მოგვეჩვენოს, რომ ავტორს არც კი უნდა მისი დანახვა და არც მკითხველის ყურადღების მასზე შეჩერება სურს. ეს სამწუხარო შთაბეჭდილებას იმიტომაც ტოვებს, რომ IV საუკუნე ქრისტიანული ღვთისმეტყველების განვითარებაში განსაკუთრებულია სწორედ საღვთისმეტყველო იდეათა დიალექტიკის კუთხით. ეკლესიის, როგორც ჭეშმარიტების სუბიექტის, საღვთისმეტყველო აზროვნების შემოქმედებითი ძალის სულისკვეთება მხოლოდ ამასთან ერთად შეიძლება შევიგრძნოთ; თუმცა გ. ვ. ფლოროვსკი პირადი მომენტის წინ წამოწევით უფრო მართებულად მოიქცა, ვიდრე ლ. პ. კარსავინი (მის მშვენიერ, თუმცა, ქრისტიანული ღთისმეტყველების სისტემის ახსნით ზედმეტად დატვირთულ წიგნში „ეკლესიის წმიდა მამები და მასწავლებლები“), მასთან მაინც მეორე მხარეს გადახრა მივიღეთ. გარდა ამისა, სწორედ ამ ავტორის მხრიდან კარგი იქნებოდა ისტორიზმისა და სისტემატიკის იმგვარი სინთეზის დანახვა, რისი უნარიც მან თავის საღვთისმეტყველო სტატიებში სრულად გამოავლინა.
გ. ვ. ფლოროვსკის წიგნი ძალზე საჭირო და სასარგებლო წიგნია; ის შეგვიძლია ვურჩიოთ ყველას, ვინც კი დაინტერესებულია პატროლოგიის დიადი საგანძურის ათვისებითა და შესწავლით. უბრალოდ, სასურველია, რომ მალე გამოჩნდეს მოცემული წიგნის ერთგვარი შესავალი გამოცემაც, რომლის გარეშე ამ წიგნის არაერთი ადგილი საშუალო მკითხველისთვის რთულად გასაგებია. მასში საღვთისმეტყველო ტერმინების მთელი რიგი განმარტების გარეშე რჩება; რადგან გ. ვ. ფლოროვსკიმ თავდაპირველად თავისი ნაშრომის ის ნაწილი გამოუშვა, რომელიც IV საუკუნეს ეძღვნება, საჭირო იყო შენიშვნებში სპეციალური ტერმინების განმარტების დართვაც. თუმცა, ამ ხარვეზს არ ძალუძს მოცემული წიგნის მნიშვნელობის დაკნინება. როდესაც დღის შუქს იხილავს გ. ვ. ფლოროვსკის ნაშრომის მთლიანი გამოცემა, ვფიქრობ, კარგი იქნება მას თან ახლდეს დანართი - საღვთისმეტყველო ტერმინთა ლექსიკონი იმ ადგილთა მითითებით, სადაც მათი ახსნა-განმარტება იქნება მოცემული.
ჩვენს დროში - და ეს მხოლოდ სასიხარულოა - ღვთისმეტყველებენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც სპეციალური საღვთისმეტყველო მომზადება არ გაუვლია. საღვთისმეტყველო ინტერესების ეს აღმასვლა საღვთისმეტყველო კულტურის შედარებით დაბალი დონის ფონზე მოითხოვს საღვთისმეტყველო ტრაქტატების ავტორთა მხრიდან საგანგებო ყურადღებას იმ მკითხველთა უმწეობისადმი, რომლებსაც არ შეიძლება, რომ არ აფასებდე.
პარიზი, 1931 წ.