დაიბადა 1956 წლის 18 ივლისს. 1974-1976 წლებში სწავლობდა უკრაინაში, სამოქალაქო ავიაციის ქ. კრივოიროგის სავიაციო სასწავლებელში. 1990 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1994 წელს კი დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემია.
1985-1988 წლებში იყო თბილისის წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ეკლესიის მნათე. 1989 წელს აკურთხეს აკურთხეს დიაკვნად. 1990 წელს ხელდასხმული იქნა მღვდლად.
1990 წლის აპრილში გამწესებულ იქნა ოზურგეთის რ-ნის სოფელ ლიხაურში ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვრად. იმავე წელს დაინიშნა აჭის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ მიენიჭა დეკანოზის წოდება და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით. 1991-1995 წლებში ხელმძღვანელობდა ოზურგეთის საღვთო სჯულის პედაგოგების მოსამზადებელ ერთწლიან საღვთისმეტყველო კურსებს.
1991-1996 წლებში გამოსცემდა მართლმადიდებელ ქრისტიანთა ჟურნალ „წყაროს“. 1995 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით დაინიშნა ოზურგეთის ახლად დაარსებული წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიის რექტორად.
1996 წლის 14 მარტს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის კრების მიერ გამორჩეულ იქნა ფოთის ეპისკოპოსად. 1996 წლის 21 მარტს აღკვეცილ იქნა ბერად; 23 მარტს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრითა და მიტრით. 1996 წლის 24 მარტს აღესრულა არქიმანდრიტ გრიგოლის ხელდასხმა ფოთის ეპისკოპოსად.
2003 წლის 7 სექტემბერს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება. 2007 წლის 3 ივნისს ებოძა მიტროპოლიტის წოდება. 1996-2003 წლებში საქართველოს საპატრიარქოს შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე;
2003 წლიდან დღემდე არის საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე. ამავე წლიდან არის ფოთის წმ. ნიკოლოზის სახეობის სკოლის რექტორი.
2005-2008 წლებში ხელმძღვანელობდა სახელმწიფოსთან განათლების საკითხებში ურთიერთობის საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლობით კომისიას.
2010 წლის 9 ნოემბრიდან საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალ "უფლის ციხის" მთავარი რედაქტორი.
2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი თეოლოგიის მიმართულებით.
2017 წელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში თემაზე: „იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია“ და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.