petriwis portali

მარკუს გაბრიელის ახალი წიგნი

მარკუს გაბრიელის ახალი წიგნი

08.08.2020

2020 წლის აგვისტოს დასაწყისში გამოიცა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი გერმანელი ფილოსოფოსის, მარკუს გაბრიელის (დაბ. 1980 წ.) ახალი მონოგრაფია „მორალური პროგრესი ბნელ დროებაში. უნივერსალური ღირებულებები XXI საუკუნისთვის“ (Markus Gabriel: Moralischer Fortschritt in dunklen Zeiten. Universale Werte für das 21. Jahrhundert, Berlin: Ullstein, 2020, 268 S., 22 Euro, ISBN: 9783843724081), რომელიც XXI საუკუნისთვის საჭირო უნივერსალური ღირებულებების საკითხს ეხება. ეს წიგნი წარმოადგენს ერთგვარ ფილოსოფიურ სახელმძღვანელოს, რომელიც თანამედროვეობაში გამეფებული ღირებულებითი რელატივიზმისა და ნიჰილიზმის წინააღმდეგ არის მიმართული და ახლებურ პასუხს სცემს საკაცობრიო ფილოსოფიური მემკვიდრეობის საფუძველმდებარე კითხვაზე - „რა არის ადამიანი?“.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მთელ მსოფლიოში მიმდინარე ლიბერალური დემოკრატიის კრიზისი და პოპულიზმის გაძლიერება საფრთხეს უქმნის ადამიანის ტრადიციულ ხატს, მის რაობას, რასაც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ხელოვნური ინტელექტის შესახებ არსებული მძაფრი დისკუსია და ჩვენს თვალწინ მიმდინარე სამყაროს დიგიტალიზების დაჩქარებული პროცესი. მონოგრაფიის ავტორი აჩვენებს, რომ კაცობრიობას შესწევს მორალური წინსვლისა და პროგრესის უნარი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს უნივერსალური ღირებულებები, რომლებიც ყველა ადამიანისთვის თანაბარი ძალისა და მნიშვნელობის იქნებოდა. გერმანელი ფილოსოფოსის აზრით, გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს მეცნიერების, პოლიტიკისა და ეკონომიკის თანამშრომლობის შესახებ შემუშავდეს ახალი კონცეფცია, რომელიც იმგვარი საზოგადოებრივი სისტემის შექმნას უზრუნველყოფს, რომლის მიზანიც თანამედროვე კაცობრიობის მორალური წინსვლა იქნება.

წიგნის ავტორის შესახებ: მარკუს გაბრიელი დაიბადა 1980 წელს, გერმანიის ქალაქ რემაგენში. სწავლობდა და მუშაობდა ჰაგენის, ბონის, ჰაიდელბერგის, ლისაბონისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტებში. 2009 წლიდან ბონის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს შემეცნების თეორიის, ახალი დროისა და თანამედროვე ფილოსოფიის კათედრას და აქვე არის ფილოსოფიის ინტერნაციონალური ცენტრის დირექტორი; ასევე, იგი არის მეცნიერებისა და აზროვნების ინტერდისციპლინური ცენტრის დირექტორი და სორბონის უნივერსიტეტის (პარიზი I) მიწვეული პროფესორი.