petriwis portali

კავშირის შესახებ ოლბანის გეგმის მიზეზები და მოტივები

ბენჯამინ ფრანკლინი

კავშირის შესახებ ოლბანის გეგმის მიზეზები და მოტივები

06.07.2020

ბენჯამინ ფრანკლინმა (1706-1790), როგორც პოლიტიკოსმა, დიპლომატმა, მწერალმა და მეცნიერმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ახალი ამერიკული სახელმწიფოს დაფუძნების საქმეში. ფრანკლინი აქტიურ მონაწილეობას იღებდა დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებაში, ამერიკის რევოლუციასა და კონსტიტუციის რატიფიკაციაში. 1754 წელს ქ. ოლბანში (ნიუ-იორკის შტატი) ცამეტიდან შვიდი ამერიკული კოლონიის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ ოლბანის კონგრესზე. კონგრესზე დიდი დრო დაეთმო ბენჯამინ ფრანკლინის მიერ შემუშავებული „ოლბანის გეგმის“ განხილვას, რომელიც მიზნად ისახავდა კოლონიებში ერთიანი, სამეფო ტახტისაგან ავტონომიური მთავრობის ჩამოყალიბებას. საბოლოო ჯამში, კონგრესმა მიიღო ეს გეგმა, თუმცა ის უარყოფილი იქნა კოლონიების საკანონმდებლო ხელისუფლებების და ბრიტანეთის სამეფო ტახტის მიერ. „ოლბანის გეგმა“ მნიშვნელოვანი დოკუმენტია აშშ-ს ისტორიაში. ეს იყო პირველი სერიოზული მცდელობა შექმნილიყო კოლონიების გაერთიანებული მმართველობა. „ოლბანის გეგმამ“ გავლენა მოახდინა ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე, როგორებიცაა „კონფედერაციის მუხლები“ (1777 წ.) და აშშ კონსტიტუცია (1787 წ.). წინამდებარე თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემის მიხედვით: Benjamin Franklin, The Autobiography and other Writings on Politics, Economics, and Virtue, edited by Alan Houston (Cambridge: Cambridge University Press, 2004); ის 2013 წელს დაიბეჭდა კრებულში „ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესსეები“.

ინგლისურადნ თარგმნა გიორგი ხუროშვილმა

I. მიზეზები და მოტივები, რომლის საფუძველზეც შეიქმნა კავშირის შესახებ ოლბანის გეგმა

ჩრდილოეთ კოლონიათა რწმუნებულები ერთმანეთს ოლბანში შეხვდნენ, იმ სირთულეების გათვალისწინებით, რომლებიც, როგორც წესი, მუდმივად თან ახლავს საერთო თავდაცვისათვის საჭირო საყოველთაო ღონისძიებების, ან მტერზე შეტევის წამოწყების განხილვას, რადგან ეს ღონისძიებები ყველა კოლონიის რამდენიმე ასამბლეას უნდა დაემტკიცებინა. ზოგიერთი ასეთი შეკრება გუბერნატორებთან და საბჭოებთან, ისევე, როგორც ხელისუფლების რამდენიმე განშტოებასთან, ადრე უთანხმოების მიზეზიც იყო, ვინაიდან ისინი ერთობლივი საქმიანობის პირობას არ თანხმდებოდნენ. სხვები კი იმ შესაძლებლობას უცდიდნენ, როდესაც მათი თანხმობა გადამწყვეტი იქნებოდა, რათა სასურველი კანონების, უფლებამოსილებების და რეგულაციების გატანა მოეხერხებინათ, რასაც, მათი აზრით, სხვა დროს ვერ შეძლებდნენ. ამდენად, ისინი კამათისა და დავის წარმოქმნას უწყობდნენ ხელს. ერთი შეკრება იმას უცდიდა, თუ როგორ მოიქცეოდა მეორე, იმის გათვალისწინებით, რომ იმაზე მეტი, ან ნაკლები არ გაეკეთებინა, ვიდრე მისთვის დაკისრებული წვლილი იყო; ან საერთოდ უარს ამბობდა რაიმეს კეთებაზე, ვინაიდან მისი მხარე იმჟამად ისეთივე განსაცდელში არ იყო, როგორშიც სხვები იყვნენ, ან სულაც იმიტომ, რომ მათი ამ ჩარევიდან სხვები იმთავითვე მიიღებდნენ უპირატესობებს. ამგვარ მიზეზთა გამო, შვიდიდან ექვსი კოლონიის შეკრებამ არავითარი შემწეობა არ აღმოუჩინა ვირჯინიას, რომელიც მოგვიანებით ფრანგებმა დაიპყრეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეკრება საგანგებოდ ამისთვის იყო მოწვეული და ამ მოვლენის მნიშვნელობა თითოეულ მათგანს სიღრმისეულად ჰქონდა გაცნობიერებული. უფრო მეტიც, ისინი იმასაც კარგად იაზრებდნენ, რომ ერთადერთი პრინციპი, რომელიც ფრანგებს ბრიტანული ამერიკის სამფლობელოთა დაპყრობისა თუ შეურაცხყოფისას აგულიანებდა, იმის ცოდნა იყო, რომ ჩვენ დაქსაქსულები და დასუსტებულები ვიყავით. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა კოლონიები, სხვადასხვა დროს, უკიდურეს შევიწროებას განიცდიდნენ, სისხლისგან იცლებოდნენ და ქონებას კარგავდნენ, მაშინ როდესაც მათ მშვიდობიან პირობებში შეეძლოთ ცხოვრება, თუ მტერს მათი გაერთიანებული ძალებისა და გულისწყრომის შიში ექნებოდა. ფრანგების ამჟამინდელი თავდასხმების და იმ მავნებელი შედეგების გათვალისწინებით, რომელსაც ამ თავდასხმებისაგან უნდა ველოდოთ, თუ საკუთარი ძალებით არ  გავუმკლავდებით მათ, დასახელებული რწმუნებულები ერთსულოვან გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რომ კოლონიების კავშირი გადარჩენისათვის აუცილებელი წინაპირობაა.

შემდეგი ნაბიჯი ამ კავშირის შექმნისა და ჩამოყალიბების წესის განსაზღვრა იყო. როდესაც მხედველობაში იქნა მიღებული, რომ ყველა კოლონია ერთდროულად თანაბარი საფრთხის წინაშე ან თანაბრად ახლო საფრთხის წინაშე არ იდგა და რომ ისინი ამ საფრთხეს თანაბრად ვერ გრძნობდნენ; რომ ზოგიერთ მათგანს გარკვეული ინტერესები აქვს განსახორცილებელი, რასაც კავშირმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას; და რომ ერთმანეთის მიმართ ისინი უკიდურესად ეჭვიანნი არიან – კავშირის შესაქმნელად ყველა კოლონიის ერთობლივი თანხმობის მიღწევა შეუსრულებელ ამოცანად იქნა მიჩნეული, რადგან რომელიმე მათგანის დაცვის ხარჯი და ტვირთი ყოველ მათგანს შორის უნდა გაყოფილიყო. ამ მიზნით შეკრებისას მიღებული აქტები ყველა კოლონიის თანხმობის საგანიც რომ ყოფილიყო, უმცირესი უკმაყოფილების დროსაც კი, ისინი თავიანთ აქტებს გააუქმებდნენ და, ამდენად, კავშირსაც დატოვებდნენ. ეს არ იქნებოდა სტაბილური, ან ისეთი კავშირი, რომელზეც დაყრდნობა შეიძლება. რადგან თუ ერთი კოლონია, ნებისმიერი უკმაყოფილებისას, კავშირს დატოვებს, მაშინ სხვებმა უსამართლოდ და უთანასწოროდ შეიძლება მიიჩნიონ ის, რომ კავშირში ყოფნით ისინი იმ კოლონიას იცავენ, რომელმაც თავისი პასუხისმგებლობის შესრულებაზე უარი თქვა. ამდენად, ეს კოლონიები ერთიმეორეს მიყოლებით დატოვებენ ამ კავშირს, ვიდრე ის თავდაპირველ შემადგენლობამდე არ დავა. ამიტომ, რწმუნებულები კიდევ ერთ წინამდებარე გადაწყვეტილებამდე მივიდნენ: საჭიროა, რომ კავშირი პარლამენტის აქტის საფუძველზე ჩამოყალიბდეს.

შემდგომ მათ კავშირის გეგმის შედგენა დაიწყეს და ეს უბრალოდ და ლაკონურად გააკეთეს, რაც საკმარისი იყო იმგვარი კავშირის წარმოსაჩენად, რომელიც ყველაზე უკეთ შეესაბამებოდა კოლონიების მდგომარეობას, ეხმიანებოდა ხალხის სურვილს და ყველაზე მეტად შეუწყობდა ხელს მისი უდიდებულესობის სამსახურს და ბრიტანეთის იმპერიის ზოგად ინტერესებს. ეს გეგმა მოკრძალებით დაეგზავნა რამდენიმე კოლონიის ასამბლეას განსახილველად და იმგვარი ცვლილებებისა და გაუმჯობესებების შესატანად, რომელიც, მათი აზრით, საჭირო და აუცილებელი იქნებოდა. ამის შემდეგ, საბოლოო სრულყოფისათვის, მისი ინგლისში გადაგზავნა იქნა შემოთავაზებული, რომელსაც თან ერთვოდა მოკრძალებული თხოვნა, რომ ეს გეგმა აქ განხორციელებულიყო.

ეს იყო ის, რისი გაკეთებაც რწმუნებულებმა შეძლეს.

II. ცალკეული კავშირების შექმნის საწინააღმდეგო მიზეზები

ზოგიერთმა რწმუნებულმა კოლონიათა ორი ან სამი სხვადასხვა კავშირის ჩამოყალიბება შემოგვთავაზა, მაგრამ შემდეგ მიზეზთა გამო ეს წინადადება თავად მისმა ავტორებმა ჩააგდეს (იხ. ქვემოთ):

1. ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მტრის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალით გამოსვლა გახდება საჭირო, რამდენიმე სხვადასხვა კავშირის გაერთიანება ისეთივე რთული იქნება, როგორც ამჟამად – ცალკეული კოლონიების გაერთიანება. შესაბამისად, ჩვენ კვლავაც იგივე დაბრკოლებების წინაშე აღმოვჩნდებით, ხოლო მტერს იგივე უპირატესობები ექნება.

2. ცალკე აღებული თითოეული კავშირი უფრო სუსტი იქნება, ვიდრე გაერთიანებული, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში, ის იძულებული იქნება, მეტ ძალისხმევას მიმართოს და უფრო მეტი ხარჯი გაიღოს. ამასთან, მტრისთვისაც მასზე თავდასხმა ნაკლებად რთული იქნება.

3. იქ, სადაც ცალკეულ კოლონიებს ეგოისტური მისწრაფებები ამოძრავებთ, როგორც მაგალითად ნიუ-იორკს ინდიელებთან ვაჭრობასა და მიწებთან მიმართებაში; ან იქ, სადაც ნაკლებ საფრთხეს გრძნობენ, ვინაიდან სხვები იცავენ, როგორც ეს ნიუ ჯერსის, როდ აილენდის, კონეკტიკუტის, მერილენდის შემთხვევაში ხდება; ან იქ, სადაც ზოგადად საომარი ღონისძიებების მიმართ განსაკუთრებული ჭირვეულობით და ცუდი განწყობით გამოირჩევიან, როგორც ეს პენსილვანიაშია, ვინაიდან იქ კვაკერები არიან გაბატონებულნი; ამგვარ კოლონიებს მეტი წონა ექნებათ ცალკეულ კავშირებში და უკეთ შეძლებენ იმგვარი ღონისძიებებისათვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხელის შეშლას, რაც საერთო კეთილდღეობისთვისაა აუცილებელი, ვიდრე მაშინ, როდესაც ისინი საყოველთაო კავშირის მიერ იქნებიან შთანთქმულნი.

4. ინდიელებთან ვაჭრობა ერთიანი კავშირის მიერ უკეთ იქნება დარეგულირებული, ვიდრე ცალკეული კავშირების მიერ. რადგან კანადა, ძირითადად, ამ ვაჭრობით მარაგდება, თუ ეს უკანასკნელი ინგლისელთა ხელში გადავა (როგორც ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ინდიელებს ზომიერ პირობებში მოამარაგებენ პატიოსანი ვაჭრები, რომლებიც ხალხის მიერ იქნებიან დანიშნული და მათთვის იზრუნებენ), ეს დიდად შეუწყობდა ხელს ჩვენი მტრების დასუსტებას.

5. დასავლეთით, ოჰაიოსა და ტბებისაკენ ახალი კოლონიების დაარსება (საქმე, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრიტანეთის ძალაუფლების გასაზრდელად, რათა გავტეხოთ ფრანგები და დავიცვათ ჩვენი ამჟამინდელი კოლონიების უსაფრთხოება) ერთიანი კავშირის ძალით უკეთ განხორციელდება.

6. ასევე, მიჩნეულ იქნა, რომ ყველა კოლონიის რწმუნებულებისა თუ წამომადგენლების გახშირებული შეხვედრების შედეგად, ერთიანობა უკეთ გამოიკვეთებოდა და მისი სასიკეთო გავლენა უკეთ იქნებოდა წარმოჩენილი. ამ ურთიერთკავშირის საფუძველზე კოლონიები გაიაზრებდნენ, რომ ისინი დამოუკიდებელ შტატებს კი არა, არამედ ერთი მთელის ნაწილებს წარმოადგენენ. შესაბამისად, მათ უფრო მეტი მზაობა ექნებოდათ, რათა ერთმანეთისათვის მხარდაჭერა და დახმარება აღმოეჩინათ, ყველაზე შორს მდებარე კოლონიებისთვისაც კი ყურადღება დაეთმოთ და გულითადად გაერთიანდებოდნენ ყოველი მათგანისათვის სასარგებლო ღონისძიებაში საერთო მტრის წინააღმდეგ.

III. რამდენიმე კოლონიის, კერძოდ, მასაჩუსეტსის ყურის, ნიუ ჰემფშირის, როდ აილენდის, ნიუ იორკის, ნიუ ჯერსის, პენსილვანიის, მერილენდის, ვირჯინიის, ჩრდილოეთ კაროლინის და სამხრეთ კაროლინის მიერ შემოთავაზებული კავშირის გეგმა ერთობლივი თავდაცვისა და უსაფრთხოებისა და ბრიტანული დასახლებების ჩრდილოეთ ამერიკაში გაფართოების შესახებ, რომელსაც თან ერთვის გეგმის თითოეული მუხლის მიზეზები და მოტივები

შემოთავაზებულია, რომ მოკრძალებით ეთხოვოს ბრიტანეთის პარლამენტს იმ აქტის მიღება, რომლის ძალითაც ამერიკაში საერთო მთავრობა შეიძლება ჩამოყალიბდეს, რომელიც ყველა დასახელებულ კოლონიას მოიცავს. ამ მთავრობის პირობებში თითოეულ კოლონიას საკუთარი კონსტიტუციის შენარჩუნება შეეძლება, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ცვლილების საჭიროება დასახელებული აქტის მიერ შეიძლება იყოს გამოწვეული, როგორც ეს შემდეგში ჩანს.

გენერალური პრეზიდენტი და დიდი საბჭო

დასახელებული საერთო მთავრობის ხელმძღვანელობა გენერალურმა პრეზიდენტმა უნდა განახორციელოს, რომელიც სამეფო ტახტის მიერ იქნება დანიშნული და მხარდაჭერილი; ხოლო დიდი საბჭო რამდენიმე კოლონიის მცხოვრებთა წარმომადგენლებმა უნდა აირჩიონ, რომლებიც თავიანთ შესაბამის ასამბლეებში მოიყრიან თავს.

მიჩნეულ იქნა, რომ საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, თუ გენერალურ პრეზიდენტს დანიშნავდა და მხარს დაუჭერდა სამეფო ტახტი. ამრიგად, მისი ანაზღაურების შესახებ ყოველგვარი კამათი პრეზიდენტსა და დიდ საბჭოს შორის თავიდან იქნებოდა აცილებული, რადგან ხშირად ამგვარ დავებს გარკვეულ კოლონიებში მავნებელი შედეგი მოჰქონდა, განსაკუთრებით – საზოგადოებრივი საფრთხის არსებობის დროს. ამერიკაში არსებული სამეფო ტახტის მიწებიდან მიღებული კვიტ-რენტები ამ მიზნის მისაღწევად საკმარისი იქნება. დიდი საბჭოს წარმომადგენელთა არჩევა თითოეული მთავრობის წარმომადგენელთა პალატაში იქნება შესაძლებელი, იმისათვის, რათა ხალხი ამ ახალი გენერალური მთავრობის ფორმირების თანამონაწილე იყოს, როგორც სამეფო ტახტი არის გენერალური პრეზიდენტის დანიშვნით ამ პროცესის თანამონაწილე.

მაგრამ ნიუ-იორკის საბჭოს წარმომადგენელი ბატონების და რწმუნებულთა შორის მყოფი მრჩევლების მიერ შემოთავაზებული იქნა, რომ ამ კონკრეტულ ნაწილში გეგმა შეგვეცვალა და რამდენიმე პროვინციის გუბერნატორისა თუ საბჭოსათვის დიდი საბჭოს არჩევაში მონაწილეობის უფლება მიგვეცა, თუ არადა, სულ მცირე, იმის უფლება მაინც მიგვენიჭებინა, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ გაკეთებული არჩევანის მოწონება, დამტკიცება ან, სულაც, აკრძალვა შეძლებოდათ. ამიტომაც ითქვა, რომ:

„მთავრობა ან კონსტიტუცია, რომლის ჩამოყალიბებაც ამ გეგმით არის შემოთავაზებული, ორი შტოსაგან შედგება: გენერალური პრეზიდენტი, რომელიც სამეფო ტახტის მიერ არის დანიშნული და დიდი საბჭო, რომელიც ხალხის ან მისი წარმომადგენლების მიერ აირჩევა, რაც ერთი და იგივეა;

შესაბამისი მუხლის თანახმად, ხალხის მიერ არჩეული საბჭო ვერაფერს გადაწყვეტს სამეფო ტახტის მიერ დანიშნული გენერალური პრეზიდენტის თანხმობის გარეშე. ამდენად, სამეფო ტახტი ამ კონსტიტუციის ძალაუფლების ნახევარს ფლობს;

ბრიტანულ კონსტიტუციაში სამეფო ტახტი ძალაუფლების ერთ მესამედს ფლობს, ლორდებს კიდევ თავიანთი წილი აქვთ;

რომ ეს კონსტიტუცია ბევრად უფრო ხელსაყრელია სამეფო ტახტისათვის;

ინგლისურ თავისუფლებებში არსებითი საკითხია ის, რომ ქვეშევრდომი არ უნდა დაიბეგროს მისი ან მის მიერ არჩეული წარმომადგენლების თანხმობის გარეშე;

თუ გეგმა ამ ნაწილში შენარჩუნებული იქნება, მაშინ გადასახადები, რომლებიც ამ შემოთავაზებული კონსტიტუციის მიხედვით იქნება დაწესებული და აკრეფილი, ხალხის წარმომადგენლებმა უნდა განიხილონ და შეათანხმონ;

მაგრამ თუ შემოთავაზებულ ცვლილებას ექნება ადგილი, მაშინ, საკითხები იმგვარად გადაეწყობა, რომ, საბოლოოდ, სამეფო ტახტს არა მხოლოდ გენერალური პრეზიდენტის, არამედ დიდი საბჭოს უმრავლესობის დანიშვნა შეეძლება, რადგან თერთმეტიდან შვიდი გუბერნატორი და საბჭოები სამეფო ტახტის მიერ არის დანიშნული;

სინამდვილეში, ყველა კოლონიაში ხალხს მათივე გუბერნატორები დაბეგრავენ;

ამიტომ, შეიქმნა საფრთხე, რომ გეგმის ამგვარი ცვლილება უკმაყოფილებას გამოიწვევდა და კოლონიები გუბერნატორების ხელში მოქცეულ ამგვარ ძალუფლებას და ინგლისურ თავისუფლებად მონათლულ ასეთ დარღვევებს ადვილად არ მიიღებდნენ;

გარდა ამისა, დიდი საბჭოს არჩევაში მონაწილეობის მიღება ყველა კოლონიასთან მიმართებაში თანაბარი ვერ იქნება, რადგან მათი კონსტიტუციები განსხვავდება. ზოგიერთ მათგანში გუბერნატორიც და საბჭოც სამეფო ტახტის მიერ ინიშნება, ზოგან მათ მესაკუთრეები ნიშნავენ. არსებობს ისეთი კოლონიები, სადაც საბჭოს არჩევაში ხალხი იღებს მონაწილეობას და ისეთებიც, სადაც მთავრობასა და საბჭოს მთლიანად ხალხი ირჩევს. თუმცა, წარმომადგენელთა პალატა ყველგან ხალხის მიერ აირჩევა. ამდენად, წარმომადგენლების მეშვეობით დიდი საბჭოს არჩევა ყოველი მათგანის მიმართ თანასწორი მიდგომა იქნება;

მთავარი საბჭო კოლონიების ყველა წარმომადგენელთა პალატას უნდა წარმოადგენდეს, როგორც წარმომადგენელთა პალატა გამოხატავს კოლონიის რამდენიმე ოლქისა და ქალაქის ინტერესებს. თუ კოლონიის მთელი მოსახლეობა საზოგადოებრივი ღონისძიებების გარშემო გაერთიანებასა და მოლაპარაკებას შეძლებდა, მაშინ წარმომადგენელთა პალატა საერთოდ არ იქნებოდა საჭირო. ხოლო თუ ყველა ასამბლეა მარტივად შეძლებდა საზოგადო ღონისძიების შესახებ მოლაპარაკებას და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებას, მაშინ დიდი საბჭო უსარგებლო იქნებოდა;

ამ მხრივ, თემთა და წარმომადგენელთა პალატები და დიდი საბჭო, საკუთარი ბუნებითა და მიზნებით, ერთმანეთის მსგავსია. რადგან შეუსაბამო იქნებოდა, რომ მეფეს ან ლორდთა პალატას თემთა პალატის წევრების დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება ჰქონოდა, იმდენად შეუსაბამო იქნება, რომ სამეფო ტახტის მიერ დანიშნულ გუბერნატორსა და საბჭოს დიდი საბჭოს წევრების (რომლებიც, ამ კონსტიტუციის თანახმად, ხალხის წარმომადგენლები არიან) დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება ჰქონდეს;

შესაბამისად, თუ გუბერნატორებსა და საბჭოებს გენერალური მთავრობის არჩევაში მონაწილეობის უფლება მიეცემოდათ, მაშინ უპრიანი იქნებოდა, რომ მათ გენერალური პრეზიდენტი აერჩიათ. მმაგრამ ეს თანამდებობა ერისთვის დიდი ნდობისა და მნიშვნელობის საგანი უნდა იყოს. ამიტომ მიჩნეულია, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ის სამეფო ტახტის მიერ პირდაპირი წესით დანიშვნას დაექვემდებარებოდა;

ძალაუფლება, რომელიც, გეგმის მიხედვით, მთავარ საბჭოს უნდა გადაეცეს, სხვა არაფერია, თუ არა საერთო კეთილდღეობის მიზნით რამდენიმე ასამბლეის ძალაუფლებათა თავმოყრა, ისევე, როგორც გენერალური პრეზიდენტის ძალაუფლება გულისხმობს რამდენიმე გუბერნატორის ძალაუფლების თავმოყრას;

რადგან ხალხის წარმომადგენლების მიერ მთავარი საბჭოს არჩევა ხალხს რაიმე ახალი ტიპის ძალაუფლებას არ ანიჭებს, სამეფო ტახტს კი ძალაუფლებას არ უმცირებს, მივიჩნევთ და ვიმედოვნებთ, რომ სამეფო ტახტი ამ წინადადებას არ დაიწუნებს.“

ყოველივე ამის შემდეგ რწმუნებულებმა მიიჩნიეს, რომ ხალხის წარმომადგენლებს ამ არჩევანის უფლება ყველაზე უფრო მართებულად მიენიჭათ.

წევრების არჩევა

აქტის მიღებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, წარმომადგენელთა პალატები, რომლებიც იმ დროისათვის იქნება შეკრებილი, ან საგანგებოდ ამ მიზნისათვის შეიკრიბებიან, შეძლებენ დიდი საბჭოს წევრების არჩევას შემდეგი თანაფარდობით:

მასაჩუსეტსის ყურე – 7; ნიუ ჰემფშირი – 2; კონეკტიკუტი – 5; როდ აილენდი – 2; ნიუ იორკი – 4; ნიუ ჯერსი – 3; პენსილვანია – 6; მერილენდი – 4; ვირჯინია – 7; ჩრდილოეთ კოროლინა – 4; სამხრეთ კოროლინა – 4; სულ: – 48

მიჩნეულ იქნა, რომ თუ ყველაზე პატარა კოლონიას ორი წარმომადგენლის არჩევის უფლება მიეცემოდა, ხოლო დანარჩენებს – შესაბამისი თანაფარდობის მიხედვით, მაშინ წარმომადგენელთა საერთო რაოდენობა და ხარჯები ერთობ გაიზრდებოდა. იმავდროულად, ორზე ნაკლები წარმომადგენლის ყოლა მიზანშეწონილი არ იქნებოდა, რადგან, თუ ერთი ადამიანი, გარკვეული შემთხვევის გამო, შეხვედრას ვერ დაესწრებოდა, მაშინ კოლონია, რომელსაც ის წარმოადგენს, ამ შეხვედრაზე წარმოდგენილი არ იქნებოდა. რადგან არჩევა მაშინვე პოპულარული საქმე არ გახდებოდა, წარმომადგენლები ძირითადად საქმოსნობაში კარგად გაწაფული და საზოგადოებაში მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანები იქნებოდნენ; ხოლო ორმოცდარვა ასეთი კაცი საკმარისი რიცხვია. თუმცა, გონივრულად იქნა მიჩნეული, რომ თითოეული კოლონიის წილი წარმომადგენლობით ორგანოში იმის მიხედვით უნდა განსაზღვრულიყო, თუ რა წვლილს შეიტანდა ის საერთო დოვლათში. აქ წარმოდგენილი თანაფარდობა კოლონიების ძალისა და სიმდიდრის შეფარდების მიხედვით არ არის დადგენილი; ვინაიდან თავდაპირველად იქნა შეთანხმება მიღწეული, რომ ყველაზე დიდ კოლონიასაც კი შვიდზე მეტი და ორზე ნაკლები წევრი არ უნდა ჰყოლოდა. ეს თანაფარდობა ამ საზღვრებს შორის ისე დახვეწილად არ დადგენილა, რაც პირველი არჩევნების შემდეგ ხაზინაში შეტანილი თანხების მიხედვით გამოჩნდა, რასაც შემდეგი მუხლი გვამცნობს.

პირველი შეხვედრის ადგილი

ვინ შეიკრიბება პენსილვანიის ქალაქ ფილადელფიაში პირველად, მას შემდეგ, რაც გენერალური პრეზიდენტი თავისი დანიშვნის შემდეგ გონივრულ ვადებში მოიწვევს მათ.

ფილადელფია იმიტომ დასახელდა, რომ კოლონიების ცენტრთან ის ახლოს მდებარეობს. იქ შესაძლებელია რწმუნებულების კარგად და იაფად დაბინავება. მის გარშემო მოფენილი გზები უმეტესწილად კარგია და მათზე დღეში ორმოცი ან ორმოცდაათი მილის გავლა არის შესაძლებელი. ამასთან, ისიც შესაძლებელია, რომ გზის დიდი ნაწილი წყლით გაიარო. ზაფხულის პერიოდში მგზავრობას ხშირად ერთ კვირას ანდომებენ ჩარლზთაუნიდან ფილადელფიასა და ნიუ იორკამდე; როდ აილენდიდან საუნდის გავლით ნიუ იორკამდე კი სულ რაღაც 2-3 დღე სჭირდება; ხოლო ნიუ იორკიდან ფილადელფიამდე წყლითა და მიწის გზებით, თუ ნავებსა და ეტლებს გამოვიყენებთ, რომლებიც ყოველ მეორე დღეს მუშაობენ, მგზავრობას ორი დღე დასჭირდება. ჩარლზთაუნიდან ფილადელფიამდე მოგზაურობა ნავების მეშვეობით შეიძლება შევიმსუბუქოთ ჩესაპიკის ყურის სამასი მილის გავლით. ხოლო თუ მთელი მგზავრობა ცხენებით განხორცილდება, მაშინ ყველაზე შორეული კოლონიებიდან მომავალი წევრები (ორი წევრი ნიუ ჰემფშირიდან და სამხრეთ კაროლინიდან) ფილადელფიამდე თხუთმეტ ან ოც დღეში მოაღწევენ; უმრავლესობა კი უფრო მცირე დროში შეძლებს ჩამოსვლას.

ახალი არჩევნები

ყოველ სამ წელიწადში ერთხელ დიდი საბჭოს ახალი არჩევნები უნდა გაიმართოს; ხოლო რომელიმე წევრის სიკვდილის ან გადადგომის შემთხვევაში, მის ადგილს ახლად არჩეული წევრი დაიკავებს, რომელიც იმ კოლონიის ასამბლეის მომდევნო სხდომაზე იქნება არჩეული, რომელსაც ის წარმოადგენდა.

ზოგიერთ კოლონიას ყოველწლიური ასამბლეა აქვს, ზოგიერთი მას გუბერნატორის ნება-სურვილის მიხედვით აგრძელებს. სამი წელი გონივრულ შუალედად იქნა მიჩნეული, ვინაიდან ამით ახალ წევრს, საკუთარ საქმეში გამოწრთობის კვალდაკვალ, მოქმედების დრო მიეცემა. გარდა ამისა, ეს ვადა იმის შესაძლებლობებსაც იძლევა, რომ, არასათანადო ქცევის შემთხვევაში, წევრი შეიცვალოს.

წევრთა თანაფარდობა პირველი სამი წლის შემდეგ

პირველი სამი წლის შემდეგ, როდესაც საერთო ხაზინაში თითოეული კოლონიის მიერ შემოტანილი თანხის ოდენობა ცნობილი გახდება, კოლონიებიდან არჩეული წევრების რაოდენობა, დროთა განმავლობაში, ყოველ მომდევნო არჩევნებზე ამ თანაფარდობის მიხედვით განისაზღვრება (თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი პროვინციიდან არჩეულ წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შვიდს და არ უნდა იყოს ორზე ნაკლები).

შემდეგი მუხლით შემოთავაზებულია, რომ დიდმა საბჭომ იმგვარი საერთო გადასახადები დააკისროს და დაუწესოს კოლონიებს, რომელიც მათთვის ყველაზე უფრო თანაბარი და ნაკლებად მძიმე იქნება. მაგალითად, დავუშვათ, რომ კოლონიებში იმპორტირებულ ან წარმოებულ საქონელს მათ მცირე ოდენობის გადასახადი ან აქციზი დააკისრეს და ეს სრულიად თანაბრად გადანაწილდა ყველაზე (მაგალითად, რომზე ან ღვინოზე). სამართლიანად შეგროვების შემთხვევაში ამ გადასახადის ან აქციზის წლიური მაჩვენებელი ზოგიერთ კოლონიაში მეტი იქნება, ხოლო ზოგიერთში – ნაკლები, რადგან ზოგი კოლონია დიდია, ზოგი კი – პატარა. როდესაც შემგროვებელთა ანგარიშები იქნება წარმოდგენილი, თანაფარდობაც სწორედ მაშინ გამოჩნდება. მათგან გამომდინარე უნდა განისაზღვროს წარმომადგენელთა ის თანაფარდობა, რომელიც შემდეგ საერთო არჩევნებზე იქნება არჩეული, ოღონდ მათი რიცხვი ორიდან შვიდამდე უნდა მერყეობდეს.

ცხადია, რომ, დროთა განმავლობაში, ეს რიცხვები შეიძლება შეიცვალოს, ისევე, როგორც კოლონიების მოსახლეობა შეიძლება გადიდდეს და გაიზარდოს. შესაბამისად, თითოეული კოლონიის გადასახადის კვოტა გარემოებების მიხედვით შეიცვლება, რის შედეგადაც თითოეული მათგანის დავა და უკმაყოფილება სამართლიანი თანაფარდობის შესახებ თავიდან იქნება აცილებული, ვინაიდან ამან, შესაძლოა, დამღუპველი შედეგები მოგვიტანოს და ის ჰარმონია და კარგი შეთანხმება დაარღვიოს, რომელიც კავშირის რამდენიმე ნაწილს შორის უნდა არსებობდეს.

დიდი საბჭოს შეკრება და მოწვევა

დიდი საბჭო წელიწადში ერთხელ ან კიდევ საჭიროების შემთხვევაში უნდა შეიკრიბოს იმ დროსა და ადგილას, რომელსაც ის ბოლო შეხვედრაზე დანიშნავს; ასევე, მაშინაც, თუ საგანგებო ვითარების შემთხვევაში, გენერალური პრეზიდენტი მოიწვევს მას (შვიდი წევრის წერილობითი თანხმობის მოპოვების შემდეგ) და ყოველ წევრს დროულად გაუგზავნის შეტყობინებას.

ახალი კოლონიებისა და დასახლებების ჩამოყალიბებისა და მართვის, ინდიელებთან ვაჭრობის და მათთან დადებული შეთანხმებების დარეგულირების კვალდაკვალ, ყოველწლიურად მრავალი საქმე დაგროვდება, ამიტომ წელიწადში სულ მცირე ერთი შეხვედრა მაინც არის საჭირო. ასეთ შეხვედრაზე ყოველი კოლონიისათვის სასარგებლო მრავალი საკითხი შეიძლება იყოს განხილული. ეს ყოველწლიური შეხვედრა იმ ადგილსა და დროს გაიმართება, რომელსაც გენერალური პრეზიდენტი და დიდი საბჭო თავიანთ პირველ შეხვედრაზე განსაზღვრავენ. თუმცა, ისიც შესაძლებელია, რომ ადგილისა და დროის დანიშვნა მათ თავისუფალ არჩევანს მივანდოთ ან გენერალური პრეზიდენტის უფლებამოსილებას მივაკუთვნოთ.

ომიანობის ჟამს უფრო ხელსაყრელი იქნება, თუ შეკრება იმ კოლონიაში გაიმართება, რომელიც მოვლენთა ეპიცენტრთან უფრო ახლოსაა. უმჯობესია, რომ, საგანგებო ვითარების შემთხვევაში, მისი მოწვევის უფლებამოსილება გენერალურ პრეზიდენტს მიენიჭოს. მაგრამ ეს უფლებამოსილება დაუფიქრებლად არ უნდა იქნეს გამოყენებული, რათა წევრები არ მოიქანცნონ და მცირე საკითხების გადასაჭრელად გრძელი მგზავრობის გადატანა ხშირად არ მოუწიოთ. ამიტომ, როგორც მოსახერხებელი დამცავი მექანიზმი, შემოთავაზებულ იქნა სულ მცირე შვიდი წევრის თანხმობის აუცილებლობა.

ხანგრძლივობა

დიდი საბჭო უფლებამოსილია, აირჩიოს თავმჯდომარე. დაუშვებელია დიდი საბჭოს დათხოვნა ან სესიის გადადება, ისევე, როგორც მისი ვადის გახანგრძლივება, თუ ერთ ჯერზე შეკრებას ექვს კვირაზე მეტ ხანს მოანდომებენ; ამისათვის მათ თავად უნდა განაცხადონ თანხმობა, ან სამეფო ტახტმა უნდა გამოსცეს საგანგებო ბრძანება.

თავმჯდომარე უნდა წარსდგეს დასამტკიცებლად. გაუგებრობებისა და უთანხმოებების თავიდან ასაცილებლად კარგი იქნებოდა, თუ საბჭოს სახელით მოლაპარაკე პიროვნება მისაღები იქნება როგორც საბჭოსთვის, ასევე გენერალური პრეზიდენტისთვისაც.

ზოგჯერ გუბერნატორები თვითნებურად იყენებდნენ ასამბლეის სესიათა გადადების ან გაგრძელების უფლებამოსილებას, რათა წევრები მოექანცათ და ამა თუ იმ საკითხზე მათგან თანხმობა მიეღოთ; ხოლო ზოგჯერ უმნიშვნელო უკმაყოფილების გამოც კი ითხოვდნენ მათ. გენერალური პრეზიდენტის მხრიდან ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად საგანგებო მექანიზმი იქნა შემუშავებული: გენერალურ მთვარობაში უხერხულობა და სირთულეები უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე ცალკეულ კოლონიათა მთავრობებში, იმ მანძილის გათვალისწინებით, რომლითაც ისინი საკუთარი სახლებიდან იქნებოდნენ დაშორებულნი სხდომების დროს და იმ ხანგრძლივი მგზავრობის გათვალისწინებით, რომელიც ზოგიერთ მათგანს მოუწევდა.

წევრების ფინანსური უზრუნველყოფა

დიდი საბჭოს წევრები სამსახურისათვის ყოველდღიურად ათ შილინგ სტერლინგს მიიღებენ, სესიისა და შეკრების ადგილამდე მისვლის და იქიდან წამოსვლის განმავლობაში; ხოლო ერთი დღის მგზავრობად ოცი მილის გავლა ჩაითვლება.

გონივრულად იქნა მიჩნეული, რომ ანაზღაურება დანიშნულიყო, რადგან, ხარჯების გამო, შესაძლოა, ზოგიერთ შესაფერის პირს ამ სამსახურისაგან თავი შეეკავებინა. ამავე დროს, ზედმეტად მაღალი ანაზღაურების დანიშვნაც არ ივარგებდა, რადგან არაშესაფერისი პირები ცდუნების წინაშე დადგებოდნენ და ამ სამსახურს სარგებლის გამო შეუდგებოდნენ. ერთი დღის მგზავრობად ოცი მილი გზაზე შემთხვევითი შეფერხებების გათვალისწინებით ჩაითვალა; ამასთან, იმას, ვისაც მგზავრობა უწევს, უფრო მეტი ხარჯი სჭირდება, ვიდრე იმას, ვინც შეკრების ადგილზე ცხოვრობს.

გენერალური პრეზიდენტის თანხმობა და მისი მოვალეობები

დიდი საბჭოს ყველა აქტი გენერალური პრეზიდენტის თანხმობას საჭიროებს. მისი ფუნქცია და მოვალეობაა, რომ მათი აღსრულება უზრუნველყოს.

დიდი საბჭოს ყველა აქტზე გენერალური პრეზიდენტის თანხმობა იმისთვისაა საჭირო, რომ სამეფო ტახტს ამ მთავრობაში პირდაპირი ზეგავლენის შესაძლებლობა მიეცეს და, ამით, ის დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან მჭიდრო კავშირში იყოს. საკანონმდებლო ხელისუფლების ერთი ნაწილის გარდა, გენერალურ პრეზიდენტს მთელი აღმასრულებელი ძალაუფლება უპყრია ხელთ.

გენერალური პრეზიდენტისა და მთავარი საბჭოს უფლებამოსილება. მშვიდობისა და ომის შეთანხმებები

დიდი საბჭოს რჩევით, გენერალურ პრეზიდენტს შეუძლია, შეინარჩუნოს ან გადახედოს ინდიელებთან დადებულ ნებისმიერ შეთახმებას, რომლებშიც შესაძლოა კოლონიების საერთო ინტერესი იყოს ჩადებული. მას, ასევე, შეუძლია ინდიელებთან ომის გამოცხადება ან დაზავება.

ინდიელებთან ომის გამოცხადების ან მშვიდობის დამყარების უფლებამოსილება ამჟამად თითოეულ კოლონიას აქვს, ხოლო ზოგიერთს ეს უფლება ქარტიის მეშვეობითაც აქვს მინიჭებული. ასე რომ, კოლონიებისთვის, ამ კუთხით, ახალი უფლებამოსილებების მინიჭება არ იგეგმება. თუმცა, ამ უფლებამოსილების შედეგად, ერთ კოლონიას შეუძლია, რომელიმე სხვა კოლონიასთან მშვიდობის დამყარება, მაშინ როდესაც მეორე მასთან საომარ მდგომარეობაში იმყოფება; ან, უმნიშვნელო მიზეზთა გამო, მას ომის დაწყება შეუძლია მეზობელი კოლონიის თანხმობის და მასთან შეთანხმების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი, შესაძლოა, საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს; ისევე, როგორც მას შეუძლია საერთო ომის პირობებში ნეიტრალიტეტის შესახებ გარკვეული შეთანხმებების დადება, ვაჭრობაში უპირატესობათა მოპოვების მიზნით, რაც საერთო მტრის მომარაგებას შეუწყობს ხელს. ასეთი შემთხვევები ადრეც ყოფილა. ამიტომ მიჩნეულ იქნა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ საერთო ხასიათის შეთანხმებები საერთო მიმართულების ქვეშ მოექცეოდა. ამის მეშვეობით საერთო საქმისათვის სასარგებლო საკითხები შეთანხმებული და გათვალისწინებული იქნებოდა.

ინდიელებთან ვაჭრობა

საჭიროა ისეთი კანონები შეიქმნას, რომლებიც ინდიელებთან ვაჭრობის ყველა მხარეს დაარეგულირებენ. კოლონიებს და ინდიელებს შორის ვაჭართა თაღლითობის გამო მრავალი დავა და ომი წარმოქმნილა; ისინი ინდიელებს ათრობდნენ და შემდგომ ატყუებდნენ, რაც კოლონიებს ქონებისა და დიდი სისხლის ფასად უჯდებოდათ. ცალკეული კოლონიები იმდენად დაინტერესებულნი არიან ვაჭრობაში, რომ შესაძლოა არ აღიარონ ის რეგულაციები, რომელიც ყველასათვის სასარგებლო იქნება. ამდენად, საუკეთესო გამოსავლად იქნა მიჩნეული მათი საერთო მიმართულების ქვეშ მოქცევა.

შესყიდვები ინდიელებისაგან

ინდიელებისგან ისინი იმ მიწებს ყიდულობენ სამეფო ტახტისათვის, რომლებიც ცალკეული კოლონიების საზღვრებს მიღმა არიან და რომლებიც არ იქნება მოქცეული კოლონიების საზღვრებში, მას შემდეგ, რაც მათი ფართობი მოსახერხებელ ზომამდე შემცირდება.

ინდიელებისაგან კერძო პირების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს მრავალი უხერხულობა სდევდა თან. ისინი ხშირად ერეოდნენ მათ საქმეში და დასახელებათა გაურკვევლობის, მრავალი კამათისა და ძვირადღირებული სამართლებრივი დავის საბაბს იძლეოდნენ და, ამგვარად, სადაოდ ქცეული მიწის დასახლებას უშლიდნენ ხელს. შემდეგ ინდიელებს ზემოხსენებული კერძო შესყიდვების გზით ატყუებდნენ, რისი შედეგიც იყო უკმაყოფილება და ომები. ყოველივე ამის თავიდან აცილება საჯარო და სამართლიანი შესყიდვების მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

ამერიკის კოლონიათა რამდენიმე ქარტია საზღვრებს სამხრეთის ზღვისაკენ აფართოებს, რაც, სავარაუდოდ, სიგრძეში სამი ან ოთხი ათასი მილია, ხოლო სიგანეში – ერთი ან ორი ასეული მილი. მიჩნეულ იქნა, რომ მთავრობის საერთო მიზნისათვის საზღვრები დროულად უნდა შემცირდეს ხელსაყრელ ფართობებამდე.

ამ ხელში ჩაგდებული მიწებისაგან მხოლოდ მცირე მათგანი თუ არის ინდიელებისაგან შესყიდული. ამ მიწების შესყიდვა ბევრად უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე მათი დაკავება და ძალის გამოყენებით შენარჩუნება, რადგან ინდიელები ერთობ გონივრულად იქცევიან მიწის შესახებ თავიანთ მოთხოვნებში. ხოლო მათი თარეშისაგან უზარმაზარი სასაზღვრო ზოლის დაცვის ხარჯები საკმაოდ დიდი იქნება, რადგან ყოველი კუთხე-კუნჭული მიდმივად უნდა იყოს დაცული. ჩვენ ხომ არ ვიცით, თუ სად და როდის უნდა ველოდოთ მათ.

ახალი დასახლებები

ამ შესყიდვების საფუძველზე ისინი მიწებზე ახალ დასახლებებს ქმნიან და ამ მიწებს მეფის სახელით გასცემენ, რითაც სამეფო ტახტს საერთო ხაზინის სარგებლობისათვის კვიტ-რენტის თანხას უტოვებენ.

უკეთესი იქნებოდა, რომ მრავლის ნაცვლად ერთი შემსყიდველი ყოფილიყო და ეს შემსყიდველი სამეფო ტახტი ან მისი სახელით მოქმედი კავშირი იყოს. ამ შემთხვევაში გარიგებები უფრო ადვილად შედგებოდა და ურიცხვი მყიდველებისაგან ფასზე ზემოქმედება, ინდიელებისაგან კერძო შესყიდვების ირგვლივ სამომავლო დავები და დიდ მიწებზე ცალკეული პირების მონოპოლიები (რაც ქვეყნის კოლონიზაციის და დასახლების პროცესისათვის დამღუპველია) თავიდან იქნებოდა აცილებული. გარდა ამისა, მიწა ახალმოსახლეებს კვლავ მცირე ნაკვეთებად გადაეცემოდა, დროთა განმავლობაში დაგროვილი იჯარის თანხები მთავრობის მხარდასაჭერ ფინანსებად იქცეოდა – ქვეყნის დასაცავად, გადასახადების შესამსუბუქებლად და ა.შ.

დაე, ტბებზე განლაგებულმა ძლიერმა ფორტებმა, ოჰაიომ და ა.შ., იმავდროულად ჩვენი ამჟამინდელი საზღვრები დაიცვან, ისევე, როგორც ის კოლონიები, რომლებიც მათი მფარველობის ქვეშ შეიქმნა; ხოლო ეს კოლონიები, თავის მხრივ, ერთობლივად დაიცავენ ამ ფორტებს და უკეთ შეინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობას შორეულ ინდიელებთან.

ცალკეულ კოლონიას მცირე ძალა აქვს იმისათვის, რომ თავისი ძველი საზღვრები შორ მანძილზე ახალი დასახლებებით გააფართოვოს. მაგრამ კავშირის გაერთიანებული ძალით შესაძლებელია, რომ იმ ადგილებში ერთი ან ორი ახალი კოლონია დაარსდეს, ან ძველი კოლონია ცალკეული მიმართულებებით გაფართოვდეს, რათა ჩვენი ამჟამინდელი საზღვრების უსაფრთხოება და ვაჭრობისა და ადამიანების რაოდენობის ზრდა უზრუნველვყოთ, რითაც შეწყდება კანადასა და ლუიზიანას შორის ფრანგული კომუნიკაცია და მათ შორის არსებული მიწების სწრაფი დასახლება.

ახალი კოლონიების დასახლების შესაძლებლობა ამ გეგმის ღირებულ ნაწილად არის მიჩნეული. ამას კი ორი კავშირი ისე კარგად ვერ განახორციელებს, როგორც ერთი.

კანონები, რომლითაც კოლონიები უნდა იმართონ

ისინი ქმნიან კანონებს, რომლებიც აწესრიგებენ და მართავენ ამ ახალ დასახლებებს, ვიდრე სამეფო ტახტი მათთვის კონკრეტულჱმთავრობას ჩამოაყალიბებს.

გონივრულად იქნა მიჩნეული, რომ ახალი კოლონიებისთვის შესაფერისი კანონების შექმნის უფლებამოსილება გენერალური პრეზიდენტისა და დიდი საბჭოსთვის მიენიჭებინათ; რომელთა მფარველობის ქვეშაც თავდაპირველად ისინი მოიქცეოდნენ და რომლებიც მათი მდგომარეობის შესახებ კარგად იქნებოდნენ ინფორმირებულნი, რადგან თავად განახორციელებდნენ მათ დასახლებას. ხოლო როდესაც მათი მოსახლეობა გარკვეულ მაჩვენებელს მიაღწევდა, მაშინ სამეფო ტახტის მიერ მათთვის სრულყოფილი და შესაბამისად განსაზღვრული მთავრობა ჩამოყალიბდებოდა.

სამეფო ტახტის მიერ პრეზიდენტის შემცვლელის დანიშვნა, რომელიც, გენერალური პრეზიდენტის სიკვდილის ან არყოფნის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებდა, ალბათ, ამ გეგმას ბევრად გააუმჯობესებდა. ხოლო თუ ცალკეული პროვინციების ყველა გუბერნატორი შტატის მუდმივი საბჭოს შემადგენლობაში შევიდოდა, გენერალური პრეზიდენტისათვის დახმარებისა და რჩევის მიცემის მიზნით, მაშინ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინსვლა იქნებოდა.

ჯარისკაცების შეკრება, ხომალდების აღჭურვა და ა.შ.

ისინი კრებენ და ანაზღაურებას უხდიან ჯარისკაცებს, აშენებენ ფორტებს ნებისმიერი კოლონიის დასაცავად და ამზადებენ სამხედრო ხომალდებს ნაპირებსა და ოკეანეზე, ტბებზე თუ დიდ მდინარეებზე ვაჭრობის დასაცავად. მაგრამ მათ არ შეუძლიათ კოლონიებიდან ჯარისკაცების ძალით გაწვევა საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის გარეშე.

მიჩნეულ იქნა, რომ საზოგადოებრივი სამსახურის მიზნით რამდენიმე კოლონიის მიერ შეკრებილი და ანაზღაურებული ადამიანების რაოდენობა, ყოველთვის ვერ დააკმაყოფილებს ამა თუ იმ ექსპედიციის საჭიროებას. დავუშვათ, რომ ნიუ ჰემფშირში, საგანგებო მდგომარეობის არსებობის გამო, ათასი კაცია საჭირო. ასეთ შემთხვევაში, სამხრეთ კაროლინის მსგავსი შორეული კოლონიებიდან ორმოცდაათ-ორმოცდაათი ან ას-ასი კაცი რომ შევკრიბოთ, არ იქნება მოსახერხებელი; თანაც მგზავრობა ხარჯიანი იქნება და, შესაძლოა, ვიდრე ისინი შეიკრიბებიან, საგანგებო მდგომარეობაც აღარ იყოს. ამიტომ, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ ისინი შეგვეკრიბა (მათთვის საკმაო თანხისა და ანაზღაურების შეთავაზებით) იმ ადგილთან ახლოს, სადაც მათზე საჭიროება იქნებოდა, რათა, სამსახურის ამოწურვის შემდეგ, ისინი კვლავ დაგვეთხოვნა.

ამჟამად ცალკეული კოლონიები საკუთარი ხარჯით ფორტების მშენებლობას აყოვნებენ და აცხადებენ, რომ ეს თანაბრად სასარგებლო იქნება მათი მეზობელი კოლონიებისთვისაც. ისინი, თავის მხრივ, უარს ამბობენ მონაწილეობაზე იმ ვარაუდის გამო, რომ ფორტები მათი მონაწილეობის გარეშეც აშენდება და შენარჩუნდება. ეს უსამართლო ქცევა მთლიანობას ასუსტებს; ფორტები ხომ ყოველი მათგანის სასიკეთოდ შენდება. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ ისინი ყველას მიერ ყოფილიყო აშენებული და შენარჩუნებული საერთო ხაზინის ხარჯზე.

ომის დროს, ხშირად პატარა სამხედრო ხომალდებია აუცილებელი, რათა კოლონიების ნაპირები წვრილ-წვრილი მეკობრეებისაგან გაიწმინდოს. ხოლო კავშირის მიერ ყოველივე ამის უზრუნველყოფა უპირატესობა იქნება იმ კოლონიებისთვის, რომლებიც ზღვის პირას მდებარეობენ და რომელთა სახმელეთო საზღვრებიც სხვა კოლონიების მიერ არის დაცული, რადგან ისინი უშუალო სარგებელს ვერ იღებენ გამაგრებული ფორტებიდან.

კანონების შექმნა, გადასახადების დაკისრება და სხვა უფლებამოსილებები

ამ მიზნით მათ კანონთა შექმნის უფლებამოსილება გააჩნიათ. ისინი აკისრებენ ისეთ გადასახადებს და ბეგარას, რომელსაც ისინი თანასწორად და სამართლიანად მიიჩნევენ (ზოგიერთი კოლონიის მაცხოვრებლების შესაძლებლობებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით) და რომელთა აკრეფა შესაძლებელი იქნება მინიმალური უკმაყოფილების ხარჯზე. სჯობს ფუფუნება შევამციროთ და წარმოება უსარგებლო და ზედმეტი გადასახადებით არ დავამძიმოთ.

კანონები, რომელთა შექმნის უფლებამოსილება გენერალურ პრეზიდენტსა და დიდ საბჭოს აქვთ, თავისი არსით, აუცილებლად ისეთი უნდა იყოს, რომ ხელი შეუწყოს დასახლებათა მართვას; ჯარიკაცების შეკრებას, მართვას და ანაზღაურებას; ინდიელებთან ვაჭრობის მოწესრიგებას და საერთო გადასახადებისა თუ ბეგარის დაკისრებასა და აკრეფას (მათ უნდა გააჩნდეთ უფლებამოსილება, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში, კერძოდ, ომის დროს, მტრისათვის კოლონიების მიერ რაიმე სახის საქონლის მიწოდება აკრძალონ). მაგრამ სულაც არ იგეგმება, რომ ისინი ცალკეული კოლონიის კონსტიტუციაში ან მართვაში ჩაერიონ. ამ კოლონიებმა კვლავ თავიანთი კანონებით უნდა იხელმძღვანელონ და საკუთარი გადასახადები დააწესონ და აკრიფონ, როგორც ეს უწინ ხდებოდა.

საერთო ხაზინადარი და ცალკეული ხაზინადარი

ნებისმიერ მთავრობაში მათ შეუძლიათ, დანიშნონ საერთო ხაზინადარი და ცალკეული ხაზინადარი, როდესაც ეს საჭირო გახდება. დროდადრო მათ შეუძლიათ, თითოეული მთავრობის ხაზინიდან საერთო ხაზინაში თანხები გამოწერონ ან მათზე სპეციალური გადასახადი დააწესონ, იმის მიხედვით, თუ რა იქნება იმ დროს მათთვის ხელსაყრელი.

ხაზინადარნი მხოლოდ საერთო თანხებს პატრონობენ და არა თითოეული კოლონიის ცალკეულ თანხებს. ეს უკანასკნელი მათ განკარგულებაში და მათივე ხაზინადარების ხელში რჩება.

როგორ უნდა მოხდეს ფულის გამოშვება

გენერალური პრეზიდენტისა და დიდი საბჭოს ერთობლივი ბრძანების გარეშე ფულის გამოშვება არ შეიძლება; იმ შემთხვევის გარდა, როდესაც თანხა გარკვეული მიზნებისათვის არის განკუთვნილი, ხოლო გენერალურ პრეზიდენტს კი შესაბამისი აქტით მინიჭებული აქვს ამგვარი თანხების გამოწერის უფლება.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ფულის არასწორი გამოყენება, ან მისი იმგვარი გამოყენება, რომელიც სამეფო ტახტისა და ხალხის უკმაყოფილებას გამოიწვევს, საჭიროდ იქნა მიჩნეული, რომ ფინანსებთან დაკავშირებულ ყველა საკითხში გენერალურმა პრეზიდენტმა და დიდმა საბჭომ ერთობლივად იმოქმედონ.

ანგარიშები

საერთო ანგარიშები ყოველწლიურად უნდა შეჯამდეს და ამის შესახებ რამდენიმე ასამბლეას უნდა წარედგინოს. ყოველწლიური ანგარიშების შესახებ თითოეული ასამბლეის ინფორმირებით, ისინი კმაყოფილნი დარჩებიან დიდ საბჭოში მათი წარმომადგენლების გონივრული და პატიოსანი მოღვაწეობით.

კვორუმი

დიდი საბჭოს კვორუმი, რომელსაც გენერალურ პრეზიდენტთან ერთად მოქმედების უფლებამოსილება მიენიჭება, ოცდახუთ წევრს შეადგენს და მასში კოლონიების უმრავლესობიდან ერთი ან მეტი წარმომადგენელი უნდა იყოს.

მართალია, ეს კვორუმი დიდია, მაგრამ მიჩნეულ იქნა, რომ ზოგადად კოლონიებისათვის არადამაკმაყოფილებელი იქნებოდა, თუ ყველასათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეები მცირე რაოდენობის წევრების, ან თუნდაც ამ ოცდახუთი წევრის მიერ იქნებოდა შესრულებული, თუ მათ შორის კოლონიების უმრავლესობიდან სულ მცირე ერთი წევრი არ იქნებოდა. სხვაგვარად, თუ მთელი კვორუმი კავშირის ერთ ბოლოში მდებარე სამი ან ოთხი კოლონიის წარმომადგენლისაგან იქნებოდა შემდგარი, მაშინ, შესაძლოა, მათ იმგვარი რამ განეხორციელებინათ, რაც სხვებთან მიმართებაში უთანასწორო იქნებოდა ამით კი მთლიანობისათვის საზიანო უკმაყოფილება და უთანხმოება წარმოიქმნებოდა.

კანონები, რომლებიც უნდა გადაიგზავნოს

კანონები, რომელსაც ისინი ზემოხსენებული მიზნებისათვის შექმნიან, ინგლისის კანონებთან შეუთავსებელი არ უნდა იყოს, არამედ, რამდენადაც შესაძლებელია, თანხმობაში უნდა იყოს მათთან. მათი მიღების შემდეგ, ისინი სწრაფად უნდა გადაიგზავნოს მეფის საბჭოში სანქციისათვის; ხოლო თუ წარდგენიდან სამი წლის განმავლობაში კანონები არ იქნა უარყოფილი, მაშინ ისინი ძალაში უნდა შევიდეს.

ეს სამეფო ტახტის დაკმაყოფილების მიზნით იქნა მიჩნეული საჭიროდ, რათა თავიდან ბოლომდე ბრიტანეთის იმპერიის ყველა ნაწილის მთლიანობა ყოფილიყო შენარჩუნებული და კანონების შექმნისას განსაკუთრებული სიფხიზლე და წინდახედულება გამოგვეჩინა, რათა ისინი, თავისი არსით, საერთო სარგებლობისათვის კარგი ყოფილიყო.

გენერალური პრეზიდენტის სიკვდილი

გენერალური პრეზიდენტის სიკვდილის შემთხვევაში, მას დროებით დიდი საბჭოს თავმჯდომარე ჩაანაცვლებს. მას უფლებამოსილება და ძალაუფლება ექნება იმ დრომდე, ვიდრე მეფის ნება-სურვილი არ გახდება ცნობილი.

უმჯობესი იქნებოდა, რომ სამეფო ტახტს ვიცე-პრეზიდენტი დაენიშნა, როგორც ეს ზემოთ აღვნიშნეთ, რათა მას გენერალური პრეზიდენტის სიკვდილის ან არყოფნის შემთხვევაში, მისი ადგილი დაეკავებინა. ამრიგად, ჩვენ უფრო იმედიანად ვიქნებოდით, რომ კოლონიებს შესაფერისი ხელმძღვანელი ჰყავს. ხოლო ორივე მათგანის სიკვდილის ან არყოფნის შემთხვევაში, ამ ადგილს თავმჯდომარე დაიკავებდა (ან მეფის უხუცესი გუბერნატორი), ვიდრე მისი უდიდებულესობის ნება-სურვილი არ გახდებოდა ცნობილი.

როგორ უნდა დაინიშნონ მოხელეები

სამხედრო კომიტეტის ყველა მოხელე, რომელიც საზღვაო ან სახმელეთო სამსახურში იმსახურებს, ამ კონსტიტუციის თანახმად უნდა მოქმედებდეს და ისინი გენერალურმა პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს. თუმცა დიდი საბჭოს თანხმობის მოპოვებაც არის საჭირო, ვიდრე ისინი რწმუნებას მიიღებდნენ. ხოლო ყველა სამოქალაქო მოხელე დიდი საბჭოს მიერ უნდა იყოს წარდგენილი და მოვალეობის შესრულებამდე ისინი გენერალურმა პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს.

მიჩნეულ იქნა, რომ სამსახურისათვის ერთობ საზიანო იქნებოდა, თუ ხალხისათვის უცნობი ან მიუღებელი მოხელეები დაინიშნებოდნენ. ამერიკელების უმეტესობა ნებაყოფლობით მსახურობს იმ მოხელეებთან, რომელთაც ისინი იცნობენ და არ სურთ უცნობების სამსახურში ჩადგომა, რომლებიც გუბერნატორთა მიერ ხშირად სარგებლის მიღების ან სხვა ტიპის ინტერესის გამო ინიშნებიან. სამსახურში აქ მუდმივად მზადყოფნაში მყოფი ჯარისკაცები როდი იგულისხმება, არამედ ნებისმიერი ტიპის მოულოდნელი და ხანმოკლე სამსახური ჩვენი კოლონიების დასაცავად ან მტრის ტერიტორიებზე შესაჭრელად (როგორც ეს უკანასკნელ ომში კეიპ ბრეტონის ექსპედიციისას მოხდა, რომელშიც, როგორც რიგითი ჯარისკაცი, მრავალი მოქმედი ფერმერი და ვაჭარი ჩაება მშობლიური ქვეყნის ოფიცერთა ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელთა მიმართაც მათ პატივისცემა და სიყვარული გააჩნდათ. ეს ხალხი სამსახურს მუდმივ ჯარში ან ინგლისის ოფიცერთა ხელმძღვანელობის ქვეშ არ დათანხმდებოდა).

ამდენად, საუკეთესო გამოსავლად იქნა მიჩნეული, რომ საბჭოს ოფიცერთა დანიშვნის უფლებამოსილება მინიჭებოდა, რასაც ხალხი კარგი ადამიანების არჩევის ერთგვარ გარანტიად აღიქვამდა. ამასთან მიჩნეულ იქნა, რომ ამგვარი უზრუნველყოფის გარეშე, საგანგებო ვითარების შემთხვევაში, ამ ადამიანების სამსახურში ჩაბმა ბევრად უფრო დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული, ხოლო გაწვევის გზით მოსულთა რაოდენობა კი ბევრად მცირე. ამიტომ, მეფის სამსახურისა და ხალხის საერთო სარგებლობისათვის, ამ კონკრეტული მიმართულებით სწრაფვა ამერიკის ყველა კოლონიის მასშტაბით უნდა შესუსტებულიყო. ამგვარი რამ ხომ უკვე განხორციელდა ცალკეული კოლონიების ქარტიებში, უფრო ზუსტად კი, კონეკტიკუტსა და როდ აილენდში.

სამოქალქო მოხელეები მეტწილად გადასახადების ამკრეფნი და ხაზინადარნი იქნებიან. ამდენად, საბჭოსათვის, შესაფერისი პირები, ალბათ, ცნობილნი იქნებიან.

როგორ უნდა შეივსოს ვაკანსიები

იმ შემთხვევაში, თუ ვაკანსია ამ კონსტიტუციის ქვეშ მოქმედი რომელიმე სამოქალაქო ან სამხედრო მოხელის გარდაცვალების, ან დათხოვნის შედეგად გაჩნდება, იმ პროვინციის გუბერნატორს, სადაც ამგვარი ვაკანსიებია, თავად შეუძლია ვინმეს დანიშვნა, ვიდრე გენერალური პრეზიდენტის და მთავარი საბჭოს ნება არ გახდება ცნობილი.

მიჩნეულ იქნა, რომ უკეთესი იქნებოდა თუ ვაკანსიებს თითოეულ პროვინციაში გუბერნატორი შეავსებდა, ვიდრე ახალი დანიშვნა რეგულარულად განხორციელდებოდა. სხვაგვარად ეს სამსახური დაზარალდება, ვიდრე გენერალური პრეზიდენტი და მთავარი საბჭო შეხვედრას მოახერხებენ.

საგანგებო ვითარებაში თითოეულ კოლონიას თავად შეუძლია საკუთარი თავის დაცვა

მიუხედავად საერთო კონსტიტუციისა, ცალკეული სამხედრო და სამოქალაქო ინსტიტუტები თითოეულ კოლონიაში ამჟამინდელ მდგომარეობაში დარჩება. მოულოდნელი საგანგებო ვითარებისას, ნებისმიერ კოლონიას შეუძლია, თავად დაიცვას საკუთარი თავი და წარმოადგინოს ამისათვის საჭირო ხარჯების ანგარიშები გენერალური პრეზიდენტისა და დიდი საბჭოს წინაშე, რომლებიც ბრძანებას გამოსცემენ ანაზღაურების გაცემაზე, თუ ისინი წარმოდგენილ ანგარიშს სამართლიანად და გონივრულად მიიჩნევენ.

სხვაგვარად ეს ერთიანი კავშირი მის ცალკეულ ნაწილებს დაასუსტებს, რაც მის განზრახვას ეწინააღმდეგება. ანგარიშები გენერალურმა პრეზიდენტმა და დიდმა საბჭომ უნდა განიხილონ და მათვე უნდა მისცენ ამაზე თანხმობა, თუ ისინი გონივრულად იქნა მიჩნეული. ეს აუცილებელია იმისათვის, რათა კოლონიები საკუთარი თავდაცვის საქმეში მხნედ იყვნენ. თანაც ხარჯი ნაკლები იქნება, თუ ის ყველაზე გადანაწილდება. ამავდროულად, ამგვარი თავდაცვის დროს წინდაუხედავი და უმიზნოდ გახარჯული თანხების შემოწმების შესაძლებლობაც გაჩნდება.

შენიშვნა. 1789 წლის 9 თებერვალი

დღეს უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ წინამდებარე გეგმა, ან რაღაც მისი მსგავსი, მიღებული და განხორციელებული იქნებოდა, კოლონიის მეტროპოლიისაგან გამოყოფა ასე სწრაფად ვერ მოხერხდებოდა და, ამდენად, არც იმ ზიანით დავიტანჯებოდით, დღეს ორივე მხარე რომ განიცდის. ალბათ, ამგვარი გამოყოფა მომდევნო საუკუნის განმავლობაში თუ მოხერხდებოდა. თუ კოლონიების ამგვარი გაერთიანება მართლაც მოხდებოდა, როგორც ეს გეგმაშია გათვალისწინებული, მაშინ მათი თავდაცვისათვის ეს სავსებით საკმარისი იქნებოდა. შესაბამისად, ამ მიზნით ბრიტანეთიდან ჯარის გამოგზავნაც საჭირო არ გახდებოდა. საგერბო კანონის შესახებ აქტის შემუშავების გამო პრეტენზიები არ იარსებებდა, აღარც სხვა ღონისძიებების შემუშავება გახდებოდა საჭრო, რათა ბრიტანეთის პარლამენტის მიერ მიღებული აქტების ძალით ამერიკიდან გადასახადების ამოღება მომხდარიყო, რაც დარღვევების მიზეზს წარმოადგენდა და რაც სისხლისა და ქონების ფასად დაგვიჯდა.აასე რომ, იმპერიის სხვადახვა ნაწილები კვლავაც მშვიდობით თანაარსებობას გააგრძელებდნენ. თუმცა ამ გეგმის ბედი გასაოცარი იყო. რადგან კონგრესში მრავალდღიანი დაწვრილებითი განხილვის შედეგად მასზე ერთსულოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული, მისი ასლები თითოეული პროვინციის ასამბლეაში დაიგზავნა შეთანხმებისათვის და ერთიც ინგლისის სამინისტროში, სამეფო ტახტის მიერ შემდგომი მოწონებისათვის. მაგრამ სამეფო ტახტმა დაიწუნა ის, როგორც კონსტიტუციის დემოკრატიული ნაწილისათვის მეტი მნიშვნელობის მიმნიჭებელი, ხოლო თითოეულმა ასამბლეამ – როგორც ზედმეტად მეტი უფლებამოსილების მიმნიჭებელი. ამდენად, ის სრულად იქნა უარყოფილი.