ჯეიმს უილსონი (1742-1798) იყო ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი და სამართლის თეორიტიკოსი, დამოუკიდებლობის დეკლარაციის (1776 წ.) ერთ-ერთი ხელმომწერი. 1789 წელს ჯორჯ ვაშინგტონმა იგი შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პირველ შემადგენლობაში შეიყვანა. უილსონის „ლექციები სამართლის შესახებ“ მისი გარდაცვალების შემდეგ,1804 წელს, მისმა ვაჟმა, ბერდ უილსონმა გამოაქვეყნა. „ინდივიდთა ბუნებითი უფლებების შესახებ“ აღნიშნული „ლექციების“ მეორე ნაწილის XII თავს წარმოადგენს. თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემის მიხედვით: The Works of the Honourable James Wilson, published under the direction of Bird Wilson, vol. 2, Philadelphia: Lorenzo Press, 1804; ის 2013 წელს დაიბეჭდა კრებულში „ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესსეები“.
ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ხუროშვილმა
ჩვენ სრულად განვიხილეთ ხელისუფლების სტრუქტურა, განვახორციელეთ მისი ურიცხვი განშტოებებისა თუ დანაყოფების კლასიფიკაცია, გამოვიკვლიეთ ის საფუძველი, რომლითაც ის ყალიბდება. მაგრამ რა მიზნით აღიმართა ეს ბრწყინვალე სასახლე? პასუხი ცხადია - ის სუვერენის, ადამიანის საცხოვრებლად და დასაბინავებლად აღიმართა.
ადამიანი ხელისუფლებისათვის არსებობს თუ ხელისუფლება იქმნება ადამიანისათვის?
შესაძლებელია თუ არა, რომ ოდესმე ამგვარი კითხვები სერიოზულად დავსვათ? განიხილებოდა თუ არა ეს საკითხები სერიოზულად დიდი ხნის განმავლობაში? შესაძლებელია თუ არა, რომ ამ საკითხის ისეთი გადაწყვეტა, რომელიც რადიკალურად ეწინააღმდეგება თავად ამ ზემოაღნიშნულ პრინციპს, ხშირად და უმრავლეს შემთხვევაში ყოფილიყო მოცემული თეორიაში? შესაძლებელია თუ არა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება სამართლიანობას, კიდევ უფრო ხშირად და კიდევ უფრო მეტ შემთხვევებში ხორციელდებოდეს პრაქტიკაში? ყოველივე ეს შესაძლებელია, უფრო მეტიც, ყოველივე ეს სრული სიმართლეა. ეს სიმართლეა ყველგან, თვით სამყაროს განათლებულ ქვეყნებშიც კი.
ამ ლექციების დაწყებისთანავე, ვალდებულების განცდამ მოვალე გამხადა, საზოგადოების უფლებათა შესახებ წინააღმდეგობრივ დისკუსიაში ჩავბმულიყავი. დღეს ვალდებულების იგივე განცდა მაიძულებს, იმავე დისკუსიაში ჩავება, რომელიც საზოგადოების შემადგენელი ნაწილების უფლებებს, კერძოდ - ადამიანთა უფლებებს ეხება. ამგვარი ხასიათის დისკუსიაში შესვლა ჩემი საქმიანობის ყველაზე სასიამოვნო და ადვილი ნაწილი როდია. მაგრამ როდესაც ვალდებულების ხმა ჩაგესმის, უზრუნველობამ და სიამოვნებამ მოკრძალებული დუმილი უნდა ამჯობინონ და იოლად დათმონ თავიანთი პოზიციები, რაც სწორედ მათთვის შესაფერისი ქმედებაა.
რა იყო ხელისუფლების ჩამოყალიბების უპირველესი და პრინციპული მიზანი? იყო თუ არა ეს მიზანი ადამიანთა საზოგადოების მიერ ახალი უფლებების მოპოვების მცდელობა? თუ ადამიანთა საზოგადოების მიზანი ის იყო, რომ იმ უფლებების ფლობის ან აღდგენის გარანტია მოეპოვებინა, რომელთა გამოყენებისა და მოპოვების უფლებაც ადრე მოგვენიჭა ჩვენი ყოვლად ბრძენი და ყოვლად მოწყალე შემოქმედის მიერ უპირველესი წყალობის, ან კიდევ მისი უტყუარი კანონის საფუძველზე?
ვფიქრობ, საქმე სწორედ ამ უკანასკნელში იყო. თუმცა, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ უკანასკნელის მოსაპოვებლად პირველი უნდა დავთმოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უსაფრთხოების მოსაპოვებლად ჩვენ სხვა დიდი მიზნები უნდა დავთმოთ. ადამიანს „გარკვეული თავისუფლებების უზრუნველყოფა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ მათ მთლიანად დათმობს.“ ეს გამონათქვამი სიტყვასიტყვით არის გადმოტანილი ბატონი ბერკის უკანასკნელი ნაშრომიდან.
ზოგჯერ, თავის პრინციპებში, ტირანიაც კი თანაბარზომიერია. ფეოდალური სისტემაც ხომ მოჩვენებითი, მაგრამ წარმატებული პრინციპის საფუძველზე შემოიღეს, რომელიც ბატონი ბერკის წამოყენებული პრინციპის ზუსტი ანალოგია, ერთ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით. ამ ერთ გამონაკლისში ეს პრინციპი უფრო გულუხვი აღმოჩნდა. მიწის თავისუფალი და მემკვიდრეობითი მფლობელები დაარწმუნეს, რომ ეს მიწები მათ მეფისათვის უნდა დაეთმოთ, რის შემდეგაც არა მხოლოდ ამ მიწების ნაწილი, არამედ მთლიანად ისინი, გარკვეული საზღაურის ფასად, უკან დაუბრუნდებოდათ, რაც, მათი აზრით, დიდ მიზანს ემსახურებოდა. ეს მიზანი უსაფრთხოება, კერძოდ, მათი საკუთრების უსაფრთხოება იყო. მაგრამ რა იყო ყოველივე ამის შედეგი? მათ მართლაც დაუბრუნდათ მიწები, თუმცა ისინი უკვე ფეოდალური მონობის მძიმე უღლით იყო დატვირთული. მართლაც რომ სისასტიკეა, თუ ეპითეტ „სისასტიკის“ მიყენება შესაძლებელია საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებთან.
აქ ადამიანის ყველა სხვა უფლება ეჭვქვეშ დგება. რადგან, ხშირად თავისუფლება ადამიანთა ყველა აბსოლუტური უფლების აღსანიშნავად გამოიყენება. როგორც აღნიშნავს სერ უილიამ ბლექსთოუნი, „ყოველი ინგლისელის აბსოლუტური უფლებები, პოლიტიკური და საზოგადო აზრით, მათ თავისუფლებებად იწოდება.“
უნდა დავუთმოთ თუ არა ხელისუფლებას ყველა ეს აბსოლუტური უფლება? ამ უფლებათა დათმობა მხოლოდ ნდობის საფუძველზე შეიძლება. ცდილობენ, რომ თავს კიდევ ერთი გაიძვერული ბატონობა მოგვახვიონ, მაგრამ რისთვის? განა ხელისუფლებამ უზრუნველყო სამართლიანი სასამართლო, რომელიც ამ ნდობას კეთილსინდისიერად აღასრულებდა? და თუ უზრუნველყო, მაშინ რატომ უნდა დავშორდეთ ჩვენი უფლებების სამართლებრივ სტატუსს?
ბოლოს და ბოლოს, რაა ის დიადი მადლი, რომელიც ამ დათმობისაკენ გვიბიძგებს? ჩვენ ყველაფერი უნდა დავთმოთ, რათა „მცირედი“ შევინარჩუნოთ. ხოლო ეს „მცირედიც“, როგორც რაოდენობის, ისე უეჭველობის თვალსაზრისით, იმ ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რომელსაც ამ უფლებებს უთმობენ. განა ეს იმგვარი გარიგებაა, რომელსაც გონიერ და საზრიან ხალხს სთავაზობენ? – არა. თავისუფალი ადამიანები, რომლებმაც იციან და უყვართ თავიანთი უფლებები, სუფთა და მძიმე ოქროს აბჯარს უბრალო და მსუბუქ ლითონზე არ გაცვლიან, რაც არ უნდა ზიზილ-პიპილებით იყოს ის შემკობილი. მაგრამ ისინი უარს არ იტყვიან, ამგვარი გაცვლა ისეთ პირობებში აწარმოონ, რომელიც პატიოსანი და კეთილშობილურია და რომელიც ყველასათვის სასარგებლო იქნება და ზიანს არავის მოუტანს.
გავრცელებული შეხედულების თანახმად, იმისათვის, რათა კარგი ხელისუფლების წყალობა მოგვეპოვებინა, ჩვენი ბუნებითი თავისუფლების ნაწილი მსხვერპლად უნდა შეგვეწირა. მტკიცედ მჯერა, რომ სათანადო განხილვის შემთხვევაში, ამ მოსაზრების სიმცდარე ადვილად დამტკიცდება. ვფიქრობ, ყველანი ვნახავთ, რომ ბრძენი და კარგი ხელისუფლება – სხვაგვარზე ამჟამად არც ვსაუბრობ – შეზღუდვის ნაცვლად, ადამიანის ბუნებით თავისუფლებას აფართოებს და უზრუნველყოფს კიდეც. ის, რასაც ბუნებით თავისუფლებაზე ვამბობ, ამ არგუმენტის ჭრილში, ყველა სხვა ბუნებით უფლებაზე უნდა იყოს განვრცობილი.
ეს გამოკვლევა ჩვენს პერსპექტივას იმ ახალ და განსაცვიფრებელ თვალსაწიერს, იმ მჭიდრო და საინტერესო მიმართებას გაუხსნის, რომელიც ბუნებით სამართალსა და სამოქალაქო სამართალს შორის არსებობს. შესაბამისად, ეს გამოკვლევა უხვად აგვინაზღაურებს იმ გულმოდგინებასა და ყურადღებას, რომელსაც ჩვენ მისი შექმნისას დავხარჯავთ.
ბატონი ბლექსთოუნი აღნიშნავს, რომ „კანონი, რომელიც ადამიანს თანამოქალაქეებისადმი ზიანის მიყენებისგან ზღუდავს, მართალია, ბუნებით თავისუფლებას ამცირებს, თუმცა კაცობრიობის სამოქალაქო თავისუფლებას ზრდის.“ ნუთუ ეს ბუნებითი თავისუფლების ის ნაწილია, რომელიც ვინმეს ზიანს მიაყენებს?
ამ ლექციების წინა ნაწილში ბუნებითი თავისუფლების არსის ახსნა მომიწია. დავუბრუნდეთ იმ განმარტებას, რომელიც იქ იყო მოცემული: „ბუნებამ ადამიანს საკუთარი ბედნიერებისაკენ სწრაფვა ჩაუნერგა. მან ადამიანს სხვათა მიმართ მრავალი სათუთი გრძნობა შთააგონა, განსაკუთრებით – ახლობლებთან მიმართებაში. ბუნებამ ადამიანი ინტელექტუალური და აქტიური ძალებით დააჯილდოვა და საკუთარი, თუ სხვა ადამიანების ბედნიერებისათვის სწრაფვის ბუნებრივი ლტოლვა ჩაუნერგა, რომელთა მიმართაც ესოდენ სათუთი გრძნობები აქვს. თუ ყოველივე ეს მართალია, მაშინ უდავო შედეგი ის უნდა იყოს, რომ ადამიანს ამ უნართა გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეს, რათა აღნიშნული მიზნები იმგვარად და იმ საკითხებთან მიმართებაში შეასრულოს, რომელსაც მისი სწრაფვა და განსჯა არჩევს; ოღონდ იმ პირობით, რომ სხვას ზიანს არ მიაყენებს და რომ საზოგადოებრივ ინტერესს მისი შრომა არ დასჭირდება. სწორედ ეს უფლება არის ბუნებითი თავისუფლება.“
თუ ბუნებითი თავისუფლების ასეთი ახსნა სამართლიანია, მაშინ ის გვასწავლის, რომ ეგოიზმი და მავნებლობა ბუნებით სამართალში ისევე დაუშვებელია, როგორც ეს ადამიანთა სამართლშია. ადამიანთა კანონების თანახმად, პოზიტიური სასჯელები ორივე მათგანს შეიძლება დავუწესოთ. მაგრამ ეს სასჯელები მხოლოდ უსამართლო და გადაჭარბებულ თავმოყვარეობას ზღუდავენ და არა ბუნებით თავისუფლებას.
ბუნებითი თავისუფლების მდგომარეობაში თითოეულს საკუთარი მისწრაფებების მიხედვით მოქმედება შეუძლია, ოღონდ იმ პირობით, რომ იგი იმ ზღვარს არ გადალახავს, რომელიც მას ბუნებითმა სამართალმა დაუდგინა. სამოქალაქო თავისუფლების მდგომარეობაში, მას, ასევე, შეუძლია საკუთარი მისწრაფებების მიხედვით მოქმედება, ოღონდ იმ პირობით, რომ იმ შეზღუდვებს არ დაარღვევს, რომელიც მას სახელმწიფო სამართალმა დაუდგინა. შესაძლოა, სახელმწიფო სამართალში ისეთი რამ აიკრძალოს, რომელიც ბუნებით სამართალში აკრძალული არაა. მაგრამ ისიც მართალია, რომ ბრძენი და კარგი ხელისუფლების მმართველობის ქვეშ თითოეული მოქალაქე იმაზე მეტ თავისუფლებას მოიპოვებს, ვიდრე ამ აკრძალვებით დაკარგავს. იგი უფრო მეტს მიიღებს სხვა ადამიანების თავისუფლების შეზღუდვით, ვიდრე საკუთარი თავისუფლების შემცირებით შეიძლება დაკარგოს. უმეტეს შემთხვევაში, ის უფრო მეტს მიიღებს თავისი ბუნებითი თავისუფლების ფართო და მშვიდი გამოყენებით, ვიდრე დაკარგავს მისი მცირე შეზღუდვით.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ადამიანის ბუნებითი თავისუფლება, ბრძენი და კარგი ხელისუფლების პირობებში, შეზღუდვის ნაცვლად, გაიზრდება და განმტკიცდება. ეს თანაბრად ეხება როგორც მის ბუნებით თავისუფლებას, ასევე მის სხვა ბუნებით უფლებებსაც.
მაგრამ, თუნდაც მის გარკვეულ ნაწილზე მოგვიწიოს უარის თქმა, განა ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანად უნდა დავთმოთ ის? ბატონი ბერკის მიხედვით, „ადამიანი სამოქალაქო და არასამოქალაქო მდგომარეობით ერთდროულად ვერ ისარგებლებს.“ „არასამოქალაქოში“, რომელიც „სამოქალაქოს“ საპირისპიროა, იგი ბუნებით მდგომარეობას უნდა გულისხმობდეს, ხოლო არასამოქალაქო მდგომარეობის უფლებებში იგი ბუნებით უფლებებს უნდა მოიაზრებდეს. მაგრამ განა შეუძლებელია, რომ ბუნებით და სამოქალაქო უფლებებს ერთდროულად ვიყენებდეთ? ნუთუ ისინი მართლაც შეუთავსებელია ერთმანეთთან? განა ჩვენი უფლებები ბუნების მყარ ნიადაგს უნდა მოწყდეს და ადამიანური ინსტიტუტების არასაიმედო და მერყევ ნიადაგს დაემყაროს? როგორც ჩანს, ასეთია ბატონი ბერკის მოსაზრება. ასეთივეა ბატონ ბერკზე ბევრად დიდი ავტორიტეტის, სერ უილიამ ბლექსთოუნის შეხედულებაც.
თავისი „კომენტარების“ ანალიზში იგი ინგლისელების „პირადი უსაფრთხოების, პირადი თავისუფლების, და კერძო საკუთრების უფლებას“ ბუნებით უფლებებად როდი მიიჩნევს, რასაც, უნდა ვაღიარო, მოველოდი კიდეც, არამედ მათ „სამოქალაქო თავისუფლებებად“ მოიაზრებს. ამ სამ უფლებაზე საუბრისას „კომენტარებში“ იგი აღნიშნავს, რომ ისინი ბუნებასა და გონებას ემყარება; თუმცა დაურთავს, რომ „მათი ჩამოყალიბება, რაც არ უნდა სრულყოფილად იყოს ის განხორციელებული, მაინც ადამიანურია.“ თითოეული ამ უფლების მიკვლევას იგი თავისუფლებათა დიდ ქარტიაში ცდილობს, რომელსაც იგი სამართლიანად მიიჩნევს ინგლისის საფუძველმდებარე კანონთა უმთავრეს დეკლარაციად. იგი აღნიშნავს კიდეც, რომ ეს უფლებები „ან ბუნებითი თავისუფლების ის ნარჩენია, რომელთა საზოგადოებრივი ბედნიერებისათვის მსხვერპლშეწირვა სამოქალაქო კანონთათვის უსარგებლოა; ან ის სამოქალაქო უფლებებია, რომლებიც საზოგადოებამ უზრუნველყო ინდივიდების მიერ ბუნებითი თავისუფლებების დათმობის სანაცვლოდ.“ იგი აშკარად არ ამბობს, ამ ორიდან რომელ მათგანს განეკუთვნებიან ისინი. მაგრამ რადგან იგი მათ უკავშირებს თავისუფლებათა დიდ ქარტიას და ინგლისის ძირითად კანონებს; რადგან იგი მათ „სამოქალაქო თავისუფლებებს“ უწოდებს და პირდაპირ აცხადებს, რომ მათი წარმომავლობა ადამიანურია, საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ იგი მათ იმ ჭრილში განიხილავს, რომელიც მის მეორე აღწერასთან მოდის შესაბამისობაში, კერძოდ, როგორც სამოქალაქო უფლებებს, რომლებიც საზოგადოებამ უზრუნველყო ინდივიდების მიერ ბუნებით თავისუფლებების დათმობის სანაცვლოდ. ამ მხრივ სერ უილიამ ბლექსთოუნისა და ბატონი ბერკის მოძღვრებებს შორის არსებითი განსხვავება არ არსებობს.
თუ ეს შეხედულება სწორია, მაშინ მისი უდავო და გარდაუვალი შედეგი ისაა, რომ სამოქალაქო ხელისუფლების პირობებში, ინდივიდებმა „უარი“ თქვეს ან „დათმეს“ თავიანთი უფლებები, რომელიც მათ ბუნებამ და ბუნების კანონმა მიანიჭა, ხოლო მათ სანაცვლოდ კი მიიღეს ის „სამოქალაქო უფლებები, რომელიც საზოგადოებამ უზრუნველყო.“
თუ ეს შეხედულება სწორია, მაშინ მისი უდავო და გარდაუვალი შედეგი ისაა, რომ სამოქალაქო ხელისუფლების პირობებში, ინდივიდთა ისეთი უფლებები, როგორიცაა საკუთრების, პირადი თავისუფლების, ჯანმრთელობის, რეპუტაციის და სიცოცხლის უფლებები, ადამიანს შეუქმნია და სხვა, უზენაეს დასაბამს, მათ ვერ მივაწერთ. გამოდის, რომ ადამიანსა და მის ბუნებით უფლებებს შორის კავშირი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტზე გადის.
თუ ეს შეხედულება სწორია, მაშინ, სამოქალაქო საზოგადოების პირობებში, ადამიანი არა მხოლოდ ხელისუფლებისათვის, არამედ ხელისუფლების მიერაა შექმნილი. ის სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების მიერ შექმნილი არსება. მას საზოგადოების მიერ უზრუნველყოფილზე მეტის მოთხოვნის უფლება არ უნდა ჰქონდეს. მისი ბუნებითი მდგომარეობა და ბუნებითი უფლებები სრულად უარყოფილია. „მხედველობაში მაქვს სამოქალაქო, სოციალური ადამიანი და სხვა არავინ“ აღნიშნავს ბატონი ბერკი.
თუ ეს შეხედულება სწორია, მაშინ რატომ არ უნდა მივემხროთ იმ პოლიტიკური კრედოს შემდეგ პუნქტებს, რომელსაც ბატონი ბერკი გვთავაზობს.
„რევოლუციის დროს ჩვენ გვსურდა და ახლაც გვსურს, რომ ის, რასაც ვფლობდით, ჩვენი წინაპრებისაგან მიღებული მემკვიდრეობის სახით წარმოგვეჩინა. ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ იმისათვის, რათა მემკვიდრეობის ამ ხეზე სხვა უცხო მცენარე არ დაგვემყნო. ყველა იმ გარდაქმნას, რომელიც აქამდე განვახორციელეთ, ანტიკურობასთან მიმართების პრინციპი ედო საფუძვლად. იმედი მაქვს, უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი, რაც შემდგომში განხორციელდება, სათუთად იქნება დამყარებული ანალოგიურ პრეცენდენტზე, არგუმენტსა და მაგალითზე.“
„ჩვენი უძველესი რეფორმა თავისუფლებათა დიდი ქარტიაა. როგორც ნახავთ, სერ ედუარ ქუქი, ჩვენი კანონმდებლობის დიდებული წინასწარმეტყველი, ისევე როგორც ყველა მისი მიმდევარი დიდებული ადამიანი, ბლექსთოუნის ჩათვლით, გულმოდგინედ იკვლევს ჩვენი თავისუფლებების წარმომავლობას.“
სხვათა შორის, უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთადერთი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში, რომლის გამოც ციტირებული ბატონი ქუქის ავტორიტეტი ჩემთვისაც ცხადია, არის ის პოზიცია, რომელსაც ყველა იმთავითვე და უყოყმანოდ დათანხმდება, ვინც საერთო სამართლის ისტორიას იცნობს, კერძოდ, „თავისუფლებათა დიდი ქარტია, არსებითად, ინგლისის ძირითადი კანონების საფუძველმდებარე პრინციპების განმცხადებელი იყო“.
თუმცა, ბატონი ბერკი აგრძელებს: „ისინი იმის დამტკიცებას ესწრაფვიან, რომ თითქოს უძველესი ქარტია, კერძოდ, მეფე ჯონის თავისუფლებათა დიდი ქარტია, სხვა დოკუმენტს, მეფე ჰენრი პირველის ქარტიას უკავშირდებოდა; და რომ ერთიც და მეორეც სხვა არაფერია, თუ არა სამეფოში მოქმედი კიდევ უფრო ძველი კანონის განახლების მცდელობა. სინამდვილეში და მეტწილად ეს ავტორები მართალს ამბობენ, თუმცა, არა ყოველთვის. მაგრამ თუ იურისტები ცალკეულ საკითხებში ცდებიან, მაშინ ეს ჩემს პოზიციას კიდევ უფრო ამყარებს, რადგან ეს ანტიკურობისადმი იმ ძლიერი ცრურწმენის არსებობას გვიჩვენებს, რომლითაც ყოველთვის აღსავსე იყო როგორც ჩვენი იურისტების და კანონმდებლების, ასევე იმ ხალხის გონება, რომელზეც ზეგავლენის მოხდენა სურდათ. ეს, აგრეთვე, გვიჩვენებს ამ სამეფოს უცვლელ პოლიტიკას, რომელიც მათ ყველაზე წმინდა უფლებებსა და პრივილეგიებს მემკვიდრეობით მიღებულად განიხილავდა“.
მიზანშეწონილია, რომ აქ ცოტა ხნით შევჩერდეთ. თუ ჩვენი „ყველაზე წმინდა უფლებების“ საფუძველთა ძიებისას არგუმენტებისა და გააზრების იმავე გზას შეგვიძლია მივყვეთ, რომელიც სამართლიანი და ბუნებრივი იქნება დაბალი რანგის უფლებების გამოკვლევასთან მიმართებაშიც, მაშინ ჩვენ ისიც უნდა გამოვიკვლიოთ, თუ როგორ გაამყარებენ „ცალკეული შეცდომები“ ზოგადი აზრის ჩამოყალიბებას. განა ამგვარი შეცდომები, მიწის ფლობის უფლებასთან ან ოჯახის გენეალოგიასთან მიმართებაში, პირველის საფუძვლიანობის ან მეორის ძველთაძველობის დასაბუთებას შეძლებენ?
მაგრამ ბატონ ბერკს სათანადო პატივი უნდა მივაგოთ. მიზეზი, რის გამოც იგი ამბობს, რომ ამ შეცდომების დაშვება მის პოზიციას გაამყარებს, მისი აზრით, ისაა, რომ ამით „ანტიკურობის მიმართ მომძლავრებული ცრურწმენები“ დასტურდება. ამ ცრურწმენის არსებობას და მის ძლიერებას მე სადავოდ არ ვაქცევ: თუმცა დავსვამ კითხვას – განა ეს აქ დასმულ მოსაზრებას ამტკიცებს? განა ეს ინგლისის თავისუფლებათა სამოქალაქო წარმომავლობის ჭეშმარიტებასა და სისწორეს ადასტურებს? ნუთუ ლტოლვა უფლების დასტურია? ნუთუ საკუთრება ან ნებისმიერი სხვა რამ, რომელიც დავის საგნად არის ქცეული, მას უნდა მივაკუთვნოთ, ვინც მეტ სწრაფვას ავლენს მის მიმართ? იმ დავაში, რომელიც შედარებით უმნიშვნელო ობიექტს ეხება, პირი, რომელიც მასზე აცხადებს პრეტენზიას და რომელიც საკუთარ პრეტენზიას ასაბუთებს, რომ ეს მართლაც მისია, ხოლო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტიდან კი ასკვნის, რომ გარკვეული შეცდომები იქნა დაშვებული, ბოლომდე უნდა მიჰყვეს საქმეს და თვით ეს შეცდომებიც კი თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს, რადგან მისი დაჟინებული მოთხოვნა, მიუხედავად ამ შეცდომებისა, აჩვენებს მის ძლიერ დამოკიდებულებას სადავო საკითხის მიმართ. მაშინ რას იფიქრებდნენ გამჭრიახი სასამართლო და მიუკერძოებელი მსაჯულები ამის თაობაზე? ჩემი აზრით, ისინი იფიქრებდნენ, რომ ეს არავითარ კომპლიმენტს არ გულისხმობს მათ მიუკერძოებლობასა და გამჭრიახობასთან მიმართებაში.
ახლა უკვე ვყოყმანობ, დავეთანხმოთ თუ არა ბატონი ბერკის პოლიტიკურ კრედოს. თუმცა, განვაგრძოთ ჩვენი მსჯელობა და მისი სხვა პუნქტები განვიხილოთ.
ზოგიერთი იმდენად გაბედულია, რომ აცხადებს, ბრიტანეთის მეფეს ტახტი „ხალხის არჩევანის“ საფუძველზე უჭირავსო. ეს მოძღვრება, ამბობს ბატონი ბერკი, „ყველაზე უსაფუძვლო, სახიფათო, უკანონო და არაკონსტიტუციურ პოზიციას ადასტურებს.“ „არაფერია უფრო მცდარი, ვიდრე იმის თქმა, რომ ამ სამეფოს ტახტი მის უდიდებულესობას სწორედ ამგვარად უპყრია.“ იმისათვის რომ ის მტკიცება გააქარწყლოს, რომლის თანახმად „დიდი ბრიტანეთის მეფეს ტახტი ხალხის ნებით უჭირავს“, ბატონი ბერკი იმ უფლებათა დეკლარაციას იშველიებს, რომელიც მეფე უილიამისა და დედოფალ მერის ტახტზე ასვლისას იქნა მიღებული. ბატონი ბერკი ამბობს, რომ „ეს უფლებათა დეკლარაცია ჩვენი კონსტიტუციის ქვაკუთხედია. ის მძლავრი, კარგად განმარტებული და განვითარებულია და თავის ძირითად პრინციპებში სამარადჟამოდ არის გამყარებული. მისი სახელწოდებაა „აქტი ქვეშევრდომის უფლებებისა და თავისუფლებების დეკლარაციის და სამეფო ტახტზე მემკვიდრეობითობის პრინციპის დაწესების შესახებ“. ეს უფლებები და ტახტის მემკვიდრეობითობის პრინციპი ერთ მთლიანობადაა გამოცხადებული და მტკიცედ არის შეკავშირებული.“ იგი, ასევე, ამატებს: „საინტერესოა, როგორ ხერხდება მემკვიდრეობითობის ხაზში უწყვეტობის პრინციპთან დაკავშირებული დროებითი გადაწყვეტილების მიღება“, რადგან შეუძლებელია, ბატონ ბერკს არ აღენიშნა, რომ ამ ხაზიდან დროებითი გადახვევა მოხდა. „საინტერესოა, თუ როგორ ახერხებენ უწყვეტობის პრინციპთან დაკავშირებული ამ დროებითი გადაწყვეტილების მიჩქმალვას, რადგან ყველაფერი, რაც გვხვდება ამ აუცილებელ აქტში და რაც მხარს უჭერს მემკვიდრეობითობის პრინციპს, მაქსიმალურად მხარდაჭერილია საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ.“ იგი აგრძელებს: „საკანონმდებლო ორგანომ აშკარად განიხილა ელიზაბეთ პირველის და ჯეიმს პირველის აღიარების აქტები. ორივე აქტში მძლავრად იყო გამოკვეთილი სამეფო ტახტის მემკვიდრეობითი ბუნება. მრავალ ნაწილში ისინი თითქმის სიტყვასიტყვით ემთხვეოდა იმ შინაარსსა და თვით ფორმასაც კი, რომლებიც უძველეს დეკლარაციულ სტატუტებში არის მოცემული.“ „ისინი ყველაზე საზეიმო ფიცს დებენ, რომელიც დედოფალ ელიზაბეთის აქტიდან აიღეს. ეს ყველაზე უფრო საზეიმო ფიცია მემკვიდრეობითობის პრინციპის სასარგებლოდ, რომელიც ოდესმე დაუდიათ ან მომავალში დადებენ. სასულიერო და საერო მეუფენი, ისევე როგორც თემთა პალატა, ზემოხსენებული ხალხის სახელით, მოწიწებით და ერთგულებით სამუდამო მორჩილებას აღუთქვამენ თავიანთი მემკვიდრეებითა და შთამომავლებით და გულითად პირობას დებენ, რომ მხარში ამოუდგებიან და მთელი თავიანთი ძალებით დაიცავენ მათ უდიდებულესობებს და სამეფო ძალაუფლების შეზღუდვის კანონს, როგორც ეს ამ დოკუმენტში არის განსაზღვრული და დადგენილი.“
ზემოთ აღვნიშნე, რომ ტირანია ზოგჯერ ერთგვაროვანია თავის პრინციპებში. მე ის სათანადოდ შევაფასე. ის ყოველთვის არ არის ერთგვაროვანი. ხოლო ჭეშმარიტების, თავისუფლებისა და სიქველის შემთხვევაში მუდმივი თანმიმდევრულობა აუცილებელი პირობაა.
მოდით, დროებით მივიღოთ ბატონი ბერკის მიერ შემოთავაზებული დებულება. მასთან მიმართებაში მიჩნდება შეკითხვა: თუ ელიზაბეთის დროს, ხალხის სახელით, პარლამენტის თავმდაბლური და ერთგული მორჩილება საკმარისი იყო იმისათვის, რომ თავიანთი, ისევე როგორც თავიანთი მემკვიდრეებისა და შთამომავლების მდგომარეობა სამუდამოდ დაეკავშირებინათ მემკვიდრებითობის პრინციპისთვის; მაშინ როგორ მოხდა, რომ უილიამისა და მერის დროს პარლამენტი, მთელი ხალხის სახელით, მართალი იყო იმ ფონზე, როდესაც მან, თუნდაც მცირედით, მემკვიდრეობითობის ხაზის პრინციპს გადაუხვია? კიდევ ერთხელ ვკითხულობ: თუ ხალხის სახელით პარლამენტის თავმდაბლური და ერთგული მორჩილება მეთექვსმეტე საუკუნეში არასაკმარისი იყო იმისათვის, რათა მეჩვიდმეტე საუკუნეში მათი მემკვიდრეები და შთამომავლობა ერთმანეთთან დაკავშირებულიყო, მაშინ როგორ მოხდა, რომ მეჩვიდმეტე საუკუნეში ხალხის სახელით პარლამენტის თავმდაბალი და ერთგული მორჩილება საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მეთვრამეტე საუკუნეში მათი მემკვიდრეები და შთამომავლობა ერთმანეთს დაკავშირებოდა? ამ დამაკავშირებელი მიზნისთვის ასეთი მორჩილება ან საკმარისი უნდა ყოფილიყო, ან არასაკმარისი. დაე, ამ მოძღვრების მიმდევრებმა, რომლებიც ამ დილემის წინაშე დგანან, არჩევანი ამ ალატერნატივებს შორის გააკეთონ.
ახლა უკვე აღარ ვყოყმანობ, უნდა მივსდიოთ თუ არა ბატონი ბერკის მრწამსს. ეს მრწამსი, რომელიც საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, ვერ იქნება საიმედო და ჭეშმარიტი ყველა ნაწილში.
სიმართლე რომ ვთქვა, ამის დასაბუთებით თავი არ უნდა შემეწუხებინა, არც თქვენ უნდა შემეწუხებინეთ ამ შენიშვნების მოსმენით, ამ მრწამსს მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდა „ინგლისის კანონთა კომენტარებისაგან“. ამ კომენტარებში არსებული პრინციპები უმნიშვნელო საკითხებს ნამდვილად არ ეხება: როგორც უკვე აღვნიშნე, „თუ ისინი მისაბაძი არ არიან, მაინც შესანიშნავ მასალებს გვაწვდიან შედარებისთვის.“
ჩემი მოკრძალებული აზრით, ხელისუფლება იმისათვის უნდა შეიქმნას, რათა მისი წევრების ბუნებითი უფლებები დაიცვას და განავრცოს. თუ ეს არ წარმოადგენს ხელისუფლების უმთავრეს მიზანს, მაშინ ასეთი ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური.
ეს უფლებები ადამიანის ბუნებითი მდგომარეობიდან იღებენ სათავეს; იმგვარი მდგომარეობიდან, რომელშიც ის აღმოჩნდებოდა სამოქალაქო ხელისუფლების არარსებობის პირობებში. ასეთ ვითარებაში, ადამიანი, გარკვეულწილად, არ არის სხვებთან მიმართებაში; სხვა მხრივ, მას მხოლოდ ზოგიერთთან აქვს განსაკუთრებული მიმართება; დანარჩენ შემთხვევებში, მას ზოგადი მიმართება აქვს ყველასთან. მიმართებათა ამ სამი ტიპის საფუძველზე ყალიბდება უფლებათა სამი ტიპი.მუფლებათა თითოეულ ჯგუფს მოვალეობათა კონკრეტული ჯგუფი შეესატყვისება. ამ დაკვირვების და მისი დემონსტრირების შესაძლებლობა მაშინ გვქონდა, როდესაც ბუნებით სამართლის ძირითად პრინციპებს განვიხილავდით.
უმიმართებო მდგომარეობაში ადამიანს საკუთრების, პიროვნების, თავისუფლების და უსაფრთხოების ბუნებითი უფლება აქვს. მისი განსაკუთრებული მიმართებებიდან, როგორც ქმარს, მამას და შვილს, მას განსაკუთრებული უფლებები აქვს მინიჭებული და განსაკუთრებული მოვალეობების შესრულება აქვს დაკისრებული. ისინი დადგენილი წესით განისაზღვრება. ზოგადი მიმართებებიდან მას სხვა უფლებები აქვს მინიჭებული, რომლებიც თავიანთი არსით მარტივია, ხოლო მოქმედებაში – ნაყოფიერი და ფართოა. მისი მოვალეობები, თავიანთი არსითა და მოქმედებით, ისევე შეიძლება დახასიათდეს, როგორც მისი უფლებები. აამ ზოგად ურთიერთობებში, მისი უფლებებია: იყოს ხელყოფისგან თავისუფალი და მის მიმართ შესრულდეს ის ვალდებულებები, რომლებიც სხვებმა აიღეს. მისი მოვალეობაა: არ მიაყენოს სხვებს ზიანი და შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც მან თავად იკისრა. ძირითადად და დიდწილად ამ ორ დედაბოძს ეყრდნობა სახელმწიფო სამართლის სისხლისა და სამოქალაქო სამართლის კოდექსები. ისინი სამართლიანობის საყრდენებს ქმნიან.
ქველმოქმედებასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები იშვიათადაა სახელმწიფო სამართლის ობიექტები. როდესაც ეს ასეა, მაშინ ისინი სასიამოვნო და დამსახურებულ ყურადღებას იპყრობენ.
თქვენ ახლა მოისმენთ ჩემი ლექციების სისტემის მომდევნო ნაწილის დაყოფის მოკლე, მარტივ და ცხად გეგმას. ასეთი მოკლე, მარტივი და ცხადი განაწილებიდან თქვენ დაინახავთ ახლო და ძალზე საინტერესო კავშირს სამოქალაქო და ბუნებით სამართალს შორის. თქვენ ნახავთ, ლორდ ბეკონის სიტყვებს რომ დავესესხოთ, თუ როგორ მოედინება სამოქალაქო ინსტიტუტების ნაკადულები სამართლიანობის შადრევნიდან.
თავდაპირველად ვაჩვენებ, რომ ადამიანს ბუნებითი უფლება აქვს თავის საკუთრებაზე, ხასიათზე, თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე.
იმედი მაქვს, ნებას დამრთავთ, რომ საკუთრების ბუნებითი უფლება თავისთავად მოაზრებულ პრინციპად განვიხილო. მამას იმიტომ ვაკეთებ, რომ არ მსურს ახლა ვიწინასწარმეტყველო ის, რასაც მოგვიანებით გამცნობთ, მაშინ როდესაც ეს უფრო დროული და ხელსაყრელი იქნება, ე. ი. მაშინ, როდესაც ჩემი ლექციის მეორე დიდ ნაწილზე გადავალ, სადაც აღნიშნულ საკითხებს განვიხილავ.
საკუთარ ხასიათზე ყველას აქვს ბუნებითი უფლება. ვფიქრობ, რომ ადამიანის ხასიათი შეიძლება აღვწეროთ როგორც იმ შეხედულებათა ზუსტი შედეგი, რომლებიც უნდა ჩამოყალიბდეს მისი ნიჭის, გრძნობებისა და საქციელის გათვალისწინებით. შეხედულებები ამ საკითხთან მიმართებაში, ისევე როგორც სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჭეშმარიტებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. სამართლიანობა, ისევე როგორც ჭეშმარიტება, პიროვნების ხასიათთან მიმართებაში, შეხედულების სიზუსტესა და მიუკერძოებლობას მოითხოვს.
ხასიათი, გარკვეულწილად, საკუთრების ნაირსახეობად შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ როგორც ყველაზე უახლოესი, უძვირფასესი და ყველაზე საინტერესო. სწორედ ამ ფონზე განიხილავს მას ბუნების პოეტი:
საუნჯეა ჩვენთვის სახელი,
როცა ის არის უზადო და შეულახველი.
მე თუ ვინმე ქისასა მპარავს,
მპარავს უბრალო მცირე საგანს, არად ჩასაგდებს,
რაც იყო ჩემი დღეს მისია, კვლავ ბევრის სხვისა.
მაგრამ ვინც კი ჩემს კეთილ სახელს გამომასალმებს,
ამ წანართმევით თუმც არ იძენს არაფერს თვითონ,
მე მხდის ღატაკსა.
იმავე ნიჭისა და სიქველის ძალისხმევით, ხშირად როგორც საკუთრების, ისე ხასიათის მოპოვებაც შეიძლება, ხოლო მანკიერებისა და სიზარმაცის წყალობით ორივე მათგანის დაკარგვა ან სულაც მოსპობაა შესაძლებელი.
რეპუტაციის სიყვარული და მისი შერცხვენის შიში ჩვენი არსებობის ყოვლადმოწყალე შემოქმედის მიერ თითოეული ჩვენგანის გულშია აღბეჭდილი, ყველაზე კეთილგონივრული და ბრძნული მიზეზების გამო. დაე, ეს პრინციპები სუსტ და ამაო მიდრეკილებათა ზრდად ნუ ჩაითვლება. ისინი ხომ ყველაზე ძლიერ და, თქვენის ნებართვით დავამატებდი, ყველაზე მოკრძალებულ გონებაში იფურჩქნებიან. ზეციური ბედნიერების შესახებ შეუმცდარი აღწერის ერთ-ერთი ნაწილი გვეუბნება, რომ ის „დიდი სიხარულით არის აღსავსე“.
თუ ეს ასეა, მაშინ ხასიათი ადამიანის ერთ-ერთ ბუნებით უფლებად შეიძლება განვიხილოთ. ის, შესაძლოა, იმგვარ უფლებებთან დაჯგუფდეს, რომელთა დაცვა და განვრცობა კარგი ხელისუფლებისა და კანონების საქმეა. ის სწორედ მათ მხარდაჭერას და მათი მხრიდან დაცვას იმსახურებს; რადგან თავის მხრივ, ის ხელს უწყობს მათ ფუნქციონირებას და ავსებს მათ ნაკლოვანებებს.
ზემოთ აღვნიშნე, რომ ქველმოქმედებასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები იშვიათად წარმოადგენს სახელმწიფო სამართლის ობიექტებს. ეს შენიშვნა სხვა მრავალი სახის უფლებებსა და მოვალეობებზეც შეიძლება გავრცელდეს. მრავალ სიქველეს სამართლებრივი ჯილდო არ ენიჭება და ვერც მიენიჭება, ხოლო სამართლებრივი დაუსჯელობით მრავალი ბიწიერება გაურბის და მომავალშიც გაექცევა პასუხისმგებლობას. ღირსების სასამართლოს წინაშე განსჯადია ის ღირსებები, გრძნობები და ქმედებები, რომლებიც აბუჩად იგდებენ მართლმსაჯულების წმინდა პროცესს და რომლებიც ცდილობენ, თავი დააღწიონ სამართალდამცავთა გადაჭარბებულ სიფხიზლეს. ეს სასამართლო, რომელიც საკმაოდ მძლავრია თავის განაჩენებში და რომელსაც ფართო იურისდიქცია აქვს, წმინდა და საუცხოო დიდების გვირგვინს ადგამს სიქველეს და უნარების კეთილგონივრულ გამოვლინებას; ხოლო მანკიერებასა და სიზარმაცეს, რომელიც თავისი სისაძაგლით მხოლოდ მანკიერებას ჩამორჩება, სირცხვილის, უნამუსობის და დრომოჭმულობის სამარცხვინო დამღით აღბეჭდავს. შესაბამისად, ამ სასამართლომ, ისეთი ხელისუფლების პირობებში, რომლის პრინციპიც სიქველეა და სადაც მანკიერება უბედურებად ითვლება, ყველა ინსტიტუტისაგან სამართლიანად უნდა დაიმსახუროს კეთილგანწყობა და პატივისცემა.
ზოგიერთი მწერალი, რომელიც გამოირჩევა თავისი ლიბერალური და ვაჟკაცური პრინციპებით, მიიჩნევს, რომ ღირსება გამორჩეულად ახასიათებს მონარქიულ ხელისუფლებებს. მარკიზ ბეკარიას მიხედვით, „უკიდურეს პოლიტიკურ თავისუფლებაში და აბსოლუტურ დესპოტიზმში ღირსების ყოველგვარი ცნება ქრება ან სხვა ცნებებში ირევა. პირველ შემთხვევაში, რეპუტაცია უსარგებლო ხდება კანონების დესპოტურობის გამო; ხოლო მეორე შემთხვევაში, ერთი კაცის დესპოტიზმი აბათილებს სამოქალაქო ყოფას და დანარჩენი ადამიანების არსებობას მყიფე, წარმავალ ხასიათს ანიჭებს. ღირსება იმ მონარქიების ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპად იქცევა ხოლმე, რომლებიც, თავის არსით, შეზღუდული დესპოტიებია; ხოლო მათში, დესპოტურ სახელმწიფოებში რევოლუციების მსგავსად, მყისიერად ხდება დაბრუნება ბუნებით მდგომარეობასა და თავდაპირველ თანასწორობასთან.“
თვით განათლებულ მწერლებშიც კი ერთობ გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ ხელისუფლება თანასწორობასა და ბუნებითობას ანადგურებს! ნუთუ ეს აუცილებლად ასეა? არამც და არამც. ამას თავდაჯერებული ვამბობ, რადგან იმ პრინციპს ვემყარები, რომელსაც ფაქტი განამტკიცებს. თავიდან ბოლომდე განვიხილოთ შეერთებული შტატების კონსტიტუცია, ისევე, როგორც პენსილვანიის კონსტიტუცია. აქ არავითარ ისეთ უფლებას არ ანიჭებენ, არავითარ ვალდებულებას არ აკისრებენ, რომელიც, იმავდროულად, სახელმწიფოს ან კავშირის თითოეული მოქალაქისთვის არ არის მინიჭებული და დაკისრებული. მთელმა სამყარომ რომც მოინდომოს, ამ შენიშვნის ჭეშმარიტებაში ერთ გამონაკლისსაც ვერ ნახავენ. ჩემი ლექციების წინა ნაწილში ვაჩვენე, რომ ადამიანთა მოდგმის ბუნებითი თანასწორობა, როგორც უფლებებში, ასევე მოვალეობებში თანასწორობას გულისხმობს.
ის, რომ ღირსება მონარქიული ხელისუფლების პრინციპია, სახელგანთქმული მონტესკიეს ცნობილი მოძღვრებაა. განვიხილოთ იმ ღირსების ბუნება და თვისებები, რომელსაც იგი აღგვიწერს. ეს იმგვარი ღირსებაა, რომელსაც პატიოსნების გარეშე არსებობა შეუძლია. იგი ცხადად ამბობს, რომ კარგად მართულ მონარქიაში პატიოსანი ადამიანი ძალიან ცოტაა. ეს სწორედ ის ღირსებაა, რომელიც არც მლიქვნელობას კრძალავს, არც ცბიერებას და არც ეშმაკობას. ეს ის ღირსებაა, რომელიც ქმედებებს მათი ავკარგიანობის მიხედვით კი არ განსჯის, არამედ მათი თვალშისაცემობის მიხედვით; რომელიც სამართლიანობას კი არ აფასებს, არამედ პომპეზურობას და გონივრულს უჩვეულოს ამჯობინებს. ერთი სიტყვით, ეს ის ღირსებაა, რომელიც ისეთ სახეს აძლვეს სიქველეებს, როგორც ეს მას აწყობს. ის საკუთარი ახირებული გემოვნების მიხედვით ზღუდავს ან აფართოებს ჩვენს მოვალეობებს. ამგვარი ღირსებისათვის მნიშვნელოვანია მუსაიფში მიღწეული ჭეშმარიტება: მაგრამ განა ეს ჭეშმარიტების გამო ხდება? არავითარ შემთხვევაში.
ამგვარი ღირსების ფლობისათვის – რომელიც ბიწიერია მოქმედებაში, ხოლო როდესაც მართლია მოქმედებაში, ბიწიერია თავის პრინციპში – ჩემი აზრით, რესპუბლიკური ხელისუფლება არავის შეეჯიბრება. მაგრამ ისეთი ღირსებისათვის, რომელიც განუყრელადაა დაკავშირებული სიქველესთან, რესპუბლიკური ხელისუფლება ყველაზე მართებულ სახელწოდებას გვთავაზობს. სიქველის პირნციპი სწორედ მას ეკუთვნის და თუ ის სიქველეს ფლობს, მაშინ ღირსებასაც ფლობს. მოხიბლული ვარ ამ შესანიშნავი მორალური და პოლიტიკური სწავლებით, ისევე როგორც იმ დახვეწილი არქიტექტურული გემოვნებით, რომელსაც სამართლიანად ჩამოყალიბებული სტრუქტურა წარმოგვიჩენს, რომელშიც ღირსების ტაძარში მოხვედრა სიქველის ტაძრის გავლითაა შესაძლებელი.
ამ მხრივ, ხასიათის ღირსება იმგვარი საკუთრებაა, რომელიც მართლაც რომ ძვირფასი რამეა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ თვალსაზრისით, ეს იმგვარი საკუთრებაა, რომელიც უნდა ვიყიდოთ. პრეტენზია რეპუტაციაზე, რომელსაც არ ვიმსახურებთ, ისეთივე აბსურდული, თუმცა არც ისე უსინდისო საქციელია, როგორც ის, რომ პრეტენზიას ვაცხადებდეთ იმ საკუთრებაზე, რომელიც არ გვეკუთვნის. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ პირველ შემთხვევაში ჩვენ იმაზე ვაცხადებთ პრეტენზიას, რაც სხვას ეკუთვნის, ხოლო მეორე შემთხვევაში – მხოლოდ იმაზე, რაც ჩვენ არ გვეკუთვნის. თუმცა, ორივე შემთხვევაში, ეს პრეტენზია დაუსაბუთებელია.
თუკი სხვას იმ რეპუტაციით დავაჯილდოვებთ, რომელსაც ის არ იმსახურებს, ეს ისეთივე გადამეტება და უმეტეს შემთხვევაში უფრო დიდი უსამართლობა იქნებოდა, ვიდრე ის, რომ მას ის საკუთრება ვუბოძოთ, რომლის ფლობის უფლებაც მას არ გააჩნია არც სამართლიანობის, არც ქველმოქმედების და არც გულუხვობის საფუძველზე. რადგან ეს ისეთივე გადამეტებაა, მას უფრო მეტად უნდა ვუფრთხოდეთ. უკანასკნელ შემთხვევაში ჩვენ სხვას ვანიჭებთ იმას, რაც ჩვენია და, ამდენად, სიფრთხილე გვმართებს; პირველ შემთხვევაში ჩვენ უყურადღებონი გამოვდივართ, რადგან, რასაც სხვას ვანიჭებთ, ჩვენ არ გვეკუთვნის. განურჩეველი ქება ისეთი აუტანელი არაა, მაგრამ ისეთივე უსარგებლო და სახიფათოა, როგორც განურჩეველი გაკიცხვა. ერთ კონკრეტულ და მნიშვნელოვან ნაწილში ისინი ზუსტად ემთხვევიან ერთმანეთს. მათ თანაბარი მიდრეკილება აქვთ, გაანადგურონ და უსარგებლოდ აქციონ კარგსა და ცუდს, მოსაწონსა და გასაკიცხს, სიქველესა და მანკიერებას შორის არსებული გასნხვავება.
თუკი გაუმართლებელია რეპუტაციის ბოძება მისთვის, ვისაც ის არ ეკუთვნის, მაშინ რა ეპითეტი უნდა მივუყენოთ იმ საქციელს, პატიოსნების გვირგვინს რომ ართმევს ტაძრებს, რომელთაც ის საქებრად დაადგეს თავზე? თვით ძარცვაც კი არ მოედინება იმ შადრევნიდან, რომელიც ესოდენ მწარედ მოწამლეს და რომელიც ავი ცილისწამების შხეფებს ისვრის.
რეპუტაციის საკითხი კიდევ ერთხელ მიიპყრობს თქვენს ყურადღებას, როდესაც მე ცილისწამების, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და მათი გამოვლინებების სამართლებრივი დევნის საკითხს შევეხები. ორივე მათგანი პიროვნების გაუმართლებელ აგრესიას გულისხმობს. ის რასაც ახლა ვიტყვი, საკმარისია იმ საერთო პრინციპებზე მისათითებლად, რომლებსაც ეს ღონისძიებები და დევნა უნდა დაეფუძნოს და დაემყაროს.
საკუთრება ხშირად, ხოლო რეპუტაცია კი ყოველთვის უნდა იყიდო: თავისუფლება და სიცოცხლე ზეცის უსასყიდლო წყალობაა.
ის, რომ ადამიანი ბუნებით თავისუფალია, წინა ლექციებზე იქნა დადგენილი. მე აღარ გავიმეორებ იქ წამოყენებულ არგუმენტებს.
მე აღარ მოვიყვან ფორმალურ არგუმენტებს იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ სიცოცხლე და ყოველივე ის, რაც უსაფრთხო ცხოვრებისათვის არის საჭირო, ადამიანის ბუნებითი უფლებებია. ზოგიერთი რამ ისეთი რთულია, ზოგიერთი რამ კი – ისეთი ადვილი, რომ მათი დამტკიცება შეუძლებელია. ჩვენი მიზნისათვის უმჯობესი იქნება, თუკი იმ მისწრაფებას ვაჩვენებთ, რომლითაც ზოგიერთი სამართლებრივი სისტემა ადამიანის სიცოცხლეს ინდობს და ინარჩუნებს; ხოლო სხვები, თავიანთი თავქარიანობის და სისასტიკის მეშვეობით, მას ანადგურებენ და სპობენ; ისევე, როგორც იმ შეუსაბამობას, რომლის დროსაც, ზოგიერთი სამართლებრივი სისტემის შემთხვევაში, ხან სიცოცხლის თვითნებური მსხვერპლშეწირვა ხდება, ხანაც მისი დაცვა რელიგიური მოტივების საფუძველზე.
სპარტაში ყველაზე ძვირფასი მოქალაქის სიცოცხლე იყო. თუმცა, თუ ახლადდაბადებული ჩვილი გასინჯვისას ავადმყოფი ან არაჯანსაღი აღმოჩნდებოდა, ყოველგვარი შემდგომი ცერემონიების გარეშე, მას ტაიგეტუსის მთის მახლობლად ხევში აგდებდნენ. ბატონი პოუპის და ინგლისის საბედნიეროდ, რომელიც ბატონი პოუპით ამაყობს, იგი ტაიგეტუსის მთის მახლობლად არ დაბადებულა.
ათენში მშობელი უფლებამოსილი იყო, შვილის დაბადებისას მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გადაეწყვიტა. ჩვილს მშობლის ფერხთით დებდნენ: თუ მშობელი მას ხელში აიყვანდა, ეს იმის საამური ნიშანი იყო, რომ ყრმა იცოცხლებდა; ხოლო თუ მშობელი საკუთარ ნაყოფს თანაგრძნობის თვალით არ შეხედავდა, მაშინ მას მოიცილებდნენ. თითქმის მთელ საბერძნეთში ამგვარი ბარბაროსობა დაშვებული და მიღებული იყო.
ჩინეთში ახლადდაბადებული ბავშვის მიტოვების პრაქტიკა უხსოვრი დროიდან იღებს სათავეს და დღემდე გრძელდება. რადგან ამ იმპერიის ინსტიტუტები არასოდეს შეცვლილა, ეს მდგომარეობაც არასოდეს გამოსწორებულა.
გერმანელთა სასახელოდ ტაციტუსი აღწერს, რომ მათში ჩვილის მკვლელობა ყველაზე საძაგელ დანაშაულად ითვლებოდა. მათში, ამატებს იგი, კარგ ქცევას უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე სხვა ერებში თუნდაც კარგ კანონებს. ეს გვიჩვენებს, რომ ტაციტუსის დროს, ეს არაბუნებრივი პრაქტიკა კანონით შეიზღუდა, თუმცა ეს უკანასკნელი ისე იყო ფესვგადგმული, რომ ეს შეზღუდვები არ ამოქმედდა.
რომის რესპუბლიკაში, რომის არც ერთი მოქალაქე კანონის ძალით სიკვდილით არ დაისჯებოდა. მაგრამ რომში შვილი მამის ნება-სურვილის მიხედვით ინარჩუნებდა სიცოცხლეს. ფორმუში, სენატში ან ბანაკში რომაელი მოქალაქის ზრდასრული ვაჟი პიროვნების საჯარო და კერძო უფლებებით სარგებლობდა, თავის მამის სახლში კი უბრალო ნივთივით იყო. კანონები მას საქონელთან ათანაბრებდა, რომლის გასხვისება ან მოკვლა ახირებულ მეპატრონეს იმგვარად შეეძლო, რომ დედამიწის ზურგზე არანაირი მართლმსაჯულების წინაშე არ მოუწევდა წარდგომა.
უწყინარი ინდუსი საქებარ სიძულვილს იჩენს სისხლისღვრის მიმართ, თუმცა მას თავისი დიდი ხნის მეგობარი ან კეთილისმყოფელი განგის ნაპირებზე სასიკვდილოდ მიჰყავს.
საერთო სამართალი ადამიანის მშვენიერ და უცვლელ ცხოვრებას თავიდან ბოლომდე იცავს. სამართლებრივი თვალსაზრისით, სიცოცხლე მაშინ იწყება, როდესაც ჩვილი მუცელში მოძრაობას იწყებს. კანონით სიცოცხლე არა მხოლოდ პირდაპირი ხელყოფისგანაა დაცული, არამედ ყოველგვარი ხარისხის ძალადობისგანაც, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში – ყოველგვარი ხარისხის საფრთხისგანაც.
მზურნველობის ხარისხი, რომელსაც კანონი სიცოცხლის საკითხში იჩენს, ყველაზე ნათლად არის აღნიშნული სხვადასხვა სახის ძალადობის იმ გრძელი და მწყობრი სიით, რომელსაც ის აღნუსხავს და აღწერს – მუქარა, თავდასხმა, ცემა, დაჭრა, არეულობა, მკვლელობა. თუ როგორ შეიძლება ამ სხვადახვა ხარისხის დანაშაულის გამართლება, მიტევება, შემსუბუქება, დამძიმება, გამოსწორება და დასჯა, ეს ჩვენი სამოქალაქო სამართლის სისიხლის და სამოქალაქო კოდექსებში არის აღწერილი.
ზემოთ განვიხილე ადამიანის ბუნებითი უფლებები მის უმიმართებო მდგომარეობაში. ახლა იმ განსაკუთრებულ მიმართებებს განვსაზღვრავ და განვიხილავ, რომელთა მეშვეობით ადამიანს განსაკუთრებული უფლებები აქვს მინიჭებული და განსაკუთრებული ვალდებულები აქვს დაკისრებული.
დავიწყებ ქორწინებაზე საუბრით, რომელიც ქმარსა და ცოლს შორის ახლო ურთიერთობებს აყალიბებს.
თუ საღად განვსჯით ან ისტორიიდან ჩვენამდე მოღწეულ საუკეთესო ცნობებს დავეყრდნობით, ან იმ უეჭველ სიბრძნეს მოვისმენთ, რომელიც წმინდა წერილშია გადმოცემული, მაშინ ვნახავთ, რომ საზოგადოების ჭეშმარიტი საწყისები ქორწინების ინსტიტუტში უნდა ვეძიოთ.აამავე ინსტიტუტმა დააგვირგვინა სამოთხის ნეტარება; ხოლო იქედან გამოძევების შემდეგ, ადამიანთა მოდგომა სწორედ ქორწინების ინსტიტუტისადმი არის დავალებული იმ მშვიდობისა და ჰარმონიისთვის, რომელიც მათ შორის გავრცელდა. „პირველი კავშირი მხოლოდ ქორწინებაშია“ – ამბობს ციცერონი თავის ნაშრომში „მოვალეობათა შესახებ“, რომელიც ადამიანის ცნობიერებასა და გულს მიაგებს პატივს.
ყოველი ქვეყნის ყველაზე ძველი ტრადიციები თავიანთ პირველ კანონმდებლებსა და დამფუძნებლებს მიაწერენ ქალსა და მამაკაცს შორის არსებული კავშირების მოწესრიგებას. ჩინელებს შორის ქორწინების შემოღების პატივს მათ პირველ ხელმწიფეს, ფუ-ჰის მიაკუთვნებენ. გადმოცემის თანახმად, იმისათვის, რომ საზოგადოების ეს დიდი საფუძველი საპატიო საქმედ ექცია, მან ის ცერემონიები შემოიღო, რომელიც ქორწინების თანამდევია.
როგორც მოგვითხრობენ ეგვიპტელებს შორის ქორწინების კანონი პირველმა მენესმა შემოიღო, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, მათი პირველი მეფე იყო. აბრაამის ამბავი ნათელი მაგალითია იმ ღრმა პატივისცემისა, რომელიც მის დროს ეგვიპტეში არსებობდა ცოლ-ქმრული კავშირის მიმართ.
ჩვენ ავღნიშნეთ კეკროპსიც, როგორც ათენელთა პირველი დიდი კანონმდებელი, რომელმაც ეს ინსტიტუტები ეგვიტელებისაგან შემოიტანა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეგვიპტის მსგავსად, მან ათენში ქორწინების კანონი დააწესა და შესაბამისი ცერემონიები დადგინა. მრავალცოლიანობა არ იყო ნებადართული. ეს წესები სიქველისა და ტკბობის წყაროდ არის აღწერილი. მათ უკეთ წარმოაჩინეს წესიერების უპირატესობა, თავმდაბლობის ხიბლი, სიყვარულის ბედნიერება და მუდმივი სიყვარულის აუცილებლობა.
რომის დამაარსებელმა ქორწინებასთან დაკავშირებით კანონი შემოიღო, რომელიც, მრავალი თვალსაზრისით, ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ის ასე ჟღერს: „დაე, ყოველმა ცოლმა, რომელიც, ქორწინების წმინდა კანონის თანახმად, ქმრის ხელში აღმოჩნდება, მასთან ერთად გაიზიაროს ყოველგვარი სიკეთე და მსხვერპლი.“
რადგან ქორწინება თავდაპირველად იქნა შემოღებული, ბრძენი კანონმდებლები მას ყოველთვის უჭერდნენ მხარს. მოსეს კანონების თანახმად, მამაკაცი, ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, სახელმწიფო ბეგარისა და ომში გაწვევისაგან თავისუფლდებოდა. დაახლოებით მსგავსი წესი, როგორც ვიცით, პერუელმა ინკებმაც დაამკვიდრეს. Jus trium liberorum, რომელიც ავგუსტუსის გონივრული პოლიტიკის წყალობით იქნა შემოღებული, მუდმივად ახალისებდა ქორწინებას რომში.
კანონმდებლები ამ შეხედულებებს დიდი მონდომებით ავითარებდნენ. ისინი ზრუნავდნენ, რამდენადაც ეს სამოქალაქო სამართლის ფარგლებშია შესაძლებელი, არ დაეშვათ უფლებების დარღვევა, რაც ცოლ-ქმრული კავშირის სიწმინდისა და ჰარმონიისათვის მეტად არსებითია. ღალატი, ნებისმიერი საბაბით, საკმარისია ცხოვრებისათვის ჩირქის მოსაცხებად; ქორწინების ოფიციალურ მოვალებათა წინაშე მუხანათობა, ცოლ-ქმრული ურთიერთობის ისტორიის ყველა შესაბამის ნაწილში, ანადგურებს ბედნიერების შთაბეჭდილებას. თუმცა, ვშიშობთ, რომაამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საუკეთესო გრძნობებსა და ემოციებთანაა კავშირში, ყველა სურვილი ადამიანური კანონების მოქმედებით ვერ მოწესრიგდება. უმეტესი ნაწილი იმ ჭეშმარიტ ღირსებაზეა დამოკიდებული, რომელიც ჩვენ სიქველის განუყრელ თანამგზავრად და მეგობრად აღვწერეთ. ყალბი ღირსებიდან, ამ შემთხვევაში, რაიმე შემწეობის მოლოდინი სასაცილოა. ასეთ დროს, ისევე როგორც სხვა მრავალ შემთხვევაში, სირცხვილით მოსილი ღირსების ზეიმთან გვაქვს საქმე.
ძველ გერმანელებზე საუბრისას, ტაციტუსი თავის მოკლე, მაგრამ ჩინებულ აღწერაში მათი ქცევების შესახებაც გვაუწყებს, რომ მათ შორის ქორწინება კანონების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იყო და რომ ქორწინებასთან მიმართებით მათი ქცევა ყველაზე სანიმუშო იყო.
ჩვენ განვიხილეთ ქორწინების პირველი ინსტიტუტი ათენელებსა და რომაელებში. მისი ისტორიის მოკლე მიმოხილვა სასარგებლო და საინტერესო იქნება.
გვამცნობენ, რომ საბერძნეთის გმირული ეპოქების დროს, მშვენიერების უფლებები და ქალური სისუსტე დიდ პატივისცემასა და სათუთ მოპყრობას იმსახურებდა. იმ ეპოქათა უბრალოება თანაბრად შორის იდგა როგორც ველურების სასტიკი ტირანიისაგან, რომელიც მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს მონობის უღელში აბამდა, ასევე ფუფუნებისთვის დამახასიათებელი ბინძური ეგოიზმისაგან, რომელიც ქალებს მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნების მიღების საშუალებად მიიჩნევდა. ის სულისშემძვრელი სცენები, რომელიც ჰომეროსმა ჰექტორისა და ანდრომაქეს საუბრისას ესოდენ დახვეწილად აღწერა, ქორწინების ნეტარების და სიყვარულის განსაცვიფრებელ სურათს გვიხატავენ. მაგრამ უძველესი ქცევის წესები მალე გადაგვარდა და საბერძნეთის დაღმასვლის პერიოდში მშვენიერ სქესს ისევე უგულებელყოფდნენ და ამასხარავებდნენ, როგორც გმირულ ეპოქებში უყვარდათ და აღმერთებდნენ.
იმ გადაგვარებულ დროში, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბრო, არავითარი გარჯა არ გაწეულა საიმისოდ, რომ ბერძენი ქალები, ცხოვრების რომელიმე ნაწილში მაინც, საზოგადოებისთვის მისაღებ წევრებად ექციათ. ისინი სრულიად ჩამოაშორეს განათლებას; ან კიდევ განათლება ისეთ საკითხებამდე დაიყვანეს, რომ გონების თვალსაწიერის განვითარებისა და გაფართოების ნაცვლად, განათლება მას ავიწროებდა და აკნინებდა. როგორც კი წამოიზრდებოდნენ, ქალებს მაშინვე ათხოვებდნენ ისე, რომ არც კი ეკითხებოდნენ აზრს. ახალ მდგომარეობაში მამის სასტიკ მეურვეობას ქმრის აბსოლუტური ბატონობა ანაცვლებდა. ამგვარ უღირს საქციელს იმ დროში თვით ათენის კანონებიც კი ამართლებდნენ: ქმრის ბედნიერება უფრო დიდი მნიშვნელობის მიზნად ითვლებოდა, ვიდრე ცოლის პიროვნების და ღირსების დაცვა, ქალის სიქველის მიმართ კი ერთობ უცნაური შიში არსებობდა.
ახლა ჩვენი ყურადღება რომს მივაპყროთ. როგორც გახსოვთ, რომულუსის კანონების მიხედვით, „ცოლი ქმრის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული.“ კანონი, რომელიც მთლიანობაში ერთობ მისაღები იყო უბრალო და დიდსულოვანი აგებულების გამო, მისი ამ ნაწილიდან ყველაზე გაუმართლებელი და სასტიკი კანონის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს ინტერპრეტაცია არაბუნებრივი მონაგონით იყო შეფერადებული, თითქოს ოფიციალური ქორწინებისას ქმარი მეურვეობას იღებდა ცოლზე. უფრო მეტიც, იგი მასზე უზარმაზარ რომაულ მამობრივ უფლებამოსილებებს იღებდა. ამ უკიდურესობამ, როგორც ხდება ხოლმე, თავისი საპირისპირო წარმოქმნა და ქალური მონობა ქალურ გარყვნილებად გადაიქცა. უძველესი ქორწინებების ოფიციალური ხასიათი უკუგდებული იქნა, რათა თავიდან აეცილებინათ ის უსიამოვნო შედეგები, რომლებიც კანონის აგებულებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, თავს დაატყდებოდათ. მხარეები, საკუთარი დამოუკიდებლობის და სახელის დათმობის გარეშე, საქორწინო ხელშეკრულების წინასწარ განსაზღვრულ და გათვალისწინებულ მუხლებს აწერდნენ ხელს. თანაცხოვრება და საერთო ინტერესები, რომელთა წარმოჩენასაც ისინი ცდილობდნენ, ყოველგვარი ჩაძიების გარეშე, მუდმივი და ოფიციალური ქორწინების საკმარის საბუთად იყო მიღებული. სწორედ აქედან იღებს სათავეს ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში არსებული საძაგელი მანკიერება, ორგულობა, ბრაზი, შუღლი და შურისგება, რომლითაც რომის ისტორიის მრავალი ტომი არის სავსე და შერცხვენილი.
თუმცა, ქრისტიანული მცნებებისა და ქრისტიანთა მოქმედების შედეგად, ქორწინების ღირსება აღდგა.
საერთო სამართლის გადმოსახედიდან, ქორწინება მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო ხელშეკრულებაში ვლინდება, ხოლო ამ ხელშეკრულებისთვის აუცილებლად საჭიროა მხარეების შეთანხმება, რაც ყველა გონივრული ხელშეკრულების საფუძველია. მაგრამ, თუ ერთ-ერთი მხარე შეთანხმებას ვერ აღწევს ან არ სურს შეთანხმება, ან სინამდვილეში არც შეძლებით და არც სურვილით ამ შეთანხმების დადება არ შეუძლია, მაშინ საერთო სამართლის პრინციპების მიხედვით, ქორწინება ვერ შედგება.
ხელშეკრულებითი ქორწინების უფლებაუუნარობა შესაძლოა, არასრულწლოვანმა ასაკმა გამოიწვიოს. როგორც ზემოთ ვნახეთ, კაცმა ქორწინებაზე თანხმობა თოთხმეტი წლის ასაკიდან შეიძლება განაცხადოს; ქალმა კი თორმეტი წლის ასაკიდან. თუკი ქორწინება ამ ორი დადგენილი ასაკის მიღწევამდე შედგება, მაშინ თითოეულ მხარეს შეუძლია, უფლებაუნარიანობის ასაკის შესრულებისას – მაგრამ არც ადრე, ან არც გვიან – ქორწინება გაუქმებულად გამოაცხადოს და ხელახლა დაქორწინდეს. მაგრამ თუ უფლებაუნარიანობის ასაკის შესრულებისას ისინი თანახმანი იქნებიან, თანაცხოვრება გააგრძელონ, მაშინ მათი ხელახალი ქორწინებისათვის ახალი გარემოება არ არსებობს და ის, რაც უკვე შედგა, ქორწინებად ჩაითვლება, ოღონდ არასრულფასოვან ქორწინებად. თუ ასეთი არასრულფასოვანი ქორწინების დროს, ერთი მხარე უფლებაუნარიანობის ასაკისაა, ხოლო მეორე – არა, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი ამ ასაკს მიაღწევს, პირველს, ისევე როგორც მეორეს, ქორწინებაზე უარის თქმა შეუძლია; რადგან საქორწინო ხელშეკრულებით ან ორივე უნდა იყოს შეზღუდული, ან არც ერთი.
საქორწინო ხელშეკრულების უფლებაუუნარობა, შესაძლოა გონებრივმა ჩამორჩენილობამაც გამოიწვიოს. როგორც უკვე აღინიშნა, ქორწინების დროს, ისევე, როგორც ყველა სხვა ხელშეკრულებისას, თანხმობა არსებითია. მაგრამ ისინი, ვინც გონებრივად ჩამორჩენილები არიან, თანხმობის მიცემას ვერ შეძლებენ.
პენსილვანიის კანონის თანახმად, გარკვეული დონის სისხლისმიერი კავშირის და ნათესაობის არსებობის შემთხვევაში, რომელიც ამ კანონზე თანდართულ ცხრილშია მოცემული, ის შეზღუდვები წარმოიქმნება, რომელიც საქორწინო ხელშეკრულების დადებას კრძალავს. ყველა ამგვარი ქორწინება კი ბათილად არის ცნობილი. მე მიგითითებთ თქვენ იმ ცხრილზე, რომელიც ამ დონეებს განსაზღვრავს.
თუკი ერთი ქორწინება არ არის შეწყვეტილი, მაშინ მეორე ქორწინება ვერ შედგება. ამგვარ შემთხვევაში მეორე ქორწინება ბათილი და დანაშაულებრივია.
„Consensus non concubitus facit matrimonium“, ჩვენი კანონის პრინციპია. ამდენად, ქორწინება ნებაყოფლობითობის და ხელშეკრულების დადების შესაძლებლობის შედეგი უნდა იყოს.
როდესაც ხელშეკრულების დადების სურვილს და შესაძლებლობას რეალურად დადებული ხელშეკრულება დაემატება, მაშინ ქორწინება შემდგარია.
რომის პაპის ინოკენტი მესამის ზეობამდე ეკლესიაში ქორწინება ფორმალიზებული არ იყო. მამაკაცი იმ სახლში მიდოდა, სადაც ქალი ცხოვრობდა, შემდეგ კი იგი საკუთარ სახლში მოჰყავდა. იმ დროს მთელი ცერემონია მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა.
პენსილვანიის საკანონმდებლო ორგანის მიერ მიღებული აქტის მიხედვით, ყველა ქორწინება რომელიც ღმერთის კანონით არ იკრძალება, წახალისებული უნდა იყოს. მემკვიდრეობით მიღებულ წესებში ზოგადი კანონია, რომ ყველა ის პირობა, რომელიც ქორწინების თავისუფლების წინააღმდეგ მოქმედებს, უკანონოდ ითვლება.
მართებული იქნება, თუ მომდევნო საკითხად ქორწინების შედეგებს განვიხილავთ.
ქორწინების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ისაა, რომ კანონის თანახმად, ცოლი და ქმარი ერთნი ხდებიან: ცოლის სამართლებრივი არსებობა ქმრის სამართლებრივ არსებობასთანაა გაერთიანებული. გაერთიანების ამ პრინციპზეა დამოკიდებული ქორწინების თითქმის ყველა სამართლებრივი შედეგიც. ეს ამაღლებული და დახვეწილი პრინციპი მრავალმხრივ განხილვასა და გამოკვლევას იმსახურებს. როგორც ჩანს, ადამიანურ ინსტიტუტებს შორის ის ყველაზე მეტად საერთო სამართალს ახასიათებს. რადგან ის ადამიანურ ინსტიტუტებს შორის გამორჩეულია, ის შეეფერება იმ განცხადების სულისკვეთებას, რომელიც ადამიანურზე ამაღლებული წყაროდან იღებს სათავეს, კერძოდ, „და იქნებიან ორივენი ერთ ხორც.“
ეს ყოველთვის არ იყო მთავარი პრინციპი, თვით საერთო სამართალშიც კი. სწავლული სელდენი გვამცნობს, რომ საქსონელი ცოლები არასოდეს ყოფილან ქმრებთან გაერთიანებულნი. როგორც ცოლები, ისინი არ განიხილებოდნენ, როგორც თემური პასუხისმგებლობის მქონენი. საქსონელ ცოლს ამხანაგების მეშვეობით უნდა მიეცა პირობა, რომ არაფერს დააშავებდა. იგი ქმარს ისე გადაეცემოდა, როგორც საკუთრება და არა როგორც მისი განუყრელი ნაწილი. ხოლო მისი საკუთრება მასვე რჩებოდა და არა ქმარს, რადგან თუკი ქმრის წინაშე საკუთარ მოვალეობებს ჯეროვნად არ შეასრულებდა, დანაკლისი საკუთარი ქონების ხარჯზე უნდა აენაზღაურებინა. ხოლო თუ ეს უკანასკნელი არასაკმარისი აღმოჩნდებოდა, მაშინ ქმარი ცოლის თავმდებებს უნდა დაეკმაყოფილებინათ. ცოლ-ქმრის საქმეში ამხანაგების ასეთი ჩარევა, როგორც მათი საქციელის, ისე პრეტენზიების თვალსაზრისით, ცოლ-ქმრული კავშირის სიფაქიზისა და სიახლოვისათვის უცხო უნდა იყოს. გადაუდებელი, საგანგებო ვითარებისას კანონის ჩარევა მართლაც საჭიროა და ჩვენ ვიცით, რომ ასეთ შემთხვევებში კანონი ერევა კიდეც. მაგრამ ზოგადი განზრახვა და საყოველთაო სურვილი ის უნდა იყოს, რომ ცოლსა და ქმარს შორის სურვილებსა და ინტერესებში სხვადასხვაობა არ არსებობდეს. გარდასულ საუკუნეთა მანძილზე კანონი სწორედ იმ ენით საუბრობდა, რომელიც ზემოთ აღვწერეთ. ჰენრი მესამის ზეობის დროს, ბრექთონი გვამცნობს, რომ „ქმარი და ცოლი ერთნი არიან, რადგან ისინი ერთი სისხლი და ერთი ხორცია.“ ხოლო ლითლთონი, რომლის სიტყვებიც ესოდენ დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ, არაერთგზის ამბობს, რომ „კანონის თანახმად ქმარი და ცოლი ერთნი არიან.“
ამ პრინციპს თუ მივყვებით, დანაშაულისათვის პასუხისმგებლობა, გარდა სახელმწიფო დანაშაულისა და მკვლელობისა, რომელიც ცოლმა და ქმარმა ერთად ჩაიდინეს, მხოლოდ ქმარს დაეკისრება, რადგან კანონი ივარაუდებს, რომ ცოლი ქმრის გავლენით ან ძალდატანებით მოქმედებდა. იმავე პრინციპის თანახმად, ცოლი და ქმარი ერთმანეთის მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო მოწმეებად ვერ გამოდგებიან. თუ მათ ერთმანეთის სასარგებლოდ ჩვენების მიცემის ნება მიეცემოდათ, მაშინ კანონის ის პრინციპი დაირღვეოდა, რომლის თანახმად არავინ შეიძლება იყოს მოწმე თავისივე საქმეში. ხოლო თუ მათ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემის ნება მიეცემოდათ, მაშინ კანონის კიდევ ერთი პრინციპი დაირღვეოდა, რომლის მიხედვით, არავინ არის ვალდებული, საკუთარ თავს დასდოს ბრალი.
მაგრამ, როგორც ადრე განვაცხადეთ, როდესაც გადაუდებელ, საგანგებო შემთხვევასთან გვაქვს საქმე; როდესაც საზოგადოების უსაფრთხოებასა და მშვიდობას, ისევე როგორც ქორწინების დახვეწილ კანონებს, ძალმომრეობა დაემუქრება, მაშინ კანონი თავის უფლებამოსილებას გამოიყენებს. კანონს შეუძლია ძალაუფლების განხორციელება, თუმცა, ქორწინების დასაცავად მას არ შეუძლია ბრძანებების გაცემა, რადგან ის ვერ შეძლებს ამ ბრძანებების აღსრულებას. მაგრამ, ამავე დროს, საზოგადოებაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად კანონი გასცემს ბრძანებებს, რადგან მას შეუძლია ამ ბრძანებების აღსრულება.
იმ პრინციპის დახვეწილი სიფაქიზე – ჩვენი კანონის თანახმად ცოლი და ქმარი ერთ პიროვნებად რომ მოიაზრება – ახლა მშვენიერ და გასაოცარ თვალსაზრისად გვევლინება. ცოლ-ქმრული ყოფის უფლებები, ტკბობა, ვალდებულებები და შეცოდებები იმდენად შორის დგას კანონით დაცვის ან გამოსწორებისაგან, რომ, ეს უკანასკნელი მსაჯულად არ გამოდგება. მაგრამ როგორც გულღია და კეთილმოსურნე მეზობელი, კანონი თავის თავში იმას გულისხმობს, რომ ის მუდამ კეთილისმსურველი იქნება.
ქორწინებაში ცხოვრების სხვა უფლებებზე ან მოვალეობებზე საუბრისას, ჩვენ ის დაკვირვებები უნდა განვავრცოთ, რომლებიც ერთ-ერთ მათგანთან მიმართებაში უკვე გამოვიყენეთ. იმედი იმ ღირსებას უნდა დაემყაროს, რომელიც სიქველის განუყრელი თანამგზავრი და მეგობარია.
მე უკვე ვისაუბრე ქორწინების იმ შედეგებზე, რომლებიც ცოლისა და ქმრის პიროვნებებს ეხება. ხოლო მათ საკუთრებასთან დაკავშირებული შედეგები კი სრულად იქნება განხილული ჩემი სისტემის მეორე დიდ ნაწილში. თქვენ ალბათ შენიშნავდით, რომ ამ ორი ნაწილის აღრევას მე განსაკუთრებით ვუფრთხი.
ის მოვლენა, რომელიც ყველა მიწიერი ტკბობის სცენას ასრულებს, ქორწინების შეწყვეტას იწვევს. ქორწინებას უფრო ადრე განქორწინება წყვეტს.
ინგლისის კანონი ორი სახის განქორწინებას იცნობს – საწოლიდან და მაგიდიდან განშორება და მიჯაჭვულობისაგან განშორება. ამ შემთხვევაში მეტაფორა შესაბამისია, რადგან აქ ცოლ-ქმრული მიჯაჭვულობისაგან განშორებას გულისხმობს. ვაღიარებ, რომ პირველი შემთხვევის თავისებურების ახსნა მიძნელდება, მაშინ როდესაც მეორე შემთხვევის ახსნა, უმეტესწილად, ცხადია. თუკი ჩვენ ვნახეთ, რომ ბედნიერების განცდა ცოლ-ქმრული ისტორიის ყოველი მომდევნო ნაწილიდან უნდა ამოიშალოს, მაშინ ამ ავბედით ტომეულს ჩირქმოცხებული ფურცლები რატომ უნდა დაემატოს? მცირე ან ტრივიალურ მიზეზთა გამო, გაყრა, როგორც შედეგი, არ უნდა შედგეს. გაყრისას დასახმარებლად თავქარიანობას, პატივმოყვარეობას და გაუმაძღრობას უხმობენ ხოლმე. ასეთ დროს ქორწინება ომისა და სამხედრო ხრიკების ველად არის ქცეული, კიდევ უფრო ხშირად კი სამხედრო ხრიკებისა და ომის მომზადების წინასწარ დაგეგმილ მდგომარეობად. ასეთივე იყო ძველი რომის მაგალითიც, როგორც ამ დაცემული ქვეყნის ისტორიკოსი ამბობს, „ვნება, ინტერესი ან ახირება ქორწინების გაწყვეტის ყოველდღიურ საბაბს იძლეოდა. სიტყვა, ნიშანი, ცნობა თუ თავისუფალი ადამიანის განაცხადი, გაყრის მაუწყებელი იყო. ადამიანურ კავშირებს შორის ყველაზე ფაქიზი, მოგებისა და სიამოვნების წამიერ მსხვერპლად იქცა.“
ციცერონი, მას შემდეგ რაც ამბობს - „prima societas in ipso conjugio est“, ამატებს „proxima in liberis“. ამით გადავდივარ მშობლისა და შვილის ურთიერთობის განხილვაზე.
ამგვარი გადასვლა ბუნებრივია. ცოლ-ქმრული სიყვარულის მსგავსად, მშობლის გრძნობები, ზოგადად, თბილი და ფაქიზია. ხოლო მშობლის ალერსის მსგავსად, შვილის ვალდებულების გრძნობაც გულწრფელი და მოკრძალებულია.
მშობელთა ვალია, რომ, თავიანთი მდგომაროების შესაბამისად, შვილები სათანადოდ შეინახონ; დაიცვან ისინი კეთილგონიერების კარნახის თანახმად და გონიერების სულის კარნახით აღზარდონ მათივე ვარგისიანობის, პატიოსნებისა და ბედნიერებისათვის.
საერთო სამართლისთვის უცნობია რომაელი მამის უსაზღვრო უფლებამოსილება. მაგრამ ის მშობელს იმგვარ უფლებამოსილებას ანიჭებს, რომელიც ბავშვის სასარგებლოდ არის გამიზნული. როდესაც საჭიროა – ხოლო რეალური საჭიროება კი იმაზე უფრო იშვიათად დგება, ვიდრე წარმოგვიდგენია – ზომიერ დასჯასაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი; მაგრამ ამისათვის ყველა ლმობიერი გზა უკვე ნაცადი უნდა იყოს. მამას შეუძლია, საკუთარი უფლებამოსილების ნაწილი იმ პირს გადასცეს, რომელსაც მისი შვილის აღზრდა ავალია. ასეთ შემთხვევაში, ეს პირი მშობლის ადგილს იკავებს და ამ მგდომარეობის შესაბამისად მოქმედებს.მმამის სამართლებრივი უფლებამოსილება მაშინ შეწყდება, როდესაც შვილი ოცდაერთი წლის ასაკს მიაღწევს.
ახლა შვილის უფლებებს მივაპყროთ ყურადღება. პატარაობისას მას მშობელთა მორჩილება მართებს; თუმცა მოკრძალებას და პატივისცემას მისგან შემგომშიც ბუნებრივად და სამართლიანად ითხოვენ. თუკი საჭიროა, შვილმა, საკუთარი მდგომარეობის მიხედვით, მშობელი უნდა შეინახოს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი და მადლიერი გრძნობაა იმ ზრუნვის სანაცვლოდ, რომელიც მშობელმა გასწია შვილზე.
ის ღირსეული მოკრძალება, რომელიც საერთო სამართალმა მშობლისა და შვილის ურთიერთობასთან მიმართებაში გვიჩვენა, აღტაცებას უნდა გვგვრიდეს. მისი ახსნა იმავე პრინციპებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი, რომლებიც ცოლ-ქმრულ ურთიერთობაზე დაკვირვების დროს განვიხილეთ. სამოქალაქო სამართალი, თავისი უხეში და უტაქტო განმგებლობით, ამ ორი ურთიერთობის მშვენიერ გრძნობებსა და ფაქიზ მოქმედებაში ჩაერია. მასში ჩვენ თოთხმეტი სხვადასხვა მიზეზის ჩამონათვალს ვხვდებით, რომელთა გამოც მამას შვლისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა შეუძლია. განა უფრო ბუნებრივი არ იქნებოდა, რომ საერთო სამართლის მსაგავსად, ეს საკითხი, იმ მოსამართლის გადაწყვეტილებისათვის მიგვენდო, რომელიც ყოველი მშობლის გულში ახორციელებს მართლმსაჯულებას?
აქ, ისევე, როგორც წინა შემთხვევებში, საკუთრების უფლების საკითხებს ვეხები, რომლებიც ერთობ მნიშვნელოვანია. ისინი ამ ურთიერთობებიდან წარმოიშვება და მე მათ სრულად განვიხილავ ჩემი სისტემის მეორე ნაწილში.
უკანონო ქორწინებაში დაბადებულ ბავშვს ნაბუშარი ეწოდება.კკანონის მიხედვით, იგი მოიაზრება, როგორც quasi nullius filius. თუმცა ცხადია, რომ მისი მშობლების ბუნებითი მოვალეობაა არჩინონ, დაიცვან და აღზარდონ იგი.
კანონები, რომელიც მამასა და შვილს შორის ურთიერთობას აწესრიგებს, იმავდროულად, უფრო ქვედა დონეზე და უფრო მცირე ხნით, იმ ურთიერთობებსაც აწესრიგებს, რომელიც სხვა მოქმედი პირებით არის ჩანაცვლებული, კერძოდ ვგულისხმობ მეურვესა და სამეურვეოს შორის ურთიერთობას. შესაბამისად, ამ საკითხში ჩაღრმავებას საჭიროდ აღარ მივიჩნევ.
ამჟამად ბატონსა და მსახურებს შორის არსებულ მიმართებას განვიხილავ. მონობა, ანუ ბატონის მიერ საკუთარი მონის სიცოცხლესა და ბედზე განუსაზღვრელი ძალაუფლების ფლობა, საერთო სამართლის მიხედვით, უკანონობაა. სინამდვილეში, ასეთი მიმართების რომელიმე სოციალურ სისტემაში არსებობა ბუნებითი სამართლის პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის. მონობის წარმოქმნისა და არსებობის მიზეზები, თუკი მათ საფუძველშივე შევამოწმებთ, სიყალბეზე დამყარებული აღმოჩნდება. საკუთარი თავით და საკუთრებით ტკბობისას, საერთო სამართალი ყველას იცავს. ხოლო როდესაც ერთი კაცი ნებისმიერი უფლებით, მეორე კაცის მომსახურებაზე უფლებას მოიპოვებს, მაშინ ვითარება განსხვავებულია. ამგვარ უფლებას საერთო სამართალი მხარს უჭერს. ის, ვის მსახურებაზეც ეს უფლება იქნა მოპოვებული, ქვეშევრდომობის იმავე სტატუსით სარგებლობს, როგორითაც ნებისმიერი მოსამსახურე ან შეგირდი და ამგვარ მორჩილებაში ყოფნა მის ინტერესს წარმოადგენს.
ბატონსა და მსახურს შორის ხელშეკრულება ქირავნობის საფუძველზე წარმოიქმნება. თუკი მსახური გარკვეული დროის დადგენის გარეშე მსახურობს, მაშინ კანონი მსახურების ვადად ერთ წელს მიიჩნევს. ამ წესის გონივრული საფუძველი ისაა, რომ წელიწადის დროების ცვლის თვალსაზრისით ხელშეკრულებაში თანაფარდობა იყოს დაცული: ბატონს არ უნდა ჰქონდეს იმის უფლებამოსილება, რომ მსახური მაშინ დაითხოვოს, როდესაც სამუშაოს მოცულობა მცირდება; ხოლო მსახურს არ აქვს იმის უფლება, რომ მაშინ დაეთხოვოს ბატონს, როცა სამუშაოს მოცულობა დიდია. თუმცა ხელშეკრულება ნებისმიერი ვადით შეიძლება დაიდოს – როგორც ერთ წელზე მცირე, ისე მეტი ვადითაც. თუ ხელშეკრულების მიმდინარეობისას მსახური ავად გახდება, ეს ისეთ მდგომარეობად ითვლება, რომელიც ადამიანებს შემთხვევით ემართებათ. მსახურის ავადმყოფობისას ბატონი ვალდებულია, მოუაროს მას და იზრუნოს მასზე. იმ დროის განმავლობაში, როდესაც მსახური მისდა უნებლიედ არის ჩამოშორებული სამსახურს, მისი ანაზღურების დაქვითვა არ შეიძლება.
თუკი მსახური იქორწინებს, ეს სამსახურეობრივ ხელშეკრულებას არ წყვეტს. თუ იგი რაიმე გონივრული მიზეზის გარეშე დაეთხოვება თავის ბატონს, იმ ვადაში, როდესაც მას უნდა ემსახურა, მაშინ მას ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ აქვს. სამსახურეობრივი ხელშეკრულება ორივე მხრიდან პიროვნულია და, ნებისმიერი მხარის სიკვდილის შემთხვევაში, ის ბათილია. ასეთია წესი საერთო სამართლის თანახმად.
ბატონს შეუძლია, ვინმეზე თავდასხმა თავისი მსახურის დაცვის მოტივით გაამართლოს. იგივეს გაკეთება მსახურსაც შეუძლია თავისი ბატონის დაცვისას. პირველის შემთხვევაში ეს იმითაა გამოწვეული, რომ მას ინტერესი აქვს ამ უკანასაკნელის სამსახურისადმი, ხოლო მეორე შემთხვევაში ამის მიზეზი ისაა, რომ პირველის დაცვა ერთ-ერთი იმ ფუნქციათაგანია, რომლის გამოც იგი ანაზღაურებას იღებს. კანონი უდავოდ იმგვარია, როგორც აქ იქნა განცხადებული. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მისი მიზეზები ბევრად უფრო ვიწრო ინტერესებს ეფუძნება. საკუთარი თავის დაცვა თვითგადარჩენის ყველა კანონის ნაწილია. სხვა პირის დაცვა კი, ჩემი აზრით, ადამიანური კანონის ნაწილია. ეს შეხედულება, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის, სხვა ადგილას იმსახურებს გამოკვლევას.
საერთო სამართალი, რომელიც დახვეწილ დელიკატურობას ინარჩუნებს, რაც ჩვენს მიერ ხშირად იყო აღნიშნული, აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში, ოჯახის შიდა საქმეებში არ ერევა. ამგვარი უფლებამოსილება მან, შესაძლოა, იმისათვის გამოიყენოს, რომ ოჯახში, რომელიც ადამიანური ბედნიერების საძირკველია, წესრიგი შეინარჩუნოს. კანონი ბატონს შესწორების ზომიერ უფლებამოსილებას ანიჭებს მსახურის ან შეგირდის უყურადღებობის, ან ცუდი ქმედების შემთხვევაში. როგორც ვიცით „sine imperio, nulla domus stare potest.“ გარდა ამისა, ეს იმ წესებიდანაც ჩანს, რომელიც კანონმა სასტიკ ძალადობასთან მიმართებაში ჩამოაყალიბა, როდესაც ის ჩარევას საჭიროდ მიიჩნევს. კანონმა ერთობ ფაქიზად გაავლო ბატონისა და მსახურის უფლებებისა და მოვალეობების შეფარდების ზოგადი მიმართულების ხაზი, რომელსაც დაკვირვებული თვალი მაინც შეამჩნევს. კანონი აშკარად მოითხოვს მსახურის მხრიდან ბატონისადმი ერთგულებას, ოღონდ მეორეხარისხოვან, შედარებით დაბალი რანგის ერთგულებას. აქედან აუცილებლად გამომდინარეობს, რომ კანონი ბატონის მხრიდან, მსახურის მეორახარისხოვან დაცვასა და მზრუნველობას მოითხოვს. ეს შენიშვნები უფრო თვალნათელი მაშინ გახდება, როდესაც მცირე ღალატს განვიხილავთ.
შეგირდები მსახურთა ნაირსახეობას წარმოადგენენ. როგორც წესი, ისინი რამდენიმეწლიანი ვადით მსახურობენ და ბატონთან ცოდნას ეუფლებიან თავიანთ პროფესიასა თუ ვაჭრობაში.
საერთო სამართლის თანახმად, ოცდაერთი წლის ასაკს მიუღწეველი პირები შეგირდად ვერ დადგებიან, რადგან მოვალეობათა შეუსრულებლობის ან ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, მათი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება. ამდენად აუცილებელია, რომ შეგირდის მშობელს, მეურვეს ან მეგობარს, ვალდებულება ჰქონდეს ნაკისრი, რომ მის ნაცვლად თავად შეასრულებს ამ მოვალეობებს. თუმცა, ყველა არასრულწლოვანს არ აქვს იმგვარი ურთიერთობები, რომ ვინმემ მის მაგივრად დაივალოს თავი.
ლონდონური ტრადიციის თანახმად, თოთხმეტი წლის ასაკს გადაცილებულ დაუქორწინებელ ყმაწვილს, ლონდონის თავისუფალ მკვიდრთან შეგირდად დადგომა შეუძლია. შეგირდობის შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობები ისეთივე ნამდვილი იქნება, როგორც იმ შეთხვევაში, თუკი შეგირდი სრულწლოვანი იქნებოდა. ამ ტრადიციის სულისკვეთება პენსილვანიის საკანონმდებლო ორგანომაც მიიღო და განავრცო. ყმაწვილი, რომელიც მშობლის, მეურვის, უფროსი მეგობრის, უპოვართა მეთვალყურის ან ორი მოსამართლიდან რომელიმეს თანხმობით, შეგირდად დადგება, ისეთივე ვალდებულია, როგორც ხელშეკრულების დადების ასაკში იქნებოდა. მაგრამ ამ შესანიშნავი კანონით გათვალისწინებული შეგირდობა შეწყდება, თუკი მამაკაცს ოცდაერთი, ხოლო ქალს თვრამეტი წელი შეუსრულდება.
შეგირდობა ერთმნიშვნელოვნად სასარგებლოა იმისათვის, რათა ვაჭრობასა და პროფესიაში ადამიანის უნარები წარმატებით გამოიწრთოს. თუმცა, საერთო სამართლის მიხედვით, ეს არ არის აუცილებელი. როგორც ბატონი ქუქის ერთ-ერთი მოხსენებიდან გახდა ცნობილი, გადაწყვეტილება მიუღიათ, რომ საერთო სამართალში არც ერთ ადამიანს არ შეიძლება აეკრძალოს კანონიერ დარგებში წარმოების განვითარება, რადგან კანონი არ წყალობს სიზარმაცეს, რომელიც ყოველგვარი ბოროტების მშობელია. ეს განსაკუთრებით ითქმის ახალგაზრდებზე, რომლებიც ისეთ ნაყოფიერ დროს, როგორიც ახალგაზრდობაა, კანონიერ ვაჭრობასა და მეცნიერებებს უნდა ეუფლებოდნენ, რაც სახელმწიფოსათვისაც ერთობ სასარგებლოა და რის შედეგებსაც ისინი უხვად მოიმკიან შემდეგ წლებში. საერთო სამართალს, ასევე, სძულს ყოველგვარი მონოპოლია, რომელიც ვინმეს კანონიერ ვაჭრობაში საქმიანობისაგან ზღუდავს. თუ ის, ვინც საქმეს მოკიდებს ხელს, უუნარო აღმოჩნდება, მისი უცოდინრობა მისთვის საკმარისი სასჯელი იქნება, რადგან „quilibet quaerit in qualibet arte peritos“, ხოლო თუ სამუშაოს შესრულებისას, იგი თავის დამსაქმებელს ზიანს მოუტანს, კანონი უზრუნველყოფს იმ მექანიზმებს, რომლებიც ამ ზიანს აღმოფხვრიან. იმავე წიგნის სხვა ადგილას მონოპოლიების შესახებ ვკითხულობთ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ სამი, ერთმანეთისაგან განუყოფელი ქმედება შეიძლება განხორციელდეს. 1. საქონლის ფასის გაზრდა; 2. საქონლის ხარისხის დაცემა; 3. იმ ხალხის გაღატაკება და მათხოვრობისა და უსაქმურობის მდგომარეობამდე დაყვანა, ვინც საკუთარ თავსა და ოჯახებს საკუთარი პროფესიით ან ვაჭრობით არჩენდა.
შეგირდების და იმათ გარდა, რომლებსაც ყოფით ენაზე მსახურებს ვუწოდებთ, მსახურის მიმართება (როგორც ენობრივი თვალსაზრისით, ისე კანონის მრავალი წესის მიხედვით) ვრცელდება უფრო მაღალი რანგის თანამდებობებზეც: სასამართლო ბოქაულებზე, გამგეებზე, აგენტებზე, შუამავლებზე, ვექილებზე და გემის კაპიტნებზე ამ გემების მფლობელებთან მიმართებაში.
მსახურის მრავალი ქმედებიდან ბატონს სარგებლის მიღების უფლება აქვს. სხვა შემთხვევებში ის ვალდებულია, იზარალოს ან ზიანი აანაზღაუროს. შემთხვევათა თითოეულ წყებაში – აქ არასათანადო იქნებოდა ცალკეული შემთხვევების ჩამოთვლა – პრინციპი იგივეა. სამართლიანად ითვლება, რომ რაც არ უნდა გააკეთოს მსახურმა თავისი ჩვეული საქმიანობისას, მან ეს ბატონის ფარული ან აშკარა ბრძანების საფუძველზე, ან კიდევ მისი გავლენით გააკეთა. ყველაფერი, რაც ბატონის ბრძანებით კეთდება, ითვლება, რომ პირადად ბატონის მიერ არის გაკეთებული: „Qui facit per alium, facit per se.“
აი, რაც შეიძლება ითქვას მსახურისა და ბატონის ურთიერთობაზე, ასევე, იმ მნიშვნელოვანი და პატივსაცემი, თუმცა, იმავდროულად, თითქოსდა უმნიშვნელო ან უგულებელყოფილი ერთობის შემადგენელ ნაწილებზე, როგორიც არის ოჯახი. იმ შესანიშნავ და სამართლიან პასაჟში, რომელიც მრავალგზის ვაციტირეთ, ციცერონი ამბობს, რომ „id autem est principium urbis, et quasi seminarium rei publicae“. ეს საზოგადოების ის პრინციპია, ის აკვანია, რომელსაც სახელმწიფო, როგორც ქცევის წესით, ისე რიცხოვნობით, საბოლოო ჯამში უნდა დაეყრდნოს. რადგან მისი დაფუძნება ყველა ბრძნული და კარგი სახელისუფლებო ინსტიტუტის წყაროა, ასევე, მისი ბედნიერება ყველა ამ ინსტიტუტის მიზანს უნდა წარმოადგენდეს.
ჩემი ლექციების შესავალში მსმენელებს მოვახსენე, რომ „საჯარო სამართალი და საჯარო ხელისუფლება თავიანთი თავისათვის არ იქმნებიან“, არამედ ისინი „რაღაც უკეთესის გამო იქმნებიან“; რომ აქ „მე ვგულისხმობდი საზოგადოებას, სახელდობრ, ადგილობრივ საზოგადოებას.“ შესაძლოა, მაშინ ვინმემ იფიქრა, რომ ყოველივე ეს ქებისათვის ვთქვი – თუმცა მკაცრი და სამართლიანი ქებისათვის – რომელიც ამ გამონათქვამებს თან ახლდა. ჩემი სისტემის თანმიმდევრული აგებისას ამ განცდამ ყველაზე უფრო დაწვრილებითი ანალიზი განიცადა. მე შემიძლია მივმართო მათ, ვინც სხვაგვარად ფიქრობდა მაშინ, თუკი ასეთები არსებობენ; მე შემიძლია მივმართო ყველას, ვინც თავისი შეხედულებები ახლა ჩამოაყალიბა, თუნდაც ეს განცდა ყველა ნაწილში და ობიექტში ჯანსაღ პოლიტიკასა ჭეშმარიტ ფილოსოფიას არ ეფუძნებოდეს.
საუკუნეზე მეტი ხნის წინ ინგლისის კანონების კლასიფიცირებისას, ერთი ადგილობრივი მიმართების აღნიშვნა და ახსნა იქნებოდა საჭირო – რომელიც ბუნებრიობით გამყარებული სულაც არ არის – კერძოდ, ბატონსა და ყმას შორის არსებული მიმართების. ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია გავიხსენოთ ფეოდალური ქალაქი, ქონგურებიანი და ვეებერთელა, თუმცა არათანაბარი და არასაიმედო კოშკებით გაწყობილი; ფართო, მაგრამ მოუხერხებელი და შეუფერებელი შიდა შენობებით და დარბაზებით. ახლა ყოველივე ეს ნანგრევებადაა ქცეული. სინანულისაგან ერთობ განსხვავებული გრძნობით მის შესახებ შეგვიძლია შევძახოთ: fuit servitus.
მე დავასრულე საზოგადოებრივ მდგომარეობაში ადამიანის იმ განსაკუთრებული მიმართებების განხილვა, რომლებიც სამოქალაქო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელია. ამ მდგომარეობაში, ზოგიერთებთან მას განსაკუთრებული მიმართება აქვს, ხოლო ზოგადი მიმართება კი ყველასთან აქვს. ზოგადი მიმართებიდან უფლებები და მოვალეობები წარმოიქმნება. ეს უფლებები მას იმისათვის აქვს მინიჭებული, რომ დაკისრებული მოვალეობები შეასრულოს და თავიდან აიცილოს ამ განსაკუთრებული მიმართებისადმი, კერძოდ კი, საკუთრებისადმი, ხასიათისადმი, თავისუფლებისა და პიროვნებისადმი რაიმე სახის ზიანი. იგი მოვალეა, შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც მან იტვირთა; ასევე, არ მიაყენოს ზიანი სხვებს, იმავე გაგებით, რომლითაც იგი თავადვე ისურვებდა, რომ არ დაზიანებულიყო.
წინა ლექციაში, სადაც ვრცლად გადმოვეცი სოციალური ადამიანის პრინციპები და ხასიათი, ეს უფლებები და მოვალეობები სათანადოდ იქნა წარმოჩენილი და ნაჩვენები, რომ მათ ადამიანურ ზნეში ღრმად აქვთ ფესვები გადგმული. მორჩილებით გთხოვთ, თავად იზრუნოთ იმის გასახსენებლად, რაც მაშინ ითქვა. როგორც აღინიშნა, ეს უფლებები და მოვალეობები ის საყრდენი ნიშანსვეტებია, რომლებსაც დიდწილად ეყრდნობა სახელმწიფო სამართლის სისხლისა და სამოქალაქო კოდექსები. ცხადია, აბსურდული იქნებოდა მათი საძირკველების მოთხრა იმ აზრით, რომ გაგვეძლიერებინა ან მეტი სატაბილურობა მიგვენიჭებინა იმისათვის, რასაც ისინი ამყარებენ – მოგვერღვია ის, რაც ბუნების ურყევ საფუძვლებზე დგას და ეს უკანასკნელი ადამიანთა მყიფე ინსტიტუტებზე მოგვეთავსებინა.
აქ ვასრულებ იმ ბუნებითი უფლებების განხილვას, რომელთა დაცვა და არა განადგურება, ჩემი მოკრძალებული აზრით, სამოქალაქო ხელისუფლების საქმეა, ისევე როგორც მათი გაფართოება (და არა შეზღუდვა) სამოქალაქო ხელისუფლების განსახორციელებელია. ახლა იმის ჩვენებას შევეცდები, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ეს უფლებები სამოქალაქო ხელისუფლებისაგან ვერავითარ დაცვას და შესწორებას ვერ ჰპოვებენ, ისინი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების მიუხედავად, მაინც ექვემდებარებიან დაცვასა და აღდგენას იმ მეთოდებით, რომლებიც ბუნებით მდგომარეობაში არის მიღებული და გამართლებული.
საკუთარი თავის დაცვა სამართლიანად იწოდება ბუნების მთავარ კანონად და დაუშვებელია მისი გაუქმება სახელმწიფო სამართლის რომელიმე კანონით. თავდაცვის ეს პრინციპი მხოლოდ და მხოლოდ პიროვნების დაცვით როდი შემოიფარგლება, ის ადამიანის თავისუფლებასა და საკუთრებაზეც ვრცელდება. ის მხოლოდ საკუთარი პიროვნებით როდი განისაზღვრება, არამედ ყველა იმ პიროვნებაზეც ვრცელდება, რომლებთანაც მას განსაკუთრებული მიმართება აქვს – ცოლზე, მშობელზე, შვილზე, ბატონზე, მსახურზე; უფრო მეტიც, ის ხიფათში მყოფ ყველა ადამიანზე ვრცელდება; ანუ ყველას თავისუფლებაზე, რომელიც უსამართლობითა და ძალმომრეობით იქნა შელახული. ეს პრინციპი ადამიანურობად და სამართლიანობად ყალიბდება.
ის განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც თავდაცვითი ზომები შეიძლება გამოყენებულ იქნას და ის ხარისხი, რომლითაც მათი გამოყენება შესაძლებელია, ჩემი ლექციების მომდევნო ნაწილებში იქნება განხილული, რადგან ამგვარ ზომებს ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები კი არ უარყოფენ, არამედ აშკარად აღიარებენ.
რადგან ადამიანი თავდაცვისას გამართლებულია, იმდენადვე არის იგი გამართლებული საკუთრების ან იმ განსაკუთრებული მიმართებების დაბრუნებისას, რომლებიც მას უსამართლოდ წაართვეს, ან შეუჩერეს. თუ როდის და როგორ უნდა მოხდეს ამგვარი დაბრუნება, ამასაც შესაბამის ადგილებში განვიხილავთ. ეს კომპენსაცია, რომელსაც ბუნება გვკარანახობს, სახელმწიფო სამართლითაც არის აღიარებული.
უსიამოვნებათა შემცირების და თავიდან აცილების უფლება, მრავალ შემთხვევაში, იმავე აღწერაში შეიძლება იქნეს კლასიფიცირებული.
ამ გრძელ გამოკვლევას ბუნებითი უფლებებისა და თავდაცვის საშუალებების შესახებ იმ კითხვაზე პასუხის გაცემით დავასრულებ, რომლითაც ის დავიწყე: ადამიანი ხელისუფლებისათვის კი არ არსებობს, არამედ ხელისუფლება იქმნება ადამიანისათვის. გამოკვლევის მსვლელობამ ბუნებრივად მიმიყვანა მმთელი რიგი საინტერესო საკითხების ისეთ ჭრილში განხილვამდე, რომელიც, ჩემი აზრით, განსხვავდება ამ საკითხების იმგვარი განხილვისგან სამართლის შესახებ ჩვენს ზოგიერთ ნაშრომში რომ არის მოცემული; მაგრამ რომელიც, იმავდროულად, ჩინებულად ეხამება ჩვენი სამართლის საუკეთესო კანონებსა და პრინციპებს.