petriwis portali

დავითი

ქრისტიან ვილდბერგი

დავითი

12.05.2020

გერმანელი ფილოსოფოსის, ქრისტიან ვილდბერგის ეს სტატია დავით უძლეველის შესახებ შესულია სტენფორდის ფილოსოფიურ ენციკლოპედიაში: Wildberg, Christian, "David", The Stanford Encyclopedia of Philosophy (Summer 2018 Edition), Edward N. Zalta (ed.).

ინგლისურიდან თარგმნა ბესიკ მაშავამ

სამი ფილოსოფიური ნაშრომის ზოგიერთ ხელნაწერში „დავითი“ მოხსენიებულია როგორც მათი ავტორი. ესენია: შესავალი ლექციები ფილოსოფიაში, კომენტარები პორფირიოსის „ისაგოგეზე“ და კომენტარები არისტოტელეს „კატეგორიებზე“, რომელიც, დღესდღეობით, ელიასს მიეწერება. ამ ნაშრომებში მოცემული მოწმობების საფუძველზე მიიჩნევა, რომ ეს სახელი (დავითი) უკავშირდება ქრისტიან ნეოპლატონიკოს ფილოსოფოსსა და კომენტატორს. ის, სავარაუდოდ, ალექსანდრიაში მოღვაწეობდა VI საუკუნის შუა პერიოდში ან მეორე ნახევარში (ან, შესაძლოა, კიდევ უფრო გვიანაც). სახელი „დავითი“, როგორც წესი, გაიგივებულია ადრეული სომხური ფილოსოფიის ისტორიის მნიშვნელოვან ფიგურასთან - დავით უძლეველთან, მაგრამ ამ ტიპის ბიოგრაფიული გაიგივება უკიდურესად უსაფუძვლოა.

1. შესავალი

VI საუკუნის ბიზანტიაში უეცრად მოხდა პლატონისა და არისტოტელეს ნაშრომების ფილოსოფიური კომენტირების ტრადიციის უკანასკნელი აღზევება და საბედისწერო დაცემა. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ტრადიცია იწყება ქრისტეს შობიდან II საუკუნეში. დავითი, თითქმის ერთნაირად უცნობ ელიასთან და სტეფანესთან ერთად, ამ ტრადიციის დასასრულის პერიოდში მოღვაწეობდა. აღნიშნული ტრადიცია თავის მწვერვალს აღწევს VI საუკუნის პირველ ნახევარში, აღმოსავლეთში ამონიუს ერმისის (ჰერმიასის) და მისი მოწაფეების, სიმპლიციოსისა და იოანე ფილოპონოსის დიდ კომენტარებთან ერთად, ხოლო დასავლეთში - ბოეციუსით. თუკი მხედველობაში არ მივიღებთ იმ ფაქტს, რომლის მიხედვითაც ხელნაწერთა ტრადიცია „კატეგორიებზე“ კომენტარს ცალსახად „დავითს“ მიაწერს (მაგრამ რომელიც თავისი სტილითა და მოძღვრებით უფრო მჭიდროდ უკავშირდება იმ ნაშრომებს, რომლებიც „ელიასს“ მიეწერება), მაშინ რჩება ორი ტექსტი, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ როგორც მისი (დავითის) ნაშრომები. ერთ-ერთ მათგანს ეწოდება „შესავალი ფილოსოფიაში“ (Prolegomena philosophiae), ხოლო მეორე წარმოადგენს ლექციებს პორფირიოსის ნაშრომზე „შესავალი არისტოტელეს კატეგორიებისთვის“. ამ ტექსტების ავტორი ოთხჯერ ახსენებს ოლიმპიოდორეს, რომელიც, შესაძლოა, მისი მასწავლებელი იყო. ოლიმპიოდორეს, რომელიც წარმართი იყო, როგორც ამონიოსისა და ევტიკიუსის მემკვიდრეს, ალექსანდრიაში ეკავა ფილოსოფიის კათედრა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში (დაახლოებით 530-565 წწ.). ეს არის ერთადერთი მოწმობა, რომელიც მიახლოებით წარმოდგენას გვიქმნის ტექსტების შედგენის თარიღის შესახებ.

2. შემორჩენილი ნაშრომები

როგორც „ფილოსოფიის შესავალს“, ასევე, კომენტარს პორფირიოსის შესახებ საფუძვლად უდევს ავტორის პედაგოგიური მოღვაწეობა (სავარაუდოდ, ალექსანდრიის სკოლაში). ტექსტი დაყოფილია მეტ-ნაკლებად თვითკმარ „ლექციებად“ (praxeis). ეს ფორმალური სტრუქტურა პირველად ოლიმპიოდორემ გამოიყენა. „ფილოსოფიის შესავალი“ 24 ასეთ ლექციას შეიცავს. სინამდვილეში, მოცემული ტექსტების სათაურებში აღნიშნულია, რომ ისინი შექმნილია დავითის „ხმის“ საფუძველზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ლექციების კითხვის პროცესში სტუდენტი სიტყვასიტყვით იწერდა მოსმენილს; აღნიშნულ სალექციო ჩანაწერს შემდგომ სხვები იწერდნენ და ის ასეთი სახით ვრცელდებოდა. ეს პრაქტიკა უცხო არ იყო ალექსანდრიის სკოლაში.

ალექსანდრიაში დამწყებთათვის ფილოსოფიის შესავალი ლექციები უმაღლესი განათლების აუცილებელი ნაწილი იყო. ასეთ ლექციებს ამონიოსი და ოლიმპიოდორე კითხულობდნენ და დროთა განმავლობაში აღნიშნული პრაქტიკა უფრო და უფრო დაიხვეწა. ელიასის „შესავალი ფილოსოფიაში“ დაახლოებით ორჯერ უფრო ვრცელია ამონიოსის ფილოსოფიის შესავალზე, ხოლო დავითისა კი დაახლოებით ოთხჯერ აღემატება ამ უკანასკნელს. ისევე, როგორც დღეს, ამ სახის ლექციები მიზნად ისახავდა სტუდენტებისათვის ფილოსოფიისადმი სიყვარულის აღძვრას. ამონიოსის ლექციები იყო საკმაოდ მშრალი და მოკლედ გადმოცემული; რაც შეეხება ელიასს, მას უფრო ენამახვილი ინტელექტუალის სახელი ჰქონდა, ხოლო დავითი გვევლინება მგზნებარე ადამიანად, რომელიც ფილოსოფიით იყო გატაცებული. მისი პირველი ლექცია შემდეგნაირად იწყება:

„ისინი, ვისაც მგზნებარედ უყვარს ფილოსოფიური მსჯელობები და რომლებსაც თითის ბოლოებით აქვთ დაგემოვნებული მისგან მომდინარე სიტკბოება, ზურგს აქცევენ ყველა ცხოვრებისეულ საზრუნავს და აშკარად ერთგვარი აღტკინებით ესწრაფვიან ამგვარ მსჯელობებს. არსებულ საგანთა ცოდნა მათში ფილოსოფიის დაუღალავ სიყვარულს აღძრავს და როგორც ღმერთის წყალობის მეშვეობით ვიცით, სწორედ ფილოსოფიაა ეს ცოდნა. სიბრძნით აღსავსე სიყვარული და ძლიერი სწრაფვა ჩვენ ამისკენ გვიბიძგებს. მაშ, გაბედულად შევეჭიდოთ ამ ღვთაებრივ ამოცანას და არ ჩავთვალოთ ის რთულად. უფრო მეტიც, ფილოსოფიასთან დაკავშირებულ ღვთაებრივ მიზანთან შედარებით, ნებისმიერი სხვა ძალისხმევა მეორეხარისხოვანი და დაქვემდებარებული მნიშვნელობისაა.“

გასაოცარია ის ფაქტი, რომ ეს სიტყვები, გავრცელებული თვალსაზრისის თანახმად, ქრისტიანს მიეწერება. ძალიან დიდი ალბათობით მცდარია იმის დაშვება, რომ გვიანანტიკურობაში, „ქრისტიანებისა“ და „წარმართების“ ინტელექტუალურ ვალდებულებებსა და გრძნობებს შორის მკაფიო დიხოტომია არსებობდა. აღსანიშნავია, რომ დავითის ეს ტექსტი არ გვაძლევს იმის მყარ მითითებას, რომ მისი ავტორი ნამდვილად ქრისტიანი იყო. პირიქით, ტექსტში არსებული მრავალი ასპექტი წარმართული პოლითეიზმის ძველ სამყაროს ეკუთვნის (მაგალითად: სამყარო მარადიულია, სული უკვდავია, ციური სხეულები ღვთაებრივია, იქ, ასევე, საუბარია ირაციონალური შურისმაძიებელი სულებისა და ხანგრძლივად მცხოვრები ნიმფების შესახებ). უფრო მეტიც, როგორც ჩანს, „დავითი“ მოძღვრავს მის სტუდენტებს და ცდილობს, მათი გონება და სული მიმართოს წარმართული ბერძნული ფილოსოფიისკენ, რომელიც გაგებულია როგორც ცხოვრების გარკვეული წესისადმი ერთგულება. მაგალითად, მას მძლავრად აქვს შემოტანილი პლატონური აზრი, რომ ფილოსოფია არის ღმერთთან მიმსგავსება და ამტკიცებს, რომ „სრულყოფილი ფილოსოფოსი ღმერთის მსგავსია, იმიტომ, რომ ის ხასიათდება იმით, რითაც ხასიათდება ღმერთი, კერძოდ, უნივერსალური ცოდნით“. თავის ლექციებს იგი ასრულებს ენერგიული მოწოდებით, რომლის თანახმად, ფილოსოფია „ამშვენებს ადამიანის სულს და გადაჰყავს სული ამ ცხოვრების უბადრუკი სხეულებრიობიდან ღვთაებრივში და არამატერიალურში“. ამისთვის იგი ასევე იმოწმებს პასაჟს ჰომეროსიდან.

კურსების თანმიმდევრობაში ფილოსოფიის შესავალს (Prolegomena) მოჰყვებოდა ლექციები პორფირიოსის საკვანძო ნაშრომზე, „შესავალი არისტოტელეს კატეგორიებისთვის“. არისტოტელეს კომენტირების ნეოპლატონურ ტრადიციას პორფირიოსის მიერ საფუძველი ჩაეყარა III საუკუნის ბოლოს. მასთან ერთხელ მივიდა რომაელი სენატორი ქრიზარიუსი, რომელსაც ძალიან უჭირდა არისტოტელეს „კატეგორიების“ გაგება. ელიასი და დავითი მოუთხრობენ თავიანთ სტუდენტებს, თუ როგორ გამოიყენა პორფირიოსმა ეს შესაძლებლობა იმისათვის, რათა დაეწერა ე. წ. „ისაგოგე“, რომელიც შემდგომში უაღრესად პოპულარულ და გავლენიან ტექსტად იქცა. „ისაგოგეში“ დეტალურადაა განხილული ხუთი უმთავრესი ლოგიკურ-ონტოლოგიური ცნება: გვარი, სახეობა, განსხვავება, არსებითი ნიშანი და არაარსებითი ნიშანი.

დავითი განმარტავს, რომ, სინამდვილეში, ამ ტექსტის გაგება მხოლოდ არისტოტელეს „კატეგორიების“ გასაგებად როდია აუცილებელი. ის, ასევე, ზოგადად ფილოსოფიის შესავალს წარმოადგენს. დაბოლოს, ეს ტექსტი გვეხმარება დიალექტიკური მეთოდის ათვისებაში. მისი აზრით, პორფირიოსის მიერ შემოტანილი ცნებები ნებისმიერი სახის ფილოსოფიური დისკურსის საფუძველს ქმნის.

ჩვენს ხელთ არსებულ ორ ტექსტში ავტორი, ასევე, ახსენებს „კატეგორიების“, „განმარტებისათვის“ და „ფიზიკის“ შესახებ დაწერილ საკუთარ კომენტარებს. თუმცა ეს კომენტარები ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი. კითხულობდა თუ არა დავითი ლექციებს პლატონის შესახებ, ჩვენთვის დღემდე უცნობი რჩება.

3. ავტორობის პრობლემა

დანამდვილებით არ ვიცით, როდის დაიწერა ის ტექსტები, რომლებიც „დავითის“ სახელით გადაიცემოდა: ოლიმპიოდორეს სიცოცხლეში, VI საუკუნის ბოლო ათწლეულებში თუ VII საუკუნის დასაწყისში. ამ ტექსტების ზუსტად დათარიღების შეუძლებლობა აერთიანებს იმ სირთულეებს, რომლებიც უკავშირდება მათ მიწერას „დავითის“ სახელით ცნობილი ფილოსოფოსისათვის. ეს სირთულეები სამგვარია:

1. ბერძნულ ტრადიციაში არ გვხვდება მოწმობა ალექსანდრიელი ფილოსოფოსის -დავითის - არსებობის შესახებ. როგორც ჩანს, არც სუდა, არც ჰესიკიუსი, არც ფოტიუსი და არც ვინმე სხვა ასეთ პიროვნებას არ იცნობს.

2. ნათელია, რომ ის ტექსტები, რომელიც ჩვენს ხელთაა, ფართოდ იყო გავრცელებული და გამოყენებული. „ფილოსოფიის შესავლის“ შემოკლებული და გამარტივებული ვერსია გარკვეულ პერიოდში სომხურ ენაზე ითარგმნა (ყველაზე ადრეული ხელნაწერები XIV საუკუნით თარიღდება). სომხურ ვერსიას ახალი სათაური მიეცა და ის „დავით უძლეველს“ მიეწერა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იგი, სომხური ტრადიციის თანახმად, V საუკუნეში მოღვაწე ღვთისმეტყველი იყო. შეუძლებელია დავიჯეროთ, რომ სომეხი ღვთისმეტყველი და ერთი საუკუნით გვიან მცხოვრები (ალექსანდრიელი) ფილოსოფოსი ერთი და იგივე პიროვნება იყოს. ასევე, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ეს უკანასკნელი (ალექსანდრიაში მოღვაწე) დავითი სომხური წარმომავლობის იყოს. აქ ინტელექტუალური ტრადიციების ურთიერთგადახლართვამ საგრძნობი დაბნეულობა წარმოშვა, რომლის ბოლომდე ნათელყოფა, ადრეული ხელნაწერების არარსებობის პირობებში, სრულიად შეუძლებელია.

3. აღნიშნული სირთულე ბერძნულ ხელნაწერთა ტრადიციას უკავშირდება. ჩვენს ხელთ არსებული ყველა ძველი ხელნაწერი (XI საუკუნიდან) ანონიმურია ან მიეწერება ელიასს, ან წმინდა დავით თესალონიკელს (რომელიც გარდაიცვალა დაახლოებით 530 წ.), ან კიდევ X საუკუნის ბიზანტიელ სწავლულს ნიკეტას პაფლაგონიელს, რომელიც საკუთარ თავს მოიხსენიებდა სამონასტრო სახელით „დავითი“. მხოლოდ XVI საუკუნის ხელნაწერებში და XIV საუკუნის ერთ ხელნაწერში მოხსენიებულია „დავითი“, როგორც მათი ავტორი. წინდაუხედაობა იქნება ამ უკანასკნელი ფაქტისთვის რაიმე მნიშვნელობის მინიჭება. სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენს ხელთ არსებული ტექსტები, რომლებსაც დავითის სახელს უკავშირებენ, თავდაპირველად ანონიმური სალექციო ჩანაწერების სახით ყოფილიყო გავრცელებული. აღნიშნული სალექციო ჩანაწერები მხოლოდ გვიანდელ პერიოდში დაუკავშირეს ისეთ ავტორს, რომელსაც ქრისტიანულ სამყაროში კარგი ავტორიტეტი ჰქონდა (იმისათვის, რათა გაზრდილიყო მათი მნიშვნელობა და ავტორიტეტი ქრისტიან მკითხველებს შორის).

 

ბიბლიოგრაფია:

  • Aversatjan, S. 1981. “David l'Invincible et sa doctrine philosophique.” Revue des études arméniennes 15: 33-43.
  • Benakis, L. 1983. “David der Armenier in den Werken der byzantinischen Kommentatoren des Aristoteles.” In: G.A. Brutian (ed.), David the Invincible. The Great Philosopher of Ancient Armenia. Yerevan: 558-70.
  • Busse, A. 1892. “Die neuplatonischen Ausleger der Isagoge des Porphyrius.” Wissenschaftliche Beilage zum Programme des Friedrichs-Gymnasiums. Berlin
  • Busse, A. 1904. Davidis Prolegomena et in Porphyrii Isagogen commentarium. Commentaria in Aristotelem Graeca 18.2. Berlin.
  • Kendall, B. and Thompson, R. W. 1983. Definitions and Division of Philosophy by David the Invincible Philosopher. Chico, CA.
  • Khostikian, M. 1907. David der Philosoph. Leipzig.
  • Kroll, W. 1901. Article “David”. In: Paulys Real-Encyclopädie der Classischen Alterumswissenschaft 4: 2232-3.
  • Mahé, J.-P. 1990. “David l'Invincible dans la tradition arménienne.” In: I. Hadot, Simplicius commentaire sur les catégories. Leiden: 189-207.
  • Neumann, C. F. 1829. “Mémoire sur la vie et des ouvrages de David, philosophe arménien du Ve siècle de notre ère.” Nouveau journal asiatique 3: 49-86 and 97-157.
  • Praechter, K. 1908. Review of Busse (1904). Göttingische gelehrte Anzeigen 170, Göttingen.
  • Praechter, K. 1911. “David Prolegomena.” Hermes 45: 316f.
  • Rose, V. 1887. Leben des Heiligen David von Salonika, griechisch nach der einzigen bisher aufgefundenen Handschrift herausgegeben. Mit Beziehung auf David Invictus Philosophus. Berlin.
  • Sanjian, A. K. (ed.) 1986. David Anhagt‘, the ‘Invincible’ Philosopher. Atlanta, Georgia.
  • Sorabji, R. R. K. (ed.) 1990. Aristotle Transformed. London.
  • Thorossian, H. 1951. Histoire de la litterature arménienne. Paris: 96ff.
  • Westerink, L. G. 1962. Anonymous Prolegomena to Platonic Philosophy. Amsterdam.
  • Westerink, L. G. 1967. Ps. Elias, Ps. David Letures on Porphyry's Isagoge. Amsterdam.
  • Westerink, L. G. 1990. “The Alexandrian commentators and the introductions to their commentaries.” In: Sorabji (1990), 325-48.
  • Westerink, L. G. 1967. Pseudo-Elias (Pseudo-David) Lectures on Porphyry's Isagoge. Amsterdam.
  • Wildberg, C. 1990. “Three Neoplatonic Introductions to Philosophy: Ammonius, David, Elias.” Hermathena 149: 33-51.