petriwis portali

ბრიტანული ამერიკის უფლებათა შემაჯამებელი მიმოხილვა

თომას ჯეფერსონი

ბრიტანული ამერიკის უფლებათა შემაჯამებელი მიმოხილვა

06.05.2020

„ბრიტანული ამერიკის უფლებათა შემაჯამებელი მიმოხილვა“ თომას ჯეფერსონმა 1774 წელს დაწერა იმ დელეგატებისათვის ვირჯინიის კოლონიიდან, რომლებიც პირველ კონტინენტურ კონგრესს უნდა დასწრებოდნენ ქ. ფილადელფიაში, პენსილვანიის კოლონიაში. ვირჯინიის ყრილობამ, რომელიც კონტინენტურ კონგრესამდე გაიმართა, უფრო ზომიერი პოზიცია დაიკავა, ვიდრე ჯეფერსონს ჰქონდა. ჯეფერსონმა, ავადმყოფობის გამო, ვერ შეძლო, დასწრებოდა ვირჯინიის ყრილობას. თუმცა, მეგობრებმა მისი წერილი გამოსცეს; მას გაეცნენ, როგორც ფილადელფიასა და ნიუ-იორკში, ასევე, ლონდონშიც. ამ ტექსტმა, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ორი წლით ადრე დაიწერა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამერიკული კოლონიების პოლიტიკური და სამართლებრივი პოზიციების ჩამოყალიბებისა და შემდგომი განვითარების საქმეში. თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემის მიხედვით: The Works of Thomas Jefferson, vol. 2 (New York: Cosimo Classics, 2009); ის 2013 წელს დაიბეჭდა კრებულში „ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესსეები“.

ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ხუროშვილმა

გადაწყდა, რომ დასახელებულ დეპუტატებს, რომლებიც ბრიტანული ამერიკის სხვა შტატების დეპუტატებთან ერთად საერთო ყრილობაზე შეიკრიბებიან, მიეცეთ მითითება, რომ ამ ყრილობას მისი უდიდებულესობისადმი მოკრძალებული და მოწიწებული მიმართვის წარდგენა შესთავაზონ და სთხოვონ, რომ მის უდიდებულესობას, როგორც ბრიტანეთის იმპერიის უმაღლეს მსაჯულს, გადაეცეს ამერიკაში მყოფი მისი უდიდებულესობის ქვეშევრდომთა გაერთიანებული საჩივრები. ეს საჩივრები მრავალი უსამართლო ხელყოფისა და უკანონო მიტაცების გამო წარმოიქმნა, რითაც იმპერიის ერთი ნაწილის საკანონმდებლო ხელისუფლება იმ უფლებების ხელყოფას ცდილობდა, რომელიც ღმერთმა და კანონებმა ყველას თანაბრად და დამოუკიდებლად მიანიჭა. დაე, ვაცნობოთ მის უდიდებულესობას, რომ ხშირად ეს შტატები ცალ-ცალკე მოკრძალებულ საჩივრებს უგზავნიდნენ მის საიმპერატორო ტახტს, რათა მისი ჩარევის შემწეობით მოეხერხებინათ შელახული უფლებების აღდგენა, მაგრამ ამ საჩივართაგან არც ერთს პასუხიც არ ღირსებია. მოწიწებით ვიმედოვნებთ, რომ ეს გაერთიანებული მიმართვა, რომელიც სიმართლის ენაზეა დაწერილი და მორჩილების ფრაზებით არ არის აღსავსე (რაც მის უდიდებულესობას აფიქრებინებდა, რომ ჩვენ პრივილეგიებს ვითხოვთ და არა უფლებებს), მისი უდიდებულესობისაგან მეტ პატივისცემას დაიმსახურებს. ჩვენ სხვა მოლოდინი არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ მისი უდიდებულესობა თავის თავს საკუთარი ხალხის წინამძღოლად მიიჩნევს, რომელიც კანონის ძალით არის დანიშნული და გარკვეული უფლებამოსილებით შემოსაზღვრული, რათა ხელი შეუწყოს მთავრობის დიდი მექანიზმის მუშაობას, რომელიც ხალხის სასარგებლოდ, მათი უზენაესი მიზნების განხორცილებისათვის არის შექმნილი. ამიტომაც, ჩვენი უფლებები, ისევე, როგორც მათი ხელყოფის ფაქტები, უფრო სრულად უნდა იქნეს წარდგენილი მისი უდიდებულესობის წინაშე, რათა მან ისინი ამ ქვეყნების წარმოქმნისა და მათი პირველი დასახლებების ისტორიის ფონზე განიხილოს.

ჩვენ შევახსენებთ მის უდიდებულესობას, რომ ამერიკაში გადმოსახლებამდე ჩვენი წინაპრები ევროპაში, ბრიტანეთის სამფლობელოთა თავისუფალი მაცხოვრებლები იყვნენ და იმ  უფლებით სარგებლობდნენ, რომელიც ბუნებამ ყველა ადამიანს მიანიჭა - დატოვოს ის ქვეყანა, სადაც ის არა საკუთარი არჩევანის, არამედ ბედისწერის გამოისობით მოხვდა და სხვა საცხოვრებლის საძებრად გაეშუროს, ჩამოაყალიბოს ახალი საზოგადოებები და დაამკვიდროს იმგვარი კანონები და წესები, რომლებიც, მისი თვალთახედვით, უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადო ბედნიერებას. თავის მხრივ, მათმა საქსონელმა წინაპრებმა, ამავე საყოველთაო კანონის ძალით, ჩრდილოეთ ევროპის უდაბური ადგილები და ტყეები მიატოვეს, ნაკლებად დასახლებულ ბრიტანეთის კუნძულს დაეპატრონენ და იქ კანონთა იმგვარი სისტემა ჩამოაყალიბეს, რომელიც ესოდენ დიდი ხანია დიდებას სძენს და იცავს ამ ქვეყანას. სამშობლოს, საიდანაც ისინი გადასახლდნენ, არასოდეს განუცხადებია მათზე რაიმე სახის აღმატებულობის, ან დამოკიდებულების პრეტენზია. ხოლო თუ ასეთი პრეტენზია გაჩნდება, მაშინ, როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთში მისი უდიდებულესობის ქვეშევრდომებს საკმარისად კარგად აქვთ გათავისებული ის უფლებები, რომლებიც მათ წინაპრებისაგან გადმოეცათ და, ამდენად, ისინი საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს ამგვარ დაუსაბუთებელ პრეტენზიას არ შეალახვინებენ. ვფიქრობთ, რომ არ არსებობს მიზეზები, რომ ბრიტანელები საქსონელი ემიგრანტებისაგან არსებითად განვასხვაოთ. ამერიკა დაპყრობილი მიწაა, ხოლო მისი დასახლებები ინდივიდების ხარჯზე შეიქმნა და არა ბრიტანული საზოგადოებისა. ამ მიწების მოსაპოვებლად მათ საკუთარი სისხლი დაღვარეს, ხოლო მათი ავლადიდება დასახლებათა აღორძინებისათვის დაიხარჯა. ისინი თავად იბრძოდნენ, თავად იპყრობდნენ და, ამდენად, მხოლოდ მათ აქვთ ამ მიწებზე საკუთრების უფლება. მისი უდიდებულესობის, ან მისი წინაპრების საზოგადოებრივი ხაზინიდან მათი დახმარებისათვის ერთი შილინგიც კი არ ყოფილა გამოყოფილი იმ დრომდე, რაც კოლონიები მტკიცე და მუდმივ საფუძველზე ჩამოყალიბდნენ. ხოლო უკვე შემდგომ, როდესაც, დიდი ბრიტანეთისათვის სავაჭრო მიზნებიდან გამომდინარე, ისინი ფასეულნი გახდნენ, პარლამენტმა მათ სიამოვნებით აღმოუჩინა დახმარება მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც მოწადინებული იყო, მათი ვაჭრობის შემოსავალი მიეტაცებინა საკუთარი ძლევამოსილების გასამყარებლად და დიდი ბრიტანეთის საზიანოდ. ამგვარ ვითარებაში, ამ სახის დახმარება აქამდეც ხშირად ყოფილა გაწეული პორტუგალიის და სხვა მოკავშირე სახელმწიფოებისათვის, რომლებთანაც დიდ ბრიტანეთს სავაჭრო ურთიერთობები აქვს დამყარებული. თუმცა, ამ ქვეყნებს არასოდეს უფიქრიათ, რომ დახმარების თხოვნისას, ისინი მისი მბრძანებლობის ქვეშ ექცეოდნენ. ამგვარი პირობები რომ ყოფილიყო შეთავაზებული, ისინი მედიდურ უარს იტყოდნენ და მტრებთან მორიგებას შეეცდებოდნენ, ან კიდევ საკუთარი სამხედრო ძალების მობილიზებას მოახდენდნენ. ამავე დროს, ჩვენ სულაც არ გვსურს იმ დახმარების დაკნინება, რომელიც ჩვენთვის უდავოდ ღირებული იყო, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზებს ემყარებოდა ის. ჩვენ გვსურს, ვაჩვენოთ, რომ ეს დახმარება არ აკანონებს იმ ძალაუფლებას, რომლის თავზე მოხვევასაც ჩვენთვის ბრიტანეთის პარლამენტი ცდილობს და რომ ამ დახმარების უხვი ანაზღაურება იმით არის შესაძლებელი, რომ დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებლებს ვაჭრობაში ისეთი განსაკუთრებული პრივილეგიები მივცეთ, რომლებიც მათ სარგებელს მოუტანს, ხოლო ჩვენ ნაკლებად შეგვზღუდავს. ამერიკის უდაბურ ადგილებში გაშენებულ დასახლებებში ემიგრანტებმა იმავე კანონთა სისტემის შემოღება მიიჩნიეს საჭიროდ, რომლითაც ისინი სამშობლოში ხელმძღვანელობდნენ. მასთან კავშირის გაგრძელება მათ საერთო მბრძანებლისადმი მორჩილების მეშვეობით სურდათ, რომელიც იმპერიის ახლადაღმოცენებული ნაწილების დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, ჩაგვრის მარწუხებს საკმაოდ შორს გაექცნენ, მათ მაინც არ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ ამგვარად მოპოვებული უფლებები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების და ქონების გახარჯვის ფასად დაუჯდათ, მშვიდად გამოეყენებინათ. იმ დროისათვის ბრიტანეთის ტახტს ის სამეფო  დინასტია  მართავდა, რომელთა მოღალატეობრივმა დანაშაულმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ხალხის ხელში საჭიროების შემთხვევაში არსებული დასჯის იმ წმინდა და სუვერენული უფლებების გამოყენებას მისცა ბიძგი, რომლებიც, კონსტიტუციის თანახმად, რომელიმე სხვა მართლმსაჯულების ხელში არ უნდა გადასულიყო. რადგან ოკეანის გაღმა მყოფ ქვეშევრდომთა მიმართ ყოველდღიურად ძალაუფლების ახალ და უსამართლო გამოყენებას ჰქონდა ადგილი, ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რომ აქეთ  მხარეს  მყოფნი, რომელთაც იმ დროისათვის ნაკლები ძალა შესწევდათ, შეძლებდნენ, წინ აღსდგომოდნენ დესპოტიზმს და ამგვარ შევიწროებას თავს დააღწევდნენ.

შესაბამისად, ქვეყანა, რომელიც ცალკეულ თავგადასავალთა მაძიებლების სიცოცხლის, შრომისა და ქონების ფასად იქნა მოპოვებული, ამ მეფეების მიერ რამდენჯერმე იქნა დანაწილებული და მათი რჩეულებისა და მომხრეებისთვის განაწილებული. მხოლოდ სამეფო ტახტის მიერ მითვისებული უფლების საფუძველზე იქნა ჩამოყალიბებული განცალკევებული და დამოუკიდებელი ხელისუფლებები. გვჯერა, რომ მისი უდიდებულესობის კეთილგონიერებისა და გულისხმიერების წყალობით, დღესდღეობით ასეთი რამ არ განმეორდება, რადგან ძალაუფლების ამგვარ გამოყენებას - ქვეყნის დაყოფასა და დანაწევრებას - უძველესი დროიდან დღემდე, მისი უდიდებულესობის ინგლისის სამეფოში ადგილი არ ჰქონია. ამის გამართლება და გაგება ვერც აქ და ვერც მისი უდიდებულესობის იმპერიის სხვა რომელიმე ნაწილში ვერ მოხერხდება.

მსოფლიოს ყველა ნაწილში თავისუფალი სავაჭრო საქმიანობის უფლება, რაც ამერიკული კოლონისტებისთვის ბუნებითი უფლებაა და რაც მათი არც ერთი კანონის მიერ არ ყოფილა შეზღუდული, ან ჩამორთმეული, შემდგომში უსამართლო ხელყოფის საგნად იქცა. ზოგიერთი კოლონია მიიჩნევდა, რომ მართებული იქნებოდა, თუ საკუთარი ხელისუფლების მმართველობას მისი უდიდებულესობის მეფე ჩარლზ პირველის  სახელითა და რწმუნებულებით გააგრძელებდა, რომელსაც ისინი თავიანთი შტატის სუვერენად მიიჩნევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის რესპუბლიკამ იგი ტახტიდან ჩამოაგდო. რესპუბლიკის პარლამენტმა ეს უმაღლეს დანაშაულად მიიჩნია და თავს იმის უფლება მისცა, რომ ამ კოლონიებს, დიდი ბრიტანეთის გარდა, მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან ვაჭრობა აუკრძალა. თუმცა, ეს თვითნებური აქტი მათ მალევე გააუქმეს და 1651 წლის მარტის მეთორმეტე დღეს, ზემოთ დასახელებულ რესპუბლიკასა, მისი უფლებამოსილი პირების სახით, და ვირიჯინიის კოლონიას შორის, მისი თვითმმართველობის წარმომადგენლების სახით, საზეიმო ხელშეკრულება დაიდო, რომლის მერვე მუხლში პირდაპირ იყო აღნიშნული, რომ მათ უფლება ჰქონდათ „ამ რესპუბლიკის კანონების თანახმად, თავისუფალი ვაჭრობა ეწარმოებინათ ნებისმიერ ქვეყანასთან, ისევე, როგორც ინგლისელ ხალხს შეუძლია ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ერთან ვაჭრობის წარმოება.“ მაგრამ მისი უდიდებულესობის ჩარლზ მეორის ტახტზე აღდგენის შემდეგ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კოლონიების უფლებები თვითნებურ ძალაუფლებას კიდევ ერთხელ შეეწირა მსხვერპლად. მისი, ისევე, როგორც მისი ზოგიერთი მემკვიდრის ზეობის ჟამს მიღებული რამდენიმე აქტის თანახმად, კოლონიების ვაჭრობა იმგვარი შეზღუდვების ქვეშ მოექცა, რომელიც კარგად აჩვენებს, თუ რა იმედები შეიძლება ჰქონდეთ კოლონიებს ბრიტანეთის პარლამენტის სამართლიანობისაგან, ამ შტატებზე მისი შეუზღუდავი ძალაუფლება რომ ვრცელდებოდეს. ისტორია გვიჩვენებს, რომ ადამიანთა ჯგუფებს, ისევე, როგორც ინდივიდებს, ტირანიისკენ აქვთ მიდრეკილება. ამ დაკვირვების ჭეშმარიტებას ცხადად დავინახავთ, თუ თვალს გადავავლებთ პარლამენტის მიერ ამერიკული ვაჭრობის რეგულირებისათვის მიღებულ საჭირო აქტებს, როგორც მათ ფარისევლურად უწოდებენ, თუნდაც ყველა სხვა საბუთი ხელთ არ გვქონდეს. გარდა იმ ბაჟისა, რომელსაც ისინი აწესებენ ჩვენს საექსპორტო და იმპორტულ საქონელზე, ჩვენ გვეკრძალება იმ ბაზრებზე ვაჭრობა, რომლებიც ესპანეთის სამეფოში ფინისტერეს კონცხის ჩრდილოეთით მდებარეობს, რათა გავყიდოთ ისეთი საქონელი, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ჩვენგან არ იღებს და ვიყიდოთ საქონელი, რომლითაც ის ჩვენ ვერ გვამარაგებს. ყოველივე ეს ხდება იმ ეგოისტური მიზნის გამო, რომ ყველაფერი თავად შეისყიდონ, ჩვენი უფლებებისა და ინტერესების მსხვერპლად შეწირვის ხარჯზე. დიდმა ბრიტანეთმა გარკვეული პრივილეგიები მიანიჭა ზოგიერთ მოკავშირე სახელმწიფოს ვაჭრობაში. ეს სახელმწიფოები დარწმუნებულნი არიან, რომ ამერიკასთან მათი ექსკლუზიური ვაჭრობა გაგრძელდება, თუ ბრიტანეთის  პარლამენტის პრინციპები და ძალმომრეობა იგივე დარჩება. ისინი საშინლად გათავხედდნენ, რაც მათი გაუმაძღრობითა და ჩვენი გაჭირვებით იყო ნაკარნახევი. პრივილეგიების მიღების შემდეგ მათ ორჯერ და სამჯერ გაზარდეს ფასი იმ საქონელზე, რომელიც ამერიკისთვის იყო განკუთვნილი და რომლის შეძენასაც, უფრო იაფად, სხვაგან შევძლებდით. თან, ამ შემთხვევაში, ხარისხიც უკეთესი იქნებოდა. გარდა ამისა, ეს სახელმწიფოები იმაზე ცოტას გვიხდიან ჩვენს საქონელში, ვიდრე ჩვენ მივიღებდით უფრო ხელსაყრელ პორტებში. პარლამენტის აქტები გვიკრძალავს სხვა მყიდველების მოძიებას, რათა გავყიდოთ თამბაქოს ის ნაშთი, რომელიც ბრიტანეთის მოთხოვნილებათა უზრუნველყოფის შემდგომ გვრჩება. ამიტომაც, ჩვენ იძულებულნი ვართ, მივყიდოთ ის ბრიტანელ ვაჭარს იმ ფასად, რომელსაც იგი დაგვისახელებს. შემდგომ იგი ამ საქონელს საზღვარგარეთის ბაზრებზე აგზავნის, საიდანაც დიდ სარგებელს იღებს, ვინაიდან მათ უფრო ძვირად ყიდის. იმისათვის, რომ პარლამენტის სამართლიანობის შესახებ მოსაზრება გავამყაროთ და ვაჩვენოთ, თუ როგორი თავმდაბლობით ახორციელებს ის საკუთარ  უფლებამოსილებას, რომლის სიმძიმესაც ის საერთოდ არ გრძნობს, მის უდიდებულესობას შევახსენებთ ბრიტანეთის პარლამენტის ზოგიერთ  სხვა  აქტს, რომლის ზოგიერთი მუხლის მიხედვითაც ჩვენ გვეკრძალება ჩვენი საჭიროებებისათვის საკუთარ მიწებზე ჩვენივე შრომით მოწეული პროდუქციის წარმოება. აწ განსვენებული ჯორჯ მეორის მეფობის მეხუთე წელს მიღებული კანონის თანახმად, ამერიკელ ქვეშევრდომს ეკრძალება, თავისთვის შეიკეროს ქუდი იმ ბეწვეულისაგან, რომელიც მან, სავარაუდოდ, საკუთარ მიწაზე მოიპოვა. ეს დესპოტიზმის ისეთი მაგალითია, რომლის მსგავსი ბრიტანეთის ისტორიის ყველაზე დესპოტურ ეპოქებშიც კი ვერ მოიძებნება. იმავე მეფის ზეობის ოცდამესამე წელს მიღებული კიდევ ერთი კანონის თანახმად, ჩვენ გვეკრძალება იმ რკინეულობის წარმოება, რომელსაც მოვიპოვებთ. ამ მძიმე და სამეურნეო-ეკონომიკური ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროსთვის საჭირო საქონლის საკომისიო და სადაზღვევო გადასახადის გარდა, დიდ ბრიტანეთში გადაზიდვისა და უკან გადმოზიდვისთვის, დამატებით გადასახადს ვიხდით, რათა დიდი ბრიტანეთის კუნძულზე არა მხოლოდ ადამიანები, არამედ მანქანა-დანადგარებიც უზრუნველვყოთ. თანასწორი და მიუკერძოებელი კანონმდებლობის იმავე სულისკვეთებაში უნდა განვიხილოთ ზემოთ დასახელებული მეფის ზეობის მეხუთე წელს პარლამენტის მიერ მიღებული კიდევ ერთი აქტი, რომლის თანახმად ამერიკის მიწები ბრიტანელი კრედიტორების მოთხოვნებს ექვემდებარებიან, მაშინ, როდესაც ეს მოთხოვნა თავად მათ მიწებზე არ ვრცელდება. აქედან ერთი დასკვნა გამომდინარეობს: სამართლიანობა ბრიტანეთსა და ამერიკაში სხვადასხვაგვარია, ან კიდევ ბრიტანეთის პარლამენტი აქ უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევს სამართლიანობას, ვიდრე იქ. თუმცა ჩვენ ამ აქტების უსამართლობაზე მის უდიდებულესობას სულაც არ მივუთითებთ იმ განზრახვით, რომ მათი ბათილად ცნობის მიზეზი ავხსნათ. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რათა ვაჩვენოთ, რომ გამოცდილება იმ პოლიტიკურ პრინციპთა მართებულობას ამტკიცებს, რომელიც ჩვენ ბრიტანეთის პარლამენტის იურისდიქციიდან გვათავისუფლებს. ნამდვილი საფუძველი, რის გამოც ჩვენ ამ აქტებს ძალადაკარგულად ვაცხადებთ, ის არის, რომ ბრიტანეთის პარლამენტს ჩვენზე საკუთარი ძალაუფლების გავრცელების უფლება არ აქვს.

უზურპირებული ძალაუფლების ეს ქმედებები არ შემოიფარგლება მხოლოდ ცალკეული მაგალითებით, რომლითაც ისინი დაინტერესებულნი იყვნენ. გარდა ამისა, ისინი კოლონიების საშინაო საქმეების რეგულირებაშიც ერეოდნენ. როგორც ჩანს, დედოფალ ანას მეცხრე აქტს, რომელიც ამერიკაში საფოსტო სადგურის დაარსებას განსაზღვრავდა, ბრიტანეთის მიზნებთან ცოტა რამ აკავშირებდა, მისი უდიდებულესობის მინისტრებისა და რჩეული ქვეშევრდომებისათვის ხელსაყრელი და სარფიანი თანამდებობების გაყიდვის უფლების მინიჭებას თუ არ ჩავთვლით.

ჩვენ სწორედ ამგვარად განვვლეთ იმ მეფეთა ზეობის ხანები, რომლებიც თქვენი უდიდებულების ზეობის ხანას უძღოდა წინ. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი უფლებების შელახვა იმდენად შემაშფოთებელი არ იყო და მას გარკვეულ პერიოდებში თუ ჰქონდა ადგილი, მაშინ როდესაც დღესდღეობით, დაჩქარებული და კადნიერი წესით, ერთიმეორის მიყოლებით ხდება მათი შელახვა, რაც დღეს არსებულ ვითარებას ამერიკული ისტორიის ყველა სხვა პერიოდისაგან გამოარჩევს. ჩვენი ცნობიერება ჯერ კიდევ არ იყო გამორკვეული იმ გაოგნებისაგან, საპარლამენტო მეხის დაცემამ რომ გამოიწვია, რომ სხვა, უფრო მძიმე და შემაშფოთებელი მეხი დაგვეცა თავზე. ტირანიის ცალკეული მაგალითები ამა თუ იმ დღის განწყობით გამოწვეულ შემთხვევითობას შეიძლება მიეწეროს; მაგრამ ჩაგვრის ეს გაუთავებელი წყება, რომელიც კონკრეტულ პერიოდში დაიწყო და უცვლელად გრძელდებოდა მინისტრების ყოველი ცვლილებისას, აშკარად ამტკიცებს ჩვენი დამონების წინასწარგანზრახული და სისტემური გეგმის არსებობას. მისი უდიდებულესობის  ზეობის  მეოთხე  წელს  მიღებული აქტი „ამერიკაში ბრიტანული კოლონიებისა და პლანტაციებისათვის ბაჟის დაკისრების შესახებ“, ასევე, მისი ზეობის მეხუთე წელს მიღებული კიდევ ერთი აქტი „ამერიკაში ბრიტანული კოლონიებისა და პლანტაციებისათვის რიგი საგერბო გადასახადისა და სხვა გადასახადების დაკისრების შესახებ“, ისევე, როგორც მისი ზეობის მეექვსე წელს მიღებული კიდევ ერთი აქტი, სახელწოდებით - „ამერიკაში მისი უდიდებულესობის სამფლობელოთა ბრიტანეთის ტახტისა და პარლამენტისადმი დამოკიდებულების გაუმჯობესების შესახებ“ და მისი ზეობის მეშვიდე წელს მიღებული კიდევ ერთი აქტი, სახელწოდებით - „გაზეთებზე, ჩაიზე და ა.შ. გადასახადების დაკისრების შესახებ“ წარმოშობს საპარლამენტო უზურპაციის ჯაჭვს, რაც მისი უდიდებულესობისადმი, ისევე, როგორც დიდი ბრიტანეთის ლორდთა და თემთა პალატებისადმი, ესოდენ ხშირი მიმართვის საგნად იქცა. რადგან დღემდე არც ერთ მათგანზე პასუხი არ მიგვიღია, ჩვენ აღარ შევაწუხებთ მის უდიდებულესობას იმ საკითხთა გამეორებით, რომლებსაც ეს მიმართვები შეიცავდნენ.

თუმცა კიდევ ერთი აქტი, რომელიც მისი ზეობის მეშვიდე წელს იქნა მიღებული, საგანგებო განზრახვას შეიცავს და ამიტომ საგანგებო აღნიშვნას საჭიროებს. მისი სახელწოდებაა „აქტი ნიუ-იორკის საკანონმდებლო ხელისუფლების უფლებამოსილების შეჩერების შესახებ“. ერთი თავისუფალი და დამოუკიდებელი საკანონმდებლო ხელისუფლება თავის თავზე იღებს მეორე, ასევე თავისუფალი და დამოუკიდებელი ხელისუფლების უფლებამოსილების შეჩერებას. ამგვარი ქმედებით ის ბუნებაში სრულიად უცნობ ფენომენს წარმოგვიჩენს, რომელიც ერთდროულად არის საკუთარი ძალმოსილების შემქმნელიც და ქმნილებაც. როგორც ჩანს, არა მხოლოდ საღი აზრი, არამედ ადამიანური ბუნების საღი განცდებიც კი უნდა მივჩქმალოთ, ვიდრე აქ მცხოვრები მისი უდიდებულესობის ქვეშევრდომები იმაში დარწმუნებას შეძლებენ, რომ თურმე მათი პოლიტიკური არსებობა ბრიტანეთის პარლამენტის ნებაზე ყოფილა დამოკიდებული. განა უნდა დავითხოვოთ ეს მთავრობები, გავაცამტვეროთ მათი ქონება, ხოლო მათი ხალხი ბუნებით მდგომარეობამდე დავიყვანოთ, ადამიანთა იმ ჯგუფის დესპოტური მიზნების გამო, რომელიც მათ თვალითაც არ უნახავთ, რომლისთვისაც არასოდეს გამოუცხადებიათ ნდობა და რომლის დასჯისა და გადაყენების ძალა არ შესწევთ, იმ პირობებშიც კი, როდესაც ამ უკანასკნელთ დიდი დანაშაული მიუძღვით ამერიკელი ხალხის წინაშე? განა ერთი მიზეზიც კი შეიძლება დასახელდეს, თუ რატომ უნდა უწერდეს კანონს ბრიტანეთის კუნძულის 160 000 ამომრჩეველი ამერიკის შტატების 4 მილიონ ამორჩეველს? ისინი ხომ თანასწორნი არიან სიქველეშიც, გონიერებაშიც და ფიზიკურ სიძლიერეშიც? თუ ამას დავუშვებდით, მაშინ თავისუფალ ადამიანებად ყოფნის ნაცვლად, როგორებადაც ჩვენ საკუთარ თავს მოვიაზრებდით და დღემდე მოვიაზრებთ, უეცრად მონებად ვიქცევით, თანაც არა ერთი, არამედ 160 000 ტირანის მონებად. ისინი სხვა ტირანებისაგან მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ მათ არა აქვთ შიშის განცდა, რომელიც ტირანის შემაკავებელი ერთადერთი ძალაა.

ბრიტანეთის პარლამენტმა ბოლო სხდომაზე მიიღო „აქტი, რომელიც მასში აღნიშნული წესით და აღნიშნული დროის განმავლობაში, აჩერებს ჩრდილოეთ ამერიკაში, მასაჩუსეტსის ყურის მიდამოში, ქალაქ ბოსტონსა და მის ნავსადგურში, ვაჭრობასა და საქონლის გადმოტვირთვასა და ჩატვირთვას“. ამ აქტმა დიდი და ხალხმრავალი ქალაქი, რომლის ერთადერთი საარსებო საშუალება ვაჭრობა იყო, ვაჭრობის უფლების გარეშე დატოვა და სრული დაღუპვის გზაზე დააყენა. უფლების საკითხი ერთი წუთით გვერდით გადავდოთ, რათა ეს აქტი სამართლიანობის პრინციპების მიხედვით განვსაჯოთ. პარლამენტმა მიიღო აქტი, რომელიც ამერიკაში ჩაიზე გარკვეულ გადასახადებს აწესებდა. ამ აქტს ამერიკელები აპროტესტებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ის უკანონო იყო. აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიამ, რომელსაც იმ დრომდე თავისი ხარჯით ერთ ფუნტი ჩაიც კი არ გამოუგზავნია ამერიკაში, ამ შემთხვევაში აღნიშნული საპარლამენტო რეგულაციის მიმღებთ მხარი დაუჭირა და იმ საძაგელი საქონლით დატვირთული მრავალი ხომალდი აქ გამოგზავნა. თუმცა, ამერიკაში ჩამოსვლისას რამდენიმე ხომალდის მფლობელი გონივრულად მოიქცა და, გაფრთხილების შემდეგ, საკუთარი ტვირთით უკან გაბრუნდა. ახალი ინგლისის პროვინციაში კი ხალხის პროტესტი არაფრად ჩააგდეს და, მრავალი დღის ლოდინის მიუხედავად, დათმობაზე ცივი უარი უთხრეს. თუ ვინმემ იცის, რომ ამ დროს ხომალდის მფლობელი საკუთარი სიჯიუტით, ან სხვა რაიმე მითითებით ხელმძღვანელობდა, დაე თქვას. არსებობს განსაკუთრებული ვითარებები, როდესაც განსაკუთრებული ჩარევა ხდება ხოლმე საჭირო. გაღიზიანებულ ხალხს, რომელსაც საკუთარი ძალმოსილების განცდა აქვს, მკაცრი შეზღუდვის ქვეშ ადვილად ვეღარ მოაქცევ. მრავალი მათგანი ქალაქ ბოსტონში შეიკრიბა, ჩაი ოკეანეში გადაუძახეს და ყოველგვარი სხვა ძალადობის ჩადენის გარეშე დაიშალნენ. თუ მათ ამით რამე დააშავეს, მაშინ შეიძლებოდა მათი პასუხისგებაში მიცემა და ამ ქვეყნის კანონებით გასამართლება, რადგან მათ იცნობდნენ. ამ კანონების მიმართ იმას ვერ ვიტყვით, რომ ისინი ოდესმე დამნაშავეთა სასარგებლოდ ირღვეოდნენ. შესაბამისად, მათ არც ამ შემთხვევაში, არ უნდა გამოვუცხადოთ უნდობლობა. ეს ბედდამწვარი კოლონია უწინ მამაცურად ებრძოდა სტიუარტების დინასტიას, ახლა კი ის უხილავი ხელი, რომელიც ამ დიდი იმპერიის უმნიშვნელოვანეს საკითხებს განაგებს, მას დასაღუპად წირავს. მთავრობის უმნიშვნელო ჩინოვნიკების მიკერძოებული წარმოდგენების გამო, რომელთა ძირითადი საქმეც მთავრობის დაბნეულობაში შეყვანაა და რომლებიც ღალატის ჩადენის ფასად ბრიტანული რაინდობის ღირსების მოპოვებას იმედოვნებენ, დამნაშავეთა ჯგუფის გამოვლენის, მტკიცებულებათა მოპოვების, დამნაშავისა და უდანაშაულოს ერთმანეთისაგან გარჩევის მცდელობის გარეშე, მთელი ეს უძველესი და უმდიდრესი ქალაქი სიმდიდრიდან სიღარიბისაკენ მიექანება. ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ბრიტანეთის ვაჭრობის გაფართოებას შეალიეს და ამ მიწებზე საკუთარი პატიოსანი შრომის ფასად მოპოვებული ქონება დააბანდეს, ერთ დღესაც, ოჯახებითურთ, სხვების მოწყალების იმედად დარჩენილები აღმოჩნდნენ. ამ ქალაქის მცხოვრებთა მეასედი ნაწილიც კი არ შეწუხებულა იმ აქტით, რომელზედაც ვჩივით; ბევრი მათგანი დიდ ბრიტანეთსა და ზღვის გაღმა სხვა ადგილებში იმყოფებოდა; თუმცა, აქამდე უცნობი ახალი აღმასრულებელი ძალის, კერძოდ კი, ბრიტანეთის პარლამენტის მიერ, ამ ქაოტურ ნგრევაში ყველა იქნა ჩათრეული. მრავალ მილიონად შეფასებული ქონება იმ რამდენიმე ათასიანი ზარალის ასანაზღაურებლად როდი იქნა გამოყენებული, არამედ შურისძიების წყურვილს შეეწირა. ეს მართლაც რომ სასტიკი მართლმსაჯულებაა! განა როდის უნდა ჩაცხრეს ეს მღელვარება? ორი ნავმისადგომი ხელახლა გაიხსნება მაშინ, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის მისი უდიდებულესობა. ხოლო დანარჩენ ნავმისადგომებში, რომლებიც ბოსტონის ყურის ფართო ნაპირებზე მდებარეობენ, ვაჭრობა სამუდამოდ აიკრძალა. ეს მცირე გამონაკლისი, როგორც ჩანს, იმ მიზეზით არის გაკეთებული, რომ მისი უდიდებულესობის საკანონმდებლო უფლებამოსილებით აღჭურვის პრეცენდენტი შეიქმნას. თუ ამ მცდელობის პირობებში მისი ხალხის მაჯისცემა მშვიდი იქნება, მაშინ სხვა ამგვარი მცდელობები განხორციელდება, ვიდრე დესპოტიზმის საწყაული არ აღივსება. საღი აზრისათვის შეურაცხმყოფელი იქნება, თუ თავს მოვაჩვენებთ, რომ ეს გამონაკლისი ამ დიდი ქალაქის ვაჭრობის აღდგენისთვის იყო დაშვებული.  ვაჭრობა, რომელსაც მხოლოდ ორი ნავმისადგომი ვერ უზრუნველყოფს, აუცილებლობით გადაინაცვლებს სხვა ადგილზე, რასაც ამ ორი ნავმისადგომის გაუქმებაც მალე მოჰყვება. თუ საკითხს ამ ჭრილში განვიხილავთ, მაშინ ეს ერთობ კადნიერი და სასტიკი აბუჩად აგდებაა ქალაქ ბოსტონის განადგურების ფონზე.

ქალაქ ბოსტონში აჯანყებისა და უწესრიგობის ჩახშობის შესახებ აქტის თანახმად, რომელიც, ასევე, პარლამენტის ბოლო სხდომაზე იქნა მიღებული, პირი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, გუბერნატორის სურვილის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის კუნძულზე, სამეფო სასამართლოში, მიდლსექსის მსაჯულთა მიერ გასამართლდება. თავის მხრივ, მოწმეებიც ვალდებულნი არიან, სასამართლოზე გამოცხადნენ იმ ოდენობის თანხის მიღების სანაცვლოდ, რომლის გაცემასაც გუბერნატორი ჩათვლის მიზანშეწონილად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს სხვა არაფერია, თუ არა მათთვის სასამართლოში განცხადებებისთვის საზღაურის დაწესება, რომლის ოდენობაც გუბერნატორის სურვილისამებრ განისაზღვრება. ნუთუ მისი უდიდებულესობა ფიქრობს, რომ ვინმეს მოესურვება ატლანტიკის ოკეანის გადაცურვა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ჩვენება მისცეს რომელიმე საქმესთან დაკავშირებით? მართალია, მისი ხარჯები ანაზღაურდება, იმდენად, რამდენადაც გუბერნატორი შეაფასებს მათ, მაგრამ ვინ გამოკვებავს მის ცოლსა და შვილებს, რომლებსაც იგი აქ ტოვებს, რომელთაც არ გააჩნიათ სხვა საარსებო საშუალება, გარდა მისი ყოველდღიური შრომისა? უცხო კლიმატში მრავალი ეპიდემიური დაავადებაა. განა ხარჯების მუხლში მისი მკურნალობისათვის საჭირო თანხა გამოყოფილია, განა ყოვლისშემძლე პარლამენტმა ამგვარი ხიფათები გაითვალისწინა? ხოლო საწყალ დამნაშავეს, თუ მან ამერიკაში ჩაიდინა დანაშაული, ჩამორთმეული აქვს პრივილეგია, რომ მისი საქმე მისი მხარის თანასწორთა სასამართლომ განსაჯოს. გარდა ამისა, მას იმ ერთადერთ ადგილს ატოვებინებენ, სადაც მტკიცებულების სრულად მოძიებაა შესაძლებელი და ფულის, ვექილის, მეგობრების, გამამართლებელი მტკიცებულებების გარეშე იმ სასამართლოს გადასცემენ, რომელსაც განაჩენი წინასწარ აქვს გამოტანილი. ის ლაჩრები, რომლებიც საკუთარ თანამემამულეებს სტანჯავენ და მათ საზოგადოების წიაღს აშორებენ, რათა საპარლამენტო ტირანიას მსხვერპლი მიართვან, სამარადჟამო სირცხვილს დაიმსახურებენ, იმ სირცხვილს, რომელიც ამჟამად ამ აქტის ავტორების თავზე ტრიალებს! მისი უდიდებულესობის ზეობის მეთორმეტე წელს მიღებულ აქტში, სახელწოდებით - „მისი უდიდებულესობის გემთსაშენების, გაზეთების, გემების, საბრძოლო აღჭურვილობის, და სავაჭრო საწყობების მოვლისა და უსაფრთხოების შესახებ“ სწორედ იმავე მიზეზით შეტანილ იქნა პუნქტი, რომლის წინააღმდეგაც რამდენიმე კოლონიამ უკვე გამოთქვა პროტესტი, ვინაიდან მან მათი უნდობლობა დაიმსახურა.

ეს აქტები ადამიანთა ერთი ჯგუფის მიერ ხელთპყრობილი ძალაუფლების ნაყოფია. ისინი უცხოა ჩვენი კონსტიტუციებისათვის და ჩვენი კანონები მათ არ ცნობენ. მათ წინააღმდეგ ბრიტანული ამერიკის მცხოვრებთა სახელით შემოგვაქვს ეს საყოველთაო და საბოლოო საპროტესტო განცხადება; ჩვენ დაჟინებით ვთხოვთ მის უდიდებულესობას, როგორც ჯერ კიდევ ბრიტანეთის იმპერიის  რამდენიმე მხარეს შორის არსებულ ერთადერთ შუამავალ ძალას, რათა საკუთარ პარლამენტს დიდ ბრიტანეთში ურჩიოს ამ აქტების სრული გაბათილება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ მნიშვნელობას აღარ ვანიჭებთ, ისინი მაინც შეიძლება იქცნენ ჩვენს შორის უკმაყოფილებისა და განხეთქილების საბაბად.

ახლა კი ჩვენ უკვე მისი უდიდებულესობის საქმიანობის განხილვაზე გადავდივართ, ვინაიდან მას ამ შტატების კანონთა აღსრულების უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. შესაბამისად, ჩვენ მივუთითებთ მის მიერ მოვალეობებისგან გადახვევის ფაქტებზე. დიდი ბრიტანეთის, ისევე, როგორც ზოგიერთი ამერიკული შტატის კონსტიტუციის თანახმად, მისი უდიდებულესობა უფლებამოსილია, არ დაამტკიცოს კანონად ის კანონპროექტი, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლების ორივე შტოს მიერ იქნა დამტკიცებული. თუმცა, მისი უდიდებულესობა, ისევე, როგორც მისი წინაპრები, უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში, მოკრძალებულ უარს აცხადებდნენ ამ უფლებამოსილების გამოყენებაზე იმპერიის იმ ნაწილში, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ეწოდება, იმ მიზეზის გამო, რომ ერთი მოსაზრების დაპირისპირება პარლამენტის ორი პალატის გაერთიანებულ სიბრძნესთან უადგილო იქნებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტის ქმედებები მიუკერძოებელი იყო. მაგრამ, ვითარების ცვლილების კვალდაკვალ, სხვა პრინციპებმა, რომელთაც სამართლიანობასთან არაფერი ჰქონდათ საერთო, მარტივად მოიპოვეს ზეგავლენა პარლამენტის გადაწყვეტილებებზე. ბრიტანეთის იმპერიისათვის ახალი შტატების შემოერთებამ, ახალი და ზოგჯერ საწინააღმდეგო ინტერესების წარმოქმნა გამოიწვია. ამდენად, ამჟამად მისი უდიდებულესობის დიად ამოცანას წარმოადგენს, განაახლოს თავისი უარყოფითი უფლებამოსილების გამოყენება და თავიდან აიცილოს იმპერიის რომელიმე საკანონმდებლო ორგანოს მიერ იმგვარი კანონების მიღება, რომლებიც, შესაძლოა, ზიანის მომტანი გამოდგეს სხვა საკანონმდებლო ორგანოს მისწრაფებებისა და ინტერესების მიმართ. თუმცა, ეს ვერ გაამართლებს ამ უფლებამოსილების დაუფიქრებლად გამოყენების იმ პრაქტიკას, რომელიც თქვენი უდიდებულესობის მიერ ამერიკული საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებულ კანონთა მიმართ ვიხილეთ. ერთობ უმნიშვნელო, ხოლო ზოგჯერ სრულიად წარმოუდგენელ მიზეზთა გამო, მისი უდიდებულესობა ყველაზე კეთილგანწყობილი სულისკვეთების კანონებსაც კი უარყოფდა. მონობის გაუქმება იმ კოლონიების განსაკუთრებული სურვილია, სადაც ეს მავნე ინსტიტუტი კოლონიების დაარსების დღიდან დანერგეს. თუმცა, მონების გათავისუფლებამდე, საერთოდ უნდა შეწყდეს მათი შემოყვანა აფრიკიდან. მაგრამ, ჩვენი განმეორებითი მცდელობები, აკრძალვებით შეგვეჩერებინა ეს პროცესი, ან ისეთი გადასახადები დაგვეკისრებინა, რომ ეს აკრძალვის ტოლფასი ყოფილიყო, უშედეგო აღმოჩნდა მისი უდიდებულესობის უარის გამო. ამრიგად, რამდენიმე აფრიკელი მეკობრის ინტერესებს მეტი უპირატესობა ენიჭებოდა, ვიდრე ამერიკული შტატების შორსმიმავალ, მყარ ინტერესებს, ისევე, როგორც ადამიანის ბუნებით უფლებებს, რომლებიც უკიდურესად შებღალულია ამ სამარცხვინო საქმიანობით. უფრო მეტიც, დაინტერესებული პირის ჩარევა კანონის წინააღმდეგ თითქმის ყოველთვის წარმატებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ სასწორის მეორე მხარეს მთელი ქვეყნის ინტერესები იდო. ეს მისი უდიდებულესობისადმი მინდობილი ძალაუფლების სხვა მიზნებისათვის გამოყენების ისეთი სამარცხვინო შემთხვევაა, რომ თუ მისი რეფორმირება არ მოხდა, მაშინ გარკვეული სამართლებრივი შეზღუდვების შემოღება გახდება საჭირო.

აქ მყოფი ხალხის მოთხოვნილებათა უგულებელყოფით, მისმა უდიდებულესობამ ჩვენი კანონები წლების განმავლობაში უყურადღებოდ დატოვა ინგლისში. ის არც ეთანხმებოდა მათ და არც მათ ანულირებას ახდენდა. ამ კანონებიდან ისეთ კანონებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მუხლი დროებითი შეჩერების შესახებ, ჩვენ ვმორჩილებთ ყველაზე უფრო სახიფათო ვადით, რაც მისი უდიდებულესობის ნებაზეა დამოკიდებული; ხოლო ის კანონები, რომლებიც მანამ წყვეტენ მოქმედებას, ვიდრე მისი უდიდებულესობის თანხმობა იქნება მოპოვებული, ვშიშობთ, რომ შორეულ მომავალში ამოქმედდება, კერძოდ მაშინ, როდესაც დროისა და ვითარების ცვლილება მათ ხალხისათვის საზიანოდ გადააქცევს. ხოლო იმასთვის, რომ ეს მწუხარება უფრო დაემძიმებინა, მისმა უდიდებულესობამ თავისი მითითებებით  თავისი  გუბერნატორები იმგვარი შეზღუდვების ქვეშ მოაქცია, რომ მათ არ შეუძლიათ კანონის მიღება, თუ მასში არ არის გათვალისწინებული მუხლი კანონის დროებითი შეჩერების შესახებ. ამდენად, რაც არ უნდა საჭირო იყოს საკანონმდებლო ჩარევა, კანონი ვერ აღსრულდება, ვირდე ის ორგზის არ გადაკვეთს ატლანტიკის ოკეანეს. ამ დროის განმავლობაში კი ბოროტებას შეუძლია, მთელი თავისი ძალა გამოიყენოს.

თუმცა, როგორ უნდა აღვწეროთ მისი უდიდებულესობის ბოლოდროინდელი განკარგულება ვირჯინიის კოლონიის გუბერნატორის მიმართ ისე, რომ ეს აღწერა იყოს მისაღები მისი უდიდებულესობისთვის და, ამავე დროს, ჭეშმარიტებას შეესატყვისებოდეს? ამ განკარგულების მიხედვით, გუბერნატორს ეკრძალება ნებისმიერი კანონის დამტკიცება ოლქის გაყოფის შესახებ, ვიდრე ახალი ოლქი არ დათანხმდება, რომ არ ჰყავდეს ასამბლეაში შესაბამისი წარმომადგენელი. ამ კოლონიას ჯერაც არ დაუდგენია დასავლეთის საზღვარი. შესაბამისად, მისი დასავლური ოლქების ფართობი განუსაზღვრელია. ზოგიერთი მათგანი მათი აღმოსავლური საზღვრებიდან რამდენიმე ასეული მილის დაშორებით მდებარეობს. დაფიქრებულა კი მისი უდიდებულესობა ამ მდგომარეობაში მყოფი ხალხის ბედზე, რომელიც, სამართლიანობის აღდგენის გამო, რაც არ უნდა დიდი ან მცირე იყოს ის, ამ კოლონიის კანონების თანახმად, ამოდენა მანძილზე, თავის მოწმეებთან ერთად, თვეების განამავლობაში, საოლქო სასამართლოებს უნდა დაესწროს, ვიდრე მისი სასამართლო დავა არ გადაწყდება? ან ნამდვილად ხომ არ სურს მის უდიდებულესობას, მთელ მსოფლიოს ამცნოს იმის შესახებ, რომ მისმა ქვეშევრდომებმა უნდა დათმონ წარმომადგენლობითობის დიადი უფლება, ყველა იმ უპირატესობით, რომელიც მისგან გამომდინარეობს და მისი სუვერენული ნების მონა-მორჩილებად იქცნენ? თუ ეს იმისათვისაა გამიზნული, რომ საკანონმდებლო ორგანოების რიცხვი არ გაზარდონ, რათა მათ ადვილად გაუმკლავდნენ, როდესაც ეს საჭირო გახდება?

რიჩარდ მეორის ზეობის დროს, ერთ-ერთი ბრალდება ტრესილიანისა და ვესტმინსტერის ჰოლის სხვა მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლის გამოც ისინი, როგორც თავიანთი ქვეყნის მოღალატეები, სიკვდილით დასაჯეს იყო ის, რომ მათ მეფეს ურჩიეს, მაშინ დაეთხოვა თავისი პარლამენტი, როცა ამას საჭიროდ ჩათვლიდა. ამ უსამართლო მოსამართლეების შეგონება მომდევნო მეფეებმა გაიზიარეს. თუმცა, დიდი რევოლუციის დროს ბრიტანული კონსტიტუციის შექმნიდან, რომელიც თავისუფალ და უძველეს პრინციპებს ემყარებოდა, არც მის უდიდებულესობას და არც მის წინაპრებს არ უცდიათ ამ უფლების გამოყენება დიდი ბრიტანეთის კუნძულზე. ხოლო როდესაც მისი უდიდებულესობა იქ მცხოვრები ხალხის გაერთიანებული მოთხოვნის წინაშე აღმოჩნდა - დაეთხოვა მათთვის აუტანელი პარლამენტი, მისმა მინისტრებმა პარალმენტის ღია სხდომაზე განაცხადეს, რომ, კონსტიტუციის თანახმად, მის უდიდებულესობას ამის უფლებამოსილება არ ჰქონდა. მაგრამ დიდი სხვაობაა მათ განცხადებასა და მისი უდიდებულესობის მიერ ჩვენთან ნამოქმედარს შორის! საკუთარი მოვალეობის შესაბამისად, თავიანთი ქვეყნის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების განცხადება, უცხო მართლმსაჯულების უზურპაციისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მინისტრისა თუ გუბერნატორის დესპოტური განკარგულებების უგულებელყოფა, ამერიკაში წარმომადგენლობითი პალატების დათხოვნის საქვეყნოდ აღიარებული მიზეზი იყო. მაგრამ თუ ასეთი უფლებამოსილება მართლაც მიენიჭებოდა მის უდიდებულესობას, ნუთუ იგი იფიქრებდა, რომ ეს უფლებამოსილება მას აქვს იმიტომ, რომ წარმომადგენლობითი პალატის წევრებმა ამგვარ მიზნებზე ხელი აიღონ? როდესაც წარმომადგენლობითი ორგანოები თავიანთი ამომრჩევლის რწმენას კარგავენ, როდესაც მათ თავიანთი, ყველაზე ძვირფასი უფლებები საჯაროდ გასაყიდად გამოაქვთ, როდესაც ისინი იმგვარ ძალაუფლებას იჩემებენ, რომლის მსგავსიც ხალხს მათთვის არ მიუნიჭებია, მაშინ, რა თქმა უნდა, მათი საქმიანობის გაგრძელება სახელმწიფოსათვის საშიშია და ამიტომ დღის წესრიგში დგება მათი დათხოვნის საჭიროება. სწორედ ეს ის მიზეზებია, რომელთა გამოც წარმომადგენლობითი ორგანო ან უნდა დაითხოვონ, ან არა. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს ეს მიუკერძოებელი დამკვირვებლისათვის, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლობითი ორგანო არასოდეს დაუთხოვიათ, მაშინ როდესაც კოლონიებისთვის ამგვარი განაჩენი ხშირად გამოჰქონდათ.

თუმცა, თქვენ, ან თქვენი გუბერნატორები, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ახორციელებდით ამ უფლებამოსილებას კანონებით განცხადებული და დაწესებული საზღვრების დარღვევით. ერთი წარმომადგენლობითი ორგანოს დათხოვნის შემდეგ, ისინი უარს ამბობდნენ მეორის მოწვევაზე. ასე რომ, დიდი ხნის განმავლობაში, კანონებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ხელისუფლება არ არსებობდა. საგანთა ბუნებიდან გამომდინარე, ყოველი საზოგადოება ნებისმიერ დროს უნდა ფლობდეს კანონშემოქმედების სუვერენულ უფლებას. ადამიანური ბუნება მუდმივად ჯანყდება იმგვარად მოწყობილი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც საგანგებო ვითარების დროს ვერ უმკლავდება იმ საფრთხეებს, რომელიც, შესაძლოა, მას დაუყოვნებლივ განადგურებას უქადის. ვიდრე ის ორგანოები არსებობენ, რომელსაც ხალხმა კანონშემოქმედების უფლებამოსილება გადასცა, მხოლოდ და მხოლოდ ისინი ფლობენ ამ უფლებამოსილებას და შეუძლიათ მისი  განხორციელება. მაგრამ როდესაც საკანონმდებლო ორგანოს ითხოვენ, მათი ამა თუ იმ შტოს მოკვეთით, მაშინ ძალაუფლება ხალხს უბრუნდება, რომელსაც განუსაზღვრელად შეუძლია მისი გამოყენება - ერთად შეკრებით, წარმომადგენლების გაგზავნით, ან ნებისმიერი სხვა გზით, რომელსაც ის შესაბამისად მიიჩნევს. ჩვენ შემდგომი შედეგების განხილვისაგან თავს შევიკავებთ, რადგან აშკარაა ის საფრთხეები, რომლებიც ასეთ საქმიანობას თან ახლავს.

იმავდროულად, ჩვენ ყურადღება უნდა მივაპყროთ იმ ცდომილებას, რომელიც ჩვენს მიერ მიწების ფლობის ხასიათში დევს, რომელიც ჩვენი დასახლების ადრეული პერიოდიდან დამკვიდრდა. უძველეს დროში, ინგლისის სამეფოში, ფეოდალური სისტემის შემოღების ფაქტი საკმაოდ კარგად არის შესწავლილი საიმისოდ, რომ ეს საკითხი სათანადო დონეზე განვიხილოთ. საქსონური დასახლებების ადრეულ ეპოქებში ფეოდალური მფლობელობების შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. ზოგიერთი ასეთი ფაქტის შესახებ ნორმანების მიერ ამ მიწების დაპყრობისას გახდა ცნობილი. ჩვენი საქსონელი წინაპრები ისევე ფლობდნენ მიწებს, როგორც პირად საკუთრებას. ისინი ამ მიწების სრულფასოვანი გამგებელნი და ყოველგვარი ზემდგომისაგან თავისუფლები იყვნენ. ამ ტიპის მფლობელობა ახლოს იდგა იმასთან, რასაც ფეოდალები მემკვიდრეობითს უწოდებდნენ. ამ სისტემის საყოველთაო გავრცელება უილიამ ნორმანელის სახელს უკავშირდება. მიწები, რომლებიც ჰასტინგსის ბრძოლასა და მისი ზეობის ჟამს მომხდარ სხვა აჯანყებებში დაღუპულებს ეკუთვნოდათ, მთელი სამეფოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. ეს მიწები მან თავის ახლობლებს უწყალობა და ფეოდალური ვალდებულებებით დატვირთა, ისევე, როგორც თავისი ახალი ქვეშევრდომების დიდი ნაწილის მიწები, რომლებიც, გადაბირებისა თუ მუქარის გზით, იძულებულნი გახდნენ, დაეთმოთ ისინი. თუმცა, საქსონ ქვეშევრდომთა ხელში ჯერ კიდევ ბევრი მიწა რჩებოდა, რომლებიც არ ექვემდებარებოდა არც ზემდგომ პირებს და არც ფეოდალურ პირობებს. სწორედ ამიტომ, საგანგებო კანონებით, დადგენილ იქნა ერთიანი სამხედრო თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბება, რომლის ფარგლებშიც ეს მიწები ისეთივე სამხედრო ვალდებულებებით დაიტვირთა, როგორც ფეოდები. ნორმანელმა იურისტებმა სწრაფად გამონახეს გზები, რათა ამ მიწებზე სხვა სახის ფეოდალური ვალდებულებებიც დაეკისრებინათ. მიუხედავად ამისა, ეს მიწები მეფისთვის არ გადაუციათ, ისინი არ იყვნენ ნაწყალობები მეფის მიერ და არ წარმოადგენდნენ მის საკუთრებას. ამიტომ შემოღებულ იქნა საერთო პრინციპი, რომლის თანახმად „ინგლისში არსებული ყველა მიწა, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით, სამეფო ტახტის მფლობელობაში იყო“. თუმცა, ეს წესი ისეთი სამფლობელოებიდან გადმოიღეს, რომლებიც მართლაც ფეოდალური იყო და სხვა მიწებს მხოლოდ სამაგალითოდ მიუყენეს. ფეოდალური სამფლობელოები გამონაკლისს წარმოადგენდა საკუთრების შესახებ საქსონური კანონმდებლობისათვის, რადგან, ამ კანონების თანახმად, მიწები მესაკუთრის აბსოლუტურ მფლობელობაში იყო.

შესაბამისად, ისინი საერთო სამართლის საფუძველს ქმნიან და, ძირითადად, გვხდებიან იქ, სადაც ასეთი გამონაკლისები არ არსებობდა. უილიამ ნორმანელს ამერიკა არ დაუპყრია, არც მისი მიწები დაუთმიათ მისთვის, ან მისი რომელიმე მემკვიდრისთვის. ცხადია, რომ საკუთრება აქ მემკვიდრეობითი ხასიათისაა. თუმცა, ჩვენი წინაპრები, რომლებიც აქ გადმოსახლდნენ, ფერმერები იყვნენ და არა სამართალმცოდნეები. ისინი ადრევე დაარწმუნეს იმ შეთხზული პრინციპის სინამდვილეში, თითქოს ყველა მიწა იმთავითვე მეფეს ეკუთვნის. შესაბამისად, ისინი საკუთარ მიწებს მეფისგან წყალობის სახით იღებდნენ. ვიდრე სამეფო ტახტი ამ წყალობას მცირე თანხის და გონივრული საიჯარო გადასახადების ფასად იღებდა, არავითარი მიზეზი არ არსებობდა იმისათვის, რომ ამ ცდომილებისათვის ყურადღება მიგვეპყრო და ის საჯარო განხილვის საგნად გვექცია. მაგრამ, ამ ბოლო დროს, მისმა უდიდებულესობამ გადაწყვიტა, რომ უწინდელთან შედარებით, შესყიდვის პირობები გაეზარდა, ხოლო იჯარის საფასური გაეორმაგებინა, რის გამოც მიწების შეძენა რთულ საქმედ იქცა. როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას შეზღუდვები ექმნება. ამიტომ დროა, რომ ეს საკითხი მისი უდიდებულესობის წინაშე განვიხილოთ და განვაცხადოთ, რომ მას არა აქვს მიწების გაცემის უფლება. სამოქალაქო ინსტიტუტების ბუნებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, ყველა ის მიწა, რომელიც ამა თუ იმ საზოგადოებამ თავის გარშემო შემოსაზღვრა, მას ეკუთვნის და მხოლოდ მის მიერ შეიძლება იქნეს განკარგული. ეს მათ შეუძლიათ განახორციელონ თავად, ერთად შეკრებილებმა, ან საკანონმდებლო ორგანოს მეშვეობით, რომელსაც ისინი თავიანთ სუვერენულ უფლებამოსილებას გადასცემენ. ხოლო თუ ჩამოთვლილთაგან განკარგვა არც ერთი გზის მეშვეობით არ ხდება, მაშინ საზოგადოების თითოეულ წევრს შეუძლია, დაეუფლოს იმ მიწას, რომელიც თავისუფალია. ასეთ შემთხვევაში, ამ მიწის დაკავება მიანიჭებს მას მისი ფლობის უფლებას.

იმისათვის, რომ განეხორციელებინა ის დესპოტური ღონისძიებები, რომლებიც ადრე ჩივილის საგანი იყო, მისი  უდიდებულესობა დროგამოშვებით აგზავნიდა მრავალრიცხოვან შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ადგილობრივებისგან არ შედგებოდა და რომელთა ფორმირება ჩვენი კანონების თანახმად არ ხდებოდა. მის უდიდებულესობას ასეთი უფლება რომ ჰქონდეს, მაშინ იგი მთელს ჩვენ დანარჩენ უფლებებსაც შთანთქავდა, როდესაც კი ამას საჭიროდ მიიჩევდა. მაგრამ მის უდიდებულესობას ჩვენს ნაპირებზე ერთი შეიარაღებული კაცის გადმოსმის უფლებაც კი არ აქვს, ხოლო ისინი, ვისაც იგი აქ აგზავნის, უნდა დაექვემდებარონ ჩვენს კანონებს, რომლებიც აჯანყებების, ხმაურიანი თავყრილობების და უკანონო შეკრებების ჩახშობისა და დასჯისაკენ არის მიმართული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიარაღებული ძალები მტრული დაჯგუფებებია, რომლებიც კანონის დარღვევის საფუძველზე ცდილობენ ჩვენს დაპყრობას. როდესაც, უკანასკნელი ომის დროს, საჭირო გახდა, რომ ჰანოვერელ ჯარსკაცთა კორპუსი დიდი ბრიტანეთის დასაცავად წასულიყო, მისი უდიდებულესობის პაპას, ჩვენს განსვენებულ სუვერენს, არ მოუყვანია მიზეზად ის, თითქოს ისინი საკუთარი  ძალაუფლების  საფუძველზე მოიწვია. ამგვარ ქმედებას დიდ ბრიტანეთში მისი ქვეშევრდომები სამართლიანად მიიჩნევდნენ საგანგაშოდ, რადგან მათი თავისუფლებები უსაფრთხოდ ვერ იქნებოდა, თუკი სხვა ქვეყნის და სხვა სულისკვეთების მქონე შეიარაღებული ძალები მათ სამეფოში მათივე საკანონმდებლო ორგანოს ნებართვის გარეშე შემოვიდოდნენ. ამიტომაც მან პარლამენტს მიმართა, რომელმაც, თავის მხრივ, მიიღო აქტი, რომლითაც დაწესდა შეზღუდვა გამოგზავნილ ჯარისკაცთა რაოდენობასა და დიდ ბრიტანეთში მათი დარჩენის ხანგრძლივობაზე. ზუსტად ასევეა შეზღუდული მისი უდიდებულესობა იმპერიის ყველა ნაწილში. მართალია, იგი ყველა შტატში კანონების აღმასრულებლის ფუნქციით არის აღჭურვილი, მაგრამ ეს კონკრეტული შტატის კანონებია, რომელიც მან ამ კონკრეტულ შტატში უნდა აღასრულოს და ერთი შტატის კანონების აღსრულება მეორეში არ უნდა ხდებოდეს. ყოველმა შტატმა თავად უნდა განსაჯოს შეიარაღებულ პირთა რაოდენობა და შემადგენლობა, რომელთაც ის ენდობა, ისევე, როგორც ის, თუ რა შეზღუდვები უნდა დაწესდეს მათზე.

იმისათვის, რათა ჩვენი კანონების საწინააღმდეგოდ გამიზნული ქმედებები კიდევ უფრო დანაშაულებრივი ყოფილიყო, მისმა უდიდებულესობამ, სამოქალაქო ხელისუფლებისათვის სამხედრო ორგანოების დაქვემდებარების ნაცვლად, სამოქალაქო ხელისუფლება სამხედროებს ღიად დაუქვემდებარა. მაგრამ განა შეუძლია მის უდიდებულესობას, ფეხქვეშ გათელოს ყველა კანონი? შეუძლია კი მას იმაზე აღმატებული ძალაუფლების შექმნა, რომელმაც თავად იგი შექმნა? სინამდვილეში ეს მან ძალისმიერი გზით განახორციელა; მაგრამ, დაე, მას ახსოვდეს, რომ ძალა უფლებას არ იძლევა.

ყოველივე ზემოთქმული წარმოადგენს ჩვენს საჩივარს, რომელსაც ამგვარი სახით ვაწვდით მის უდიდებულესობას, სიტყვისა და აზრის თავისუფლების იმგვარი ხარისხით, როგორც ეს საკუთარი უფლებების განმამტკიცებელ თავისუფალ ხალხს ჩვევია. ეს უფლებები ბუნების კანონებიდან წარმოიქმნენ და ისინი არ არის ნაწყალობები უმაღლესი ხელისუფალის მიერ. დაე, იმათ იფარისევლონ, ვისაც ეშინია. ეს კი ამერიკელთა ხელობა არ არის. იმგვარი ხოტბის შესხმა, რომელიც არ ეგების, შესაძლოა, ანგარებიან ადამიანებს შეჰფერის, მაგრამ ეს ერთობ არ შეშვენის იმათ, ვინც ადამიანის ბუნებით უფლებებს ამტკიცებს. მათ იციან და, ამდენად, იტყვიან კიდეც, რომ მეფენი ხალხის მსახურნი არიან და არა მათი მფლობელები. თქვენო უდიდებულესობავ, გახსენით თქვენი სული და გული თავისუფალი და ნათელი აზროვნებისთვის. დაე, ჯორჯ მესამის სახელი ისტორიის ფურცლებს ლაქად ნუ შემორჩება. თქვენ ბრიტანელი მრჩევლები თავს გეხვევიან, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ისინი მიუკერძოებელ მხარეებს არ წარმოადგენენ. ამერიკის საქმეთა განსაკარგავად თქვენ მინისტრები არ გყავთ, რადგან ამ საქმისთვის ჩვენგან არავინ გამოგირჩევიათ, არც არავინ არის პასუხისმგებელი იმ კანონებზე, რომელთა მიღების შესახებაც რჩევებს გაძლევენ. ეს კი გავალდებულებთ, რომ საკუთარი თავისა და ხალხის სასიკეთოდ იფიქროთ და იმოქმედოთ. სწორისა და არასწორის დიადი პრინციპები ყოველი მკითხველისთვის თვალნათელია და ამ პრინციპებისადმი ერთგულება მრავალი მრჩევლის დახმარებას სულაც არ საჭიროებს. მმართველობის მთელი ხელოვნება პატიოსნად ყოფნის ხელოვნებაში ძევს. მხოლოდ თქვენი მოვალეობის აღსრულებას ეცადეთ, კაცობრიობა კი მხარს დაგიჭერთ, თუკი სადმე მარცხს იწვნევთ. ნუ გააგრძელებთ იმპერიის ერთი ნაწილის უფლებების მსხვერპლად შეწირვას მეორე ნაწილის ზღვარგადასული სურვილებისათვის. ყველას თანასწორი და სამართლიანი უფლებები მიანიჭეთ. დაე, ერთმა საკანონმდებლო ორგანომ აღარ მიიღოს ისეთი აქტი, რომელიც მეორის უფლებებსა და თავისუფლებებს არღვევს. ბედისწერამ დაგაკისრათ მნიშვნელოვანი ფუნქცია - შეინარჩუნოთ წონასწორობა დიდი და სტაბილური იმპერიის ფარგლებში. თქვენო უდიდებულესობავ, ყოველივე ეს თქვენი დიდი ამერიკული საბჭოს რჩევა გახლავთ. მის გათვალისწინებაზეა დამოკიდებული თქვენი სამომავლო სიდიადე და სახელი, ისევე, როგორც იმ ჰარმონიის შენარჩუნება, რომლის მეშვეობით დიდი ბრიტანეთიცა და ამერიკაც ურთიერთსასარგებლო კავშირის გაგრძელებას შეძლებენ.

ჩვენ არავითარი სურვილი, ან ინტერესი არ გაგვაჩნია ამ კავშირის გაწყვეტისა. ჩვენი მხრივ, მზადყოფნას გამოვთქვამთ, გავიღოთ ყველაფერი, რასაც გონება გვიკარნახებს, იმ მშვიდობიანობის აღსადგენად, რომელიც ყველას უნდა სურდეს. თავის მხრივ, ისინი მზად უნდა იყვნენ კავშირის კეთილგონივრული გეგმის ჩამოსაყალიბებლად. დაე, დაასახელონ თავიანთი პირობები, ოღონდ სამართლიანი პირობები. დამტკიცებულ უნდა იქნეს ყველა სავაჭრო პრივილეგია ისეთ ნივთებთან მიმართებაში, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ ინგლისელებს და პირიქით. მაგრამ ნურც იფიქრებენ, რომ სხვა ბაზრებზე გასვლა აგვიკრძალონ. ჩვენ უნდა შეგვეძლოს იმ საქონლის გასაღება, რომლის გამოყენებაც მათ არ შეუძლიათ და იმ საქონლის შეძენა, რომლის მოცემაც მათ არ შეუძლიათ. შემდეგი შეთავაზება გულისხმობს იმას, რომ ჩვენს გარდა, არავის ჰქონდეს ჩვენს ტერიტორიებზე არსებული ჩვენი საკუთრების დაბეგვრისა და განკარგვის უფლება. ღმერთმა სიცოცხლესთან ერთად თავისუფლებაც გვიბოძა; ძალით შეიძლება მათი განადგურება, მაგრამ არა განცალკევება. თქვენო უდიდებულესობავ, ეს ჩვენი საბოლოო და მტკიცე გადაწყვეტილებაა. იმედია, რომ თქვენ მოხარული იქნებით, იმგვარი ქმედითობით ჩაერთოთ ამ საქმეში, რომ თქვენივე სერიოზული მონდომების წყალობით მოყენებული ტანჯვა-წამების გამოსწორება უზრუნველყოთ, ბრიტანულ ამერიკაში თქვენი ქვეშევრდომების გონება დაამშვიდოთ და სამომავლო ხელყოფების საფრთხე გამორიცხოთ, რათა მთელს იმპერიაში ძმური სიყვარული და ჰარმონია დაამკვიდროთ, რომელიც სამყაროს აღსასრულამდე გაგრძელდება; ამაზე ბრიტანული ამერიკა მხურვალედ ლოცულობს!