petriwis portali

წმიდანთა თაყვანისცემის შესახებ

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

წმიდანთა თაყვანისცემის შესახებ

03.05.2020

ინგლისურიდან თარგმნა გიორგი გველესიანმა

ქრისტემ დაამარცხა სოფელი და ეს გამარჯვება შემდგომ ეკლესიის დადგენის ფაქტით აღსრულდა და გაცხადდა. კაცობრიობას ერთობა პირველად ქრისტეს მიერ მიენიჭა, რადგანაც მათ, რომელთაც სწამდათ მისი, გახდნენ ქრისტეს სხეული. ქრისტესთან თანაზიარებით ისინი ასევე ერთმანეთთან ჭეშმარიტად თანხმიერი სიყვარულით გაერთიანდნენ. ამ დიად ერთობაში უარყოფილია სრული ემპირიული განსხვავება და ბარიერი. ხორციელ შობადობაში განსხვავებულობა სულიერი ერთობის შობით წარიხოცება. ეკლესიაში არსებული ახალი მადლით აღვსილი ხალხის ერთობა არ ემთხვევა არც ერთ ფიზიკურ საზღვარს ან რაიმე მიწიერ ნაციას. ეს ერთობა არც ბერძნებისაა და არც ებრაელებისა, არამედ ქრისტესთანაა თანაზიარებული „მისტერიულ ემბაზში“, რისი მეოხებითაც ქრისტიანი ხდება ის მადლისმიერი სულიერი ძე, რომლისთვისაც ყოველივე შეიქმნა ზეცასა და დედამიწაზე. წმიდა ნათლისღებით განათლდება ადამიანი, ტოვებს ამ სამყაროს და განერიდება მის ამაოებას, ითავისუფლებს საკუთარ თავს და განუდგება ბუნებისეულ განჩინებასა და მოვლენებს. ყოველი ნამემკვიდრევი მაკავშირებელი დაიძლევა, მაგრამ როგორც მოციქული გვაუწყებს, ადამიანი არ რჩება მარტოობაში: „რამეთუ ერთითა სულითა ჩუენ ყოველთა ერთისა მიმართ გუამისა ნათელ-ვიღეთ“ (1 კორინელთა მიმართ 12:13). ეს ერები არ აყვავდებიან ქრისტეს სისხლთან კავშირით, არამედ თავისუფლებას ეზიარებიან ერთ სხეულში (ეკლესიაში). წმიდა ნათლისღების მნიშვნელობა მთელი სისავსით ვლინდება იმ ფაქტით, რომ ეს მისტერიული თანხმობა შემოდის ეკლესიაში, ღვთის ქალაქში, მადლის სამეუფოში. ნათლისღებით მორწმუნე ხდება ეკლესიის წევრი, შემოდის „ანგელოზთა და კაცთა ერთ ეკლესიაში“, ხდება „თანამოქალაქე წმიდანებისა და თავად ღმერთისა“. წმიდა პავლე მოციქულის მისტერიული და დიდებული სიტყვების თანახმად: „არამედ მოსრულ ხართ თქუენ მთასა სიონსა და ქალაქსა ღმრთისა ცხოველისასა“ (ებრაელთა მიმართ 12:23). და ის ერთიანდება ამ დიდ კრებულში, რადგანაც „unus Christianus - nullus Christianus“ („ერთი ქრისტიანი - არც ერთი ქრისტიანია“).

ეკლესიის არსი მის ერთიანობაშია, რადგანაც ეკლესია არის ერთი ღვთაებრივი სულის სამყოფელი. ეს არ არის კათოლიკობის გარეგანი და ემპირიული ერთობა. ეკლესიის ეკუმენური ხასიათი არ არის გარეგანი, რაოდენობითი, სივრცული, არც რაიმე გეოგრაფიული შემოსაზღვრულობის მქონე. ის არ არის დაფუძნებული მორწმუნეთა საყოველთაო განფენილობაზე. ეკლესიის ერთიანობის ხილულობა მხოლოდ შედეგია და არა კათოლიკობის საფუძველი. გეოგრაფიული საყოველთაოობა მეორეხარისხოვანია და არ შეადგენს აუცილებლობას. ეკლესიის კათოლიკობა არ იყო დაკნინებული ქრისტიანობის ადრეულ საუკუნეეებში, როდესაც მორწმუნეთა შესაკრებლები მცირე კუნძულების მსგავსად იყო თავმოყრილი ჯგუფებად. იგი თითქმის დაკარგული იყო ვეებერთელა ურწმუნო სამყაროში და ასევეა დღევანდელობაშიც, როდესაც კაცობრიობის უმეტესობა არ არის ქრისტეში. როგორც მიტროპოლიტი ფილარეტი იუწყება, ეკუმენური ეკლესია ყოველთვის იქნება ერთიანი და უხრწნელი სხეული. ასევე ეკუმენური იქნება „მცირე სამწყსოდ“ ქცეული  ეკლესია უკანასკნელ დღეებში, როდესაც სარწმუნოება ძნელადღა იქნება საპონელი სამყაროში, იმდენად, რამდენადაც ეკლესია კათოლიკეა თანახმად თავისი ბუნებისა. 

თუკი ვინმე ეძიებს ფორმალურ განმარტებას, მაშ, შესაძლოა, ეკლესიის ეკუმენური ბუნება საუკეთესოდ იყოს გამოხატული ერთდროულად წარსულშიც, აწმყოშიც და მომავალშიც. იმდენად, რამდენადაც ყველა ეპოქისა და დროის მორწმუნეები ამჟამად არიან ცოცხალნი, - ისინიც, რომლებმაც იცხოვრეს და ისინიც, რომლებიც დაიბადებიან, - მას იმავე გზით ეკუთვნიან. ისინი არიან ერთი სხეულის ფორმები და ლოცვით გაერთიანებულნი უფლის დიდების საყდართან. ამ ერთობის ემპირია ყველა დროში ცხადდება და აღბეჭდილია ღვთისმსახურების სრული ციკლით. ეკლესიაში დრო-ჟამი მისტერიულადაა დაძლეული. მადლის გადმოსვლა წარმოდგება დროის შემაჩერებლად, რათა შეაჩეროს წუთებისა და სეზონების სრბოლა. ქრისტესთან თანაზიარების მადლით, ევქარისტიის ძღვენით განსხვავებულ ეპოქათა თაობები ხდებიან ჩვენს თანამედროვეობაში მცხოვრებ ადამიანთა სულების ნათესავნი. ქრისტე მეუფებს ეკლესიაში როგორც გარდაცვლილებში, ისე ცოცხლებში, რადგანაც ღმერთი „არა არს მკუდართა, არამედ ცოცხალთა“.

ეკლესია არის არაამქვეყნიური სამეფო, იგი მარადიულია, რადგან მას ჰყავს მარადიული მეუფე, ქრისტე. ეკლესია არის მარადიულობის ხატება და ყოველთა აღდგომის წინარე განცდა, რადგანაც ქრისტე, თავისი ამ სხეულისათვის, მსახურებისა და ძმებისათვის - არის „სიცოცხლე და აღდგომა“. შობადობის საზომი არ აღვსილა და დრო კვლავ მიედინება. ეკლესია იმყოფება თავის ისტორიულ საფიქრალში, მაგრამ მიუხედავად ამისა, დროს არ გააჩნია თავისი ძალაუფლება. როგორც აპოკალიფსის წიგნშია ნაუწყები, აღარ იარსებებს დრო. მიწიერი სიკვდილი, სულის სხეულისაგან განშორება, არ აშორიშორებს იმათ, რომელნიც დამკვიდრებულნი არიან ქრისტეში. გარდაცვლილთათვის აღვლენილ ლოცვაში ჩვენ ვევედრებით ქრისტეს - ჩვენს მარადიულ მეუფესა და ღმერთს, რათა დაამკვიდროს აღსრულებულთა სულები „წმიდანთა და მართალთა სამკვიდრებელში“, „აბრაამის წიაღში“, სადაც მართალნი განისვენებენ. ყველაზე შთამბეჭდავი გამომხატველობით ამ ლოცვებში ჩვენ მოვიხსენიებთ და მოვიხმობთ მართალთა გუნდს და დედა ღვთისას, წმიდა მარტვილებს და ყველა წმიდანს, რომელნიც ზეციური ეკლესიის თანამოქალაქენი არიან. მორწმუნენი, რომელნიც მიაღწევენ ქრისტეს და მის გამომხსნელ მისტერიებში ჭეშმარიტ თანაზიარებას,  ნეტარნი იქნებიან. ისინი, რომელნიც ღმერთში აღესრულნენ ნეტარნი არიან და სულნი მათნი მკვიდრდებიან ნეტარებთან, და არ იქნებიან მისგან განგდებულნი სიკვდილის დროსაც კი. სწორედ გარდაცვლილებზე ლოცვებია ამის დამმოწმებელი და საზომი კათოლიკე ეკლესიის ცნობიერებისა.

ეკლესია მოწიწებით განჭვრეტს მადლის ნებისმიერ ნიშანს, რომელიც ამოწმებს და ამტკიცებს მიცვალებულთა მიწიერ ბრძოლას. ეკლესია აღიარებს ორივეს, მართლის ცხოვრებასაც და გარდაცვლილებსაც, მისი მგრძნობელობა აღბეჭდილია ეკლესიაში მღვდლობის დამოწმებით. ეს აღიარება თავისი ძმებისა და იმ წევრებისა, რომლებმაც მიაღწიეს სრულყოფილებას, გახლავთ ის, რაც ქრისტიანულმა დასავლეთმა განსაზღვრა როგორც „წმიდანების კანონიზაცია“, ხოლო მართლმადიდებლურ აღმოსავლეთს ეს ესმის, როგორც მათი განდიდება და ნეტარება. თავდაპრველად არის ღვთის დიდება: „საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის თჳსთა“ (ფსალმუნი 67,36), და როგორც ბრძანებს წმიდა იოანე დამასკელი: „მართავს მათ და მეუფებს მათს ვნებებზე და ინახავს შეუბღალავად ღვთის ხატებას, რომლის მიხედვითაც შეიქმნენ, მათ თავიანთი თავისუფალი ნებით დაუკავშირეს საკუთარი თავი ღმერთს, თავიანთ გულში მიიღეს ის და, ამგვარად მიიღეს რა ის ზიარებით, წმიდანები მადლისმიერად გახდნენ უფლის მსგავსნი“. მათში ღმერთი განისვენებს, ისინი არიან „ღვთის საგანძურნი და სამკვიდრონი“. ამით მისტერია აღსრულდება. როგორც ადრეულმა მამებმა ბრძანეს, ძე ღვთისა განკაცდა, რათა ადამიანი განეღმრთო და ადამიანის ძენი გამხდარიყვნენ ღვთის ძენი. ეს აღსრულდება იმ მართლებში, რომლებიც მიაღწევენ სიყვარულის მზარდ საზომს და ქრისტეს მობაძავნი გახდებიან.

„წმიდანები თავიანთი სიცოცხლის განმავლობაში უკვე აღვსილნი იყვნენ სულიწმიდით“, - განაგრძობს წმიდა იოანე დამასკელი, - „და როდესაც ისინი აღესრულნენ, სულიწმიდის მადლი კვლავ მკვიდრობდა მათს სულებსა და საფლავში მყოფ მათს სხეულებში, ასევე - მათს გამოსახულებებსა და წმიდა ხატებზე, არა მათი ბუნებიდან გამომდინარე, არამედ მადლითა და მისი მოქმედებით. წმიდანები ცოცხლები არიან და თავიანთი კადნიერებით დგანან უფლის წინაშე; ისინი არა არიან მკვდრები... წმიდანთა სიკვდილი უფრო მეტად ჰგავს მიძინებას, ვიდრე სიკვდილს“, რადგანაც ისინი „მკვიდრობენ ღვთის ხელში“, რაც გულისმობს მკვიდრობას ცხონებასა და ნათელში... და „ის, ვინც თავად სიცოცხლეა და სიცოცხლის წყარო, მკვდართა შორის შეირაცხა, ჩვენც ამიერიდან აღდგომის სასოებითა და მისდამი (ქრისტესადმი) რწმენით აღარ მივიჩნევთ მკვდრებად მათ, ვინც განგვეშორა“. 

სულიწმიდა განსწავლის თითოეულ მორწმუნეს ლოცვაში, რომელიც მხოლოდ შემწეობისა და შუამდგომლობისათვის არ აღევლინება განდიდებულ წმიდანთა წინაშე, არამედ ეს არის ლოცვითი თანაზიარებითი მოწოდება მათდამი, კათოლოკე ეკლესიის ერთიანობის ძალუმი განცდა. წმიდანებისადმი აღვლენილი ჩვენი ვედრებით   წარმოჩენილია ქრისტიანული სიყვარულის საზომი, ერთსულოვნების ცოცხალი განცდა და ეკლესიის ერთიანობის ძალმოსილება. 

მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე მისტერიული მოლოდინი გახლავთ „დედაღვთისას მფარველი კალთის“ შემწეობა, მისი მარადიული თანადგომა სამყაროსათვის ლოცვაში, ღვთის საყდართან მდგომი წმიდანების გარემოცვით. „დღეს ქალწული დგას წმიდანთა გუნდთან, უჩინრად ლოცულობს ჩვენთვის ღვთისადმი, ანგელოზნი და მღვდელმთავარნი მსახურებენ, მოციქულნი და წინასწარმეტყველნი ერთმანეთს განადიდებენ, ხოლო ჩვენთვის დედა ღვთისა ლოცულობს მარადიული ღვთისადმი“ - ამგვარად ეკლესია იხსენიებს წმიდა ანდრია სალოსის ხილვას და ის, რაც ხილულად განეცხადა, ამჟამად შენარჩუნებულია და საუკუნეთა მიჯნაზეც იქნება. დედა ღვთისას „მფარველი კალთის მეოხება“ არის ციური ეკლესიის ხილვა, რაც გახლავთ დაურღვეველი და მარად არსებული ერთობა ზეციური და მიწიერი ეკლესიისა, რამეთუ სიყვარული არის ყოველივე სრულყოფილების ერთობა და ამ სიყვარულში დამკვიდრებული მართალთა ნეტარება. 

აღმოსავლეთის ეკლესიის დიდი წმიდანი, ისააკ ასური, შეუდარებელი კადნიერებით ატარებდა დიდი სიყვარულის ძალის მოწმობას, რომელიც ქრისტიანის სულიერ ბრძოლას გვირგვინით ამკობს. მისი სიტყვების თანახმად, ღვთისათვის ეს ბრძოლა მოითხოვს სისრულეს და მიზანი მიიღწევა სიწმინდით, რომელიც არის „კეთილმოწყალე გული ყოველი ქმნილებისათვის“. რა არის გული, რომელიც აღსავსეა კეთილმოწყალებით? - კითხულობს წმიდანი და თავადვე უპასუხებს: „ეს არის გულისტკივილი ყოველი ქმნილების გამო: ადამიანების, ჩიტების, მხეცების, დემონებისა და ყველა სხვა ქმნილების გამო, და მათი მოხსენიება. ამგვარად  მჭვრეტელი ადამიანის თვალებიდან ცრემლები იღვრება, დიდი და ძლიერი თანაგრძნობით, რაც მათს გულებს აღავსებს; და აი, ამ დიდი შეუდრეკელობით, ის წაილეკება მწუხარებით და მას აღარ ძალუძს აიტანოს ან დაინახოს რაიმე ზიანი ან თუნდაც მცირე მწუხარება, რომლითაც ქმნილება იტანჯება. ამგვარად, ის საათობით ლოცულობს აცრემლებული როგორც უტყვ ცხოველთათვის, ისე ჭეშმარიტების მტრებისათვის და მათთვისაც, რომლებმაც მას ზიანი მიაყენეს, რათა ისინი დაცულნი იყვნენ და გამოიჩინონ გულმოწყალება; ის ქვეწარმავლებისთვისაც დიდი თანაგრძნობით ლოცულობს, რომელიც მის გულში მუდმივად იზრდება ღვთის მიმსგავსებით“. 

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე წმიდანების ლოცვა მგზნებარეა და ეს ცეცხლოვანი ალი მათ წვავს იქ, „ღვთის სამყოფელში“... მოზეიმე ეკლესიის ლოცვები კათოლიკე ეკლესიის ერთიანობისათვის უწყვეტია. როგორც წმიდა კვიპრიანე ბრძანებს, ქრისტიანის ლოცვა მთელი სამყაროსათვისაა; ნებისმიერი ლოცულობს არა მხოლოდ საკუთარი თავისათვის, არამედ ყველასათვის, და მაშასადამე, ჩვენ ვლოცულობთ არა ცალკეული ინდივიდუალური ლოცვით, არამედ ყველასათვის საერთოდ, ერთი სულისკვეთებით ყველაში. ლოცვის სრული აქტი შესაძლოა განისაზღვროს როგორც ეკუმენური განგრძობადობა სიყვარულისა, რომელიც ასევე მოიცავს იმათ, რომელთა სახელები მხოლოდ ღმერთისთვისაა ცნობილი. 

ქრისტიანს არ ახასიათებს ის, რომ საკუთარი თავი მარტოდ ან ყველასაგან განდგომილად იგრძნოს, რადგანაც ის ეკლესიის ერთობითაა გამოხსნილი. ყოველი ლოცვის გვირგვინი არის მგზნებარე სიყვარული, რომელიც მოსეს ლოცვითაა აღბეჭდილი: „აწ მი-თუ-უტევებ ცოდვათა მათთა, მიუტევენ. უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნსა მისგან, რომელსა დამწერე“ (გამოსლვათა 32:31-32). ეკლესიის მსახურების ცენტრი არის ევქარისტიული მსახურება. მთელი ეკლესია ერთიანია. აქ იწირება მსხვერპლი და აღევლინება ლოცვები „ყველასა და ყველაფრისათვის“, აქ მთელი ეკლესია იხსენიება მებრძოლად და გამარჯვებულად. ლიტურგია საიდუმლოებითი მოქმეებაა: „სასუფევლის ძალნი უხილავად დღესასწაულობენ ჩვენთან ერთად“, ისინი მწირველ სასულიერო პირთან ერთად მყოფობენ და ზეიმობენ. უამრავმა წმიდანმა საღვთო ხილვით იხილა ისინიც და ანგელოზთა დღესასწაულიც, რაც ცოდვილთა თვალისათვის დაფარულია. 

წმიდა სერაფიმე საროველმა იხილა უფლის დიდებით შემობრძანება ანგელოზთა გუნდთან ერთად. მსგავსი დიდებული შემობრძანება ხშირად იკონოგრაფიაშიცაა ასახული საკურთხევლის კედლებზე, არა როგორც სიმბოლო, არამედ როგორც რეალური ფაქტი. ეკლესიაში უფლის სადიდებლად შემობრძანებული და შემკობილი ხატი არ არის მხოლოდ სიმბოლო, არამედ რეალურ მყოფობას წარმოადგენს და, ამდენად, ეკლესია შემკობილი ხატებით მეტყველებს მისტერიულ ერთობაზე, წმიდანების რეალურ მყოფობაზე. „ჩვენ გამოვსახავთ ქრისტეს, მეუფესა და უფალს, არ განვყოფთ რა მას თავის მებრძოლთაგან იმდენად, რამდენადაც უფლის მებრძოლნი არიან წმიდანნი“, - ბრძანებს წმიდა იოანე დამასკელი. 

წმიდა ხატი არ არის მხოლოდ მოსაგონებელი გამოსახულება, წარსულის ან მხოლოდ მართალთა გამოსახულება, არც მხოლოდ სურათი, არამედ რეალური  საკრალური საგანი, რომლითაც, როგორც მამებმა განმარტეს, უფალი მკვიდრობს და მადლისმიერად არის მათთან თანაზიარებაში. არსებობს მისტერიული საგნების კავშირი „გამოსახულებასა და პროტოტიპს შორის“ არსებულ მსგავსებასა და იმას შორის, ვინც წარმოდგენილია და განსაკუთრებულადაა აღნიშნული სასწაულმოქმედ ხატში, რითაც წარმოჩენილია ღვთის დიდება. თაყვანისცემა წმიდა ხატებისა აშკარად გამოხატავს ეკლესიის წარსულის კონცეფციას. ეს არა მხოლოდ აღსრულებულის გახსენებაა, არამედ მადლისმიერი ხილვაა იმისა, რომელიც მარადიულობაშია დავანებული, ეს არის მისტერიული ხილვა, იმათი მადლისმიერი მყოფობა, რომელნიც არიან გარდაცვლილნი და ჩვენგან განდგომილნი. ეს არის ნეტარი ხილვა ყველა ქმნილების ერთიანობისა.

ყოველი ქმნილების თავი ქრისტეა. ძე ღვთისას განკაცებით, ირინეოს ლიონელის ბრწყინვალე უწყების თანახმად, „მთელი კაცობრიობა შემოიკრიბა ქრისტეში“. ეკლესია არის მეორე ადამის სულიერი შთამომავლობა და მის ისტორიაში გამომხსნელობითი ღვაწლი აღსრულებულია მაშინ, როდესაც მისი სიყვარული ყვავის და მგზნებარებს. ეკლესია არის ქრისტეს და მისი სხეულის სისავსე. იოანე ოქროპირის შთამბეჭდავი სიტყვით, „მხოლოდ მაშინ არის აღმასრულებელი თავი, როდესაც სრული სხეული იქნება ჩამოყალიბებული“. არსებობს მისტერიული მოძრაობა, რომელიც დაიწყო სულთმოფენობის დღიდან, როდესაც მცირედმა რჩეულმა მიიღო სულწმიდის ცეცხლოვანი სული და ამით ყველა ქმნილებას დაესახა იგივე მიზანი - სულიწმიდის ცეცხლით მონათვლა, როდესაც ახალი იერუსალიმი წარმოჩნდება და კკრავის საქორწინო ლხინი დაიწყება. საუკუნეთა მიჯნაზე მოწვეულნი და რჩეულნი იქნებიან შეკრებილნი. სასუფეველი დროის შემოსაზღვრულობის მიღმიერია. სისავსე აღსრულდება უკანასკნელი აღდგომისას, როდესაც დიდება და ეკლესიის კათოლიკობის სისავსე იქნება გაცხადებული.

 

თარგმანის ბეჭდური ვერსია შესულია გამოცემაში:

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი, საღვთისმეტყველო სტატიათა კრებული. ინგლისურიდან თარგმნეს და სქოლიოები დაურთეს გ. გველესიანმა, გ. ლურსმანაშვილმა. რედ. დ. ღლონტი, თბილისი, 2018.