petriwis portali

რატომ უნდა შევისწავლოთ ქრისტიანული ფილოსოფია?

თენგიზ ირემაძე

რატომ უნდა შევისწავლოთ ქრისტიანული ფილოსოფია?

01.05.2020

როდესაც ქრისტიანული ფილოსოფიის შესახებ ვმსჯელობთ, რამდენიმე ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ. უწინარეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ქრისტიანული ფილოსოფია არ გახლავთ უარყოფა იმ დიდი სააზროვნო ტრადიციისა, რომელიც მანამდე არსებობდა. პირიქით, ქრისტიანული ფილოსოფია გახლავთ სრულყოფა იმ სიბრძნისა, რომელიც ანტიკურობაში შეიქმნა. ასე რომ, ჩემი თეზისი ამ კუთხით ასეთი სახისაა: ქრისტიანული ფილოსოფია გახლავთ ანტიკური ფილოსოფიის, ანტიკური სიბრძნის სრულყოფა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვცადოთ გონების ისეთი ცნება გამოვკვეთოთ, რომელიც რწმენას კი არ უპირისპირდება, არამედ მასთან თანხმობაშია. აღსანიშნავია, რომ ქრისტიანული მსოფლმხედველობის პირველი მნიშვნელოვანი წარმომადგენლები გონების ისეთ ცნებას აყალიბებდნენ, რომელიც სულიერ ვარჯიშებსაც მოიცავდა. გონება (არამც და არამც) არ გახლავთ რწმენას დაპირისპირებული ინსტანცია ადამიანური აზროვნებისა. მაშასადამე, გონების ცნება მოიცავს იმ დიდ სულიერ ვარჯიშებსაც, რომლებიც რწმენასთან არის დაკავშირებული.

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი ახორციელებს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროგრამებს ქრისტიანულ ფილოსოფიაში. ისმის კითხვა: რატომ ენიჭება ამ უნივერსიტეტში ასეთი დიდი მნიშვნელობა ქრისტიანულ ფილოსოფიას და მის შესწავლას? ამ კითხვას არგუმენტირებული პასუხი უნდა გაეცეს!

ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ქრისტიანული ფილოსოფია არის კლასიკური ფილოსოფიის ის მიმართულება, რომელიც საქართველოში ყველაზე კარგად იყო განვითარებული. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ფილოსოფიური ტრადიცია, ამ კუთხით, ამდიდრებს კიდეც საკაცობრიო ფილოსოფიურ ტრადიციას. ჩვენი აზროვნების წიაღში, ქართულ სააზროვნო ტრადიციაში, არსებობს არაერთი მნიშვნელოვანი ტექსტი, რომელიც ქრისტიანული ფილოსოფიის კლასიკურ ტექსტად შეიძლება ჩაითვალოს. უფრო მეტიც, ქართულ ფილოსოფიურ ტრადიციაში არსებობს ანტიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობის ქრისტიანული ინტერპრეტაციის, ქრისტიანული ასახვისა (რეცეფციის) და გარდასახვის (ტრანსფორმაციის) არაერთი მნიშვნელოვანი მცდელობა. ვფიქრობთ, რომ, დღესაც, თანამედროვე ქრისტიანული ფილოსოფიის კონტექსტში, უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ფილოსოფიური ტრადიციის გაგრძელება და განვრცობა. მით უმეტეს, რომ (დღეს) ისმის კითხვა: რატომ გვჭირდება ქრისტიანული ფილოსოფია? რას ნიშნავს ეს ფილოსოფიური ტრადიცია ინფორმაციული საზოგადოების ეპოქაში? ერთი მხრივ, ქრისტიანული ფილოსოფია - ეს არის, სულ ცოტა (!), 1500 წლოვანი მემკვიდრეობა; მაშასადამე, ამ დიდი მემკვიდრეობის შესწავლას ისტორიული მნიშვნელობა აქვს! მეორე მხრივ, ამ მემკვიდრეობის აღორძინება და მისი სისტემური განვრცობა, ამ ტრადიციის საწყისების, სათავეების მოჩხრეკვა, მოძიება ახალ ბიძგს, ახალ იმპულსს მისცემს როგორც ქრისტიანული აზროვნების განახლების პროცესს საქართველოში, ასევე, თანამედროვე აზროვნებას დაუბრუნებს ქრისტიანული აზროვნების საკუთრივ ტოპოსს, მონასტერს, რადგან სწორედ მონასტერი არის ის ადგილი, სადაც, თავდაპირველად, სრული სახით განხორციელდა კიდეც ქრისტიანული ფილოსოფია.

ახლა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს უნდა შევეხოთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქრისტიანული ფილოსოფიის საკმაოდ დიდი ტრადიცია არსებობდა, XX საუკუნეში, საბჭოთა აზროვნებამ მოახერხა ის, რომ ეს ტრადიცია სრულიად უარყო და უკუაგდო. უფრო მეტიც, სამოცდაათი წლის განმავლობაში, ეს ტრადიცია მივიწყებული, დაჩაგრული და ჩახშობილი იქნა; და ეს „წარმატებით“ მოახერხეს საბჭოთა იდეოლოგიის მესვეურებმა. ეს არა მხოლოდ იმ სახით მოხერხდა, რომ ამ ტრადიციის შესახებ არა თუ გამოკვლევები არ იქმნებოდა, არამედ ფილოსოფიის შესახებ არსებულ მნიშვნელოვან სახელმძღვანელოებში ქრისტიანული ფილოსოფია უკიდურესად დაკნინებულად იყო წარმოდგენილი. ამის თვალსაჩინო ნიმუში გახლავთ დიდი ქართველი ფილოსოფოსების მიერ გამოქვეყნებული ფილოსოფიის ისტორიები, რომლებიც „სტანდარტულ“ ნაშრომებს, სახელმძღვანელოებს წარმოადგენდნენ იმდროინდელი ფილოსოფიისა. ეს ნაშრომები საბჭოთა ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის აშკარა კვალს ატარებს. ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, ქართულ ფილოსოფიაში დიდხანს გაგრძელდა. ქართულ აზროვნებაში ქრისტიანული ფილოსოფიის ადგილი, როლი და მისია, ამ ტიპის სახელმძღვანელოებში, შეიძლება ითქვას, უკიდურესად დაკნინებულია. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, ამავე პერიოდში, ქართველმა ფილოლოგებმა გამოსცეს არაერთი მნიშვნელოვანი ქართული ტექსტი ქრისტიანული ფილოსოფიისა. ამის მიუხედავად, ქრისტიანული ფილოსოფიის ნამდვილი არსი XX საუკუნის ქართულ საბჭოთა ფილოსოფიაში არ წარმოჩენილა.

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი და აქ არსებული კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი ცდილობს, რომ ქართული ფილოსოფიური აზროვნების ეს პრიორიტეტული ტრადიცია წინა პლანზე წამოსწიოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქრისტიანული ფილოსოფიის ჭრილში ბევრი მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის, კონფლიქტის გადალახვა (მო)ხდება და, ამავე დროს, უნიკალური, უნივერსალური სინთეზი (გან)ხორციელდება ცოდნისა და რწმენისა. ამავე დროს, ჩვენ ვცდილობთ, რომ ავაღორძინოთ ის ტრადიცია, რაც დიდმა გელათელმა მოაზროვნეებმა წამოიწყეს საუკუნეების წინ. დიახ, ეს იყო რწმენისა და ცოდნის სინთეზის მცდელობა, მეტაფორულად რომ ვთქვათ, იერუსალიმისა და ათენის სინთეზის უნიკალური ინიციატივა. ვეცდებით, რომ ეს ტრადიცია (თანამედროვე პერსპექტივიდან გამომდინარე!) კიდევ უფრო წინ წავწიოთ. ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქართველი ავტორებია: ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი, დავით აღმაშენებელი და იოანე პეტრიწი; შემდეგ პერიოდში, ახალი დროის ქართულ აზროვნებაში კი - ანტონ ბაგრატიონი, იონა ხელაშვილი, სოლომონ დოდაშვილი და სხვ. ამ დიდი ინტელექტუალური და სულიერი მოძრაობის მწვერვალს კი ქმნის გვირგვინი გელათური აზროვნებისა, ქრისტიანული ფილოსოფიური აზროვნების სწორუპოვარი წარმომადგენელი, იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (იგივე გერასიმე ქიქოძე), რომელმაც შესაშური გულმოდგინებით ჩამოაყალიბა ქრისტიანული ფილოსოფიის საფუძვლები. ჩვენი სულიერების ამ ნიშანსვეტს შეიძლება დღესაც დაეფუძნოს ქრისტიანული ფილოსოფიის კვლევები საქართველოში.

მაშასადამე, ჩვენი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო-კვლევითი გამოწვევა უახლოეს წლებში იქნება ის, რომ შევისწავლოთ არა მარტო ქართული ფილოსოფიური ტრადიცია ქრისტიანული აზროვნების ჭრილში, არამედ შევისწავლოთ ქრისტიანული აზროვნების დიდი კლასიკოსები, რათა ნათლად და ცხადად დავინახოთ ის წვლილი, რომელიც ჩვენმა დიდმა ინტელექტუალმა წინაპრებმა შეიტანეს ქრისტიანული აზროვნების კვლევაში, იმ ფილოსოფიური პერსპექტივების დამუშავებასა და წინ წამოწევაში, რომელსაც დაეფუძნა ქრისტიანული ფილოსოფია საქართველოში.

ცნობილია, რომ ახალი საქართველოს უნივერსიტეტში რამდენიმე წელია, რაც ინტენსიურად ვმუშაობთ ამ საკითხების შესახებ და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევა გვაქვს შესრულებული. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოკვლევა ამ კუთხით გახლავთ ჩვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო კრებული ნეტარი ავგუსტინეს შესახებ („ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი“, რედაქტორი - თენგიზ ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2017 წ.). ეს გახლავთ პირველი ვრცელი ქართულენოვანი პუბლიკაცია ამ დიდი ქრისტიანი ავტორის შესახებ, ამ უმნიშვნელოვანესი ქრისტიანი ფილოსოფოსის მემკვიდრეობისა და მისი მეტად მდიდარი ქრისტიანული მსოფლმხედველობის გაცნობის მცდელობა ქართველი მკითხველისათვის. უახლოეს მომავალში ვეცდებით, რომ სხვა ქრისტიანი ავტორების შესახებაც ანალოგიური კვლევები შევასრულოთ. ამ კვლევების შედეგად გამოიკვეთება ის სპექტრი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ფილოსოფიის, კერძოდ კი, ქრისტიანული ფილოსოფიის განვითარებას. სხვათა შორის, ბევრი მიფიქრია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს ფილოსოფია ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. თანამედროვე საქართველოს მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ჩვენში ვერ განვითარდება ფილოსოფიის ყველა დარგი, მაგრამ ფილოსოფიის ის მიმართულება კი ნამდვილად უნდა განვითარდეს, რომელიც, თავის მხრივ, საფუძვლად ედო ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებას. საუკუნეების განმავლობაში, ფილოსოფიის ეს მიმართულება გახლდათ ქრისტიანული ფილოსოფია - ფილოსოფიის პრიორიტეტული მიმართულება საქართველოში! ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია არის ის, რომ მან საგანგებო ყურადღება მიაქციოს ფილოსოფიის ამ მიმართულებას, რადგან ის, უმეტესწილად, სწორედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში შეიქმნა და განვითარდა. ფილოსოფიის ეს დარგი პრიორიტეტი უნდა დარჩეს სამომავლოდაც, რადგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბურჯი, რწმენასთან ერთად, არის ის დიდი გონითი გამოცდილება, რომელიც მუდამ თან ახლდა ჩვენი დიდი სასულიერო მოღვაწეების შემოქმედებას. ასე რომ, ქრისტიანული ფილოსოფია განეკუთვნება იმ ტოპოსს, სადაც ის აღმოცენდა და განვითარდა საუკუნეების წინათ.