petriwis portali

მარიოლოგია პატრისტიკულ ტრადიციაში

გიორგი გველესიანი

მარიოლოგია პატრისტიკულ ტრადიციაში

13.04.2020

სახელ მარიამის ეტიმოლოგია

მარიოლოგიას, როგორც დარგს ქრისტიანულ სწავლებაში, ერთ-ერთი უდიდესი ადგილი უჭირავს, მაგრამ ვიდრე შევუდგებოდეთ უშუალოდ ამ სწავლების შესახებ მსჯელობას, საინტერესოა ისტორიული სახელის ეტიმოლოგიასაც გავეცნოთ.

ბიბლიაში სახელი მარიამი გვხვდება როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში. თორაში (ხუთწიგნეულში) იხსენიება როგორც მირიამ [מִרְיָם], ხოლო ბერძნულ ენაში –Μαριάμ. მკვლევართა მოსაზრებით, მირიამი წარმოდგება ეგვიპტური ტერმინისაგან myr, რაც „შეყვარებულს” (beloved) ნიშნავს. ლევიტელთა მრავალ სახელს ეგვიპტური წარმომავლობა გააჩნია (ისევე როგორც მოსეს შემთხვევაში). ქრისტიანულ ტრადიციაში იოანე დამასკელი გვაუწყებს, რომ მარიამი (Μαριάμ) დედოფალს ნიშნავს (იოანე დამასკელი 2000: 438). მეთერთმეტე საუკუნის მოღვაწის, რაბინ რაშის, განმარტების თანახმად, მოსეს დას სახელი მშობლებმა იმ დიდი სიმწრის (מַר) ნიშნად დაარქვეს, რომელ მდგომარეობაშიც იყვნენ ისრაელიანები ეგვიპტეში. მართლაც, სახელი მარა „სიმწრის“ აღმნიშვნელად გხვდება ბიბლიაში (გამ. 15:23). ამდენად, სახელ მარიამს ეს ებრაული შესატყვისიც მოეძებნება.

ამგვარად, ებრაული და ქრისტიანული ტრადიციისათვის სახელი მარიამი აღნიშნავს: 1) სიმწარესა და 2) დედოფალს. სახესიმბოლურად კი სახელის ორივე მნიშნვნელობა მარადქალწულ მარიამში იქნა აღსრულებული, რადგან სწორედ მან გადაიტანა უდიდესი სიმწარე თავისი ძის ჯვარცმით (იხ. ლუკ. 2:35: „და თჳთ შენსაცა სულსა განვიდესმახჳლი, რაჲთა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი“), ხოლო მარადქალწული ზეციური დედოფალი შეიქნა (იხ. ლუკ. 1:48: „ამიერიდან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“).

მარადქალწულის ცხოვრების შესახებ არსებული ცნობები

ქრისტეს გენეალოგიის შესახებ უწყება გვხვდება მათესა და ლუკას სახარების ტექსტებში. ლუკას სახარებაში დავითისა და ბერსაბეს მესამე ვაჟი, ნათანი, არის მოხსენიებული, ხოლო მახარებელ მათესთან – მეფე სოლომონი. მკვლევართა მოსაზრებით, ნათანის ხაზით წამოსული შტო შესაძლოა მიემართებოდეს ქალწულ მარიამის გენეალოგიას, ხოლო მეფე სოლომონის ხაზი კი – იოსების საგვარეულო შტოს აღწერდეს (Douglas... 1990: 746). საეკლესიო ტრადიციით ცნობილია, რომ იოაკიმე წარმოდგებოდა იუდას (დავითის) შტოდან, ხოლო ანა აარონის შთამომავალთაგან. ამგვარად, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ორივე მშობლის მხრიდან ქალწული მარიამი გამორჩეული შტოებიდან წარმოდგება: იუდას შთამომავლობა სამეფო საგვარეულო იყო, ხოლო აარონისა – სამღვდელო. ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრისტე გენეალოგიურმა ხაზმა წარმოაჩინა  ამქვეყნიური და იმქვეყნიური სამყაროს ხელმწიფების მეუფედ.

ახალ აღთქმაში სახელი მარიამი მრავალგზის გვხვდება, მაგალითად, მათეს სახარებაში – 5–ჯერ (1:16, 18, 20; 2:11; 13:55); მარკოზის სახარებაში – ორჯერ (ერთგან – იესოს დედად 3:31 და მეორეგან – მარიამად 6:3); ლუკა მახარებელთან – 12–ჯერ (1:27, 30, 34, 38, 39, 41, 46, 56; 2:5, 16, 19, 34). იოანეს სახარებაში მარადქალწული ფიგურირებს კანას გალილეის ქორწილსა (2:1–12) და ჯვარცმის წინ მდგომარე მენელსაცხებლე დედებთნ ერთად (19:25–26). „საქმე მოციქულთაში“ ქრისტეს ამაღლების შემდგომ „იესოს დედა მარიამი და მისი ძმები“, ტექსტის მიხედვით, პირველი ქრისტიანული შესაკრებლის მონაწილენი და მლოცველნი იყვნენ (საქმ. 1:14).

ღვთისმშობლის შესახებ, წმინდა წერილის გარდა, დამატებით ცნობებს სხვა წყაროებიც გვაწვდის (1. აპოკრიფები: იოაკობის პროტოსახარება, ფსევდომათეს სახარება, გარდაცვალებაჲ წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ საკითხავი, თქუმული წმიდისა იოვანე ღმრთისმეტყველისაჲ და მახარებელისაჲ, საკითხავი საიდუმლოთა დაფარულთაგანი გარდაცვალებისათჳს წმიდისა ღმრთისმშობელისა. 2. წმინდა მამათა შრომები: იოანე ოქროპირი – წინა დღესასწაულისა საკითხავი წმიდისა იოვანე ოქროპირისა, ირინეოს ლიონელი – ერესების წინააღმდეგ, იუსტინე მარტვილი – დიალოგი ტრიფონ იუდეველთან. 3. ევსები კესარიელი – ეკლესიის ისტორია. 4. ორიგენე – მათეს სახარების განმარტება; კელსუსის წინააღმდეგ და სხვა). მათგან გამორჩეულია აპოკრიფი „იაკობის პროტოსახარება“, რომელიც მე–2 საუკუნით თარიღდება. მარადქალწულის მშობლები პირველად ამ ნაშრომში არიან მოხსენიებულნი იოაკიმ და ანად. ასევე ვხვდებით ინფორმაციას, რომ ისინი მდიდრები იყვნენ, თუმცაღა, ღირსეული ცხოვრების წესით გამოირჩეოდნენ. მათზე ნაუწყებია, რომ აღასრულებდნენ უფლის რჯულსა და მოყვასისადმი მსხაურებას. მართალია, მათ არ ჰყავდათ შვილი, მაგრამ ისინი, მსგავსად აბრაამისა და სარასი, მოელოდნენ შვილიერებას. ებრაული ტრადიციის თანახმად, უშვილობა ცოდვის შედეგი იყო. იაკობის პროტოსახარებაში მოთხრობილია, რომ იოაკიმეს წინ აღუდგნენ ტაძარში და მსხვერპლი არ შეაწირვინეს უშვილობის გამო: „არა ჯერ-არს შენდა პირველად შეწირვას შესაწირავისა შენისა, რამეთუ მკჳდრი არა აღდგინებიეს ისრაელსა შორის“. ამის შემდგომ იოაკიმე ორმოცი დღით  უდაბნოში განმარტოვდა, ხოლო სახლში დარჩენილი ანა კი დიდად განიცდიდა თავის სიბერწეს და ბაღში მყოფი აღავლენდა ლოცვას. აპოკრიფული ტექსტიდან ცნობილია, რომ მშობლებს აღთქმა ჰქონდათ დადებული, რომ თუ შვილი შეეძინებოდათ, მას უფალს შესწირავდნენ, ვითარცა ქალწულს. შვილის ბოძების შემდეგ ანამ აღთქმა დადო, რომ ჩვილი არ გაივლიდა მანამ, სანამ ტაძარში არ მიიყვანდნენ. მარიამს 3 წელი შეუსრულდა და ის ქალწულთა სავანეში განამწესეს (Ante-Nicene Christian library Vol. 16, 1870: 5). ტაძარში შვილის უფლისადმი შეწირვის წესს ვხვდებით ყრმა სამოელის შემთხვევაშიც (I მეფ. 2:21).

აპოკრიფული ძეგლის უწყების, წმინდა მამათა ლიტერატურასა და ლიტურგიკული საკითხავების თანახმად, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, რადგან, ამ წყაროების თანახმად, სამი წლის მარიამმა დამოუკიდებლად შეძლო ტაძრის საფეხურების ავლა. ღვთის უწყებით მას მღვდელმთავარი ზაქარია (იოანე ნათლისმცემლის მამა) შეეგება და იგი წმინდა წმინდათაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ წელიწადში ერთხელ შედიოდა მღვდელმთავარი (შდრ. ებრ. 9:7).

მარიამის დაწინდვის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ახალ აღთქმაში ღვთისმშობლის სიყმაწვილის წლები არ არის აღწერილი, ამიტომ აპოკრიფულ ლიტერატურაში ხშირად გვხვდება იმ მოვლენებზე მსჯელობა, რომლებიც წმინდა წერილში არ არის გადმოცემული. წმინდა მამებმა კი აპოკრიფებში ნაუწყები ის ცნობები, რაც მისაღები იყო და არ ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანულ სწავლებას, შეწყნარებულად მიიჩნიეს. სწორედ მათს რიცხვში დგას ის სათნო გადმოცემები, რაც ყოვლადწმნიდა ქალწულის ცხოვრების ამსახველია. იაკობის პროტოსახარებაში 12 წელია მიჩნეული, თუმცაღა მკვლევარი  მიუთითებს, რომ სხვა რედაქციაში 14-ა ნაუწყები (Ante-Nicene Fathers, Vol. 16, 1870: 5; იაკობის პირველსახარება 2005: 250). მიუხედავად იმისა, რომ მარიამს ქალწულობის აღთქმა ჰქონდა დადებული, ებრაული ტრადიციით, უქორწინებლობა მიუღებლად მიიჩნეოდა. ამიტომ მღვდელმთავარმა გადაწყვიტა ქალწულის დაწინდვა იმ ადამიანზე, რომლის კვერთხზეც სასწაული აღესრულებოდა და, ასევე, ამით არ მოხდებოდა ყმაწვილ მარიამის აღთქმის დარღვევა. დავითის ტომიდან 12-მა ქვრივმა მიიტანა საკუთარი კვერთხი. მათგან არცერთზე არ აღსრულდა საღვთო განგებულება, ხოლო იოსების კვერთხისაგან სასწაულებრივად მტრედი გამოფრინდა და იოსების თავს ზემოთ აფრინდა, რაც ღვთისაგან მისი სათნოყოფის მანიშნებელი იყო.

იოსების შესახებ სახარება გვაუწყებს, რომ ის გახლდათ ხურო (τέκτων), აგრეთვე, თავისი გამორჩეული პიროვნული ხასიათით მართალ ადამიანადაა სახელდებული. დაწინდვის შემდეგ იოსებმა საკუთარ სახლში წაიყვანა ქალწული. იოსები გარკვეული დროით სამშენებლო სამუშაოებზე წავიდა, უკან დაბრუნებულს კი ქალწული მარიამი ორსულად დახვდა. იგი მზად იყო, ახალგაზრდა მარიამი გაეშვა, რადგან, რჯულის მოთხოვნით, მოღალატე ქალი უნდა მოეკლათ. იოსებს შეებრალება ყმაწვილი მარიამი ჩასაქოლად და ამიტომ მოიწადინა მისი ფარულად გაშვება. მართალი იოსები მასში დაეჭვდა, რადგან მან არ იცოდა ქრისტეს სასწაულებრივი ჩასახვის შესახებ, რომ სულიწმიდისგან იყო და არა კაცობრივი განზრახვით. სწორედ ამ ეჭვების გასაფანტად აუწყა ანგელოზმა ამ უდიდესი სასწაულის შესახებ (მათ. 1:20–21).

იოსების არყოფნაში, როდესაც ის სამშენებლო სამუშაოებზე იმყოფებოდა, მთავარანგელოზის მიერ ქალწულ მარიამის ხარება აღსრულდა, რაზეც ყოვლადწმინდა ქალწულმა განაცხადა, რომ ის უფლის მხევალი იყო და სრულად მზად იყო დამორჩილებოდა მის ნებას (ლუკ. 1:26–38). ქალწულის თანხმობა და მზაობა შეიქნა იმ მესიანური წინასწარმეტყველების აღსრულების წინაპირობა, რომელიც ესაია წინასწარმეტყველმა ბრძანა: „აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ეს. 7:14). ყმაწვილი მარიამისთვის თავიდან, ერთგვარად, ამოუხსნელი ჩანდა, თუ როგორ შეიძლებოდა ის ქალწული ყოფილიყო და ამავდროულად მესია ეშვა, ამიტომ მთავარანგელოზმა უპასუხა: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის“ (ლუკ. 1:35).

ღვთისმშობელთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანეს უწყებას ვხვდებით სახარებაში, სადაც საუბარია მარიამის ნათესავის, ელისაბედის შესახებ. იგი ზაქარიას ცოლი გახლდათ. იოაკობის პროტოსახარების უწყებით, ქალწულმა იერუსალიმში მოქსოვილი კრეტსაბმელი (ფარდა) მიიტანა და შემდეგ ესტუმრა ელისაბედს (იაკობის პირველსახარება 2005: 254). ელისაბედმა მას უფლის დედა უწოდა, რაზეც ქალწულის პასუხი შემდეგნაირი იყო: „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა“ (ლუკ. 1:46–50). ღვთისმშობლის ამ სიტყვებს: „ადიდებს სული ჩემი უფალს“, იმდენად დიდი მნიშვნელობა გააჩნია, რომ ლიტურგიკულ მსახურებაში საგალობლად დამკვიდრდა (ბერძნ. Ἡ ᾨδὴ τῆς Θεοτόκου – ღვთისმშობლის საგალობელი).

ღვთისმშობელთან დაკავშირებულ თხრობას, ცხადია, ვხვდებით ქრისტეს შობის უწყებაშიც (მათ. 1:18–25 და ლუკ. 2:1–20). კეისარ ავგუსტუსის ბრძანებით მოხდა მოსახლეობის აღწერა და ებრაელებს მოუწიათ მშობლიურ ქალაქში ჩასვლა. მოელოდნენ რა მალე ყრმის დაბადებას, იოსები და ქალწული მარიამი მაინც ჩავიდნენ ბეთლემში, რადგან ისინი დავითის შთამომავლები იყვნენ და აღწერა მათ მშობლიურ ქალაქ ბეთლემში ეკუთვნოდათ. სახარებისეული უწყებით, რადგანაც ადგილი აღარ იყო, ცხოველთა სადგომში  გაჩერდნენ (განმარტებებში ასევე გვხდება მოსაზრება, რომ შობის მისტერია გამოქვაბულში, ბაგაში აღსრულდა –Ante-Nicene Fathers, Vol.1, 1887:237), ორიგენე (Ante-Nicene Fathers, Vol.4, 1867: 410).

ღვთისმშობლის შესახებ იოანეს სახარებაში ნაუწყებია, რომ მარიამ კლეოპასი გახლდათ მისი და (იოან. 19:25). ევსები კესარიელის ცნობით (ეყრდნობა რა ჰეგესიპეს), მარიამ კლეოპასი გახლდათ იოსების ძმის (კლეოპას) ცოლი. მარიამ კლეოპასი გვხვდება ჯვარზე გაკრული ქრისტეს წინაშე მდგარ სხვა დედებთან: სალომე, ზებედეს ძეების დედასთან, მარიამ ღვთისმშობელთან და მარიამ მაგდალინელთან ერთად. მარადქალწული მენელსაცხებლე დედებთან იხსენიება როგორც: „მარიამი იაკობისა და იოსიას დედა“ (მათ. 27:56). ამ შემთხვევაში, მარადქალწული მოიზარება არა როგორც იოაკობისა და იოსიას ბიოლოგიური დედა, არამედ როგორც დედინაცვლი, რადგან, საეკლესიო ტრადიციით ცნობილია, რომ ისინი იოსების ძენი იყვნენ პირველი ქორწინებიდან. ქრისტიან ავტორებს (იქნებოდა ეს სამოციქულო პერიოდი, თუ შემდგომი) უწევდათ მარიამის ქალწულობის შესახებ სწავლების დაცვა, რადგან იუდეველებიცა და წარმართებიც ახალი სარწმუნოებისადმი მტრულად იყვნენ განწყობილნი და ყველანაირად ცდილობდნენ მისთვის ზიანი მიეყენებინათ.

სახარებაში მარიამი იხსენიება „სხვა მარიამად“ (მათ. 27:61, 28:1). ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი, ეყრდნობა რა ეკლესიის ტრადიციას, გვაუწყებს სხვა მარიამის ვინაობას: „მარიამ მაგდალინელი და სხვა მარიამი ანუ ღმრთისმშობელი, რომელსაც მახარებელმა ზემოთ იოსესა და იაკობის დედა უწოდა, საფლავის წინ ისხდნენ და მტრის სიცოფის ჩაწყნარებას ელოდნენ, რათა სხეულს მოხვეოდნენ და მისთვის მირონი ეცხოთ“ (ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი, 2005: 261).

ცნობები ღვთისმშობლის მიძინების შესახებ

აპოკრიფული თხრობა ღვთისმშობლის მიძინების შესახებ გვაუწყებს, რომ მარადქალწული უფლის საფლავთან აკმევდა კეთილსურნელებას და მაცხოვრს საკუთარ მიცვალებაზე ევედრებოდა. პარასკევს, ჩვეულებისამებრ, საფლავთან სალოცავად მისულს მთავარანგელოზ გაბრიელისგან ეუწყა: „გიხაროდენ, რომელმან შევ ღმერთი ჩუენი, ლოცვანი შენნი ზეცად აღვიდეს შენგან შობილისა და შეიწყნარეს და ამიერითგან მსგავსად თხოვისა შენისა დაუტევებ სოფელსა და ზეცად მიიცვალები ძისა შენისა ცხორებასა ჭეშმარიტსა“ (კლარჯული მრავალთავი 1991: 413). სწორედ ამ აპოკრიფულ თხრობაშია აღნიშნული, თუ როგორ იქნენ ატაცებულნი მოციქულები სულიწმინდის მიერ, რათა, მარადქალწულის თხოვნით, თავის მიძინებამდე ისინი კიდევ ერთად  ეხილა.

ტექსტის თანახმად, პირველი მასთან ჩაბრძანდა იოანე მოციქული (აპოკრიფის ავტორი სწორედ მახარებლის პირით აღწერს მოვლენებს). ღვთისმშობელმა მას გაანდო საშინელი უწყება: „ჰურიათა ფიცეს, ვითარმედ ოდეს აღვესრულო მე, ჴორცნი ჩემნი დაწუნენ“. მიუგო იოვანე და ჰრქუა მას: „არა იხილონ განსაჴრწნელი წმიდათა და პატიოსანთა ჴორცთა შენთა“. სულიწმინდამ აუწყა მოციქულებს: „ყოველნი ერთბამად ღრუბელთა ზედა მსხდომარენი, კიდითგან ქუეყანისაჲთ შემოკერბით წმიდისა ბეთლემს დედისათჳს უფლისა და მაცხოვრისა თქუენისა“. აპოკრიფი ცნობას გვაწვდის მოციქულთა იმჟამინდელი სამისიონერო მოღვაწეობის ადგილ-მდებარეობაზე: სიმონ-პეტრე – ჰრომით, პავლე–ტიბერიოით, თომა – ჰინდოეთით, იაკობ –იერუსალჱმით, ანდრია, ძმა პეტრესი და ფილიპე, ლუკა, სიმონ კანანელი დაძინებულ იყვნეს და სულმან წმიდამან აღადგინნა იგინი საფლავთაგან... მარკოზ – ალექსანდრიით, როდესაც მოციქული კანონსა სამ ჟამისასა აღასრულებდა (კლარჯული მრავალთავი 1991: 414-415).

წარმოდგენილი აპოკრიფის თანახმად, ახალი აღთქმისეული უდიდესი დღესასწაულები კვირას აღსრულდა: ხარება, შობა, უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში და აღდგომა. სწორედ ქრისტიანთა ამ წმინდა დღეს მობრძანდა მაცხოვარი: „მჯდომარე საყდართა ზედა ქერობინთა“, რათა მიეღო მარადქალწული სასუფეველში: „აჰა, ამიერითგან იყვნეს პატიოსანნი ჴორცნი მიცვალებულ სამოთხესა. ხოლო წმიდაჲ სული შენი ზეცას, საუნჯეთა მამისათა, სადა არს ნათელი და სადა არს მშვიდობაჲ და სიხარული წმიდათა ანგელოზთაჲ“ (კლარჯული მრავალთავი 1991: 418).

აპოკრიფული ძეგლი გვაუწყებს იუდეველის სახელად „იოფანის“ განზრახვას, თუ როგორ შეეცადა იმ საცხედრის მახვილით შემუსვრას, რომელზეც მოციქულები ღვთისმშობლის სხეულს მიასვენებდნენ. უფლის ანგელოზმა კი ხელები ცეცხლოვანი მახვილით მოჰკვეთა. იოფანეს მხოლოდ სინანულის შემდეგ აღუდგა ხელები.

ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ შემდეგ ორ უწყებაზე: „გარდაცვალებაჲ წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ საკითხავი“ და „საკითხავი საიდუმლოთა დაფარულთაგანი გარდაცვალებისათჳს წმიდისა ღმრთისმშობელისა“, რადგან მრავალი სათნო გარდამოცემა იქნა ასახული, რაც საეკლესიო სწავლებაშიც გადმოიცა. უკანასკნელში ტექსტი გვაუწყებს, რომ ღვთისმშობელმა ქრისტიანებს მოუწოდა, რომ 2 დღე-ღამის განმავლობაში აეღოთ სანთელი ჩაუქრობლად და ელოცათ მისთვის, რადგან როგორც თავად მარადქალწულმა აუწყა მათ ადამიანთან სიკვდილის წინ ორი ანგელოზი მიდის (კეთილი და უკეთური) და თითოეულს უხარია იმისდა მიხედვით, თუ როგორი იყო იგი სიცოცხლის მანძილზე: „უკუეთუ ვინმე არნ მოქმედი სიმართლისაჲ, უხარინ ანგელოზსა მას სიმართლისასა... უკეთუ ვინმე არნ მოქმედი ბოროტისაჲ, უხარინ უკეთურსა მას მის ზედა და მოიყვანნის შჳდნიღა სხუანი სულნი ბოროტნი და წარიყვანის სული იგი და განშჭრიედ მას და ტირნ ანგელოზი იგი სიმართლისაჲ“ (კლარჯული მრავალთავი1991: 420-421).

სწორედ ამ აპოკრიფში გვხვდება უწყება, რომ ღვთისმშობლის განსასვენებლად განწესებული იყო სიონის მთა, თუმცაღა, ღვთის უდიდესი სასწაული აღსრულდა და ზეცის სასძლო უფალმა აღიყვანა (კლარჯული მრავალთავი1991: 423).

ღვთისმშობლის ეპითეტები

მამათა ტრადიციაში ქალწულ მარიამს მრავალი ეპითეტი მიეწერება: ყოვლადწმინდა, უმწიკვლო, ყოვლად კურთხეული და დიდებული დედოფალი, ღვთისმშობელი და მარადქალწული (Τῆς Παναγίας, ἀχράντου, ὑπερευλογημένης, ἐνδόξου, δεσποίνης ἡμῶν Θεοτόκου καὶ ἀειπαρθένου Μαρίας).

ღვთისმშობელმა თავისი თავმდაბალი ცხოვრებითა და საღვთო მადლის შეწევნით სრულყოფილებას მიაღწია. ქალწულება არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ არამედ სულის მდგომარეობასაც, როდესაც ვნებებითი მიდრეკილებისაგან ადამიანი თავისუფალია. მართლმადიდებლური და კათოლიკური მიდგომა მარიამის მარადქალწულობის შესახებ იდენტურია, ხოლო პროტესტანტული მიმდინარეობებისთვის კი განსხვავდება (მორმონები უარყოფენ მარადქალწულობასა და ზეცად აღყვანებას, ასევე ანტიტრინიტარიანელები და სხვა).

მართლმადიდებლურ ტრადიციაში დამკვიდრებული და მიღებულია ის ჭეშმარიტება, რომ ღვთისმშობელი არის მარადქალწული. კერძოდ, იესო ქრისტეს შობამდე, შობისას და შობის შემდგომაც იგი ქალწულად დარჩა. წმინდა იოანე ოქროპირი მარადქალწულის შესახებ ბრძანებს: „ვითარცა იტყჳის წინასწარმეტყველი მოსე: „მაყუალი აღგზებული“ (გამ. 3:2) და არა შემწვარი ეგზებოდა? ესე იგი არს: და იშვა ღმერთი და საშოჲ არა განიჴრწნა. მუცლად-იღო და ქალწული ქალწულადვე ეგო“ (რაც იკონოგრაფიაში აისახა ღვთისმშობლის სამოსზე სამი ვარსკვლავის გამოსახვით, ორი მხრებზე და ერთი შუბლზე). პავლე მოციქული არ უარყოფდა ქორწინებას (1 ტიმ. 5:14), თუმცაღა, თავად დაქორწინებული არ იყო, რათა ხელი არ შეშლოდა მოციქულებრივ ღვაწლში (1 კორ. 9:12). ასევე, როდესაც ქალწულმა მარიამმა მიიღო უფლის ბრძანება, რომ ძე ღვთისა მისგან უნდა შობილიყო, მისთვის ცოლქმრული ცხოვრება დამაბრკოლებელი იქნებოდა. სახარებაში ხშირად მოხსენიებულნი არიან იესოს და-ძმანი. ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა დედას თავის ძედ იოანე მოციქული ჩააბარა. თუკი ქრისტეს და-ძმები მარიამის ხორციელი შვილები იქნებოდნენ, მაშინ დედასადმი მაცხოვრის მსგავსი მიდგომა უცხო იქნებოდა, რადგანაც მხოლოდ იოანეს არ ჩააბარებდა დედას (Хрестоматия по сравнительному Богословию 2005: 608-611).

წმინდა მამათა ნაშრომებში ქალწულ მარიამს „ახალი ევაც“ ეწოდება, მსგავსად პავლე მოციქულისა, რომელიც „ახალ ადამს“ უწოდებს ქრისტეს (1 კორ. 15:47). სწორედ მეორე ადამის განსხეულების მისტერიის თანამონაწილე ქალწული მარიამი შეიქნა, თუმცაღა, თავადაც საჭიროებდა ძე ღმერთის მიერ კაცობრიობისადმი მინიჭებულ გამოხსნას. აღსანიშნავია, რომ პირველად ეს ანტიპარალელი (ევა–მარიამი) იუსტინე მარტვილმა დაასახელა (Ante-Nicene Fathers, Vol.11887: 249). წმინდა ირინეოს ლიონელიც ამ კონცეფციას ავითარებს: „ევა ცდუნდა ანგელოზის (მაცდურის) წარმოთქმულით, მარიამი კი დამორჩილდა რა, მიიღო ანგელოზის ნაუწყები, რომ იტვირთავდა ღმერთს“ (Ante-Nicene Fathers, Vol. 11887: 547). აღნიშნული რომ შევაჯამოთ, წმინდა მამათა ტრადიციაში თუკი ევას მიერ სამყაროში ხრწნილება შემოვიდა, ქალწულ მარიამისაგან –  ცხონება.

ი. კვასტენის თანახმად, ეყრდნობა რა ისტორიკოს სოზემენს: „პირველად ორიგენემ გამოიყენა ტერმინი Θεοτόκος ანუ ღვთისმშობელი. ამის დადასტურებას ვერ ვპოულობთ ორიგენეს ჩვენამდე მოღწეულ ნაწერებში. ეს გასაკვირი არ უნდა იყოს იმ უბედურებების გამო, რომლებიც მის შრომებს დაატყდა თავს. ალექსანდრიის სკოლაში დიდი ხნით ადრე გამოიყენებოდა ეს ტერმინი ყოვლადწმინდა მარიამის ღვთის დედობის  ღირსების აღსანიშნავად, ვიდრე იგი საკამათო გახდებოდა მეხუთე საუკუნის პირველ ნახევარში ნესტორიანული პოლემიკის დროს და ვიდრე მისი მოხმობის სისწორეს ეფესოს კრებაზე დაამტკიცებდნენ“ (Quasten J., 1986:80-81).

თავდაპირველად, ქრისტიან ავტორებთან მარიამზე გვხვდება განსაზღვრება ქალწული, ასევე – სხვა უამრავი ეპითეტიც, მიუხედავად იმისა, რომ სოზემენი ამ ტერმინის დამკვიდრებას (იგულისხმბა ღვთისმშობელი) ორიგენეს მიაწერს, რა თქმა უნდა, მას წმინდა წერილიდანაც გააჩნია დასაბუთება, როდესაც ელისაბედმა ქალწულ მარიამს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ! და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა?“ (ლუკ. 1:42–43). თუმცაღა, ნესტორისა და მის მიმდევართათვის ეს ტერმინი მაინც საკამათო აღმოჩნდა, რამეთუ ისინი ამაში, ერთგვარად, წარმართობის საშიშროებას ხედავდნენ, რადგანაც ჩვენთვის ცნობილია, რომ მრავალ მითში ქალღმერთნი შობდნენ ღმერთებს, ამიტომაც შესაძლოა ნესტორმა გამოიყენა ტერმინი Χριστοτόκος („ქრისტესმშობელი“), ამით მიუთითა ადამიანის (ქალწულის) მიერ ქრისტეს, როგორც ღმერთის, გაჩენის  შეუძლებლობაზე, თუმცაღა, მართლმადიდებლური ტრადიცია ეყრდნობა იმ კონცეფტს, რომ ქალწულმა მარიამმა განკაცებული ღმერთი შვა, როგორც წმინდა კირილე ალექსანდრიელი გვაუწყებს: „ჩვენ არასოდეს არავინ ქმნილებათაგან არ მიგვიჩნევია ღმერთად, რადგან ჩვენ მიგვაჩნია მხოლოდ ღმერთი ბუნებით და ჭეშმარიტად [უფლად], ნეტარ ქალწულს კი ვცნობთ ჩვენ მსგავს ადამიანად“ (კირილე ალექსანდრიელი, ნესტორის წინააღმდეგ, I, 10 PG 76, 57). „ის, ვისაც ჩვენ ვეთაყვანებით ჭეშმარიტი ღმერთია, ხოლო დედას ღვთისას ჩვენ პატივს მივაგებთ... და ვცნობთ ამ ქალწულს, როგორც დედას ღვთისას, თუმცაღა, ჩვენ არანაირად არ ვაცხადებთ მას ქალღმერთად (Θεαν), რადგანაც მსგავსი მითები მიესადაგება ელინურ სიცრუეს, რადგან ჩვენ ვაღიარებთ მის სიკვდილსაც; მაგრამ ვცნობთ მას, როგორც დედას ღვთისას, რადგან ღმერთი განხორციელდა (მისგან)“ (Иоа́нн Дамаски́н, Три похвальных слова на Успение Богоматери II, 15 ციტატა მოყვანილია წიგნიდან Хрестоматия по сравнительному Богословию 2005: 644).

წმინდა იოანე დამასკელთან გვხვდება მარიოლოგია არა როგორც დამოუკიდებელი დარგი ან როგორც განსაკუთრებული ანთროპოლოგია, რომელსაც ცენტრად ჰყავს წმინდა ქალწული, არამედ ეს არის ქრისტოლოგია, რომელიც მოიცავს ანთროპოლოგიასაც და მარილიოგიასაც. Θεοτόκος მოიცავს და განამტკიცებს საღვთო განგებულების საიდუმლოს (Хрестоматия по сравнительному Богословию 2005:643).

ტერმინოლოგიურად ქრისტესმშობელი და ღვთისმშობელი მიემართება მხოლოდშობილი ძის დედას, თუმცაღა, პირველი ტერმინის გაუკუღმართებულმა გამოყენებამ  შემდგომ ტრადიციაში (ეფესოს კრების გადაწყვეტილებით) ამ ტერმინის ერთგვარი უარყოფა შემოგვთავაზა კირილე ალექსანდრიელისა და მის თანამოაზრეთა მხრიდან. ქრისტესმშობელი აღნიშნავს „ცხებულის დედობას“. ეს ტერმინი მომდინარეობს ებრაულიდან מָשִׁיחַ (Mašíah). ცხებულობა (მესიობა) ძველ აღთქმაში მიემართებოდა როგორც მეფეებს, ასევე სასულიერო პირებს ანუ იმ ადამიანებს, რომლებზეც აღსრულდა ზეთის ცხება. სეპტუაგინტას ბერძნულ ტექსტში მესიის ნაცვლად გვხვდება χριστός, რაც ცხებულს ნიშნავს, ხოლო განკაცებულ ღმერთს ბერძნულ ენაში მიემართება ცხებულობის (მესიობის) იგივე სახელდება Χριστός. თუკი ნესტორის მიმდევრები ქალწულ მარიამზე იტყოდნენ, რომ ის ცხებულის დედაა, მაშინ ის იქნებოდა მხოლოდ გამორჩეული, ერთ-ერთი მესიათაგანის დედა და არა „το σκήπτρον της Ορθοδοξίας“ (კვერთხი მართლმადიდებლობისა).

ქრისტესმშობელი თუკი მართლმადიდებლური გაგებით იქნება წარმოთქმული, რა თქმა უნდა, თავის თავში არ შეიცავს დოგმატური სახის დარღვევას: „ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ასევე ქრისტესმშობელი (Χριστοτόκος), რადგანაც მან ქრისტე შვა“ (იხ. იოანე დამასკელი, ნესტორიანული ერესის წინააღმდეგ, 24, PG 95, 224). თუმცაღა, ნესტორის პერიოდში, აშკარად, იმდენად იყო ეს ტერმინი დამახინჯებული, რომ მამათა გარკვეული ნაწილი გაემიჯნა მას და თავად იოანე დამასკელიც იმავე ნაშრომში შემდეგს გვაუწყებს: „უწმინდურმა და დაწყევლილმა ერეტიკოსმა ნეტსორმა გამოიყენა ეს სახელწოდება, რათა გაენადგურებინა სახელი ღვთისმშობელი, ამიტომ ჩვენ არ ვუწოდებთ მას ქრისტესმშობელს, არამედ უფრო აღმატებულს – ღვთისმშობელს, რადგან ქრისტეს მშობლებად წარმოგვიდგებიან წინასწარმეტყველთა და მეფეთა (ცხებულთა) სხავა დედებიც, მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი არის ჭეშმარიტად ღვთისმშობელი“ (იხ. იოანე დამასკელი, ნესტორიანული ერესების წინააღმდეგ, 24 PG 95, 224). კირილე ალექსანდრიელს, მიუხედავად იმისა, რომ ნესტორს დაუპირისპირდა, არ დაუკარგავს ამ ტერმინისათვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა: „თუკი ქრისტესმშობელია, მაშინ ის უეჭველად არის ღვთისმშობელიც და თუკი ის არაა ღვთისმშობელი, მაშინ ის არც ქრისტესმშობელია“ (კირილე ალექსანდრიელი, მათ წინააღმდეგ, ვისაც არ სურს ღვთისმშობლის წმინდა ქალწულად აღიარება, 9 PG 76, 265).

431 წლის ეფესოს მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ოფიციალურად დადგინდა სწავლება ქალწულ მარიამის შესახებ. მამებმა ნესტორი ერესში ამხილეს. კირილე ალექსანდრიელი ერესიერარქის მიერ წამოყენებულ სწავლებას განიხილავდა, როგორც ქრისტეში ორი პიროვნების არსებობას, როგორც ადამიანის, მარიამის ძისა და ღმერთის. ეს კი ეწინააღმდეგებოდა ქრისტეში ორი სრული ბუნების ერთ ჰიპოსტასურ შეერთებას.

იუდეველთა მიდგომა ქალწულ მარიამისადმი

ქრისტიანული ტრადიცია ეყრდნობა მესიის ქალწულისაგან შობის კონცეპტს, თუმცაღა, იუდეველები მიიჩნევენ, რომ ესაიას წიგნში ნაუწყები: „ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ის. 7:14), მასორეთულ ტექსტში ჩანს, როგორც „ახალგაზრდა ქალი“. წმინდა წერილის ეს განსხვავებული ინტერპრეტაცია (בְּתוּלָהქალწული, עַלְמָה – ახალგაზრდა ქალი) გვხვდება ჯერ კიდევ იუსტინე მარტვილის პერიოდში, როდესაც ტრიფონი ბრალად სდებს ქრისტიანებს ბერძენთა მითებიდან ქალწულისაგან შობის კონცეპტის აღებას და პარალელს ავლებს პერსევსთან, რომელიც, მითის თანახმად, დაიბადა დანაია ქალწულისაგან, როდესაც მასში ოქროს სახით ზევსმა შეაღწია (დიალოგი 67.2). ამ საკითხთან დაკავშირებით იუსტინე  მარტვილი პასუხობს, რომ ქრისტეზე აღსრულებული წმინდა წერილისეული მრავალი უწყება ელინურ მითებში ეშმაკის მანქანებით იქნა გამრუდებული ისევე, როგორც მოსესა და ელიას აღსრულებულ სასწაულებს მოგვები წინ აღუდგებოდნენ. ამის შემდგომ ტექსტში მოხსენიებულია ელინური მითების პასაჟები, რომლებიც აშკარა მსგავსებას პოულობენ ქრისტეზე აღსრულებულ მოვლენებთან, მაგალითად: 1. დიონისეს ნაკუწ-ნაკუწ დაგლეჯა, სიკვდილის შემდეგ მკვდრეთით აღდგომა და ზეცად ამაღლება; 2. ჰერაკლე სიკვდილის შემდეგ ზეცად ამაღლდა; 3. ასკლეპიოსის მიერ მკვდრების აღდგინება და სნეულთა განკურნება; 4. მითრას კლდისაგან შობა, რაც მსგავსებას პოულობს დანიელ წინასწარმეტყველთან (დან. 2:34) (Ante-Nicene Fathers, Vol.1  1887:233).

ტრიფონ იუდეველი იუსტინე მარტვილთან საუბრისას აშკარად იჩენს სეპტუაგინტას ტექსტისადმი უნდობლობას, რაც იმით აიხსნება, რომ რაბინული ტრადიციისთვის მიუღებელი იყო მესიის ქალწულისაგან შობის დოქტრინა, რომელიც ქრისტიანული სწავლების ქვაკუთხედია. მოწამემ შემდეგი სიტყვებით მიმართა ებრაელ მოაზროვნეს, რომ ებრაელმა მოძღვრებმა (რაბინებმა) ეჭვქვეშ დააყენეს რა სეპტუაგინტას ტექსტი, იმის თქმაც კი გაბედეს, რომ „ის რაღაც საკითხებში შემცდარია“ (Ante-Nicene Fathers, Vol.1  1887:232).

მათეს სახარება ესაია წინასწარმეტყველის ბიბლიურ პასაჟს იყენებს და გვაუწყებს, რომ ემანუელი იშვება ქალწულისაგან (მათ. 1:23) ანუ პირველი საუკუნის ქრისტიანული ტრადიცია სეპტუაგინტას ანიჭებს უპირატესობას, რასაც უკვე ტრიფონ იუდეველი ერთგვარად ეჭვის ქვეშ აყენებს, რადგანაც მეორე საუკუნეში ებრაული ტექსტის ბერძნულ ენაზე სამი რედაქცია შესრულდა (ეს 3 მთარგმნელი იყო: აკვილა, სვიმაქოსი და თეოდოტიონი). ირინეოს ლიონელი ამ სამი მთარგმნელის შესახებ ბრძანებს, რომ თეოდოტიონ ეფესელმა მოახდინა ესაიას ტექსტის ინტერპრეტირება შემდეგნაირად: „აჰა, ახალგაზრდა ქალმან მუცლად-იღოს და შვეს და უწოდიან სახელი მისი ემანუილ“ (ეს. 7:14), რაც ასევე ასახა აკვილა პონტოელმა, ეს ორივე კი იყვნენ ებრაელი პროზელიტები... ებიონიტები კი ასწავლიან, რომ ქრისტე იშვა იოსებისგან (Ante-Nicene Fathers, Vol.1 1887: 451). ამიტომ გასაკვირიც არაა, რომ ტერმინი „ქალწული“ „ახალგაზრდა ქალით“ შეიცვალა, რადგან იმ რელიგიურ ურთიერთობებში, რომლებიც ჰქონდათ იუდეველებსა და ქრისტიანებს, ამ უკანასკნელებს ესაიას წინასწარმეტყველებიდან ციტირება ყოველთვის ექნებოდათ, როგორც საკუთარი არგუმენტი, ამიტომ მეორე საუკუნის თარგმანებში უკვე ცვლილება ჩნდება.

עַלְמָה (ახალგაზრდა ქალი) და בְּתוּלָה (ქალწული) ამ ორი ტერმინის ურთიერთმიმართების შესახებ დოქტორი ჯეიმს სკოტ ტრიმი გვაუწყებს: עַלְמָה (Alma) ნიშნავს გასათხოვარ ყმაწვილ ქალს ან მასაც, ვისზეც შეიძლება ითქვას ქალწული. ბიბლიაში עַלְמָה (Alma) ყოველთვის გულისხმობს ქალწულსაც. მკვლევარი იმოწმებს შემდეგ მუხლებს: დაბ. 24:16: ყმაწვილი ქალი (הַנַּעֲרָ) ძალზე კარგი იყო შესახედავად, ქალწული იყო, მამაკაცი არ გაჰკარებოდა. ჩავიდა წყაროზე, კოკა აავსო და ამოვიდა“. בְּתוּלָה (Betulah) გვხვდება: ქებ. 1:3: „სურნელოვანია შენი ნელსაცხებელი და თავად სახელი შენი დაღვრილი ნელსაცხებელია. ამის გამო უყვარხარ ქალწულებს“ და 6:8: „სამოცი დედოფალია, ოთხმოცი ხარჭა და ურიცხვი ქალწული“– עֲלָמוֹת (Alamoth), აშკარად, ქალწულებს მიემართება. მაშ, რატომ იყენებს ესაია ტერმინს Alma და არა Betulah? მკვლევარს მოჰყავს პეშიტოს რედაქციის უწყება, რომ იქაც ქალწულის აღმნიშვნელად ტერმინი B’tulah ფიქსირდება, ხოლო ბერძშნულში – Παρθένος. ებრაული ბიბლიის ამ ორ უძველეს რედაქციას (არამეულსა და ძვ. ბერძნულს) Alma ესმით, როგორც ქალწული (Trimm 2012: 95).

ჩვენი მსჯელობის შეჯამებისთვის გვსურს აღვნიშნოთ, რომ მასორეთულ ტექსტში ნაუწყები ტერმინი עַלְמָה (Alma) სავსებით შეიძლება მიემართებოდეს ქალწულს. მკვლევარი გორდონი, რომელიც ებრაელია (და არ სწამს რა ქრისტესი და ქალწულისაგან შობის ბიბლიური უწყების), ისიც კი აღნიშნავს, რომ მეფე ჯეიმსის ბიბლიაში Alma თარგმნილი როგორც Virgin (ქალწული) სავსებით ჭეშმარიტია (დაბ. 24:43; ქებ. 1:3; 6:8) – იხ. Alma in Isaiah 7:14; 97 Gordon, Cyrus H.;  JBR21:106).

ქრისტიანი ავტორების ასეთი შეურიგებელი მიდგომა ამ საკითხისადმი ორი მიზეზითაა გამოწვეული: 1. ბიბლიური უწყებისადმი ერთგულება და 2. რაბინული ფაქტორის გათვალისწინება, რადგან მათს მოგვიანო ტრადიციაში (თალმუდში) გავრცელდა იესოს პიროვნებისადმი დამამცირებელი მიდგომა, რომ იგი იშვა ახალგაზრდა ქალისაგან, რომლის მამაც იყო რომის სარდალი პანტერა. ამ უწყებას ჩვენ პატრისტიკულ ტრადიციაშიც ვნახულობთ, როდესაც ორიგენე გვაცნობს კელსუსის პოზიციას თავდაპირველად ვინმე იუდეველის პირით: „როდესაც ებრაელი წარმოგვიდგინა, რომელიც იესოს დედაზე საუბრობდა, მან თქვა „როდესაც დაორსულდა ზღურბლს მიღმა გაუშვა ხურომ, რომელზეც იყო დანიშნული, რადგან მრუშობაში აღმოჩნდა დამნაშავე და ის მუცლით ატარებდა ყრმას ჯარისკაც პანტერასაგან“ (Ante-Nicene Fathers, Vol. 4  1867: 410).

პანტერას შესახებ თხრობა, აშაკარად, მიუთითებს იუდეველთა და წარმართი კელსუსის მხრიდან ქალწულებრივი შობის სასწაულის უარყოფას. ანალოგიურ თხრობას ვხვდებით სახარებაში, როდესაც მაცხოვრის აღდგომის შემდგომ მისი საფლავის მცველებს პასუხად იუდეველმა მღვდელმთავრებმა უთხრეს, რომ მოციქულების მიერ იესოს სხეულის მოპარვად გაევრცელებინათ ეს ამბავი. მკვლევართა მოსაზრებით, სახელი Pantera უნდა მომდინარეობდეს ბერძნული სახელიდან Parthenos (ქალწულისაგან), მაგრამ ეს სახელი არ ყოფილა განსაკუთრებული იმ პერიოდის რომის ჯარისკაცთა შორის (Brown, 1978: 262).

იესო ქრისტეს შესახებ მსგავსი მიდგომა აისახა ნაშრომ „იეშუს ცხოვრებაში“(Toledot Yeshu), რომელიც თარიღდება შუა საუკუნეებით. იგი შეიქმნა არამეულ ენაზე და მასში ასახულია ანტიქრისტიანული სატირული თხრობა იესოს პიროვნების წინააღმდეგ. ვან ვურსტის უწყებით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ IV საუკუნემდელ პერიოდში ყოფილიყო შექმნილი (Van Voorst 2000: 127).

საბოლოოდ, გვსურს, შევაჯამოთ, თუ რატომ იყო გამოწვეული იესოს (იეშუას) პიროვნებისადმი მსგავსი მიდგომა. სახარებაშივე ჩანს პასუხი, რასაც მარკოზ მახარებელი ქრისტესადმი შურის აღტკინებას მიაწერს: „ხოლო პილატე მიუგო და ჰრქუა მათ: გნებავსა, რაჲთა მიგიტეო თქუენ მეუფჱ ჰურიათაჲ? რამეთუ იცოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი მღდელთა-მოძღუართა მათ. ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ აღძრეს ერი იგი, რაჲთა ბარაბა მიუტეოს მათ“ (მარკ. 15:9-11). მოგვიანო ხანის ტრადიციის მიდგომა ქრისტესადმი, რომ ის იყო მაგი, თავის თანამედროვე იუდეველთაგანაც ისმის მისდამი, როგორც ბრალდება. როდესაც მაცხოვარი ებრაელებს გულფიცხელობასა და ურწმუნოებას აუწყებდა, ისინი პასუხობდნენ: „არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შენ, და ეშმაკი არს შენ თანა“ (იოან. 8:48). ანუ ამ ბრალდებებით ორი მოტივაციაც წარმოჩნდება. თუ ის სამარიტელია მაშინ იგი არ შეიძლება მიიჩნეოდეს ებრაელობის ღირსად (გავიხსენოთ, რომ კელსუსი ქრისტეს შობას რომაელ ჯარისკაცს უკავშირებდა), ანუ მას ჯერ სამარიტელობა მიაწერეს და შემდეგ რომაელის უკანონო შვილობა. მსგავსი მიდგომა კი, რა თქმა უნდა, ებრაელ ხალხს აბრკოლებს ქრისტიანობის ჭეშმარიტების შემეცნებაში, რადგან რაბინისტული მიდგომა იესო ქრისტეს პიროვნებისადმი კვლავ იმ ზიზღს იჩენს, რაც სახარებაშივე ჩანს, როდესაც ქრისტეს აღდგომის გასაბათილებლად იუდეველმა მღვდელმთავრება მოციქულებს მიაწერეს მისი სხეულის მოპარვა (მათ. 28:12-13). ბრალდება კი მის ეშმაკეულობაზე ებრაელისთვის გამორიცხავს აღსრულებული სასწაულების ჭეშმარიტებას. ქრისტეს სიტყვები კი იუდეველ სასულიერო პირებს მკაცრად განსჯის, რომელნიც სხვებსაც აცდუნებენ: „ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი. ხოლო ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან“ (მათ. 15:14).

 

ბიბლიოგრაფია:

  • ახალი აღთქუმაჲ, [რედ. წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა], კაბადონი, 2004;
  • ბიბლია, საქართველოს საპატრიარქო, თბილისი, 1989;
  • ევსები კესარიელი, [თარგმანი ზ. ჯაში] ეკლესიის ისტორია, თბილისი, ახალი ივირონი, 2007;
  • იაკობის პირველსახარება=ღმრთისმშობლის შობა, ტექსტი მოამზადეს ი. აბულაძემ, ლუკა ხუნდაძემ, 2005;
  • იოანე დამასკელი, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა, [თარგმანიე. ჭელიძისა], თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 2000;
  • კლარჯული მრავალთავი, ტექსტი მოამზადა თამილა მგალობლიშვილმა, მეცნიერება, 1991;
  • ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი, მათეს სახარების კომენტარები[თარგმანი კოპლატაძე, გ.], საპატრიარქოს გამომცემლობა, თბილისი, 2005;
  • საღვთისმეტყველო კრებული, #1, თბილისი, 1991;
  • მცხეთური ხელნაწერი, [ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ელ. დოჩანაშვილმა], მეცნიერება, თბილისი, 1981;
  • კირილე ალექსანდრიელი, ნესტორის წინააღმდეგ, PG 76, 247-56;
  • იოანე დამასკელი, ნესტორიანული ერესის წინააღმდეგ, PG 95, 187-224;
  • კირილე ალექსანდრიელი, მათ წინააღმდეგ, ვისაც არ სურს ღვთისმშობლის წმინდა ქალწულად აღიარება, PG 76, 255-92;
  • ლეონტი ბიზანტიელი, აფთარტოდოკეტისტების წინაღმდეგ PG 86, 1357-96;
  • ეპიფანე კვიპრელი, პანარიონი, PG 42, 9-888;
  • Alma in Isaiah 7:14; 97 Gordon, Cyrus H. ; JBR21:106;
  • Ante-Nicene Fathers, Vol. 1; 4; 9; 16;17. Tr. Roberts A., Donaldson J., Edinburgh;
  • Blair T., Hebrew-English Interlinear ESV Old Testament, 2013;
  • Brown R.E.,Mary in the New Testament, Paulist Press, 1978;
  • Brenton L. C. L., The Septuagint version of the Old Testament, London, 1879;
  • Douglas; Hillyer, New Bible Dictionary, Inter-varsity Press, 1990;
  • Florovsky G., Collected Works of Georges Florovsky, vol. III, Creation and Redemption, Nordland Publishing Company; Belmont, Mass., 1976;
  • Liddell, H. G. Scott, S.,  A Greek-English lexicon, New York, Harper, 1883;
  • Lossky V., Panagia, St. Vladimir’s Seminary Press: New York, 1974;
  • Quasten J., Patrology Vol. III, Christian Classsics, Westminster, 1986;
  • Robert E. van Voorst, Jesus outside the New Testament, .B. Eerdmans, Grand Rapids, MI., 2000, p.109;
  • Trimm J. S., Mashiach: The Messiah from a True Jewish Perspective, 2012;
  • Праваславная Энциклопедия, III т., Мосва, 2001;
  • Хрестоматия по сравнительному Богословию, Москва, 2005.

ინტერნეტ-რესურსი:

  • http://www.newadvent.org/cathen/15464a.htm;
  • http://www.chabad.org/library/bible_cdo/aid/16446#showrashi=true&v=13;
  • http://taylormarshall.com/2011/12/did-jewish-temple-virgins-exist-and-was.html.