თორმეტმა ევროპულმა აკადემიურმა ინსტიტუციამ რელიგიის კვლევების ელექტრონული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის წამოიწყო პროექტი „RESILIENCE“ (რელიგიური კვლევების ინფრასტრუქტურა: ინსტრუმენტები, ექსპერტიზა, კავშირები და ცენტრები). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის „ჰორიზონტი 2020“-ის პროგრამის ფარგლებში. პროექტს საფუძველი ჩაეყარა 2019 წლის სექტემბერში, ბოლონიაში (იტალია) მონაწილეთა შორის დადებული შეთანხმების შედეგად. პროექტში მონაწილეობენ შემდეგი ევროპული ინსტიტუციები: ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემია, მიუნსტერის უნივერსიტეტი, ვარშავის უნივერსიტეტი, სოფიას წმ. კლიმენტ ოხრიცკის სახელობის უნივერსიტეტი, სარაევოს უნივერსიტეტი, ლაიბნიცის სახელობის ევროპული ისტორიის ინსტიტუტი, ალბანეთის უნივერსიტეტი, პარიზის უმაღლესი კვლევების პრაქტიკული სკოლა, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ლაიფციგის გამოყენებითი ინფორმატიკის ინსტიტუტი, აპელდორნის თეოლოგიური უნივერსიტეტი, ბოლონიის რელიგიურ მეცნიერებათა ფონდი.
პროექტის მიზანია, რელიგიის კვლევებში ჩართული აკადემიური წრეებისათვის, სტუდენტებისა და, ასევე, ფართო საზოგადოებისათვის შექმნას და განავითაროს რესურსები და პლატფორმები რელიგიის კვლევებისათვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პროექტთან თანამშრომლობს და მის საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებს ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.