დიონისე არეოპაგელის შემოქმედება და ეჭვი ავტორის შესახებ
ახ. წ. 53 წელს პავლე მოციქულმა ათენის არეოპაგზე ანუ უმაღლესი სასამართლოს წინაშე, ღვთის სიტყვა იქადაგა. ამის შესახებ „მოციქულთა საქმე“ მოგვითხრობს, სადაც ადრეული ქრისტიანობის ისტორიაა გადმოცემული. პავლეს მსმენელებიდან მხოლოდ რამდენიმე დაინტერესდა ქრისტეს მოძღვრებით. „მოციქულთა საქმეში“ ვკითხულობთ: „მკვდრეთით აღდგომა რომ გაიგონეს, ზოგიერთმა დაცინვა დაუწყო, ზოგი კი ამბობდა: ამას სხვა დროს მოვისმენთ შენგანო. ასე გამოვიდა პავლე მათგან. ზოგიერთი კი მიემხრო და ირწმუნა; მათ შორის იყო დიონისე არეოპაგელი და, სხვებთან ერთად, ერთი ქალიც, რომელსაც დამარისი ერქვა სახელად“.
ე.წ. არეოპაგიტული კორპუსის სათაურში მითითებულია, რომ აღნიშნული ნაშრომი პავლეს მიერ მოქცეულ დიონისეს ეკუთვნის: „თანა-პრესვიტერ ტიმოთეს პრესვიტერი დიონისე წერს საღმრთოთა სახელთათვის“. პრესვიტერი, რაც სიტყვასიტყვით მღვდელს ნიშნავს, აქ ეპისკოპოსს აღნიშნავს. წიგნის სათაური იმეორებს პავლე მოციქულის წერილის სათაურს. ნაშრომში წერილის ფორმა შენარჩუნებულია, რადგან მთელი ნაშრომი ტიმოთეს ეძღვნება. ეს ის ტიმოთეა, რომელიც პავლემ მოაქცია ქრისტიანობაზე. იგი მან ეფესოს ეპისკოპოსად დაადგინა. თავად პავლემ ორი წერილი მისწერა ტიმოთეს. დანარჩენი პირები პავლეს გარემოცვიდან, რომლებიც არეოპაგიტულ კორპუსში არიან მოხსენიებულნი, ემსახურებიან იმ მიზანს, რომ გამყარდეს მოსაზრება, რომ ნაშრომი მართლაც დიონისე არეოპაგელს ეკუთვნის. არეოპაგიტულ კორპუსში დასახელებულია, მაგალითად, „ღვთისმოშიში იუსტუსი“ (949 A), რომელიც, ასევე, გვხვდება „მოციქულთა საქმეში“ და „ეპისტოლეში კოლასელთა მიმართ“. ნახსენებია, ასევე, სრულიად უცნობი „ჰიეროთეოსი“, რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი.
დიონისეს თხზულებები ცნობილი გახდა არეოპაგის ეპიზოდიდან თითქმის 500 წლის შემდეგ იმპერატორ იუსტინიანეს დროს. დიონისეს სახელით შემორჩენილია 4 ნაშრომი და 10 წერილი. ამით დაიწყო ქრისტიანობის სულიერ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძაფრი ლიტერატურული თავგადასავალი.
არეოპაგიტული კორპუსის გამოქვეყნება და გავრცელება (528-532 წწ.)
იტალიელი მკვლევარის, კარლო მარია მაცუკის აზრით, ალექსანდრია უფრო ხელსაყრელი იყო არეოპაგიტული კორპუსის გამოქვეყნებისათვის, ვიდრე ათენი. VI საუკუნეში ალექსანდრია მსხვილი სავაჭრო ცენტრი იყო, სადაც ბერძნული და ეგვიპტური კულტურა ერთმანეთს ორიგინალურად ერწყმოდა და სადაც ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსები და ყველა რელიგიის წარმომადგენლები მოღვაწეობდნენ. 525 წელს სევერუს ანტიოქიელი (465-538 წწ.) ალექსანდრიაში ჩავიდა. ეს ის ფიგურაა, რომელმაც არეოპაგელის ნაშრომი „საღმრთოთა სახელთათვის“ პირველად მოიხსენია. სავარაუდოდ, ფილოსოფოსმა დამასკიოსმა სპარსეთიდან დაბრუნების შემდეგ, 532 წელს, ხელი შეუწყო, რომ მომზადებულიყო ამ ნაშრომის სირიული თარგმანი სერგი რეშაინელის მიერ და მისი კომენტარი იოანე სკვითოპოლელის მიერ. იგი ემესაში შეჩერდა, რომელიც საკვანძო პუნქტს წარმოადგენდა მესოპოტამიასა და ეგვიპტეს შორის.
საინტერესოა, თუ როგორ გადაურჩა არეოპაგიტული კორპუსი იმპერატორ იუსტინიანეს მკაცრ რელიგიურ პოლიტიკას. მაცუკის აზრით, ამ შემთხვევაში თვით უარყოფილი ნეოპლატონიზმის იდეებიც შეწყნარებული იქნებოდა, რადგან არეოპაგიტულ კორპუსში წარმოდგენილია იერარქიისა და ავტორიტეტის შესახებ იდეები, რომლებიც პოლიტიკურ სფეროში იმპერატორისათვის მნიშვნელოვანი იქნებოდა.
528 წლის შემდგომ, სულ რაღაც ხუთ წელიწადში, დიონისეს შრომები განსაკუთრებით ცნობილი გახდა სირიის კულტურულ სივრცეში. უკვე 532 წელს ისინი სერგი რეშაინელმა სირიულად თარგმნა. პალესტინაში იოანე სკვითოპოლელმა არეოპაგიტულ კორპუსს კომენტარები დაურთო. ლორენცო ვალამდე, ერაზმ როტერდამელამდე და იოზეფ იუსტუს სკალიგერამდე (1540-1609 წწ.) გაცილებით ადრე, უკვე 532 წელს, ჰიპათიუს ეფესელმა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ არეოპაგიტული კორპუსი მოციქულთა პერიოდში წარმოიშვა. ამ ეჭვებს ხელი არ შეუშლია არეოპაგიტული კორპუსის გავრცელებისა და აღიარებისთვის. გარდა ამისა, კრიტიკულ-ისტორიულ ცნობიერებას ჯერ კიდევ არ ენიჭებოდა ისეთი მნიშვნელობა, როგორც ახალი დროის დასაწყისში. გვიანანტიკურ ეპოქაში უპირატესობა ენიჭებოდა აღნიშნული ტექსტების შინაარსობრივ და ფორმალურ ასპექტებს.
დებატები არეოპაგიტული კორპუსის ნამდვილი ავტორის შესახებ
მიუხედავად ამისა, თვალსაზრისი არეოპაგიტული კორპუსის გვიანდელი წარმომავლობის შესახებ უფრო და უფრო მყარდებოდა. რონალდ ჰეზევეი არეოპაგიტული კორპუსის სავარაუდო ავტორად 22 პიროვნებას ასახელებს. ერთ-ერთი ასეთი ავტორი, რომლის შესახებ ძალიან ინტენსიური დისკუსია დღემდე წარმოებს, პეტრე იბერია (411-491 წწ.). იგი იყო მეფე ბუზმარის ვაჟი და თავდაპირველად მას ნაბარნუგი ერქვა. 12 წლის ასაკში იგი კონსტანტინოპოლში მოხვდა, ხოლო შემდეგ იერუსალიმიც მოინახულა. პეტრე იბერი იყო ქალაქ მაიუმის ეპისკოპოსი (ღაზა, პალესტინა). იგი მონოფიზიტი იყო და ქალკედონისტებს უპირისპირდებოდა. არეოპაგიტული კორპუსის სავარაუდო ავტორად პეტრე იბერი შალვა ნუცუბიძემ დაასახელა 1942 წელს. 1952 წელს აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა ბელგიელი მკვლევარი ერნსტ ჰონიგმანიც, ხოლო უკანასკნელ წლებში – რუსი მკვლევარი ბასილ ლურიე. შედარებით ზომიერი პოზიცია უკავია აკად. გურამ თევზაძეს თავის ნაშრომში „პეტრე იბერი“ (2009 წ.). მისი აზრით, არეოპაგიტული კორპუსის მიწერა პეტრე იბერისადმი დღემდე ერთ-ერთ ლეგიტიმურ სამუშაო ჰიპოთეზად რჩება.
ჰიპოთეზა დამასკიოსის ავტორობის შესახებ
წინამდებარე სტატიაში დეტალურად ვერ განვიხილავ არეოპაგიტული კორპუსის სავარაუდო ავტორების შესახებ არსებულ ყველა ჰიპოთეზას. ჩემს ყურადღებას გავამახვილებ იმ თეორიაზე, რომელიც არეოპაგიტული კორპუსის ავტორად ნეოპლატონიკოს ფილოსოფოს დამასკიოსს მიიჩნევს. ადრეულ დისკუსიებში აღნიშნული ჰიპოთეზა ხშირად იყო ხოლმე გაჟღერებული, თუმცა მას აკლდა დამაჯერებლობა და განვრცობა. დამასკიოსის ავტორობის ჰიპოთეზა გადმოცემული აქვს იტალიელ მკვლევარს კარლო მარია მაცუკის. 2006 წელს მან იტალიურ, ხოლო 2013 წელს ლათინურ ენაზე გამოაქვეყნა ნაშრომები ჟურნალ „Aevum“-ში (გამოიცემა მილანის საკრო კუორეს უნივერსიტეტის მიერ), სადაც თავისი თეორია ჩამოაყალიბა.
დამასკიოსის ავტორობის ჰიპოთეზა მაცუკიმდე
მაცუკიმ ყველაზე უფრო სრულყოფილად ჩამოაყალიბა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც, არეოპაგიტული კორპუსის ავტორი არის ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსი დამასკიოსი. თუმცა, ამ მიმართულებით იგი პირველი არ ყოფილა. ჯერ კიდევ როლანდ ჰეზევეიმ 1969 წელს შეამოწმა აღნიშნული ჰიპოთეზა, თუმცა განსხვავებულ დასკვნამდე მივიდა. მან არეოპაგიტული კორპუსის ავტორად მიიჩნია პროკლეს სხვა მოსწავლე, კერძოდ, ჰერაისკოსი. თუკი ჰეზევეი დამასკიოსს მიიჩნევდა არეოპაგიტული კორპუსის ავტორად, იგი უნდა დაყრდნობოდა ჰეგელის შესანიშნავ სპეციალისტს ალექსანდრე კოჟევს, რომელმაც მას წერილობით გაუზიარა თავისი ვარაუდი დამასკიოსის ავტორობის შესახებ.
რაც შეეხება კიდევ ერთ მიდგომას. ნეოპლატონიზმის ცნობილი გერმანელი მკვლევარი ვერნერ ბაიერვალტესი შემდეგნაირად აყალიბებს დამასკიოსის ავტორობის ჰიპოთეზას: მისი აზრით, არეოპაგიტული კორპუსის დამასკიოსის შრომებთან შინაარსობრივი და ტერმინოლოგიური კავშირის მიუხედავად, მაინც ვერ მივაწერთ მის ავტორობას დამასკიოსს.
არეოპაგიტული კორპუსის შემთხვევაში საქმე გვაქვს ლიტერატურულ ფიქციასთან, რადგან ავტორს სურს, დატოვოს შთაბეჭდილება, რომ ნაშრომი ეკუთვნის დიონისეს, რომელიც პავლემ არეოპაგში ქრისტიანობაზე მოაქცია. მაცუკის აზრით, აღნიშნული ფიქციის მოტივსა და მიზანს წარმოადგენს ნეოპლატონური წარმართობის უკანასკნელი კონტრშეტევა უფრო და უფრო მომძლავრებული ქრისტიანობის მიმართ. ახალ ვითარებაში პლატონური ტრადიცია უკვე დამხმარე საშუალება კი არ იყო წმინდა წერილების გასაგებად, როგორც ეს ორიგენესა და გრიგოლ ნაზიანზელთანაა, არამედ უბრალოდ როგორც კონკრეტული პრობლემების გადაჭრის საშუალება. მაცუკის მიხედვით, აქ საქმე გვაქვს ქრისტიანობაში ნეოპლატონიზმის გადატანის უფრო რადიკალურ მცდელობასთან. აქ საქმე იმის ჩვენება კი არ იყო, რომ ნეოპლატონიზმი ქრისტიანობის განვითარებაში ერთ-ერთ გარდამავალ საფეხურს წარმოადგენდა, არამედ იმის დემონსტრირება, რომ ეს მოძღვრება იმთავითვე ქრისტიანობის არსს და უმთავრეს მოცემულობას ქმნიდა. ეს მცდელობა ქრისტიანულად უნდა ყოფილიყო შეფერადებული, რათა სწრაფად არ მომხდარიყო მასთან დაპირისპირება და მისი უარყოფა. ამ სტრატეგიის მეშვეობით უნდა მომხდარიყო გამარჯვებული ქრისტიანების დაძლევა. თუმცა, აღნიშნულ მცდელობას საპირისპირო შედეგი მოჰყვა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ მართებულად მივიჩნევთ მაცუკის ამ თვალსაზრისს – რომ არეოპაგიტული კორპუსის ავტორს თავისი ნაშრომებით ქრისტიანობის დაძლევა ჰქონდა განზრახული – აზროვნების ისტორია სხვა ზემოქმედებას ადასტურებს. ნეოპლატონური ელემენტების შეტანით ქრისტიანულმა რწმენამ და რიტუალებმა ფილოსოფიური სიღრმე შეიძინეს. ამრიგად, ნეოპლატონიზმისა და ქრისტიანობის კავშირი ქრისტიანობისათვის უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა.
საკუთარი სახელების მნიშვნელობა დიონისესთან და მათი ინტერპრეტაცია
მაცუკის აზრით, არეოპაგიტულ კორპუსში საკუთარ სახელებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ, რადგან ისინი ავტობიოგრაფიულ ელემენტებზე მიანიშნებენ. დიონისეს შრომაში გვხვდება ორი უმნიშვნელოვანესი პიროვნება, მოციქული პავლე და ვინმე ჰიეროთეოსი, რომელიც დიონისეს მასწავლებლადაა დასახელებული. მაცუკი პავლე/ჰიეროთეოსის წყვილს პროკლესა და ისიდორეს წყვილს ადარებს, რომლებიც დამასკიოსის მასწავლებლები იყვნენ. აქ, შესაძლოა, განვავრცოთ მაცუკის თვალსაზრისი და გავიხსენოთ ზემოთ დასახელებული ქალი, რომლის სახელიც დამარისი იყო. პიროვნებათა და ადგილების სიმბოლიკის განმარტების შესახებ მოგვიანებით გვექნება საუბარი. შესაბამისად, არეოპაგიტული კორპუსის შემთხვევაში ჩვენს წინაშეა იმ ტიპის ნაშრომი, სადაც აქტიურად გამოიყენება ლიტერატურული შიფრირება. აქ დაშიფრულია როგორც თავად ნაწარმოების ავტორის ვინაობა, ასევე, მისი ნეოპლატონური შინაარსიც.
დამასკიოსის ბიოგრაფია და პიროვნება
დამასკიოსი დაიბადა დაახლოებით 462 წელს დამასკოში. სახელი დამასკიოსი მან, სავარაუდოდ, მას შემდეგ მიიღო, როცა დამასკო დატოვა. 479 წელს იგი რიტორიკის შესასწავლად ალექსანდრიაში წავიდა, სადაც მისი მასწავლებელი თეონ ალექსანდრიელი იყო. იქ დამასკიოსმა ნეოპლატონიკოსები გაიცნო, უპირველეს ყოვლისა, ამონიოს ერმისი, ფილოსოფოს ერმისის ვაჟი.
ამონიოსთან დამასკიოსმა პლატონური ფილოსოფია და ასტრონომია შეისწავლა. 482 წელს იგი ათენში გაემგზავრა, სადაც ცხრა წლის განმავლობაში რიტორიკას ასწავლიდა და სადაც იგი პლატონური აკადემიის ნეოპლატონიკოსებს დაუკავშირდა. აღსანიშნავია, რომ აკადემიას 485 წლამდე ანუ გარდაცვალებამდე პროკლე ხელმძღვანელობდა. 491 წელს დამასკიოსი, თავის მასწავლებელთან და მეგობართან, ისიდორესთან ერთად, ალექსანდრიაში დაბრუნდა. ათენში პროკლეს მემკვიდრე ამასობაში მარინოს პალესტინელი გახდა, რომელთანაც დამასკიოსი გეომეტრიასა და მათემატიკას სწავლობდა. ფილოსოფიაში მისი მასწავლებლები ცენოდოტესი და ისიდორე იყვნენ. ისიდორეს ბიოგრაფია დამასკიოსმა მოგვიანებით დაწერა.
დაახლოებით 515 წელს დამასკიოსი აკადემიის ხელმძღვანელი გახდა. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მოსწავლე სიმპლიკიოსი იყო. 529 წელს იმპერატორმა იუსტინიანემ აკრძალა წარმართული ფილოსოფიის ანუ პლატონიზმისა და ნეოპლატონიზმის სწავლება. დამასკიოსი და ექვსი სხვა ფილოსოფოსი სპარსეთში წავიდნენ და შაჰ ხოსრო I კარზე ჰპოვეს თავშესაფარი. თუმცა, ისინი დიდხანს არ გაჩერებულან ირანში და მალე აღმოსავლეთ რომის იმპერიაში, ჩვენთვის ერთ-ერთ უცნობ ადგილზე ჩავიდნენ. სავარაუდოდ, დამასკიოსი შემდეგ ემესაში გაემგზავრა (დღევანდელი ჰომსი სირიაში), სადაც აღმოჩენილია საფლავის ქვა მისი სახელით. სავარაუდოდ, იგი იქვე გარდაიცვალა 538 წელს.
დამასკიოსის უარყოფითი დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ
თავისი მასწავლებლის, ისიდორეს ბიოგრაფიაში დამასკიოსი ვერ ფარავს თავის უარყოფით დამოკიდებულებას ქრისტიანობის მიმართ. კონსტანტინოპოლის პატრიარქის ფოტიოსის (დაახლ. 820-891 წწ.) თქმით, აღნიშნულ ნაშრომში დამასკიოსის მიერ ქრისტიანობის კრიტიკა „ბოღმიანი და მტრულია“. თავად დამასკიოსის ძმა, იულიანე, ალექსანდრიაში ქრისტიანებმა მოკლეს. დამასკიოსს ყოველგვარი იმედი ჰქონდა დაკარგული იმის თაობაზე, რომ მოხერხდებოდა წარმართობის პოლიტიკური აღორძინება. ისიდორეს ცხოვრებაში იგი ჩამოთვლის იმპერატორ იულიანე განდგომილის მცდელობებს, რომლებიც ქრისტიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ყველა ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. დამასკიოსი, ასევე, ახსენებს წარმართთა მიერ მოწყობილ შეთქმულებებსა და აჯანყებებს, რომლებიც, ასევე, კრახით დასრულდა. წარუმატებელი იყო დასავლეთ რომის იმპერატორის, ანთემიუსის მცდელობაც – აეღორძინებინა წარმართული ღვთაებების კულტი. პორფირიოსმა 15 წიგნი დაწერა ქრისტიანობის წინააღმდეგ, რომლებიც დღეს არც კია შემორჩენილი.
რა ცოდნა ჰქონდა დამასკიოსს ქრისტიანული რელიგიის შესახებ
არეოპაგიტული კორპუსის ავტორი საოცრად კარგად და საფუძვლიანად იცნობს ქრისტიანულ რელიგიას, მის დოგმებსა და რიტუალებს, განსაკუთრებით კი, ბიბლიას. აქ უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსების ირგვლივ არსებული სოციოკულტურული გარემო უკვე ქრისტიანობის გავლენით იყო ჩამოყალიბებული. შესაბამისად, არაქრისტიანისთვის საკმაოდ ადვილი იყო ქრისტიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ დამასკიოსი მეგობრობდა ასკლეპიადესთან, რომელიც განსაკუთრებით კარგად იცნობდა ეგვიპტურ რელიგიას და უნივერსალური თეოლოგიური სინთეზის განხორციელებას ესწრაფოდა. თავად დამასკიოსიც დაინტერესებული იყო უცხო რელიგიებით, რასაც ადასტურებს მისი ნაშრომი სათაურით „საწყისების შესახებ“. შესაბამისად, დამასკიოსი ხელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებოდა იმისთვის, რომ რელიგიების შესახებ თავისი ცოდნა ნეოპლატონურ ტრადიციასთან დაეკავშირებინა.
უკვე იმ პერიოდისთვის არსებობდა მსგავსი ორმაგი იდეოლოგიური მიმართულების შემთხვევები, რომლებიც აჩვენებს, რომ შესაძლებელი იყო ქრისტიანული ჰაბიტუსის შენიღბვა ან სულაც მისი შეცვლა. მაგალითად, ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი მოგვითხრობს იმპერატორ თეოდორას სამსახურში მყოფ სამარიტანელი არსენიუსის შესახებ. დედოფლის კეთილგანწყობის შედეგად იგი მნიშვნელოვნად გამდიდრდა და სენატის წევრიც კი გახდა. თავის მშობლიურ სკვითოპოლისში იგი სამარიტანულ ტრადიციას უჭერდა მხარს და ქრისტიანების წინააღმდეგ გამოდიოდა. მას შემდეგ, რაც ის საიმპერატორო კარიდან განდევნეს, მან ქრისტიანული დოგმატიკის შესახებ ტრაქტატი დაწერა.
დამასკიოსისა და დიონისეს სტილი
მაცუკი აღწერს დამასკიოსის ერთ-ერთი ნაშრომის („ისიდორეს ცხოვრება“) სტილს, რომელიც ფოტიოსის მეშვეობითაა შემორჩენილი. აღნიშნული სტილი დიონისეს სტილის მსგავსია. თვალშისაცემია ავტორიტარული ფორმა, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ შეწინააღმდეგებას, მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება თითქოს მოკრძალებულ დებულებებს. წინადადებები არ არის დასახსრული, კონსტრუქციები დიდია და, ასე ვთქვათ, მძიმედაა გაერთიანებული. გარდა ამისა, მუდმივად გვხვდება სიტყვათწარმოქმნა წინსართ „ჰიპერ“-ის მეშვეობით.
დამასკიოსის ინტელექტუალური ფიგურა
როგორც ჩვენთვის ცნობილია, დამასკიოსი ათენის პლატონური აკადემიის უკანასკნელი მეთაური იყო. მისი შრომები, დიდწილად, პლატონის დიალოგებზე დართული კომენტარები ან სამეცნიერო თხზულებებია. მაგრამ დამასკიოსი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ფილოსოფიური განზომილებით. ჩვენ ის მწერლადაც უნდა გავიაზროთ, რომელმაც პოპულარული და ბელეტრისტული შრომები შექმნა. ნიშანდობლივია ისიც, რომ დამასკიოსმა დაწერა თავისი მასწავლებლის – ისიდორეს – ბიოგრაფია, რომელიც მრავალ ანეკდოტურ ეპიზოდს შეიცავს. ასეთი ინტელექტუალური პროფილის გათვალისწინებით, დიონისური კორპუსის ავტორობა შესაძლოა მას უფრო მივაწეროთ, ვიდრე პეტრე იბერს, რომელიც სერიოზული საეკლესიო ავტორი, ბერი და ეპისკოპოსი იყო. სტილისტურ ფორმად დამასკიოსი ირონიას იყენებდა, რასაც შენიღბვისა და სიმულაციის ფუნქცია ჰქონდა. მხოლოდ ისეთ მწერალს შეუძლია „კამუფლაჟირებული“ ლიტერატურული ნაწარმოების შექმნა, რომელიც საკუთარ თავს ფანტაზიის უფლებას აძლევს.
ბიოგრაფიული მითითებები და ეპიზოდები დიონისეს თხზულებებში, როგორც მინიშნებები დამასკიოსის შესაძლო ავტორობაზე
დიონისეს თხზულებებში არსებობს რამდენიმე ეპიზოდი, რომლებიც, მაცუკის აზრით, შეფარულად, დამასკიოსის ბიოგრაფიაზე რეფერირებენ.
მარიამ ღვთისმშობლის დაკრძალვის აღწერა („საღმრთოთა სახელთათვის“, მე-3-ე თავი). აქ გადმოცემულია მოციქულთა და პირველქრისტიანთა შეკრება, რომელსაც ჰიეროთეოსი, ასევე, იაკობ მოციქული („უფლის ძმა“) და პეტრე, „ბიბლიურ მწერალთა უმაღლესი მწვერვალი“, ესწრებოდნენ. ისინი შეიკრიბნენ „სიცოცხლის მიმნიჭებელი და ღმერთის მიმღები სხეულის“ სანახავად. თითოეულ სტუმარს ღვთის სადიდებელი სიტყვა უნდა წარმოეთქვა. დიონისემ ეს სადიდებელი ჰიმნები ტიმოთესგან მოისმინა, რომელიც, ასევე, ამ შეკრებას ესწრებოდა. მაცუკის ინტერპრეტაციის თანახმად, აღნიშნული პასაჟი ასახავს რეალურ მოვლენას დამასკიოსის ცხოვრებიდან. თავის ახალგაზრდობაში დამასკიოსი დაესწრო ქ. ალექსანდრიაში ღრმად პატივცემული ქალბატონის ედესიას დაკრძალვას. დაკრძალვის პროცესიაზე მან ედესიას საფლავთან სახოტბო ლექსი წარმოთქვა, რომელიც თავად შეთხზა. ედესია ნეოპლატონიკოს ერმისის მეუღლე და ორი ვაჟის დედა იყო.
ზოგიერთი ავტორი (ბეატე რეგინა ზუხლა და სხვები) მიუთითებს, რომ ბერძნული ტერმინი theodochos („ღმერთის მიმღები“) და zoarchikos („სიცოცხლის მიმნიჭებელი“) მიეყენება ჯვარცმული იესოს სხეულს და არა ღვთისმშობლისას (მიუხედავად იმისა, რომ გვიანდელ ტრადიციაში მითითება უკვე ექსპლიციტურად ღვთისმშობელზე ხორციელდება). ფილოლოგიური წინააღმდეგობის მიუხედავად, ღვთისმშობელზე მითითება უფრო თავსდება კონტექსტში, რადგან იესოს ჯვარცმისას მოციქულები არ შეკრებილან და სახოტბო ჰიმნები არ წარმოუთქვამთ.
სრულიად მცდარი იქნებოდა, ამ კუთხით დიონისეს მხრიდან რაიმე გაყალბებაზე ან მოტყუებაზე რომ გვესაუბრა, რასაც ხშირად აკეთებდნენ შეზღუდული თვალსაწიერის მქონე პირები. აქ უფრო მეტად სახეზეა ფსევდოეპიგრაფიის ლიტერატურული სტილი და ლიტერატურული ფიგურის შიფრირება, რომელიც არ ექვემდებარება მორალურ შეფასებას და სრულიად ლეგიტიმურია ლიტერატურულ ჭრილში. დამასკიოსის თანამედროვეებისათვის სტილის ასეთი ფორმა სრულიად მისაღები და გასაგები იყო.
დამატებითი მინიშნებები დამასკიოსის შესაძლო ავტორობის შესახებ
არეოპაგის ადგილისა და დიონისეს ავტორობის არჩევა. ნამდვილ დიონისეს, სავარაუდოდ, დამასკიოსს, კარგად უნდა სცოდნოდა ახალი აღთქმა და პავლე მოციქულის წერილები. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვერ დაუკავშირებდა თავის ნაწარმოებს მოციქულთა საქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურას. მაშინ განხილვის საგანი იქნებოდნენ სხვა პიროვნებები ახალი აღთქმიდან. დიონისეს არჩევა აჩვენებს ტექსტის ნამდვილი ავტორის განსაკუთრებულ მიმართებას მოციქული პავლეს მიმართ. ეს მიმართება ემყარება საერთო კავშირს ქ. დამასკოსთან. დამასკიოსი ქ. დამასკოდან იყო. პავლეს ქრისტიანობაზე მოქცევა მოხდა, ასევე, დამასკოში ან დამასკოსკენ მიმავალ გზაზე. პავლეს მოქცევის ისტორია დამასკოში მცხოვრები ქრისტიანებისათვის, რა თქმა უნდა, კარგად ნაცნობი იქნებოდა. წარმართ დამასკიოსსაც, რომელიც ამავე ქალაქში ცხოვრობდა, დიდი ალბათობით, ეცოდინებოდა პავლეს ისტორია.
მოქმედების ადგილად არეოპაგის არჩევას დიონისესთან კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა, კერძოდ, „უცნობი ღმერთის“ საკურთხეველი არეოპაგზე. სავარაუდოდ, „უცნობმა ღმერთმა“ დამასკიოსს მიმართა, რადგან, ფილოსოფიურ ჭრილში, ეს ღმერთის შესახებ ნეოპლატონური წარმოდგენის ბირთვს ქმნიდა. ამ წარმოდგენის თანახმად, ღმერთი უცნობი, შეუმეცნებელი, მიუწვდომადი წყვდიადია.
კიდევ ერთი, წმინდად ენობრივი მსგავსება ქ. დამასკოსსა და დამასკიოსის სახელს შორის არის ქალის სახელი (დამარისი), რომელიც, ტექსტის თანახმად, იმ დროს არეოპაგზე იმყოფებოდა. მაცუკი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პერსონაჟთა სახელებზე დიონისესთან, ამ დამთხვევაზე სათანადო ყურადღების გამახვილების შემთხვევაში თავისი თეზისის კიდევ ერთ გამამყარებელ არგუმენტს იპოვიდა.
Exaiphnes--ი დიონისესთან და დამასკიოსთან
დიონისეს მესამე წერილში „ექსაიფნესი“ განმარტებულია, როგორც უხილავიდან ხილვადის მოულოდნელი გამოჩენა, რაც ქრისტეს არსების განსამარტავად გამოიყენება. აქ შესაძლოა დავინახოთ კავშირი დამასკიოსთან, რომელიც თავის კომენტარში პლატონის „პარმენიდეს“ შესახებ ამ საკითხს თითქმის ოთხ გვერდს უთმობს. თავად ამ ტერმინს ბიბლიაში შემთხვევითი და პერიფერიული ადგილი უკავია და ფილოსოფიურ მნიშვნელობას მოკლებულია.
არ გვხვდება „მამაო ჩვენო“-ზე მითითება
ღვთაებრივ სახელთა შესახებ ნაშრომში ნეოპლატონური თეორიის დამადასტურებელ კიდევ ერთ ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ ის გარემოება, რომ ღმერთის სახელსა და თვისებებში მამის ცნება არ გვხვდება. ლოცვა, რომელიც ქრისტემ ქრისტიანებს ასწავლა, „მამო ჩვენო“ იყო. მამის ცნება მიეყენება მხოლოდ სამების პირველ ღვთაებრივ წევრს. თვით „მისტიკურ თეოლოგიაშიც“ კი არ გვხვდება პერსონალური ფორმები (მამა და ძე ღვთისა). მათ ნაცვლად გვხვდება აბსტრაქტული არსებითი სახელები: „მამობა“ და „ძეობა“. ალბათ, სწორედ ამან უბიძგა ლუთერს შემდეგი განაცხადისაკენ: „ჭეშმარიტ მისტიკურ თეოლოგიაში [დიონისე] უფრო მეტად პლატონისკენაა მიდრეკილი, ვიდრე ქრისტიანული ტრადიციისაკენ“.
უცნობი ღმერთი
წიგნი „საღმრთოთა სახელთათვის“ წარმოადგენს არეოპაგზე საკურთხევლის მქონე „უცნობი“ ღმერთისთვის სახელის პოვნის მცდელობას. ასეთივე სახელის არმქონე იყო ებრაელთა ღმერთიც, რომელიც უარყოფდა ერთ კონკრეტულ სახელს და საკუთარ თავს შემდეგნაირად ახასიათებდა: „მე ვარ, რომელიც ვარ“. ეს არ არის ინდივიდუალური პიროვნების სახელი, რადგან ამის თქმა შეუძლია ყველას, ვისაც თავისი „მე“ აქვს. ამ ინდექსურ ფორმაში თავს იჩენს სახელის არმქონე. დიონისესთან უცნობი ღმერთი ნეოპლატონიკოსთა შეუმეცნებელ ღმერთად, ნეგატიური თეოლოგიის ღმერთად იქცევა. ამ კუთხითაც ტექსტის ავტორი ნეოპლატონიკოსად გვევლინება და არა ქრისტიანად, რომელმაც გამოცხადების ღმერთი შეიმეცნა.
დამასკიოსი, როგორც ფილოსოფოსი
დამასკიოსისათვის დამახასიათებელია აბსოლუტურის აბსოლუტური ტრანსცენდენტურობის აღიარება, რომელიც თვით პროკლეს ნეგატიური თეოლოგიის საზღვრებსაც სცდება, რადგან თვით ერთიც კი ვერ გამოითქმება აბსოლუტისაგან. აბსოლუტი არის არრეტონ ანუ გამოუთქმელი. პროკლესთან სულიერი სიახლოვის მიუხედავად, დამასკიოსი მის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი. უფრო მეტიც, იგი ცდილობდა, რომ ადრეულ ნეოპლატონიკოსებს, სირიანესა და იამბლიხოსს დაყრდნობოდა.
ამ მხრივ შესაძლებელია, რომ დამასკიოსის იდეები ფსევდო-დიონისესთან ვიპოვოთ. როგორც ჩანს, მათ შორის განსხვავება არც კი არსებობს. ასე რომ, ფილოსოფიური კონცეფციის პერსპექტივიდან გამომდინარე, დიონისური კორპუსის ნამდვილი ავტორი, შესაძლოა, მართლაც დამასკიოსი იყოს.
დამასკიოსის ავტორობის თეზისის შეფასება
მაცუკიმ (ზემოთ განხილული მისი ორივე გამოკვლევით) დიონისე არეოპაგელის კვლევის საქმეს ახალი საფუძველი დაუდგინა. ფილოლოგიური, ისტორიული და ლიტერატურათმცოდნეობითი მეთოდების დაკავშირებით მან შეძლო, რომ დიონისე არეოპაგელი მისი დროის იდეათა ისტორიის ჭრილში განეხილა და ნეოპლატონური ყაიდის წარმართობასა და ქრისტიანობას შორის იმ დროს არსებული დაპირისპირება გაეთვალისწინებინა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველა არგუმენტი შესაძლოა არც იყოს დამაჯერებელი, დიონისე არეოპაგელის მომავალმა მკვლევრებმა დამასკიოსის ავტორობის თეზისი აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. აქამდე ეს მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა.
გერმანულიდან თარგმნა გიორგი თავაძემ
ბიბლიოგრაფია: