petriwis portali

თავისუფლების იდეის ბედი საბჭოთა საქართველოს ფილოსოფიაში

თენგიზ ირემაძე

თავისუფლების იდეის ბედი საბჭოთა საქართველოს ფილოსოფიაში

17.03.2020

თავისუფლების იდეის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო პოლიტიკაა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ აქ იყრის თავს ადამიანის თავისუფალი და არათავისუფალი მოქმედების ყველა მიმართულება. თავისუფლების იდეის ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ მისი შეზღუდვისა და განადგურების მასშტაბური გეგმებიც პოლიტიკის ასპარეზზე, მავნე პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა შედეგად განხორციელდა.

ქვემოთ თავისუფლების ცნების ახალი „პოზიტიური“ განსაზღვრება კი არ არის წარმოდგენილი, არამედ ნაცადია თავისუფლება გავიგოთ არათავისუფლების ისტორიის გარკვეული ასპექტების ანალიზის მეშვეობით. ჩვენი მიზანია, რომ თავისუფლების ფილოსოფიური იდეის/იდეალის ჩახშობის, განადგურების, დაკარგვის ისტორია გამოვიკვლიოთ ქართულ სინამდვილეში და მის სავარაუდო მიზეზებზე მივუთითოთ. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი იქნება ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მონახაზი, რომლის მიხედვითაც მომავალში უნდა შეიქმნას ნაშრომი საბჭოთა საქართველოს ფილოსოფიაში თავისუფლების იდეის ისტორიის შესახებ; უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს იქნება სამეცნიერო გამოკვლევა, თუ როგორ ჩაახშეს და ჩაკლეს თავისუფლების (და თავისუფალი კვლევა-ძიების სულისკვეთება) საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში.

I. თავისუფლების გაგების სათავეებთან

ცნობილია, რომ თავისუფლების იდეის სრულყოფილი გააზრება, მისი ფუნდამენტური დაფუძნების მცდელობები ფილოსოფიას, დიდ ფილოსოფოსთა საქმიანობას, გნებავთ, ფილოსოფოსობას უკავშირდება. ფილოსოფიის საწყისებთან განისაზღვრა თავისუფლების პრინციპის ზოგიერთი ისეთი ასპექტი, რომელიც დღემდე მიეკუთვნება თავისუფალი მოქმედების არსისეულ კომპონენტებს. ანტიკურობაში თავისუფლება დაუპირისპირდა ბედისწერისა და აუცილებლობის მარწუხებს. იმდროინდელმა მოაზროვნეებმა ცხადად დაინახეს, რომ თავისუფლების საკუთრივი სივრცე უნდა მონახულიყო. და ის მოინახა კიდეც – ჭეშმარიტი შემეცნებისა და პრაქტიკული მოქმედების სფერო აღმოჩნდა თავისუფლების სავანე. სოკრატეს აზრით, თავისუფალი ის არის, ვინც გონივრულად და ზნეობრივად იქცევა; პლატონის მიხედვით, ლტოლვებით შეპყრობილი ადამიანი თავისუფალი ვერ იქნება, რადგან თავისუფლება პასუხისმგებლობას გულისხმობს; არისტოტელეს აზრით, ბრძენი თავისუფლების პრინციპის მიხედვით მოქმედებს და გარეგან მიზანდასახულობებს არ ემორჩილება. სტოელებმა ეს პრინციპი კიდევ უფრო განავითარეს; მათ თავისუფლება გაიგეს, როგორც გარეგან იძულებათაგან, ლტოლვათაგან და მავნე მიდრეკილებათაგან დამოუკიდებლობა. გავიხსენოთ მათ მიერ წამოწეული აფექტებისაგან თავისუფლებისა („აპათია“) და სულიერი სიმშვიდის („ატარაქსია“) პრინციპი. გარკვეული აფექტები (ტკივილი, სურვილი, ლტოლვა) ხელს უშლიან გონივრულ, ბედნიერ ცხოვრებას, ხოლო ზოგიერთი აფექტი (მხიარულება, წინდახედულება და ა.შ.) კი პირიქით – გონივრული, ბედნიერი ცხოვრების მომტანია. სტოელთა მიხედვით, ე.წ. „ცუდი აფექტები“ მხოლოდ ჭეშმარიტი შემეცნების მეშვეობით შეიძლება იქნენ დაძლეულნი. სწორედ ჭეშმარიტი შემეცნების მეშვეობით მიიღწევა ის სულიერი სიმშვიდე და შინაგანი თავისუფლება, რომელიც გონივრული და ბედნიერი ცხოვრების წინაპირობაა.

 II. თავისუფლების ცნების შესახებ

აზროვნების ისტორიაში თავისუფლების არსის, იდეის, ცნების მრავალი საყურადღებო ასპექტი გამოიკვეთა, თუმცკი, ხშირად, უსარგებლო სპეკულაციებსაც ჰქონდა ადგილი. თუკი მხედველობაში მივიღებთ თავისუფლების გააზრების მთელს ისტორიას, ისეთ შემთხვევებსაც წავაწყდებით, როცა ამ თემის ირგვლივ დაბნეულობა და აბსურდული სპეკულაციებიც კი მკვიდრდებოდა. მიუხედავად ამისა, ფილოსოფიის ისტორია იმასაც გვასწავლის, რომ თავისუფლება არის უნარი, შესაძლებლობა – გააკეთო ის, რაც გსურს და უარი თქვა იმაზე, რაც არ გსურს! სწორედ თავისუფლების ამგვარი („ნეგატიური“) გაგებაა წინამდებარე სტატიაში ჩვენი კვლევის სახელმძღვანელო პრინციპი.

III. იოანე პეტრიწი – თავისუფლების იდეის მეტაფიზიკური დაფუძნება ქართულ ფილოსოფიაში

იოანე პეტრიწის შემეცნების თეორიის მიხედვით, გონებრივი აქტიურობის ნაყოფი სამყაროს ნამდვილი არსებებია; გონება ქმნის არსებულს იმით, რომ ის მას შეიმეცნებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გონება, როგორც აზროვნება, მოიცავს არსებულს და შემეცნების ამ აქტით ქმნის კიდეც არსებულს. რადგან გონება სამყაროს ყველა არსებულის მიმართ „გონივრული“ რჩება, რადგან მისი ბუნება მხოლოდ „გონივრული“ შეიძლება იყოს, მას, როგორც მარადიულსა და უკვდავს – საკუთარი თავიდან გამომდინარე – არსებულის, როგორც ასეთის, დაფუძნება შეუძლია. შემთხვევით არ აღნიშნავს პეტრიწი თავის „განმარტებაში“, რომ გონება იმგვარი „ნამდვილმყოფია“, რომელიც თავისი გონივრული აქტივობით – ისე, რომ დროსა და სივრცეს არ ემორჩილება – არსებულს და, ამასთანავე, საკუთარ თავს შეიმეცნებს. ის, რაც ყოველგვარი უცხო განსაზღვრულობის გარეშე არსებობს, ყოველგვარი შეზღუდულობისაგან თავისუფალია. ამგვარი არსებული სამყაროს ყველა სხვა არსებულის მიმართ შემწყნარებლობით გამოირჩევა. ის თავისუფალია თავის ყოველგვარ ქცევასა თუ მოქმედებაში: ის ავტონომიურია თავის გადაწყვეტილებებში. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ აზროვნების ეს თავისუფლება თავად აზროვნებაშივე (და)ფუძნდება. ის იქ იწყება, სადაც აზროვნება საკუთარ თავს, როგორც საკუთარი თავისა და სხვის, უცხოს მიზეზად გაიაზრებს.

იოანე პეტრიწი თავისი კონცეფციის ერთგული დარჩა ბოლომდე. მან შემეცნებითი თავისუფლების უმაღლესი ხარისხი გამოავლინა, ქართულ სააზროვნო სივრცეში წარმატებით შემოიყვანა უცხო, განსხვავებული, იმდროინდელი ოფიციალური დოქტრინისათვის დიდწილად მიუღებელი ანტიკური ხანის ბერძენი მოაზროვნე პროკლე დიადოხოსი (V ს.) და მისი ფილოსოფიის უნიკალური ინტერპრეტაციით სათავე დაუდო ქართული აზროვნების განახლების უტყუარ პროცესს. ამით პეტრიწმა ქართველ მოაზროვნეებს საერთოდ თავისუფლებისთვის ბრძოლისა და მისი დაცვის სანიმუშო მაგალითი მისცა.

 IV. თავისუფლებისთვის პეტრიწისეული იდეის მიმდევარი – ანტონ ბაგრატიონი

ახალი დროის ქართულ აზროვნებაში თავისუფლების პეტრიწისეული იდეალის დაცვა, გააზრება და განვრცობა სცადა ანტონ ბაგრატიონმა (1720-1788 წწ.). ეს კარგად ჩანს ტრადიციისა და ინოვაციის ანტონისეული გაგების მაგალითზე. იგი ქართული (ფილოსოფიური) აზროვნების განვითარებას, განახლებას, „ევროპეიზაციას“ ესწრაფვოდა, მაგრამ ისე, რომ ქართულ ტრადიციასთან, ეროვნულ ფესვებთან მისი კავშირი არ გაეწყვიტა. აქედან გამომდინარე, ანტონმა მიზნად დაისახა ქართული განათლების სისტემის აგება და ხელი მიჰყო ფართო ეროვნულ-კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის განხორციელებას. ამის თვალსაჩინო ნიმუშია თბილისსა (1755 წ.) და თელავში (1782 წ.) დაარსებულ სასულიერო სასწავლებელთათვის სხვადასხვა სახის სახელმძღვანელოთა შექმნა. საამისოდ მან მრავალი სამეცნიერო ტექსტი თარგმნა კიდეც ქართულ ენაზე.

ანტონ ბაგრატიონის ფილოსოფიური აზროვნება იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს თავისუფლების პრინციპი. თავისუფლებას საფუძვლად უნდა ედოს განათლება; მხოლოდ განათლებული, გათვითცნობიერებული ადამიანი შეიძლება იყოს თავისუფალი. მაშასადამე, განათლება თავისუფლების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. თავისუფალი ის არის, ვინც საკუთარი თვითის („მე“-ს) თვითგამომცდელ პრაქტიკებს მიმართავს, ვინც, საჭიროების შემთხვევაში, უარს ამბობს საკუთარი გამოცდილების უპირატესობაზე და სხვას, უცხოს, არათავისას უთმობს ადგილს. ანტონის აქტიური სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა ამის თვალსაჩინო ნიმუშია.

თავისუფლება – ანტონის თეორიული და პრაქტიკული მოღვაწეობის მაგალითზე – არის იძულებაზე, არათავისუფლებაზე უარის თქმა. შეიძლება ითქვას, რომ თავისუფლების ამგვარი გაგება უაღრესად თანადროული და აქტუალურია. დღევანდელი გადასახედიდან ანტონის მიერ „პრაქტიცირებული თავისუფლება“ არის სანიმუშო, რადგან მან – იმ დროს არსებული მრავალი წინააღმდეგობისა და სიძნელის მიუხედავად – უარი არ თქვა თავის მსოფლხედვაზე და ის მტკიცედ დაიცვა კიდეც.

ანტონ ბაგრატიონი თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაში თავისუფლების პეტრიწისეული იდეალისა და მისი მეტაფიზიკური დაფუძნების რეაქტუალიზებას შეეცადა და ის წარმატებით განახორციელა. იგი საკუთარი მრწამსისა და თავისუფლების პეტრიწისეული იდეის ერთგული აღმოჩნდა ბოლომდე. მისი ადრეული თუ გვიანდელი თეორიული ნააზრევი ამის ნათელი დასტურია. ანტონის ადრეულ ნაშრომში „სპეკალი“ (1752 წ.) – ისევე, როგორც მის გვიანდელ ნაშრომში „წყობილსიტყვაობა“ (1768 წ.) – ქება-დიდებაა აღვლენილი იოანე პეტრიწის მიმართ. ცხადია, რომ ანტონი არა მარტო პეტრიწის შემოქმედებით, არამედ მისი პიროვნებითაც იყო მოხიბლული. უდავოდ აღნიშვნის ღირსია ის, რომ იგი პეტრიწს „წყობილსიტყვაობაში“ ფილოსოფოსთა განთქმული საქმეების, კერძოდ კი, სტოელთა „სიტყვითი საგანძურის მომქართულებელს“ უწოდებს. შეიძლება ითქვას, რომ იოანე პეტრიწის ფილოსოფიური პრაქტიკა, მისი შემეცნებისეული იდეალი სწორედ თავისუფლების სტოიკურ გაგებას ეყრდნობოდა. მან თავისი შემოქმედებით ფილოსოფიის უცხო და უცნობი სფეროების შესწავლას მიჰყო ხელი და ამით ქართული თეორიული აზროვნების განახლებასა და აღორძინებას დაუდო სათავე. სწორედ ეს გახლდათ პეტრიწისადმი ანტონის უსაზღვრო პატივისცემის მიზეზი.

 V. სად გაქრა თავისუფლების პეტრიწისეული იდეალი? თუ როგორ დაიკარგა თავისუფლების ფილოსოფიური იდეა საბჭოთა საქართველოს ფილოსოფიაში

საბჭოთა აზროვნებამ შებოჭა და, საბოლოო ჯამში, გაანადგურა კიდეც თავისუფლების თეორიული და პრაქტიკული განხორციელების ყველა შესაძლებლობა. ეს, უწინარეს ყოვლისა, ფილოსოფიას შეეხო. საქმე ისე შორს წავიდა, რომ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსები (შ. ნუცუბიძე, ს. დანელია, კ. კაპანელი, მ. გოგიბერიძე, კ. ბაქრაძე, ს. წერეთელი და ა.შ.) იძულებულნი გახდნენ საბჭოთა კომუნიზმის წინაშე თავიანთი ხარკი გაეღოთ. ეს მკვეთრად აისახა კიდეც მათ თეორიულ ნააზრევსა და პრაქტიკულ საქმიანობაში. საბჭოთა საქართველოში მცხოვრები ქართველი ფილოსოფოსები უკვე ვეღარ იცავდნენ თავისუფლების პეტრიწისეულ იდეას/იდეალს, რომელიც თავისი არსით შემეცნებისთეორიულ ხასიათს ატარებდა. პეტრიწთან შემეცნების, გაგების, გონების პრინციპი იყო წინა პლანზე წამოწეული. პეტრიწის გაგების ჰორიზონტი ისე ფართო იყო, რომ იგი არ შეუშინდა წარმართი ფილოსოფოსის შემოქმედების ინტეგრირებას ქართულ სააზროვნო სივრცეში. თანაც ეს ისე მოახერხა, რომ მაშინდელ ოფიციალურ დოქტრინებთან პროკლეს ფილოსოფიის შერწყმა არ უცდია. უფრო მეტიც, პეტრიწის მცდელობა შეიძლება ასე გავიგოთ: მთავარია ჭეშმარიტების, ერთის, სიკეთის, თეორიის სიყვარული და მის მიმართ ერთგულება!

ნამდვილი მეცნიერის, ფილოსოფოსის მოწოდებაც ეს უნდა იყოს! აი, სწორედ პეტრიწის ასეთი განწყობა აკლდა საბჭოთა საქართველოს ფილოსოფიას; მასში დაიკარგა თავისუფლება! შეიძლება ითქვას, რომ აქ ჩაახშეს და მოკლეს თავისუფლების ფილოსოფიური იდეა; უკვე არავინ/ვერავინ ფიქრობს საკუთარი თუ სხვისი იდე(ებ)ის, თეორი(ებ)ის, ნაშრომ(ებ)ის ერთგულებაზე; უფრო მეტიც, ინტენსიურად და მასიურად ხდება ამ დროის საუკეთესო თეორიული მცდელობების დაკავშირება, შერწყმა, გნებავთ, გამართლება საბჭოეთის ოფიციალური დოქტრინებით.

 VI. რატომ უნდა შეიქმნას კრიტიკული ნაშრომი თავისუფლების ფილოსოფიური იდეის ბედის შესახებ საბჭოთა საქართველოს ფილოსოფიაში?

ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში განსაკუთრებით დაზარალდა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები. სწორედ ისინი აღმოჩნდნენ მცდარად, ორთოდოქსულად გაგებული და ინტერპრეტირებული მარქსიზმის მსხვერპლნი. შეიძლება ითქვას, რომ საბჭოეთში არსებულმა და გაბატონებულმა მარქსისტულ-ლენინისტურმა კვლევითმა მეთოდოლოგიამ მთლიანად გაანადგურა ის კრიტიკულ-განმანათლებლური პათოსი, რაც ფილოსოფიური და სოციოლოგიური კვლევა-ძიების საფუძველია. გასაკვირი არ არის, რომ იმდროინდელი ქართული ფილოსოფიური აზროვნების წამყვანი წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ, მარქსისტულ-ლენინისტური იდეოლოგიის სამსახურში ჩამდგარიყვნენ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მათგანი მაინც ვერ გადაურჩა საბჭოთა რეპრესიებს (მაგალითად, მოსე გოგიბერიძე). სწორედ ამიტომაც საჭიროა დაწვრილებით იქნეს გამოკვლეული ქართულ საბჭოთა აზროვნებაში გამეფებული არათავისუფლების ისტორია, მისი წინაპირობები და საზარელი შედეგები. ამგვარი კვლევა-ძიება ხელს შეუწყობს თანამედროვე ქართულ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში არსებული კრიზისული მდგომარეობის დაძლევას, რადგან ის შესაძლებელს გახდის ქართული საბჭოთა მეცნიერების ყალბი საფუძვლისა და ფუნდამენტის გამოვლენასა თუ გამოააშკარავებას. ამის შედეგად მოხდება იმ დროს დამკვიდრებული სააზროვნო პარადიგმების შეფასება, რეალური გადაფასება და უკუგდება.

ამგვარი კვლევა-ძიება შემდეგი სახით შეიძლება წარიმართოს:

  1. თავისუფლების გაგება XX საუკუნის დასაწყისის (1900-1918 წწ.) ქართულ ფილოსოფიურ და სოციოლოგიურ ნააზრევში;
  2. თავისუფლების ფილოსოფიური პრობლემა 1918-1921 წწ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰუმანიტარულ და სოციალურ აზროვნებაში;
  3. თავისუფლებისა და არათავისუფლების ისტორია საბჭოთა საქართველოს ფილოსოფიასა და სოციალურ მეცნიერებებში.

როგორც ვხედავთ, ზემოთ მოხაზული სამეცნიერო-კვლევითი პროექტი XX საუკუნის მთელ ქართულ ფილოსოფიურსა და სოციოლოგიურ აზროვნებას მოიცავს. ამ ტიპის კვლევა-ძიებამ პრობლემათა და პერსპექტივათა ფართო სპექტრი უნდა გაითვალისწინოს და გაანალიზოს.

VII. თავისუფლების საფრთხეები თანამედროვე საქართველოში

თავისუფლება პასუხისმგებლობას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა ყოველთვის კარგად უნდა გააცნობიეროს საკუთარი მოქმედების შედეგები და უნდა შეინარჩუნოს საგანთა სამყაროსთან გარკვეული დისტანცია, რათა არ გახდეს არათავისუფლების ბრმა მსხვერპლი. ეს დისტანციის ის განცდაა, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი თავისუფალი ადამიანისათვის; თავისუფალი ადამიანი მხნედ უნდა შეხვდეს ცხოვრებისეულ სიძნელეებს, უკუღმართობებსა და გაჭირვებას. მან უნდა შეძლოს საკუთარი თავის „მსხვერპლად გაღება“, თუკი ამას თავისუფლების დიადი საქმე მოითხოვს. მაშასადამე, თავისუფალი ადამიანი ხიფათს, რისკს, სიძნელეს არ ერიდება; მასში მთავარი პირადი ბედნიერებისაკენ, კეთილდღეობისაკენ მიდრეკილი ინსტინქტები კი არ არის, არამედ მებრძოლის ინსტინქტი.

დღევანდელი ადამიანის პრობლემა ისაა, რომ ის „მცირედი სიამოვნებით“ ტკბება და საკუთარი ინდივიდუალობისა და განუმეორებლობის განსაზღვრასაც, შეიძლება ითქვას, ამ „მცირედი სიამოვნების“ მეშვეობით ცდილობს. ეს ის პრობლემაა, რომელიც საკაცობრიო აზროვნების მრავალი თვალსაჩინო წარმომადგენლის ინტენსიური განხილვის საგანი იყო. ისინი, უმეტესწილად, „მცირედი სიამოვნებით“ ტკბობას „მასების ფენომენს“ უკავშირებდნენ. დღეს მდგომარეობა შეიცვალა! უკვე ერთეული, ცალკეული ადამიანი, ინდივიდია „მცირედი სიამოვნებისა“ და ე.წ. „კომფორტის“ მსხვერპლი. აქ დაკარგულია თავისუფლების უმაღლესი პრინციპი, რადგან ცალკეული ადამიანი გარეგანი სამყაროს ნივთებთანაა მიჯაჭვული და მათგან თავდახსნას ვერ ახერხებს. თუმცა აქ „გარეგანი თავისუფლების“ პრინციპი თითქოსდა განხორციელებულია, რადგან ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს არავინ აიძულებს იყოს არათავისუფალი და საკუთარი ბედი ნივთების სამყაროს დაუკავშიროს. აი, ასეთი თავისუფლება არ უნდა იყოს ჩვენი სწრაფვის საგანი.

მაშასადამე, თავად ადამიანის თავისუფალ ბუნებაში გვხვდება ისეთი მისწრაფებანი, რომლებიც ხშირად უარყოფითი შედეგების მომტანნი შეიძლება აღმოჩნდნენ. თითოეული ადამიანის ბუნებაში დავანებულ ამ საფრთხეებს საგანგებო ყურადღებას აქცევს გენიალური ფრანგი მოაზროვნე, ალექსის დე ტოკვილი (1805-1859 წწ.). მისი კლასიკური ნაშრომი „დემოკრატია ამერიკაში“ (1835-1849 წწ.) გვასწავლის, რომ იმ საფრთხეთაგან, რაც მომავლის საზოგადოებას ემუქრება, ერთ-ერთი ყველაზე საშიში არის „გულგრილობა“, ე.წ. „საყოველთაო აპათია“. ტოკვილის აზრით, ის ინდივიდუალიზმის ცალმხრივი განვითარების შედეგია და მის წინააღმდეგ ბრძოლა ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ცალკეული ადამიანის „გულგრილობა“ ქმნის იმ საფუძველს, რამაც მანკიერ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გამოვლინებებს შეიძლება მისცეს დასაბამი. ეს კი, თავის მხრივ, ხელისუფლების გაუკუღმართებული ფორმების წარმოქმნას განაპირობებს.

საკითხის ამგვარად დასმა ფილოსოფიისა და ფილოსოფოსის ტრადიციულ პრობლემასთან გვაბრუნებს. ფილოსოფოსმა თვალი არ უნდა დახუჭოს თავისუფლების შეზღუდვის მცირედ მცდელობაზეც კი! იგი მარადჟამს თავისუფლების სადარაჯოზე უნდა იდგეს და მისი შეზღუდვის ყოველგვარ მცდელობას წინ უნდა აღუდგეს. ფილოსოფოსი ყოველთვის თავისუფლების ძიებაში და მის სამსახურში უნდა იყოს. თავისუფლება ხომ (თავისი არსის მიხედვით!) ყველა ადამიანისთვის საუკეთესო ღირებულებას წარმოადგენს. თუმცა თავისუფლების სრულყოფილი ძიება და მიღწევა დღემდე არსებულმა სოციალურ-პოლიტიკური თანაცხოვრების ვერც ერთმა ფორმამ ვერ უზრუნველყო. სწორედ ამიტომ ფილოსოფიას აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება; მან თავისი განმანათლებლურ-კრიტიკული პათოსი უნდა გამოამჟღავნოს და ბიძგი მისცეს ადამიანებს, რათა მათ იაზროვნონ თავის-უფლად!

 

ბიბლიოგრაფია:

  • Voltaire, Philosophisches Wörterbuch, Übersetzung von E. Salewski, hrsg. von R. Noack, Leipzig, 1965, გვ. 209.
  • ანტონ ბაგრატიონი, წყობილსიტყვაობა, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, კომენტარები და ლექსიკონი დაურთო ი. ლოლაშვილმა, თბილისი, 1980, გვ. 270.
  • თ. ირემაძე, „წინათქმა“, წიგნში: ალექსის დე ტოკვილი, დემოკრატია ამერიკაში, ფრანგულიდან თარგმნა დ. ლაბუჩიძე-ხოფერიამ, წინათქმა დაურთო თ. ირემაძემ, სამეცნიერო რედაქტორები – თ. ირემაძე და სხვ., თბილისი, 2011, გვ. 9.