petriwis portali

„ურთიერთობის“ სემიოლოგია

ქრისტოს იანარასი

„ურთიერთობის“ სემიოლოგია

10.04.2024

ქრისტოს იანარასი თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი მოაზროვნეა. იგი დაიბადა 1935 წლის 10 აპრილს, საბერძნეთის ქალაქ ათენში. ქრისტოს იანარასის ნაშრომებში შერწყმულია მართლმადიდებლური თეოლოგიისა და ფილოსოფიის საუკეთესო იდეები - ხშირად, წმ. მამათა გამოცდილებას იგი თანამედროვე ფილოსოფიური კატეგორიების ჭრილში გადმოგვცემს, რაც მის იდეებს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. მისი კვლევითი ინტერესების სფეროს წარმოადგენს: პიროვნების თეოლოგია/ფილოსოფია, ონტოლოგია, ეთიკა და სხვ. ქრისტოს იანარასის კალამს ეკუთვნის 50 წიგნზე მეტი, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „ჰაიდეგერი და არეოპაგელი - ღმერთის შეუმეცნებლობის და არყოფნის შესახებ“ (1967 წ.); „ჭეშმარიტება და ეკლესიის ერთობა“ (1977 წ.); „შესავალი ფილოსოფიაში“ (1980 წ.); „ეკლესიის რწმენა“ (1983 წ.); „მორალის თავისუფლება“ (1984 წ.); „კრიტიკული ონტოლოგიის წანამძღვრები“ (1985 წ.); „პიროვნება და ეროსი“ (1987 წ.); „ვარიაციები თემაზე „ქებათა ქება““ (1990 წ.); „რწმენის საფუძვლები“ (1991 წ.); „მართლმადიდებლობა და დასავლეთი ახალ საბერძნეთში“ (1992 წ.); „რელიგიის წინააღმდეგ: გაუცხოება ეკლესიის სულისგან“ (2006 წ.); „ესქატოლოგია: დროის დასასრული თუ დროისგან გათავისუფლება?“ (2007 წ.) და სხვ. ქრისტოს იანარასის ნაშრომები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ენაზეა თარგმნილი. 2022 წლის 16 სექტემბერს ქრისტოს იანარასს მართლმადიდებლური სწავლების პოპულარიზებისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

ქვემოთ მოცემული ფრაგმენტი თარგმნილია შემდეგი წიგნიდან: Christos Yannaras, Relational Ontology, translated by N. Rusell, Brooklin, Massachusetts: Holy Cross Orthodox Press, 2011, გვ. 46-49.

ქართულად თარგმნა ბექა ძოწენიძემ

ადამიანის რაციონალობის აქტიური ჩამოყალიბება სხვა არაფერია, თუ არა ტვინის ფუნქციების და გარემოს (როგორც ფიზიკური, ასევე სოციალური) გავლენების თანაქმედების გამოხატულება; ეს არის ყოველი ადამიანის ბუნებასთან და საზოგადოებასთან (ანუ ჩვენს თანამოძმეთა ორგანიზებულ კოლექტიურობასთან) ურთიერთობის გამოხატულება.

ჩვენი ურთიერთობა ბუნებასთან მოიცავს შემდეგს:

ა) „ჩვენს წინაშე“ არსებული ბუნების აღქმა და მასთან სხეულებრივი მორგება სუნთქვის, საკვებისა და სასმელის მიღების გზით.

ბ) „ჩვენს წინაშე“ არსებული ბუნების - როგორც სენსორული (გრძნობადი) შთაბეჭდილებებისა და გამოცდილების - აღქმა (მხედველობის, სმენის, შეხების, გემოსა და ყნოსვის დახმარებით); შთაბეჭდილებების და გამოცდილების (კმაყოფილება, დაუკმაყოფილებლობა, სიამოვნება, გულისწყრომა, სიხარული, გაღიზიანება, ხალისი, შფოთვა, ტკივილი და სხვა) შესაბამისი ფსიქოლოგიური აღქმა; ასევე, ინტელექტის, მეხსიერების და კრიტიკული უნარების გამოყენებით სენსორული შთაბეჭდილებების გადამუშავება.

გ) „ჩვენს წინაშე“ არსებული ბუნების აღქმა და მისი სამუშაო იარაღებად, სამოსად, საკვების უზრუნველყოფის საშუალებებად (მიწის დამუშავება, მესაქონლეობა, სამრეწველო უნარები და ა. შ) გარდაქმნა.

დ) ბუნების (ფერები, ქვა, მეტალი, ხე, ბგერები და ა. შ) აღქმა და მისი გარდაქმნა ლოგოსად, ხელოვნების ენად, რომელსაც შეუძლია ასახოს ემოციები, სოციალური გამოცდილება, რეალობის ინტერპრეტაცია; ფერების - მხატვრობის ენად გარდაქმნა, ბგერების კი - მუსიკის ენად; ქვის, ხის, თიხის - ქანდაკებებად და არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის ენად.

ჩვენი ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, ადამიანთა კოლექტივთან, საზოგადოებასთან წარმოადგენს:

ა) შედეგს იმისა, რომ ყოველ ადამიანს ცხოვრების საწყის ეტაპზე აქვს სხეულებრივი კონტაქტი დედასთან, რაც ხელს უწყობს მასში ინდივიდუალობის საზღვრებთან დაკავშირებული თვითცნობიერების ჩამოყალიბებას.

ბ) შედეგს იმისა, რომ ცხოვრების იგივე საწყის ეტაპზე ჩვილის ლიბიდოს მიმართებითი მდგომარეობა ყალიბდება დედის მზრუნველობასთან კავშირში, რაც მოიცავს ძუძუთი კვებას, ალერსს და მზრუნველობას.

გ) შედეგს იმისა, რომ ჩნდება პირველი აღმნიშვნელი „სხვასთან“ დაკავშირებით - იმ საზოგადოების ლინგვისტურ კოდში, რომელშიც ჩვილი იბადება, ხდება სურვილისმიერი მიმართების თანდათან გამოხატვა, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს რაციონალური სუბიექტის ჩამოყალიბებაში.

დ) შედეგს იმისა, რომ (ჩვილის ცნობიერების ჰორიზონტზე) დედის მიმართ (ოიდიპოსისეული) სურვილის და ამ სურვილის (და მიმართების) სოციალიზაციის პროცესში ხდება მამის, როგორც ბარიერის, მსაზღვრელი სუბიექტის გამოჩენა.

ე) შედეგს იმისა, რომ კონკრეტული სოციალური გარემო (მათ შორის, საგანმანათლებლო, პოლიტიკური და კულტურული ინსტიტუტები, გონებრივი განვითარება, ისტორიული პირობები, მანერები, წეს-ჩვეულებები და სხვა), რომელშიც კონკრეტული სუბიექტი ცხოვრობს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინდივიდის რაციონალური შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში, უყალიბებს აზროვნების უნიკალურ უნარს, რომლის დახმარებითაც ის საკუთარ სხვადყოფნას, სხვებისგან განსხვავებულობას აღიქვამს. ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს ენობრივი და შემეცნებითი უნარების, კრიტიკულად და შემოქმედებითად აზროვნების, ინტელექტუალური უნარის, გამჭრიახობის და ინტუიციის განვითარებას.

მოდით, შევჩერდეთ სემიოლოგიურ განსხვავებებზე. ტერმინში „ურთიერთობა“ (schesis) ჩვენ ზოგადად ვგულისხმობთ ორი ბუნებრივი მოცემულობის კავშირს, ურთიერთდამოკიდებულებას ამ ორს შორის (ან მათსა და სხვა მოცემულობას შორის). ამ გაგებით, ჩვენ, ასევე, სიტყვას „ურთიერთობა“ ვიყენებთ ცოცხალ ორგანიზმებსა და ფიზიკურ გარემოს შორის ურთიერთქმედების და ყოველი ცოცხალი არსების (და, შესაბამისად, კაცობრიობის) უსულო ბუნებაზე სასიცოცხლო ან ეგზისტენციალური დამოკიდებულების აღსანიშნად.

იგივე ტერმინით „ურთიერთობა“ (schesis) ჩვენ, ასევე, განვსაზღვრავთ ექსკლუზიურად ადამიანურ, მხოლოდ კაცობრიობისთვის დამახასიათებელ მიზანდასახულობის (stochotesia) იდეას საწყისისეული სიცოცხლისაკენ სწრაფვისა - სიცოცხლის მიზანს (stochos), პირველად სურვილისმიერ მიმართებაში რომ ძევს. ცნება „ურთიერთობა“ გულისხმობს მიზანდასახულობასა და, აქედან გამომდინარე, განსაზღვრულ ცხოვრების წესს (tropos tēs hyparxeōs).

ცნება „ურთიერთობა“ ავლენს ადამიანის ბუნების კიდევ ერთ უნიკალურ თვისებას: მხოლოდ ადამიანის სურვილისმიერ მიმართებას შეუძლია მიმართების ობიექტის (ანუ „სხვის“) სივრცეში შეხვდეს ამ სწრაფვაზე გამოპასუხების უფლებამოსილების ნიშნულს. ეს ნიშნული, გამოპასუხების ნებას რომ აღნიშნავს, დინამიკური ათვლის წერტილია, - და, გარდა ამისა, წარმოადგენს სხვა ცოცხალი არსებების პოტენციურ აღიარებასაც - მიმართების ორმხრივობის თავისებურ სახეს, რომელშიც მიმართების აქტი და მისი მიმღებლობა აღიქმება როგორც ენა და აზროვნება, თვით-შემეცნებასა და ცნობიერებას რომ უდევს საფუძვლად.

ცნებით „ურთიერთობა“ ჩვენ განვსაზღვრავთ რაციონალური სუბიექტის წარმოქმნას და რეალიზაციას „სხვის“ სივრცეში.

ცნებით „ურთიერთობა“ ჩვენ განვსაზღვრავთ და გამოვყოფთ რეალურ ფაქტს, რომელიც მტკიცდება ჩვეულებრივი გამოცდილებით, ბუნების კანონების ფარგლებში რომ აღმოცენდა, თუმცა კი, არ ექვემდებარება ბუნების კანონების ჩვეულ ჰერმენევტიკას. ყველა ახალშობილი ძუძუმწოვარი ინსტინქტურად ცდილობს მიიღოს საკვები დედისგან, მაგრამ მხოლოდ ახალშობილი ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი კვება, როგორც ურთიერთობის ფორმა. სურვილებს შორის ასეთი განსხვავება, რომელიც მხოლოდ ბუნების კანონებით ვერ აიხსნება, მიუთითებს ღრმა ეგზისტენციალურ განსხვავებაზე - რაც არსებობის სრულიად ახალ დონეზე გასვლას (metastasis) ნიშნავს.