petriwis portali

ქადაგება ქრისტეს შობის დღესასწაულზე, კვირადღეს რომ დაემთხვა

წმ. სოფრონ იერუსალიმელი

ქადაგება ქრისტეს შობის დღესასწაულზე, კვირადღეს რომ დაემთხვა

06.01.2024

წმ. სოფრონ იერუსალიმელი (VI-VII სს.) ქრისტიან მამათა შორის ერთ-ერთ განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. იგი, თავდაპირველად, თეოდოსი დიდის მონასტერში, პალესტინაში მოღვაწეობდა, შემდეგ ანტიოქიასა და ეგვიპტეში, თავისი ცხოვრების გვიანდელ პერიოდში კი იერუსალიმის პატრიარქი გახდა; წმ. სოფრონი იბრძოდა მონოთელიტური ერესის წინააღმდეგ. მის კალამს ეკუთვნის სხვადასხვა ტიპის სასულიერო თხზულებები, წმინდათა ცხოვრებები, დოგმატური და ლიტურგიკული ტექსტები და საგალობლები (რომლებიც დღესაც გამოიყენება ღვთისმსახურებაში). მოცემული ტექსტი წარმოადგენს ფრაგმენტს მისი ქადაგებიდან ქრისტეს შობის დღესასწაულზე, რომელიც იმ წელს კვირადღეს დაემთხვა (Sancti Sophronii Hierosolymitani, Orationes: Oratio I. S. Sophronii archiepiscopi Hierosolymitani, in Christi Servatoris natalitia, quae tum in Dominicam diem inciderant // Migne, PG, t. 87/3, col. 3201-3212).

ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა

ვხედავ, რომ ეს სასიხარულო, ნათელი დღე თითქოს მრჩობლი ბრწყინვალებით გაცისკროვნდება, მრჩობლი სიხარულითა და სიტკბოებით აღავსებს კაცთა მოდგმას. არა იმ მიზეზით, რომ მან მოგვივლინა ორი მზე და ამიტომაც განგვანათლებს მრჩობლი მადლით, არამედ იმიტომ, რომ ერთადერთი მზე სიმართლისა, რომელსაც ის (მო)გვივლენს, თითქოს ორმაგად ამოდის დღეს ჩვენთვის - ვინც მიწაზე განვლევთ საწუთროს - და აძლევს კაცთა მოდგმას მრჩობლ ბრწყინვალებასა და დიდებას; ამასთან, უბოძებს მრჩობლ სულიერ სიხარულს. ამოდის ის, ერთი მხრივ, შობილი ქალწულისგან, ხოლო, მეორე მხრივ, ჯოჯოხეთის ბჭეთაგან აღმდგარი. როგორც შობილმა თავისი მარადისქალწული დედისგან, მან მოკვდავთა სულები სიხარულით აღავსო; როგორც მკვდრეთით აღმდგარმა, დათრგუნა უბოროტესი სიკვდილი, რომელსაც მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფი მკვდრები გამოსტაცა. ჩვენც, ამ მიწიერ სივრცეში მკვიდრთ, მან გაგვიხსნა გზა უხრწნელი, უკვდავი ცხოვრებისაკენ. რამეთუ დღეს ორთავე ერთმანეთს შეერწყა, როგორც ეს ითქმება ფსალმუნში: „წყალობა და ჭეშმარიტება შეიმთხვინეს, სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს. ჭეშმარიტება ქუეყანით აღმოსცენდა და სიმართლე ზეცით გამოჩნდა“ (ფს. 84.11-12). რადგანაც წელს ქრისტეს შობის დღესასწაული და ხსოვნა მისი მკვდრეთით აღდგომისა ერთ დღეს დაემთხვა. ამიტომაც, სამართლიანად, დამსახურებულად შეგვიძლია ამ ნათელ დღეს ვუწოდოთ „დღეთა მეუფე“ - როგორც განმცხადებელს მკვდრეთით აღმდგარი უფლისა და, ამავე დროს, მისი ქალწულისაგან შობის მიზეზით, როგორც აღსავსეს შობის სიხარულით.

არაფერია უფრო ბრწყინვალე! შეუძლებელია სულიერი თვალით დაინახო რაიმე მეტად ტკბილი, ვიდრე ეს! რადგანაც რამ შეიძლება სული მეტად განანათლოს, ვიდრე ღვთაებრივმა შობამ დიადი, სახიერი ღმერთისა? რა შეიძლება მეტად სასიხარულო იყოს? და, კვლავაც, რა შეიძლება იყოს უფრო მეტად საზეიმო? რამეთუ ეს ჭეშმარიტი ნათელი, რომელიც მარადიული ნათლისგან დაუსაბამოდ და განუყოფლად იშვება, დღეს ჩვენთვის ამოდის, კერძოდ, როგორც თავისი შობით, ისევე აღდგომით, და განგვანათლებს მრჩობლი, მაცხოვნებელი სხივებით: რამეთუ ერთიც და მეორეც აღსავსეა მაცხოვნებელი სიხარულით, რა მიზეზითაც აცისკროვნებს სასიხარულო, სადღესასწაულო საზრისით დღევანდელ ზეიმს და მოუწოდებს ერთგულთ ამ ბრწყინვალე დღის ღირსეული აღნიშვნისკენ.

აქაა ქალწული, ვინც შვა ის, მიიღო ანგელოზი, რომელიც სამართლიანად მიმართავს მას: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა“ (ლკ. 1.28); ამით კი თითქოს ამბობს: წყევა, რომელიც ოდესღაც ევამ მოიმკო, როგორც იქნა, შენი წყალობით დასრულდა. მწყემსებს კი, ღამით რომ ფხიზლობენ, ანგელოზისგან ესმათ სიტყვები: „ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა“ (ლკ. 2.10-11), რომელიც გამოგვიხსნის და, მონობის უღლიდან გათავისუფლებულნი, მისი წყალობით ღვთის ძეებად ავმაღლდებით.

იქ კი ცნობილი დედები, ქრისტეს მოწაფეები, თავად უფლისგან ისმენენ „გიხაროდენ!“ (მთ. 28.9); და, ცხადია, ქრისტე არის წყარო ამ სიხარულისა ყველასთვის. რადგანაც, მისი წყალობით, სიკვდილი მოიკლა და ჩვენი ეს საშინელი სასჯელიც, თითქოს, როგორც უსარგებლო, გაუქმდა. დამსახურებული წყევაც განქარდა, ევას მწუხარება დასრულდა, სიკვდილის სამეფო დაეცა და მკვდრეთით აღდგომამ, რომელმაც სიკვდილის მძვინვარება აღკვეთა, დასაბამი აიღო.