petriwis portali

ნიკოლო მაკიაველი - პოლიტიკური ფილოსოფია პრაქტიკაში

გიორგი გოგუა

ნიკოლო მაკიაველი - პოლიტიკური ფილოსოფია პრაქტიკაში

09.12.2023

პოლიტიკური ფილოსოფიის ფუძემდებელთა შორის, მნიშვნელოვანი ადგილი   უკავია ფლორენციელ მოაზროვნე ნიკოლო მაკიაველის (1469-1527 წწ.), რომლის პოლიტიკური შეხედულებების გაგებისათვის  აუცილებელია, მის შემოქმედებასთან ერთად,  მოკლედ შევეხოთ იმ ისტორიულ ეპოქას, რომელშიც მას უხდებოდა ცხოვრება და მოღვაწეობა. XV-XVI საუკუნეების იტალია დაყოფილი იყო მცირე სამეფო-სამთავროებად და მათ შორის მუდმივი კონფლიქტი და დაპირისპირება იყო. ერთიანი სახელმწიფოებრიობის არარსებობის გამო, დიდ პრობლემას წარმოადგენდა გარეშე მტერთა თავდასხმებიც. ესპანეთისა და საფრანგეთის ინტერესები და პერმანენტული სამხედრო კამპანიები ანადგურებდა იტალიის ისედაც მყიფე სოციალურ-ეკონომიკურ ყოფას. ამ ვითარების ფონზე, პატრიოტი მაკიაველისთვის  კიდევ  უფრო მტკივნეული იყო იმის გაცნობიერება, რომ ქრისტიანული რელიგია, რომელიც მისი წარმოდგენებით სახელმწიფოს განმტკიცების ერთ-ერთი ძირითადი გარანტი უნდა ყოფილიყო, პაპების პირადი ამბიციებისა და მატერიალური მისწრაფებების შედეგად, იტალიის ეროვნული ტრაგედიის ძირითად მიზეზად იქცა.

მაკიაველის, როგორც პოლიტიკური აზრის შემოქმედის ძირითადი დამსახურება, უპირველს ყოვლისა, ისაა, რომ მან პოლიტიკა თეოლოგიური (ჭვრეტითი და სპეკულაციური) სიბრტყიდან არსებულისკენ - ყოფიერისკენ შემოაბრუნა და ამით პოლიტიკის, როგორც მეცნიერული დისციპლინის დაფუძნებას დაუდო სათავე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პლატონური ტრადიციის საპირისპიროდ, მაკიაველი იკვლევდა არა იმას, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო ან მასში მცხოვრები ადამიანის ბუნება, ეთიკა და ზნე-ჩვეულებანი, არამედ იმას, თუ როგორია ყოველივე ეს სინამდვილეში, მოცემულ დროსა და სივრცეში. ამ მხრივ, მაკიაველი გვევლინება როგორც ბრწყინვალე სოციოლოგი, რომელიც კარგად იცნობს ხალხის კოლექტიურ ინტერესებსა და მათი ურთერთდაპირისპირების  ჩვეულ მუდმივობას. მას  მიაჩნია, რომ ასეთი დაპირისპირების სცენაა მთელი სოციალური ისტორია, რომელშიც კაცობრიობის გაჩენის დღიდან მიმდინარეობს მდიდრებსა და ღარიბებს, არისტოკრატებსა და ქვეშევრდომებს, ხელისუფლებასა და ხალხს შორის ბრძოლა. ეს ორ საპირისპირო პოლუსზე განლაგებული სოციალური ჯგუფების შეჯახება, ერთი მხრივ, მოიცავდა პრივილეგირებულთა ბრძოლას ქონების, პრესტიჟის, საჯარო სტატუსისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად; მეორე მხრივ კი, ყოველივე ამას  მოკლებულნი, იბრძოდნენ „მქონებელთა“ წინააღმდეგ. მაკიაველის თეორიის თანახმად,  ადამიანს ადამიანური პრობლემების გადასაწყვეტად ზეადამიანური ძალები არ სჭირდება. ღვთაებრივის ნაცვლად ადამიანურზე ორიენტირება მაკიაველის მსოფლმხედველობრივი ორიენტაციის  ერთ-ერთი ნიშანია, რომელიც მას რენესანსის ეპოქის ახლებურ მოაზროვნედ წარმოაჩენს. ადამიანის ბუნების შესახებ საუბრისას, მაკიაველი დეტალურად აღწერს მასში არსებულ ვნებებსა და მანკიერებებს: „ადამიანები ყოველთვის უკმაყოფილონი, მხდალები, ცრუები და ცბიერები არიან ერთმანეთის მიმართ, ყოველთვის გამოხატავენ უკმაყოფილებას აწმყოთი და ახდენენ წარსულის იდეალიზებას.“ 

ამდენად მაკიაველი, პირდაპირ ამხელს ადამიანთათვის დამახასიათებელ ნაკლოვანებებს: შურს, ორპირობას, უღირსობას, მიმტაცებლობას და სხვადასხვა მანკიერ ფორმებს. მაკიაველის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამსახურებაა პოლიტიკური ეთიკის, როგორც პოლიტიკურ მეცნიერებათა ახალი მიმდინაროების, დაფუძნება. მაკიაველი, პოლიტიკური ეთიკიდან გამომდინარე, ინდივიდის ქცევას აფასებს პოლიტიკური შედეგების მიხედვით. მაშასადამე, თუ პოლიტიკური მიზნები  დიდ  საზოგადო სიკეთეს ემსახურება, მისი მიღწევის პროცესში ნებისმიერ ქმედება (შანტაჟი, მკვლელობა, ქონების მიტაცება) გამართლებულია. მაკიაველისთვის პოლიტიკური მმართველობის იდეალური მოდელია ძველი რომაული სამყარო. მისთვის პრიორიტეტულია კლასიკური წარმოდგენები პოლიტიკური ღირსების, როგორც ადამიანთა სოციალური და პოლიტიკური აქტივობის განმსაზღვრელი ძირითადი ფენომენის შესახებ. მისი პოლიტიკური შეხედულებები უმთავრესად გადმოცემულია მის ნაშრომში „მთავარი“, რომელიც ძირითადად ერთი პირის, სუვერენის  ხელში კონცენტრირებული ძალაუფლების განხორციელების სახელმძღვანელო ტრაქტატია და, ნაშრომში „მსჯელობანი ტიტუს ლივიუსის პირველი დეკადის შესახებ“,  სადაც  ანტიკური რომის მაგალითზე განიხილება მმართველობითი სისტემის რესპუბლიკური მოდელი და მისთვის  დამახასიათებელი თავისებურებები.

მაკიაველი, მისი მოღვაწეობიდან გამომდინარე, ღრმად იყო ჩახედული სახელმწიფო მოწყობის, დიპლომატიისა და ხელისუფლების ორგანოების მუშაობის პრაქტიკაში. ეპოქის ქარტეხილების უშუალო შემსწრე და  რეალობის სწორად შემფასებელი მაკიაველი, ჯეროვნად აანალიზებდა ვითარებათა სირთულეს და ჰქონდა კონკრეტული კონცეფციები და გეგმები, როგორც სახელმწიფოს ძლიერების ზრდის, ასევე, ამ ძლიერების შემოქმედის - მმართველისათვის -  საჭირო სხვა პრაქტიკული ამოცანების ეფექტიანად განსაზღვრის კუთხით. 

მაკიაველის სურდა, რომ იტალია ყოფილიყო ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი. თითქოს სწორედ ეს პატრიოტული მისწრაფებები და გრძნობები ხდება ავტორის გონებრივი და ფიზიკურ ძალების მთავარი წყარო. მისი აზრით, ისტორიულ მოვლენათა ზუსტი ანალიზის შედეგად, შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, თუ რა ბედი ეწევა ზოგადად სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში მისთვის ძვირფას ფლორენციას მომავალში.

მაკიაველი, მმართველობის სპეციფიკაზე მსჯელობისას, ცალსახად უჭერს მხარს სახელმწიფოს ცენტრალიზებულ მმართველობას  და  გამოდის იმ დიდგვაროვანთა წინააღმდეგ,  რომლებიც  ვიწრო მერკანტილური ინტერესებით, პირადი ამბიციებითა და სხვა სუბიექტური გრძნობებით ასუსტებენ სახელმწიფოს ძლიერებას. მაკიაველის იდეალი იმ ტიპის საერო, ნაციონალური სახელმწიფოს შექმნაა, რომელიც თავისუფალი იქნება რომის ეკლესიის ზეგავლენისგან. ეკლესიის გავლენებისგან თავის დახსნა, მასთან ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს იგი ამ ინსტიტუციის და მისი რწმენის წინააღმდეგ გამოდის. მაკიაველის აზრით, ეკლესიას და რელიგიას, ადამიანთა მორალური გაკეთილშობილების გარდა, ის დანიშნულებაც აქვს, რომ ხელი შეუწყოს და განამტკიცოს სახელმწიფოს ძლიერება. ხოლო, რაც შეეხება სახელმწიფო მოწყობის საკითხს, მაკიაველი რესპუბლიკური მმართველობის მომხრეა. მისი აზრით, რესპუბლიკური მმართველობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას, რამდენადაც ის მმართველობის განხორციელების უფრო მოქნილი ფორმაა.

მიუხედავად იმისა, რომ მაკიაველი განადიდებს რესპუბლიკას, იგი არ აკნინებს და უარყოფს მის დროს გავრცელებულ მმართველობის მეორე ფორმას - მონარქიას. მისი აზრით, რესპუბლიკა ყველგან და ყოველთვის გამოსადეგი არ არის, ზოგჯერ მონარქია უმჯობესია. მაგალითად მისი თანამედროვე იტალიის გასაერთიანებლად, მაკიაველის აზრით, უმჯობესი იყო მონარქია, რომლის სათავეშიც იქნებოდა არჩეული მონარქი. მაკიაველი ამბობს, რომ ძლიერი სახელმწიფოს შესაქმნელად, ზოგჯერ არაკანონიერი საშუალებებიც უნდა იქნას გამოყენებული. სწორედ ამიტომ, მაკიაველი რეკომენდაციას აძლევს მთავარს, იყოს ულმობელი და მკაცრი რათა ქვეშევრდომებს ჰქონდეთ მისი შიში. ამასთან, მთავარი ანგარიშს არ უნდა უწევდეს თავის დანაპირებებს, იგი უნდა იყოს ლომივით მამაცი და მელასავით მოქნილი. უშუალოდ სახელმწიფოს სიმტკიცის საფუძვლად კი, მაკიაველი ასახელებს ძლიერ ჯარსა და კარგად შედგენილ კანონებს. ამავდროულად, მისთვის წარმოუდგენელია ძლიერი სახელმწიფო ძლიერი პოლიტიკური ინსტიტუციების გარეშე, რომლებიც უნდა ემორჩილებოდეს  სუვერენს.

ნიკოლო მაკიაველის თვალსაზრისით, ძლიერ მმართველად ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ხელმწიფეს ჰქონდეს სიმამაცე, გამჭრიახობა და სიბრძნე. სახელმწიფოს მესვეურებმა წინა პლანზე უნდა დააყენონ სახელმწიფოებრივი ინტერესებით განპირობებული საჭიროებების შესრულება, რათა უფრო ეფექტიანად და პრაგმატულად განახორციელონ მათზე დაკისრებული ამოცანები. თუ როგორი ქცევა უნდა ახასიათებდეს საუკეთესო პოლიტიკურ მმართველს, კარგად ჩანს მაკიაველის ამ სიტყვებში:

„კეთილგონიერი მმართველი არ უნდა იყოს საკუთარი აღთქმის ერთგული, თუკი შეიძლება, რომ ეს ერთგულება საზიანო აღმოჩნდეს მისთვის და თუ უკვე აღარ არსებობს მიზეზები, რამაც ეს აღთქმა დაადებინა. ყველა კაცი კარგი და კეთილი რომ იყოს, ასეთი ქცევა უკეთური იქნებოდა, მაგრამ რაკი ისინი ბოროტნი არიან და გამუდმებით არღვევენ იმას, რაც აღგითქვეს, შენ რატომ უნდა უერთგულო საკუთარ აღთქმას მათ მიმართ?“

მაკიაველის ეს სიტყვები მკაფიოდ აჩვენებს მის პოზიციას, რომ პოლიტიკური ამოცანების გადაჭრის პროცესში მორალი ნაკლებ მნიშვნელოვანია. მან პირდაპირობითა  და პოლიტიკისადმი  პრაგმატული მიდგომით საფუძველი დაუდო პოლიტიკური რეალიზმს. რომლის კონცეფციის არსიც ისაა, რომ სახელმწიფოში პოლიტიკური ინტერესებისა და გავლენების ბალანსი პოლიტიკურ სიბრძნეს საჭიროებს. მაკიაველისთვის, ისევე როგორც რენესანსის ეპოქის სხვა პოლიტიკური მოაზროვნეებისათვის, წარმატებულ სახელმწიფო მოღვაწედ მიიჩნევა ის, ვინც ფლობს სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და ამოცანების ხალხის მოთხოვნილებებთან დაახლოებისა და  დაბალანსების ხელოვნებას. გონიერება მოითხოვს, რომ სახელმწიფო მოღვაწემ ერთმანეთისაგან განასხვავოს სასურველი და აუცილებელი. სახელმწიფო მართვის ცოდნა ნიშნავს, მოქალაქეთა მოლოდინებისა და სურვილების სახელმწიფოს შესაძლებლობებთან შესაბამისობაში მოყვანას და პირველადი და მეორადი ინტერესების დახარისხებას. მაკიაველის მიაჩნდა, რომ პოლიტიკოსისთვის მორალზე მაღლა ქვეყნის ინტერესები უნდა იდგეს. ადამიანის ბუნების შეფასებისას მაკიაველი ავლენს  პესიმიზმს და მიაჩნევს, რომ წარმატება ღირსებასა და ბედის წყალობაზე ნაკლებადაა დამოკიდებული. მისთვის აპრიორულია მკაცრი და სამართლიანი რეალობა, რომელშიც ადამიანებზე მაღლა კანონები დგანან. სახელმწიფოებრიობა სოციალური ცხოვრების უმაღლესი ღირებულებაა, ამდენად, ყოველივე მას უნდა დაექვემდებაროს და მის მიერ უნდა იყოს მართული. სახელმწიფოს ძლიერების მისაღწევად ნებისმიერი საშუალება გამოდგება. სახელმწიფოს შესახებ მაკიაველის თეორია „სახელმწიფოს ინტერესის“ შესახებ მოძღვრების სახელით არის ცნობილი. ნიკოლო მაკიაველიმ „პოლიტიკურ ცხოვრებას“ უმაღლესი მნიშვნელობა მიანიჭა და ამ პროცესში გამოკვეთა ინდივიდის, როგორც საკუთარი ბედის მჭედელი არსების თანამონაწილეობის აუცილებლობა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • ნიკოლო მაკიაველი: მთავარი, ქართული თარგმნა ბ. ბრეგვაძე, გამომცემლობა Carpe diem, თბილისი, 2019 წ.
  • ნიკოლო კაპონი: მაკიაველი, ქართულად თარგმნა გ. დოლიძემ, ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, თბილისი, 2013 წ.