petriwis portali

პოლემიკა გრიგოლ რობაქიძესა და შალვა ნუცუბიძეს შორის

სარედაქციო

პოლემიკა გრიგოლ რობაქიძესა და შალვა ნუცუბიძეს შორის

05.11.2023

„პეტრიწის პორტალი“ აქვეყნებს XX საუკუნის 10-იან წლებში გრიგოლ რობაქიძესა და შალვა ნუცუბიძეს შორის წარმოებული დისკუსიის ამსახველ დოკუმენტურ მასალას, რომელიც ხელოვნებისა და სინამდვილის ურთიერთმიმართების პრობლემებს ეხება. წარმოდგენილ მასალებში ორივე ავტორის სტილი და პუნქტუაცია შენარჩუნებულია. პუბლიკაცია გამოსაქვეყნებლად მოამზადა პროფ. ლალი ზაქარაძემ. 

შალვა ნუცუბიძე

მოკლე შენიშვნა.  გრ. რობაქიძის ლექციის გამო

ადამიანის შემეცნების განვითარება ორ დაუძლეველ უმწეობის შუა ტრიალობს: შეუერთებლობა დაქსაქსულისა და დაუქსაქსველობა შეერთებულისა; ეს იგივე სინტეზი და ანალიზია ონტოლოგიის სფეროში გადატანილი. განცალკევება იდეალურისა რეალურისაგან სამარადისოს წარმავალისაგან ამავე მდგომარეობას გამოხატავს. ადამიანის შემეცნებით[მა] ნიჭმა შესძლო მხოლოდ შუა გაპობა ონტოლოგიური მთლიანობისა, მაგრამ უბადრუკი ჯადოსანივით თვითონვე ვეღარ დასძლია თავისვე მიერ ამოძრავებულ ძალებს. სინამდვილე, რეალობა შუა გაპობილი დარჩა. რეფლექციურმა დისციპლინებმა ადამიანის გონების სხვადასხვაგვარათ განჭვრეტით დღემდე ოდნავათაც ვერ შესცვალა მდგომარეობა, და იდეათა სამეფო იმავე მანძილზე არის ადამიანის წარმოდგენაში დაცილებული დროულსა და ვრცეულ სინამდვილეს, როგორც ჟამს ღვთაებრივი პლატონის შემოქმედებისას. დისკურსიული აზროვნება რეფლექციურია, ის განმეორებითი ჩრდილისებური ზეგადავლაა რეალობის სახელობაზე და ამის გამო უშემოქმედო ახალ ღირსებათა შექმნა მისთვის შეუძლებელია.

მით უფრო საინტერესოა ყოველგვარი ცთა არა რეფლექციურის, ინტუიტური განჭვრეტისა, ამ ონტოლოგიურ პრობლემისა. ამ გზით სვლა მეტ იმედს იძლევა საკითხის დადებითი გადაჭრისა.

არსებობს ორგვარი სინამდვილე: პირველი - დროული და ვრცეული, რაც ხთება აქ და მეორე - იდეალური, რომლის უწინარესი განმარტებაც აუცილებლათ უარყოფითი თვით დროულობისა და ვრცეულობის უარისყოფაა, პითაგორეს თეორემა აქ და დღეს ჩვენ მიერ დამტკიცებული შავ დაფაზე თეთრი მელნით არის გამოხატული, წავშლით დაწერილს, მოვსპობთ დროულსა და ვრცეულ პირობებს, მაგრამ პითაგორეს თეორემა ამით არ მოისპობა; მისი შინაარსი იდეალურათ განჭვრეტილი მარადისობის სფეროში განამტკიცებს თავის ყოფას. აქ ხელოვნება რა შუაშია, ეს მათემატიკაა. და მიუხედავათ ამისა ჩვენ ვრცეულ და დროულ ჭეშმარიტებასთან კი არა, სამარადისოსთან გვაქვს საქმე. აშკარაა: - ხელოვნება კიდეც რომ ქმნიდეს იდეალურს, იგი მარტო არა ქმნის მას.

შემდეგ, მარადისობა დროულობის უარისყოფაა. შექმნა მოქმედებაა და თუნდ ღვთაებრივი დროულობის მონაა. აქ თვით შემქმნელის პროცესზე კი არ არის ლაპარაკი, ეს შესაძლებელია მომენ[ტალ]ურად წარმოვიდგინოთ, არა ყოველი შექმნა გულისხმობს დროს, როცა ობიეკტი შექმნისა არ არსებობდა. ნათელსაყოფათ საკმარისია ტრინიტალური პრობლემის უძნელესი მომენტი მამაღვთის და ძეღვთის ურთიერთობის გავიხსენოთ, შემოქმედება განსაზღვრავს დროულობაში თავის მოქმედებას. სამარადისო ეწინააღმდეგება დროულობას, შექმნა კი განსაზღვრულ დროში იწყება. ამ დებულების დანერგვა არ შეიძლება იმ მოსაზრებით, რომ შესაძლოა რაიმე მოვლენა განაზღვრულ დროში მოხთეს, მაგრამ სამარადისოთ იქცესო. 1) სამარადისო ქცევა არ შეიძლება, რადგან ქცევა დროული მცნებაა. 2) ა) როდესაც ჩვენ სამარადისო ქცევაზე ვლაპარაკობთ, მხედველობაში გვაქვს ჩვენი ემპირიული ღირებულობა; ბ) მარადისობამ ჩვენი დრო არ იცის - ის უარისყოფაა ჩვენი დროისა, კიდევ მეტი - მარადისობა არა მარტო არადროულია, ის დროულია. ამგვარათ შეგვიძლია ვთქვათ: ხელოვნება არ ქმნის სამარადისოს.

შუა გაპობილი სინამდვილე „დაავათმყოფებულ არსის“ ონტოლოგიური ტრაგედიაა. უშემოქმედო რეფლექსიამ მხოლოდ აღნიშნა და დისკურსიულმა აზროვნებამ მხოლოდ შეისწავლა იგი, როგორც ფაკტი. უბადრუკობა ადამიანის ყოფისა იმაშია, რომ მან ვერ განავითარა ნიჭი არა მარტო სინამდვილის შესწავლისა, არამედ მისი შემოქმედებისა, გარდაქმნისა. ეს შემოქმედება ინტუიციის გზით არის შესაძლებელი, რადგან მხოლოდ ინტუიციაში ხვდება ადამიანი შეუბღალავ სინამდვილეს. ამრიგათ, იდეალური და რეალური, წარმავალი და წარუვალი იმ თავითვე ჩასახული თვისება არ არის. თვით წარმავალი იმ მხრით სამარადისოა, რამდენათაც ის წარმავალია, და უკანასკნელში ხორციელდება მისი მარადის დროული ბუნება. მაშ სად უნდა ვეძებდეთ ხელოვნების სამოქმედო სარბიელს, სად საჭიროებს ადამიანი მისგან შველას? აშკარაა, რომ ხელოვნების შემოქმედებითი ძალა აახლოებს იდეალურსა და რეალურ ყოფას, ყოფას და აქ ყოფას (Sein, Dasein) და მათ შეუღლებაში განამტკიცებს იმ ორსახოვან ნაყოფიერებას, რომელიც ერთი სახით სამარადისოსკენ არის მიმართული და მეორეთი ჩვენ[ი] რეალური, ემპირიული სინამდვილისკენ.

გრ. რობაქიძემ საკმარისი სიღრმით ვერ გააშუქა თავისი თემის ძირითადი საკითხი, რის გამოც გვერდი აუქცია ძირითად ცნებების ფილოსოფიურ განხილვას. ჩემი დასკვნები, როგორც ყველა ხედავს, სრულიათ ეწინააღმდეგება მისას.

გრიგოლ რობაქიძე

საპასუხო ბარათი

„კოლხიდის“ გუშინდელ ნომერში მოთავსებულია შ. ნ.-ს [შალვა ნუცუბიძის] „მოკლე შენიშვნა“ ჩემი ლექციის შესახებ. ავტორს ან სიტყვა არ ემორჩილება საზოგადოთ, ან და ქართულ[ი] ენით პირველათ ცდილობს განყენებული აზრის გამოთქმას: მის წერილში აზრი სიტყვას ებრძვის და შესაფერ გას[ა]ვალს ვერ ნახულობს. მიუხედავათ ამისა, ვეცდები სისწორით გადმოვიღო მისი შენიშვნის მუხლები და „შენიშვნას“ შენიშვნა გავუკეთო.

პირველი. მარადისობის გამომსახველ მაგალითად ავტორს პითაგორეს თეორემა მოჰყავს: „პითაგორეს თეორემა აქ და დღეს ჩვენ მიერ დამტკიცებული შავ დაფაზე თეთრი მელნით არის გამოხატული, წავშლით დაწერილს, მოვსპობთ დროულსა და ვრცეულ პირობებს, მაგრამ პითაგორეს თეორემა ამით არ მოისპობა“, შემდეგ გაკვირვებით კითხულობს: აქ ხელოვნება რა შუაშია, ეს მათემატიკააო?! ამის შესახებ ავტორს შემდეგს მოვახსენებ: მარადისობა, მათემატიკით გამოსახული, და მარადისობა, ხელოვნებით გამოხატული, - სხვადასხვა სახის არიან: თეორემა მუდამ განყენებაა და განყენებულათ დარჩება, მხატვრული სახე კი ყოველთვის ცოცხალია და ინდივიდუალობათ იშლება; ეს დებულება საკმაოთ განვითარებულია ჩემს ლექციაში და მის გამეორებას გაზეთის ფურცელზე ვერ შევუდგები.

მეორე. ავტორის აზრით, შექმნა დროშია მომწყვდეული, და მაშასადამე, ნაქნარი ყოველთვის დროული გამოდის, აქედან იგი დაასკვნის: ხელოვნება არ ქმნის სამარადისოს. ამ შენიშვნას შემდეგი უნდა დავსძინო, შექმნა რო დროული ცნებაა, - ამას არც ერთი ესთეტიკოსი არ უარყოფს; ნაქნარი (ემპირიულათ) რო დროული გამოდის, - არც ამის უარყოფა მოუა ვინმეს თავში. ვენერა მილოსის ქანდაკს ხელები მომტვრეული აქვს და შესაძლოა ერთმა მიწის ძვრამ სრულებით დაამსხვრიოს იგი; მისი მარადისობის მტკიცებას ამ მხრით გიჟი თუ დაიწყებს. მაგრამ, განა, ამით სწყდება ვენერა მილოსის საკითხი?! თვითონ ის, რაც რო ამ მარმარილოშია გამოკვეთილი, მარადია თუ არა? - აი რაშია საკითხი! და ამ საკითხს მე დადებით ვსჭრი: ვენერა მილოსის ტანსხმულობა არაოდეს არ გაქრება; განა მოკვდება ბეტჰოვენის სიმფონია მით, ერთს დღეს ყოველი მისი გამახმაურებელი იარაღი დაიკარგოს?! ასეთია ხელოვნების საიდუმლოება; იგი სახავს მარადიულს. რაც შეეხება თვითონ ავტორის კონსპექტს, საცა იგი ვითომ ხელოვნების განმარტებას ცთილობს, ეს ალბათ მისთვის უფროა საინტერესო და არც მე ვეხები მას.