petriwis portali

წმ. ევსტათი ანტიოქიელი

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

წმ. ევსტათი ანტიოქიელი

23.10.2023

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი დაიბადა 1893 წლის 9 სექტემბერს, მღვდლის ოჯახში, ელიზავეტგრადში. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ შეისწავლა რამდენიმე უცხო ენა, 18 წლის ასაკში კი სერიოზულად დაინტერესდა ფილოსოფიითა და ისტორიით; 1916 წელს მან დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტი. 1920 წელს მისი ოჯახი, პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტოვებს ქვეყანას და ემიგრაციაში მიდის. 1925 წელს იგი პარიზის წმ. სერგის მართლმადიდებლური ინსტიტუტის პროფესორია პატრისტიკის მიმართულებით. 1932 წელს მას ხელი დაასხეს მღვდლად. წმ. სერგის მართლმადიდებლურ ინსტიტუტში 1939-1948 წლებში იგი დოგმატიკის მიმართულების პროფესორი იყო. 1949 წელს ფლოროვსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, წმ. ვლადიმირის მართლმადიდებლურ სემინარიაში, დეკანის თანამდებობაზე გადავიდა. იგი ასევე იყო ჰარვარდისა და პრინსტონის უნივერსიტეტების პროფესორიც. პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი გარდაიცვალა 1979 წლის 11 აგვისტოს.

პროტოპრესვიტერ გიორგი ფლოროვსკის ეკუთვნის მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომი; მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „lV საუკუნის აღმოსავლელი მამები“ (1931 წ.), „ბიბლია, ეკლესია, ტრადიცია“ (1972 წ.), „ქრისტიანობა და კულტურა“ (1974 წ.) „რუსული ღვთისმეტყველების გზები“ (1979 წ.) და სხვ. ქვემოთ მოცემული ფრაგმენტი თარგმნილია შემდეგი გამოცემიდან: прот. Георгий Флоровский, Восточные отцы IV века, Минск, 2006, გვ. 239-241.

ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა

  1. წმ. ევსტათის ცხოვრებაზე ბევრი არაფერია ცნობილი. ნეტარი იერონიმეს მიხედვით, ის წარმოშობით პამფილიის ქალაქ სიდიდან იყო. მისი დაბადების თარიღის დადგენა რთულია, უცნობია მისი მღვდელმთავრად კურთხევის წელიც, ამიტომაც, მონაცემთა არქონის გამო შეუძლებელია მისი ასაკის განსაზღვრაც. დაახლოებით 319-320 წლებში ის იყო ეპისკოპოსი სირიაში, კერძოდ, ბერიაში. ამ წლებში, როგორც თეოდორიტე გვამცნობს, ბერიის ეპისკოპოსის რანგში მან ალექსანდრე ალექსანდრიელისგან მიიღო ნუსხა მისი ცნობილი წერილიდან ალექსანდრე კოლასელისადმი არიოზის წინააღმდეგ. უშუალოდ ნიკეის კრების წინ ევსტათი არჩეულ იქნა ანტიოქიის კათედრაზე. ამასობაში, გაჩაღდა „არიანული არეულობაც“; ევსტათიც მაშინვე ჩაერთო ბრძოლაში. როგორც ჩანს, ის ანტიოქიაში ერთხმად არ ყოფილა არჩეული. ნიკეის კრებაზე წმ. ევსტათი „ერთარსობის“ ერთ-ერთ მთავარ დამცველად გვევლინება. ამით კი აიხსნება მისდამი „ანტინიკეელთა“ შემდგომი არაკეთილგანწყობა. ანტიოქიაში ევსტათი პირდაპირ თუ შეფარულ არიანელებთან მძაფრ ბრძოლას აწარმოებდა, მათ შორის, თხზულებების მეშვეობითაც. ძველი ავტორები მაღალ შეფასებას აძლევდნენ მის დოგმატურ საქმიანობას, ათანასე კი მას „აღმსარებელს“ უწოდებდა. ის მტრებით იყო გარშემორტყმული და მალევე მის საბელიანელობაზეც გაავრცელეს ხმები. 330 წელს ანტიოქიაში გადასახლებიდან დაბრუნებულ ევსევი ნიკომედიელთან ერთად საკმაოდ მრავალრიცხოვანი კრება შედგა, რომელსაც თაოსნობდა თეოგნისე ნიკეელი. კრებაზე ევტათი ჩამოაქვეითეს - „სინამდვილეში, - ამბობს სოზომენე, - იმის გამო, რომ ნიკეის მრწამსს ამართლებდა“. რთულია იმის გარკვევა, თუ რა საბაბი გამოიყენეს ამის დაფარვისთვის. ევსტათი გააგზავნეს „სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებთან“; ის გადასახლებაში მრავალრიცხოვან კლიროსთან ერთად გაემართა. გადასახლების ადგილი ზუსტად უცნობია. 337 წელს, როდესაც გადასახლებული „ნიკეელები“ შინ დაბრუნდნენ, ევსტათი უკვე გარდაცვლილი იყო.
  2. ევსტათი ნაყოფიერი მწერალი გახლდათ. მისი მრავალრიცხოვანი შემოქმედებიდან სრულად შემონახულია მხოლოდ ვრცელი ეგზეგეტიკური ტრაქტატი „მუცლითმეზღაპრის შესახებ“ (ორიგენეს წინააღმდეგ). მისი სხვა წიგნებიდან მხოლოდ მცირეოდენი ნაწყვეტები შემოგვრჩა, რომელთა ავთენტურობაც ჯერ კიდევ დავა-კამათის საგანია. თეოდორიტე საუბრობს ევსტათის მიერ იგავთა წიგნის ფრაგმენტის (8.22) განმარტებაზე და მისი შესავლიდან ნაწყვეტიც მოჰყავს. სხვა მწერლებთან კი შემონახულია კიდევ 15 ნაწყვეტი ამ განმარტებიდან და რამდენიმე ფსალმუნის განმარტების ფრაგმენტებიც. ევსტათის ეკუთვნის ვრცელი მამხილებელი თხზულებაც არიანელთა წინააღმდეგ (არანაკლებ 8 წიგნად), რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეა შემონახული ფაკუნდუსისა და ფოტის ბიბლიოთეკებში. როგორც ჩანს, მისი მხილებები, უმეტესწილად, ეგზეგეტიკურ საფუძველს ატარებდა. იერონიმე კი ასახელებს წიგნს „სულის შესახებ“, რომლიდანაც სხვადასხვა მწერლებთან 11 ფრაგმენტია შემონახული. როგორც ჩანს, ისიც დაწერილია არიანელთა წინააღმდეგ. იერონიმე ახსენებს „მრავალრიცხოვან წერილებსაც“, თუმცა, ისინი არ შემონახულა. სათუოა ევსტათის მივაწეროთ ახლახანს გამოცემული ქადაგება ლაზარეს აღდგინებაზე. ყველა სხვა ნაწარმოები, ევსტათის რომ მიეწერება, სინამდვილეში, მას არ ეკუთვნის. როგორც ჩანს, ევსტათის ლიტერატურული საქმიანობა ყველაზე მეტად დაკავშირებული იყო არიანელების წინააღდეგ პოლემიკასთან. ამისთვის ის კარგად იყო მომზადებული: წერილის ცოდნას ის სერიოზულ ფილოსოფიურ ერუდიციასთან ათავსებდა.
  3. როგორც ეგზეგეტი, ევსტათი გაბედულად ეწინააღმდეგებოდა ალეგორიზმს და, უპირველესად, „მთხრობელ სიტყვას“ ეყრდნობოდა. ის ფართოდ იყენებს ბიბლიურ პარალელებს, მაგალითად, აჩვენებს, რომ აენდორში მოვლენილი სამოელის სიტყვა საულზე მისი ადრეული წინასწარმეტყველებებიდანაა შედგენილი. ტექსტს ის ძალზედ დეტალურად განიხილავს. ევსტათი ორიგენეს ირონიულად ეხმიანება: იმის ნაცვლად, რომ მრავალვნებული იობი თმენის მაგალითად წარმოეჩინა, ორიგენე „დედაბრულად ატარებდა დროს - უგუნურად განიხილავდა რა მისი ქალიშვილების სახელებს“.
  4. სრული სიცხადით კიდევ ევსტათის ქრისტოლოგიაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. უცნაურია, რომ მის ტრინიტარულ ღვთისმეტყველებაზე დაწვრილებითი მონაცემები არ მოგვეპოვება. ქრისტოლოგიაში ევსტათი განსაკუთრებულ ყურადღებას ადამიანური ბუნების სისავსის გამოვლენაზე ამახვილებდა. ის საუბრობს ორ ბუნებაზე. ღვთაებრივი ბუნებით ქრისტე ერთარსია მამისა და, არის რა ცალკეული პირი, უცვლელად მყოფობს მამასთან. ის ღვთაებრივი სიტყვა და სიბრძნეა და მის მიერ არის შექმნილი ყოველივე; ის არის „ცოცხალი ღმერთის ძე“, შობილი მამის უშობელი არსიდან, მამის უჭეშმარიტესი ხატი. დოკეტიზმის მიმდევართა წინააღმდეგ ევსტათი განკაცების ნამდვილობაზე საუბრობდა, არიანელთა წინააღმდეგ კი ქრისტეს ადამიანურ სულზე: „ქრისტეს გონიერი სული ერთარსია ადამიანთა სულებისა ზუსტად ისევე, როგორც ხორციც, მარიამისგან რომ იშვა, ერთარსია ადამიანთა ხორცისა“. განხორციელებული სიტყვის ადამიანურ ბუნებაზე ის ჩვეულებრივ ამბობს: „ადამიანი ქრისტე“ ან „ქრისტეს ადამიანი“. ადამიანი-ქრისტე არის „ძის ხატი“, ღვთაებრივი სიბრძნის და სიტყვის ტაძარი, მისი „ადამიანური სამყოფელი ან სკინია“. ღმერთი-სიტყვა „ატარებს“ თავის ადამიანობას, „უწყვეტად“ მყოფობს მასში. ქრისტეს ადამიანობა აღდგომით „ამაღლდება და იდიდება“. ეს „შეძენილი დიდებაა“, რომელიც აქამდე ქრისტეს „ღვთის მატარებელ ადამიანს“ არ ჰქონია. სოტერიოლოგიაში, როგორც ჩანს, ევსტათი ხაზს უსვამდა ზნეობრივ მომენტს: მაცხოვარს ერთ ნაწყვეტში ის უწოდებს „სიმართლის მშვენიერ გზათა დასაწყისს“. ყოველივე ეს ევსტათის გვიან „ანტიოქიურ ღვთისმეტყველებასთან“, უპირველესად, დიოდორე ტარსელთან აახლოებს - ბუნდოვანებაც წმ. ევსტათის ენაში ძველთაგანვე იქნა აღნიშნული. თუმცა კი, ეფესოს კრებაზე მისი ავტორიტეტი ნესტორის საპირისპიროდ გამოიყენეს, რაც ნათლად უპირისპირდება ყველა იმ მცდელობას, ევსტათის ანტიოქური დიოფიზიტიზმის უკიდურესობას რომ მიაწერდა.