პროფესორმა დავით თინიკაშვილმა გამოაქვეყნა ახალი მონოგრაფია - „ნიცშე და ქრისტიანობა: ტრადიციული ფასეულობების დაძლევის მცდელობა“.
დავით თინიკაშვილი არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, მოპოვებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ქრისტიანობის ისტორიაში. პროფ. თინიკაშვილი არის 100-ზე მეტი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პუბლიკაციის ავტორი. ოქსფორდში, მაინის ფრანკფურტში, ნაიმეგენში კვლევითი მივლინებებისას დაწერილი მისი უცხოენოვანი სტატიები გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში.
წიგნი ეძღვნება ევროპული აზროვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენელს, ფრიდრიხ ნიცშესა და ქრისტიანობისადმი მის დამოკიდებულებას. წიგნის ძირითად ნაწილში ქრისტიანობის წინააღმდეგ გამოთქმული ნიცშეს კრიტიკული იდეები უბრალოდ გადმოცემული და აღწერილი კი არ არის, არამედ ისინი განხილული და შეფასებულია ქრისტიანული პერსპექტივიდან. გაანალიზებულია, თუ რამდენად სწორად ესმოდა ნიცშეს ქრისტიანული თეოლოგიისა და ისტორიის ესა თუ ის იდეა, ცნება, საკითხი, კონცეპტი, ფაქტი და, საჭიროების შემთხვევაში, გამოვლენილია მისი მიდგომის ტენდენციურობა და პროვოკაციული ხასიათი. ასევე გამოკვეთილია ნიცშეს შეხედულებებისთვის დამახასიათებელი წინააღმდეგობრიობა, არათანმიმდევრულობა და გარკვეული ზედაპირულობა. წიგნში წარმოდგენილია ნიცშეს ფილოსოფიის ე.წ. „დადებითი იდეებიც“ (აფირმაცია, ბედისწერის სიყვარული, მარადიული დაბრუნების იდეა და სხვ.) და საუბარია შემდგომ ეპოქაზე მისი შემოქმედების გავლენის შესახებაც.
წიგნის რედაქტორია ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ირემაძე, რეცენზენტები - ასოც. პროფ. კონსტანტინე ბრეგაძე და პროფ. გიორგი თავაძე.
პროფ. თენგიზ ირემაძე:
ქართულ ფილოსოფიას ნიცშეს ფილოსოფიური აზროვნების ამ ასპექტით წარმართული ასეთი საფუძვლიანი კვლევა დღემდე არ ახსოვს; წიგნი, უწინარეს ყოვლისა, ხელს შეუწყობს თანამედროვე ქართულ ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებაში ფრიდრიხ ნიცშეს შემოქმედების მიმართ არსებული არაერთი ცრურწმენისა და გულუბრყვილო წარმოდგენის უკუგდებას.
ასოც. პროფ. კონსტანტინე ბრეგაძის რეცენზიიდან:
დავით თინიკაშვილი ნაშრომში „ნიცშე და ქრისტიანობა“ ზუსტად განიხილავს, თუ რაში მდგომარეობს ნიცშეს მიერ ქრისტიანობის კრიტიკა, რომ ხშირად გერმანელი ფილოსოფოსი თავის კრიტიკაში უგულებელყოფს თავად სახარებისეულ ტექსტებს და მისი თავდასხმები ქრისტიანობაზე უკიდურესად სუბიექტური და პროვოკაციულია. ვფიქრობ, ნაშრომი ხელს შეუწყობს აღნიშნული პრობლემის კონცეპტუალურად სწორ გააზრებას.
წიგნის ელ. ვერსია ხელმისაწვდომია პორტალზე - www.academia.edu.