petriwis portali

ხარება

მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი

ხარება

07.04.2023

მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი, ერისკაცობაში ანდრია ბორისის ძე ბლუმი (1914-2003 წწ.) რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავარი, სუროჟის მიტროპოლიტი გახლდათ; 1965-1974 წლებში იგი იყო პატრიარქის ეგზარქოსი დასავლეთ ევროპაში. მიტროპოლიტი ანტონი ავტორია მრავალრიცხოვანი წიგნებისა, მემუარებისა და სტატიებისა მართლმადიდებლური სულიერი ცხოვრების შესახებ. იგი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მქადაგებელი იყო მართლმადიდებლურ სამყაროში. ამასთანავე, მისი შრომებით დაინტერესებული იყვნენ არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლებიც. მისი თხზულებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. მიტროპოლიტი ანტონი იყო სხვადასხვა ეკლესიების მიერ მინიჭებული ჯილდოების მფლობელი, ასევე, სხვადასხვა სასულიერო აკადემიებისა და, ამასთანავე, კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. მისი მთავარი ნაშრომებია: „ცოცხალი ლოცვა“ (1966 წ.), „ლოცვის სკოლა“ (1970 წ.), „ღმერთი და ადამიანი“ (1971 წ.), „ლოცვის კადნიერება“ (1973 წ.), „შეხვედრა“ (2005 წ.), „ქრისტეს ცოცხალი სხეული“ (2007 წ.) და სხვ.

მოცემული ფრაგმენტი ქართულად თარგმნილია შემდეგი გამოცემიდან: Антоний, Митрополит Сурожский, Труды, книга первая, Москва: «Практика», 2012, გვ. 974-975, 982-983.

ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა

ხარება - დიდი პარასკევი

(7 აპრილი, 1961 წ.)

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

წელს დიდი პარასკევი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს ემთხვევა, რაც ხარების ხშირად უყურადღებოდ დატოვებულ, ტრაგიკულ ჭეშმარიტებასა და რეალობას წარმოგვიჩენს.

ხშირად ვფიქრობთ ხარებაზე - და სამართლიანადაც - როგორც დღეზე, როცა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს ღვთისგან განეცხადა, რომ განხორციელებული ღვთის სიტყვის დედა გახდებოდა; და მხოლოდ იმ საოცარ სიხარულს გავიაზრებთ, რომელიც სამყაროში მაცხოვრის შესახებ დაპირებით შემოვიდა. თუმცა კი, იშვიათად ვფიქრობთ მასზედ, რომ ღვთის საბოძვარი ყოველთვის ტრაგიკულია ჩვენს სამყაროში, რომ ყოველივე დიდებული მხოლოდ ღრმა ტანჯვისა და ადამიანური სისხლის ფასად აღესრულება.

აი, დღეს ვხედავთ, რომ ყოვლადწმიდა ქალწულისთვის შეპირებული ძე ღვთისას განხორციელება სამყაროს ხსნისათვის ტრაგიკულად სრულდება. ქრისტე ჩვენს სამყაროში იშვა, რათა საკუთარი სული დასდოს თავისი მეგობრისთვის (ინ. 15:12-13). ღვთაებრივმა, ჯვარზე გამოვლენილმა, გამომხსნელმა სიყვარულმა მოიყვანა ძე ღვთისა სიკვდილის სამყაროში; და ანგელოზის მიერ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისთვის მიცემული პირობა მასზედ, რომ იშვება სამყაროს მხსნელი, ნიშნავდა, ამავდროულად, რომ მისგან შობილი ღვთაებრივი ძე  იხსნის სამყაროს საკუთარი სისხლით, სასიკვდილო გვემით, თავად სიკვდილით - მიუწვდომელი, შეუძლებელი სიკვდილით განხორციელებული სიტყვისა.

ამ დღეებში, საათებში, რომლებიც ქრისტეს აღდგომის სიხარულს გვაშორებს, დაე, ჩავუფიქრდეთ სახებას ყოვლადწმიდა ქალწულისა, რომელმაც სრულყოფილი რწმენითა და უბიწოებით, ჭეშმარიტი სიწმიდის ღვაწლით დაიმსახურა ეს საშინელი საბოძვარი - გამხდარიყო უფლის დედა; რომელიც, თავის ღვთაებრივ ძესთან ერთობით - სულით, ნებით, გულით - იდგა მის ჯვართან, ვიდრე, საათების განმავლობაში, კვდებოდა მაცხოვარი.

თუკი სახარების სიტყვებს ჩავუკვირდებით, ვერ ვიხილავთ მოტირალ დედას, არამედ განვჭვრეტთ ყოვლადწმიდა ქალწულში მას, ვინც სწირავს სისხლიან მსხვერპლად საკუთარ ძეს საიმისოდ, რათა სამყარომ  ხსნა პოვოს.

ყური მივუგდოთ, ამ საათების განმავლობაში, გარდამოხსნის გამობრძანების შემდგომ, „ღვთისმშობლის გოდების“ კანონის სიტყვებს. შევეცადოთ ჩავწვდეთ იმ მახვილის საიდუმლოს, რომელმაც გაიარა ყოვლადწმიდა ქალწულის გულში. ის უფალთან ერთადაა: მისი ძე კვდება და ღვთისმშობელიც კვდება მასთან ერთად. თაყვანისვცეთ ქრისტეს მოთმინებას, თაყვანისვცეთ და გვახსოვდეს, რომ მის ვნებებში, მოთმინებაში, ჯვარსა და სიყვარულში ყოვლადწმიდა ქალწული ბოლომდე თანამონაწილეობს და რომ ღვთის წინაშე ჩვენი გამოხსნისთვის ლოცვის კადნიერება მან საკუთარი ძის ჯვარზე სიკვდილით მოიყიდა. ამინ.

 

ხარება - ბრწყინვალე ორშაბათი

7 აპრილი, 1980 წ.

ქრისტე აღსდგა!

ძალზედ იშვიათად ქრისტეს აღდგომა და ხარება ისე ემთხვევა ერთმანეთს, როგორც წელს, და, რაღაც აზრით, ეს ჩვენს სიხარულს კიდევ უფრო სრულს, დიდებულს ხდის.

ყოველთვის, ქრისტეს მთელი ცხოვრების განმავლობაში, ვფიქრობთ ღვთისმშობელზე, რომელიც განზე დგას თავისი საოცარი მდუმარებით, საღვთო გზების წინაშე ქედმოხრილი - მიმღები ქრისტეს გზებისა, რომლებსაც ის ვნებებამდე მიჰყავდა. ვხედავთ მას ჯვართან, გვესმის დაპირება, რომელიც მოცემულია კანონში: ნუ მტირ მე დედაო... რამეთუ აღვსდგე. ვიხსენებთ სვიმეონის სიტყვებსაც: მახვილი გაივლის შენს გულში (შდრ.: ლკ. 2:35).

დღეს წრე თითქოს ჩაიკეტა. ხარებამ გაიჟღერა, ყოველივე აღსრულდა, ეს აღსრულება კი აღდგომაა, რომელიც სწორედ ხარებას უსწრებს წინ, თითქოს წმენდს ყველა ცრემლს და ყოველგვარ წყვდიადს მარადიული ცხოვრების საოცარი ნათლით აღავსებს. ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო მეტად გავიხაროთ მის გამო, ვინც მოგვცა ჩვენ მისი ძე, გავიხაროთ, რომ ახლა ის, თავისი ხარების დღეს, მყოფობს თავისი ძის აღდგომის რწმუნებასა და დიდებაში. ამინ.