petriwis portali

გერმანული იდეალიზმის პარადიგმები

გიორგი ჭანიძე

გერმანული იდეალიზმის პარადიგმები

03.03.2023

შესავალი

გერმანული იდეალიზმის ეპოქა ანტიკური ბერძნული ფილოსოფიური ტრადიციისა და ფრანგული განმანათლებლობის გვერდით დგას. გერმანული იდეალიზმი ფილოსოფიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ და მნიშვნელოვან პერიოდად მიიჩნევა. თავის მხრივ, კლასიკური გერმანული ფილოსოფიის საწყის თარიღად პირობითად უნდა მივიჩნიოთ 1781 წელი, ხოლო დასასრულად - 1831 წელი [1, გვ. 1]. რა თქმა უნდა, იდეალიზმი ზოგადად არ დაწყებულა გერმანული იდეალიზმით, 1781 წლით, ე.ი. კანტის ნაშრომით - „წმინდა გონების კრიტიკა“. იდეალიზმის ისტორიის თვალსაზრისით, სულ მცირე, რამდენიმე მოაზროვნე უნდა გამოვყოთ: პითაგორა, პარმენიდე, პლატონი, პლოტინე, დეკარტი, ბერკლი, ლაიბნიცი. თუმცკი, ჩვენი ამჟამინდელი მიზნების გათვალისწინებით, უნდა გავარკვიოთ, თუ როგორ არის განმარტებული თავად კანტთან, ფიხტესთან, შელინგთან და ჰეგელთან იდეალიზმის ცნება.

 

იდეალიზმის ცნება

„წმინდა გონების კრიტიკის“ მეორე გამოცემაში კანტი გვთავაზობს ახალ ნარატივს, კერძოდ, „იდეალიზმის უარყოფას“ [7, გვ. 12]. თუმცა, ის ფაქტიც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ კანტი საკუთარ ტრანსცენდენტალურ იდეალიზმს განასხვავებს პლატონური იდეალიზმისგან [1, გვ. 2]. ზოგადად, გერმანულ იდეალიზმზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ ა) კანტი დეკარტის პოზიციას უწოდებს „მატერიალურ იდეალიზმს“, ასევე, „პრობლემურ იდეალიზმს“, სადაც „ემპირიული“ მსჯელობა გვხვდება. „მატერიალური იდეალიზმის“ თანახმად, ჩვენს გარეთ არსებულ სივრცეში ობიექტების არსებობა ან საეჭვოა ან არადემონსტრირებადია, ანდაც, მცდარი და შეუძლებელია. „პრობლემური იდეალიზმი“ კი ნიშნავს იმას, რომ არსებობს ერთადერთი უდავო ემპირიული განაცხადი - „მე ვარ“; ბ) კანტი ბერკლის პოზიციას უწოდებს „დოგმატურ იდეალიზმს“. „დოგმატური იდეალიზმის“ თანახმად, სივრცე შეუძლებელია თავისთავად და სივრცეში არსებული საგნები მარტოოდენ წარმოსახვითია [7, გვ. 326]; გ) კანტი საკუთარ პოზიციას უწოდებს „ტრანსცენდენტალურ იდეალიზმს“, „ფორმალურ იდეალიზმს“ და „კრიტიკულ იდეალიზმს“ [7, გვ. 67]. „ტრანსცენდენტალური იდეალიზმი“ ნიშნავს იმას, რომ ფენომენები რეპრეზენტაციებად უნდა მივიჩნიოთ და არა საგნებად თავისთავად. შესაბამისად, სივრცე და დრო ინტუიციის გრძნობადი ფორმებია. „ტრანსცენდენტალური იდეალიზმის“ საპირისპირო პოზიციას კანტი უწოდებს „ტრანსცენდენტალურ რეალიზმს“. „ტრანსცენდენტალური რეალიზმი“ სივრცეს და დროს იმგვარად გაიაზრებს, რომ ეს ორი თავისთავადაა მოცემული, ე.ი. ჩვენი გრძნობიერებისგან დამოუკიდებლად [7, გვ. 426]. დ) ფიხტე საკუთარ პოზიციას უწოდებს „კრიტიკულ იდეალიზმს“ და/ან „ტრანსცენდენტალურ იდეალიზმს“, ეს ნიშნავს იმას, რომ სუბიექტი და ობიექტი დიფერენცირებულია ცნობიერებაში რაციონალური კანონების თანახმად, თავისთავადი საგანიც კი საკუთარი არსებობისთვის აზროვნებაზეა დამოკიდებული [1, გვ. 4]. უფრო მეტიც, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ფიხტეს მიერ გაკეთებული განსხვავება „ტრანსცენდენტალურ იდეალიზმსა“ და „ტრანსცენდენტურ იდეალიზმს“ შორის. ფიხტესთან ასეთ დაწყვილებასთან გვაქვს საქმე: ტრანსცენდენტალური/კრიტიკული იდეალიზმი და ტრანსცენდენტური/დოგმატური იდეალიზმი. ფიხტესთვის კრიტიკული ფილოსოფია იმანენტურია, ეს ნიშნავს იმას, რომ მისთვის „მე“ ყველაფრის საფუძველმდებარე პრინციპია, ხოლო დოგმატიზმი ტრანსცენდენტურია, რადგან იგი სცილდება „მე“-ს [4, გვ. 222]. ე) ჰეგელისთვის კანტისა და ფიხტეს პოზიციები „სუბიექტური იდეალიზმია“. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სამყარო დაჰყავთ ინდივიდუალურ ცნობიერებაზე. შელინგი საკუთარ პოზიციას „აბსოლუტურ იდეალიზმად“ გაიაზრებს. ეს ნიშნავს იმას, რომ თავდაპირველი, პროდუქტიული ძალა ანუ აბსოლუტი განაპირობებს აზროვნების სპონტანურობასა და დინამიკურ ბუნებრივ სამყაროს. თუმცა, ჰეგელი შელინგის პოზიციას „ობიექტურ იდეალიზმს“ უწოდებს. ეს ნიშნავს იმას, რომ (ბუნების ფილოსოფიის გათვალისწინებით) სუბიექტური იმანენტურია და თავს იჩენს ობიექტური სუბსტანციიდან. ეს პოზიცია განსხვავდება ფიხტეს „მეცნიერული ცოდნის დოქტრინისგან“, სადაც ობიექტი სუბიექტის მიერ ფორმირდება [1, გვ. 4-5]. რა თქმა უნდა, გერმანელი იდეალისტი ფილოსოფოსების მიერ თავიანთი და ერთმანეთის აზროვნების სისტემების დახასიათება-აღწერა მხოლოდ ამით არ ამოიწურება.

გერმანული იდეალიზმი

გავრცელებული მოსაზრების თანახმად, კანტის შემოქმედება აღიწერება კრიტიკულ/ტრანსცენდენტალურ იდეალიზმად, ხოლო ფიხტეს, შელინგისა და ჰეგელის შემოქმედება - აბსოლუტურ იდეალიზმად. კიდევ უფრო რომ ჩავუღრმავდეთ, რის საფუძველზე უნდა განვასხვაოთ კანტის კრიტიკული/ტრანსცენდენტალური იდეალიზმი და ფიხტეს, შელინგისა და ჰეგელის აბსოლუტური იდეალიზმი? [2, გვ. 1].

იდეალიზმის გავრცელების საქმეში რამდენიმე ქალაქი უნდა გამოვყოთ: კენიგსბერგი, ბერლინი, ვაიმარი და იენა. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ კენიგსბერგში, კანტთან მიღებული გარკვეული გამოცდილებების შემდეგ, ჰერდერი და ფიხტე გოეთესთან ახლოს დასახლდნენ. ამ დროს კი გოეთე ვაიმარის რეგიონის კულტურულ ინსტიტუციებს უდგა სათავეში. გარდა ამისა, კანტის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი შეიტანა კარლ ლეონჰარდ რაინჰოლდმა. 1794 წელს, მას შემდეგ, რაც რაინჰოლდმა დატოვა იენა, აქ ასპარეზზე გამოვიდნენ ფიხტე, შელინგი და ჰეგელი [2, გვ. 2].

XIX საუკუნეში კლასიკური გერმანული ფილოსოფიის განვითარება შეფერხდა. რატომ? იმიტომ, რომ შოპენჰაუერმა და მარქსმა, რომლებიც უმნიშვნელო ფიგურებად ითვლებოდნენ, ფილოსოფიური კუთხით მნიშვნელობა მოიპოვეს, რადგანაც მეინსტრიმული ტრადიციის ალტერნატივას გვთავაზობდნენ. მდგომარეობა კვლავ შეიცვალა. ეს მოხდა პირველი მსოფლიო ომის დროს. ხელოვნებაში, თეოლოგიასა და პოლიტიკაში არსებულმა კრიზისმა ისეთი მოაზროვნეებისადმი გააღვიძა ინტერესი, როგორებიც იყვნენ ჰეგელი, შლაიერმახერი და ჰიოლდერლინი [2, გვ. 3]. ამასთან, უკვე 1915 წელს, ჰაიდეგერმა ლოგიკური, სქოლასტიკური და ფენომენოლოგიური ინტერესებიდან გეზი იცვალა ისტორიისკენ, „სულისკენ“ და ნეო-ჰეგელიანიზმისკენ. უფრო მეტიც, ვალტერ შულცი, დიტერ ჰენრიხი, ერნსტ ტუგენდჰატი და იურგენ ჰაბერმასი ჰაიდეგერის მნიშვნელობის შეფასებისას აქტიურად უბრუნდებოდნენ გერმანული იდეალიზმის თემებს [2, გვ. 3]. გარდა ამისა, XX საუკუნეში გერმანელი ფილოსოფოსების ახალმა თაობამ - მაგალითად, გეროლდ პრაუსმა, ლუდვიგ ზიპმა, მანფრედ ფრანკმა და ოტფრიდ ჰიოფემ - გერმანული იდეალიზმის საერთაშორისო გავლენას შეუწყვეს ხელი [2, გვ. 3]. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ანალიზურმა ფილოსოფიამ მეტწილად თავი იჩინა გერმანული იდეალიზმის და ნეო-ჰეგელიანელი ბრიტანელი მოაზროვნეების უარყოფის შედეგად, დღესდღეობით ვითარება შეცვლილია, რადგან ისეთი მოაზროვნეები, როგორებიც არიან უილფრიდ სელარსი, ჩარლზ ტეილორი, სტენლი ქეველი, დონალდ დევიდსონი, რიჩარდ რორტი, ჯონ მაკდოუელი და რობერტ ბრენდომი, არა მხოლოდ კანტის, არამედ, ჰეგელის, ფიხტესა და სხვა იდეალისტების შემოქმედებას აქცევენ ყურადღებას [2, გვ. 3].

ისტორიული კონტექსტი: იდეალიზმი და განმანათლებლობა

იდეალიზმის ისტორიულ კონტექსტში წარმოჩენა კიდევ უფრო ნათელს გახდის ფილოსოფიის ისტორიოგრაფიაში ამ სააზროვნო მიმდინარეობის პარადიგმებს. გერმანიის ინტელექტუალურ ველზე განმანათლებლობის ანუ „გონების ეპოქის“ მსოფლმხედველობის დომინანტობას საფუძველი ჩაეყარა XVIII საუკუნის შუა პერიოდიდან. თუმცკი, XVIII საუკუნის მიწურულს, განმანათლებლობა კრიზისის წინაშე დადგა [3, გვ. 18].

განმანათლებლობას საკუთარი ახსნა-განმარტების პარადიგმა ჰქონდა, რომელიც ერთგვარი „მექანიზმი“ იყო. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი მომდინარეობდა გალილეოს, დეკარტისა და ნიუტონის ახალი ფიზიკიდან. ამ პარადიგმის თანახმად, მოვლენის მიზეზი მისი მიზანი თუ „საბოლოო მიზეზი“ კი არ არის, არამედ, „მოქმედი მიზეზი“ [3, გვ. 19].

განმანათლებლობის ფუნდამენტურ პრინციპებად მიიჩნევა რაციონალური კრიტიკა და მეცნიერული ნატურალიზმი. საბოლოოდ, აქ ის ფაქტია გასათვალისწინებელი, რომ კრიტიკას შედეგად მოყვება სკეპტიციზმი, ხოლო ნატურალიზმს - მატერიალიზმი. როგორ გაიგება ამ ორი ცნებისგან მომავალი საფრთხე და არასასურველი შედეგები? სკეპტიციზმი ძირს უთხრის ექსტერნალური სამყაროს რეალობას, სხვათა ცნობიერების და საკუთარი თვითობის არსებობას. მატერიალიზმი ძირს უთხრის თავისუფლებას, უკვდავებას. საბოლოო ჯამში, გერმანული იდეალიზმი განმანათლებლობის სწორედ ამ კრიზისიდან ამოიზარდა. ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ კანტის „ტრანსცენდენტალური იდეალიზმი“, ფიხტეს „ეთიკური იდეალიზმი“ და რომანტიკოსთა „აბსოლუტური იდეალიზმი“ განმანათლებლობის ამ პრობლემების დაძლევა-გადალახვას ისახავდა მიზნად. მათ მიზანს წარმოადგენდა კრიტიკის სკეპტიციზმისგან და ნატურალიზმის მატერიალიზმისგან დაცვა [3, გვ. 18]. მიუხედავად იმისა, რომ გერმანულ იდეალიზმზე საუბრისას კანტის ფილოსოფიას გვერდს ვერ ავუვლით, წინამდებარე სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ გერმანული იდეალიზმის სამ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელზე, ესენია: იოჰან გოტლიბ ფიხტე (1762-1814 წწ.), ფრიდრიხ ვილჰელმ იოზეფ შელინგი (1775-1854 წწ.) და გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი (1770-1831 წწ.).

ეთიკური იდეალიზმი

ფიხტეს ადრეული ფილოსოფია, 1794 წლის Wissenschaftslehre („მოძღვრება ცოდნის შესახებ“) უშუალოდ განმანათლებლობის კრიზისიდან ამოიზარდა. ახალგაზრდა ფიხტესთვის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა განმანათლებლობის „მტრების“, კერძოდ, ჰიუმის სკეპტიკური იდეალიზმისა და სპინოზას მექანისტური მატერიალიზმის დამარცხება [3, გვ. 29]. ბუნებრივია, ისმის საკითხი იმის შესახებ, თუ რა ცნებებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ეს ცნებებია: აბსოლუტური „მე“, სწრაფვა და „ჯერ-არსი“ („უნდა“-ს პრინციპი).

1) „მე“ უმაღლეს ცნებად ყალიბდება, ხოლო „არა-მე“ ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაშია ფორმირებული. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ თავად „არა-მე“ ვერ ფორმირდება „მე“-სთან დაპირისპირებაში, სანამ თავად ეს „არა-მე“ საკუთრივ „მე“-ში არ იქნება დადგენილი. ფიხტე შენიშნავს, რომ „მე“ ჩამოყალიბებულია აბსოლუტურ „მე“-ში; იგი განასხვავებს „მე“-ს ორ სახეს: ა) რომელშიც დაშვებულია „არა-მე“ და ბ) რომელიც დგინდება „არა-მე“-სთან დაპირისპირებაში. სწორედ „მე“ განსაზღვრავს „არა-მე“-ს [4, გვ. 189]. თავის მხრივ, აბსოლუტური სამგვარად ფუძნდება: აბსოლუტური „მე“, აბსოლუტური „არა-მე“ და აბსოლუტური ძალა თავად ჩვენში [4, გვ. 190]. ფიხტესთან თავად „მე“ აბსოლუტურ სუბიექტად გაიაზრება [4, გვ. 204]. ფიხტეს შენიშვნით, კრიტიკული ფილოსოფიის საფუძველმდებარე თეზისი არის ის, რომ აბსოლუტური „,მე“ არ არის განპირობებული [4, გვ. 221]. „დადგენა, როგორც ასეთი, და კონკრეტულად - აბსოლუტური დადგენა, „მე“-ს განეკუთვნება“ [4, გვ. 255]. ბუნებრივია, ჩნდება შემდეგი კითხვა: თუ აბსოლუტური „მე“/„ეგო“ აბსოლუტურია, რატომ ახდენს იგი საკუთარი თავის შეზღუდვას საკუთარი თავის გარეთ „არა-მე/არა-ეგო“-ს ფორმირებით? ამგვარი შედეგი ლოგიკურადაც აბსურდული გამოდის, რადგან სრულიად აქტიური (უსასრულო) რამ, საკუთარ თავს პასიურად (სასრულად) აქცევს. 2) ფიხტე ამ პრობლემის მოგვარებას შეეცადა „სწრაფვის“ (Streben) ცნების მეშვეობით. შესაბამისად, აბსოლუტური „მე/ეგო“, რომელიც ქმნის მთლიან ბუნებას, რეალობა კი არაა, არამედ მხოლოდ იდეაა, იგი სასრული „მე“-ს სწრაფვის მიზანია. ასეთ დროს, ბუნება უნდა დაემორჩილოს რაციონალური მოქმედების მოთხოვნებს [3, გვ. 30]. 3) საბოლოოდ რას გულისხმობს ეთიკური იდეალიზმი? ეთიკური იდეალიზმი გულისხმობს იმას, რომ სამყარო უნდა იყოს იდეალური. შესაბამისად, იდეალიზმი ადამიანის მორალური მოქმედების მიზანი ხდება. ასეთ დროს, ადამიანი ესწრაფვის იმას, რომ სამყარო დაუმორჩილოს გონების მოთხოვნებს [3, გვ. 31]. ფიხტეს მოსაზრებით, „არა-მე“-ს „მე“-ს პრაქტიკულ კანონზე აუცილებელი დაქვემდებარება არ არის ისეთი რამ, რაც არსებობს. უწინარეს ყოვლისა, იგი არის იდეის ობიექტი, ისეთი რამ, რაც უნდა იყოს და განხორციელდეს ჩვენ მიერ [4, გვ. 223].

აბსოლუტური იდეალიზმი

უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა რომანტიკოსებზე (ჰიოლდერლინი, შელინგი, ჰეგელი, ნოვალისი, შლეგელი და სხვ.) ფიხტემ დიდი გავლენა მოახდინა. თუმცკი, უკვე 1796 წელს, ჰიოლდერლინის, ნოვალისისა და შლეგელის ჩანაწერებში ვხვდებით ფიხტეს იდეალიზმის კრიტიკას. სწორედ ამ ჩანაწერებით დაედო საფუძველი აბსოლუტური იდეალიზმის საწყისებს [3, გვ. 31]. აბსოლუტური იდეალისტებისთვის მნიშვნელოვანი იყო, ერთი მხრივ, სუბიექტურსა და ობიექტურს, იდეალურსა და რეალურს შორის არსებული დუალიზმის გადალახვა, ხოლო, მეორე მხრივ, მათ შორის შესატყვისობისა და ინტერაქციის დაფუძნება ცოდნის შესაძლებლობის ახსნა-განმარტებისთვის. მიუხედავად ამისა, ისინი აუცილებლობად მიიჩნევდნენ დუალიზმის შენარჩუნებას, რადგან მხოლოდ ეს ახსნიდა ექსტერნალური სამყაროს რეალობას. შესაბამისად, ისინი შემდეგი საკითხის მოგვარების წინაშე დადგნენ: როგორ შეიძლებოდა დაფუძნებულიყო სუბიექტურობისა და ობიექტურობის, იდეალურისა და რეალურის როგორც იდენტურობა, ისე არა-იდენტურობა? უფრო მეტიც, ჰეგელმა ფილოსოფიის ამოცანა განსაზღვრა იდენტურისა და არა-იდენტურის იდენტურობის დაფუძნებად. საბოლოოდ, ამ პრობლემის მოგვარება რომანტიკოსებს „ბუნების ფილოსოფიის“ მეშვეობით ესახებოდათ. ამ კუთხით უნდა აღინიშნოს შემდეგი მოაზროვნეები: შელინგი, ნოვალისი, შლეგელი და ჰეგელი [3, გვ. 32]. აბსოლუტურ იდეალიზმში წამყვანი ფუნქცია ენიჭება ბუნების ორგანულ კონცეფციას. შესაბამისად, აბსოლუტური იდეალიზმი ვიტალისტურ მონიზმად და/ან მონისტურ ვიტალიზმად გაიაზრება. აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ აბსოლუტური იდეალიზმი არ უნდა გავიგოთ კანტის ტრანსცენდენტალურ იდეალიზმად ან ფიხტეს ეთიკურ იდეალიზმად. ეს იმას ნიშნავს, რომ, მათგან განსხვავებით, აბსოლუტურ იდეალიზმში იდეალური არ გაიგება სუბიექტურობის თუ ცნობიერების სფეროს თვალსაზრისით. საბოლოო ჯამში, იდეალური გაიგება საკუთრივ ბუნების მიზნობრიობად და რაციონალურობად [3, გვ. 33-4].

შელინგის ბუნების ფილოსოფია

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ შელინგი ბუნებას მიზნობრივად გაიაზრებს. უფრო მეტიც, მისი მოსაზრებით, ბუნება მხოლოდ იმას (წარმო)ქმნის, რაც აჩვენებს რეგულარულობას და მიზანს. იდეალური თავს იჩენს რეალურიდან [8, გვ. 194]. შელინგი ერთმანეთისგან განასხვავებს ტრანსცენდენტალური ფილოსოფიისა და ბუნების ფილოსოფიის ამოცანებს. ტრანსცენდენტალური ფილოსოფია რეალურს იდეალურს უქვემდებარებს, ხოლო ბუნების ფილოსოფია პირიქით, იდეალურს რეალურის მეშვეობით განმარტავს. თუმცკი, აქ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ, შელინგის მოსაზრებით, ეს ორი მეცნიერება ერთი მეცნიერებაა, ისინი ამოცანათა დასახვის კუთხით განსხვავდებიან [8, გვ. 194]. არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ის ფაქტი, რომ შელინგისთვის ბუნება თვითარსებულია. ბუნების მეცნიერებაში ჩვენ ვერ გამოვიყენებთ განმარტების იდეალისტურ მეთოდებს. განმარტების იდეალისტური მეთოდით არსებითად ტრანსცენდენტალური ფილოსოფია იგულისხმება, რადგან ტრანსცენდეტალური ფილოსოფიისთვის ბუნება მხოლოდ თვითცნობიერების „ორგანოა“ [8, გვ. 194]. ბუნებრივია, ისმის საკითხი იმის შესახებ, თუ რა განსხვავებაა სპეკულატურ ფიზიკასა და ემპირიულ ფიზიკას შორის. შელინგის მოსაზრებით, სპეკულატურ ფიზიკას აინტერესებს მოძრაობის თავდაპირველი მიზეზები, ე.ი. დინამიკური ფენომენები, ხოლო ემპირიული ფიზიკა ვერ აღწევს მოძრაობის საბოლოო წყაროს და იგი მხოლოდ მექანიკური და მათემატიკური კონსტრუქციებით შემოიფარგლება [8, გვ. 196]. თუ კიდევ უფრო ზუსტად ვიტყვით სათქმელს, „[სპეკულატური ფიზიკა] მიზანმიმართულია შინაგანი მექანიზმისკენ და იმისკენ, რაც არაობიექტურია ბუნებაში, ხოლო [ემპირიული ფიზიკა] მიზანმიმართულია ბუნების ზედაპირისკენ და იმისკენ, რაც ობიექტურია“ [8, გვ. 196]. ბუნება, როგორც პროდუქტი, არის natura naturata, ე.ი. ამგვარად გაგებული ბუნება არის „ობიექტი“, ხოლო ბუნება, როგორც „პროდუქტიული“, არის natura naturans, ე.ი. ამგვარად გაგებული ბუნება არის „სუბიექტი“ [8, გვ. 202].

დაბოლოს, კანტისგან განსხვავებით, შელინგი ბუნებას გაიაზრებს როგორც დამოუკიდებლად პროდუქტიულს, ავტონომიურს. ეს ნიშნავს იმას, რომ ბუნება თავადვე ანიჭებს საკუთარ თავს საკუთარ კანონებს, თუმცკი, ამას აკეთებს არა ცნობიერად, არამედ არაცნობიერად. კანტთან ბუნება პასიურია და მას აფუძნებს სუბიექტურობის ჩვენივე აქტიური ფორმები, ხოლო შელინგთან ბუნება დამოუკიდებლად აქტიური და თავისუფალია. უფრო მეტიც, ბუნება რაციონალურობის სათავეა, სწორედ ბუნებისგან წარმოსდგება ცნობიერება და ადამიანური რაციონალურობა [5, გვ. 271].

ბუნების ცნების გაგება ჰეგელის მიხედვით

ჰეგელის მოსაზრებით, ბუნების ფილოსოფია, როგორც მეცნიერება, უფრო ძველია, ვიდრე ფიზიკა. მისი მოსაზრებით, არისტოტელური ფიზიკა უფრო მეტად ბუნების ფილოსოფიაა, ვიდრე ფიზიკა [6, გვ. 2]. ჰეგელის მოსაზრებით, „მიზანი“ არის ბუნებრივ ობიექტებში არსებული იმანენტური რამ. ჰეგელი აქვე იმასაც შენიშნავს, რომ მიზნის ცნებას იმთავითვე აღიარებდა არისტოტელე. არისტოტელე ამ აქტივობას უწოდებდა „საგნის ბუნებას“, ჭეშმარიტ ტელეოლოგიურ მეთოდს. შესაბამისად, ბუნება, მისი საკუთარი ვიტალური აქტივობის თვალსაზრისით, თავისუფლად უნდა მივიჩნიოთ [6, გვ. 6]. ჰეგელის მოსაზრებით, ღმერთი საკუთარ თავს ორგვარად აცხადებს: როგორც ბუნება და როგორც სული. ჰეგელისთვის სული საკუთარ არსს პოულობს ბუნებაში [6, გვ. 13]. ჰეგელის თანახმად, ღვთაებრივი იდეა ავლენს საკუთარ თავს და ადგენს „სხვას“ საკუთარი თავის გარეთ, ეს ყველაფერი კი ხდება იმიტომ, რომ იგი იყოს სუბიექტურობა და სული. ბუნების ფილოსოფია თავის თავში გულისხმობს ბუნებასა და სულს შორის გაყოფის გადალახვას. საბოლოოდ, ბუნება წარმოადგენს იმას, რომ სულს აქვს საკუთარი არსის შესახებ ცოდნა [6, გვ. 14]. ბუნების ფილოსოფიის ამოცანად ჰეგელი არ მიიჩნევს ყოველი ფენომენის ახსნას. ეს უკანასკნელი სასრული მეცნიერებების კომპეტენციად გვევლინება [6, გვ. 82].

გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ რამდენადაც ფილოსოფიური ცოდნის სამი მაკონსტრუირებელი ნაწილია „ლოგიკა“, „ბუნების ფილოსოფია“ და „სულის ფილოსოფია“, სულ მცირე, „ბუნების ფილოსოფიის“ წაკითხვა „ლოგიკის“ წაკითხვა-განმარტების შედეგად უნდა მოხდეს (თუმცკი, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ რთული ამოცანის წინაშე სულის ფილოსოფია უნდა გამოვრიცხოთ; აქ სწორედ ტრიადული პრინციპია გასათვალისწინებელი: ლოგიკა-ბუნება-სული). ამ კუთხით გვერდს ვერ ავუვლით საფუძველმდებარე ჰეგელისეულ ცნებებს, მაგრამ ერთ-ერთ ცნებაზე, რომელზეც აქ გავამახვილებთ ყურადღებას, არის „იდეა“.

ჩარლზ ტეილორი თავის მნიშვნელოვან ნაშრომში, სახელწოდებით „ჰეგელი“, შენიშნავს, რომ „ლოგიკურ იდეაში ჩვენ გვაქვს სამყაროს წმინდა შინაგანი აზრი“ [9, გვ. 350]. ბუნების ფილოსოფიის მთავარი დებულება არის ის, რომ ბუნება იდეისგან წარმოსდგება [9, გვ. 351]. იდეა პლატონური მნიშვნელობით გაიგება როგორც აზრი, როგორც „უნივერსალური“. რამდენადაც ამ „უნივერსალურმა“ უნდა ჰპოვოს განხორციელება, ღმერთს უნდა შეექმნა სამყარო [9, გვ. 353]. ღმერთი უნდა გავიდეს გარეთ და გახდეს სხვა: „როგორც იდეა, ეს არის ლოგოსი, ღმერთის მარადიული ძე“ [9, გვ. 353].

საბოლოოდ, ტეილორზე დაყრდნობით უნდა ვთქვათ, რომ „იდეა არის აუცილებლობის ფორმულა, რომელიც მთელი რეალობის საფუძველს წარმოადგენს; იდეამ უნდა მოახდინოს საკუთარი თავის ექსტერნალიზება ბუნებაში [...] იდეას საკუთარი თავის შესახებ ცოდნა აქვს სულში [...]“. ტეილორი შენიშნავს, რომ ბუნება იდეის სრულ მანიფესტაციას სულის მეშვეობით აღწევს [9, გვ. 313].

ბიბლიოგრაფია:

  1. Altman, M. C.: What Is German Idealism?  in: The Palgrave Handbook of German Idealism, M. C. Altman (ed.), Basingstoke: Palgrave Macmillan, 2014, გვ. 1-12.
  2. Ameriks, K.: Interpreting German Idealism, in: Cambridge Companion to German Idealism, K. Ameriks (ed.), Cambridge: Cambridge University Press, 2000, გვ. 1-17.
  3. Beiser, F.: The Enlightenment and Idealism, in: Cambridge Companion to German Idealism, K. Ameriks (ed.), Cambridge: Cambridge University Press, 2000, გვ. 18-36.
  4. Fichte, J. G.: Foundation of the Entire Wissenschaftslehre and Related Writings (1794-95), ed. and trans. D. Breazeale, Oxford: Oxford University Press, 2021.
  5. Fisher, N.: The Epistemology of Schelling's Philosophy of Nature, in: History of Philosophy Quarterly, Vol. 34, No. 3 (July 2017), გვ. 271-290.
  6. Hegel, G. W. F.: Philosophy of Nature, A. V. Miller (trans.), Oxford: Oxford University Press, 2004.
  7. Kant, I.: Critique of Pure Reason, P. Guyer, A. Wood (eds.), Cambridge: Cambridge University Press, 1998.
  8. Schelling, F. W. J.: First Outline of a System of the Philosophy of Nature, K. R. Peterson (trans.), State Albany: University of New York Press, 2004.
  9. Taylor, C.: Hegel, Cambridge: Cambridge University Press, 1975.