ფილოსოფიურ სამყაროში მნიშვნელოვანი სიახლეა: აღმოჩენილ იქნა ყველა დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანელი მოაზროვნის, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის ლექციათა აქამდე უცნობი ჩანაწერები. ამ დოკუმენტთა აღმოჩენა ეკუთვნის ჰეგელის შემოქმედების ცნობილ გერმანელ მკვლევარს, კლაუს ფივეგს (იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის პროფესორი), რომელმაც ხსენებულ ხელნაწერებს (შეადგენს დაახლ. 4000 გვერდს) მიუნხენისა და ფრაიზინგის ეპარქიის არქივებში მიაგნო. ჩანაწერები ეფუძნება 1816-1818 წლებში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში ჰეგელის მიერ პროფესორის რანგში წაკითხულ ლექციებს. ამ ლექციათა ჩანაწერები ეკუთვნის ჰეგელის მოწაფეს, ფრიდრიხ ვილჰელმ კაროვეს (1789-1852 წწ.), რომელიც კობლენცში დაიბადა. იგი ჰეგელის ერთ-ერთი პირველი მოწაფე იყო ჰაიდელბერგში და ცნობილია როგორც კათოლიკე მწერალი, პუბლიცისტი, იურისტი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი და იმ დროის ერთ-ერთი გამორჩეული ინტელექტუალი. 1816 წელს კაროვემ ჰაიდელბერგში ფილოსოფიის შესწავლა დაიწყო, ხოლო 1818 წელს კი ფილოსოფიის ფაკულტეტზე დოქტორის ხარისხი მიიღო. ამავე წლის ზამთრის სემესტრში კაროვე პროფ. ჰეგელს ბერლინის ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტში გაჰყვა.
აღსანიშნავია, რომ აღმოჩენილი ხელნაწერები უნდა იყოს მიუნხენისა და ფრაიზინგის საკათედრო კაპლანისა და ვიკარის, თეოლოგ ფრიდრიხ ვინდიშმანის (1811-1861 წწ.) ქონების ნაწილი. ამ მოაზროვნის მამა იყო კარლ იოზეფ ვინდიშმანი, რომელიც ფილოსოფიისა და მედიცინის პროფესორი იყო ბონის უნივერსიტეტში, ჰეგელს იცნობდა და კაროვეს ხელნაწერები თავად ამ უკანასკნელისგან მიიღო საჩუქრად. ამ აქამდე სრულებით უცნობ ხელნაწერებში წარმოდგენილი საკითხები ეხება ჰეგელის ენციკლოპედიური სისტემის თითქმის ყველა ნაწილს: ისტორიის ფილოსოფიას, ლოგიკას, სუბიექტური და ობიექტური გონის ფილოსოფიას და სხვ. აღმოჩენილ ხელნაწერებზე მუშაობა უკვე დაიწყო ბამბერგის უნივერსიტეტში, ფილოსოფოს ქრისტიან ილიესის თანამონაწილეობით, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ ანოტირებული გამოცემის სახით, შემდეგი სათაურით - „Caroves Hegel-Mitschriften“. მოცემული ხელნაწერების საფუძველზე შესაძლებელია გერმანული იდეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის აზროვნების ახალი ასპექტებისა და წახნაგების წარმოჩენა. ეს ჩანაწერები განსაკუთრებით საინტერესოა იმის გამო, რომ მათ შორის შევხვდებით ჰეგელის ჰაიდელბერგული წლების სრულ სალექციო კურსს ესთეტიკის შესახებ. აქამდე ცნობილი იყო ჰეგელის ბერლინის პერიოდის ესთეტიკა, ახლად აღმოჩენილ ხელნაწერებში კი ჰეგელის მიერ ჰაიდელბერგში ესთეტიკის შესახებ წაკითხული ლექციები სრული ვერსიის სახით არის წარმოდგენილი, რაც მისი შემოქმედების მთლიანობაში აღქმისას არაერთ წამოჭრილ კითხვაზე სარწმუნო პასუხების გაცემის შესაძლებლობას იძლევა.
აღმოჩენილი ხელნაწერები, რომელთა საფუძვლიანი შესწავლისთვის უკვე დაიგეგმა საგამომცემლო-კვლევითი სამუშაოები, უპირველეს ყოვლისა, ჰეგელის მთელი შემოქმედების თანმიმდევრულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს მოჰფენს ნათელს.