petriwis portali

დრო: საპყრობილე თუ გზა თავისუფლებისკენ?

მიტროპოლიტი კალისტე (უეარი)

დრო: საპყრობილე თუ გზა თავისუფლებისკენ?

11.12.2022

დიოკლიის მიტროპოლიტი (კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო) კალისტე (ერისკაცობაში, ტიმოთი უეარი) დაიბადა 1934 წელს. იგი იზრდებოდა ანგლიკანების ოჯახში, მართლმადიდებლურ ეკლესიას კი დაუკავშირდა 1958 წელს, 24 წლის ასაკში, რის შემდეგაც იმოგზაურა მართლმადიდებლობის ისეთ  სულიერ ცენტრებში, როგორიც არის ათონის წმინდა მთა და იერუსალიმი. 1965 წელს ტიმოთე უეარს ხელი დაასხეს დიაკვნად, ხოლო 1966 წელს, კუნძულ პატმოსზე, აღკვეცეს მონაზვნად და ხელი დაასხეს მღვდლად. 1982 წელს კალისტე უეარი გამორჩეულია თიატირისა და დიდი ბრიტანეთის დამხმარე ეპისკოპოსად და იღებს დიოკლიის ეპისკოპოსის ტიტულს, ხოლო ამავე ეპარქიის სამიტროპოლიტოდ გამოცხადების შემდეგ (2007 წ.) იგი ატარებს დიოკლიის ტიტულარული მიტროპოლიტის ხარისხს. მიტროპოლიტმა კალისტემ თავდაპირველი განათლება მიიღო უესმისტერნის სკოლაში, შემდგომ სწავლობდა ოქსფორდში, სადაც მიიღო დოქტორის ხარისხი. 35 წლის განმავლობაში მეუფე კალისტე იყო ოქსფორდის პროფესორი მართლმადიდებლური თეოლოგიის კათედრაზე. მეუფე კალისტეს  მრავალი საღვთისმეტყველო ნაშრომი აქვს შექმნილი. მის კალამს ეკუთვნის ისეთი მნიშვნელოვანი თხზულებები, როგორიცაა: „მართლმადიდებელი ეკლესია“ (1963 წ.), „მართლმადიდებლობის გზა“ (1979 წ.), „შინაგანი სასუფეველი“ (2000 წ.) და სხვ. იგი, ასევე, „ფილოკალიის“ (მშვენიერებათმოყვარეობა) ინგლისურენოვანი გამოცემის მთარგმნელი და რედაქტორია. 2018 წელს მაღალყოვლადუსამღვდელოესი კალისტე ეწვია ახალი საქართველოს უნივერსიტეტს, სადაც მას მიენიჭა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. მიტროპოლიტი კალისტე  გარდაიცვალა 2022 წლის 24 აგვისტოს, 88 წლის ასაკში.

მოცემული ფრაგმენტი თარგმნილია შემდეგი გამოცემიდან: Kallistos Ware, The Inner Kingdom, New York: St. Vladimir’s seminary press, 2000, გვ. 181-183.

„მაშ, ფრთხილად მოიქეცით - არა როგორც უგნურნი, არამედ როგორც ბრძენნი, მოივაჭრეთ ჟამი, ვინაიდან დღეები მუხთალია“

(ეფ. 5:15-16)

ქართულად თარგმნა შოთა ყურუამ

გასაოცარი და არცთუ ისე ადვილად შესამჩნევი ფაქტია, რომ ახალ აღთქმაში იესო ქრისტე ხალხში თავის მოღვაწეობას დროზე საუბრით იწყებს; ასევე, დროზე მიუთითებს ის თავისი მიწიერი ცხოვრების მიწურულს, მოწაფეებთან ბოლო საუბრისას. „აღსრულდა ჟამი“ (მკ. 1:15): ამგვარად იწყებს ქრისტე თავის ქადაგებას, ხოლო ვიდრე უშუალოდ ზეცად ამაღლდება, იგი თავის თერთმეტ მოციქულს მიმართავს: „თქვენი საქმე არ არის, იცოდეთ დროები, ან ვადები, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით“ (საქმ. 1:7). როგორც თხრობის დასაწყისში, ისე მის ბოლოს წარმოგვიდგება დროის საკითხი: დრო, როგორც ქრისტეში აღსრულებული, როგორც ღმერთში დაფარული საიდუმლო. მაშ, რას ვგულისხმობთ დროში?

დროის თემატიკა ღრმად არის ჩაბეჭდილი სახარების სულისკვეთებაში; ჩვენ არ ძალგვიძს მისი უარყოფა, როგორც არაუმეტეს სპეკულატური საკითხისა, მარტოოდენ პროფესიონალი ფილოსოფოსის ინტერესის საგანს რომ წარმოადგენს. ეს არის საკითხი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს პიროვნულად ეხება. ყველას გვეხება ფილიპ ლარკინის [1] შემდეგი შეკითხვა:

„რისთვის არიან დღეები?

დღეები არიან იქ, სადაც ვცხოვრობთ,

ისინი მოდიან და დროდადრო გვაფხიზლებენ,

სად უნდა ვიცხოვროთ დღეების გარდა [2, 67]?“

„რისთვის არიან დღეები?“ - ეს არ არის მარტივი კითხვა - თუ „რა არის დრო?“, არამედ „რისთვის არის დრო?“. ჩვენ ვეხებით არა უბრალოდ დროის აბსტრაქტულ არსს, არამედ მის პრაქტიკულ ზემოქმედებას ჩვენს ცხოვრებაზე. რა უნდა ვქნათ დროსთან მიმართებით, რა უნდა ვუყოთ მას?

ოსკარ კულმანი თავის საკულტო ნაშრომში „ქრისტე და დრო“ ორ საფუძველმდებარე ხატს გვთავაზობს. დრო წარმოგვიდგება ციკლურად, როგორც წრე, რგოლი ან ბორბალი; ის, ასევე, წარმოგვიდგება წრფივად, როგორც სწორი გზა, მდინარე ან ისარი. ელინიზმსა და იუდაიზმს შორის დიქოტომიის მკვეთრი ხაზგასმის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დროის პირველი ხედვა პირწმინდად ბერძნულია, - არისტოტელეს სიტყვებით, - „რადგანაც, სინამდვილეში, თავად დრო წარმოგვიდგება ერთგვარ წრედ“ [3], ხოლო ებრაულ და ირანულ აზროვნებაში კი მეორე ხედვა სჭარბობს; არ არის საჭირო, რომ ეს ორი სიმბოლო ურთიერთგამომრიცხავი იყოს, რადგან ორივე განასახიერებს ჭეშმარიტების ასპექტებს. წრე არის ხატება, რომელიც ასახავს ბუნებაში მიმდინარე, განმეორებად რიტმებს. ჩვენ მიერ დროის განცდას კი ხაზი გამოხატავს, როგორც მიმართულება, პროგრესი და ევოლუცია. ერთბამად გაოცებას იწვევს ის, რომ ეს სიმბოლოები ორსახოვნებით ხასიათდებიან. დროის წრე შეგვიძლია შევიგრძნოთ როგორც გამომსყიდველი, ოქროს ხანაში, დაკარგულ სამოთხეში ჩვენი დაბრუნების საშუალება; ან, იქვე, ის შეიძლება განვიხილოთ როგორც უშინაარსო გამეორება, მოწყენილობა და უსაზრისობა. ის შეიძლება იყოს ზეციური მარადისობის ხატებაც - ჰენრი უონის „წმინდა, დაუშრეტელი ნათლის დიადი ბეჭედი“ - ან კიდევ ჯოჯოხეთის აღმნიშვნელი, დახშული, მანკიერი წრე. ასევეა წრფივი დროის შემთხვევაშიც. მართალია, ხაზი შეიძლება იყოს მკაცრად ჰორიზონტალური და, შესაბამისად, ნეიტრალურიც. თუმცა, მისი წარმოდგენა ირიბად ან დახრილადაც შეიძლება - მიდრეკილად ზემოთ ან ქვემოთ. დადებითი ინტერპრეტაციისას, დროის ხაზი გვევლინება წმინდა მთის მწვერვალზე ასვლის გზად, უარყოფითი გაგების შემთხვევაში კი ის აღნიშნავს „ბოლომდე დაშვებას“, დაღმასვლას: Facilis descensus Averni… [4]; მოცემული სურათიც ისევ ორაზროვანია.

დროის სიმბოლოდ, წრესა და ხაზთან შედარებით, უფრო მეტად სპირალი გამოდგება. ის აერთიანებს, მოიცავს წინა ორი ფიგურის ელემენტებს, თუმცა, იქვე უკუაგდებს მათ მკვეთრ ხარვეზებს. სპირალი - წრესა და ხაზთან შედარებით - უფრო ზუსტად ასახავს ფიზიკური სამყაროს საფუძველმდებარე ნიმუშებს - გალაქტიკების მოძრაობიდან ადამიანის ცერებრალური ქერქის ნაოჭებამდე. იგი მოიცავს ბუნების ციკლურ რიტმებს, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სპირალის წრე არ არის დახურული, რაც გვიბიძგებს კვლავ და კვლავ ვისწრაფოთ მიზნისკენ. უპირველეს ყოვლისა, სპირალი ფლობს არსებულის უპირატესობას - ის სამგანზომილებიანია და, ამგვარად, გამოხატავს პოსტ-აინშტაინურ მიდგომას სივრცე-დროის კონტინუუმში ცხოვრებასთან დაკავშირებით. წმ. დიონისე არეოპაგელი სპირალს მოძრაობის უმაღლეს ტიპად მიიჩნევდა - იმგვარ ფორმად, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება ანგელოზებრივ ძალებს [5]. იგივეს ფიქრობდა იოახიმ ფიორელიც, XII საუკუნის უცნაური წინასწარმეტყველი იტალიიდან; და მეც მსურს, რომ დავეთანხმო მათ. გარდა ამისა, თავს იჩენს კიდევ ერთი კითხვა - როგორია ეს სპირალი? - რადგანაც სპირალი შეიძლება იყოს როგორც დაღმავალი, ისე აღმავალი; მეტიც, ის შეიძლება იყოს ორივე ერთდროულად, როგორც ეს აღმოაჩინა მეზღვაურმა ედგარ ალან პოს მოთხრობაში „ვარდნა მორევში“. მაშ, როგორ უნდა აღვიქვათ სპირალისებური დრო? როგორც დაღმავალი მორევი, რომელიც არარასკენ გვითრევს, თუ როგორც სიყვარულის დაუსრულებელი როკვა, რომელიც სულ უფრო მაღლა და სიღრმეში გვეზიდება? [6].

 

შენიშვნები

  1. ფილიპ არტურ ლარკინი (1922-1985 წწ.), ინგლისელი პოეტი, ნოველისტი და ბიბლიოთეკარი (მთარგმ. შენიშვნა).
  2. P. Larkin, Collected Poems, London/Boston: Marvell Press, Faber, 1988, გვ. 67.
  3. არისტოტელე, ფიზიკა, 4.14 (223b29).
  4. ქართ. - ჰადესში ჩასვლა (მთარგმ. შენიშვნა).
  5. დიონისე არეოპაგელი, საღმრთოთა სახელთათვის, 4.8 (PG 3:704D). სპირალის სიმბოლიკის შესახებ იხ.: J. Puree, The Mystic Spiral: Journey o f the Soul, London: Thames and Hudson, 1974.
  6. იხ. მე-15-ე თავის სათაური წიგნში: C. S. Lewis, The Last Battle, London: Bodley Head, 1956.