(ქადაგება წარმოთქმულია ალექსანდრე ნეველის ლავრის წმ. სამების ტაძარში)
15 თებერვალი, 1982 წ., ლკ. 2:22-40
მიტროპოლიტი ანტონი, ერისკაცობაში ანდრია ბორისის ძე ბლუმი (1914-2003 წწ.) რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავარი, სუროჟის მიტროპოლიტი გახლდათ; 1965-1974 წლებში იგი იყო პატრიარქის ეგზარქოსი დასავლეთ ევროპაში. მიტროპოლიტი ანტონი ავტორია მრავალრიცხოვანი წიგნებისა, მემუარებისა და სტატიებისა მართლმადიდებლური სულიერი ცხოვრების შესახებ. იგი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მქადაგებელი იყო მართლმადიდებლურ სამყაროში. ამასთანავე, მისი შრომებით დაინტერესებული იყვნენ არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლებიც. მისი თხზულებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. მიტროპოლიტი ანტონი იყო სხვადასხვა ეკლესიების მიერ მინიჭებული ჯილდოების მფლობელი, ასევე, მოსკოვისა და კიევის სასულიერო აკადემიებისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. მისი მთავარი ნაშრომებია: „ცოცხალი ლოცვა“ (1966 წ.), „ლოცვის სკოლა“ (1970 წ.), „ღმერთი და ადამიანი“ (1971 წ.), „ლოცვის გაბედულება“ (1973 წ.), „შეხვედრა“ (2005 წ.), „ქრისტეს ცოცხალი სხეული“ (2007 წ.) და სხვ. ანტონი სუროჟელის წინამდებარე ქადაგება ქართულად თარგმნილია შემდეგი გამოცემიდან: Антоний, Митрополит Сурожский, Труды, книга первая, Москва: «Практика», 2012, გვ. 969-972.
ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
დღეს მირქმის დღესასწაულს აღვნიშნავთ. მირქმა (сретение) ძველი სლავური სიტყვაა, რომელიც რუსულ ენაზე ნიშნავს „შეხვედრას“, სერბულზე კი „სიხარულს“. აი, დღეს ვხვდებით უფალს იმ დიდი, მადლიერებით აღსავსე სიხარულით, რომლითაც იგი სვიმეონ ღვთისმიმრქმელმა აღიქვა მკლავებით და დაინახა მასში ყველა იმ ძველი წინასწარმეტყველების განხორციელება, რომელთა თანახმადაც დადგებოდა დღე, როდესაც დასრულდებოდა განხეთქილება ადამიანსა და ღმერთს შორის, როდესაც თავად ღმერთი განხორციელდებოდა როგორც ჩვენი მაცხოვარი და შეგვარიგებდა თავისი განკაცებით, ცხოვრებით, სწავლებით და ჯვარზე სიკვდილით ჩვენს ღმერთთან და მამასთან. მირქმის დღესასწაულში ერთდროულად თავს იყრის სიხარული და ქრისტეს ჯვარზე სიკვდილის მოლოდინი.
არის დღესასწაულები, როდესაც სული ისე ივსება სიხარულით, რომ არცკი გვახსოვს მიწიერი საზრუნავი, მაგრამ არის ისეთებიც, რომ მიწიერი საზრუნავი არ გვახსოვს იმიტომ, რომ გული აღსავსეა ან დარდით, ანაც ღვთაებრივი ძრწოლით. მირქმის დღესასწაული ამ ორივე მხარეს აერთიანებს. ქრისტეს სვიმეონ ღვთისმიმრქმელი ხვდება, მოხუცი ადამიანი, რომელმაც მართალი ცხოვრებით იცხოვრა, ვისაც ღმერთი შეჰპირდა, რომ არ იხილავს სიკვდილს, ვიდრე სამყაროს მხსნელს არ შეხვდება, რომელიც მოვიდა შერიგებისა და სამყაროს გარდაქმნის აღსასრულებლად. მასთან ერთად ამ სიხარულს ამოწმებს ანნა წინასწარმეტყველი. აღსრულდა არა მხოლოდ ძველი აღთქმის, არამედ სამყაროს დასაბამიდან მთელი კაცობრიობის მოლოდინი, სურვილი, დარდი, იმედი იმისა, რომ მოვა უფალი და მეტად არ იარსებებს გადაულახავი უფსკრული ღმერთსა და ჩვენს შორის. ამავდროულად, ეს მართლები ხარობენ მასზედ, რომ არა მხოლოდ წარსული, არამედ მომავალიც გამართლებულია და იმედითა და სიხარულით ბრწყინავს. მოვიდა უფალი და მოვიდა ხსნა, მოვიდა იმედი, რომელსაც ვერ ჩაახშობს ვერანაირი მწუხარება, ვერანაირი მიწიერი შიში, რადგანაც ღმერთი უკვე ჩვენს შორისაა, ქრისტე არის ჩვენს შორის და ვერავინ მოგვწყვეტს მის ხელებს, მის სიყვარულს.
მაგრამ, ამავდროულად, მირქმის დღესასწაული ატარებს ღვთაებრივი ძრწოლისა და მწუხარების ნიშანსაც. იგივე სვიმეონი, რომელმაც იღაღადა ღმერთის განკაცება, ჰპირდება, ამცნობს საშინელ უწყებას ღვთისმშობელს, რომ მახვილი გაივლის მის გულში, რომ ის განიცდის ისეთ ტკივილს, ტანჯვას, როგორიც არავის განუცდია დედამიწაზე. მაშინ მან არ იცოდა, თუ როგორი იქნებოდა ეს საშინელი ტანჯვა, მოგვიანებით კი, გოლგოთაზე უფლის ჯვართან დგომისას, მან ეს ბოლომდე განიცადა: დარდი, საშინელება დედისა, რომელიც ხედავს თავის ძეს, ჯვარზე მილურსმულს უსამართლო მსაჯულთა მიერ, იმ ადამიანების სიძულვილით, ვისთვისაც ის ცხოვრობდა, ქადაგებდა, ვისთვისაც ღმერთი გახდა ადამიანი. ის ხედავდა თანდათან როგორ ილეოდა მასში სიცოცხლე, საბოლოოდ კი მკვდარი მიირქვა ის თავის მკლავებში. ეს მას უწინასწარმეტყველა სვიმეონ ღვთისმიმრქმელმა. ამიტომ, ვდღესასწაულობთ რა ამ დღეს ჩვენი ხსნის გამო, გავიხსენოთ, ამასთანავე, ღვთისმშობლის ამ სულისშემძვრელი მწუხარების შესახებაც. რამდენი დედაა რუსეთში, დედამიწის ყველა ქვეყანაში, ვისაც შეუძლია გაიგოს ეს მწუხარება, ვისაც შვილები, ძეები, ასულები წაართვა ავადმყოფობამ ან ომის სისასტიკემ.
ყოველი ჩვენგანი შობის შემდგომ მიჰყავთ ტაძარში, ან მოგვიანებით თავად მიდის იქ, რათა მოინათლოს და წარსდგეს ღვთის წინაშე ეკლესიაში შედგომისთვის (воцерковление). ჩვილის ან ზრდასრულის ეს შედგომა ეკლესიაში მაგალითია იმისა, თუ რა მოხდა მაშინ ძველ იერუსალიმში. როგორც ძე ღვთისა, რომელიც გახდა ძე კაცისა, მიიყვანეს ღვთის წინაშე, ისე ყოველი ჩვენგანი მონათვლისას უერთდება ჯვარცმულ და აღმდგარ ქრისტეს ცხოვრებას. ყოველი ჩვენგანი მიდის ან მიჰყავთ ტაძარში იმისათვის, რომ გახდეს ბოლომდე, უცილობლად ღმერთის მონაპოვარი, არა ზოგადად ღმერთის შვილი, არამედ ძე ან ასული ღვთისა, რომელიც შეუდგება იგივე გზას, რომლითაც დადიოდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
თუ გვსურს გავიგოთ, თუ რას ნიშნავს იყო ბოლომდე ქრისტიანი, გავიხსენოთ სახარებისეული მონათხრობი და მოციქულ პავლეს ერთი სიტყვაც.
როდესაც იაკობმა და იოანემ გზად იერუსალიმისკენ, სადაც ქრისტე უნდა ვნებულიყო და სიკვდილი მიეღო, ჰკითხეს ქრისტეს, შეუძლიათ თუ არა მისი გამარჯვების შემდგომ დაჯდნენ მისი სამეფო ტახტის მარჯვნივ და მარცხნივ, მან შეკითხვით უპასუხა: შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომლითაც მე ვსვამ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლოთ? ე.ი. მიიღოთ ის საშინელი ტანჯვა, რომელიც მე მელის? მოციქულებმა უპასუხეს: შეგვიძლია (მთ. 10:35-40). ასევე ჩვენც, როდესაც ნათლობისას წარვსდგებით მის წინაშე იმ იმედით, რომ თავის დროზე გავინაწილებთ მის მარადიულ ხვედრს - მარადიული ცხოვრების სიხარულს - მზად უნდა ვიყოთ ვთქვათ: მიწაზეც უფალო მზად ვართ გავინაწილოთ შენი მიწიერი ხვედრი, მზად ვართ შენს მსგავსად ვიცხოვროთ სიმართლით, ვიღაღადოთ ჭეშმარიტება, ჯვარსახოვნად გვიყვარდეს ჩვენი მოყვასი თავგანწირვით, ვიდრე სიკვდილამდე; სხვებისთვის, მეგობრებისთვის, მტრებისთვის, ყველასთვის დავდოთ ჩვენი სიცოცხლე! როგორც ერთხელ უწმიდესმა პატრიარქმა ალექსიმ მითხრა: ეკლესია ქრისტეს სხეულია, რომელიც განიტეხება ადამიანური მიტევებისთვის.
ეს რომ განვახორციელოთ, პავლე მოციქულის სიტყვები უნდა გვახსოვდეს: რადგანაც ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი - მონაგები... და, თუმცა, რამდენადაც ეს თქვენთვის სასარგებლო, აუცილებელია, თქვენთან დავრჩები (ფილ 1:21-26). რომელ ჩვენგანს შეუძლია მთელი სულით, გონებითა და გულით, მთელი ნებით, მთელი ცხოვრებით თქვას: ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა; არა მხოლოდ იმ აზრით, რომ ქრისტე ნათლობაში, საიდუმლოებებში, თავის სწავლებაში, მდაბალ სიახლოვეში მაძლევს ახალ სიცოცხლეს, არამედ იმ აზრით, რომ მხოლოდ ის, რაც ქრისტესია, მხოლოდ ის, რითაც ის ცხოვრობდა, ახლა ჩემი ცხოვრების მიზანი და შინაარსი გახდა; ეს ჭეშმარიტი ქრისტიანის ნიშანია და თუკი ჩვენ ასე ვიცხოვრებდით, ქრისტესთან ასეთ ერთობაში, მის სრულ (всецелая) სიყვარულში, ჩვენც შეგვეძლებოდა გვეთქვა, როგორც მოციქულმა პავლემ თქვა: ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი მონაგები. იმიტომ, რომ ვცხოვრობ რა მიწაზე, მე განყოფილი ვარ ქრისტესგან, ხოლო ყველა სურვილი, ყველა მისწრაფება ჩემი ცხოვრებისა იმაში მდგომარეობს, რომ პირისპირ ვუყურო მას, რომ ყოველთვის მასთან ვიყო და არაფერმა დამაშოროს მას. ამასთან ერთად, მოციქული პავლე, რომელიც ახლობლისა და შორეულის, მეგობრისა და მტრის, მდევნელისა და დამცველის სიყვარულში ქრისტესგან განისწავლა, ამბობს: თუმცა კი, რამდენადაც ეს თქვენთვის საჭიროა, მე დავრჩები თქვენთან. ასევე, ჩვენც, მთელი გულით, სიცოცხლის ძალით უნდა ვისწრაფოდეთ ქრისტესთან შესახვედრად და, ამასთანავე, უნდა შეგვეძლოს ვთქვათ: დიახ, მაგრამ მე მაქვს საქმე მიწაზე; მე ჩემი ცხოვრების სისუფთავით, ნათლით, რომელიც ჩემგან მოედინება, ქმედების სიმართლით, ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებით, მთელი ჩემი არსებით უნდა ვიყო ქრისტეს დამმოწმებელი და, თუმცა, მე მთელი გულით ვოცნებობ მასთან ყოფნაზე, მე დავრჩები დაობლებულ, შავბნელ, სიმწარით აღსავსე სამყაროში, რათა შევიტანო მასში სინათლე, იმედი, სიხარული, სიყვარული.
ამ დღესასწაულზე, რომელიც გვახსენებს საკუთარ შედგომას ეკლესიაში ქრისტეს გოლგოთის გზისა და ჯვარზე გაღებული მსხვერპლის შუქზე, დაე, განვაახლოთ ნათლობისას ჩვენ მიერ მიცემული აღთქმები, კვლავ შევუდგეთ ახალი ძალებით, ახალი იმედით ქრისტეს გზას და არ ვთქვათ, რომ სუსტები ვართ და საკმარისი სიმტკიცე არ გვაქვს. უფალმა უთხრა მოციქულ პავლეს, რომელმაც მას ძალა სთხოვა: შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში (2 კორ. 12:9), და მოციქული პავლეც ღაღადებს: ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში (2 კორ. 12:9); ასევე: ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში (ფილ. 4:13). პავლე, ისევე, როგორც ჩვენ, იყო ადამიანი ხორცისგან და სისხლისგან, მასაც ეშინოდა, სტკიოდა, ისიც იბრძოდა საკუთარი მიზნებისადმი ერთგულებისას; მან გაიმარჯვა და გვეუბნება: მე მომბაძეთ, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს (1 კორ.11:1).
აღვასრულოთ ეს სიტყვა და დღითიდღე გავხდებით - ახლებურად, უფრო სიღმისეულად, უფრო სრულად - ქრისტესი, ჩვენი მოძღვრის, მხსნელისა და ღმერთის მსგავსნი. ამინ!