petriwis portali

ნათლისღება

მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი

ნათლისღება

19.01.2022

(19 იანვარი, 1979 წ., მთ. 3:13-17)

მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი, ერისკაცობაში ანდრია ბორისის ძე ბლუმი (1914-2003 წწ.) რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავარი, სუროჟის მიტროპოლიტი გახლდათ; 1965-1974 წლებში იგი იყო პატრიარქის ეგზარქოსი დასავლეთ ევროპაში. მიტროპოლიტი ანტონი ავტორია მრავალრიცხოვანი წიგნებისა, მემუარებისა და სტატიებისა მართლმადიდებლური სულიერი ცხოვრების შესახებ. იგი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მქადაგებელი იყო მართლმადიდებლურ სამყაროში. ამასთანავე, მისი შრომებით დაინტერესებული იყვნენ არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლებიც. მისი თხზულებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. მიტროპოლიტი ანტონი იყო სხვადასხვა ეკლესიების მიერ მინიჭებული ჯილდოების მფლობელი, ასევე, მოსკოვისა და კიევის სასულიერო აკადემიებისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. მისი მთავარი ნაშრომებია: „ცოცხალი ლოცვა“ (1966 წ.), „ლოცვის სკოლა“ (1970 წ.), „ღმერთი და ადამიანი“ (1971 წ.), „ლოცვის გაბედულება“ (1973 წ.), „შეხვედრა“ (2005 წ.), „ქრისტეს ცოცხალი სხეული“ (2007 წ.) და სხვ. მოცემული ფრაგმენტი ქართულად თარგმნილია შემდეგი გამოცემიდან: Антоний, Митрополит Сурожский, Труды, книга первая, Перевод: Т. Л. Майданович, Е. Л. Майданович, А. И. Кырлежев, Е. В. Шoxинa, Москва: «Практика», 2012, გვ. 972-973.

ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

ქრისტესადმი ღრმა მოწიწებითა და, ასევე, მადლიერების დიდი გრძნობით იმ ახლობლებისადმი, რომლებსაც რწმენასთან მივყავართ, საკუთარ ნათლობას ვიხსენებთ: დიდებულია იფიქრო, რომ, რამდენადაც ჩვენმა მშობლებმა ან ახლობელმა ადამიანებმა გაგვიხსნეს გზა ქრისტეს რწმენისკენ, გვიშუამდგომლეს ეკლესიისა და ღმერთის წინაშე, ჩვენ, ნათლისღების საიდუმლოს მეშვეობით, გავხდით ქრისტესი და გვეწოდა მისი სახელი. ამ სახელს ჩვენ იგივე მოწიწებითა და აღტაცებით ვატარებთ, როგორც ახალგაზრდა სარძლო ატარებს სახელს ადამიანისა, რომელიც შეიყვარა ვიდრე სიკვდილამდე და რომელმაც მისცა მას თავისი სახელი; როგორ ვუფრთხილდებით ამ ადამიანურ სახელს! როგორი ძვირფასია ის ჩვენთვის, როგორი წმინდაა, როგორ შევშინდებოდით ჩვენი საქციელით, მდგომარეობით რომ გადაგვეცა ის არაკეთილმოსურნეთა საგმობად! სწორედ ამგვარად ვუერთდებით ქრისტეს: ქრისტე მაცხოვარი, უფალი ჩვენი, რომელიც გახდა ადამიანი, თავის სახელს გვიბოძებს სატარებლად და როგორც ჩვენი ქმედებების მიხედვით განიკითხავენ ამქვეყნად ყველას, ვინც იგივე სახელს ატარებს, ასევე ამავე ქმედებების მიხედვით მსჯელობენ ქრისტეზეც.

დიდია ეს პასუხისმგებლობა! მოციქული პავლე თითქმის ორი ათასი წლის წინ აფრთხილებდა ჯერ კიდევ ნორჩ ქრისტიანულ ეკლესიას, რომ მათ გამო, ვინც თავისი მოწოდების უღირსად ცხოვრობს, იგმობა ქრისტეს სახელი (რომ. 2.24). განა ასე არ არის ახლაც? განა ახლაც მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი, რომელთაც სურთ იპოვონ ცხოვრების საზრისი, სიხარული და ჩაუღრმავდნენ ღმერთს, არ უკუაგდებენ მას, ხედავენ რა, რომ ჩვენ არ ვართ სახარებისეული სიცოცხლის ცოცხალი ნიმუში - არც პირადად და არც როგორც ერთობა?

აი, მაცხოვრის ნათლისღების დღეს გვსურს, რომ თავადაც ვთქვათ და სხვასაც, ვინც ქრისტეს სახელით მოინათლა, მოვუწოდოთ ამის თქმა: გაიხსენეთ, რომ ამ წმინდა და ღვთაებრივი სახელის მატარებლები გახდით, რომ თქვენს მიხედვით განსჯიან ღმერთს, მაცხოვარს ჩვენსას, რომ თუკი თქვენი ცხოვრება, ჩემი ცხოვრება იქნება ამ ღვთაებრივი საბოძვარის ღირსი, მაშინ ჩვენს ირგვლივ ათასები გადარჩებიან, ხოლო თუ უღირსი იქნება, ეს ათასები დაიღუპებიან - რწმენის, იმედის, სიხარულისა და საზრისის გარეშე. ქრისტე იორდანესთან უცოდველი მივიდა, შთავიდა ამ საშიშ წყლებში, რომლებიც თითქოს კაცობრიობის ცოდვის ჩამობანვისას დამძიმდნენ და, ხატოვნად რომ ვთქვათ, იქცნენ მკვდარ წყლებად; ის მათში შთავიდა და ეზიარა ჩვენს მოკვდავობას, ადამიანის დაცემის, ცოდვის, დამცრობის შედეგებს საიმისოდ, რათა ჩვენთვის შესაძლებლობა მოეცა, გვეცხოვრა ღირსად ჩვენი ადამიანური მოწოდებისა, თავად ღმერთისა, რომელმაც მოგვიწოდა მის ახლობლებად, შვილებად, მისიანებად ყოფნისკენ.

გამოვეპასუხოთ ამ ღვთაებრივ საქმეს, ამ ღვთაებრივ მოხმობას! გავიგოთ, თუ როგორი ამაღლებული, დიდებულია ჩვენი ღირსება, როგორი დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა და შევუდგეთ უკვე დაწყებულ წელს ისე, რომ ვიყოთ ღვთის დიდება და ხსნა ყოველი ადამიანისა, რომელიც შეეხება ჩვენს სიცოცხლეს! ამინ.