petriwis portali

ქრისტიანული ფსიქოლოგიის დაფუძნება

გიორგი კაპანაძე

ქრისტიანული ფსიქოლოგიის დაფუძნება

19.05.2021

ფილოსოფიის საბოლოო მიზანი გონების მიერ მიკვლეულ პრაქტიკულ მიზნებზე ორიენტირებაა, რელიგიის პრიორიტეტი კი სულიერი ცხოვრებაა. ქრისტიანულ რელიგიაში ადამიანური სიბრძნე უკანა პლანზეა გადაწეული და ფოკუსი მთლიანად ღვთაებრივ გამოცხადებასა და რწმენაზეა გადატანილი. მის ცენტრში იესო ქრისტეს ცხოვრება, სწავლებები, მოღვაწეობა, ჯვარცმა, აღდგომა და მოციქულებისთვის დატოვებული მცნებებია. მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებში ქრისტე წარმოდგენილია როგორც ძე ღვთისა, რელიგიური და მორალური რეფორმატორი, მესია, რომელიც ცათა სასუფევლის მოახლოებას ქადაგებს, მოღვაწე, რომელიც სულიერი და სხეულებრივი დაავადებებისგან კურნავს ადამიანებს. ქრისტეს ცხოვრება და მოღვაწეობა მოიცავს მრავალ გზავნილს, რომლებშიც ადამიანის სულიერი ცხოვრების თავისებურებანია გაცხადებული; მაგალითად, ქრისტეს შემდეგი სიტყვები, - „სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი“ (მათე 6,21) და „არავის ძალუძს ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიყვარებს და მეორეს შეიძულებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს“ (მათე 6,24), - სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის ფსიქიკის თავისებურებათა ნათელყოფა.

სინოპტიკური სახარებებისგან განსხვავებით, იოანეს სახარებაში ქრისტე წარმოდგენილია როგორც „ღვთის სიტყვა“ და „მამა ღმერთის თანაარსი“. ამავე სახარებაში ვკითხულობთ, რომ „ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“ (იოანე 4,24). იოანეს სახარების თანახმად, ქრისტე არა მხოლოდ ცხოვრების გზაა, არამედ ჭეშმარიტებაც და სიცოცხლეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანული რელიგია არ საჭიროებს უცხო თეორიულ ელემენტებსა და დამატებით რაციონალურ განაზრებებს, რომ ის თვითმყოფადი სისტემაა, რომლის მიღება-არმიღებაც რწმენაზეა დამოკიდებული. რწმენა საკუთარი არსით განსხვავდება რაციონალური შემეცნებისგან და მისი ფუნქციაც არარაციონალურია. ლუკას სახარებაში ვკითხულობთ ისტორიას, როდესაც მოციქულები ქრისტეს მიმართავენ რწმენის ნიჭი უბოძოს მათ, ხოლო ქრისტე კი შემდეგნაირად პასუხობს: „მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგე, გაგიგონებთ“ (ლუკა 17,6). რწმენის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი პავლე მოციქულია, რომელიც ებრაელებს სასწაულების მაძიებლობის გამო, ხოლო ბერძნებს სიბრძნის მოყვარულობის გამო საყვედურობდა. მისი მოღვაწეობა ქრისტეს რწმენითა და თვითშეწირვით განმსჭვალული ქადაგებაა, ეს არის განვრცობა სწავლებებისა, რომლებიც, რელიგიური რწმენის თანახმად, ბევრად უფრო დიადი და აღმატებულია, ვიდრე ადამიანთა მიერ მიკვლეული ჭეშმარიტება, ეს არის „სიშლეგის“ ქადაგება, რომელიც „კაცთა სიბრძნეზე უფრო ბრძნულია“ (1 კორ. 1,25), რწმენა „იდუმალებაში დაფარული“ ჭეშარიტებისა, რომელიც გონით შეუმეცნებელი, ენით გამოუთქმელი და ლოგიკით მიუწვდომელია.

პავლე მოციქულის მოღვაწეობა ქრისტიანული აზროვნებისა და თეოლოგიის განვითარების გარდამტეხ ეტაპს წარმოადგენს. სახარებებთან ერთად მისი ტექსტები ქრისტიანული რელიგიის საფუძველმდებარე დოკუმენტებია და სარწმუნოების მყარ საყრდენს ქმნის. პავლეს ქადაგებებში მწყობრი თეორია სამწყსოსადმი დაწერილმა ეპისტოლეებმა ჩაანაცვლა, რაციონალიზმი რელიგიამ, ქველი ცხოვრების ბერძნული იდეალი და ღმერთის მორჩილების იუდეური წესი კი ღმერთის სიყვარულმა. თუმცა, პავლეს რწმენის თანახმად, ქრისტიანობა იუდაიზმის განსრულებას წარმოადგენდა და არა მის ნეგაციას; აღნიშნულიდან გამომდინარე, კვლავაც აქტუალური რჩება დაბადების ბიბლიური ისტორია, ამავდროულად კი მნიშვნელოვნად იცვლება მისი კონტექსტი. „ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი და ვისთვისაც ვართ ჩვენ, და ერთი უფალი, იესო ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი და ვის მიერაც ვართ ჩვენც (1 კორ. 8,6). აქვე მოციქული ეხმაურება ადამის ბიბლიურ ისტორიას და აცხადებს, რომ „პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად“ (1 კორ. 15,45) და განაგრძობს: „უკანასკნელი ადამი (ქრისტე) კი - ცხოველმყოფელ სულად. პირველი კაცი მიწისაგან, მიწიერი, მეორე კაცი - ზეციერი“ (1 კორ. 8,45-47). პავლე მოციქულის თეოლოგიაში ქრისტე სულიერი განახლების სიმბოლო და მარადიული სიცოცხლის მიმნიჭებელია: „როდი მოვკვდებით, მაგრამ შევიცვლებით“, - აცხადებს პავლე და იმ მარადიულ სულიერ ცხოვრებაზე მიანიშნებს, რომელიც ქრისტემ, როგორც უკანასკნელმა ადამმა კაცობრიობას მიანიჭა.

პავლეს ეპისტოლეებში ვხვდებით ქრისტიანული ფსიქოლოგიის განვითარების ადრეულ და ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს, პერიოდს, რომელშიც ადამიანის სამსახოვანი თეორია ახლებურ გამოხატულებას პოვებს. „თვით მშვიდობის ღმერთმა წმიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული (πνεῦμα), თქვენი სამშვინველი (ψυχή) და თქვენი სხეული (σάρξ) უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის“ (1 თეს 5,23). პავლეს ანთროპოლოგიური კონცეფციის წამყვანი პრინციპი სულია, არა ბერძნული გაგებით, როგორც ფსიქიკა და როგორც მაცოცხლებელი ელემენტი, არამედ რელიგიური საზრისით, ღვთაებრივი აზრით. რაც შეეხება სამშვინველს, ის ადამიანის ფსიქიკური ნაწილი, სურვილთა და მისწრაფებათა წყაროა, ხოლო სხეული ადამიანის მიწიერ ყოფას განასახიერებს. ღვთაებრივ და ხორციელ ბუნებას შორის ბუნებრივად წარმოიქმნება დუალიზმი. სხეულებრივ ბუნებაში წარმოდგენილია ყველა ყოფითი და მიწიერი პროცესი, ხოლო რაც შეეხება ღვთაებრივ ნაწილს, ის ადამიანში არსებული „არაბუნებრივი“ და ყველაზე აღმატებული ელემენტია. ამავე მიზეზით პავლე მოციქული ადამიანის სხეულს სულიწმინდის ტაძრად მოიაზრებს და მისი „წმინდად“ შენახვის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს: „ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა“ (კორ. 6,19). სხეული, რომელსაც პავლე მოციქული სულიწმინდის ტაძრად წარმოაჩენს, შეკავშირებულია ეკლესიის მიერ, რაც მის მიერ განსაზღვრულია როგორც ერთობა ქრისტეში: „ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი - მისი ასონი“ (1 კორ. 12,12-27). საუკუნო ცხოვრების მოსურნე მორწმუნეებს პავლე ხორციელი ვნებების გადალახვისაკენ, ქრისტეს სხეულთან შეკავშირებისაკენ და სულიერი ცხოვრებისაკენ მოუწოდებს, „რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი - ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაცა გსურთ“ (გალ. 5,17). პლატონური დუალიზმის მსგავსად, პავლე მოციქულიც უპირისპირებს წარუვალსა და წარმავალს, ღვთაებრივსა და ხორციელს, ზეციურსა და მიწიერს, თუმცა, პლატონისაგან განსხვავებით, პავლე მიიჩნევს, რომ ღვთაებრივი ცხოვრების არსი სიყვარულით თანამსახურებასა და ქრისტეში ერთობაში გამოიხატება და არა იდეათა სამყაროში არსებული მარადიული ფორმების შემეცნებაში. იგივე მსგავსებასა და განსხვავებებს ვხვდებით ეთიკურ განზომილებაშიც, სადაც პავლე მიჯნავს სხეულისა და სულის საქმეებს. ამათგან პირველს მიაკუთვნებს „მტრობას, შუღლს, შურს, რისხვას, აშლილობას, მწვალებლობას, სიძულვილს, მკვლელობას, მემთვრალეობას“ (და სხვა ხორციელ ვნებებს), ხოლო მეორეს „სიყვარულს, სიხარულს, მშვიდობას, დიდსულოვნებას, სიტკბოებას, სიკეთეს, რწმენას, თვინიერებას და თავშეკავებას“. საბოლოო ჯამში, იგი მორწმუნეებს სულიერი ცხოვრებისაკენ მოუწოდებს, ვინაიდან, მისი მტკიცებით, „ვინც ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს“ (გალ. 6,8).

შეჯამების სახით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქრისტიანული ფსიქოლოგიის განვითარების ისტორიული გააზრებისათვის არსებითია გავიგოთ იუდეური რელიგიის წიაღში „გადმოცემული“ და მასში „გაცხადებული“ სარწმუნოებრივი დებულებები და ისტორიები, ასევე, ბერძნულ-რომაულ კულტურაში ჩამოყალიბებული და განვითარებული ფილოსოფიური თეორიები. უპირველეს ყოვლისა, ადეკვატურად უნდა გავიგოთ ახალი აღთქმის წიგნებში არსებული ის თემატიკა, რომელიც სხეულის, სამშვინველისა და სულის ურთიერთმიმართების საკითხს ეხება. აღნიშნული თემატიკის განვითარების პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპს პავლე მოციქულის ეპისტოლეებში ვნახულობთ; სწორედ მისი ნაშრომები განსაზღვრავენ ქრისტიანული ფსიქოლოგიის ხასიათსა და ორიენტირებს.

ქრისტიანული ფსიქოლოგიის შესახებ კვლევებმა, ერთი მხრივ, პასუხი უნდა გასცეს ქრისტიანული რელიგიის წიაღში განვითარებულ ფსიქოლოგიურ თეორიათა ისტორიული ფორმირებისა და წარმომავლობის საკითხს, მეორე მხრივ, აუცილებელია გაირკვეს ისტორიულად ჩამოყალიბებულ ამ თეორიათა აქტუალურობისა და მნიშვნელობის საკითხი. ქრისტიანული ფსიქოლოგია იმ თეოლოგიურ-ფილოსოფიური სისტემის ორგანული ნაწილია, რომელიც ქრისტიანული რელიგიის წიაღში ისტორიულად ჩამოყალიბდა, ხოლო მოციქულებრივი პერიოდი ამ ტრადიციის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

მეცნიერება საკუთარი არსით მუდმივად ცვალებადი და განახლებადი დისკურსია, რომელიც ახალი ინფორმაციის, აღმოჩენებისა და კრიტიკის კვალდაკვალ ფორმირდება. მისგან განსხვავებით, გამოცხადებითი რელიგია, ღვთაებრივი გზავნილის უცვლელად და წმინდად „შენახვაზეა“ ორიენტირებული. ქრისტიანული რელიგია აღიარებს ადამიანის ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ განზომილებას, ამასთანავე, მას ღვთაებრივი ბუნების მატარებელ სულიერ არსებად გაიაზრებს. თანამედროვე სამყაროში - მეცნიერული ცოდნის არნახული წინსვლისა და პროგრესის პირობებში - ქრისტიანული ფსიქოლოგია, როგორც ქრისტიანული რელიგიის წიაღში განვითარებული მიმართულება, ფსიქოლოგიის მეცნიერების სხვა ქვედარგების გვერდით შეგვიძლია განვათავსოთ და ამის კვალობაზე ის საკითხიც გავარკვიოთ, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია მას ადამიანის შინაგანი სამყაროს, ანუ სუბიეტური სინამდვილის ხასიათისა და ბუნების ურთულესი პრობლემების ნათელყოფასა და გადაწყვეტაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. არისტოტელე: მეტაფიზიკა, თარგმანი ბერძნულიდან, კომენტარები და წინასიტყვაობა თ. კუკავასი, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1964 წ.
  2. პლატონი: ტიმეოსი, ძველი ბერძნულიდან, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ბ. ბრეგვაძემ, თბილისი: „ირმისა“, 1994 წ.
  3. Brooke, J. H.: Science and Religion: Some Historical Perspectives, Cambridge: Cambridge University Press, 1991.
  4. Peters, R. S. (ed.): Brett's History of Psychology, London: George Allen & Unwin Ltd., 1962.
  5. Robinson, D. N.: An intellectual history of psychology (3 rd edition), Madison/Wisconsin: The University of Wisconsin Press, 1995.