petriwis portali

ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია

ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია

14.05.2021

ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა წარადგინა ახალი პროექტი -  „ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია“. პროექტი დამუშავდა და მომზადდა უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მიერ, პროექტზე მუშაობაში მონაწილეობას იღებს 40-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მკვლევარი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროდან.

ამ ეტაპზე ენციკლოპედია აერთიანებს 21 ავტორის მიერ შესრულებულ 100-ზე მეტ აკადემიურ სტატიას, 2021 წლის ბოლომდე სტატიებისა და ავტორების რაოდენობა გაორმაგდება. ახალი სტატიები ყოველთვიურად დაემატება.

ენციკლოპედიაში შესულია შემდეგი სახის სტატიები:

1) სტატიები ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის უმნიშვნელოვანესი ავტორებისა და წარმომადგენლების შესახებ; 2) სტატიები ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ცნებებისა და კონცეპტების შესახებ; 3) სტატიები ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის მნიშვნელოვანი სკოლების, მიმართულებებისა და დარგების შესახებ, მათ შორის, ევროპული და ამერიკული ფილოსოფიისა და თეოლოგიის იმ სკოლების, მიმართულებებისა და დარგების შესახებ, რომლებმაც საგანგებო როლი შეასრულეს ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში.

პროექტის მიზნებია:                               

  • ქართულ ინტერნეტ სივრცეში ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის შესახებ კვალიფიციური, აკადემიური ელექტრონული მასალის შექმნა, მისი განგრძობადი შევსება და განვითარება.
  • ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლების, სკოლების, მიმართულებების, დარგებისა და სააზროვნო მოდელების პოპულარიზება საქართველოში - სამეცნიერო წრეებსა და ფართო საზოგადოებაში.
  • თანამედროვე ქართველ ფილოსოფოსებს, თეოლოგებსა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სხვა დარგების წარმომადგენლებს შორის მჭიდრო ინტერდისციპლინური თანამშრომლობის ხელშეწყობა საერთო სამეცნიერო პლატფორმის ქვეშ.